შემეცნების მიზანი და მისი შედეგიც, თუკი ის წარმატებით ხორციელდება, არის ფაქტების, ფაქტებს შორის არსებული კავშირების, კანონზომიერებების ცოდნა. ცოდნას ვაყალიბებთ და გამოვთქვამთ ცალკეული წინადადებების ან წინადადებათა ისეთი სისტემის სახით, რომლის ჭეშმარიტებაც ჩვენთვის ცნობილი ხდება შემეცნების პროცესში. როგორ ახერხებს ადამიანი იმის დადგენას, რომ ესა და ეს დებულება, შესაბამისად, მისი გამომთქმელი წინადადება არის ჭეშმარიტი ან მცდარი? უფრო ზუსტად, რას ეყრდნობა ადამიანი როგორც საფუძველს, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას წინადადების ჭეშმარიტების ან მცდარობის თაობაზე?
ცოდნის დიდ ნაწილს ადამიანი სხვა ადამიანებისგან იღებს, ისინი, მაგ., მასწავლებელი ან სპეციალისტი უშუალოდ ან წიგნების მეშვეობით აუწყებენ მას შემეცნების პროცესში ადრე მოპოვებულ შედეგებს. ცოდნის სხვისგან ათვისების ამ პროცესს სწავლის პროცესი ეწოდება.
თუმცა კითხვა შეიძლება შეეხოს უფრო ღრმა ვითარებას — რას ეფუძნება ადამიანი ცოდნის პირველადად მოპოვებისას? ე.ი. მაშინ, როდესაც ადამიანი არ კმაყოფილდება სხვებისგან მიღებული ცოდნით (ან არ ელოდება ამას) და თვითონ, სხვებისგან დამოუკიდებლად ცდილობს მოიძიოს სანდო საყრდენი ცოდნის გასაფართოებლად.
ზოგჯერ ასეთი საყრდენი არის ცალკეული სიტყვების ან ფრაზების მნიშვნელობები, მათი ხმარების წესები. რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტია თუ არა წინადადებები — „თუ ერთი ადამიანი მეორის დედაა, მაშინ ის ქალია“, „მაზლი არის ქმრის ძმა“ და სხვა, საკმარისია ვიცოდეთ სიტყვების „დედა“, „მაზლი“ ენაში დამკვიდრებული მნიშვნელობები (საზრისები). ასეთი წინადადებების ჭეშმარიტება-მცდარობის საბოლოო საფუძველი არის სიტყვების (ან ფრაზების) საზრისთა განსაზღვრა-შემუშავება, რაც ენობრივი კოლექტივის (ამ სიტყვის ლოგიკური თვალსაზრისით) წევრების „გადწყვეტილებით“, „შეთანხმებით“ ხდება.
თუმცა, ცოდნის მოპოვების პროცეში სიტყვათა საზრისებზე დაყრდნობა მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში შედეგიანი; მაგ., სიტყვა „დედა“-ს საზრისში ნაგულისხმევია თუ რა ვითარებაში, ადამიანთა შორის არსებული რომელი დამოკიდებულების აღსანიშნავად უნდა გამოვიყენოთ იგი, მაგრამ, ის არაფერს გვეუბნება იმაზე „A“ მართლაც არის თუ არ „B“-ს დედა, ან სხვა რა თვისებები აქვთ მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (ვთქვათ, არის თუ არა „A“ ან „B“ ლმობიერი და ა.შ.).
ზოგჯერ ცოდნის გაფართოებისთვის საყრდენია “სინამდვილეზე უშუალო დაკვირვება“ — გრძნობადი მონაცემების (ემპირიული გამოცდილების) საფუძველზე გადაწყვეტა იმისა, ჭეშმარიტია თუ არა ესა და ეს წინადადება. სინამდვილეზე უშუალო დაკვირვება გულისხმობს საგნებისა და მოვლენების ჭვრეტას, მათ აღქმას, განცდას და ამ მიზნით ნებისმიერი გონებრივი თუ პრაქტიკული ოპერაციის შესრულებას. ჭეშმარიტება წინადადებებისა — „ფანქრი, რომელიც ხელში მიჭირავს, არის მწვანე“, „ახლა ცა ღეუბლებით არის მოფენილი“, „ეჭვმიტანილს მხარზე ნაჭრილობევი აქვს“ და სხვა, შეგვიძლია დავადგინოთ ჩვენი გრძნობადი მონაცემების საფუძველზე — დავხედავ ფანქარს და გავიგებ, მართლა მწვნეა თუ არა იგი, ავხედავ ცას და დავინახვ მოღრუბლულია თუ არა, დათვალიერებით დავადგენ, აქვს თუ არა ეჭვმიტანილს მხარზე ნაჭრილობევი და ა.შ.
