Skip to main content

2) ორფასობის პრინციპი: გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონები. – ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2001

თხრობითი წინადადების შინაარსის ანალიზი ბოლომდე რომ იქნეს მიყვანილი, საჭიროა გაირკვეს მიმართება საგნობრივი ვითარების ორ მდგომარეობას — მის განხორციელებასა და განუხორციელებლობას შორის — და, მშასადამე თხრობითი წინადადების მნიშვნელობებს — ჭეშმარიტებასა და მცდარობას შორისაც.
დღეს ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. კლასიკური თვალსაზრისი, რომელიც უკვე ანტიკურ ხანაში არისტოტელესა და საბოლოო სახით ქრიზიპოსის შრომებშია შემუშავებული, შეიძლება შემდეგი ორი პრინციპის სახით ჩამოყალიბდეს:
ა) გამორიცხული მესამის კანონი — ყოველი საგნობრივი ვითარება ან განხორციელია, არ არის განხორციელებული (მესამე შესაძლებლობა არ არსებობს, არაფერი მესამე მოცემული არ არის);
ბ) წინააღმდეგობის კანონი — არ არსებობs საგნობრივი ვითარება, რომელიც განხორციელებულიც არის და არაც არის განხორციელებული (ორივე შესაძლებლობა ერთად არასოდეს სრულდება).
გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონების ეს ფორმულირებბები “ონტოლოგიური”* ხასიათისაა. გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის ონტოლოგიური კანონებიდან ადვილად მივიღებთ მათ ახალ სემანტიკურ ფორმულირებებს, რომელშიც უკვე წინადადებები (მათში გამოთქმული აზრები, დებულებები) ხასიათდებიან და რომლებსაც ერთობლივად “ორფასობის პრინციპი” ეწოდება:
“ყოველი წინადადება ჭეშმარიტია ან მცდარია (გამორიცხული მესამის კანონი) და არ არსებობს წინადადება, რომელიც ჭეშმარიტიც იყოს და მცდარიც (წინააღმდეგობის კანონი)”.
ორფასობის პრინციპის თანახმად, ყოველი წინადადება და მასში შემავალი გამოთქმული დებულება შეიძლება შეფასებულ იქნეს სულ ორგვარად და თანაც ეს შეფასებები ერთმანეთს გამორიცხავენ, ე.ი. ჭეშმარიტების მნიშვნელობები ზუსტად ორია — “ჭეშმარიტება” (არამცდარობა) და “მცდარობა” (არაჭეშმარიტება).
როცა წინადადებაზე ვამბობთ მცდარიაო, ამით ვამტკიცებთ, ჭეშმარიტად მივიჩნევთ ამ წინადადების უარყოფას. წინადადების უარყოფა (რომელიც ცხადია, აგრეთვე წინადადებაა) “არა” სიტყვის ნაწილაკის ან მისი სინონიმის ჯეროვანი გამოყენებით მიიღება უარსაყოფელი წინადადებიდან. მაგ., მტკიცება წინადადებისა “მცდარია, რომ წვიმს”, “მცდარია, რომ ქუთაისი არ მდებარეობს მტკვარზე”, “მცდარია, რომ A საგანი იმყოფება t დროის მომენტში a ადგილას” იგივეა, რაც მტკიცება წინადადებისა “არ წვიმს”, “ქუთაისი არ მდებარეობს მტკვარზე”, “A საგანი არ იმყოფება t დროის მომენტში a ადგილას”. წინადადებას და მის უერყოფას ერთმანეთის საწინააღმდეგო, “კონტრადიქტორული” წინადადებები ეწოდებათ. წინადადებათა შემდეგი წყვილები ერთმანეთის კონტრადიქტორული წინადადებებისგან შედგებიან:
წვიმს აქ ეხლა — არ წვიმს აქ ეხლა
ქუთაისი მდებარეობს მტკვარზე — ქუთაისი არ მდებარეობს მტკვარზე
A საგანი t დროის მომენტში იმყოფება a ადგილას — A საგანი t დროის მომენტში არ იმყოფება a ადგილას.
