(ნ. ლოსკის წიგნიდან „რუსული ფილოსოფიის ისტორია“, მოსკოვი. 1991)
ფილოსოფია – ესაა მეცნიერება. როგორც ყველა სხვა მეცნიერება, ფილოსოფიაც მიელტვის მკაცრად დასაბუთებადი ჭეშმარიტებების დადგენას არა რომელიმე რჩეული ერებისა და ხალხებისთვის, არამედ ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის. ოღონდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ფილოსოფია არის მეცნიერება ერთადერთი და განუმეორებელი თავის თავად, და გამოირჩევა სხვა მეცნიერებებისგან ორი დამახასიათებელი თავისებურებით. აანალიზებს რა სამყაროს ყოფიერების ბუნებას, ფილოსოფიას ეს ანალიზი მიჰყავს უკიდურეს მიჯნამდე, ანუ იმეცნებს არა მხოლოდ ასპექტებს, რომელნიც უკვე აღარ ექვემდებარებიან არავითარ ანალიზს და შეადგენენ უფრო განზოგადებული იდეებისა და დებულებების შინაარსს. ამ ამოცანას რომ წარმატებულად გაართვას თავი, ფილოსოფოსს უნდა გააჩნდეს სპეკულაციის, ანუ ინტელექტუალური ინტუიციის უნარი, რომელიც მასში მათემატიკოსზე უკეთესადაც კი უნდა იყოს განვითარებული. მეორეს მხრივ, სამყაროს ძირითადი ელემენტებისა და ასაპექტების შემეცნების პროცესში ფილოსოფიამ უნდა გამოააშკარაოს მათ შორის არსებული შინაგანი კავშირი, ის კავშირი, რომელიც ქმნის სამყაროს როგორც მთელს. სამყაროს შემეცნება მის მთლიანობაში არის კოსმოლოგიის, მეტაფიზიკის შემადგენელი ნაწილის, საქმე. კოსმოლოგია მიემართება ისეთ მნიშვნელოვან კონკრეტულ და კერძო ელემენტებს, როგორიცაა ბიოლოგოური ევოლუცია და კაცობრიობის ისტორია. აქაედან ამოსვლით ფილოსოფიამ უნდა უპასუხოს კითხვას იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს მათი საზრისი, რა ადგილი განეკუთვნებათ მათ სამყაროს მთლიან სურათში. არკვევს რა ამგვარ საკითხებს, ფილოსოფოსი რწმუნდება იმაში, რომ მათი შემეცნებისთვის სასარგებლოა ესთეტიკური ჭვრეტის მოშველიება.
ამგვარად, ფილოსოფიის უდიდესი მიღწევები მოითხოვს ორი საპირისპირო და ძნელად შესათაავსებელი უნარის შეთანხმებას: უნარი აბსტრაქტული აზროვნებისა მის უმაღლეს გამოვლინებაში და უნარი რეალობის კონკრეტული ჭვრეტისა მის უმაღლეს საფეხურზე.
ფილოსოფიის ეს ამოცანები იმდენად გრანდიოზულია, ხოლო მათი გადაწყვეტისთვის საჭირო უნარები იმდენად მცირედაა განვითარებული ადამიანში, რომ ფილოსოფია ჩვენს დროშიც კი იმყოფება განვითარების უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე მათემატიკა ან ფიზიკა. ამაზე ნათლად მეტყველებს ფაქტი მრავალრიცხოვანი ფილოსოფიური სკოლების არსებობისა, რომლებიც ზოგჯერ სრულიად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მტრულადაც კი არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ და თითქმის არ შესწევთ ურთიერთგაგების უნარი. მაგრამ უფრო ცუდი ისაა, რომ ყველაზე „განვითარებული“ ფილოსოფიური სისტემები უმაღლეს მიღწევებთან ერთად შეიცავენ უეჭველ შეცდომებსაც. ხშირად წარმოიქმნება ცალმხრივად ორიენტირებული ფილოსოფიური სკოლები. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საპირისპიროდ სპეციალური, ე.ი. სამყაროს კერძო სფეროებისა და ასპექტების შემსწავლელი მეცნიერებებისა, ფილოსოფია ატარებს იმ ერების ინტერესებისა და ხასიათის კვალს, რომელნიც ფილოსოფოსობდნენ. ამიტომაც შეიძლება ვილაპარაკოთ გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ამერიკული და რუსული ფილოსოფიის ნაციონალურ თავისებურებებზე. სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ფილოსოფიურ სკოლებს შორის განსხვაება დამოკიდებულია კვლევის საგნის არჩევანის სპეციფიურობაზე, ფილოსოფიური განაზრებებისადმი უნარიანობის სიდიდესა თუ სიმცირეზე, გამოცდილების განსხვავებული ტიპებისადმი ნდობისა და რწმენის ხარისხზე, როგორიცაა, მაგ., გრძნობადი ან რელიგიური და ა.შ. გამოცდილება.
საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, რუსული ფილოსოფია ძირითადად ეთიკის საკითხებზეა ორიენტირებული.
ეს შეხედულება არასწორია.
ფილოსოფიის ყველა სფეროში — გნოსეოლოგია, ლოგიკა, ეთიკა ესთეტიკა და ისტორიის ფილოსოფია — რუსეთში წარმოებდა კვლევები ბოლშევიკურ რევოლუციამდე. რაც შეეხება შედარებით მოგვიანო პერიოდს, რუსი ფილოსოფოსები, მართლაც, განსაკუთრბით ინტერესდებოდნენ ეთიკის საკითხებით. დავიწყოთ გნოსეოლოგიით — მეცნიერებით, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყველა სხვა ფილოსოფიური საკითხის გადაწყვეტისთვის, ვინაიდან იგი განსაზღვრავს მათ ხასიათსა და კვლევის მიმართულებას.
რუსულ ფილოსოფიში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება გარე სამყაროს შემეცნებადობის თაობაზე. ეს შეხედულება ხშირად გამოხატულებას პოულობდა თავის უკიდურეს ფორმაში, კერძოდ ობიექტების თავისთავადობის უშუალო ინტუიტური ჭვრტის შესაძლებლობის შესახებ მოძღვრებაში. როგორც ჩანს, რუსული ფილოსოფიისთვის ნიშნეულია რეალობის მძფრი განცდა და ოცხოა გარეგანი პერცეპციების ფსიქიკურად თუ სუბიექტურად განხილვის ტენდენცია.
ჯერ კიდევ სლავოფილები ამტკიცებდნენ, რომ რეალობის შემეცნება არის უშუალო (როგორც მიუთითებს რადლოვი თავის სტატიაში „სლავოფილების შემეცნების თეორია“, („სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალი“, თებერვალი, 1916)). სამწუხაროა რომ, ამგვარი შემეცნების აღწერისას მათ გამოიყენეს ისეთი შეცდომაში შემყვანი ტრმინი, როგორიცაა „რწმენა“. გნოსეოლოგიაში ინტუიტივზმის განსხვავებული ფორმები შეიმუშავეს — ვ. სოლოვიოვმა, ს. ტრუბეცკოიმ, ე. ტრუბეცკოიმ, ნ. ლოსკიმ, პ. ფლორენსკიმ, ს.ფრანკმა, ბ. ბაბუნინმა, ფ. ბერეჟკოვმა, ა. ოგნევმა, ა. კოზლოვმა (ღვთაების გაგების შესახებ მოძღვრებაში), ვ. ერნმა, ა. ლოსევმა, დ. ბოლდირევმა, ს. ლევიცკიმ, ი. ილინმა და ნაწილობრივ ლ. კარსავინმა. მათ შორის შეიძლებოდა მოგვეხსენიებინა ტრანსცენდენტალურ-ლოგიკური იდეალიზმის წარმომადგენლებიც კი — ც. გესსენი და გ. გურევიჩი, რამდენადაც ისინი აღიარებდნენ „ნებამჭვრეტელობის“ (ვოლეზრენიე) ფენომენს, ასევე ის მოაზროვნეებიც, რომელნიც, მსგავსად ვ. კუდრიავცევისა და ნესმელოვისა, ამტკიცებდნენ, რომ რელიგიური რწმენა არის შემეცნების ყველაზე სრულყოფილი ფორმა.
