(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-20, 2016წ.)
‘Пусть я не знаю смысла жизни, но искание
смысла уже дает смысл жизни.”
Н. А. Бердяев.
წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვიყენებთ ისეთ ცნებებს როგორებიცაა — ანთროპოსი, ანთროპული ზრდა, ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ინდივიდუალი, პიროვნება, საზრისი და ა.შ. — რომელთა შინაარსებიც ჩვენ დავაფიქსირეთ წინამორბედ სტატიებში (“ფილოსოფიური ძიებანის” მეცამეტედან მეცხრამეტე ნომრების ჩათვლით). აქ ჩვენ ხსენებულ ცნებით შინაარსებზე დაყრდნობით შევეცდებით გავარკვიოთ ისეთი ფენომენების რაობა როგორებიცაა — ყოფიერების გაგება, მსოფლმხედველობა, ანთროპული ყოფიერების საზრისი, თანამედროვე ეპოქის სულისკვეთება, ფილოსოფია, მისი ბუნება, შესაძლებლობები, ალტერნატიული მიმართულებები და როლი.
მეტი სიცხადისთვის, აგავიხსენებთ ორ ძირითად ცნებით შინაარსს — ანთროპოსი და პიროვნება. 1) ანთროპოსი ანუ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგანი, ჩვენ წარმოგვიდგენია ოთხ პოტენციურ მოდუსად გამოვლენად ყოფიერად. ესენია ემპირიული სუბიექტ-ობიექტი (ცხოველი), რაციონალური სუბიექტ-ობიექტი (საკუთრივ ადამიანი), ინდივიდუალი (ორიგინალურ-შემოქმედებითი ხედვით გვარში გამორჩეული, ანტი Man-ი არსება) და პიროვნება; 2) პიროვ-ნება, ჩვენის აზრით, არის ცნობიერი ნებელობითი ინსტანცია და ანთროპოსის ცენტრი (გნებავთ პიკი), რომლის შეგნებულ აქტივობასაც ემორჩილება, ან შეიძლება დაემორჩილოს ყველა სხვა მოდუსის მოთხოვნები, მიმდინარე პროცესები, ვნებები და ა.შ., მათი რეალიზება ან არრეალიზება, თვით საკუთარი ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტაც კი თავისუფალი ნებელობითი აქტივობით, რომელიც მაგ., ინდურ ფილოსოფიაში ცნობილია სამადჰის სახელით.
. . .
მას შემდეგ, რაც ფილოსოფოსობა (სიბრძნის სიყვარული, “სიბრძნისმეტყველება”) გარკვეული ადამიანების, მაგ,. თალესის, პარმენიდეს, სოკრატეს და ა.შ. მოღვაწეობას, ხოლო ფილოსოფოსი თავად მათ ეწოდათ, ფილოსოფიამ და ფილოსოფოსებმა ძალზე მრავალფეროვანი ისტორია განვლეს. ფილოსოფიამ იცის “მეფის ტახტიც” და “უსახლკაროს ძონძებიც”. ის იყო აკადემიების თუ უნივერსიტეტების, ეკლესია-მონასტრების ხიზანი, მოხეტიალე დერვიშების, სუფიების, კინიკოსების, სოფისტების, ხელოვანთა და იმპერატორთა თანმხლები და ა.შ.
მიუხედავად ამისა, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფილოსოფოსობდა (ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით), ზღვაში წვეთია იმ ადამიანთა რიცხვთან შედარებით, ვისაც უცხოვრია, ვინც ცხოვრობს და ვინც იცხოვრებს, ე.ი. ფილოსოფია ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა ამ ცოდვილ მიწაზე. არისტოტელეს გონებრივი დონე სულაც არ დასჭირვებია კაცობრიობის უმრავლესობას იმის მისახვედრად, რომ ფილოსოფია არის ყველაზე უსარგებლო და არასაჭირო რამ, მიუხედავად მისი ამაღლებულობისა და სიდიადისა.
. . .
მაშასადამე, ზერელე-პრაგმატული განწყობა უფრო მძლავრია ყოველდღიური ცხოვრების პირობებში და არად დაგიდევთ ამაღლებულობასა და სიდიადეს; თუ ”ღორივით ლაფში გდება” უფრო სასარგებლოა, სჯობს ვეგდოთ მასში, ვიდრე უსარგებლოდ ვიმტვრიოთ თავი ფილოსოფიის მიუწვდომელი სიმაღლეებისთვის.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფოსობა ამ სიტყვის აკადემიური გაგებით, მცირეოდენ ”სულიერ-გონით არისტოკრატთა” ინტერესს წარმოადგენდა, ლაფში ღორივით კოტრიალის ”ფილოსოფიაც” ე.წ. ”კომფორმისტული არისტოკრატიის”, მასების ფილოსოფიაა (ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით).
ტერმინ ფილოსოფიას, მართალია, ძირითადად აკადემიური დისციპლინის აღმნიშვნელად იყენებდნენ, მაგრამ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფილოსოფია არასოდეს ყოფილა მხოლოდ აკადემიური დისციპლინა. არსებობს “არააკადემიური ფილოსოფიის” ლეგიტიმური ცნებაც. აკადემიური ფილოსოფია, ანტიკურობიდან მოყოლებული, დაკავშირებული იყო მეცნიერებასთან და თითქმის ემთხვეოდა კიდეც მას. მოგვიანებით (ახალ დროში, როცა ფიზიკამ მიიღო მკაცრი ნიუტონისეული გაფრთხილება , მორიდებოდა მეტაფიზიკას) ეს კავშირი შეირყა, მაგრამ ფილოსოფოსობის მეცნიერული სტილი და მოწოდება ინერციის ძალით დღემდე შემორჩა.
. . .
აკადემიურ-დისციპლინარული სწავლება იძლევა ცოდნას და არა სიბრძნეს.
ფილოსოფიის აკადემიური სწავლებაც, რა თქმა უნდა, იძლევა გარკვეული ტიპის ცოდნას, მაგრამ ფილოსოფია არსებითად მაინც სიბრძნის სიყვარულად რჩება, და არ შეიძლება, აგდებით მოვეკიდოთ მის ეტიმოლოგიას.
ცოდნა და სიბრძნე რომ ერთი და იგივე არაა, ეს ისევე ცხადია, როგორც მაგ,. ცხადია მასისა და წონის არაიგივეობა; მასის ცნებითი შინაარსი გულისხმობს წონასაც, მაგრამ მისი მოცულობა უფრო ფართეა. ასევე სიბრძნეც გულისხმობს ცოდნასაც, მაგრამ მისით არ ამოიწურება.
ჯერ ერთი, ცოდნა ყოველთვის უპირისპირდება უვიცობას, ხოლო სიბრძნე – უგუნურებას.
მეორეც, შეიძლება ადამიანი იყოს მცოდნე (აკადემიური აზრ-გაგებით), მაგრამ მისი ცხოვრებისეული ისტორია აღსავსე იყოს უგუნური საქციელებით დაღდასმული ფაქტებით. ამის მაგალითები უხვად შემოგვინახა ისტორიამ. აღწერილია უამრავი კურიოზი დაწყებული არქიმედედან, ნიუტონიდან და დამთავრებული აინშტაინით, რომელთაც (ამ კურიოზებს) ნამდვილ სახელად სიბრძნეს მოკლებულობა უფრო შეეფერებათ.
. . .
ცოდნა აკადემიური გაგებით ყოველთვის გულისხმობს მემკვიდრეობითობას. მეცნიერმა თუ წინამორბედთა მემკვიდრეობა ძირფესვიანად არ აითვისა, მნიშვნელოვან სწავლულად ვერ ჩამოყალიბდება.
ცოდნა ინტერსუბიექტური, ან ტრანსსუბიექტური მოვლენაა. ის შეგიძლია შეითვისო და შემდგომ სხვას გადასცე.
