Skip to main content

ირაკლი გოგიჩაძე. “პოსტმოდერნიზმის ონტოლოგიური სურათი” (კიბერ-რეალიზმი)

კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-30 2026 წ.

ამ სტატიაში ვაგრძელებთ წინა ორი სტატიის — „არსი და ცნობიერება“ და „ეპოქალური მსოფლმხედველობების საფუძველი“ (ფილ. ძიებანი N-28 და N-29) — თემატიკას, რომელიც ონტოლოგიური ხასიათისა. იქ განვიხილეთ სხვადასხვა ეპოქების ონტოლოგიური სურათები — ანტიკურობა, შუა საუკუნეები, ახალი დრო — და დავაზუსტეთ გარკვეული ტერმინოლოგია, რომლებიც ქმნიან იმ კატეგორიალურ აპარატს ყოველგვარ ონტოლოგიას რომ ჰაერივით სჭირდება. ეს აპარატი, მოგეხსენებათ, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა იმის ნათელსაყოფად, თუ რა მიიჩნევა და რის საფუძველზე მიიჩნევა რაიმე რეალურად.

პოსტმოდერნისტული ეპოქის სრული ადეკვატურობით მიმოხილვას ვერ გაწვდება ერთი სტატია, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. წინამდებარე სტატია ამ წამოწყების მცდელობაა და ღიაა კრიტიკული შენიშვნებისა და დარიგებებისთვის.

.          .          .          .          .

სამყაროს უსასრულობასა და ორომტრიალში გადაგდებულ (ჰაიდეგერი) და თავისუფლებთ დაწყევლილ (სარტრი) ანთროპოსს ყოველთვის გააჩნდა მისწრაფება  ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უსასრულობის (კანტი), რომლიც  თავზარს გვცემს (პასკალი), შემოფარგვლისა და იქ არსებული ორომტრიალის მოწესრიგებისა. ჯერ კიდევ ველურობის პერიოდში ჩნდება ამ მისწრაფების ნიშნები, მაგ., გამოქვაბული და კედლის მხატვრობა. ცხადია, აქვე იკვეთება მესამე მისწრაფებაც, დემარკაციისა და სისტემატიზაციის გვერდით — შემოქმედებითობა, ანუ ახლის ქმნის ტენდენცია, რომლის გარეშეც ყველაფერი სხვა წარმოუდგენელია. სამყარო, მიუხედავად მისი უსასრულობისა, ანთროპოსს ცარიელი ეჩვენება და ცდილობს თავისი შემოქმედებითი თუ ხელოვნებითი ქმნილებებით შეავსოს ის, ყოველ შემთხვევაში შეავსოს მისი ის ნაწილი მაინც, რომელიც მან დემარკაციაჰყო და დაისაკუთრა. ამ მესაკუთრეობის პირველ სიმბოლურ განსახიერებად გვესახება გამოქვაბულის სახლად გადაქცევა. გამოქვაბული, მართალია თავისთავად სამყაროს ნაწილია, მაგრამ, აქცევს რა  მას ანთროპოსი საცხოვრისად და უწოდებს მას სახლს, ის ხდება სულ სხვა ონტოლოგიური საზრისის მატრებელი. სახლი, როგორც მამრდაშვილი ამბობს, უბრალოდ ინერტული მასალებისგან ქმნილი ნაგებობა კი არაა, არამედ ესაა ყოველი ჩვენგანის უინტიმურესი საზრისის მატარებელი ტოპოსი, რომელთანაც დაკავშირებულია ყველაფერი ის, რაც ჩემი ცხოვრების სავსეობას წარმოქმნის — სახლს უკავშირდება მოგონებანი ბავშვობის უზრუნველ წლებზე, მშობლების ალერსი, კერიის სითბო და უამრავი რამ. საერთოდაც, ანთროპული ყოფა, როგორც ეს ჩვენ წინამორბედ სტატიებშიც ხშირად აღგვინიშნავს, საზრისმატარებელ მოვლენებს შორის უსასრულო ურთიერთმიმართებების ღია სისტემაა. ჩვენ ერთმანეთთან და სამყაროსთან საზრისებით გაშუალებული კონტაქტებისა თუ კომუნიკაციების ქსელში ვსუფევთ და ჩვეულებრივ არასოდეს მოვდივართ უშუალო შეხებაში არაფერთან, თვით საკუთარ მე-სთანაც კი. უშუალო შეხებაში რაიმესთან მოსვლა დიდ მისტიურ ტექნიკათა ფლობას მოითხოვს, რაც ჩვენ, უბრალო მოკვდავთ არ ხელგვეწიფება.