კანტის გნოსეოლოგიური იდეალიზმისგან განსხვავებით, რუსული ინტუიტივიზმი წარმოგვიდგება გნოსეოლოგიურ რეალიზმად. ამან თავისი გამოხატულება ჰპოვა, სხვათა შორის, იმ ფაქტში, რომ ძმები ტრუბეცკოების სახით, რუსულმა ფილოსოფიამ დაასწრო დასავლურ ფილოსოფიას, უარი თქვა რა მოძღვრებაზე, რომლის თანახმადაც, გრძნობადი მონაცემები — ესაა დამკვირვებლის სუბიექტური ფსიქიკური მდგომარეობები, და აღიარა მათი ტრანსსუბიექტური ხასიათი. ამ რეალიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა რუსი ფილოსოფოსების ნდობა მისტიკური ინტუიციისადმი, რაც იძლევა მეტალოგიკური პრინციპების წვდომის შესაძლებლობას.
კირეევსკისა და ხომიაკოვის მიერ წამოყენებულმა მთლიანობითი შემეცნების იდეალმა, ე.ი. როგორც ყოვლისმომცველი ორგანული ერთიანობის შემეცნებამ, მიიზიდა მრავალი რუსი მოაზროვნე. თუმცა ეს იდეალი მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამყაროს ქვერაციონალური (გრძნობადი თვისებები) და რაციონალური (ანუ იდეალური) ასპექტები და ასევე ზერაციონალური პრინციპები მოიცემა ისეთ გამოცდილებაში, რომელიშიც შეთავსებულია გრძნობადი, ინტელექტუალური და მისტიკური ინტუიციის ფორმები.
კირეევსკი და ხამიაკოვი ამბობდნენ, რომ მთლიანი ჭეშმარიტება შეიძლება წვდომილ იქნეს მხოლოდ მთლიანი ადამიანის მიერ. სულიერი ძალების — გრძნობადი გამოცდილება, რაციონალური აზროვნება, ესთეტიკური პერცეპცია, ზნეობრივი გამოცდილება და რელიგიური ჭვრეტა — მხოლოდ ერთ მუშტად შეკვრით იგებს ადამიანი სამყაროს ჭეშმარიტ ყოფიერებას და წვდება ზერაციონალურ ჭეშმარიტებას ღვთაების შესახებ. სწორედ ეს მთლიანობითი გამოცდილება უძევს საფუძვლად მრავალი ისეთი რუსი მოაზროვნის შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორიცაა — ვ. სოლოვიოვი, ს. ტრუბეცკოი, ე. ტრუბეცკოი, პ. ფლორენსკი, ს. ბულგაკოვი, ნ. ბერდიაევი, ნ. ლოსკი, ს. ფრანკი, ლ. კარსავინი, ა. ლოსევი, ი. ილინი და სხვები.
მთლიანობით გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისინი ცდილობდნენ ისეთი ფილოსოფიის აგებას, რომელიც წარმოგვიდგებოდა ყოვლისმომცველ სინთეზად. იმ სულიერ-გონითი გზის გნსაცვიფრებელ მაგალითს, რომელსაც მივყავართ მთლიანობით გამომოცდილებამდე, ჩვენ ვხვდებით ძმები ტრუბეცკოების ბიოგრაფიაში. ისინი იტანჯებოდნენ გონითი სიცარიელისაგან იმიტომ, რომ სულდგმულობდნენ მხოლოდ გრძნობად გამოცდილებაზე დამყარებული თეორიული აზროვნებით. თუმცა, განივითარეს რა თავისი მსოფლხედვა და გამოიყენეს რა გამოცდილებათა მთელი მრავალსახეობა, მათ შორის მისი ისეთი მოუხელთებელი ფორმებიც, როგორიცაა ესთეტიკური აღქმა, ზნეობრივი ცნობიერება და რელიგიური ჭვრეტა, მათ მოიპოვეს ცხოვრების სრული სავსეობა და აზრობრივი სიმდიდრე.