რაც შეეხება სიბრძნეს, ის ტრანსსუბიექტურობის ამ ნიშანს მოკლებულია. როგორც არ ვიცი სხვა სიყვარული, სხვა სინდისის ქენჯნა, სხვა ძახილი მუზისა თუ არა ჩემი სიყვარული, ჩემი სინდისის ქენჯნა და ჩემი მუზის ძახილი, ასევე არ ვიცი სხვა სიბრძნე, გარდა ჩემს მიერ მამა-სისხლად მოპოვებული სიბრძნისა.
ბრძნული შეგონებანი მხოლოდ ფრაზებია, ბრძენთა შესახებ არსებული მოგონებები მხოლოდ მოთხრობებია, რომელთაც ჩემში არ გამოუვლიათ, რომელთა მათრახიც ჩემს ტყავს არ უგემია.
სიბრძნე პიროვნული მონაპოვარია და არა ინტერსუბიექტური.
. . .
გამომდინარე აქედან, უნდა ითქვას, რომ სიბრძნე მოიპოვება არა მაინცდამაინც და მხოლოდ აკადემიური სწავლებით. ეს ეხება ფილოსოფიის აკადემიურ სწავლებასაც. ის, რომ მავანმა დაამთავრა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიიღო დიპლომი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გახდა ბრძენი.
მეტიც, სხვა დისციპლინებში დიპლომირებულთაგან განსხვავებით, ყოველივე ეს იმასაც კი არ ნიშნავს, რომ ის გახდა პრაქტიკულად მოთხოვნადი სპეციალისტი. ფილოსოფოსი და სპეციალისტი პრაგმატული გაგებით ერთობ გაშორიშორებული ცნებებია; არცერთ ქარხანაში, ფაბრიკაში და დაწესებულებაში არ არსებობს ფილოსოფოსის კადრი. წმინდა ფილოსოფოსი არავის სჭირდება. დღევანდელი ქართული ყოფიდან და ტელევიზიდან კარგად ჩანს ეს გარემოება – განათლებით ფილოსოფოსები ექსპერტობენ თითქმის ყველა მიმართულებით, გარადა ფილოსოფიისა.
დიპლომის მიღება საუკვეთესო შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ 1) მავანმა მიიღო გარკვეული დონის ფილოსოფიური და ზოგადმეცნიერული განათლება და 2) რადგან ეს განათლება არ გულისხმობს რაიმე კონკრეტულ პრაგმატულად მოთხოვნად პროფესიულ ორიენტაციას, ფილოსოფიური განათლების მქონე პირმა შეიძლება მსჯელობის საგნად აიღოს ნებისმიერი სფეროს საკითხი (ეს მისი ინტელექტუალური ხედვის სიფართოვეზეა დამოკიდებული).
. . .
მართლაც, ფილოსოფიური მსჯელობის საგნად შეიძლება იქცეს ნებისმიერი საკითხი – იქნება ეს საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული დისციპლინების, ან რელიგიის, ხელოვნების თუ პოლიტიკისა და ეკონომიკის პრობლემატიკა და ა.შ.
მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ფილოსოფია, განსაკუთრებით ე.წ. არააკადემიური ფილოსოფია, აგრეთვე არაა მხოლოდ წმინდა მსჯელობა ანუ მხოლოდ გონით-თეორიული სპეკულაცია. ფილოსოფია ამასთანავე პრაქტიკულ- ცხოვრებისეული გამოცდილების ნაყოფიც შეიძლება იყოს. კანტი მართალი იყო როცა ამბობდა, რომ ყოველი ცოდნა გამოცდილებიდან იწყებაო, მაგრამ მართალი იყო ლოსკიც, რომელის აზრითაც ემპირიული გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთი სახეა გამოცდილებათა ფორმების — ინტუიციური, ზნეობრივი, ესთეტიკური, რელიგიური, მისტიკური და ა.შ. — მრავალფეროვნებაში.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ მეცნიერების ფილოსოფოსთა, ისტორიის ფილოსოფოსთა და ა.შ. გვერდით არსებობის სრული უფლება აქვთ მისტიკოს, ფანტასტ, განსაკუთრებული მხატვრული ხედვის მქონე, ბერ-მონაზვნური და განდეგილური ცხოვრების გამოცდილების მქონე და ა.შ. არააკადემიურ ფილოსოფოსთა ფრთასაც; ლაო-ძი, ბუდა თუ გიორგი გურჯიევი და კარლოს კასტანედა არავიზე ნაკლები ფილოსოფოსი არ იყო იმის გამო, რომ არ გააჩნდა ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი.
არსებობს კიდევ ერთი ფრთა ფილოსოფოსებისა, რომელთა მემკვიდრეობაც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია აკადემიურ სწავლებასთან, თუმცა მათი სტილი ფილოსოფოსობისა სრულიად არააკდემიურ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე – პლატონის დიალოგები, ნეტარი ავგუსტინეს ”აღსარება” , მარკუს ავრელიუსის თუ პასკალის “აზრები”, კირკეგორის, ნიცშეს, კამიუს, მიგელ დე უნამუნოს, ბერდიაევის თხზულებანი საკმარისი მაგალითია ამისთვის.
. . .
ფილოსოფიური მოძღვრების მეცნიერული სტილით გადმოცემა არისტოტელესგან იღებს დასაბამს. ის იყო ნამდვილი აკადემიური-ფილოსოფოსი, რომელმაც ფილოსოფიური და მეცნიერული დისციპლინების მაკცრი დიფერენციაცია მოახდინა და ყველა მათგანს განუსაზღვრა თავისი საგანი, სფერო, მიზნები და ფუნქციური დატვირთვა. მისი ყველა ტრაქტატი – ”ფიზიკა”, ”მეტეოროლოგია”, ”ზეცის შესახებ”, ”სულის შესახებ”, ”მეტაფიზიკა” და ა.შ. მაქსიმალურად რაფინირებულია არამეცნიერულ-ენობრივი სტილის მქონე შენარევებისაგან, უპირველეს ყოვლისა, მითოლოგიისგან, პოეზიისგან და ლიტერატურული დიალოგებისგან, რაც ეგზომ დამახასიათებელი იყო არისტოტელემდელი ფილოსოფოსებისთვის. მან მოახდინა მეცნიერულ-ფილოსოფიური ტექსტის, აზროვნების დემითოლოგიზაცია.
ამის შემდგომ, აკადემიურ წრეებში, ძირითადად ფილოსოფოსობის არისტოტელურ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა ცალკეული გამონაკლისების სახით მაინც ჰქონდა ადგილი ფილოსოფიური ტექსტების პოეტურ, დიალოგურ თუ აღმსარებლურ-ავტობიოგრაფიული სტილით გადმოცემასაც,
ეს ყოველივე უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფილოსოფია მის ისტორიაში არ ყოფილა მხოლოდ მეცნიერულ-აკადემიური. მეტიც, დღევანდელი სციენტისტური კრიტერიუმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი მეცნიერულ-აკადემიური ნაწილიდანაც მხოლოდ ფორმალურ ლოგიკაზე თუ ითქმის მეცნიერული. მეცნიერულობის კრიტერიუმების თანამედროვე მოთხოვნებით არათუ ფილოსოფია, რომელიც წინარემეცნირული შემეცნების ფორმად უფრო ისახება, არამედ ბევრი სხვა დისციპლინაც ვერ აკმაყოფილებს სრულად. ასე, მაგალითად, ისტორიის მეცნიერულობა შორსაა «სიზუსტის» კრიტერიუმისგან. ისტორია ხომ უდიდეს წილად ემყარება, მაგ., დოკუმენტურ მასალას და არა ცდაში და კვირვებად (შემოწმებად) მოვლენებს (წარსულს ცდაში ვერ დავაკვირდებით). დოკუმენტი კი, არავინ უწყის, მაინცდამაინც ზუსტად გადმოცემს რაიმე ისტორიულ ფაქტზე ინფორმაციას თუ არა.