ანუ, სამყაროს უსასრულო ორომტრიალის შედეგად არსებობაში შემოდის გარკვეული არსები, რომელთა მოდიფიცირება თუ გენეოლოგიზირებაც ანთროპული ჩარევის გარეშე ხდება. თავად ანთროპოსის არსებობაში შემოსვლაც მისგან უნებურად განხორციელებული ხდომილებაა (არსებობაში საკუთარი ნებით შემოსვლის ფენომენი კაცობრიობის ევოლუციის ძალზე მოგვიანო მოვლენაა და ის პირდაპირ კავშირშია ქრისტეშობასთან). ეს შემოსვლა წმინდად ონტოლოგიურ-მეტაფიზიკური მოვლენაა, რომლის საზრისის (ანუ ამ მოვლენის არსებობის გამართლების) აბსოლუტური გაგება შეუძლებელია. თუმცა ამგვარი რამ არაა ერთედერთი გზა არსებობის რე-ფორმირებისა. არის კიდევ, სულ მცირე ერთი გზა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ანთროპულ-შემოქმედებითი. შემოქმედებით ხელოვნებას შედევრის სახით არსებობაში შემოყავს რაღაც ახალი საზრისმატრებელი არსი, მანამდე არ არსებული. ეს გზა ჯერ კიდევ გამოქვაბულის კედლის მხატვბრობისგან იღებს დასაბამს. ანთროპოსის ამ ევოლუციურ ეტაპს თავისი ონტოლოგია გააჩნია, თუმცა გაურკვეველია, რამდენად აცნობიერებდა ის ამ ონტოლოგიას მაშინ. გამოქვაბული შიდა, იმანენტური სამყაროა ანთროპოსისა, ხოლო გამოქვაბულს გარეთ მდებარე, ტრანსცენდენტური. ეს უკანასკნელი მტრული და საშიშროებით აღსავსეა მისთვის. ამ ორ სმყაროს შორის ზღვარი გამოქვაბულის შესასვლელთან გადის. გარე სამყარო ბობოქრობს, იქ დარბიან საზარელი მხეცები, ღელავენ ზღვები და ოკეანეები, იფრქვევიან ვულკანები… კედლის მხატვრობა ტრენსცენდენტურის იმანენტურში შემოყვანის მცდელობაა, გამარჯვებაა მასზე. ნადირობის ამსახველ სცენაში, სადაც მაგ., მამონტი შუბებით ხელშემართული მონადირეების გარემოცვაში იცლება სისხლისგან, სწორედ ტრანსცენდენტურის მორჯულება უნდა დავინახოთ, მონადირეები გამარჯვებას ზეიმობენ, ხოლო გარესამყარო გაუვნებელყოფილია. სხვათა შორის, პლატონის ცნობილი „გამოქვაბულის ალეგორიის“ გახსენება აქ არ იქნებოდა უადგილო — ყველაფერი გამოქვაბულიდან იწყება.