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე უფრო სახელოვანი რუსი პოზიტივისტებიც კი — ლავროვი და მიხაილოვსკი — იცავდნენ (განსაკუთრებით მიხაილოვსკი) შემოქმედებითი ჭეშმარიტების ერთიანობას ისეთ ჭეშმარიტებასთან, როგორიცა „გზა ჭეშმარიტი“ (პრავედნოსტ). ამგვარად, მათ სრულად აღიარეს ზნეობრივი გამოცდილების მნიშვნელობა. აი რატომ მოხდა, რომ რუსი ფილოსოფოსები მახვილით ხელში შეხვდნენ იმ მოძღვრებას, რომელიც არსებობისთვის ბრძოლას ევოლუციის განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევდა. ევოლუციის ასეთი კონცეფცია აშკარად უკუიგდებოდა არა მხოლოდ მიხაილოვსკის, კროპოტკინის, დანილევსკისა და ჩიჩერინის, არამედ მატერიალისტი ჩერნიშევსკის მიერაც. დებულება იმის თაობაზე, რომ რუსი მოაზროვნეები უპირატესად ეთიკით ინტერესდებიან, ჭეშმარიტების მხოლოდ მცირე წილს შეიცავს, რამეთუ, ეთიკისგან დაშორებულ ფილოსოფიურ სფეროთა კვლევის დროსაც კი, ისინი, როგორც წესი, მხედველობიდან არ უშვებენ უშუალო კვლევის სგანსა და ეთიკურ პრობლემებს შორის არსებულ კავშირს. ავტორი წიგნისა — „რუსული ფილოსოფიის ისტორია“ – (რომლის პირველი ტომი წარდგენილია ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზის სასულიერო აკადემიაში) მამა ვასილ ზენკოვსკი ამბობს, რომ რუსული ფილოსოფიური აზრის განვითარებაში ეთიკა თამაშობს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. მისი თქმით, მებრძოლი ნატურალისტები და პოზიტივისტებიც კი თვლიდნენ, რომ ეთიკას ფილოსოფიაში უჭირავს დამოუკიდებელი და გაბატონებული ადგილი. ამის სრულ მტკიცებულებას წარმოადგენს გერცენის და, კიდევ უფრო მეტად, ლავროვის, მიხაილოვსკის, ტოლსტოის და სხვათა შრომები. მამა ზენკოვსკი აღნიშნავს, რომ ჩვენს დროშიც კი ეთიკური პერსონალიზმი, როგორც ჩანს, წარმოადგენს რუსული ფილოსოფიის ყველაზე უფრო დამახასიათებელ ნიშანს.
ქვეცნობიერ გრძნობად მონაცემებსა და ზერაციონალურ პრინციპებს შორის შემაკავშირებელი რგოლია აბსტრაქტული იდეალური ყოფიერება, რომელიც შეიმეცნება მხოლოდ სპეკულაციის, ანუ ინტელექტუალური ინტუიციის მეშვეობით. რუსი ფილოსოფოსები, მსგავსად გერმანელი ფილოსოფოსებისა, გამოირჩევიან სპეკულატური აზროვნების აღმატებული უნარით. როგორც პოზიტივიზმმა, ისე მექანიკურმა მატერიალიზმმა რუსეთში ჰპოვა ფართო გავრცელება. რუსეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, უეჭველად, ჯერ კიდევ არსებობს ტენდენცია ამგვარი შეხედულებების გაზიარბისადმი — ინჟინრებს, ექიმებს, ადვოკატებსა და იმ განათლებულ ადამიანთა შორის, რომელთაც ფილოსოფია არ გაუხდიათ პროფესიად. ასეთი ადამიანები მართალია უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ ნამდვილ პროფესიონალ რუს ფილოსოფოსთაგან მხოლოდ უმცირესი ნაწილი იყო პოზიტივისტი და მატერიალისტი.
რუსულ ფილოსოფიაში მისწრაფება მთლიანობითი შემეცნებისაკენ და რეალობის მძაფრი განცდა მჭიდროდაა შეთავსებული გამოცდილების მთელ მრავალფეროვნებასთან, როგორც გრძნობად, ისე უფრო ფაქიზი გამოცდილების ტიპებთან, რომელნიც გვაძლევენ ყოფიერების სიღრმეში ჩახედვის საშუალებას. რუსი ფილოსოფოსები ნდობას უცხადებენ ინტელექტუალურ ინტუიციას, ზნეობრივ და ესთეტიკურ გამოცდილებას, რომელნიც გვაზიარებენ უმაღლეს ღირებულებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ისინი ენდობიან მისტიკურ რელიგიურ გამოცდილებას, რომელშიც დგინდება ადამიანის კავშირი ღმერთთან და ცათა სასუფეველთან.
