Skip to main content

“მესამე” მდგომარეობა — მ.კ. მამარდაშვილი

                                                                             (თარგმნილია http:// Phylosophy. Ru — დან)

მე მსურს დავიწყო ჩვენი სოციალური აზროვნების განსაზღვრებით, რაშიც ვგულისხმობ არა სოციალურ მეცნიერებათა დეპერტამენტებში მოღვაწეობას, არამედ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ზოგადსამოქალაქო განათლებულობის მდგომარეობას. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა დღესდღეისობით უბრალოდ საშინელია. მაგრამ, იგი, როგორც ჩანს, სხვაგვარი ვრც იქნებოდა. ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ყოფა-ცხოვრებიდან (მე მხედველობაში მყავს რუსულ სივრცეში მოსახლე ხალხები), შეუძლებელია, ჯანმრთელი დარჩენილიყო. თვით ხალხია დაავადებული. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ თავზე, ხელისუფლებაზე, გარემომცველ მსოფლიოზე. აშკარაა, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს დეზორგანიზებულ, გზააბნეულ, გაველურებულ ცნობიერებასთან, რომელიც წარმოდგენადია მხოლოდ ფანტასმაგორიულ სახეებში, მაგ., ვთქვათ, ადამიანს თავზე თმა ამოსდიოდეს არა გარედან, არამედ შიგნიდან. წარმოიდგინეთ ეს ველური წამონაზარდები, რომელშიც ყველაფერი ახლართულია, სადაც აზრის ერთი ნაწილი ვერასოდეს პოულობს მეორეს, რათა შექმნას ერთიანი, დასრულებული, კანონზომიერად წარმოშობილი აზრი… ხალხს ისევ ძველებურად სწყურია სისხლი, კვლავაც ყველგან მავნებლები ელანდებათ, და ეს ნიშნავს, რომ ისინი ფაქტიურად იმყოფებიან ჰაერში გაკიდებულ მდგომარეობაში, და ნებისმიერ მუტაციას, ნებისმიერ ბიძგს შეუძლია გადატყორცნოს ისინი იმ კრისტალში, ჩვენ რომ ოცდაჩვიდმეტ წელს ვუწოდებთ. და, როგორც ჩანს, ჩვენ არ ძალგვიძს ამგვარი ცნობიერების განწმენდა ან გამოჯანმრთელება, თუკი, „პროფესიონალთა“ მსგავსად, გავნაგრძობთ ისეთი გახევებული, დამახინჯებული სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „შეცდომა“, „გადახრა“, „უსაფუძვლო რეპრესიები“ (თითქოს ასევე არსებობდეს საფუძვლიანიც?!), „ცრუ ცილისწამება“ და ა.შ. ესაა სიტყვათა უაზრო კრებული, რომელიც, ამასთანავე, საბედისწეროდ ნიშნავს, რომ, ვიმყოფებით რა ამ „კეთილმოსურნე“ და „პატივსაცემ“ მდგომარეობაში, სადაც ოპერირებენ ამგვარი სიტყვებით, ჩვენ არ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ აზრი გამოვიტანოთ იქედან, რაც დაგვემართა, რაც განვიცადეთ. ამიტომ, ამგვარი სიტყვების უკან არსებული ტანჯვა, განაწყენებული გრძნობელობა, გაგრძელდება მარად. და ყოველთვის, როცა ჩვენ დავიწყებთ გარკვეული მოვლენების შეფასებას, ისევ და ისევ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ესაა ძალადობა, თვითნებობა და ა.შ. ჯერ კიდევ სალტიკოვ-შჩედრინი აღნიშნავდა თავის დროზე, რომ რუსი ხალხი (თუ გნებავთ რუსეთის ხალხები) მზადაა მუდმივი ტანჯვისთვის. თითქოს თვლიან, რომ რუსეთში კარგია იმიტომ, რომ მეტად იტანჯებიან. მაგრამ მეტაფიზიკური თვალსაზრისით, იმ აზრით, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო, არ არსებობს ტანჯვა მრავლობით რიცხვში. თუ ჭეშმარიტად იტანჯებიან, იტანჯებიან ერთხელ, ერთ ეგზემპლარად. ეს ერთადერთი გზაა, რომელზე გავლითაც შეიძლება განცდილ-გადატანილიდან გამოვიტანოთ თუნდაც მცირედი აზრი მაინც. გამოვიტანოთ ერთხელ და სამუდამოდ, რათა ასტორიულ ყოფაში ჩაჯდეს ის, რაც ერთხელ გადაგვხდა. ტანჯული მრავალჯერად, მუდმივად უბრუნდება აჩრდილთა სამეფოს, წირავს თავს წრებრუნვისთვის, სადაც არადსრულებული საქმენი, ჭეშმარიტების დაუღეჭავი ლუკმა მარად მოედინება ჩვენი ცხოვრებისა და ცნობიერების ნაკადად.