ველურობის პერიოდის ამგვარი მაქინაციებით იქმნება თქმულებანი გმირებზე და მითოსი, რომელიც მთელ ანთროპულ სამყაროს ასახიერებს და ისე ჩანს, რომ შემოქმედებითობის ზღვარი უსასრულოდ ზრდადია, რომ უსასრულო და საკუთრი ევოლუციური გზით მავალი სამყაროს პარალელურად შეიქმნება ასევე უსასრულო, ანთროპულად მოწესრიგებული ისტორიული ან საზრისმატერებელი არსების ურთიერთმიმართებითი სამყარო, რომ არსებობაში შემოვა სულ ახალახალი ქმნილებანი შემოქმედებისა. ეს ასე ჩანდა არა მხოლოდ ველურობის ეტაპზე, არამედ ანტიკური კულტურის წიაღში ჩამოყალიბებული ცნობიერებისთვისაც, როცა ხელოვნება და ფილოსოფია არნახულ სიმაღლეებს იპყრობს. იგივე შემართება იჩენს თავს მომდევნო ისტორიულ-ეპოქალურ პერიოდშიც, როცა დგება ჟამი ჯერ თეოლოგიის, ხოლო შემდგომ სციენტიზმის ზეობისა, რომელმაც მოიყოლა ჟამი ხელოვნური ინტელექტისა, რაც შემოქმედებითობის სიკვდილს ნიშნავს. ამ უკანასკნელის გაცნობიერებაა პოსტმოდერნიზმი, რომელმაც ასევე გააცნობიერა ისტორიის, ადამიანის, ღმერთის, ავტორის და ა.შ. სიკვდილი. პოსტმოდერნიზმი გვევლინება ყოველივე ანთროპოქმნილის სიკვდილის გაცნობიერებად, გარდა ხელოვნური ინტელექტისა და მის მიერ ქმნილი სიმულაკრებისა და სიმულაციებისა. ჟან ბოდრიარის ცნობილი ნაშრომი, „სიმულაკრი და სიმულაცია“ იწყება ეპიგრაფით, სადაც პიდაპირ წერია, რომ სიმულაკრი არის ჭეშმარიტება. შემდგომ კი ის დასძენს, რომ სიმულაციაში (ანუ ჭეშმარიტებაში) რეალობა წარმოიქმნება მინიატურული ზომის მატრიცებით, მეხსიერების მქონე მოწყობილებებითა და მართვითი სისტემების მოდელებით. ამგვარი გზით ერთი და იგივე რეალობა შეიძლება წარმოებულ იქნეს უსასრულდ ბევრჯერ… აქ საუბარია უკვე არა იმიტაციაზე, დუბლირებასა თუ პაროდიაზე, არამედ სუბსტანციაზე ან რეალობის შეცვლაზე რეალურის აღმნიშვნელებით (ანუ სიმულაკრებით). ამ კიბერ-ონტოლოგიის განზოგადებას, ანუ მორგებას ყველაფერზე,  რაც ექცევა რეალურის კატეგორიის ქვეშ, პოსტმოდერნიზმში აშკარად თვალშისაცემი ხასითი აქვს.

.          .          .          .           .

ყველა ეპოქას გაანია თავისი ონტოლოგიური ხედვა, ხოლო ისტორიული მსვლელობის პერსპექტივიდან შეიძლება დანახულ იქნეს აგრეთვე, ამ ონტოლოგიურ სურათთა ურთიერთმონაცვლეობის დინამიკა, მსვლელობის ლოგიკა თუ ფარული მოტივები, რასაც შეეხება წინამდებარე სტატია. ეპოქალურ-პარადიგმალური ცვლილებები ონტოლოგიური სურათის ცვლილებას გულისხმობს, მაგარამ ახალი სურათი არ წარმოადგენს ძველის ელიმინაციის აბსოლუტურ პირობას. არაკლასიკურმა, მრავალფასა ლოგიკებმა არ მიიღეს ორფასობის პრინციპი, მაგრამ ამით არისტოტელის ლოგიკას არ დაუკარგავს თავისი ღირებულება. ასევეა საქმის ვითრება ონტოლოგიაშიც, ტრადიციული ონტოლოგიის ეგზისტენციალისტური თუ პოსტმოდერნისტული კირიტიკა მის ღირებულებას ვერ გააუქმებს. მეტიც, თუ ახალი ონტოლოგიის თვალით შეიძლება წინამორბედი ონტოლოგიური სურათის დანახვა და კრიტიკული შეფასება, ძველი ონტოლოგიის გადმოსახედიდანაც სავსებით შესაძლებელია ახლის შეფასება, რაც უფრო სრულ ფილოსოფიურ თვალსაწიერს შექმნის. ამ უკანასკნელი მომენტის დემონსტრირებაც წინამდებარე სტატიის ერთ-ერთი ამოცანა იქნება.

გააზრებული ონტოლოგიის ათვლის წერტილად ჩვენ ვიღებთ პარმენიდეს სახელოვან დებულებას — არსი არის და არარსი არ არის, რომელიც ტრადიციული ონტოლოგიის ამოსავალია. არსი ნამდვილია, ხოლო არარსი არაა ნამდვილი ან არსი რეალურია, ხოლო არარსი ირეალური. მაგრამ, რას უნდა დავეყრდნოდ რეალური არსის მოსახელთებლად? ანუ ის, რაც არის, რით განსხვავდება იმისგან, რაც არ არის? რისი ძალით ვამბობთ, რომ რაღაც არის? როგორ გავემიჯნოთ იმას, რაც არ არის? რა აკლია იმას, რაც არ არის, ისეთი, რისი ძალითაც არსი ხდება ის, რაც არის, რაც რეალურია? ამ კითხვებს ჩვენეული პასუხი გავეცით ზემოხსენებულ წინამორბედ სტატიებში. ეხლა კი გვაინტერესებს ამ კითხვებზე გაცემული პოსტმოდერნისტული პასუხი.

