(კრებულიდან — “კულტუროლოგიისა და ესთეტიკის საკითხები”, თბილისი 2005. თ.ს.უ.-ს გამომცემლობა)
მხატვრულ-შემოქმედებითი პროცესის თეორიული განვითარების გზაზე ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდებით: სამი დიდი მოაზროვნე ერთი სახელწოდების ტრაქტატს ქმნის და, მიუხედავად იმისა, რომ სამ სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნებიან, მათ შორის იდეური შინაარსის მემკვიდრეობა შეინიშნება. მხედველობაში გვაქვს არისტოტელეს „პოეტიკა“ (IV ს. ძვ. წ.), ჰორაციუსის „პოეტიკა ანუ მიმართვა პიზონებისადმი“ (I ს. ძვ. წ.) და ბუალოს „პოეტიკა“ (XVII ს.). საინტერესოა ამ სამი „პოეტიკის“ შედარებით – ისტორიული ანალიზი.
XVII საუკუნე საფრანგეთში თავისებური ფორმის აბსოლიტური მონარქიზმის ხანაა, როცა ყავლგასული ფეოდალური არისტოკრატია ურიგდება ახლად წარმოქმნილ ბურჟუაზიულ ურთიერთობებს და მასთან კომპრომისის ძალით ცდილობს საკუთარი არსებობის შენარჩუნებას. ლუი XIV თვლის , რომ არისტოკრატიასთან ერთად მისი აბსოლუტიზმის განმტკიცება შეუძლია უკვე საკმაო ძალის მქონე საზოგადოებრივ კლასს – ბურჟუაზიას. ეს იყო მერკანტილიზმის ბატონობის ხანა, რომელიც გავლენას ახდენდა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სულიერ და ლიტერატურულ პროცესებზე. ამ პერიოდის ფრანგულ ხელოვნებაში ყალიბდება კლასიციზმი.
ფრანგული კლასიციზმი აღმოცენდა, როგორც აბსოლიტური მონარქიის იდეოლოგიური სამსახური. კლასიცისტები ეგუებოდნენ რაციონალურად მოწყობილ სახელმწიფოს, როცა პიროვნებისა და წოდებათა ინტერესები მაღლა დგას სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. პიროვნების ბედი მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფოზე, ამიტომ პიროვნება პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს წინაშე. კლასიციზმი მოვალეობის გამძაფრებულ მოთხოვნას უყენებს ადამიანს. მხატვრულ შემოქმედებაში კი, ეს იყო მონარქიულ – ფეოდალური არისტოკრატიის სტილი. ფრანგმა კლასიცისტებმა ლუი XIV – ის სასახლე გადააქციეს რომის იმპერატორთა სასახლედ, მეფე და წარჩინებულები – ბერძენ გმირებად, პარიზი – ათენად, საფრანგეთი – საბერძნეთად, თხზავდნენ პათეთიკურ, მშრალ ლექსებს, მოითხოვდნენ პოეტისგან წერას საზოგადოების მცირე ნაწილისთვის, განსხვავებით ბაროკოსგან, რომელიც კლასიციზმის პარალელურად, XVII საუკუნეში წარმოიშვა იტალიაში და იგივე ამოცანას ისახავდა, რასაც კლასიციზმი – აბსოლიტური მონარქიის განდიდება, სიმდიდრის და ძლიერების გამოფენა, ამაღლებული პათეთიკური განწყობილების შექმნა. კლასიციზმი უფრო თავშეკავებულია და ბაროკოსეული დრამატული ეფექტების ნაცვლად, სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში იგი დიდებული სადღესასწაულო ფორმების გონივრულ სიცხადესთან ნაზავს გვთავაზობს. კლასიცისტურ ხელოვნებაში რაციონალიზმის პრიმატი ხელს უშლის რელიგიურ – მისტიკური იდეების გამოვლენას.