სინამდვილეზე უშუალო დაკვირვებაც ცოდნის გაფართოების ზოგჯერ გამოსადეგი ხერხია. მეცნიერების კანონებს, მაგ., „გრავიტაციის კანონს“ მხოლოდ ემპირიული გამოცდილების საფუზველზე ვერ დავადგენთ. გრძნობადი დაკვირვებით შეიძლება დავინახოთ, როგორ ვარდება ვაშლი ძირს, მაგრამ თავად მიზიდულობის კანონს ამ ხერხით ვერ დავინახავთ. მეცნიერების კანონები, ჯერ ერთი, ეხებიან უსასრულოდ ბევრ მოვლენას, ხოლო უსასრულოდ ბევრი საგან-მოვლენის აღქმა შეუძლებელია; მეორეც, იმას, რასაც ეს კანონები გვეუბნებიან, არც ფერი აქვთ, არც გემო, არც ხმა, რომ შევიგრძნოთ.
ასევე შეუძლებელია მხოლოდ გრძნობადი მონაცემების საფუძველზე მივიღოთ გადწყვეტილება ისეთი წინადადებების ჭეშმარიტება-მცდარობის თაობაზე, რომლებიც წარსულსა და მომავალს, ანდა ადმიანთა ქცევის მოტივებს ეხებიან.
ცოდნის გაფართოების კიდევ ერთი გზა არის მსჯელობა, განსჯა, ბჭობა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დებულების, მისი გამომთქმელი წინადადებების ჭეშმარიტება დავადგინოთ ადრე მოპოვებული ცოდნის გამომთქმელი წინადადებების საფუძველზე.
არ არსებობს აზროვნების, შემეცნების სფერო, სადაც ჭეშმარიტად მიჩნევის საფუძვლად ბჭობას არ ვიყენებდეთ. ამის ყველაზე მკაფიო ნიმუშია თეორემის დასაბუთება გეომეტრიაში. გეომეტრიული დასაბუთებისას აქსიომებიდან, განსაზღვრებებიდან და უფრო ადრე დამტკიცებული თეორემებიდან ვცდილობთ გამოვიყვანოთ შედეგად ახალი თეორემა და ამით სარწმუნო გავხადოთ მისი ჭეშმარიტობა. მსგავსად ამისა, ექიმის მიერ დიაგნოზის დასმა ავადმყოფის სიმპტომებზე დაკვირვებისა და ანალიზების შედეგების გაცნობის საფუძველზე ჩატარებული ბჭობის შედეგია. მართლაც, მას შემდეგ, რაც ექიმმა გასინჯა ავადმყოფი და მიიღო ინფორმაცია ავადმყოფობის სიმპტომებზე, გაეცნო ანალიზებისა თუ სხვა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგბს, ის გარკვეული ფიქრის შემდეგ, ყოყმანით ან დარწმუნებით გამოთქვამს თავის მოსაზრებას ავადმყოფობის რაობაზე და სვამს დიაგნოზს. მას რომ ხმამაღლა ეფიქრა, აშკარად დავინახავდით, რომ მისი ფიქრის მიმდინარეობა ძალიან ჰგავს გეომეტრიული თეორემის დასაბუთებას — ეყრდნობა რა თავის ცოდნას, რომლის ნაწილიც წიგნებიდან და მასწავლებლებისგან შეიძინა, ნაწილი კი საკუთარი გამოცდილებით მოიიპოვა — მას თავისი შეხედულება დიაგნოზის შესახებ შედეგად გამოჰყავს მათგან. მსგავსად ამის, გამომძიებლის მიერ დანაშაულის გახსნა ხდება ბჭობით იმ ცოდნის საფუზველზე, რომელიც მან მოიპოვა დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებზე დაკვირვებით.