საერთოდაც, ამ პრობლემებში გასარკვევად შემოდის ონტოლოგიის ძირეული კონცეპტები თუ კატეგორიები. მათზე ოპერირებით ჩვენ უნდა განვეშოროთ არა-რას და მივუახლოვდეთ რას, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნეოდა ეს ტრადიციულ ფილოსოფიაში. ამ კონცეპტების არასრული ჩამონათვალია — იდეა, უსია, ინდივიდუალური სუბსტანცია, ფორმა და შინაარსი, ესენცია, სუბიექტი, გონი, სტრუქტურა, ექსისტენცია და ა.შ.

.        .         .         .         .

პოსტმოდერნიზმამდელ ონტოლოგიურ სურათზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ყოფიერაბა არის ის, რაც არსს არსებულად ხდის — ანუ, ყოფიერებაზე დაყრდნობით ჩვენ ძალგვიძს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ არსი და არარსი, ხოლო არსება (უსია, იდეა) არის ის, რისი ძალითაც ერთმანეთისგან ვმიჯნავთ ერთ არსს (ან ერთი ტიპის არსს) მეორე არსისგან (მეორე ტიპის არსისგან).

ანუ, ყოფიერება არის ის, რაც ახდენს არსისა და არარსის დემარკაციას, ხოლო არსება არის ის, რაც ახდენს ერთი არსის მეორე არსისგან დემარკაციას. არსის ცნებაში კი იგულისხმება რაღაც კონკრეტულ-ინდივიდუალური, ერთადერთი და განუმეორებელი.

არსი წარმოგვიდგება, როგორც ყოფიერების ძალით არარსისგან „გამოგლეჯილი“ არსებობა. ყოფიერებას შემოჰყავს არსებობაში არსთა უსასრულო მრავალფეროვნება (სულ მცირე, ერთ შესაძლო სამყაროში მაინც); ყოფიერებისთვის არსებობა იმანტურია, ხოლო არარსი ტრანსცენდენტური. თავად ყოფიერება ტრანსცენდენტალურია ყოველი არსის მიმართ, ანუ ყოველი არსის საერთო შინაგანი ბუნებაა, განსხვავებით არსებისგან, ესენციისგან, რომელიც კონკრეტულ არსთა მხოლოდ გვარეობითი საერთო ბუნებაა. ყოფიერებისთვის არსი ობიექტია, ხოლო თავად — სუბიექტი, ანუ უმაღლესი შემოქმედებითი და შემეცნებითი ინსტანცია. ის, რასაც სუბიექტი იმეცნებს არსში უპირველეს ყოვლისა (ფილოსოფიური თვალსაზრისით) არის სწორედ არსთა უნივერსალური და გვარეობითი ბუნება, ანუ ყოფიერება და არსება. ხოლო თუ ამ უკანასკნელთ ვაუქმებთ, ვახდენთ მათი რეალობის ელიმინაციას, მაშინ ხელში გვრჩება ჯერ შიშველი არსი, სხეული (რაც მოხდა ემპირიზმსა და სციენტიზმში), ხოლო საბოლოოდ — ციფრული გამოსახულება, სიმულაკრი, რაც არარა უფროა, ვიდრე რა, რამეთუ რითაც ეს უკანასკნელი იმიჯნებოდა არარა-სგან, ყველაფერი ის ელიმინირებულია.

ამდენად, ტრადიციულ ონტოლოგიაზე დაყრდნობთ, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე განსაზღვრება, რათა დავაფიქსიროთ ხსენებული ცნებების შინაარსი:

  1. არსება ქმნის, ერთის მხრივ, გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ ა ს არსთა შორის, ერთი არსისას მეორისგან:
  2. არსება ქმნის, მეორეს მხრივ, ი გ ი ვ ე ო ბ ა ს ერთი არსისას საკუთარ თავთან. მისი ძალით ერთი არსი რჩება იგივედ (გარკვეული ვადით მაინც) სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას;
  3. არარსი არის ის, რასაც არ გააჩნია არსება, ანუ მას არ ახასიათებს არც სხვაობა და არც იგივეობა; აქ მხედველობაში გვაქვს ერთი განზომილების ფარგლებში განსხვავება და იგივეობა. არსის შემთხვევაში ხომ ვსაუბრობთ არსის არსისგან განსხვავება-იგივეობაზე და არა არარსის და არსის განსხვავება-იგივეობაზე;
  4. არარსის არარსისგან გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ ა ისევ არარისია. რაც შეეხება იგივეობას რისი იგივეობრივი უნდა იყოს არარსი? ის ხომ არ-არსია, მას არ გააჩნია საკუთარი თავი, გვარეობა;
  5. არსის სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა, დაკარგვა განსხვავებულობისა და იგივეობისა, ანუ ესაა არსებისა და არსის გაყრა. ამგვარი არსი „მიწაა და მიწადვე მიიქცევა“.
  6. ყოფიერება პირველადია არსებასთან და არსთან მიმართებაში. რაიმეს განსხვავებასა დ იგივეობაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს რაიმე ჯერ უნდა იყოს. მეტიც, მისი ყოფნა რჩება სიკვდილის შემდგომაც, როგორც ქიმიურ-მატერიალური ნაერთისა. „მიწად ქცევა“ მაინც გულისხმობს ყოფიერებას, ოღონდ ინდივიდუალური იდენტობისა და გნსხვავებულობის გარეშე;
  7. არარსს უპირისპირდება არა არსება, არამედ, უწინარესად, ყოფიერება;

უდიდესი საიდუმლოებაა — 1. თუ რატომ მაინცდამაინც არის ყოფიერება? ამაზე პასუხი ანთროპული გონებისთვის მიუწვდომელია. რაც შეეხება მის („აბსოლუტური გონის“) შემოქმედებითობას, ანუ თუ 2. რატომ აძლევს ყოფიერება არსს არსებობას (რაც არანაკლები სირთულის საკითხია), ამაზე არსებობს სულ მცირე ერთი ფილოსოფდიურად მისაღები პასუხი მაინც და ის ჰეგელისეულია — მას, თავად, სურს შეიმეცნოს საკუთარი თავი; ე.ი. სანამ ეს თვითშემეცნება სრულად არ განხორციელებულა, თავდ მანაც არ იცის პასუხი პირველ კიხვაზე. ჰეგელის მიხედვით ფილოსოფიური თვიშემეცნება ყოფიერებისა (რომელსაც ის აბსოლუტურ გონს უწოდებს) ხორციელდება ანთროპული, სუბიექტური გონის საშუალებით და ეს პროცესი დასრულდა თავად ჰეგელთან; ანუ ჰეგელმა გაიგო პასუხი პირველ კითხვაზეც. თანამედროვე კაცობრიობამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ამ კითხვებზე ჭეშმარიტი პასუხის მოძიება არათუ გააიოლოს, არამედ პირიქით — ინფორმაციული ქაოსის შექმნით, ყველაფერი გაურკვევლობის მორევში დანთქას, რაც კარგად გამოიხატება ისეთი პოსტმოდერნისტული ტერმინით, როგორიცაა „ქაოს-მოსი“. თუ ოკამის სამართებელი კრძალავდა არსის ახსნისთვის არსების კატეგორიის შემოტანას და მისით ოპერირებას, რის გამოც მოდენშიზმის ეპოქაში ერთი არსი მეორე არსით აიხსნება და ა.შ. პოსტმოდერნის ეპოქაში არსს მისი აღმნიშვნელი — ნიშნი — ანაცვლებს და მასში გარკვევა სხვა აღმნიშვნელით, ნიშნის ნიშნებით ხდება. ციფრული ტექნოლოგია ქმნის არსთა ჩამნაცვლებელ და მადემონსტრირებელ გამოსახულებებს ანუ სიმულაკრებს ზეაღმავალ ხარისხში — რაღაც N-2 არის N-1-ის გამოსახულება, N-3 კი N-2-ის და ასე უსასრულოდ. ასე მრავლდება გამომსახველობითი არსი დაუსრულებლად კომბინირებად სიმულაციებში, რაც ინფორმაციის გიგაბაიტურ უსარულობას აღწევს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ერთი ნომინა, სახელი, გამოსახულება, სიმულაკრი ანაცვლებს მეორეს ან ხსნის მას და საბოლოოდ ყველა აუხსნელი რჩება, არცერთ ურთულეს კითხვებზე კი არა, ელემენტარულ კითხვებზეც არ ვიცით, რომელი პასუხია სწორი, იმიტომ, რომ არ ვიცით რომელი გამოსახულებაა რეალურის გამომსახველი და რომელი — ფანტომის. ხელოვნური ინტელქტი იმდენად სრულყოფილად გამოსახავს გამოსახულებას, რომ იშლება ზღვარი გამოსახულის გამომსახველსა და რელურის გამომსახველს შორის. რაც თითქოს თვალნთელია, მასზეც კი, არ არსებობს საყოველთაო თანხმობა.