XVII საუკუნეში, 1634 წელს, პარიზში შეიქმნა ხელოვნების აკადემია, რომლის მთავარი მიზანი ერთიანი ლიტერატურული ცენტრის შექმნა იყო. აკადემია აერთიანებდა გამოჩენილ მწერლებს, მხატვრებს და ხელოვნების თეორეტიკოსებს. აკადემიის ძირითადი მოთხოვნა იყო გამოსახვის სისწორე, ჟანრების აბსოლიტური სისუფთავე და მხატვრულ სახეთა უსიცოცხლობამდე მისული სქემატიზმი. ანტიკურობის მიმართ აღტაცებული თაყვანისცემა (ძირითადად რომაული ანტიკურობისადმი) გადაიქცა მკვდარ პედანტიზმად.
ფრანგული ფსევდო – კლასიციზმის თეორიული საფუძველი დეკარტეს რაციონალურ მეტაფიფიკაზე დაყრდნობით შემუშავდა. ეს ტენდენცია ხელოვნების თეორიაში ყველაზე საინტერესოდ გამოხატა ნიკოლო ბუალომ, რომლის დებულებაშიც გატარებულია მკაცრი მოთხივნა – პოეტმა შეისწავლოს სასახლე და ქალაქი. ეს იყო, მისი აზრით, ხელოვნების თემატიკური საგანი.
მიუხედავად იმისა, რომ დეკარტეს არ შეუქმნია სპეციალური ესთეტიკური თეორია, მის წერილებში მოცემულია ცდა კლასიციზმისთვის ფილოსოფიურ – თეორიული საფუძვლების შესაქმნელად. ეს საფუძველი კი არის სისწორე, სისუფთავე, გარკვეულობა. დეკარტეს ნაშრომის – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ – დებულებები მხატვრულ სახეებშია მოცემული კორნელის, რასინის, მოლიერის და ვოლტერის შემოქმედებაში. გონება ხდება მხატვრული შემოქმედების საფუძველი. ყურადღების ცენტრშია ამაღლებული, სახელმწიფო სამსახურში მდგარი ადამიანის „მე“, რადგან იგია გონების მფლობელი.
დეკარტეს შეხედულებები ხელოვნების თეორიაში გამოვლინდა ბუალოს ტრაქტაქშიც – „პოეტური ხელოვნება“. ბუალო თავს თვლიდა ჰორაციუსის და იუვენალისის შემცვლელად, ამავე დროს, იგი ავითარებდა ფრანგული რაციონალიზმის იდეებს დეკარტეს ფილოსოფიის ნიშნით. მისი „პოეტური ხელოვნება“, ერთის მხრივ, ამ იდეების, მეორეს მხრივ, ჰორაციუსის „პოეტიკის“ და არისტოტელეს კათარზისის თეორიის სინთეზს წარმოადგენს.
გონების ავტორიტეტი, რომაული ანტიკურობის რენესანსი, ბუნების „ნამდვილად“ გამოცხადების პრინციპი, იყო ის სამი ფორმულა, რომელიც ბუალომ თავისი დროის საფრაგეთის არისტოკრატიულ წრეებში გავრცელებული პრეციოზული ლიტერატურის წინააღმდეგ მიმართა, თუმცა გონების ავტორიტეტის პრინციპი ლიტერატურაში ბუალომდე ჯერ კიდევ მალერბომ გამოიყენა. კლასიციზმის ახალი თაობა (კორნელი, რასინი, მოლიერი) ბუალოს მეთაურობით, ებრძოდა კლასიციზმის ფალსიფიკატორებს (რონსარის სკოლა), თავადაზნაურულ მანჭიაობას და პედანტების ცრუ შეხედულებებს. მათზე გამარჯვების შედეგი იყო სწორედ ანტიკური კლასიციზმის რენესანსი, ახალი მხატვრული იდეებით და ფორმებით, რამაც ხელი შეუწყო ფრანგული ენისა და ლიტერატურის განვითარებას.
კლასიციზმის თეორეტიკოსების წარმოდგენაში ბუნებამ უნდა განიცადოს განწმენდა, შესწორება – ამორჩევის კანონის მიხედვით. ბუნებიდან ამორჩეული უნდა იქნეს ის მოვლენები, რომელიც შეესაბამება მხატვრულ მოთხოვნილებებს. ბუალოს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არსებობს აბსოლიტური სილამაზე. აუცილებელია პოეტმა მიბაძოს ბუნებას და მისი ნაწარმოების მხატვრულობა განპირობებული უნდა იყოს იმით, თუ რამდენადაა იქ ჭეშმარიტება გამოხატული. თუმცა ბუალოს კლასიცისტური თეორია არ უნდა გავიგოთ, როგორც რეალისტური თეორია. ძირითადად ეს არის სილამაზის აღქმა ჭეშმარიტის შემეცნების გზით. ბუალოსთვის ნამდვილი არის ის, რაც ბუნებრივია: „არაფერია მშვენიერი ბუნების გარეშე“, რადგან ბუნება მშვენიერია, მაშასადამე, ბუნება ნამდვილია.
