Skip to main content

ნ. ბერდიაევი — “პიკასო”.

(თარგმნილია წიგნიდან, “ხელოვნების კრიზისი”, გამოცემა გ.ა. ლემანისა და ც.ი სახაროვისა. მოსკოვი 1918 წ.)

 

როცა შევდივართ ს.ი. შჩუკინის გალერეის პიკასოს ოთახში, გვიპყრობს ძრწოლის შემზარავი გრძნობა. ის, რასაც ამ დროს ვგრძნობთ, არაა დაკავშირებული მხოლოდ ფერწერასთან და ხელოვნების ბედთან, არამედ უკავშირდება მთელ კოსმიურ ყოფასა და მის ბედს. წინამორბედ ოთახში ვხვდებით მომხიბვლელ გოგენს. მისი ქმნილებების შემყურეს გვეჩვენება, რომ აქ განიცდება ბუნებრივი ყოფის უკანასკნელი სიხარული, ქმნილი სამყაროს სილამაზე, სილამაზე კრისტალური ქვეყნიერებისა, მშვენიერება მზის ნათელით გაჟღენთილი ყოფიერებისა. გოგენისთვის, ამ რაფინირებული და რღვევამორეული კულტურის შვილისათვის, საჭირო იყო გაქცევა კუნძულ ტაიტიზე, ეგზოტიკურ ბუნებასა და ხალხში, რათა მოეკრიბა თავის თავში ძალა ქმნილი, კრისტალური, მზის სხივებით გაჯერებული სამყაროული სილამაზის დახატვისთვის. ამ ოქროსფერი სიზმრის შემდეგ გვეღვიძება პიკასოს ოთახში. აქ ცივა, მოღრუბლულია და ჩვენ გვზარავს. (more…)

ლ. მაკეევა — „ ბ. რასსელის ლოგიკური ატომიზმი — ენა როგორც სამყაროს სტრუქტურების ამსახველი“.

 

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

 

1918 წელს ბერტრან რასსელმა (1872-1970) ლონდონში წაიკითხა ლექციათა ციკლი, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა ჟურნალ monist”-ში „ლოგიკური ატომიზმის ფილოსოფიის“ სახელწოდებით. ამ ლექციებში მან წარმოადგინა ყოვლისმომცველი ფილოსოფიური სისტემის მონახაზი, სადაც პოსტულირებული იქნა ენასა და სამყაროს შორის არსებული მკაცრი პარალელიზმის იდეა. ამ აღიარებული პარალელიზმის წყალობით მან შესაძლებლად მიიჩნია რეალობის სიღრმისეული სტრუქტურების შემეცნებისთვის ენის ლოგიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება. (more…)

9. “იზოლაციის პრინციპის დარღვევის საფრთხე ლოგიკაში; ანტინომია “ცრუ”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

ნებისმიერი სახის მეცნიერულ კვლევა-ძიებას წაეყენება მეთოდოლოგიური მოთხოვნა, რომ შესამეცნებელი საგანი, კვლევის პროცესში, მოცემული იყოს შემმეცნებლისთვის რაც შეიძლება წმინდად, შემმეცნებლისგან და შემეცნების საშუალებებისგან იზოლირებულად. ამ მოთხოვნის არსი არის ის, რომ კვლევის პროცესში ერთმანეთში არ ავურიოთ გამოსაკვლევი სგნისა და თვითონ შემმეცნებლის მიერ გამოყენებული საშუალებების დახმარებით მიღებული მონაცემები, რათა არ დამხინჯდეს შესამეცნებელი საგნის ობიექტური სურათი. ვუწოდოთ ამას „იზოლაციის პრინციპი“. მაგ., ქიმიური პროცესების კვლევისას უნდა გამოვიყენოთ ისეთი ჭურჭელი, რომელიც რეაქციაში არ შევა გამოსაკვლევ ნივთიერებებთან. მიკროსკოპით დაკვირვებისას უნდა ავიღოთ დაულაქავებელი მინები, რათა არ დამახინჯდეს დასაკვირვებელი ობიექტის სურათი და ჭეშმარიტი მონაცემები არ აგვერიოს ყალბში… (more…)

მ.კ.მამარდაშვილის დაბადების დღის მოსაგონებლად

მ.კ.მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსია. სამწუხაროდ თავის სამშობლოში ამ მოაზროვნის ღვაწლი ნაკლებადაა დაფასებული.

