Skip to main content

ირაკლი გოგიჩაძე. “არსი და ცნობიერება”

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-28, 2024 წ)

„ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: არსებულთა,

რომ ისინი არიან და — არარსებულთა, რომ ისინი არ არიან“.

პროტაგორა

 

წინამდებარე სტატია, თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, თემატურად უნდა დათმობოდა იმ კრიტიკულ მიდგომას იდეათა თეორიისადმი, რომელიც თავად პლატონმა წამოიწყო საკუთრი პოზიციის მიმართ დიალოგ „პარმენიდეში“. შემდგომ ეს ხაზი კრიტიკისა, როგორც ვიცით, განაგრძო არისტოტელმა. შუა საუკუნეების ფილოსოფიამ, პლატონისგან და არისტოტელისგან მიღებული მემკვიდრეობა ამ კრიტიკისა, გადაიყვანა ე.წ. „უნივერსალიების პრობლემის“ კონტექსტში. მიუხედავდ იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში უდიდესი მოაზროვნეები ეჭიდებოდნენ ამ საკითხს, როგორც ნიკოლაი ჰარტმანი აღნიშნავს, პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვვარაუდობდით, რომ ამ თავსატეხს წერტილს დაუსვამდით, მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში  ჩემი სტსტიების ციკლის თემატიკა ძირითადად იყო ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური, უფრო ზუსტად, ყველა საკითხს განვიხილავდი ხოლმე ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კონტექსტში. პლატონურ-არისტოტელური დისკუსიაც, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ — „ყოფიერების პრობლემას“ წარმოადგენს, როგორღაც უნდა განმეხილა იმ ანთროპოლოგიურ პრიზმაში, რომელიც ჩამოყალიბდა „ფილოსოფიური ძიებანი“-ში გამოქვეყნებულ სთატიათა საკმაოდ ვრცელ ციკლში. თუმცა, როგორც ჟარგონზე იტყვიან, „სად ბანაობ“. საკითხმა უზარმაზარი მეტაფიზიკური ხახა დააფჩინა და ის სულ უფრო იზრდებოდა სათანადო ლიტერატურის გაცნობისდა კვალად. აღმოჩნდა, რომ დასახული ამოცანის განხორციელებამდე განსახილველ-დასალაგებელი იყო არა მხოლოდ ის ზღვა მასალა, რომელიც ყოფიერების პრობლემას უკავშირდებოდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო გარკვევა იმ ტერმინოლოგიურ და ცნებით აპარატში, რომელთაც ეს თემატიკა ეყრდნობა. პირდაპირ ვიტყვი, მე აღმოვჩნდი ამ ცნებათა და ტერმინთა გაუვალ, გადახლართულ, გაურკვეველ, არაერთმნიშვნელად ჯუნგლებში. (more…)

ი.გოგოიჩაძე. „ანთროპოსი და დროულობის მრავალფეროვნება“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-27, 2023 წ)

დროის ფენომენს ჩვენ შევხებივართ წინამორბედ სტატიებშიც, მაგ., „აბსოლუტური თავისუფლება და თეოანთროპოსი“ – ში („ფილოსოფიური ძიებანი“ N – 18, 2014 წ.). ხსენებულ სტატიაში საქმე ეხებოდა კონკრეტულად დროის ზოგად ისტორიის-ფილოსოფიურ კონცეფციებს. დროის პრობლემა იმდენად ფართო საკითხია, რომ ერთი და ორი სტატიის ფარგლებში ვერ ამოიწურება. აქ ამ საკითხს სხვა მხრივ შევეხებით, რაც გამოაჩენს შემდგომი სტატიებისთვის განსახილველ საკითხთა ახალ რიგს და ა.შ.. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ფილოსოფიურ პრობლემათა, და მათ შორის დროის საკითხის, ცალსახად, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის შეუძლებლობას. დრო, არაა ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტი სხვა ობიექტთა შორის. ვერაფერს ვერ დავადებთ ხელს და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის დრო. ამდენად, დრო არ ექვემდებარება ისეთსავე პირდაპირ ექსპერიმენტულ შემეცნებას, როგორსაც ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტები, რომელთაც მატერიალურობა გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ მოვხაზავთ ერთგვარ თვალსაზრისს დროის ფენომენთან დაკავშირებით და, ცხადია ვერ გავკადნიერდებით იმდენად, რომ პრეტენზია განვაცხადოთ ამ უდიდესი საიდუმლოებით მოცული ფენომენის პრობლემურობის ერთხელ და სამუდამოდ მოხსნაზე. (more…)

ი. გოგიჩაძე. “თავისუფლების დეტერმინანტები — პირობა, მოტივი, იდეა”.

(კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N-26, 2022 წ.)