ერთმანეთის კონტრადიქტორული წინადადებებიდან, გამორიცხული მესამის კანონის თანახმად, ერთ-ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია (ანუ, არ შეიძლება, რომ ორივე იყოს მცდარი), ხოლო წინააღმდეგობის კანონის ძალით, ერთ-ერთი აუცილებლად მცდარი. ამის გამო წინააღმდეგობის კანონს “წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონსაც” უწოდებენ. ამრიგად, ჩამოწერილი კონტრადიქტორული წინადადებებიდან არცერთ შემთხვევაში არ არის ორივე მცდარი და ორივე ჭეშმარიტი. ამავე დროს, ეს კანონები არაფერს გვეუბნებიან, მათგან კონკრეტულად რომელია ჭეშმარიტი და რომელი მცდარი. ეს სგანგებო კვლევის სგანია. თვითონ კანონებში ჭეშმარიტება-მცდარობის მხოლოდ ფორმალური შესაძლებლობებია დახასიათებული.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც აზროვნებას უნდა წაუყენოთ, თუ გვინდა, რომ ის სწორი, თანმიმდევრული იყოს არის “არაწინააღმდეგობრიობა”. ჭეშმარიტად მიჩნევის სუბიექტური აქტი ყოველთვის შეთნხმებული უნდა იყოს გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონთნ და არასოდეს უნდა ვამტკიცოთ ერთდროულად ორი კონტრადიქტორული წინადადების არც მცდარობა და არც ჭეშმარიტება (გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონების ნორმატიული ფორმულირება)*. სხვა სიტყვებით, თუკი რაღაც საგანზე ვამტკიცებთ რაიმეს, მაშინ იმავე საგანზე (იგივე დროისთვის და იგივე მიმართებით) არ უნდა ვთქვათ საწინააღმდეგო, ე.ი. არ უნდა უარვყოთ კიდეც. მაგ., თუკი ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველა ლითონი ელექტროგამტარია და სპილენძი ლითონია, მაშინ, ლოგიკური თვალსაზრისით, დაუშვებელია, ჭეშმარიტად მივიჩნიოთ ისიც, რომ სპილენძის ნაჭერი, რომელიც მე ეხლა ხელში მიჭირავს, არ ატარებს ელექტრობას, რადგან პირველი ორი დებულებიდან ამის საწინააღმდეგო შედეგი გამოდის. თუმცა, ამავე დროს, არაფერი დაუშვებელი არ არის იმაში, რომ, ვთქვათ, ერთსა და იმავე ადამიანზე ვამტკიცოთ, რომ ის ხუჭუჭათმიანია, ხოლო გარკვეული დროის მერე, რომ ის მელოტია (წინააღმდეგობრივი ნიშნების მიწერა საგნისთვის სხვადასხვა დროში), ან როცა ვამტკიცებთ, რომ ეჭვმიტანილი იცნობდა მოკლულის ძმას, მაგრამ არ იცნობდა თავად მას (წინააღმდეგობრივი ნიშნების მიწერა სხვადასხვა მიმართებით).
გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონების ონტოლოგიურ და სემანტიკურ ფორმულირებებს, ერთის მხრივ, და მათ ნორმატიულ ფორმულირებებს შორის, მეორეს მხრივ, არსებითი განსხვავებაა. პირველნი აღწერითი, დესკრიფციული ხასიათის დებულებებია; ისინი გამოხატავენ, გვაუწყებენ სინამდვილისა და მისი შემეცნების გარკვეულ თავისებურებებს, ადგენენ, რომ საგნობრივი ვითარებები ასეთი და ასეთია. მეორენი კი ბრძანებითი, პრესკრიფციული, ნორმატიული* ხასიათის დებულებებია და მათი მიზანია ადამიანის ქცევის რეგულირება, მისი გარკვეულ კალაპოტში მოქცევა. ამავე დროს, ამ კანონთა ონტოლოგიურ-სემანტიკური ფორმულირებები ის სფუძველია, რომელსაც ემყარება და რომლითაც მართლდება მათი ნორმატიიული ფორმულირება.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამორიცხული მესამის კანონს ყველა შესაძლებლობა ორზე დაჰყავს, რომ მის თანახმად, ყოველი საგანი უნდა იყოს, მაგ., შავი ან თეთრი და ამის გამო (ეს ხომ სინამდვილის დამახინჯებაა) საეჭვოდ მივიჩნიოთ იგი. გამორიცხული მესამის კანონი არ ეწინააღმდეგება სინამდვილის მრავალფეროვნებას. ამ კანონს ორზე დაჰყავს მხოლოდ საგნობრივი ვითარების რეალიზაციის შესაძლებლობები — ის ან განხორციელებულია ან არა და, შესაბამისად, ჭეშმარიტია ან ამ ვითარების გამომთქმელი წინადადება ან ამ უკანასკნელის უარყოფა. კერძოდ, ჭეშმარიტია ან წინადადება — “ეს საგანი არის შავი”, ან წინადადება — “ეს საგანი არ არის შავი”; ეს “არასიშავე” კი აუცილებლად სითეთრეს არ გულისხმობს. წინადადებები — “ეს საგანი არის შავი” და “ეს საგანი არის თეთრი” თუმცა გამორიცხავენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის კონტრადიქტორულები არ არიან.