მე შემთხვევით როდი ვაკეთებ აქცენტირებას“ სიტყვებზე“. დაავადებული ცნობიერების პრობლემა ხომ, ამავდროულად, ენობრივი პრობლემაცაა. ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც დაგროვილია საშინლელი ზომის აზრობრივ-ენობრივი წარმოების ნარჩენები. ეს სივრცე უკიდურესად დანაგვიანებულია სააზროვნო და სულიერ-გონითი მოღვაწეობისგან მოდევნებული გვერდითი, მეორადი პროდუქტებით, მათი მითოლოგიზირებული ნამსხვრევებით. ამიტომაა, რომ მაშინაც კი, როცა გვსურს აზროვნება, როცა საამისო მოწოდება გვაქვს, როცა აზრები გამოცოცხლდებიან, ხეირიანი მაინც არაფერი გამოგვდის. რაღაც დარღვეულია თავად ენაში, მის საფუძველში.

სანამ ამ დაავადების მიზეზთა გამორკვევას შევუდგებოდე, მინდა გავაფრთხილო მკითხველი წინამდებარე ტექსტის აღქმის თავისებურბის თაობაზე. საქმე იმაშია, რომ პროფესიონალური ფილოსოფიური აზროვნება არსებითად უნდა ოპერირებდეს დროისა და სივრცის უფრო მოზრდილი ერთეულებით. მისი ლოგიკა შემდეგნაირია: დღევანდელობის საზრისი რომ გამოვააშკარაოთ, უნდა ვიაზროვნოთ ისეთი დიდი ერთეულებით, რომელნიც მოიცავენ და ერთმანეთთან აკავშირებენ მე-20 საუკუნეს და, მაგალითად, მე- 18 საუკუნეს, ვიაზროვნოთ ხანგრძლივმოქმედ ტერმინებში, რომელნიც განმსჭვალავენ, მაგალითად რუსეთის ისტორიას. ამისათვის კი, სულ მცირე, საჭიროა ამ ისტორიის მოვლენათა შესახებ ჩვენი (შესაძლო) მოსაზრებების ჭეშმარიტი დროულ-ვრციული თანაზომადობის დადგენა-გამოვლენა მაინც. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ დავინახოთ, მაგალითად, რომ იმ პრობლემათა ჯამი, რომლებზეც დღეს ასე ხშირად ვსაუბრობთ, სინამდვილეში დაყვანადია ერთ — სამოქალაქო საზოგადოების — პრობლემაზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მისი არსებითობა მდგომარეობს სახელმწიფოსა და საზოგადოების მტკიცე შედუღაბებულობის გახლეჩვა-განხეთქილებაში, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ელემენტის განვითარებაში, რომელიც, ერთის მხრივ, წარმოგვიდგებოდა ძალაუფლების ბუნებრივ საზღვრად და, მეორეს მხრივ, არ გამყარდებოდა არანაირი სახელმწიფოებრივი გარანტიებითა და კმაყოფით. მაგრამ, ეს პრობლემა დადგა ახალი დროის დასაწყისიდანვე, ანუ ბურჟუაზიამდელი ან ბუნებრივ-სამართლებრივი მდგომარეობის საზოგადოების დროიდან. და იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ახლა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაა, სულაც არაა საჭირო განსაკუთრებული მტკიცებულებების ძებნა. საკმარისია დავბრუნდეთ ენობრივ პრობლემათა სიბრტყეში.

გიჩვენებთ ძალზედ უბრალო სამოქალაქეობამდელ ელემენტს ჩვენი ცნობიერებიდან. ჩვენ ვამბობთ, მაგალითად, — „საზოგადოებრივი შრომ-საქმიანობა“ და იმთავითვე  ვგულისხმობთ მის განსხვავებას ინდივიდუალური შრომისგან. ჩვენ ვმსჯელობთ დაახლოებით ასე: ჯერ უნდა ვიმუშაოთ სზოგადოებისთვის, ხოლო შემდგომ — საკუთარი თავისთვის. მაგრამ, სწორედ ეს არის ზემოხსენებული „შედუღაბებულობა“ ცნობიერებაში, ის „გამრუდებული სიტყვა“, რომლის მეოხებითაც გამოითქმება, უნებურად, რაღაც სრულიად სხვა. სახელდობრ ის, რომ ჩვენი შრომა არის საბეგარო, დღიურმუშური ხასიათის, სადაც ჩვენ მხოლოდ გამოვიმუშავებთ. სწორედ ესაა სიტუაცია, განსხვავებული ახალი დროის დასაწყისისა, რომლისგანაც წარმოიშვა ახალევროპული კულტურა და საზოგადოება. უკვე განმანათლებლობისთვის ასეთი რამ საერთოდ უცხოა. კაცობრიობის განათლებისეული მდგომარეობა პასუხობს განვითარების იმ სტადიას, როცა შრომა-საქმიანობა ხორციელდება დამოუკიდებელი მწარმოებელების მიერ, რომელნიც შედიან დამქირავებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში, საკუთარი თავისთვისა და საზოგადოებითვის შრომას შორის არანაირი განსხვავება აღარ შეიძლება იყოს. და თუ ამგვარი რამ იჩენს თავს, ეს იქნება ანარეკლი ეკონომიური მატერიალობის ბატონყმური მდგომარეობისა, ეს კი ჩვენს დროში აღიქმება როგორც სრული აბსურდი. მაგრამ ისევ და ისევ არ უნდა დავივიწყოთ ის ისტორიო-კულტურული კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