სიზუსტისა და «ცდაში დაკვირვებადობის (შემოწმებადობის)» კრიტერიუმებთან მიმართებაში მოიკოჭლებს ფსიქოლოგიაც, სოციოლოგიაც და მრავალი სხვაც.
. . .
ასეთ ვითარებაში ფილოსოფიას (ალბათ, გარდა ფორმალური ლოგიკისა) აუცილებელი არაა, რომ მეცნიერულობაზე ჰქონდეს პრეტენზია. მეციერულ-ენობრივ სტილს ამოფარება საქმეს ვერ შველის – ფილოსოფიას მეცნიერულს ვერ ხდის. ეს განსაკუთრებით ითქმის მას შემდეგ, რაც თავად ფილოსოფოსებმა დაიწყეს ანტიმეტაფიზიკური მოძრაობის დროშით ფილოსოფიიდან იმის განდევნა, რაც ფილოსოფიას ფილოსოფიად აქცევდა. ფილოსოფიის ჩაკვლა პოზიტივიზმის სულისკვეთებით მეცნიერულობის, მეცნიერული ფილოსოფიის გამარჯვებას სახავდა მიზნად. ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ თუ მეცნიერულობა სრულად გაიმარჯვებდა, მაშინ მეცნიერული ფილოსოფია სანაგვეზე მოსასროლი გახდებოდა – თავად პოზიტივისტური ფილოსოფიის კონტექსტიდან გამომდინარე, მეცნიერებას იმდენად როდი სჭირდება ფილოსოფია, რამდენადაც ფილოსოფიას მეცნიერება. პოზიტივისტთა “სიბეჯითემ” ფილოსოფია, როგორც მეცნიერება მოკლა.
და მაინც, ფილოსოფიის სიკვდილი ზემოხსენებული აზრით, არ ნიშნავს ფილოსოფიის სიკვდილს საერთოდ, რამეთუ, როგორც ითქვა, ფილოსოფია არასოდეს ყოფილა მხოლოდ მეცნიერულ-აკადემიური.
. . .
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია და მისით გატაცება ანთროპული ზრდის მაჩვენებელია. არავინ იბადება იმთავითვე ბრძენი და ცოტა ვინმე თუ გახდება ამომწურავად ბრძენი. არსებობს სიბრძნის ზღვრული სიმაღლეები, რომლიც მართლაც გამორჩეულმა პიროვნებებმა — სოკრატე, ლაო-ძი, ბუდა და სხვა — დასახეს. მათი ანთროპული ზრდის სიმაღლე სინათლის სიჩქარეს ჰგავს თავის ზღვრულობით.
რაც შეეხება იესოს მიერ დასახულ პარამეტრებს, როგორც ერთ-ერთ სტატიაში — “აბსოლუტური თავისუფლება და თეოანთროპოსი” — ვაჩვენეთ, ისინი ზე-ზღვრული სიმაღლისანი არიან და ვერ ეტევიან მხოლოდ ანთროპული ყოფიერების ფარგლებში; არამედ მოიცავს მასაც (რელატიურს, დროში განსაზღვრულს და ა.შ.) და წარმოადგენს აბსოლუტურსაც. ამგვარ აბსოლუტური თავისუფლების მადემონსტრირებელ ყოფიერს ჩვენ ვუწოდებთ “თეო-ანთროპოსს”.
. . .
ამდენად, ჩვენთვის ფილოსოფია, მის პრაქტიკულ განზომილებაში (იგულისხმება სიბრძნის მოპოვების პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება, ანთროპული ზრდა), ანთროპოსის ცხოვრების მარად თანმდევი მოვლენაა. აქ იგი ორი ძირითადი მოდუსით წარმოგვიდგება — 1) “ლაფში გდების” პრაგმატულად ხელსაყრელობის მოდუსით (რომელიც ცხოვრების მიზანს ემპირიულ კომფორმიზმში ხედავს და გონით-ნებელობით აქტივობას, მათ შორის ფილოსოფიურსაც, ზედმეტ ტვირთად, უაზრო წყლის ნაყვად მიიჩნევს). ეს თავისებური მასობრივ-Man-ური ხასითის, ემპირიული სუბიექტ-ობიექტის ანუ ცხოველური დონის ნეგატიური ფილოსოფიაა, რომელიც მოქმედებს დევიზით “ვიცხოვროთ ისე, როგორც საერთოდ ყველა” და 2) გარკვეულ პირად გამოცდილებაზე — რელიგიური, მისტიური, პოლიტიკური, ხელოვნებისეულ-შთაგონებითი და ა.შ. — დამყარებულის მოდუსით, რომელიც ფილოსოფიაა პოზიტიური გაგებით.
რაც შეეხება თეორიას, აქ ის არსებობს არა მაინცდამაინც მეცნიერულ-აკადემიურის ფორმით. თეორიას შეიძლება მიმართოს პრაქტიკოს-ფილოსოფოსმა როგორც თავისი პირადი გამოცდილებისეული შინაარსების დალაგება-გადმოცემის, გაანალიზების საშუალებას.
ამდენად, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ა) “საკუთარ ტყავზე” გამოცდილებით მოპოვებულ სიბრძნეს პრაქტიკული ფილოსოფია ეწოდება, ხოლო ბ) “საკუთარ ტყავზე” გამოცდილებით მოპოვებული სიბრძნის ანალიზს თეორიული ფილოსოფია ეწოდება .
არაა აუცილებელიი, რომ ერთ პიროვნებაში პრაქტიკულთან ერთად მოცემული იყოს თეორიული ასპექტიც. თეორიულ მოღვაწეობას, უფრო სწორედ, მის გადმოცემას, იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს თავად მისთვის, რამდენადაც სხვებისთვის (მაგ., ახლობელთათვის, თანამოქალექეთათვის, მოსწავლეთათვის ან მიმდევართათვის). ეს უკანასკნელი წარმოგვიდგება აბსტრაქტულ მოძღვრებად, რომელშიც სიმბოლურად, მეტაფორულად, მინიშნებებით გადმოიცემა პრაქტიკოს ფილოსოფოსის პირადი გამოცდილება. ამის შესანიშნავი ნიმუშია მაგ., ლაო-ძის “დაო დე ძინი”, რომელიც მეტაფიზიკური პოეზიის ბრწყინვალე შედევრიცაა.
. . .
იყო დრო, როცა ე.წ. პოზიტივისტურმა ფილოსოფიამ, ანტიმეტაფიზიკური მოძრაობის დროშის ქვეშ უამრავი საკითხი მოხსნა ფილოსოფიური განსჯის დღის წესრიგიდან მათი უსაზრისობის, ცდაში შეუმოწმებადობის და ა.შ. გამო, მათ შორის სამყაროს როგორობის საკითხი — მაგ., მარადიული და უსასრულოა ის თუ დროში წარმოშობილი და სასრული — გამოცხადდა მეტაფიზიკურ და უსაზრისო წყლის ნაყვად. ამით პოზიტივისტებს მეცნიერების სამსხვერპლოზე მიჰქონდათ მსხვერპლი.
დღეს ვითარება ამ მხრივ შეიცვალა; სამყაროს წარმოშობის საკითხი ასტრო-ფიზიკის პრეროგატივად იქცა. მასთან დაკავშირებით “დიდი აფეთქების” თეორეტიკოსები ისევე მსჯელობენ, როგორც კოლბაში მიმდინარე ქიმიურ პროცეზებზე დაკვირვებისას.