ყოველი ჭშმარიტი ბუნებრივია, ამიტომ საჭიროა მისი მიბაძვა. აქ რეალიზმი ვითარდება ნატურალიზმის ხაზებში. ბუალო იზიარებს არისტოტელეს აზრს ბუნების სწორად ასახვის შესახებ. ანტიკურობა , ბუალოს გაგებით, თვითონ ბუნებაა. ბერძენი გმირები დიადნი არიან, რადგან ისინი ნამდვილნი არიან. ამით ბუალო ამტკიცებს როგორც რომაულ – ანტიკური, ისე ფრანგული კლასიციზმის ნხატვრული ნაწარმოების ბუნებასთან სიახლოვეს.
ბუალო არ არის რეალისტი, რადგან რეალიზმი არ ნიშნავს მარტოოდენ ბუნებისადმი მიბაძვას და განცდების დამაჯერებლად გადმოცემას. რეალიზმი ნიშნავს სინამდვილის ტიპიურ განზოგადებას. ბუალო ცდილობს მოგვცეს სინამდვილე თავისთავად აღებული, რომელიც უნდა გახდეს ჩვენთვის ნამდვილი.
ბუალო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია, როგორც ფრანგული კლასიციზმის კანონმდებელი და ანტიკური იდეალების აღორძინებისათვის მზრუნველი.
ბუალოს „პოეტურ ხელოვნებას“ საფუძვლად უდევს არისტოტელესა და ჰორაციუსის შეხედულებები პოეტური ხელოვნების შესახებ. თავის მხრივ, ჰორაციუსის „პოეტიკამაც“ განიცადა არისტოტელეს გავლენა, მაგრამ ეს გავლენა შეეხო მხოლოდ ხელოვნების ინტეგრაციას და არა ხელოვნების კლასიფიკაციას, ანუ იგი ხელოვნების დარგებს შორის მსგავსებას უფრო ეძებს, ვიდრე განსხვავებას.
არისტოტელეს „პოეტიკის“ შინაარსი მოკლედ ასე შეიძლება იქნეს წარმოგდენილი: ხელოვნება არ არის ფილოსოფიის ანტაგონისტი, პირიქით, თავისი ბუნებით ხელოვნება ენათესავება ფილოსოფიას, ვინაიდან იგი არც ცნებებს აბნელებს და არც ზნეობას რყვნის. ხელოვნების ამგვარ გაგებას ორი მყარი საყრდენი აქვს – „მიმეზისის“ („ბაძვის“) და „კათრზისის“ („განწმენდის“) ცნებები. ეს ორი ცნება შეადგენს პოეტიკის დედაბოძს. „ბაძვის“ ცნება გამოყენებული ჰქონდა უკვე პლატონს, როგორც ხელოვნების არსებითი ნიშანი. მაგრამ არისტოტელემ გადაამუშავა „ბაძვის“ თეორია და აღმოაჩინა, რომ „ბაძვა“, როგორც შემოქმედებითი პროცესი, არის „ტიპიზაცია“. რაც შეეხება „განწმენდის“ ცნებას, პლატონი ხმარობს ტერმინს „კათარზისი“, ეთიკური მნიშვნელობით.
არისტოტელემ ამ ცნებას ესთეტიკური მნიშვნელობა მისცა და დაუკავშირა „ბაძვის“ ცნებას, რათა ეჩვენებინა, რომ „კათარზისი“, რომელიც ხორციელდება ხელოვნებაში, ხელოვნების შინაგანი ბუნების შედეგია, რომელიც მჟღავნდება „ბაძვაში“ და როგორც „ბაძვა“, ისე „კათარზისი“ მოწმობს ხელოვნების ნათესაობას ფილოსოფიასთან.