თავის დროზე პუშკინი ეკამათებოდა ჩაადაევს, რომელმაც ჩვენს ფილოსოფიურ ტრადიციაში პირველმა შემოიტანა „ისტორიულ“ და „არაისტორიულ“ წარმონაქმნებს შორის ოპოზიცია. ჩაადაევს, ამ შემთხვევაში, მხედველობაში ჰქონდა რუსეთის, როგორც სოციო-კულტურული ფენომენის მახასიათებლი ფაქტორი. ცდილობდა რა მის განსაზღვრას, იგი შეეჯახა ძალზე საოცარ ვითარებას, რასაც მე ვუწოდებდი “აღუწერადობას“, იმ აზრ-გაგებით, რომ არის საგნები, რომელნიც შეიძლება აღვწეროთ, მაგრამ, არის კიდევ რაღაც ისეთი, რაც აღწერას არ ექვემდებარება. ასეთ, საიდუმლოებით მოცულ ფენომენად, იქცა ჩაადაევისთვის რუსეთი.

მართლაც, „რუსეთზე ამბობენ, რომ იგი არ ეკუთვნის არც ევროპას, არც აზიას,– წერს ჩაადაევი,– რომ იგი არის განსაკუთრებული  სამყარო. კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ, ამ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს, რომ კაცობრიობას თავისი ორი მხარის გარდა, რომელნიც განისაზღვრებიან სიტყვებით — დასავლეთი და აღმოსავლეთი, გააჩნია კიდევ მესამე მხარეც“, რომელიც სინამდვილეში მას არ გააჩნია და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა. ეს მომენტი ძალზე ზუსტადაა მოხელთებული ჩვენს ენაში. ჩვენ ვამბობთ –„ერთის მხრივ“ და „მეორეს მხრივ“, და არასოდეს ვამბობთ –„მესამეს მხრივ“.

ეხლა თუ ჩვენ ამას შევაკავშირებთ ჩაადაევის სხვა დაკვირვებებთან და ჩვენს პირად გამოცდილებასთან,  მივხვდებით, რომ რეალობაში „მესამე მხარე“ შეუძლებელია არსებობდეს, მგარამ ის შეიძლება არსებობდეს ირეალურში, სარკისებურ სამყაროში.

ჩაადაევისთვის, აშკარაა, რუსეთი იყო ამგვარი აღუწერელი მხარე „სასარკეთისა“. ანუ იყო რაღაც ისეთი, რასაც ადგილი არ აქვს ნაწილებად გამოყოფილი ფორმების ისტორიულ სამყაროში, მის საფუძვლებში, ტრადიციებში და არტიკულაციურ გარკვეულობებში. პუშკინი წინააღმდეგი იყო ამისა, მაგრამ ფაქტობრივად პირადი ცხოვრებით ადასტურებდა ამ აზრის სისწორეს. იგი ხომ თითქმის თავისი ხელებით ცდილობდა რუსეთში ოჯახის, სახლეულობის საფუძვლებისთვის ტრადიციების შექმნას. ირეალურ ყოფაში კი ამისთვის საფასურის გადახდა საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. იქ ხომ ადამიანთა მიერ გამოყენებული ცნებები ფანტასმაგორიული ხასიათისაა, რაც წარმოიშობა დაავადებული, გაველურებული ცნობიერებისგან, ეს გარემოება, ერთერთმა პირველთაგან, გოგოლმა შეამჩნია. სწორედ მან განავითარა სპეციალური ტექნიკა ამ სამყაროსმიღმურობების ლიტერატურული აღწერისთვის. და ამ აზრ-გაგებით, მთელი რუსული ლიტერატურა ნამდვილად გამოვიდა გოგოლის „შინელიდან“. ჯერ კიდევ ნაბოკოვი, რომელიც თავადაც მგრძნობიარე იყო სამყაროსმიღმურობის თემატიკისადმი, აღნიშნავდა: ‘’…კი მაგრამ, ჩიჩიკოვი რისი გაიძვერა და თაღლითია? მისი თაღლითობის საგანი ხომ თავადვეა ირეალური“. იგი ისევე აუღწერადია, როგორც თანამედროვე მოსკოველი ან ქართველი მილიონერი, აბა სცადეთ აღწეროთ იგი მხატვრულ-ტიპოლოგიურად, როგორც, მაგალითად, გობზეკი, შეილოკი ან თუნდაც რომელიღაც რუგონ-მაკარი. თქვენ ვერაფერს გახდებით, ვინაიდან მათი ლტოლვის საგანი ისეთივე ირეალურია, როგორი ირეალურიცაა საბჭოთა ფული.