შეიქმნა ე.წ. “სუპერ ქოლაიდერი” (ეს სახელი სრულიად შეეფერება თანამედროვე ეპოქას) სადაც, არც მეტი არც ნაკლები, სამყაროს წარმოშობისას მიმდინარე პროცესების მოდელირებულ ვარიანტს აკვირდებიან. განსაკუთრებით აინტერესებთ სიცოცხლის წარმოშობის საიდულოსთვის ფარდის ახდა, რათა სრულად გამორიცხონ “ღმერთის” როლი სამყაროს შემოქმედებაში.
ცხადია, ასეთ ვითარებაში, ანუ “სუპერ ქოლაიდერის” ეპოქაში მეცნიერულ ფილოსოფიაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ერთადერთი, რაც მეცნიერების უახლეს აღმოჩენებში ჩახედულმა სწავლულმა შეიძლება გააკეთოს, ესაა ამ აღმოჩენების სისტემურ-ლოგიკური კავშირების საფუძველზე სამყაროს ერთიანი სურათის, თეორიის შექმნა, რასაც ფილოსოფოსებზე უკეთ თავად ფიზიკოს-კოსმოლოგები (მაგ., სტივენ ჰოკინგი თავის ” დროის უმოკლესი ისტორიით”) ართმევენ თავს.
. . .
მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის ზრდამ და პრაქტიკულმა გამოყენებამ, რომელიც ყოველდღიურად შლის ფრთებს, თვალზე ბინდი არ უნდა გადაგვაკრას. თანამედროვე კაცობრიობა ერთობ დიდ ილუზიაშია ჩავარდნილი და ამოდ ჰგონია, რომ პროგრესს განიცდის. რაც უფრო იზრდება მეცნიერული ცოდნა და რაც უფრო რთულდება ტექნოლოგიები, მით უფრო სავალალო ხდება ჩვენი პლანეტის მდგომარეობა. ეკოლოგიური აპოკალიფსი კარსაა მომდგარი. ტექნიკის მოხმარებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა — მაგ., ნავთობი, რომელიც, ბუნებრივად მიწაში უნდა ყოფილიყო ამოვიღეთ და გაზ-ნამწვავის სახით ატმოსფეროში მიმოვაფრქვიეთ, ჰაერი გავჟღინთეთ და “სათბურის ეფექტმაც” არ დააყოვნა.
დღეს მეცნიერები მსჯელობენ კოსმიური კოლონიზაციის თაობაზე. დედამიწა მალე გამოუსადეგარი გახდება სიცოცხლისთვის და განსახლებისთვის შესაფერისი ადგილები ეხლავეა საძიებელიო, ამბობენ ისინი.
საკამათო აღარაა ის, რომ დედამიწის სასიცოცხლო რესურსების ამოწურვაში ტექნოლოგიურმა “პროგრესმა” ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. რაც მეოცე საუკუნემ რესურსი შეიწირა, ალბათ დიდწილად აღემატება, მანამდელი საუკუნეების განმავლობაში გახარჯული რესურსების საერთო რაოდენობას.
და რა გამოდის, დედამიწიდან საქმე გასაქცევად გავიხადეთ და ამას ვეძახით პ რ ო გ რ ე ს ს? პროგრესი კი არა, ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ცოდნის ზრდა არ იწვევს არც ზნეობრივ (როგორც ეს ვაჩვენეთ სტატიაში — “ადამიანი მასა და Man-ი”) და არც სიბრძნის ზრდას. პირიქით, რაც უფრო “მცოდნე” ხდება კაცობრიობა, მით მეტ უგუნურებას სჩადის, მით უფრო არაბრძენი ხდება.
. . .
აკადემიური ფილოსოფიის ოდინდელ პრობლემათა რიგს და კვლევის საგანს წარმოადგენდა უზოგადესი განსაზღვრულობების კონცეპტუალური ანალიზი: მაგ., აბსოლუტური და რელატიური, უსასრულო და სასრული, ზოგადი და კონკრეტული და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ საკითხებზე მსჯელობამ ფილოსოფიის ისტორიაში დასრულებული სახე ვერ მიიღო, ცალსახად ვერ გადაწყდა, პოზიტივისტურ-სციენტისტური ტენდენციების წყალობით აბსოლუტურმა, უსასრულომ, ზოგადმა და ა.შ. “სუპერ ქოლაიდერის” ეპოქაში სრულიად დაკარგა მიმზიდველობა და ღირებულება. მეცნიერულ ცდაში არც აბსოლუტური გვეძლევა, არც უსასრულო, არც ზოგადი და სხვა მისთანანი. პირიქით, რაც მეცნიერულ ცდაში მოგვეცემა არის სწორედ რელატიური, სასრული, კონკრეტული და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მეცნიერება კომპეტენტური შემეცნების ავტორიტეტს წარმოადგენს და სრულად ეყრდნობა ცდას, ფილოსოფოსობა (კონცეპტუალური ანალიზის აზრით) სრულიად უადგილო თვითგვემად წარმოგვიდგება და ეს არცაა გასაკვირი.
კონცეპტუალური ანალიზი, რაოდენ მკაცრი ტერმინოლოგიური ტექნიკითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი მეცნიერულობის ბეჭედს მაინც ვერ მიიღებს. ის დრო, როცა დეკარტის ფილოსოფიური მოძღვრება მეცნიერებად მიაჩნდათ (მისი საბუნებისმეტყველო და მათემატიკური თეორიების კვალად) დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
ფილოსოფია ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული ხდება რაწამს მას ცდისეული დაკვირვების საზღვრებით შემოსაზღვრავენ. როგორც ჰეგელი იტყოდა — ფილოსოფია იწყება იქ, სადაც მთავრდება ცდა.
. . .
სხვათა შორის ანალოგიური მოტივებიდან გამომდინარე, აკადემიური ფილოსოფიიდან განდევნილ იქნა არა მარტო სამყაროს წარმოშობა-რაგვარობის საკითხი, არამედ ღმერთის არსებობისა და სულის უკვდავების საკითხებიც. კლასიკური მეტაფიზიკის ეს სამი პრობლემა ქმნიდა სამ მეტაფიზიკურ დისციპლინას — რაციონალურ კოსმოლოგიას, თეოლოგიას და ფსიქოლოგიას. კანტმა თავის ნაშრომებში დელიკატურად აჩვენა, რომ ეს საკითხები ცალსახად ვერ წყდება მათი ცდაში მოუცემლობის გამო; რაც შეეხება თეორიას, ლოგიკას ამ საკითხებზე ტოლძალოვანი დამაჯერებლობით იცემა როგორც დამადასტურებელი ისე უარმყოფელი პასუხები.
დღეს კი, როგორც ვხედავთ, თანამედროვე მეცნიერება დაუბრუნდა თავის დროზე მეტაფიზიკური კოსმოლოგიის პრეროგატივად შერაცხულ საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს წარმოშობის უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, ეს სრულიად არ აფერხებს კოსმოლოგიისა და ასტრო-ფიზიკის წინსვლას. ამაში მათ ხელს უწყობთ მოდელირებულ გარემოზე დაკვირვბა გიგანტურ ლაბორატორიებში, “დიდი აფეთქების” შედეგად დარჩენილი შედეგების — მაგ., ფონური გამოსხივების და სხვა — შესწავლა და ა.შ.
გამომდინარე აქედან, არავინ უწყის როდის მიუბრუნდება კერძო მეცნიერება დანარჩენ ორ საკითხსაც, რომელნიც სრულიად უსაფუძვლოდ და თვალთმაქცურად არიან იგნორირებულნი.
