კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-29 2025 წ. ეძღვნება პროფესორ, მერი ჭელიძის ხსოვნას.
წინამდებარე სტატიაში ჩვენ გამოვყოფთ ფილოსოფიის ისტორიიდან მეტნაკლებად მყარად დადგენილ დაყოფას ეპოქებისა და ვეხებით „ანტიკურობა“-„შუა საუკუნეების“, „ახალი დროისა“ და მისი შემდგომი ეპოქების (ამ უკანასკნელს, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ პოსტმოდერნიზმის ეპოქას, ფართოდ შევეხებით მომავალ სტატიაში) ონტოლოგიურ მოდელებს, რომელნიც განსაზღვრავენ ამ ეპოქების დომინანტ მსოფლმხედველობას. ამ მსოფლმხედველობრივი ტიპების მატარებლის მამოძრავებელი ლოკომოტივი მუშაობს საწვავზე რომელიც ყველა ეპოქას საკუთრი აქვს და მათი მარკირება მოკლედ შეიძლება მოვახდინოთ შემდეგ ცნებებში:
არსება — არსი — არსებობა.
ონტოლოგიურ-მეტაფიზიკური პრობლემატიკა ჩვენს წინამორბედ სტატიაში წრმოჩინდა როგორც უაღრესად საინტერესო და ფილოსოფიურად ფუნდამენტური მოვლენა. მანამდე, სტატიათა საკმაოდ ვრცელ ციკლში, ჩვენ ვსაუბრობდით ანთროპულ ყოფიერებაზე, გამოვყოფდით ანთროპოსის ყოფიერების სხვადასხვა პლასტებს, განვიხილავდით მათ არსებით მახასიათებლებს და ა.შ. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ანთროპული ყოფიერებაც ზოგადად ყოფიერების პრობლემის შემადგენელი ნაწილია (თუმცა კი, ჩვენის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი). ნიცშესეული „ღმერთის სიკვდილის“ შემდგომ, ჰაიდეგერის ფილოსოფიაში, ინტელექტუალური ძიებების გზაზე მსვლელობამ, ფილოსოფია მიიყვანა მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლმხედველობრივ დასკვნამდე — ერთადერთი ყოფიერი, რომელიც შეიძლება დაკითხულ იქნეს იმის თაობაზე, თუ რა არის ყოფიერება, არის ანთროპოსი. ამიტომ ანთროპული ყოფიერების რაობის დადგენა თავისთავად გახდა მოწინავე მნიშვნელობის. მთელი ეგზისტენციალური ფილოსოფია მოგვევლინა როგორც ანთროპული ყოფიერების ონტოლოგია; ანთროპოსისა, მის განუმეორებელ არსებობაში, ერთადერთობაში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჰაიდეგერისეული წამოწყება ემსახურება თავად ყოფიერების რაობის დადგენას. თუ ამას დავივიწყებთ, მაშინ ჰაიდეგერის ფილოსოფია მხოლოდ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიადღა იქცევა.
ჩვენის აზრით, ყოფიერება არის წმინდა არსებობა, პირდაპირი გაგებით. ამ გაგებას, ანუ „წმინდა არსებობის“ ცნებას ნათელი მოეფინება ქვემოთ.
ფილოსოფიის ისტორიაში ყოფიერების კონცეპტში თავიდან იგულისხმებოდა ჭეშმარიტად, აბსოლუტურად არსებული რამ — იდეა, უსია, არსება, ღმერთი (ანტიკურიობა-შუა საუკუნეები), შემდგომ, ახალი დროის სციენტიზმი გულისხმობდა — რელატიურ არსს; მეოცე საუკუნეში, ჰაიდეგერი ყოფიერებაში გულისხმობს იმას, რაც ნებისმიერ არსს ხდის არსებულად. ხოლო, თუ პოსტმოდრენისტული ონტოლოგია უარყოფს ყველაფერ მყარს, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილს, აბსოლუტურსა და ჭეშმარიტს და აღიარებს მხოლოდ აბსოლუტურ ცვალებად არსებობას, მაშინ, ყოფიერება იქნება ის, რაც ცვალებად არსებობას ხდის არსებულად. (more…)