არისტოტელეს მეტაფიზიკაზე შენდება მისი მოძღვრება ხელოვნებაზე, კერძოდ, ტრაგედიაზე. ბერძნული ტრაგედიის ანალიზით, არისტოტელე არკვევს, თუ რა არის ხელოვნება და როგორია საზოგადოდ მისი ბუნება.
ჰორაციუსის „პოეტური ხელოვნება“ თავისი ხასიათით არსებითად განსხვავდება არისტოტელეს „პოეტიკისგან“.
არისტოტელეს თხზულება ფილოსოფიურ – თეორიული გამოკვლევაა, ჰორაციუსის ნაწარმოები კი, ღრმა ფილოსოფიურ საფუძველს არ ეყრდნობა. მას უფრო მეტად პრაქტიკული დანიშნულება აქვს და ამიტომ იგი ნორმატიულ ტრაქტატს წარმოადგენს. ჰორაციუსი რომაული ანტიკურობის პოზიციიდან იძლევა პოეტურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ნორმატიული ხასიათის წესებს და ლიტერატურულ პროგრამას. ტრაქტატში თემატიკა შემდეგნაირადაა განლაგებული: პოეზია საერთოდ, პოეტური თხზულება, პოეტი – შემოქმედი. ძირითადი თეორიული საკითხები, რომელთაც ჰორაციუსი თავის ტრაქტატში აყენებს, შემდეგია: როგორი უნდა იყოს პოეტური თხზულება, რით უნდა იყოს აღჭურვილი პოეტი და რა მოეთხოვება მას, რა დოზით შეიძლება წინამორბედთა ნაღვაწის გამოყენება.
არისტოტელეს პოეტიკაში მოცემული აქვს პოეზიის სამ სახობად განაწილება: „შესაძლებელია ერთი და იგივე აისახოს ერთი და იმავე საშუალებით, მაგრამ სხვა ხერხით: ხან მოთხრობის ხერხით, როდესაც ან სხვის შესახებ გვიამბობენ, ან თავის შესახებ ლაპარაკობენ და არა სხვის შესახებ, ხან კი იმ ხერხით, როდესაც ყველა ასახული გმირი გამოდის მოქმედად და ენერგიის გამომამჟღავნებლად“ ( არისტოტელე, „პოეტიკა“, 1987 წ, გვ. 144-145 ). პოეზიის პირველი ნაწილია ის, სადაც ავტორი მოგვითხრობს მისგან ობიეტქურად მომხდარ შემთხვევაზე, მეორე ნაწილში ავტორი ლაპარაკობს თავისი თავის შესახებ, მესამე ნაწილში კი ავტორი მოგვითხრობს არა თვითონ, არამედ გმირს ამოქმედებს ჩვენს წინაშე. პოეზიის უკანასკნელი ნაწილი ემთხვევა იმას, რასაც დღეს დრამას ვუწოდებთ, ხოლო პირველი ორი ნაწილი – ეპოსსა და ლირიკას.
არისტოტელესთვის მეტრი სხვა არაფერია, თუ არა რიტმის განსაკუთრებული სახე. დროთა ვითარებაში იმპროვიზაციიდან წარმოიშვა ნამდვილი პოეზია. ასეთივე გზა განვლო ტრაგედიამ. ტრაგედიის საყოველთაოდ აღიარება აიძულებს ეპიკურ პოეზიას კვალდაკვალ მისდიოს მას, როგორც სერიოზულ მიბაძვას. ეპიკური პოეზია, ტრაგედიისგან განსხვავებით, არ არის განსაზღვრული. „ტრაგედია ცდილობს, რამდენადაც შეიძლება, მზის ერთი შემოტრიალების ფარგლებში ჩაეტიოს ან რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით გადააცილოს ამ ზღვარს, ეპოპეა კი განუსაზღვრელია დროის მხრივ“ ( არისტოტელე, „პოეტიკა“, 1987 წ, გვ. 152 ). აქ მოცემულია დროის ერთიანობის იმ პრინციპის ჩანასახი, რომელიც წამოაყენა ფრანგულმა კლასიციზმმა. მაგრამ ადგილის ერთიანობა, რომელიც XVII–XVIII საუკუნეების დრამის პრინციპად ითვლებოდა, არისტოტელეს სრულიად არა აქვს ნაგულისხმევი. კლასიცისტური დრამატურგიის სამი ერთიანობიდან – დროის, ადგილის და მოქმედების – არისტოტელეს გათვალისწინებული აქვს მხოლოდ მოქმედების ერთიანობა.