“Ansinus buridani inter duo prata”

“ბურიდანის ვირის” პარადოქსი ერთ-ერთია იმ პარადოქსთა შორის, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში ცნობილია ძენონიდან მოყოლებული. ეს კონკრეტული პარადოქსი, რომელიც მიეწერება სორბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შუა საუკუნეებში მოღვაწე რექტორს — ჟან ბურიდანს, მის ნაშრომებში არაა მოცემული და ჩამოყალიბებული. არსებობს ვარაუდი, რომ იგი მას ზეპირად იყენებდა თავის ლექციებზე და ეს გრძელდებოდა იმდენად დიდხანს, რომ გაბეზრებულმა მსმენელებმა ამ პარადოქსს ბურიდანის სახელი საუკუნოდ მიაწებეს. (more…)

“ანთროპოსის ბედკრულობის ობიექტურობა და მეტაფიზიკის ძირეული საკითხი”. ი. გოგიჩაძე

(კრებულიდან — “ფილოსოფიური ძიებანი”, 2021 წ.)

 

მცირეოდენმა განსაცდელმა შეიძლება გაგხადოთ სრულიად უბედური, მაშინ როცა

სრულიად ბედნიერად ვერ გაქცევთ ამქვეყნად ვერაფერი”.   (ა. შოპენჰაუერი)

“არ არსებობს არავითარი სანდო წყარო, არავითარი სანდო საზომი, გარდა რწმენისა, როცა საქმე ეხება საკითხს: ვინ შექმნა ადამიანი — კეთილმა ღმერთმა, ბოროტმა დემონმა თუ შემთხვევითობამ”.           (ბ. პასკალი)                                                                              

                                   1.

ბედნიერების ცნების თეორიული განსაზღვრა ურთულეს ფილოსოფიურ საკითხთა რიგს განეკუთვნება. მეტაფიზიკური თემატიკა რთულად საწვდომი ბუნების საგნებს ეხება და გასაკვირიც არაა, რომ ბედნიერების რაობა დღემდე დაუდგენელია. ბედნიერება არაა ისეთი ობიექტი, რომელსაც ექსპერიმენტულად დავაკვირდებოდით ან მათემატიკურად გამოვთვლიდით. გაურკველობაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი მეტაფიზიკურობის გამოძახილია. თუმცა, გარკვეული ასპექტები შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს, როგორც ობივატელური ისე ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი შეგნებისთვის. (more…)

ი. გოგიჩაძე – “პიროვნება და სიკეთის იდეა”.

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-24  2020 წ.)

ევროპული ფილოსოფია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პლატონის კომენტარები.

                                                                                                     ალფრედ ნორთ უაიტჰედი.

წინამდებარე სტატიაში ვეცდებით სიკეთის იდეის, მასთან დაკავშირებული ნიუანსების წარმოჩენას ჩვენეული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ეს ანთროპოლოგიური სურათი კი, თუ გავიხსენებთ, მოკლედ შემდეგნაირია: 1. ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, ანუ ცხოველი, რომელიც ემორჩილება ინსტიქტებს და ხელმძღვანელობს შიშველი ემპირიული მონაცემებით, ასე ვთქვათ, ალალად ენდობა მათ; 2. რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ანუ საკუთრივ ადამიანი, რომელიც ემორჩილება რაციოს და ხელმძღვანელობს ექსპერიმენტული მონაცემებითა და ლოგიკით; 3. ინდივიდუალი, ანუ მოფიქრალი მე, თვისტომთა შორის ორიგინალური ხედვით გამორჩეული შემოქმედი, რომელიც ემორჩილება მუზას, შთაგონებას და თავისი ნიჭისა და ხედვის შესაბამისად გარდაქმნის ემპირიული თუ რაციონალური გამოცდილების მონაცემებს; 4. პიროვ-ნება, ანუ ანთროპოსის ის პოტენციური ცენტრი, რომელმაც შეიძლება შეგნებულად, თავისუფლად მართოს ყველა სხვა პლასტში მიმდინარე პროცესები (ბიოლოგიური, ქიმიურ-ფიზიკური, ფსიქიკური, შემოქმედებითი თუ ექსისტენციალური). ანთროპოსი ჩვენ გვესახება არა ერთგანზომილებიან, ცალსახა არასებად, არამედ მინიმუმ ამ ოთხი პლასტის ერთიანობად, რომელთაგან ზოგი, მაგ., პირველი იმთავითვე სახეზე მოცემული რეალობაა, ხოლო დანარჩენი მასში პოტენციურად ძევს. ამის თაობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი წინამორბედი სტატიები. (more…)

ირაკლი გოგიჩაძე. „ანთროპოტიპი და მიკროკოსმოსი“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი”, N-23. 2019 წ)

 

ანთროპოსის მიკროკოსმოსად განხილვას ფილოსოფიის ისტორიაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს განხილვები ძირითადად ანალოგიებით მსჯელობის ხასიათს ატარებდა — მიკროკოსმოსი (კერძოდ კი ადამიანი ზოგადად) მოიაზრებოდა კოსმოსის იგივე მაკროკოსმოსის მსგავს, ოღონდ მასშტაბებში შემცირებულ, მოწესრიგებულ, კანონქვემდებარე და ა.შ. მოცემულობად.