15-სექტემბერი მისი დაბადების დღეა, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის ღირსშესანიშნავი მოსაგონარი უნდა იყოს.

ფილოსოფიის ყველა ტრფიალს ვულოცავ ამ თარიღს.

   დაე, ეს დღე იყოს საქრთველოში ფილოსოფიური აზროვნების აღმავლობის საწყისი.

„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

 

 

2011 წელს ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს, ლოგიკოს ლერი მჭედლიშვილს, 75 წელი შეუსრულდა. ის შესანაიშნავად გამოიყურებოდა და არანაირ ეჭვს არ ბადებდა, რომ კიდევ დიდხანს შეძლებდა თავისი ცოდნის ახალ-ახალი თაობებისთვის გადაცემას.

დიდად სამწუხაროა, რომ 2013-მა წელმა ჩვენი იმედი გააქარწყლა და ეს შესანიშნავი პედაგოგი და მეცნიერი ჩამოგვაშორა. მთელი ქვეყანა უნდა დარდობდეს მისნაირი თანამოქალაქის მოსაკლისებას. საუბედუროდ, ასეთ, მართლაც შესანიშნავ ადამიანებს, ყველაზე სალახანა პოლიტიკოსსა თუ შოუ-ბიზნესის ნებისმიერ წარმომადგენელზე ცუდად იცნობს ხალხი.

ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მისი გარდაცვალებით საქრთველოში ლოგიკაც (როგორც მეცნიერული დისციპლინა) მოკვდა.

სანამ ცოცხლები ვიქნებით ყოველთვის გვემახსოვრება ბატონი ლერის არაჩვეულებრივი ლექციები და მასთან ურთიერთობის მარვალი სასიამოვნო მომენტი.

„მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება“ — ნ.ა. ბერდიაევი

„Вестник русского западно-европейского патриаршего екзархата„ / Париж; N- 11. 1952 г. Стр. 4-11

ქრისტიანული სამყარო ცუდად იცნობს მართლმადიდებლობას. იცის მისი მხოლოდ გარეგნული და უპირატესად უარყოფითი მხარეები, მაგრამ არა შინაგანი, სულიერი სიმდიდრე მართლმადიდებლური ეკლესიისა. მართლმადიდებლობა იყო ჩაკეტილი, პროზელიტისტურ სულისკვეთებას მოკლებული და არ უხსნიდა თავს გარესამყაროს. ძალზე დიდხანს მართლმადიდებლობას არ გააჩნდა ისეთი მსოფლიო მნიშვნელობა, ისეთი აქტუალური როლი ისტორიაში, როგორიც კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს. იგი განზე იდგა ჟინმორეული რელიგიური ბრძოლებისგან საუკუნეების განმავლობაში, ასწლეულობით იმყოფებოდა დიდი იმპერიების მფარველობაში (ბიზანტია და რუსეთი) და იუნჯებდა მარადიულ ჭეშმარიტებას მსოფლიო მოვლენათა დამანგრეველი პროცესების თაობაზე. მართლმადიდებლური რლიგიური ტიპისთვის დამახასიათებელია ის, რომ იგი არ ყოფილა სათანადოდ აქტუალიზირებული და გამომჟღავნებული გარემოცვისთვის, არასოდეს ყოფილა მებრძოლი, მაგრამ სწორედ ამიტომ ქრისტიანული გამოცხადების ზეციური ჭეშმარიტება მასში ყველაზე ნაკლებ დამახინჯდა. მართლმადიდებლობაა ქრისტიანობის ის ფორმა, რომელიც ადამიანური ისტორიის მსვლელობაში, თავისი არსებით, ყველაზე შეურყვნელად შემოინახა. მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა ისტორიული ცოდვითდაცემის მომენტები, ძირითადად სახელმწიფო-საერო ყოფისაგან გარეგნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების გამო, მაგრამ თავად საეკლესიო მოძღვრება, თავად შინაგანი სულიერი გზა არ დაქვემდებარებია გადაგვარებას. (more…)

“მესამე” მდგომარეობა — მ.კ. მამარდაშვილი

                                                                             (თარგმნილია http:// Phylosophy. Ru — დან)