ფილოსოფიის უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შემუშავებულ იქნეს თეორია სამყაროზე, როგორც ერთიან მთელზე, რომელიც დაფუძნებული იქნება გამოცდილების სრულ მრავალფეროვნებაზე. რელიგიური გამოცდილება გვაწვდის ჩვენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მონაცემებს ამ ამოცანის გადასაწყვეტად. მხოლოდ მისი მეოხებით ძალგვიძს ჩვენს მსოფლმხედველობას მივანიჭოთ დასრულებული სახე და ვწვდეთ სამყაროს ყოფიერების ფარულ საზრისს. ფილოსოფია, რომელიც მხედველობაში იღებს ამგვარ გამოცდილებას, უსათუოდ ხდება რელიგიური. მხოლოდ ქრისტიანობა გამოირჩევა რელიგიური გამოცდილების უმაღლესი სისრულის მქონე მიიღწევებით. ყველაფერი ეს იძლევა საფუძველს იმის შეგნებისთვის, რომ ნებისმიერი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ყოფიერების იდუმალი არსების შეცნობის დიადი ამოცანის ახსნას, უნდა ხელმძღვანელობდეს ქრისტიანობის პრინციპებით. არაერთმა რუსმა ფილოსოფოსმა შეალია თავისი ცხოვრება ყოვლისმომცველი ქრისტიანული მსოფლმხედველობის შემუშავებას. სწორედ ამაში მდგომარეობს რუსული ფილოსოფიის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი. მოაზროვნეთა ერთი ნაწილი, სოლოვიოვი, ფლორენსკი, ბულგაკოვი, გამოირჩევიან ფართო ერუდიციით, სხვები კი — ძლიერი ლიტერატურული ტალანტით. რუს ფილოსოფოსთა მთელი რიგი ერთმანეთისგან განსხვავებული ნაშრომებისა ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ის, რომ მთელი რუსული ფილოსოფიის განვითარება მიმართულია ქრისტიანული სულისკვეთებისამებრ სამყაროს ინტერპრეტირებაზე, არის მრავლისმთქმელი: რუსული ფილოსოფია, უეჭველად, მოახდენს დიდ ზეგავლენას მთელი ცივილიზაციის ბედზე.
მე გადმოვეცი (ავტორს მხედველობაში აქვს თავისი წიგნი „რუსული ფილოსოფიის ისტორია“–მთარგ. შენიშვნა) მხოლოდ იმ ფილოსოფოსთა რელიგიური შეხედულებები, რომლებმაც, მსგავსად სოლოვიოვისა, ამოდიოდნენ რა ევროპული ფილოსოფიის ზოგადი ტრადიციებიდან, შეიმუშავეს ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რომელიც, თავის მხრივ, განსხვავდება იმ მსოფლმხედველობისგან, ჩვეულებრივ, სასულიერო პირების მიერ რომ ისწავლება საღვთისმეტყველო აკადემიებში. გარდა ამის, აღნიშვნის ღირსია რიგი ნაშრომებისა, რომელნიც ახლოს დგანან რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სტილთან, მაგალითად ეპისკოპოს თეოფანე ვიშნევსკის, მიტროპოლიტ ანტონ ხრაპოვიცკისა და სხვათა შრომები. ამ ნაშრომთა დიდი ნაწილი განხილულია მამა გიორგი ფლოროვსკის მეტად საყურადღებო წიგნში „რუსული ღვთისმეტყველების გზები“, რომლის გაცნობის რეკომენდაციასაც მე ვაძლევ ყველა ჩემს მკითხველს.