თავი დავანებოთ იმ ნიშანთა ერთობლიობას, რომელნიც ყოველგვარი მათემატიკური გათვლებით ადასტურებენ სამყაროს ადამიანური ფქტორით განსაზღვრულ “დიზაინირებულობას”. დაუშვათ ყველა ეს ნიშანი სრული შემთხვევითობებით შეეთანადა ერთმანეთს რათა ანთროპული ყოფიერება შესაძლებელი გამხდარიყო და არავითარი “დიზაინერი” არ არსებობს, რადგან ასეთი რამ ცდისეულ დაკვირვებაში არ გვეძლევა. ამით ყველაზე დიდი რაც კეთდება არის ღმერთის როგორც ფიზიკური არსის მქონე ფენომენის არსებობის უარყოფა. ჯერ ერთი, არაა აუცილებელი რომ ყოველი არსებული ფიზიკური იყოს, ვერევინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არსებობა სხვა ფორმითაც არაა შესაძლებელი და ეს ფორმები ადრე თუ გვიან აღმოჩენილი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, როგორც დევიდ არმსტრონგი ამბობს — უსხეულო არსებობა ლოგიკურად სრულიად არაწინააღმდეგობრივი ცნებაა. მერე მეორე, ღმერთი არასოდეს წარმოიდგინებოდა მხოლოდ ფიზიკურ არსად და თანაც იმ ნიშნებიისგან დამოუკიდებლად, რაც იაზრებოდა მის ცნებით შინაარსში. პოზიტივისტურ-სციენტისტური ტენდენციით უარყოფილ იქნა ღმერთის, როგორც კონკრეტული ფიზიკური არსის არსებობა და არა იმ ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ღმერთის ცნებით შინაარსში მოიაზრებოდა. ეს ნიშნები უდიდეს წილად მიეწერა თავად მატერიას. წესრიგი, მიზანშეწონილობა, მიზეზობრივი წინასწარგანსზღვრულობა, დიზაინერული შემოქმედებითობა, სიცოცხლისა და კოსმოსის შექმნის უნარი და ა.შ. აი ნიშანთა ის არასრული ჩამონათვალი რომელთა ერთობლიობადაც ყოველთვის იაზრებოდა ღმერთი და ნაკლებმნიშვნელოვანია მიეწერება ის რაიმე კონკრეტულ ფიზიკურ არსს თუ ზოგადად მატერიას, ჩვენ საქმე მაინც ღმერთის ცნებით შინაარსთან გვექნება.
. . .
თუ მატერიაა ისეთი ბუნების, რომ ითავსებს ყველა იმ ნიშნს, რაც მოიაზრება ღმერთის ცნებაში მაშინ მართლდება დებულება “deus sive natura”, რაც აკადემიურ ფილოსოფიაში საკმაოდ “დიდი ხნის ხილია” და ის პანთეიზმის სახელითაა ცნობილი.
ახლა დავუკვირდეთ იმ გარემოებას, რომ მატერია ორი სახისა — ორგანული და არაორგანული, მკვდარი და ცოცხალი. ეს მკვდარი მატერია საინჟინრო-ტექნიკურ საქმიანობაში ცნობილია “ინერტული მასალების” სახელწოდებით. “ინერტული მასალის” ცნებაში მოიაზრება ნებისმიერი სამშენებლოდ გამოსადეგი მატერიალი. ეს უკანასკნელნი საკუთარი ინიციატივით და შინაგანი აქტივობით ვერანაირი პროექტის მშენებლობას ვერ წამოიწყებენ. მათი ამგვარი ინერტულობა ავტომატურად მომდინარეობს იმ მადნეულისგან, რომელთაგანაც ისინი მზადდება და, რომელნიც ბუნებრივ მდგომარეობაში (მაგ., საბადოებში, ტყეებში, კლდეებსა თუ წყლებში) ერთობლივად ქმნიან ბუნების მრავალფეროვნებას, სამყაროს.
მეორეს მხრივ, ბიოლოგიაში შემეცნების ობიექტს წარმოადგენს ცოცხალი, არაინერტული, თვითმოქმედი სუბსტანციები, რომელნიც კარგავენ რა სიცოცხლის უნარიანობას, ხრწნის მეშვეობით გადადიან ინერტულ-მატერიალურ მდგომარეობაში. ე.ი. ცოცხალი კი უბრუნდება მკვდარ წიაღს, მაგრამ ხდება თუ არა იგივე პირიქით? ასეთი რამ, მიუხედავად გრანდიოზული მეცნიერული პროექტებისა, და ბიბლიური შეგონებისა — მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი — ჯერჯერობით ლაბორატორიულ პირობებში “მიწისგან” ანუ “ინერტული მატერიისგან” სიცოცხლის, თვითმოქმედი სუბსტანციის შექმნა ვერ მოხერხდა და თუ უდესმე მოხდება კიდეც ამით კვლავაც თეისტური (მათ შორის პანთეისტურიც) არგუმენტაცია დარჩება მოგებულ-გამყარებული და მოგვიწევს თავდაპირველი კოსმიური მასშტაბის მეცნიერ ლაბორანტის (იგივე ღმერთის) არსებობის აღიარება, რომელმაც ამ ექსპერიმენტს — მიწისგან სიცოცხლის შექმნა — იმთავითვე წარმატებით გაართვა თავი.
მანამ კი, სანამ ჩვენი მენიერებიც არ მიაღწევენ იგივე წარმატებას, სციენტისტური სიჯიუტით იმის მტკიცება, რომ სამყარო, მატერია თავად წარმოქმნის სიცოცხლეს, თავად ევოლუციონირებს და იწესებს შემთხვევით სწორედ ამგვარ მიზანშეწონილ კანონებს და ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფერს, ე.ი. საკუთარ თავს იაზრებს ადამიანის სახით, სხვა არაფერია თუ არა მტკიცება იმისა, რომ საყარო არის ღმერთი, რაც ღმერთის არსებობის პანთეისტური აღიარებაა და არა მისი არსებობის უარყოფა.
. . .
მაშ ასე, ანტიმეტაფიზიკური მოძრაობის წყალობით აკადემიური ფილოსოფიიდან განდევნილი მეტაფიზიკური პრობლემები სრულიად ლეგიტიმურნი ხდებიან პოზიტიურ ბუნებისმეტყველებაში. თანამედროვე მეცნიერებას ისინი არცთუ მეტაფიზიკური ეჩვენება.
რამდენადაც ეს პრობლემები მეცნიერების კომპეტენციაში გადავიდა, ხომ არ დარჩა აკადემიური ფილოსოფია “მეფე ლირის” მდგომარეობაში?
მე ვფიქრობ, რომ არა. აკადემიურმა ფილოსოფიამ კვლავაც უნდა გააგრძელოს თავისი არსებობა იმ ტენდენციით რომელსაც ის ამჟღავნებდა საერთოდ. კონცეპტუალური ანალიზი — აი საქმე, რომლითაც ფილოსოფოსები ყოველთვის იყვნენ დაკავებულნი.
ფილოსოფიისთვის, რამდენადაც ის წარმოგვიდგება კატეგორიათა კონცეპტუალურ ანალიზად, ისეთი დიდი მნიშვნელობა როდი აქვს კველვის კონკრეტულ და საკუთრივ საგანს, რამდენადაც კერძო მეცნიერებებისთვის. იმიტომაცაა, რომ კერძო მეცნიერებათა მიერ შემეცნების საგანთა მისაკუთრებამ ფილოსოფია ვერ დატოვა “მეფე ლირის” მდგომარეობაში. ფილოსოფიამ ნებისმიერი საგნობრივი არე შეიძლება შეიძლება მოიაზროს უფრო ზოგადი კატეგორიის აფარვის არეში და კონცეპტუალური ანალიზით მიღებული შედეგები განავრცოს მასზეც.