არ უნდა ვიფიქროთ აგრეთვე, რომ წინააღმდეგობის კანონში უარყოფილია რეალური წინააღმდეგობები, დაპირისპირებები და კონფლიქტები, რომლებიც თითქოსდა აბათილებენ, ამტყუნებენ მას. სინამდვილეში მართლაც მოქმედებენ ერთმანეთის საწინააღმდეგო, საპირისპირო, ერთმანეთთან კომფლიქტში მყოფი ძალები, ტენდენციები. მაგ., სხეულზე მოდებულია საწინააღმდეგო მიმართულების ძალები, ორგანიზმში მიმდინარეობს ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესები, საზოგადოებეში ერთმანეთს უპირისპირდებიან საწარმოთა მფლობელები და დასაქმებული მუშები ან პროფკავშირები და ა.შ. ამ ძალებიდან არცერთი არ არის მისადმი დაპირისპირებულის არარსებობა, მისი არყოფნა, ან უარყოფა. ისინი ყველა რალურად არსებული ძალები და ტენდენციებია, რომელთაგან ერთი აუქმებს, სპობს მეორის მოქმედების შედეგს. ასეთი სიტუაციების არსებობა ეჭვს არ იწვევს, მაგარამ მათთვის კონტრადიქტორულობის დარქმევა და მათი გააზრება, როგორც წინააღმდეგობის პრინციპის დარღვევისა, უზუსტო და შეუსაბამოა, შეუფერებელია. ისინი ვერ არღვევენ წინააღმდეგობის კანონს. “გემზე მოქმედებს ქარი ამა და ამ მიმართულებით” არ არის უარყოფა წინადადებისა “გემზე მოქმედებს იმავე ძალის დინება საპირისპირო მიმართულებით”. ამ წინადადებების ერთდროული ჭეშმარიტება შესაძლებელია და ეს არ ეწინააღმდეგება წინააღმდეგობის კანონს, რადგან მათში სხვადასხვა, მაგრამ არა ერთმანეთის უარმყოფელი საგნობრივი ვითარებებია გამოთქმული.
ძალზე მნიშვნელოვანია ორფასობის პრინციპის გააზრება ცვალებადი მოვლენების, შუალედური, გარდამავალი მდგომარეობების აღწერის თვალსაზრისით.
ლოგიკის ისტორიის მანძილზე გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონები მწვავე კამათის საგანს წარმოადგენდა, თუმცა კრიტიკა ყოველთვის ღრმა არ იყო, მაგრამ მას ყოველთვის სერიოზული ფილოსოფიური მოსაზრებები ედო საფუძვლად. ამ კრიტიკის საფუძველზე შეიქმნა თანამედროვე ლოგიკის უაღრესად საინტერესო ნაწილი, ე.წ. “არაკლასიკური ლოგიკა”, რომელიც ემყარება ორფასობის პრინციპის ამა თუ იმ სახით შეზღუდვას, მოდიფიცირებას და კორექტირებას.
ორფასობის პრინციპის კრიტიკა მართალიც რომ იყოს, ეჭვს არ იწვევს მისი, როგორც იდეალიზაციის — კვლევის გაიოლების მიზნით რეალური ვითარების გამარტივების — სარგებლიანობა, ანდა მისი შეუზღუდველი მართებულობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება, რომ არსებობს საკმაოდ ფართო კლასი თხრობითი წინადადებებისა, რომლებსაც ჭეშმარიტების მნიშვნელობები მიეწერებათ ორფასობის პრინციპის თანახმად და რომლებიც ამის გამო წინააღმდეგობისა და გამორიცხული მესამის კანონებს ექვემდებარებიან. ამავე დროს, არცერთ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ამ კანონების უნივერსალურ ჭეშმარიტებას სადაოდ არ ვხდით, არ არის აუცილებელი, თვითონ ჭეშმარიტების მნიშვნელობები გავიგოთ წინა პარაგრაფში განმარტებული კორესპონდენციული კონცეფციის შესაბამისად. ყოველივე ეს ცხადია, წინადადების გრამატიკული თავისებურებებით კი არ აიხსნება, არამედ შესამეცნებელი სინამდვილის იმ ფრაგმენტის, ნაწილის სპეციფიკით, რომელსაც ეს წინადადებები ეხება ანდა ამ წინადადებების, მათში გამოთქმული დებულებების ცოდნის სისტემად გაერთიანების ფორმებისა და მეთოდების თავისებურებებით. ამიტომ შეგვიძლია უყოყმანოდ ვირწმუნოთ, რომ კლასიკურ თვალსაზრისზე (ე.ი. ორფასობის პრინციპზე) დაფუძნებულ ლოგიკაში შეისწავლება კანონმიმართებები, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთ სფეროებში ბჭობის სისწორე არასისწორეს.
. . . .
* ბერძ., On, Ontos — არსებული, ონტოლოგია — მოძღვრება არსებულზე როგორც არსებულზე;
* ეს არის ორფასობის პრინციპის პირდაპირი გავრცელება ჭეშმარიტად მიჩნევის აქტზე. სუბიექური აქტისთვის “სამი” ერთმანეთისგან განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობაა დამახასიათებელი: ა) ჭეშმარიტების მტკიცება (ჭეშმარიტად მიჩნევა), ბ) მცდარობის მტკიცება (მცდარად მიჩნევა) და ჭეშმარიტებისა და მცდარობის მტკიცებისგან (ე.ი. ორივესგან) თავის შეკავება. ეს ბოლო ხდება მაშინ, როდესაც სუბიექტს (ჯერ) არ აქვს შემუშავებული თავისი აზრი შესაბამისი დებულების ჭეშმარიტება-მცდარობაზე;
*ლათ., Norma — წესი, ნიმუში.