პუშკინისა და ჩაადაევის კამათში მე-20 საუკუნის დასაწყისშივე ჩაერთო ო. მანდელშტამი — ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პოეტთაგანი თანამედროვე რუსული ტრადიციიდან, რომელსაც ახასიათებდა გონების მკაფიოდ გამოხატული ისტორიოსოფიური და მეტაფიზიკური წყობა. ეთანხმებოდა რა ხშირ შემთხვევაში ჩაადაევს, იგი ამავდროულად ამტკიცებდა, რომ რუსეთი მაინც „ისტორიული წარმონაქმნია“, რამეთუ აქ, როგორც მინიმუმი, გვაქვს ერთიანი ორგანული სტრუქტურა, მდგომი სკუთარ ფეხებზე, მყოფი საკუთარი კანონების მიხედვით, მფლობელი თავისი ტრადიციებისა და საფუძვლებისა. ესაა რუსული ენა.

მაგრამ მთელი ტრაგიზმი სიტუაციისა მდგომარეობდა იმაში, რომ მანდელშტამის მოსაზრებანი გამოითქვა იმ მომენტში, როცა დაიწყო სწორედ ენის ამოვარდნის პროცესი ჩვენი ისტორიიდან, როცა ხორცს ისხავდა ბლოკის წინათგრძნობა ჰარმონიის თვით შინაგანი საწყისების ნგრევის შესაძლებლობის, და არა უბრალოდ მისი გარეგანი პროდუქტებისადმი ბარბაროსული დამოკიდებულების, თაობაზე. ეს მანდელშტამსაც კარგად ესმოდა. მთელი მისი შეკამათება ჩაადაევისადმი გამოითქვა ერთი საოცარი ფრაზით იმის შესახებ, რომ თუ ჩვენ ენასაც განვუდგებით, საბოლოოდ გადავიჩეხებით ნიჰილიზმის უფსკრულში. ასედც მოხდა. თუმცა აქ საინტერესოა სხვა რამე. სწორედ ამ ისტორიულ პუნქტში, უფსკრულის ზღვარზე, რუსეთში, ყველაფერთან ერთად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც განაგრძნობდნენ უკვე არსებულ ლიტერატურულ ტრადიციას. მე, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მყავს ზოშჩენკო, ზაბოლოცკი, პლატონოვი. მათ პირველებმა დაიწყეს უცნაური ხალხის აღწერა, რომელნიც საუბრობდნენ „ სახლმმართველთა ენაზე“, ადამიანური არსებობის იმ ენაზე, რომელიც გამოიყვანა ბულგაკოვმა ნაწარმოებში „ძაღლის გული“.

ეს ენა შედგება რაღაცგვარი მიღმური უძრავი ბლოკებისაგან, რომელნიც წარმოადგენენ საბედისწერო წარმონაქმნებს. მართლაც, როგორ შეიძლება ვიაზროვნოთ, მაგალითად, ამგვარი სითყვათშეთანხმებებით: „ქვეყნის ბოსტნეულის კონვეერი“? ამ ენობრივი ურჩხულის მიღმა წარმოგვიდგება დაკუნთული საპლაკატო ჯეელების ხატები. ხოლო იმის დანახვა ან მოაზრება, თუ რა ემართება ამ მომენტში ბოსტნეულს, სრულიდ შეუძლებელია. თქვენ იმწამსვე ხვდებით მაგნიტურ ველში და მიექანებით მასში მისივე ძალოვანი ხაზებით ნაკარნახევი მიმართულებით.

აქ მე შეგნებულად განვეყენები სოციალურ პრობლემებს. მე მაინტერესებს სააზროვნო მექანიზმი და ენის მდგომარეობა, რომელშიც უკვე ყოველივე მოცემულია. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მოვასწროთ ამ ენობრივი სახეზე მოცემულობის გაშინაგანება, მოვასწროთ ჩვენი გრძნობებისა და აზრების მათდამი მიყენება. ამ მდგომარეობით ცნობიერება გვაგონებს ოთახს, რომელშიც ფანჯრების ნაცვლად ერთიანად სარკეებია განთავსებული და თქვენ ხედავთ არა გარე სამყაროს, არამედ თქვენს საკუთარ გამოსახულებას. თანაც ეს გამოსახულება შეესატყვისება არა იმას, როგორიც თქვენ ხართ, არამედ იმას, როგორიც უნდა იყოთ. ცნობიერების ნებისმიერი ნაპერწკალი შეიძლება დაკაფსულირდეს ამ ანარეკლებში და შეიშალოს. ამგვარი ცნობიერების მქონე დამიანს შეიძლება სურდეს მხოლოდ ერთი რამ — აიფეთქოს თავი, ანუ დაიღუპოს თავი და, ამავდროულად, მთელი სამყაროც. ადამიანის გულიდან მომავალი ბოროტება ხომ სიძულვილია რაღაც თავისთავად დაუძლევლის მიმართ. მხოლოდ ამის შემდეგ პროეცირდება ის გარესინამდვილეზე.