ცნებათა თუ კატეგორიათა, ექსისტენციალთა თუ უნივერსალიათა და ა.შ. ცნებითი შინაარსების ანალიზში და მათშორისი ურთიერთმიმართებების ლოგიკური სიმწყობრით მოაზრებაში, მსოფლმხედველობრივი სურათის შექმნაში ფილოსოფიას არავინ შეცილებია. ამგვარი საქმიანობა, მეცნიერების თანამედროვე კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მეცნიერული არაა, მაგრამ უეჭველია, რომ ამგვარი ანალიზის მოთხოვნილება, მსგავსად რელიგიური, სოციალური, ეთიკური, ესთეტიკური და ა.შ. მოთხოვნილებებისა ანთროპოსის ბუნებიდან მომდინარეობს და გამომჟღავნების სრული უფლება აქვს.
. . .
“არსი და არსება”
აკადემიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ცეტრალუური პრობლემა ისეთი ცნებების შინაარსთა ანალიზს და ურთიერთმიმართებათა დადგენას უკავშირდებოდა ისტორიულად, როგორიცაა არსი და არსება.
არცერთი კერძო მეცნიერული დისციპლინა არ აცხადებს პრეტენზიას არსისა და არსების ცნებით-შინაარსობრივ შემეცნებაზე.
მართალია, მეცნიერული დისციპლინები სწავლობენ არსს (არსებას ისინი საერთოდ არ სცნობენ), ოღონდ მის კონკრეტულობაში. მაგ., ბილოგია სწავლობს ცოცხალ არსს მის კონკრეტულობაში — მგელს, კიბორჩხალას, მტრედს და ა.შ. . რაც შეეხება სიცოცხლისა და არსის ზოგად ცნებით შინაარსს ბიოლოგიას ეს სრულიად არ ეხება.
. . .
არსისა და არსების პრობლემის სამნაირი დაყენებაა ცნობილი, მხედველობაში გვაქვს საკითხის ონტოლოგიური ასპექტი:
1) არსება წინ უსწრებს არსს. არსი არსების გამოვლენაა მის კონკრეტულობაში. არსება მარადიული, უცვლელი და ე.ი. ნამდვილად რეალურია, არსი დროში განსაზღვრული, ცვალებადი და ე.ი. მოჩვენებითი რეალობის მქონე. დავარქვათ ამ პოზიციას იდეალისტური;
2) ეს თვალსაზრისი ეთანხმება პირველს იმაში, რომ არსი არის დროში განსაზღვრული, ცვალებადი, რელატიური და ე.ი. ეფემერულ-მოჩვენებითი, თუმცა ამის შემდგომ მათი გზები იყოფა. არსი უსწრებს წინ არსებას. არსი რეალობაა არსება — პოტენცია, რომელიც არაა წინასწარ დადგენილ-განსაზღვრული, არამედ დამოკიდებულია არსზე. არსება არსით განისაზღვრება. დავარქვათ ამ პოზიციას ეგზისტენციალისტური;
3) ნამდვილი რალობა მიეწერება მხოლოდ არსს მის კონკრეტულობაში. არსებას რეალობა არ გააჩნია, მათ შორის არც პოტენციურად. არსების საკითხზე მსჯელობა ესაა მეტაფიზიკურ-ილუზორული წყლის ნაყვა. ამ პოზიციას ერთნაირი მართებულობით შეიძლება ვუწოდოთ, როგორც “გულუბრყვილო რეალიზმი“, ისე მატერიალისტური, პოზიტივისტური და საბოლოოდ პოსტმოდერნისტული.
. . .
თუ ჩვენ მესამე პოზიციას გავიზიარებთ, მაშინ ფილოსოფიას მართლაც “მეფე ლირის” მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხე დაემუქრება. როგორც ითქვა არსს სწავლობს კერძო მეცნიერება, ამიტომ მესამე თვალსაზრისი ყველაფერია ფილოსოფიის გარდა, მართლაც ამ მიმართულების წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა პროფესიულად კერძო მეცნიერებათა სფეროდან მოდიან და წარმოებულ “ფილოსოფიურ დისკუსში” სწორედ მათ ემყარებიან.
კი ბატონო, მავანს შესაძლოა სიმპათია გააჩნია სციენტისტურ-პოზიტივისტური ფილოსოფიისადმი, მაგრამ ეს, როგორც ვთქვით, არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ფილოსოფია მაინცდამაინც მეცნიერებაა (ყოველ შემთხვევაში, კერძო მეცნიერება ის ნამდვილად არაა), რომ ის აუცილებლად მეცნიერული ტენდენციისა უნდა იყოს და, რომ კერძო მეცნიერებათა საყოველთაო აყვავების თანამედროვე ეტაპზე ამ მეცნიერულ ფილოსოფიას რაიმე პოზიტიური ღირებულება გააჩნია.
შემთხვევითი როდია, რომ ჩვენი ეპოქა სრულიად არაფილოსოფიურია. ესაა მეცნიერებათა გაღმერთების და, მაშასადმე ზედაპირის, არსის ეპოქა. არსის კონკრეტულობაში შემეცნებისთვის კერძომეცნიერული შემეცნება სრულიად საკმარისია. ფილოსოფიას, რომელიც ყოველთვის ესწრაფვოდა და ესწრაფვის სიღრმეს, არსების შემეცნებას, ამ ეპოქაში არაფერი ესაქმება.
მაშასადამე, წმინდად ფილოსოფიური თვალსაზრისია იდელისტური და ეგზისტენციალისტური თვალსაზრისი. ამათგან პირველი არსებას მიაწერს რეალობას, მეორე პოტენციურობას, პირველისთვის არსება წინასწარ განსაზღვრულია, მეორესთვის განუსაზღვრელი “ან-ან”-ია.
. . .
რამდენადაც არსება მარადიულად, განსაზღვრულად, უცვლელად და ა.შ. წარმოიდგინება, ამედენად მან თავი უნდა აჩვენოს ყოველთვის იმად, რაც ის არის სინამდვილეში.
რამდენადაც არსი სრულიად საპირისპირო ნიშნებით დახასიათებული წარმოიდგინება, ამდენად ის არასოდეს აჩვენებს თავს იმად (ან მხოლოდ იმად) რაც ის არსის სინამდვილეში.
სხვათა შორის ამგვარადვე შეიძლება დავახასიათოთ ბუნებრივისა და ხელოვნურის ცნებათა შინაარსებიც.
. . .
არსისა და არსების ფუნდამენტური განსხვავება ჩანს ისეთ ფენომენთან მიმართებაში, როგორიცაა საზრისი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსს საზრისთან არ გააჩნია არავითარი თავისთავადი მიმართება. ყოველდღიურობას არსთა თანაცხოვრების დონეზე არანაირი საზრისი არ გააჩნია, და თუ ასეთად რაიმე დაისახება მას ექნება არა თავისთავადი, აბსოლუტური, ობიექტური რეალობა, არამედ სუბიექტური, რელატიური და დამოკიდებული. ამგვარი საზრისი არსივით ცვალებადი, მსხვრევადი და სიმყარეს მოკლებულია.
საზრისის ცნებაში ჩვენ გვესმის არსებობის გამართლება და ეს დავაფიქსირეთ კიდეც წინამორბედ სტატიებში. არსებობა კი შეიძლება გამართლებულ იყოს იმისა, რასაც გააჩნია რეალობა, მკაფიო და წარუვალი გარკვეულობა ან პოტენციურად ან რეალურად. თუ მიწყივ ცვალებადის, არამდგრადის საზრისსე დავიწყებთ მსჯელობას, მაშინ მისი არსებობის გამართლებაც მრავალნიშნა, სხვადასვანაირი, არამკაფიო იქნება, ე.ი. არ გვექნება აზრის გარკვეულობა.
ის, რასაც არ გააჩნია მკაფიო გარკვეულობა — არსს — ფაქტიურად არც არსებობს, რამეთუ მიწყივ იცვლება და, ამდენად, თავს ყოველ წამს აჩვენებს სხვად, არა იმად რაც არის. უბრალოდ ასეთია მისი არსი.
