Skip to main content

1) ჭეშმარიტება და მცდარობა — ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან (2000-2001)

ლოგიკური აზროვნება, ლოგიკური საქციელი, ლოგიკური გადაწყვეტილება, ამა თუ იმ მოვლენის, ან მოვლენების ლოგიკა და ა.შ. — ასეთ კონტექსტებში “ლოგიკური”, როგორც წესი, კარგად აწყობილს, დამარწმუნებელს, გონივრულს; კანონზომიერს ნიშნავს, ხოლო “ლოგიკა” — კანონზომიერებას.

მიუხედავად ზემოთქმულისა, აზროვნების ჭეშმარიტება და ლოგიკური გამართულობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის, პირიქით, მათ შორის არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი კავშირი, რის გამოც ცნებები — ჭეშმარიტება და მცდარობა — განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ლოგიკაში. ამიტომ სასარგებლო იქნება თავიდანვე გამოვარკვიოთ ამ ცნებების შინაარსი, ან საზრისი.

რაზე, რა ობიექტებზე და რა პირობებში ვამბობთ, რომ ის არის ჭეშმარიტი ან მცდარი?

ტერმინებს “ჭეშმარიტი” და “მცდარი”, უწინარეს ყოვლისა, წინადადების, მაგრამ არა ყველა წინადადების დასახასიათებლად ვიყენებთ. ამისთვის მნიშვნელოვან როლს “მოდალობა” თამაშობს. მოდალობის მიხედვით, არსებობს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და ა.შ. წინადადებები. უაზროა ვთქვათ, რომ ჭეშმარიტია (ან მცდარი) წინადადებები — “დახერე ფანჯარა!”, და “დახურე ფანჯარა?”. ბრძანებითი, კითხვითი, ზოგადად არათხრობითი წინადადებების მიმართ ამ დახასიათებების გამოყენება არაფერს იძლევა, ე.ი. აზრს მოკლებულია. როგორც ჭეშმარიტს ან მცდარს  ვახასიათებთ ხოლმე მხოლოდ თხრობით წინადადებებს, მაგ.,: “თბილისი საქართველოს დედაქალაქია” (ჭეშმარიტია), “5+7=12″(ჭეშმარიტი), “ყველა ლითონი არ ატარებს ელექტრობას” (მცდარი), “სიტყვა “სახლი” არის ზედსართავი სახელი” (მცდარი). თუმცა ყველა თხრობით წინადადებაზეც არ ითქმის ასე. განვიხილოთ “პირობითი” წინადადება: “თუ მთელი რიცხვი უნაშთოდ იყოფა 6-ზე, მშინ ის უნაშთოდ იყოფა 3-ზეც”. ამ ჭეშმარიტ პირობით წინადადებაში ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი თხრობითი წინადადება: “მთელი რიცხვი უნაშთოდ იყოფა 6-ზე” და “ის (ე.ი. მთელი რიცხვი) უნაშთოდ იყოფა 3-ზეც”. არცერთ მათგანზე არ შეიძლება ითქვას, რომ ის არის ჭეშმარიტი ან მცდარი, თუკი არ დავაზუსტეთ — ყველა მთელ რისხვზეა აქ საუბარი, ზოგიერთზე, თუ კონკრეტულად რომელიმე მათგანზე. გრამატიკაში არც კი განასხვავებენ ამ ორი სახის თხრობით წინადადებას — მათ, რომელთც აზრიანად მიეწერებათ ჭეშმარიტება-მცდარობა და შეგვიძლია ვუწოდოთ თხრობითი წინადადება ლოგიკური გაგაებით და მათ, რომელთა ჭეშმარიტება-მცდარობით დახასიათებაც აზრს მოკლებულია. ლოგიკაში კი ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყოველ წინადადებას ორმაგი ბუნება აქვს. ის, ერთი მხრივ, გრამატიკის წესების მიხედვით დალაგებული სიტყვების მწკრივია, ხოლო მეორეს მხრივ, რაღაცის გამოთქმის საშუალება, მისი გარსი, ამ რაღაცის მაუწყებელი ნიშანი. კერძოდ, ლოგიკური გაგებით, წინადადება გამოხატავს, როგორც გრამატიკოსები ამბობენ, დასრულებულ აზრს. აშკარაა, რომ როდესაც თხრობით წინადადებაზე ვლაპარაკობთ, როგორც ჭეშმარიტზე ან მცდარზე, სულაც არ გვსურს სიტყვათა მწკრივის ასაგებად გამოყენებული წესების თავისებურებების დახასიათება. ამ დროს მხედველობაში გვაქვაქვს მხოლოდ ამ წინადადებაში გამოხატული, გამოთქმული დასრულებული აზრი.