ბჭობით იმ დებულების ჭეშმარიტება, რომლის საფუძველზეც ვაწარმოებთ დასაბუთებას, დაგვყავს სხვა დებულებების ჭეშმარიტებაზე, სხელდობრ ვგულისხმობთ, რომ გამოყვანილი დებულების ჭეშმარიტობა სარწმუნოა, იგი ჭეშმარიტად უნდა მივიჩნიოთ იმის გამო, რომ ჭეშმარიტად მიგვაჩნია ის დებულება, რომლიდანაც იგი გამოვიყვანეთ. ასეთი დამოკიდებულება არგუმენტებსა და თეზისს შორის საფუძვლად უდევ ბჭობის გარკვეული აზრით შებრუნებულ გამოყენებასაც. ხშირად იმ დებულებების ჭეშმარიტება, რომელთაგანაც გამოგვყავს შედეგი, უცნობია და არც არსებობს მისი უშუალოდ შემოწმების შესაძლებლობა და ამიტომ მათგან გამოყვანილ შედეგს, რომელიც ჭეშმარიტი უნდა იყოს თუ ჭეშმარიტია წანამძღვრები, ვიყენებთ მათსავე შესამოწმებლად. ვთქვათ, წამოყენებულია სამეცნიერო ჰიპოთეზი, რაიმე მოვლენის ასახნელად, ან საგამომძიებლო ვერსია დანაშაულის ჩამდენის ვინაობაზე და მოტივებზე და მათი უშუალო შემოწმება ჯერჯერობით ან საერთოდ შეუძლებელია. რას დავეყრდნოთ გადაწყვეტილების მისაღებად? მივიჩნიოთ თუ არა ის სარწმუნოდ? ჰიპოთეზის შემოწმების, მისი გარკვეული ხარისხით დადასტურების ან საერთოდ უარყოფის ერთ ერთი მეთოდია მისგან უშუალოდ შემოწმებადი შედეგების გამოყვანა, რაც ბჭობით ხორციელდება. თუ ზოგიერთი შედეგი შემოწმების შედეგად მცდარი აღმოჩნდება, მაშინ სრული უფლება გვაქვს ეჭვი შევითანოთ ჰიპოთეზის ჭეშმარიტებაში. მსგავს ვითარებებს ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ხშირად არსებობს არა ერთადერთი, არამედ უამრავი შესაძლებლობა (ალტერნატივა) იმისა, თუ როგორ მოვიქცეთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა რაიმე საკითხთან დაკავშირებით და უნდა გავაკეთოთ არჩევანი ამ შესაძლებლობებიდან, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ კონკრეტულად როგორ ვიმოქმედოთ. ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც ვეყრდნობით ასეთ შემთხვევაში, არის არსებული შესაძლებლობებიდან შედეგების გამოყვანა და მათი ურთიერთშედარება: თუ ასე და ასე მოვიქცევი მოხდება ეს, თუ ისე — ის და ა.შ. როგორც წესი, ჩვენ ვირჩევთ იმ შესაძლებლობას, რომლისგან დამდგარი შედეგბიც უფრო მისაღებად მიგვაჩნია.
ადამიანს ბჭობა-განსჯის უნარი რომ არ ჰქონდეს, ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ გრძნობად გამოცდილებაში მოცემული მოვლენებით და იძულებული იქნებოდა მოქცეულიყო მხოლოდ ინსტინქტების კარნახით. ბჭობა საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ სამყაროს სიღრმეში, ამოვიცნოთ მასში მოქმედი ფარული ძალები, გავითვალისწინოთ მოვლენათა სამომავლო შედეგები და ა.შ.
ბჭობა სასრული სააზროვნო პროცესია, ის იწყება და სრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ბჭობის პროცესში დადგენილ იქნა რაიმე დებულების ჭეშმარიტება-მცდარობა.
ბჭობის შემადგენელი კომპონენტებია დებულებები, ან მათი გამომთქმელი წინადადებები და პროცესს ქმნის მათი გარკვეული წესებით დალაგება. მაშასადამე, ბჭობა არის დებულებათა, მათ გამომთქმელ წინადადებათა გარკვეული წესებით დალაგებული სასრული მიმდევრობა.
საბუთად (ბჭობის პროცესის ერთ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად) მიიჩნევა ყველა დებულება, თუკი მას გამოვიყენებთ სხვა დებულებების ჭეშმარიტება-მცდარობის დასადასტურებლად და სულ ერთია მათი ჭეშმარიტება-მცდარობა ბჭობამდე იყო დადგენილი თუ ბჭობის პროცესში დადგინდა.
ბჭობის პროცესში დებულებათა გარკვეული მიმდევრობით დალაგება გამოყვანილი დანასკვების (დანასკვის ბუნების თაობაზე იხილეთ ლ.მჭედლიშვილის და ნ.ივანიძის „ლოგიკის“ სახელმძღვანელო) თანმიმდევრობით განისაზღვრება. ამდენად, ბჭობა არის დებულებათა ისეთი სასრული დალაგებული მიმდევრობა, რომლის ყოველი წევრი არის ან წანამძღვარი, ან გამოყვანილია მიმდევრობის წინა რომელიმე წევრებიდან დანასკვის სახით.
დავაკვირდეთ შემდეგ მაგალითს
არცერთი ქველმოქმედი არ არის ძუნწი
————————————————-
არცერთი ძუნწი არ არის ქველმოქმედი
სადაც კარგად ჩანს, რომ ბჭობასა და დასკვნას შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს; უბრალოდ დასკვნა ისეთი ბჭობაა, რომელიც მხოლოდ წანამძღვრებისგან და თეზისისგან შედგება (ხსენებულ სახელმძღვანელოში იხილეთ ე.წ. „ენთიმემის“ შესახებ).