არისტოტელეს აზრით, ტრაგედია არის მნიშვნელოვანი და დასრულებული მოქმედების მიბაძვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული მოცულობა. მიბაძვა ხორციელდება მოქმედებაში, ამიტომ ტრაგედიის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს დეკორატიული მორთულობა (რომელიც ყველაზე ნაკლებ შეადგენს პოეზიის საგანს), მუსიკალური კომპოზიცია და სიტყვიერი გამოხატულება. მოქმედების მიბაძვას არისტოტელე ფაბულას უწოდებს, რომლის ქვეშ იგი გულისხმობს ფაქტების თავმოყრას ხასიათებით და აზრებით. ფაბულის გახსნა აუცილებლად ფაბულიდან უნდა გამომდინარეობდეს და „მანქანის საშუალებით არ უნდა ხდებოდეს“, ანუ არისტოტელე გამორიცხავს ფაბულის გახსნაში ღმერთის ჩარევას. არისტოტელესგან განსხვავებით, ჰორაციუსი მოითხოვდა, რომ ღმერთი არ ჩარეულიყო მოქმედებაში, მაგრამ კვანძის გახსნისას შეიძლებოდა მისი ღირსების მოშველიება.
ჰორაციუსი ვერ იძლევა ტრაგედიის ისეთ ანალიზს, როგორსაც არისტოტელე გვთავაზობს. იგი არც „კათარზისის“ საკითხს ეხება, მაგრამ აყალიბებს დრამის ნორმატიულ პოეტიკას. მისი აზრით, დრამატულ თხზულებაში მტკიცედ უნდა იყოს დაცული მოქმედებათა და მოქმედ პირთა რაოდენობა, ასევე უნდა განისაზღვროს გუნდის როლი – „თუ დრამატულ თხზულებას მიზნად დაუსახავს მაყურებელი ჰყავდეს, იგი ხუთ მოქმედებაზე არც მეტი და არც ნაკლები არ უნდა იყოს. მოსაუბრე პირი ოთხი არ უნდა იყოს. მეოთხე მოქმედ პირს გუნდი უნდა შეენაცვლოს და მისი წილი ადგილი მან დაიკავოს“ ( ჰორაციუსი, „პოეტური ხელოვნებისათვის“, 1981 წ, გვ. 21 ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტრაგედიის და კომედიის საშუალო ჟანრს – სატირულ დრამას. დრამის უმთავრეს საზომად ჰორაციუსი თვლის იამბურ ტრიმეტრიას, რომელსაც არისტოტელე კომედიის საზომად მიიჩნევდა.
არისტოტელეს და ჰორაციუსის „პოეტიკების“ დებულებების საფუძველზე ბუალო განიხილავს ეპიკურ პოეზიას და კომედიას, თავის „პოეტური ხელოვნების“ მესამე სიმღერაში, რომელშიც კლასიციზმის მთელი დოქტრინაა წარმოდგენილი.
ბუალოს ტრაგედიის ჩონჩხად სამი პრინციპის ერთიანობა მიაჩნია. დროისა და ადგილის ერთიანობა დამოკიდებულია მოქმედების ერთიანობაზე. ტრაგედია უნდა აღვიძებდეს მაყურებელში ტკბილ საშიშროებას და მშვენიერ შებრალებას. არისტოტელე ამბობს, რომ ტრაგედია შიშისა და თანაგრძნობის მეოხებით ასუფთავებს ამავე გვარის განცდებს. იმისთვის, რომ „ამაქვითინოთ, თვითონ უნდა სტიროდეთ“. ბუალო მოითხოვს პიესაში შინაარსობრივ წესრიგს – ე.ი. პიესის სიმეტრიულობას და ჰარმონიას, როდესაც ამბობს: „სცენა მოითხოვს გონივრულ სიზუსტეს. წესრიგი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული“. (ნიკოლა ბუალო, „პოეტური ხელოვნება“, 1998 წ, გვ. 63 ).