ე.ი. თუ არსს არსებისგან მოწყვეტილად წარმოვიდგენთ, მაშინ მას რეალობა არ გააჩნია და, მაშასადამე, არც მისი არსებობის გამართლების, საზრისის დადგენის საჭიროება არ დგას დღის წესრიგში. ამგვარი პრობლემა მეცნიერებითვის უცხოა, სამაგიეროდ ფილოსოფიისთვისაა ძალზე მნიშვნელოვანი.
. . .
ერთი სიტყვით, მთავარი ფილოსოფიური საკითხი და ძიება, ჩვენის აზრით ეხება არსების და, ამდენად ნამდვილი არსებობის საზრისის ფენომენს. ჩვენი სტატიის კონტექსტში საქმე ეხება ანთროპოსის არსების საზრისს. ანთროპოსის არსებად გვესახება პიროვნება, რამეთუ ისაა ანთროპული ყოფიერების ცენტრი.
ერსების არსებობის საზრისის ლაიბნიც-ჰაიდეგერისეულად დაყენებული საკითხი, ფუნდამენტურ მეტაფიზიკური კონტექსტიდან მომდინარე, იღებს შემდეგ ფორმულირებას — რატომ არის არსებული და არა არარა? შემდეგი კითხვა იქნება — რატომ არის არსებული მაინდამაინც ამგვარი გარკვეულობისა და ბუნების მქონე? მესამე იქნება — რისთვის არსებობს არსებული, რამდენადაც ის არასებობს და არსებობს მაინცდამაინც ამგვარად?
ყველა ეს საკითხი, ჩვენის აზრით, შეიძლება დავადვაჯამოთ ერთ კითხვაში — რა ამართლებს ნამდვილად არსებულის (ე.ი. არსების) არსებობას? იმდენად, რამდენადაც ჩვენი ინტერესი ანთროპოლოგიურია ნამდვილად არსებულის ცნებიდან გამოვყოფთ ანთროპოსის არსებას, პიროვნებას და დავაყენებთ კითხვას — რა ამართლებს პიროვნების არსებობას?
აქ მოკლედ გავიხსენებთ პიროვნებასთან დაკავშირებულ წინამორბედ სტატიებში (“აბსოლუტური თავისუფლება და თეო-ანთროპოსი”,”გაუცხოების ფენომენი” და სხვა) გამოთქმულ თვალსაზრისს. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს მაგრამ სხვანაირად ვერ ვიტყვით — პიროვნების არსებობას თავად პიროვნება ამართლებს ან თავად პიროვნებამ უნდა გაამართლოს. პიროვ-ნება უნდა ამაღლდეს საკუთარი ნებელობის მართვის სრულ თავისუფლებამდე, მან უნდა გადალახოს საკუთარი გაუცხოება — გაუცნობიერებელი ნებელობითი აქტივობა, რომელიც გამსჭვალავს ანთროპოსის ყოფიერების პირველ სამ პლასტს — ემპირიულ სუბიექტ-ობიექტს (ცოველურ დონეს, სადაც პიროვნული ნება წმინდად ინსტიქტურ-გაუცნობიერებელია), რაციონალურ სუბიექტ-ობიექტს, და ინდივიდუალურ მოფიქრალ მე-ს. ცხადია ამ პლასტებში პიროვნული ნების გაუცხოება სხვადასხვა ხარისხისაა, მეტ-ნაკლებია, მაგრამ ეს ნება სრულიად ცნობიერი, გაუცხოება გადალახული, თავის-უფალი მხოლოდ პიროვ-ნების საფეხურზეა.
. . .
იმდენად, რამდენადაც არსება ისეთი არსებულია, რომელიც სრული გარკვეულობის მქონეა და აბსოლუტური ბუნებისაა, შეუძლებელია, რომ ის არსებობდეს წარსულში და აწმყოში, ან უეცრად დაიწყოს არსებობა მომავალში. ნამდვილად არსებული მარადიულია.
მაშასადამე, სარტრის ეგზისტენციალური პოზიცია, რომ არსი წინ უსწრებს არსებას, სამართლიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებისა და არსის ონტოლოგიას ერთმანეთისგან არ გავმიჯნავთ.
ჩვენი სტატიების სერიის კონტექსტიდან გამომდინარე, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ანთროპოსის ონტოლოგიური სურათი, სარტრის დებულება სამართლიანია ანთროპოსის ისეთი პლასტის მიმართ, რომელსაც ჩვენ უწოდებთ “ადამიანს” და არა “პიროვნების” ცნების მიმართ, რომელიც ანთროპული ზრდის ზღვრული სიდიდეა და მარადისობასთან ზიარების მიჯნად წარმოგვიდგება
. . .
მაშასადამე, ანთროპულ ყოფიერებას, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, უკვე ე.წ. ადამიანის საფეხურზე (რომელშიც ჩვენ ვგულისხმობთ ემპირიულ სუბიექტ-ობიექტზე, ანუ ცხოველის საფეხურზე მაღლა მდგომ რაციონალურ სუბიექტ-ობიექტს) ძალუძს მიიღოს ყოფიერების გარკვეული გაგება — მსოფლმხედველობა. რაც შეეხება მსოფლმხედველობის ორიგინალურ ჩამოყალიბებას, ის მხოლოდ ინდივიდუალის საფეხურიდანაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ყოველდღიურ ყოფას, რომლის ყოფიერების გაგებიდანაც უნდა ამოვიდეთ ფილოსოფიური ძიებისას, აქ მსოფლმხედველობის ფილოსოფიურ ცნებას ანაცვლებს პასუხი კითხვაზე — რა არის ცხოვრება?
ცხოვრების მრავალნაირი გაგება არსებობს და ყველას აქვს უფლება გაიზიაროს ნებისმიერი მათგანი.
ცხოვრების რაობის გაზიარების ორი გზა არსებობს — პასიური, ზერელე, მზამზრეული (რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ ზემოხსენებული ნეგატიური ფილოსოფიის ცნების ქვეშ) და აქტიური, სიღმისეული, თვითმიღწეული. პირველი გზა ესაა მასობრივ-Man-ური ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი გზა — მე ვიზიარებ ცხოვრების ამგვარ გაგებას იმიტომ, რომ ასეთ გაგებას იზიარებს ზოგადად ყველა.
მეორე გზა, ესაა გზა ადამიანიდან ინდივიდუალისაკენ. როცა რაციონალური სუბიექტ-ობიექტი საკუთრი ინტელექტუალური ძალისხმევით, პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებს მყარ მსოფლმხედველობას იგი უკვე შეიძლება ჩაითვალოს ანთროპული ყოფიერების შკალაზე უფრო მაღლა მდგომად ვიდრე ადამიანის საფეხურია — ინდივიდუალად (ხოლო თუ ინდივიდუალი თავის ორიგინალურ მსოფლმხედველობას თავისუფალი ნებით ზედმიწევნით უქვემდებარებს თავის ყველა პლასტში მიმდინარე იმანენტურ პროცესებს, მაშინ სახეზე გვაქვს პიროვნება); რამეთუ, მისი გაგება ცხოვრებისა არაა საზოგადოდ ზერელედ გაზიარებული რამ, არამედ მისეულია და, ამდენად, ორიგინალური, რაც თავისთავად მეტყველებს მის არამასობრიობასა და ინდივიდუალობაზე.