აზრი, ერთი მხრივ, არის დროში მიმდინარე, განუმეორებელი, ერთჯერადი ფსიქიკური ქმედება, ფსიქიკის კონკრეტულად განცდილი აქტი, რომელსაც თან ახლავს თავის ტვინში და, შესაძლოა მთელ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესი. აზრი ვინმეს მიერ ამა და ამ დროსა და ადგილას გამოთქმული და გაფიქრებული აზრია.

მაგრამ ეს არის აზრის მხოლოდ ერთი, “სუბიექტური” მხარე. აზრი, როგორც ფსიქიკური, სუბიექტური აქტი, თვითონაც გარკვეული შინაარსის მატარებელია, რომელსაც, ჩვეულებრივ, აგრეთვე აზრს ვუწოდებთ ხოლმე. ეს შინაარსი არის თხრობით წინადადებაში გამოთქმული აზრის მეორე “ობიექტური” მხარე — რაიმე საგნობრივი ვითარების სინამდვილეში განხორციელების დადასტურება ან უარყოფა. მაგ., წინადადებაში — “ეს ვარდი წითელია”, მტკიცდება, დასტურდება, რომ სინამდვილეში განხორციელებულია ვითარება — ამ ვარდის წითლობა. თუ გამოვთქვამთ აზრს, რომ მზე არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, უარვყოფთ, რომ სინამდვილეში განხორციელებულია ვითარება — დედამიწის ირგვლივ მზის ბრუნვა, რაც, თავის მხრივ, იგივეა, რაც დედამიწის ირგვლივ მზის არბრუნვის ვითარების სინამდვილეში განხორციელების დადასტურება.

საგნობრივი ვითარება, ე.ი. საგნის ან სგნების ასე და ასე ყოფნის, მათ მიერ გარკვეული ნიშან-თვისებებეის ქონების ან არქონების ვითარება, მაგ., ამ ვარდის წითლობა, ან მზის ბრუნვა დედამიწის გარშემო, არ არის აზროვნების მხოლოდ სუბიექტური ქმედების შედეგი, ის სუბიექტურისგან დამოუკიდებელი ძალის მქონეა, ობიექტური შინაარსია, რომელიც შეიძლება გამოთქვას ან გაიფიქროს სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა დროსა და ადგილას, და, მაშასადამე, რომელსაც ძალუძს განმეორდეს სხვადასვა ადამიანის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილას გამოთქმულ ან გაფიქრებულ აზრებში, როგორც ადამიანის სუბიექტურ ქმედებებში. ამავე დროს საგნობრივი ვითარება არც სინამდვილის ნაწილი ან ფრაგმენტია. ის აბსტრაქტული, არამატერიალური, იდეალური წარმონაქმნია, რომლის სინამდვილესთან დამოკიდებულება ჰგავს, მეტიც, იმეორებს თვისების საგნისადმი დამოკიდებულებას. ისევე, როგორც თვისება შეიძლება ჰქონდეს საგანს, იყოს განხორციელებული მისთვის ან შეიძლება არ ჰქონდეს საგანს, არ იყოს განხორციელებული მისთვის, საგნობრივი ვითარებაც შეიძლება განხორციელებული იყოს სინამდვილეში და მაშინ ის “ფაქტია”, ე.ი. სინამდვილის ფრაგმენტია და შეიძლება სინამდვილეში არ იყოს განხორციელებული და მაშინ ის მხოლოდ არარიალიზებულ, აბსტრაქტულ, იდეალურ წარმონაქმნად რჩება.

როგორც ჭეშმარიტი და როგორც მცდარი ხასიათდება კონკრეტული აზროვნებითი აქტის ობიექტური შინაარსი — გარკვეული საგნობრივი ვითარების სინამდვილეში განხორციელების დასტური ან უარყოფა; კერძოდ, თუ აზრი ადასტურებს რაიმე საგნობრივი ვითარების სინამდვილეში განხორციელებას და ეს ვითარება მართლაც განხორციელებულია, მაშინ “აზრი ჭეშმარიტია”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ იგი ადასტურებს ვითარების განხორციელებას და იგი არის განხორციელებული, ხოლო აზრი უარყოფს მას, ვითარება კი ფაქტია, “აზრი მცდარია”*. ჭეშმარიტებას ან მცდარობას ჭეშმარიტების მნიშვნელობები ეწოდებათ.