ბუალო სწორად განსაზღვრავს კლასიკურ დრამას. იგი სასტიკად აფრთხილებს ფრანგ ავტორებს, ანტიკური სიუჟეტების და გმირების დახატვისას არ მისცენ მათ ფრანგული სული და ფორმა. აქილევსს, აგამენონს და ენეის უნდა შერჩეთ ის სული და ხასიათი, როგორიც ანტიკურ სინამდვილეში ჰქონდათ. მაგრამ ეს პირობა არაა საკმარისი დრამატურგიისათვის, აქ საჭიროა განცდების ოსტატურად გადმოცემა. არაა საჭიროო ტკივილი გაზვიადებული სიტყვებით გადმოიცეს. სცენაზე არაა საკმარისი გონების ბატონობა, საჭიროა ფსიქიკური განცდების ზუსტად და დამაჯაერებლად გადმოცემა. აუცილებელია მუსიკა მოსდევდეს განცდებს და მოქმედების სვლას.
ეს დებულებები საფუძვლად დაედო არა მარტო XVII საუკუნის დრამას, არამედ იგი უფრო გვიან გამოიყენეს რომანტიკოსებმაც.
ეპიკური პოეზიის განხილვისას ბუალო იძლევა ანტიკური კლასიკოსების ქება-დიდებას. მას მითი ეპოპეის უდიდეს განძად მიაჩნია. აღიარებს რა ანტიკურ მითებს ნაწარმოების ღირსებად, ბუალო ასწავლის ეპიკოსებს, ამბის მოყოლაში იყვნენ სიტყვაძუნწნი, მაგრამ უხვნი და მდიდარნი – აღწერაში. მწერალი ჯერ ცოტას უნდა დაგვპირდეს, რომ ბევრი მოგვცესო. იგივეს ამბობს ჰორაციუსიც.
კომედიის წარმოშობა – განვითარების მოკლე განხილვის შემდეგ, ბუალო კვლავ მიმართავს პოეტებს რჩევით: კომედიის ტიპი უნდა იყოს განზოგადებული. მწერალმა ძუნწის ან პატიოსნის ტიპი რომ მოგვცეს, ამისთვის საჭიროა, ის ჩასწვდეს ადამიანის გულის საიდუმლოს. სწორედ ამიტომ წარმოადგენს მისთვის აუცილებელ საჭიროებას სასახლის და ქალაქის შესწავლა. კომედიის ფაბულა უნდა იყოს სახუმარო, მაგრამ ხუმრობა უნდა იყოს კეთილშობილი, „რათა მისი კვანძები იხსნებოდეს ადვილად“. ყოველი სიტყვა უნდა იყოს ენამახვილობით შემკობილი. კომედიაში არ შეიძლება ტრაგედიის ელემენტების შეტანა, „კომედია ვერ ითმენს ამოოხვრას და ცრემლებს“ (ნიკოლა ბუალო, „პოეტური ხელოვნება“, 1998 წ, გვ. 73 ).
ბუალო, მართალია, ავითარებს რაციონალიზმის იდეას, აღიარებს გონების კულტს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ბუნებრივ პოეტურ ნიჭს, ურომლისოდაც მას ჭეშმარიტი პოეზია ვერ წარმოუდგენია. ეს აზრი ჯერ კიდევ არისტოტელეს აქვს გამოთქმული თავის „პოეტიკაში“: „პოეტური შემოქმედება არის ან ბუნებისგან კარგად დაჯილდოებული კაცის საქმე, ან გადარეულის, ამათგან პირველთ აქვთ უნარი სხვადასხვა ფორმა მიიღონ, ხოლო მეორენი ექსტატიკოსები არიან“ ( არისტოტელე, „პოეტიკა“, 1987 წ, გვ. 180-181 ). შემდეგ კი, ჰორაციუსი ბუნებრივი ნიჭის, ინგენიუმის და ხელოვნების განხილვისას მიდის დასკვნამდე, რომ არც წვრთნა არ ეყოფა პოეტს, თუ არ უშველა ბუნებამ. ჰორაციუსის გავლენით, რომელიც პოეტისათვის აუცილებელ საჭიროებად თვლის ფილოსოფიის ცოდნას, ბუალო აყენებს მოთხოვნას, რომ პოეტმა წერის დაწყებამდე ისწავლოს აზროვნება.