რუსული ქრისტიანული ფილოსოფიის თავისებური ბუნების შესახებ გაკეთებული ეს ზოგადი შენიშვნები უნდა შეივსოს სხვა დამახასიათებელ ნიშნებზე მითითებებით. ჩვენს მიერ განხილულ მოაზროვნეთა ქრისტიანული სისტემები უეჭველად არისრეალისტური .რუსი ქრისტიანული ფილოსოფიის წარმომადგენლები თავიანთი მოძღვრებებით იდუმალის, ღვთის წყალობის, განწმენდის, გაღვთაებრივებისა და ეკლესიის შესახებ მტრული განწყობით გამოდიოდნენ ცალმხრივი მორალიზმისა და სუბიექტივიზმის წინააღმდეგ. ისინი ყველაზე თვალსაჩინო ადგილს მიუჩენდნენონტოლოგიურ თავსებადობასა და ცვალებადობას პიროვნულ და სამყაროსეულ ყოფიერებაში, რაც განაპირობებს ცვლილებებს ზნეობასა და ფსიქიკაში. ისინი ასაბუთებდნენ, რომ კონკრეტული ყოფიერება შეადგენს სინამდვილის საფუძველს, რომ სამყარო წარმოადგენს ორგანულ მთელს.
თავიანთ მოძღვრებაში ღვთაებრივისა და მისი სამყაროსთან კავშირის შესახებ, რუსი ფილოსოფოსები ეყრდნობოდნენ არა იმდენად დასკვნებს (ლოგიკურ გამომდინარეობას — მთარ. შენიშვნა), რამდენადაც „ღმერთთან პირადი ურთიერთობის“ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მისტიკური გამოცდილების საოცრად ნათელი აღწერა შეიძლება ვპოვოთ სოლოვიოვთან, ე. ტრუბეცკოისთან, მამა პავლე ფლორენსკისთან და მამა სერგეი ბულგაკოვთან.
მრავალი რელიგიური ფილოსოფოსი ძირითადად დაინტერესებულია კოსმოლოგოური საკითხებით და მათი ქრისტიანობაც, როგორც მთელი, იძენს კოსმოლოგოურ ხასიათს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სოფიოლოგიის მაგალითზე — მოძღვრებისა, რომელიც ძლიერ დამახასიათებელია რუსული რელიგიური ფილოსოფიისთვის. სოფიოლოგიისადმი ინტერესი ერწყმოდა ინტერესს ზეადამიანური სულიერ-გონითი არსების მიმართ. სოფიოლოგიის პირველი წარმომადგენელი იყო ვლადიმერ სოლოვიოვი. თავისი შემდგომი განვითარება სოფიოლოგიამ ჰპოვა მამა პავლე ფლორენსკის, მამა სერგეი ბულგაკოვისა და მამა ვასილ ზენკოვსკის შრომებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სოფიოლოგია შეხვდა მედგარ წინააღმდეგობას მოსკოვის სინოდის, მამა გიორგი ფლოროვსკის, ვ. ლოსკისა და ასხვათა მხრიდან. მიუხედავად ამისა, სახეცვლილი ფორმით, რომელიც არ მოვა წინააღმდეგობაში მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატებთან, იგი, უეჭველად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რელიგიური ფილოსოფიის სამომავლო განვითარებაში.
კონსუბსტანციალობის ცნებას, რომელიც პავლე ფლორენსკის მიერ ტრინიტარული თეოლოგიიდან მეტაფიზიკაში იქნა გადმოტანილი, აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა სამყაროს სრუქტურის შესახებ მოძღვრებისთვის. ეს ცნება არსებობდა ქრისტიანობის წარმოშობამდე და არსებობს მასთან ერთად. ასე, მაგალითად, პლატონი, არისტოტელე და პლოტინი აღიარებდნენ ფარული კავშირების არსებობას სამყაროს ყველა არსებას შორის — კავშირს, რომელის წინაშეც დროსა და სივრცეში არსებული ყველა ბარიერი უძლურია. ეს თვალსაზრისი გვხვდება ყველა ქრისტიან მოაზროვნესთან, ეკლესიის მამებთან და დიდ სქოლასტიკოსებთან, აგრეთვე ფიხტესთან, შელინგთან, ჰეგელთან და ყველა რუს რელიგიურ ფილოსოფოსთან.
