Skip to main content

3) იგივეობისა და საკმაო საფუძვლის კანონები – ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2001

 

გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონები ფილოსოფიური პრინციპებია. ისინი გამოთქვამენ სამყაროს, სინამდვილის შემეცნების უზოგადეს თავისებურებებს. მიუხედავად მათი სიმარტივისა და სიცხადისა, ეს კანონები საფუძვლად უდევს ლოგიკას. ამიტომ მათ ზოგჯერ “აზროვნების ძირითად კანონებს (აზროვნების უმაღლეს პრინციპებს)” უწოდებენ. ლოგიკის ისტორიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონების გარდა, აზროვნების უმაღლეს პრინციპებად მიჩნეული იყო აგრეთვე “იგივეობის კანონი” და “საკმაო საფუძვლის კანონი”.
იგივეობის კანონი აზროვნების, ბჭობის გარკვეული მოთხოვნაა: “ბჭობის პროცესში ყოველი სიტყვა, ტერმინი და სიტყვათა კომპლექსი (ფრაზა) უნდა ვიხმაროთ ერთი და იგივე მნიშვნელობით. საგანგებო აღნიშვნის გარეშე მათი მნიშვნელობის შეცვლა, თუნდაც იგი შესაბამისი საგნის ან მოვლენის შეცვლით იყოს განპირობებული, დაუშვებელია”.
იგივეობის კანონს თუ დავარღვევთ, და სიტყვებში ხან ერთ მნიშვნელობას ჩავდებთ, ხანაც მეორეს, გაქრება აზრებს შორის კავშირი, შეუძლებელი გახდება ურთიერთგაგებინება, ინფორმაციის გაცვლა.. მართლაც, თუკი მსჯელობის საგანი იცვლება ბჭობის პროცესში, მთქმელსა და გამგონეს შესაძლოა სხვადასხვა რამ ჰქონდეთ მხედველობაში ერთი და იგივე სიტყვების გამოთქმისას; გარდა ამისა, ის, რაც მართლი იყო სიტყვების ერთი მნიშვნელობით ხმარებისას, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს მათი სხვადასხვა მნიშვნელობისთვის. იგივეობის კანონის დარღვევის ტიპიური შემთხვევაა ომონიმური სიტყვებისა და ფრაზების ხმარება ომონიმურობის ფაქტის გაუთვალისწინებლად, როგორც, მაგ., ეს გვაქვს შემდეგ მსჯელობაში:
“მოჭიდავე ადამიანია”;
“მაშასადამე, კარგი მოჭიდავე კარგი ადამიანია”.
ამ მსჯელობაში სიტყვა “კარგი” ორი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება.
იგივეობის კანონის ეს ფორმულირება ნორმატიულია, რადგან იგი გამოხატავს მოთხოვნას, ბჭობის პროცესში მოვიქცეთ ასე და ასე. არსებობს იგივეობის კანონის აღწერითი გაგება, რომელთაგან ერთი საგნობრივ ვითარებებს და წინადადებებს, მეორე კი მათ შემადგენელ კომპონენტებს ეხება; თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივეობის კანონის ნორმატიულ და აღწერით ფორმულირებებს შორის კავშირი ძალზე ბუნდოვანია; ისიც კი საეჭვოა, ისინი ერთი და იგივე კანონის ფორმულირებებს წარმოადგენენ თუ არა.
ა) “თუ საგნობრივი ვითარება განხორციელებულია, მაშინ ის განხორციელებულია, ან ყველაფერი, რაც არის, არის (ონტოლოგიური ფორმულირება). აქედან, როგორც ორფასობის პრინციპის შემთხვევაში, გამოდის ამ კანონის სემანტიკური ფორმულირება: თუ წინადადება ჭეშმარიტია, მაშინ ის ჭეშმარიტია;