ამგვარი განხილვისას ძალზე ზედაპირულები რომ არ აღმოვჩნდეთ წინასწარვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის მხარეებს შორის პირველი იმთავითვე მოცემული ან თავისთავად ჩამოყალიბებული ერთეულია, ხოლო მეორე ასეთად და ასეთად შეიძლება ან უნდა იქცეს. ცხადია, აქ საქმე ეხება მიკროკოსმოსს როგორც ანთროპოსის შინაგან, გნებავთ სულიერ-გონით სამყაროს და არა ანთროპოსს როგორც ფიზიკურ-ვიტალურ მოცემულობას, რომელიც ისედაც მაკროკოსმოსის უშუალო ნაწილთაგანია. (more…)

ირაკლი გოგიჩაძე. “პიროვნება გონით აქტებში” (ეგზისტენცი და ტრანსცენდირება)

“ჯერ თქვენ მითხარით, თუ რა არის სიცოცხლე და მერე გეტყვით, თუ რა არის სიკვდილი”.

კონფუცი

 

ამ სტატიაში დასახულ თემატიკას განვიხილავთ წინამორბედ სტატიებში ჩამოყალიბებული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ანთროპოსის ჩვენეული სურათი გულისხმობს ოთხ ანთროპულ პლასტს, განზომილებას — ანუ ანთროპოსი ჩვენის წარმოდგენით არაა რაღაც მარტივი, ერთ განზომილებიანი ყოფიერი. ამ პლასტებს შორის ჩვენ ვხედავთ არსებით განსხვავებულობასა და ზეაღმავალობას გარკვეული აზრით: (more…)

ი. გოგიჩაძე. „ანთროპოსის ღირებულებითი ორიენტირები” (ნიჰილიზმი და თავისუფლება)

 (კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N- 21, 2017 წ)

ნიჰილიზმი იმ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა ადამიანი მხედველობიდან ჰკარგავს წარმავალი არსებობის იქით „სხვა არსებობისადმი“, მარადისობისადმი ზიარების პერსპექტივას.

ზურაბ კაკაბაძე („ფილოსოფიური საუბრები“, თბილისი 1988 წ., გვ.84)

 

  1.  1. ჩვენი სტატიის მიზანი არაა აქსიოლოგიური. მართალია, ღირებულება აქსიოლოგიური კატეგორიაა და მასთან დაკავშირებულ აქსიოლოგიურ კონტექსტს გარკველწილად ანგარიში უნდა გავუწიოთ, თუმცა ეს კონტექსტუალური ასპექტები წინამდებარე სტატიაში მართული იქნება ანთროპულ ყოფიერებასთან დაკავშირებული ნიუანსებით და მას ერთგვარი გამოყენებითი ფუნქცია დაეკისრება. კერძოდ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. „ღირებულებით შკალას“, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული და აქსიოლოგიის ქვაკუდხედად წარმოგვიდგება.

(more…)

ი.გოგიჩაძე – “ანთროპოსი, ფილოსოფია და სუპერქოლაიდერის ეპოქა’

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-20, 2016წ.)

‘Пусть я не знаю смысла жизни, но искание

смысла уже дает смысл жизни.”

Н. А. Бердяев.

 

წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვიყენებთ ისეთ ცნებებს როგორებიცაა — ანთროპოსი, ანთროპული ზრდა, ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ინდივიდუალი, პიროვნება, საზრისი და ა.შ. — რომელთა შინაარსებიც ჩვენ დავაფიქსირეთ წინამორბედ სტატიებში (“ფილოსოფიური ძიებანის” მეცამეტედან მეცხრამეტე ნომრების ჩათვლით). აქ ჩვენ ხსენებულ ცნებით შინაარსებზე დაყრდნობით შევეცდებით გავარკვიოთ ისეთი ფენომენების რაობა როგორებიცაა — ყოფიერების გაგება, მსოფლმხედველობა, ანთროპული ყოფიერების საზრისი, თანამედროვე ეპოქის სულისკვეთება, ფილოსოფია, მისი ბუნება, შესაძლებლობები, ალტერნატიული მიმართულებები და როლი. (more…)

ი.გოგიჩაძე — “გაუცხოების ფენომენი”

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი N-19, 2015 წ.)

“болезнь, в самом широком смысле слова – тела души и духа – это отчуждение.”
“Христос есть исцеляющая сила, преодолевающая отчуждение, ибо Сам Он не был отчужден.”
Пауль Тиллих. Избранное: “Теология културы”.
გაუცხოების ფენომენისადმი ინტერესი ფილოსოფიის ისტორიაში თავს იჩენს კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასკვნით ეტაპზე, კერძოდ ჰეგელთან და ფოიერბახის გავლით უკიდურეს სიმწვავეს აღწევს მარქსთან.
შემდგომი აქტუალიზაცია ამ თემისა უკვე უკავშირდება ფსიქოანალიზს (ფროიდი), ნეომარქსიზმს (ფრომი) და ზოგადად ექსისტენციალიზმს. (more…)