მაგრამ ფლორენსკის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რომ მან კონსუბსტანციალობის პრინციპი შეგნებულად შეიტანა მეტაფიზიკაში. თავად ფლორენსკიმ ეს პრინციპი დაუდო სფუძვლად თავის მოძღვრებას ქრისტიანულ კაცთმოყვარეობაზე, როგორც კავშირზე ყველა ადამიანს შორის, რომელნიც მიისწრაფვიან ჭეშმარიტი „ფერისცვალებისკენ“. სხვა რუსმა ფილოსოფოსებმა ეს პრინციპი გამოიყენეს ინტუიციისა და ღირებულების თეორიის აგებისას, ასევე მრავალი სხვა საკითხების გადაწყვეტისას. საყდრულობის იდეას, განვითარებულს ხომიაკოვის მიერ, ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საყდრულობა ნიშნავს მრავალ პირთა ერთიანობასა და თავისუფლებას დამყარებულს ღმერთისა და აბსოლუტური ღირებულებების მიმართ მათ ერთობლივ სიყვარულზე. ადვილი შესამჩნევია, რომ საყდრულობის პრინციპს გააჩნია დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებისთვის, არამედ მრავალი ისეთი სკითხის გადაწყვეტისთვის, რომელშიც იგრძნობა ინდივიდუალიზმისა და უნივერსალიზმის სინთეზის სულისკვეთება. ბევრი რუსი ფილოსოფოსი უკვე ცდილობს გამოიყენოს საყდრულობის პრინციპი საზოგადოებრივ და სულიერ-გონით ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი საკითხების გადასაწყვეტად. ეს პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი უნდა აღინიშნოს სპეციალური საყოველთაოდ მიღებული ტერმინით. მე მიმაჩნია მიზანშეწონილად აღვნიშნო ეს ტერმინი რუსული სიტყვით „სობორნოსტ“ , რომელიც უკვე არა ერთხელ იქნა გამოყენებული ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ლიტერატურაში. ინგლისის წმ. ალბენისა და წმ. სერგის მართლმადიდებლური კორპორაცია გამოსცემს ჟურნალს „სობორნოსტ“-ის სახელწოდებით.
მრავალი რუსი რელიგიური ფილოსოფოსი დაინტერესებულია საკითხებით ისტორიული პროცესის არსების შესახებ. ისინი აკრიტიკებენ პოზიტივისტურ თეორიას და მიუთითებენ მიწიერი არსებობის განზომილებაში სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობის შექმნის შეუძლებლობაზე. ყოველგვარი საზოგადოებრივი წყობა ახორციელებს მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესებას, მაგრამ, თავის მხრივ შეიცავს ახალ ნაკლოვანებებს და შესაძლებლობებს მისი ბოროტად გამოყენებისთვის. სამწუხარო ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მთელი ისტორიული პროცესი დაიყვანება ისტორიიდან მეტაისტორიაზე გადსვლისთვის მომზადებაზე, ე. ი. წუთისოფლური ყოფიერებიდან ღვთის სასუფეველში გადასვლისთვის მზადებაზე. არსებით პირობას იმქვეყნიური სრულყოფილების მიღწევის გზაზე წარმოადგენს სულიერ-ხორციელი გარდასახვა ან ღვთის წყალობით გაღვთაებრივება.
ისინი, ვისაც არ გააჩნია სიმპათია მეტაფიზიკისადმი და რელიგიისადმი, აცხადებენ, რომ რუსეთის ისტორიაში არ ყოფილა შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკის მსგავსი პერიოდი, როცა ადამიანთა მთელი გონებრივი ენერგია კონცენტრირებული იყო ქრისტიანული ფილოსოფიის სისტემის შემუშავებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ მე-19-ე საუკუნის დასასრულსა და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში რუსული საზოგადოება პირველად შევიდა სულიერ-გონითი განვითარების იმ ფაზაში, რომელიც ევროპამ გაიარა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ამიტომაც ასკვნიან, რომ რუსულმა საზოგადოებამ დაიგვიანა განვითარების თვალსაზრისით. ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ კულტურა ვითარდება არა სწორხაზოვნი აღმავალი გზით, არამედ სპირალურად. სპირალის ზედა ნაწილი შეიცავს პროცესებს, პარალელურსა და მსგავსს იმ პროცესებისა, რომელიც განთავსებულია სპირალის ქვედა ნაწილებში, ოღონდ წინმსწრები პროცესების გავლენის შედეგად უფრო განვითარებულთ და სრულყოფილთ. რუსული რელიგიური ფილოსოფია — არაა სქოლასტიკის განმეორება, რამეთუ იგი სარგებლობს თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის ყველა აღმოჩენითა და მიღწევით, განსაკუთრებით კი მაღალგანვითარებულ გნოსეოლოგიის მიღწევებით. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რუსული რელიგიური ფილოსოფია წარმოადგენს პროგრესულ მოვლენას და ძალუძს, ახალი ბიძგი მისცეს დასავლურ აზროვნებას.