საგნობრივი ვითარება ისაა, რაც თხრობით წინადადებაში გამოითქმება, გამოიხატება — აზრი, განთავისუფლებული სუბიექტის ფსიქიკური კონკრეტულობისაგან, თხრობითი წინადადების “ობიექტური აზრობრივი შინაარსი, ანუ “საზრისი”. ზოგადად წინადადების საზრისი ასე შეიძლება დახასიათდეს: იგი არის ის, რაც საერთოა სინონიმური წინადადებისთვის, რასაც ნიშნავს და გვაუწყებს წინადადება, და რასაც ვითვისებთ თუკი გვესმის წინადადება. საზრისის ეს განმარტება მიეყენება როგორც თხრობით ისე სხვა მოდალობის წინადადებებს. სგნობრივ ვითარებას, როგორც ლოგიკური გაგებით თხრობითი წინადადების სზრისს, ეწოდება “დებულება”, “მსჯელობა”, იგი არაენობრივი, აბსტრაქტული, იდეალური ობიექტია, რომელიც თუ გამოხატულებას ჰპოვებს, ენაში წარმოგვიდგება.

აზრისა და შესაბამისად მისი გამომთქმელი ლოგიკური გაგებით თხრობითი წინადადების ჭეშმარიტება (და მხოლოდ ჭეშმარიტება) იმის მაუწყებელია, რომ მასში რეპრეზენტირებულია* სინამდვილე (სამყარო), სახელდობრ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო არის ისეთი, როგორადაც ის ამ წინადადებაშია აღწერილი. ცხადია ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითქოს ჭეშმარიტ წინადადებაში მოცემული იყოს სამყაროს სრული, ამომწურავი აღწერა. ჭეშმარიტი წინადადების შინაარსი, მისი საზრისი სინამდვილის ერთი ასპექტია, ერთი კუთხიდან აშუქებს მას. მცდარ აზრში და შესაბამისად მცდარ თხრობით წინადადებაში სინამდვილე არ არის რეპრეზენტირებული, უფრო მეტიც, მასში არაფერია წარმოდგენილი, რადაგან ერთადერთი რამ რისი რეპრეზენტირებაც შეიძლება მოხდეს წინადადაებაში, არის სინამდვილე.

ამრიგად, ჭეშმარიტებისა და მცდარობის ცნებების ანალიზისას გამოიყოფა ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული ობიექტი: 1) თხრობითი წინადადება ლოგიკური გაგაებით; 2) აზრი, რომლის გამოთქმასაც სუბიექტი ლამობს თხრობით წინადადებაში — აზრი, როგორც ფსიქოლოგიური აქტი; 3) საგნობრივი ვითარება, აზრის ობიექტური შინაარსი, რომელიც როგორც თხრობითი წინადადების საზრისი არის დებულება, ანდა მსჯელობა; 4) სინამდვილე ან სამყარო.

საგნობრივი ვითარება არის თხრობითი წინადადების და მასში გამოთქმული აზრის ობიექტური შინაარსი, მისი საზრისი. თხრობითი წინადადება გამოთქვამს, გამოხატავს დებულებას (საგნობრივ ვითარებას), როგორც თავის საზრისს. ჭეშმარიტ თხრობით წინადადებაში (და მასში გამოთქმულ აზრში) წარმოდგენილ-რეპრეზენტირებულია სინამდვილე, ის ასახელებს, აღნიშნავს სინამდვილეს, სინამდვილე არის მისი “დენოტატი”*.

მცდარი თხრობითი წინადადება და მასში გამოხატული აზრი არ წარმოადგენს არაფერს, მასში არაფერია რეპრეზენტირებული, ის ცარიელია.

რადგან წინადადების ჭეშმარიტება ამ წინადადებაში სინამდვილის რეპრეზენტაციას, ხოლო მცდარობა მის სიცარიელეს, ნიშნავს, შესაძლებელია ჩამოთვლილი ობიექტების ოთხეულში, სინამდვილის (სამყაროს) ნაცვლად ცვლილება შევიტანოთ და ვთქვათ, რომ “ლოგიკური აზრით” თხრობითი წინადადების დენოტაციაა ჭეშმარიტების მნიშვნელობა — ჭეშმარიტება და მცდარობა.

.               .               .              .              .

* ეს არის ძირითადი დებულება ჭეშმარიტების “კორესპონდენციული” თეორიისა (ლათ. respondeo — შესაბამისობა, თანხმობაში ყოფნა).

ლოგიკური გაგებით თხრობითი წინადადებები;

შემდეგ წინადადებებს:

წვიმს,        it is raining,

წვიმა მოდის,         es renet,

მოდის წვიმა,         ugem gooligi,

მიუხედავად იმის, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მეტიც, სხვადასხვა ენებს ეკუთვნიან, აქვთ ერთი და იგივე საზრისი, მათი შინაარსი ერთი და იგივე საგნობრივი ვითარებაა, ისინი გამოხატავენ ერთ და იგივე დებულებას (მსჯელობას).

*  ინგ. representation — გამოსახვა, წარმოდგენა, წარმომადგენლობა.

*  ინგ. denote — ნიშნავს, აღნიშნავს, მიუთითებს.