რაღაც ამის მსგავსი დაემართა ფილოსოფიურ ენასაც. აიღეთ ხელში ნებისმიერი მარქსისტული ფილოსოფიის სახელმძღვანელო და თქვენ დაინახავთ, რომ იგი მთლიანად შედგება ამ მიღმურობებისაგან. შეუძლებელია მათი მოძრაობაში მოყვანა და პროფესიონალურად ოპერირება. ისინი არ ექვემდებარებიან არავითარ აზრობრივ განვითარებას. ეს ენა ლაგდება ძალზე უბრალო მექანიზმის კანონების შესაბამისად.

წარმოიდგინეთ სოციალ-დემოკრატიული წრე, სადაც „მეცნიერი ადამიანი“ ცდილობს მსმენელთა თავებში სამყაროს მთელი შედგენილობისა და მთელი მისი ურთულესი პრობლემების ჩატენვას. ამასთან ეს ჩატენვა უნდა მოხდეს ისე, რომ მსმენელის თავს არ მოუწიოს შრომითი ძალისხმევა, დაძაბვა, დაფიქრება და წვალება. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალებით — სამყაროს მთელი სირთულის უმარტივეს სქემებზე დაყვანით. მაგალითად, ამგვარი: „რატომ არსებობენ ღარიბები? — იმიტომ, რომ არსებობენ მდიდრები, — როგორ მოვიქცეთ ისე, რომ აღარ იყვნენ ღარიბები? — ამისთვის უნდა გავანადგუროთ მდიდრები“.

მე მინდა მკითხველმა ყურადღება მიაქციოს არა თავად ამ მსჯელობის საეჭვო შინაარსს, არამედ იმას, რასთანაც იგი შეკავშირდება მსმენელის ცნობიერებაში და რასაც ეს კავშირი წარმოშობს საბოლოოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ადამიანს უქარწყლებს დამოუკიდებელი შრომის მოთხოვნილების აუცილებლობას. ანუ იგი შთააგონებს მას, რომ საზრისი ესაა ის — რისი მოპოვებისთვისაც არაა საჭირო გონების არანაირი დაძაბვა, არამედ საკმარისია მხოლოდ მოსმენა და გადაკითხვაც. მეორე რიგში, არსებობს ადამიანის თვითპატივისცემის მექანიზმი. არსებობის მბრძანებლური მოთხოვნილების გარდა, გარდა პიროვნებად შედგომისა, ყოფიერების გადალახვისა, როგორც იტყვიან ფილოსოფოსები, ადამიანს გააჩნია აგრეთვე გაგების მოთხოვნილებაც. ადამიანს, პრინციპში, არც შეუძლია იმ სამყაროში ყოფა-ცხოვრება, რომელიც მისთვის გაუგებარია. მაგრამ, ამ გაგებადობის პრინციპი ყოველთვის შეზრდილია ადამიანის თავის თავისადმი ფუნდამენტურ მიმართებასთან, საკუთარი თავის შეგნებული იდენტიფიცირებისა და თვითპატივისცემის უნართან. თუ ადამიანი თვითპატივისცემისუნარიანი გახდება გამარტივებული სქემების მეშვეობით, მაშინ იგი, უმალ მოკლავს იმას, ვინც გაბედავს იმ სქმების ხელყოფას, ვინემ განეშორება ამ სქემებს. ეს ასე უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი გამარტივებული გაგება ამ ურთულესი  სამყაროს შესახებ უკვე შეენივთა ყველა ადამიანისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის, სიკვდილ-სიცოცხლის სკითხს.

ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვცდილობთ ამ „ფილოსოფიური“ ენისგან განთავისუფლებას, გვსურს გავიწაფოთ აზროვნებაში და სტალინის საპირწონედ წარმოვაჩენთ ისეთ მოაზროვნეებს, როგორიცაა: პლეხანოვი, ბუხარინი, ლუნაჩარსკი ან რომელიმე სხვა. მაგრამ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვა. ამ მოაზროვნეთა დონე ძალზე უმნიშვნელოა. ასეთი ადამიანები რომ ფილოსოფიური აზროვნების მონბლანებად წარმოჩნდნენ თავისუფალ სივრცეზე, ამისთვის საჭირო გახდებოდა ჩვენს ირგვლივ არსებული რუსული ჰუმანიტარული აზრის მთელი მთების გადასწორება. მათი ტექსტები არა მხოლოდ საშინლად მოსაწყენია, არამედ, აგრეთვე, დაწერილია სრულიად გახევებული, მკვდარი ენით. ისინი იმთავითვე გამორიცხავენ ცოცხალ, თავისუფალ აზრს. ამიტომ, ვუბრუნდები რა ჩვენს თემას, დავსძენ, რომ თუ არ გადაწყდა ამოცანა ენობრივი სივრცის განწმენდისა საერთოდ, და კერძოდ, ფილოსოფიურისაც, წინ ვეღარ წავიწევთ. ჩვენ ხომ მუდმივად ვცხოვრობთ სიტუაციაში, რომელიც პლატონოვმა სულ ერთი ფრაზით ძალზე ზუსტად აღწერა. მის ერთ-ერთ გმირს „გულის ხმის“ ნაცვლად ეყურება „ცნობიერების ხმაური“, რომელიც იღვრება რეპროდუქტორიდან. ყოველი ჩვენთაგანი, მისივე რისკის ფასად, საკუთარი კონკრეტული საქმიანობის ფარგლებში, თავის შინაგან განზომილებაში როგორღაც უნდა შეეწინააღმდეგოს ამ „ხმაურს“. ვინაიდან, როგორც უკვე ვამბობდი, ადამიანს გაველურებული ცნობიერებით, გამარტივებული წარმოდგენებით სოციალურ რეალობაზე და მის კანონებზე, მე-20 საუკუნეში ცხოვრება არ შეუძლია. იგი საშიში ხდება არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ კი ამ დროს ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენს საერთო ევროპულ სახლზე. მაგრამ, ამისთვის ხომ ჯერ, როგორც მინიმუმი, საჭიროა აღვიდგინოთ ჩვენი წევრობა ამ სახლში. ძირითადი ამოცანა, რომელიც დგას სოციალური აზროვნების წინაშე, წინაშე საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისა — ესაა შენივთება საკუთარ სამშობლოსთან, რაც რუსეთისთვის წარმოადგენს შეუქცევად ევროპულ ბედისწერას. არადა, ჩვენ ჯერ რალიზაციავყავით მხოლოდ ფანტასმაგორიული „მესამე“ მხარე, ამიტომაც „სამოქალაქო საზოგადოების“ პრობლემა დიდი ხნით დაიკარგა ჩვენი მხედველობის არედან.

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ „სამოქალაქო საზოგადოების“ პრობლემის არსი მდგომარეობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებული შედუღაბებულობის გახლეჩვაში, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ელემენტის განვითარებაში. განვეყენები რა სოციალურ და ეკონომიკურ თეორიებს, შევეცდები ამასთან დაკავშირებით ნათელვყო ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის პრინციპიალური მნიშვნელობის მქონე სიტყვის, — „კერძო“– საზრიზი.

საქმე იმაშია, რომ ევროპული კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურაა და იგი სრულიად არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დადის ეკლესიაში და ასრულებს კონფესიონალურ და საეკლესიო რიტუალს. საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანობამ შეაღწია ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ინსტიტუტში და არსებობს მათში დაკრისტალებული სახით.

თავად იდეა კი ქრისტიანული კულტურისა ფუნდამენტური და უბრალოა. ეს კულტურა ეკუთვნის ადამიანებს, რომელთაც შესწევთ უნარი კერძო საქმიანობაში ხორცი შეასხან უსასრულოსა და ღვთაებრივს. ვამბობ რა „კერძოს“, მე მხედველობაში მაქვს მეწაღის, ვაჭრის, მუშის და ა.შ. საქმიანობა. საპირისპირო კულტურულ სიტუაციაში თქვენ საქმე გექნებათ ფენომენთან, რომლის არსიც მდგომარეობს ადამიანის ფანტასტიკურ გულგრილობაში საკუთარი საქმიანობისადმი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ არცერთი საქმიანობა არასოდეს არ დაემთხვევა რომელიღაც აბსოლუტურ და უსასრულო წერტილს. ამ სქემის თანახმად, იმას, რასაც მე ვაკეთებ, არ გააჩნია არავითარი მნიშვნელობა. ამიტომ, მე შემიძლია დღეს ვიყო უნამუსო, რათა ხვალ გავხდე უმწიკვლო. ევროპული კულტურისათვის კი არ არსებობს არავითარი ხვალ. არსებობს მხოლოდ ის, რაც არის ახლა და ძევს კონკრეტულად გაფორმებულ, შესრულებულ საქმეში. სხვათა შორის, გამომდინარე აქედან, ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც ცდილობს, რომ გადააბრუნოს ეკონომიკური თეორია და კუთხის თავში დააყენოს რელიგიური ცნობიერების ფაქტი. მე არ ვიზიარებ ამ თვალსაზრისს, მაგრამ რათა ამგვარი აზრთაწყობის ილუსტრირება მოვახდინო, მოვიყვან ერთ მაგალითს.