მე მსურს დავიწყო ჩვენი სოციალური აზროვნების განსაზღვრებით, რაშიც ვგულისხმობ არა სოციალურ მეცნიერებათა დეპერტამენტებში მოღვაწეობას, არამედ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ზოგადსამოქალაქო განათლებულობის მდგომარეობას. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა დღესდღეისობით უბრალოდ საშინელია. მაგრამ, იგი, როგორც ჩანს, სხვაგვარი ვრც იქნებოდა. ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ყოფა-ცხოვრებიდან (მე მხედველობაში მყავს რუსულ სივრცეში მოსახლე ხალხები), შეუძლებელია, ჯანმრთელი დარჩენილიყო. თვით ხალხია დაავადებული. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ თავზე, ხელისუფლებაზე, გარემომცველ მსოფლიოზე. აშკარაა, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს დეზორგანიზებულ, გზააბნეულ, გაველურებულ ცნობიერებასთან, რომელიც წარმოდგენადია მხოლოდ ფანტასმაგორიულ სახეებში, (more…)

“ფილოსოფიის შესახებ” მ.კ.მამარდაშვილი


                                                            ( вопросы философии.1991.N#5. С. 3-25)
                                                          
    ფილოსოფიის საწყისი —  პრინციპული ვერგაგებაა (გაუგებრობაა), გამბედაობაა, თვით საყოველთაო, ცხადი ჭეშმარიტების წინაშეც კი, იმის თქმისა, რომ: „მე არ მესმის!“
     ამ გამბედაობას ფლობს ძალიან ცოტა ადამიანი და ისიც მხოლოდ მცირე, პრივილეგირებულ მომენტებში ცნობიერების გამძაფრებული განცდა გულისხმობს გარემოსა და საკუთარი თავისგან განდგომას, ჰაერში გამოკიდებულობას (подвешенност), იმ სიცხადის წინაშე პირისპირ დგომას, რაც ამავდროულად შეუძლებელია. თუმცა, შენ ამას ცხადად აღიქვავ. ამგვარ სიცხადეს აქვს ადგილი, მაგ., სამიჯნურო ტანჯვისას, როცა ჩვენ მოულოდნელად ვგებულობთ მიჯნურობის ნამდვილ ბუნებას. ისე ჩანდა, თითქოს ასეთი რამ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეა. და სწორედ ამაში იგრძნობა გულს მოწოლილი, მჟღერი სიხარული. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია იმასთან, რომ მსგავს მდგომარეობებში ჩვენ განვიცდით ისეთ რამეს, რაც პრინციპულად შეუძლებელია, ადამიანისეული იყოს, ანუ იყოს რეალური ფსიქოლოგოური განცდა. აი, მაგალითად: უანგარო სიყვარული, წმინდა რწმენა და ცნობიერება, ყოველივე ეს — არაგამოცდილებისეულია. ადამიანს არ ძალუძს განიცადოს ის, რაც ანგარიშში არ მიიღება, და მისთვის ზომა-წონა არ გააჩნია. ეს იგივეა, რაც მამის მხრიდან შვილზე მახვილის აღმართისას შეიძლება მოხდეს; მას ხომ არ ძალუძს, რომ არ შეყოყმანდეს და არ გაიფიქროს: „ეს არ მოხდება. ღმერთი არ დაუშვებს ამას!“. და თუ არ ძალუძს, რომ ასე არ მოიქცეს, მაშინ აქ არც გვაქვს საქმე წმინდა რწმენასთან. რისი თქმა მინდა ამით?
      ბიბლიაში ეს ამბავი აღწერილია როგორც წმინდა რწმენითი აქტი, მაგრამ ამავდროულად, როგორც რეალური მოვლენა ადამიანისეული მდგომარეობისა. ეს მდგომარეობანი არის სიმბოლური. სწორედ სიმბოლოები და მათი გამოისობით ქმნილი დროულ-სივრცული დაძაბულობა განსაზღვრავს ადამიანის მიერ განცდად ისეთ მდგომარეობებს, რომელიც შეუძლებელია, მომხდარიყო ბუნებრივად. ასეთი მდგომარეობები არსებითად წარმოადგენს შესაძლებელ შეუძლებლობას, ან შეუძლებელ შესაძლებლობას.