რუსი მართლმადიდებელი ხალხი მიჩვეულია რელიგიური საკითხების იმ ტარდიციული საშეალებებით გადაწყვეტას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ძველ სასულიერო აკადემიებში. ამის გამო ისინი ნდობით ვერ მოეკიდებიან სხვადასხვა ფილოსოფიურ ნაშრომებს, რომელთაც რელიგიურ აზროვნებაში შემოაქვთ მრავალი შტრიხი საერო ლიტერატურიდან. მართლმადიდებლებს უნდა შევახსენოთ, რომ დღეისთვის ყველა ქვეყნის სხვადასხვა ფენიდან გამოსული უამრავი ადამიანი განმდგარია ეკლესიური ცხოვრებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეუთავსებელია მეცნიერებასა და ფილოსოფიასთან. ამიტომ რელიგიური და ფილოსოფიური ლიტრატურა უნდა შეიცავდეს ისეთ ნაშრომებს, რომელიც დააკმაყოფილებს განსხვავებული საზოგადოებრივი წრების მოთხოვნებს. ამ ნაშრომებმა უნდა გამოიწვიოს სიმპათიის განცდა და აღძრას ქრისტიანობისადმი ინტერესი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა რიგებში. ეს ნაშრომები უნდა იწვევდეს სიმპათიისა და აინტერესის აღძვრას ქრისტიანობისადმი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში, რომელნიც თანამედროვე ცივილიზაციის მონაქროლის გავლენით ულგრილნი გახდნენ რელიგიის მიმართ.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნებისმიერი იდეოლოგიური მოძრაობა ვითარდება თავის მოწინააღმდეგე მოძრაობასთან ბრძოლაში. ჩვენს დროში ს ს რ კ-ში მთელი რელიგიური ფილოსოფია განიცდის მძვინვარე თავდასხმებს დიალექტიკური მატერიალიზმის მომხრეთაგან. ყველა საბჭოთა ფილოსოფოსი, რომელთა ნაშრომებიც იბეჭდება, მიეკუთვნება ამ სკოლას. თუმცა რუსულ კულტურასთან მიმართებაში ამ აქტის გაზვიადება არ ღირს. დიალექტიკური მატერიალიზმი — ესაა ერთადერთი ფილოსოფია. რომელიც ნებადართულია ს ს რ კ-ში. თუკი ფილოსოფოსი შეეცდება წიგნის ან სტატიის დაწერას სხვაგვარი სულისკვეთებით, მაშინ მისი ნაშრომი ართუ არ დაიბეჭდება, არამედ თავად ავტორიც აღმოჩნდება საკონცენტრაციო ბანაკში დატუსაღების სართხის ქვეშ. როგორც კი რუსეთი განთავისუფლდება კომუნისტური დიქტატურისგან და მოიპოვებს თავისუფლებას, აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ და თავისუფალ ქვეყანაში, წარმოიშობა მრავალი განსხვავებული ფილოსოფიური სკოლა. რუსული ფილოსოფია შეიცავს უამრავ ღირებულ იდეას არა მხოლოდ რელიგიის სფეროში, არამედ გნოსეოლოგიაშიც, მეტაფიზიკაშიც და ათიკაშიც. ამ იდეების გაცნობა სასარგებლო იქნება ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარებისთვის. ცხადია, შეუძლებელია, რომ ერთ ნაშრომში ამომწურავად შეფასდეს მთელი ერის საკმაოდ რთული ფილოსოფიის ისტორია. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოესი პერიოდიდან იმ ავტორთა კალმითაც, რომელნიც განსხვავებულ შეხედულებებს იზიარებენ, დაიწერება ნაშრომები რუსული ფილოსოფიის ისტორიაში და ისინი შეავსებენ და ჩაასწორებენ ერთმანეთს.