ბ) “ყოველი საგანი არის ის, რაც არის, ანუ ყოველი საგანი თავისი თავის იგივეობრივია (აქ სიტყვა “საგანი” ფართო მნიშვნელობითაა ნახმარი და მასში იგულისხმება ბჭობის ნებისმიერი ობიექტი, საგანი, ე.ი. ის, რაც ხასიათდება დებულებაში, და ნიშან-თვისებაც, ის, რითაც ხასიათდება საგანი).
იგივეობის კანონის (კერძოდ, მისი (ბ) ვარიანტის) გაგების სიძნელეს გამოხატავს შემდეგი მოსაზრება: საგნები იცვლება და ხდება ისე, რომ რაც მართალია მათ მიმართ ერთ დროს, არ არის მართალი და მცდარია სხვა დროს. მაგალითისთვის ავიღოთ კონკრეტული ადამიანი, ვთქვათ სოკრატე. ლოგიკური თვალსაზრისით ის საგანია, ბჭობის, აზრის საგანი. ამავე დროს, ახალგაზრდა სოკრატეც სოკრატეა და ხანში შესულიც. მაგრამ განა შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა სოკრატე და ხანში შესული სოკრატე ართი და იგივეა?! რა თქმა უნდა განსხვავდებიან, და მაინც დროში არსებული საგნის ორი სხვადასხვა მდგომარეობის შეპირისპირება არ ამტყუნებს იგივეობის კანონს.
(ბ) ფორმულირება მიიღებს ასეთ სახეს: “ყოველი საგანი დროის ყოველ მომენტში არის ის, რაც არის, ანუ ყოველი სგანი დროის ყოველ მომენტში თავის თავის იგივეობრივია”. იგივეობის კანონი და, განსაკუთრებით მისი ეს ფორმულირება, გამოხატავს საგანთა გარკვეულობას, დროის ყოველ მომენტში მათი ნიშან-თვისებებით დახასიათების შესაძლებლობას.
იგივეობის კანონის გაგების ამ სიძნელეში არის კიდევ ერთი მომენტი: როგორ გავიგოთ ინდივიდი (ინდივიდუალური საგანი)? რა არის ის, რის გამოც დროის სხვადასვა მომენტში არსებული ობიექტები არიან ერთი და იგივე ინდივიდის სხვადასხვა მდგომარეობები? მაგ., რის გამოა, რომ ახალგაზდა სოკრატეც და ხანშიშესული სოკრატეც არის ერთი და იგივე პიროვნება? ეს არ არის ლოგიკური საკითხი, მაგრამ მის ყოველ გადაწყვეტაში ინდივიდის ცნებას გარკვეული ლოგიკური სტრუქტურა ექნება.
“საკმაო საფუძვლის კანონი”: “არცერთი წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, თუ არ არსებობს მისი ჭეშმარიტების საკმაო საფუძველი, ანუ საფუძველი იმისა, თუ რატომ არის ამ წინადადებაში გამოთქმული საგნობრივი ვითარება განხორციელებული”.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის და დამიკიდებულება საფუძველსა და შედეგს შორის. პირველი წინადადებებს (მათში გამოთქმულ აზრებს) შორის არსებული ლოგიკური მიმართებაა; საფუძველი არის დებულება ან დებულებათა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, განაპირობებს, ადასტურებს სხვა დებულების (შედეგის) ჭეშმარიტებას. საკმაო საფუძვლის კანონის ზემოთ მოტანილ დესკრიფციულ ფორმულირებაში, ასეთი ლოგიკური დამოკიდებულება იგულისხმება.