არსებობს მაქს ვებერის ცნობილი თეორია, რომელშიც იგი თავად კაპიტალიზმის ფენომენის წარმოშობას უკავშირებს იმას, რასაც უწოდებს „პროტესტანტულ ეთიკას“. ის თვლიდა, რომ კაპიტალიზმის განვითარებისთვის საჭირო იყო აქტი, მაგალითად, ვაჭრობის აქტი, ანუ კერძო საქმიანობა, ყოფილიყო რაღაც ძალიან მაღალი ღირებულებების მატარებელი. მათ შორის ისეთის, როგორიცაა ურთიერთმიმართება უფლისადმი, პასუხისმგებლობა და ა.შ. როცა ასეთი რამ ხდება, მისი აზრით, წარმოიშობა კიდეც კაპიტალისტთა, მეწარმეთა, ვაჭართა კლასი. ე.ი. ჩნდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ბიურგერი“, „კერძო პირი“ და სხვა. რუსულ ენაში მათი ანალოგიურია „მეშჩანობა“. სწორედ ამ აზრით გამოიყენა ის თავის ცნობილ ლექსში პუშკინმა. მაგრამ ჩვენთვის, სიტყვები: „ბიურგერი“, „ბურჟუა“, „მეშჩანი“ და ა.შ. დიდი ხანია იქცა უნამუსობის, ობივატელურობისა და მისთანათა სიმბოლოდ.

ვიმეორებ, მე არ ვთვლი ვებერის თეორიას მართებულად კაპიტალიზმის წარმოშობის მიზეზებთან დაკავშირებით. მე მასთან ჩემი პრეტენზიები მაქვს. მაგრამ მისი აზრთა მსვლელობა, მოცემულ შემთხვევაში, ძალზე სანიმუშოა და ბევრის მთქმელი ევროპული ქრისტიანული კულტურის ჭეშმარიტ ხასიათთან მიმართებაში. ეხლა, თუ ჩვენ მივუბრუნდებით მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთს, დავინახავთ, რომ მაშინდელი ადამიანის გული სახარებით მაინცდამაინც ღრმად არ იყო დადაღული. ჯერ კიდევ როზანოვი აღნიშნავდა თავის დროზე, რომ პირველი რევოლუციური ტალღის ეტაპზე მომრავლდნენ „ცოცხალი ქრისტეები“ და „ცოცხალი ღვთისმშობლები“, რაც შეუძლებელია ყოველგვარი განსწავლული რელიგიური ცნობიერების შემთხვევაში. აქ ყველას ამოძრავებს სხვა ძალები. „რუსეთზე საუბრისას, — წერდა ჩაადაევი, — იქმნიან წარმოდგენას, თითქოს საუბრობდნენ ისეთ ქვეყანაზე, როგორიც სხვა ქვეყნებია; სინამდვილეში ეს სულაც არაა ასე, რუსეთი —  მთელი მსოფლიოა, დაქვემდებარებული ერთი ადამიანის — პეტრეს ან ივანეს, მნიშვნელობა არ აქვს — ნებას, თავგასულობასა და ფანტაზიას. ყველა შემთხვევაში იგი ერთთავად თვითნებობის განსახიერებაა“. სხვა სიტყვებით, მე ვფიქრობ, რომ ჩაადაევი, როგორც მოაზროვნე, თუკი მონაწილეობას მიიღებდა თანამედროვე დისკუსებში, ასევე ჩათვლიდა, რომ არ არსებობდა არავითარი სტალინიზმი, რომ ესაა გამონაგონი, რისი საშუალებითაც შეუძლებელია გავიაზროთ ის, რასაც ამ სიტყვით ავღნიშნავთ. სინამდვილეში, სტალინი — ესაა მილიონობით „თვითხელისუფლის“ პროდუქტი, უფრო სწორად, მათი ფოკუსირებული ანარეკლი. სწორედ ესაა ის, რსაც ჩაადაევი უწოდებდა „ თვითნებობის განსახიერებას“. ეხლა ჩვენ ვცდილობთ მაშინდელი დროიდან გამოვყოთ რაღაც პარტიული და სულიერ-გონითი „ოპოზიციის“ მსგავსიც კი. მაგრამ სინამდვილეში ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. უბრალოდ, იგივე ბუხარინიც, ოდნავ დეტონირებდა იმ ხატთან მიმართებაში, რომელსაც მილიონობით „თვითხელისუფალი“ შეუსაბამებდა მას. საბოლოოდ, მათი ცნობიერებისთვის უფრო ადეკვატური შეიქნა სტალინი. ამიტომაც ეს უკანასკნელი იქცა იმად, რადაც იქცა,