ბუალო პეოზიაში არჩევს ნიჭიერების სამ ხარისხს. მისი აზრით, არსებობს სუსტი, საშუალო და კარგი პოეტი. თუ პოეტს ნიჭი ხელს არ უწყობს და კარგ ლექსებს ვერ წერს, უმჯობესია, თავი დაანებოს პოეტობას. ბუალოსთვის არ არსებობს საზღვარი სუსტ და საშუალო პოეტს შორის. საშუალო პოეტი მისთვის მიუღებელია. აქ ბუალო სრულიად იზიარებს ჰორაციუსის აზრს, როდესაც ამბობს: „პოეტებს საშუალო დონეზე ყოფნის უფლებას არც ღმერთები აძლევენ, არც ჩვეულებრივი ადამიანები და არც წიგნით მოვაჭრენი“
( ჰორაციუსი, „პოეტური ხელოვნებისათვის“, 1981 წ, გვ. 26-27).
ბუალოს „პოეტური ხელოვნების“ მეოთხე სიმღერა, რომელშიც განხილულია პოეტის ნიჭის რაობა და კლასიფიკაცია, განსაკუთრებით განიცდის ჰორაციუსის გავლენას. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბუალოს ეს ტრაქტატი მთლიანად ჰორაციუსის გავლენით არის დაწერილი, მაგრამ ნაწარმოების ამ ნაწილში, ბუალო თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ჰორაციუსის აზრს. ჰორაციუსის მსგავსად, ბუალოც მოითხოვს, რომ პოეტმა ნაწარმოები აუცილებლად წააკითხოს მცოდნე პირს და კრიტიკაც მიიღოს. ჭეშმარიტი პოეზიის ამოცანაა, ერთდროულად იყოს გასართობიც და სასარგებლოც. იგივეს ამბობს ჰორაციუსი: „საერთო მოწონება იმან დაიმსახურა, ვინც სასარგებლო საამოს შეურია“. სუსტი და საშუალო პოეტი, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პოეტი, რადგან მის შემოქმედებას აკლია ბუნებრიობა. პოეტმა ლექსის წერა არ უნდა გაიხადოს ცხოვრების წყაროდ.
ბუალოს „პოეტური ხელოვნება“ არაა მარტო კლასიცისტური პოეზიის თეორია. მასში მოცემულია ნორმატიული ესთეტიკის ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც საზოგადოდ პოეზიის სახელმძღვანელო დებულებას წარმოადგენენ, ასეთია: ლექსის სიფაქიზე, ფრაზის ჩამოქნილობა და სიზუსტე, რითმის ჰარმონიულობა, შინაარსისა და ფორმის შესაბამისობა, დრამაში ფაბულის წესიერი და ზომიერი განვითარება. ბუალოს ტრაქტატი არა მარტო პოეზიის თეორიაა, არამედ ის თავადაა პოეტური ნაწარმოები.
ამრიგად არისტოტელეს (IV ს. ძვ. წ.), ჰორაციუსის (I ს. ძვ. წ.) და ბუალოს (XVII ს.) ნაწარმოებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ თეორიულ ტრაქტატებს მხატვრულ – შემოქმედებითი პროცესის თავისებურებათა შესახებ, შემთხვევით არ ეწოდათ ერთი სახელი „პოეტიკა“. მათ შორის შეინიშნება ის სააზროვნო მემკვიდრეობითი ხაზი, რომელსაც საუკუნეების დაშორიშორება ვერ არღვევს. ხელოვნების, როგორც აზრისა და გრძნობების ერთიანობის შედეგის, მთელი არისტოტელესეული გააზრება მემკვიდრეობით გადადის ჰორაციუსის შეხედულებებში, იქედან კი, ბუალოს ნააზრევში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- არისტოტელე „პოეტიკა“, თბილისი, „უნივერსიტეტის გამოცემა“, 1987 წ.
- ჰორაციუსი „პოეტური ხელოვნებისათვის“, თბილისი, „უნივერსიტეტის გამოცემა“, 1981წ.
- ნიკოლა ბუალო „პოეტური ხელოვნება“, თბილისი, 1998წ.