მიზეზ-შედეგის დამოკიდებულება მოვლენებს (ხდომილებებს) შორის არსებული რეალური მიმართებაა; მოვლენა ან მოვლენათა ჯგუფი არის სხვა მოვლენის მიზეზი, თუ იგი განსაზღვრავს, განაპირობებს ამ სხვა მოვლენის წარმოშობას ან არსებობას. მაგ., შევადაროთ ერთმანეთს ლითონის ნაჭრის გათბობა და მისი მოცულობის ზრდა. პირველი — ლითონის ნაჭრის ტემპერატურის ზრდა — იწვევს, წარმოშობს მეორეს — ლოთონის ამავე ნაჭრის გაფართოებას, პირველი მეორის მიზეზია. მაგრამ, მარტო დებულება ლითონის ნაჭრის გაფართოების შესახებ, თუკი მას არ დავამატებთ დებულებას აღნიშნულ მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაზე, არ იქნება ლითონის ამ ნაჭრის გაფართოების შესახებ დებულების ჭეშმარიტების საფუძველი. აქედან გამოდის, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება აგრეთვე საკმაო საფუძვლის კანონი და მიზეზობრიობის პრინციპი, რომლის თანახმადაც უმიზეზო მოვლენები არ არსებობს.
წინადადების ჭეშმარიტების საფუძველი უნდა იყოს აგრეთვე მისი ჭეშმარიტად მიჩნევის, ადამიანის მიერ მისი მტკიცების საფუძველიც: “იმისთვის, რომ ჭეშმარიტად მივიჩნიოთ წინადადება, უნდა ვეყრდნობოდეთ მისი ჭეშმარიტების საკმაო საკმაო საფუძველს (საკმაო საფუძვლის კანონის ნორმატიული ფორმულირება).
ჭეშმარიტად მიჩნევა ყოველთვის არ არის დასაბუთების შედეგი ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად მიჩნევისას რაციონალური, საღი აზროვნების, გონებისთვის მისაღები საფუძვლებით იფარგლება. ზოგიერთ დებულებას ჭეშმარიტად მივიჩნევთ გრძნობადი მონაცემების საფუძველზე, ზოგიერთს — შეთანხმებით, რაც თავის მხრივ, გაკვეული ტერმინების გამოყენების მოხერხებულობასა და ნაყოფიერებას ემყარება. ეს ეხება ე.წ. განსზაღვრების ძალით ჭეშმარიტ დებულებებს, როგორიცაა, მაგ.,” 100-სმ შეადგენს 1-თ მეტრს”. მხოლოდ ზოგიერთი დებულების ჭეშმარიტად მიჩნევა ემყარება დასაბუთებას — უფრო ადრე ჭეშმარიტად მიჩნეული დებულებებიდან სწორი მსჯელობით მის გამოყვანას. წინადადებებს შორის ლოგიკური დამოკიდებულება მხოლოდ ამ, მესამე შემთხვევაში გვაქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკმაო საფუძვლის კანონს ფაქტობრივად საყოველთაო ხასიათი არა აქვს. ამიტომ, ხშირად ჭეშმარიტად მიჩნევის საკმაო საფუძველში მის დასაბუთებულობას გულისხმობენ და მაშინ თვითონ კანონი (მისი ნორმატიული ვერსია) გაგებულია როგორც მოთხოვნა, რომ არცერთი წინადადება, თუკი ის გრძნობადი მონაცაემებით არ დასტურდება და არც გარკვეული შეთანხმების შედეგია, არ მივიჩნიოთ ჭეშმარვიტად მისი დასაბუთების გარეშე.
ყოველივე ეს მეტყველებს საკმაო საფუძვლის კანონის შინაარსის ბუნდოვანებაზე: მასში არ არის მითითებული არც საფუძვლის სპეციფიკა და არც მისი მოძებნის მექანიზმი. ამიტომ მას არა აქვს წმინდა ლოგიკური შინაარსი და მისი განხილვა მხოლოდ ხარკის მოხდად წარმოდგება ტრადიციის წინაშე. მიუხედავად ამისა, იგი არამკაფიო სხითაც გამოხატავს ჭეშმარიტად მიჩნევისას ყველა საბუთისა და მოწმობის გათვალისწინების მოთხოვნას; ამდენად, ის მიმართულია დაუფიქსირებელი და ზერელე ბჭობის წინააღმდეგ და, ამ აზრით სასარგებლო შეგონებაა ყველასთვის.

. . . .

 


2 thoughts on “3) იგივეობისა და საკმაო საფუძვლის კანონები – ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2001

  1. გამოხმაურება: Cheap True Religion
  2. გამოხმაურება: Jeans Outlet Store

Comments are closed.