თუმცა ეს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ დღემდე ვერ ვისწავლეთ თავს გადახდენილიდან აზრის გამოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე აღარ ვილაპარაკებდით ბრეჟნევის კულტზე, რომელიც სინამდვილეში ასევე არ არსებობდა. იყო „ბრეჟნევის კულტი“, რომელზე გავლითაც სრულდებოდა რიტუალუერი ცეკვა და გარკვეულ პირთა დაჯგუფება ახდენდა ამით საკუთარი თავისთვის ხოტბის შესხმას. ამ გავლით ისინი საუბრობდნენ სწორედ რომ თავის თავზე, თავის ავტორიტეტზე, თავის ძალმოსილებაზე და ა.შ.

მე მინდა ამ განაზრებათა დამთავრება ისევ და ისევ ჩაადაევის, ჩვენთვის ძალზე აქტუალური, მოსაზრებით, რომლითაც იგი ასრულებს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ დებულებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი არაა უბრალოდ სახელმწიფო სხვა სახელმწიფოთა გვერდით. „ადამიანთა თანაცხოვრების ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, — წერს ჩაადაევი, — რუსეთი მიაბიჯებს საკუთარი თავისა და მეზობელი ხალხების დამონების გზით. ამიტომ, სასარგებლო იქნებოდა, გვეიძულებინა იგი, არა მხოლოდ სხვა ხალხების, არამედ მისი ინტერესებიდან გამომდინარეც, რომ გადასულიყო ახალ გზასავალზე“.

ოდესღაც ამ ამოცანის გადაწყვეტა დაიწყო, მაგრამ ჩვენ მიმართულება ვიცვალეთ და გავვალურდით. ეხლა კი, თუ ჩვენ გვსურს გადავარჩინოთ ან მონაწილეობა მივიღოთ დედამიწაზე ცივილიზაციის გადარჩენის საქმეში, თუ ჩვენ გვინდა დაბრუნება ჩვენს ევროპულ სახლში და ვილაპარაკოთ მასზე მისი დამცველის როლში, მანამდე ჩვენ თავად გვესაჭიროება, რომ გავხდეთ ცივილიზებულები — უფრო ცივილიზებულები ან უბრალოდ ცივილიზებული ადამიანები, ანუ გადავიდეთ სხვა, ახალ გზასავალზე.


3 thoughts on ““მესამე” მდგომარეობა — მ.კ. მამარდაშვილი

  1. გვსურს გადავარჩინოთ ან მონაწილეობა მივიღოთ დედამიწაზე ცივილიზაციის გადარჩენის საქმეში, თუ ჩვენ გვინდა დაბრუნება ჩვენს ევროპულ სახლში და ვილაპარაკოთ მასზე მისი დამცველის როლში, მანამდე ჩვენ თავად გვესაჭიროება, რომ გავხდეთ ცივილიზებულები — უფრო ცივილიზებულები ან უბრალოდ ცივილიზებული ადამიანები, ანუ გადავიდეთ სხვა, ახალ გზასავალზე.

  2. ოხ ეს კომუნიზმი!!! ,,მე მსურს დავიწყო ჩვენი სოციალური აზროვნების განსაზღვრებით, რაშიც ვგულისხმობ არა სოციალურ მეცნიერებათა დეპერტამენტებში მოღვაწეობას, არამედ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ზოგადსამოქალაქო განათლებულობის მდგომარეობას. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა დღესდღეისობით უბრალოდ საშინელია. მაგრამ, იგი, როგორც ჩანს, სხვაგვარი ვრც იქნებოდა. ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ყოფა-ცხოვრებიდან (მე მხედველობაში მყავს რუსულ სივრცეში მოსახლე ხალხები), შეუძლებელია, ჯანმრთელი დარჩენილიყო. თვით ხალხია დაავადებული. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ თავზე,,

  3. ოხ ეს კომუნიზმი!!! ,,მე მსურს დავიწყო ჩვენი სოციალური აზროვნების განსაზღვრებით, რაშიც ვგულისხმობ არა სოციალურ მეცნიერებათა დეპერტამენტებში მოღვაწეობას, არამედ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ზოგადსამოქალაქო განათლებულობის მდგომარეობას. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა დღესდღეისობით უბრალოდ საშინელია. მაგრამ, იგი, როგორც ჩანს, სხვაგვარი ვრც იქნებოდა. ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ყოფა-ცხოვრებიდან (მე მხედველობაში მყავს რუსულ სივრცეში მოსახლე ხალხები), შეუძლებელია, ჯანმრთელი დარჩენილიყო. თვით ხალხია დაავადებული. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ თავზე,,

Comments are closed.