როცა საქმე გვაქვს პირველ გზასთან, ცხოვრების გაგების ზერელე ფორმულის უკან ყოველთვის დგას არადემონსტრირებული, ფარული, პასუხგაუცემელი დებულებები, რომელიც ლოგიკური აუცილებლობით წინდაწინ უნდა იქნეს გადაწყვეტილი რათა ცხოვრების გაგების ფორმულირება მოხერხდეს. მათი დემონსტრირება, მათზე პასუხის გაცემა რომ არ ხდება Man-ის მიერ, სწორედ იმიტომაა მისი მსოფლმხედველობა ზერელე, ზედაპირული, მზამზარეული ანუ ნეგატიურ-ფილოსოფიური.
ინდივიდუალად ამაღლების გზაზე შემდგარი ადამიანის ძიება ცხოვრების გაგებისთვის სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყველა წინასწარ გადასაწყვეტ საკითხს ადემონსტრირებს, შეგნებულად პასუხობს და მათი ლოგიკური კავშირების საფუძველზე ადგენს საკუთარ გაგებას. ამ ყველაფერს ეთანადება ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული კონცეპტუალური ანალიზი და პოზიტიური ფილოსოფია.
. . .
თანამედროვე ვესტერნიზებული ცივილიზაცია, რომლის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ ლას-ვეგასი, მონტე კარლო და ამსტერდამი (აზარტული თამაშების, ნარკოტიკების და პორნო ინდუსტრიის ლეგალური კერები), განსხვავებით იგივე ბუდასაგან, საყოველთაოდ ამკვიდრებს ყოფიერების ისეთ გაგებას, რომელშიც ადამიანის ცხოვრება ტანჯვა კი არაა, არამედ — გართობა.
ამგვარი გაგების ზედაპირულობა ერთობ თვალშისაცემია. გასართობი ინდუსტრიის ამგვარი “განვითარებულობა” ანთროპული ყოფიერების არსების გამოხატულება და მისი საზრისის დემონსტრირება კი არაა, არამედ — არსებითის და სიღრმისეულის დავიწყების, გადაფარვის, შენიღბვის შეგნებული მცდელობაა (რაც გაუცხოების ფენომენის მრავალი ფორმის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა). ინდუსტრიის ბოსებმა კარგად უწყიან მასობრივ-Man-ური სულისკვეთება და ფსიქოლოგია, რითაც შესანიშნავად აბამენ ზღვა ხალხს თავიანთ დაგებულ, ფულის საშოვნელ მახეებში — კაზინოებსა და ბორდელებში.
ამგვარი გარემოს ორომტრიალში თავდავიწყებით გადაშვებულ მასას, გაბრუებული ცნობიერება ეუბნება, რომ ცხოვრების ეშხი გართობაა. მას საერთოდ ავიწყდება ყველაფერ იმის არსებობა, რამაც ბუდას ათქმევინა, რომ ცხოვრება არის ტანჯვა — სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი.
მასობრივ-Man-ური სულისკვეთება ამბობს — მე ერთხელ მოვდივარ ამქვეყნად, ამიტომ უნდა გავერთო და “დავტკბე” ცხოვრებით. მასას თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული და ვერ აცნობიერებს, რომ ეს “ცრუ ტკბობაა”, თუ რამდენი უბედურება იმალება ამ “ტკბობის” უკან — აღვირახსნილი სექსუალურ ცხოვრება ვენერიული დაავადებების და შიდსის წყაროა, უზომო აზარტული თამაშები — გაკოტრებისა და თვითმკვლელობის, ნარკოტიკები — ფსიქო-ფიზიკური დაავადებების და ანთროპული დეგრადირებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა და ა.შ.
ყოველივე ეს რომ გაუცნობიერებლად ხდება მასის თავს იმიტომაცაა მისი გაგება ცხოვრებისა — ცხოვრება გართობაა — ზედაპირული და უსაფუძლო.
იგივე ბუდა, რომელიც მსოფლიო ისტორიის გამორჩეული ინდივიდი და პიროვნებაა, გვეუბნება, რომ ადამიანის ცხოვრება მრავალჯერადი ტანჯვაა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვალთ ამ ცოდვილ მიწაზე და ყოველთვის დავიტანჯებით თუ არ ვიზრუნებთ სანსარული ორომტრიალიდან თავის დაღწევისთვის და ნირვანულ მარადისობასთან ზიარებისთვის.
ეს უკანასკნელი მიღწევადია სურვილებისა და ხუშტურების დაძლევა-დამორჩილების გზით. სურვილები და ხუშტურები გასართობი ინდუსტრიის კარკასს შეადგენს — უფრო მეტი ფულის მოგების, უფრო ძლიერი სექსუალურ-ნარკოტიკული შეგრძნებისადმი ლტოლვის სურვილი ამოძრავებს მასებს და, მაშასადამე, ამ ინდუსტრიასაც.
რაც შეეხება ინდივიდუალობისაკენ მიმსწრაფ, ე.ი. არამასობრივ ადამიანს(რომელიც ზერელედ არ იღებს არც იმ ფორმულას, რომ ცხოვრება არის ტანჯვა, და არც იმას, რომ ცხოვრება არის გართობა, არამედ შეგნებული ძალისხმევით მიდის ცხოვრების ამა თუ იმ გაგებამდე), მისთვის სრულიად ნათელი ხდება, რომ ფორმულირებულ პასუხამდე მისასვლელად მრავალ კითხვას უნდა უპასუხოს.
კითხვა — რა არის ცხოვრება? — გულისხმობს წინასწარ პასუხს კითხვებზე — რა არის ადამიანი?, რა არის მისი დანიშნულება?, რა არის საზრისი?, რას ნიშნავს არსებობა? და ა.შ. როცა ინდივიდი ამ პასუხებს მოიძიებს, მერეღა დაადგენს, თუ რას წარმოადგენს ცხოვრება.
როგორც ზემოთ ითქვა, ყველა ეს კითხვა თავს ირყრის ერთი უმთავრესი კითხვის გარშემო — რა არის ანთროპული ყოფიერების საზრისი?, რა ამართლებს ანთროპოსის არსების არსებობას? ამიტომ მართებულია იმ თვალსაზრისის გაზიარება, რომ ანთროპოსის უპირველესი ამოცანა ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა და არა გართობა.
როცა საქმე ეხება მასას, რომელსაც მიაჩნია, რომ ცხოვრება გართობაა, მთავარ კითხვაზე პასუხი ანონიმურად და გაუცნობიერებლადაა ნაგულისხმევი. მაშ როგორ მივიდა ის ცხოვრების გარკვეულ გაგებამდე? საიდან დაადგინა, რომ ცხოვრება გართობაა? პასუხი ნათელია — მას არაფერიც არ დაუდგენია, უბრალოდ ზერელედ და ზედაპირულად გადაიღო სხვათაგან და აჰყვა ფეხის ხმას.
ამდენად, უპირველესი ანთროპული ამოცანა მდგომარეობს საკუთარი არსებობის გამართლების, საზრისის დადგენაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს საკუთრივისა და საზოგადოს, არსებობისა და არარსებობის, დროულისა და მარადიულის, ღირებულისა და ყავლგასულის და ა.შ. ცნებათა ანალიზს. სწორედ ამგვარი აქტიური ორიენტირებით იდება ხიდი ანთროპოსის ცხოველურ-ადამიანური საფეხურიდან ინდივიდუალისაკენ და შემდგომ პიროვნებისაკენ.
სწორედ პიროვნებად შედგომა გვესახება ჩვენ ანთროპოსის არსებობის გაგამართლებად — ცხოვრება არის პიროვნებად ამაღლების შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც გართობის გამო ნამდვილად არ ღირს.
Abstract
In this article we will discuss issues such as the essence of anthropic existence, the nature, purpose and alternative directives of phylosophy, the fate of a person and phylosophy in contemporary scientific world, which we call „the epoch of super collider“.
All these topics will be discussed on the basis of anthropological picture framed in previous articles and the meaning of concepts such as anthropos (with its four potential modus: animal, human, individual and person), free will, opinion and etc.