.        .        .        .        .        .        .

პოსტმოდერნიზმზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ალბათ, ორი ძირითადი აზრ-გაგებით: 1. პოსტმოდერნისტული ხელოვნება ან კულტურა — პოსტმოდერნიზმი და 2. პოსტმოდერნისტული ეპოქა თავის განსაკუთრებული სოციო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისებურებებით — პოსტმოდერნი. პირველი წარმოადგენს მეორის ხელოვნებისეულ-ფილოსოფიურ ასახვას ან რეფლექსიურ და შემოქმედებით ხორცშესხმას. თუმცა, ჩვენ, წინამდებარე სტატიაში, სიმარტივისთვის ვიხმართ ტერმინს „პოსტმოდერნიზმი“, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ ნათლობის სახელს კულტურისა და ხელოვნების განსაკუთრებული ფორმებით გამოვლენისთვის,  რაც ხორციელდებოდა განსაკუთრებულ, სპეციფიურ სოციო-პოლიტიკურ პირობებში, რომელსაც შესაძლოა მანამდეც ჰქონია ადგილი, მაგრამ ის მაშინ მიიჩნეოდა რაღაც მარგინალურად, ექსტრემისტულად და როგორც წესი არ მოეძებნებოდა შესაბამისი სახელი.

პოსტმოდერნიზმზე საუბარს აზრი აქვს ისეთ „იზმებთან’’ მიმართებაში, როგორიცაა მოდერნიზმი და წინარემოდერნიზმი. თუ რა შინაარსი იგულისხმება მათში, ნაწილობრივ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინამორბედ სტსტიებში, ნაწილობრივ კი მას ნათელი  მოეფინება წინამდებარე სტატიაში.

მიგვაჩნია, რომ პოსტმოდერენიზმი არ წარმოადგენს რაღაც სკოლურ მიმართულებას ფილოსოფიაში, არც მსგავსად პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმისა და არც მსგავსად უფრო ახლებური სტილის მიმართულებებისა, ვთქვათ, პოზიტივიზმისა.

უფრო მართებული და კორექტულია ვისაუბროთ არა პოსტმოდერნისტული სკოლის წარმომადგენელზე ფილოსოფიაში, არამედ პოსტმოდერნისტული კულტურის, გაგების, შეგნების, სტილის ფილოსოფოსზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, აქ საქმე გვაქვს არაკლასიკური, ავანგარდისტული გონითი წყობის მოაზროვნეებთან. ასეთი გონითი წყობის აზროვნება, საყოველთაო აღიარების თანახმად, ეყრდნობა ნიცშეს. თუ კირკეგორი ეგზისტენციალიზმამდელი ეგზისტენციალისტია, ნიცშე პოსტმოდერნიზმამდელი პოსტმოდერნისტია. თუ, მაგალითად, ფიხტე და ჰეგელი ქმნის კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიას, მაშინ ნიცშეს ფილოსოფია სწორედ რომ არაკლასიკური ფილოსოფიაა, ან უფრო ზუსტად, მისი ერთ-ერთი ძირითადი განშტოებაა. მისგან ეყრება საფუძველი პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიას, ან დევიდ უესტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კონტინენტალური ფილოსოფიის“ დასკვნით ეტაპს. მისი ფილოსოფიის ისტორიული კონცეფციის თანახმად, განმანათლებლობისა და კანტის შემდგომ იწყება ჰეგელიანური და მარქსისტული კრიტიკა განმანათლებლური იდეებისა, რომელიც შემდგომ განვითარდება ფრანკფურტის სკოლის დროშის ქვეშ. მეორე შტო ამ კრიტიკისა გამოიწვევს კირკეგორიდან დაწყებულ მსვლელობას, რომელიც ნიცშეს გავლით მიგვიყვანს ეგზისტენციალიზმამდე, რომელისგანაც პოსტმოდერნიზმის ონტოლოგია ყველაზე მეტადაა დავალებული. ყველაფერ ამის პარალელურად კონტინენტალურ სივრცეში ვითრდება პოზიტივიზმი, რომელიც წარმოშობს „ვენის წრეს“ და შემდგომ პოსტპოზიტივისტურ ტრადიციას, თუმცა ეს უკანასკნელი თავის გავრცელებას პოულობს ანგლო-ამერიკულ და არა კონტინენტალურ სამყაროში. ე.ი. ტრადიციის ნიცშეანური კრიტიკა და ეგზისტენციალიზმი, ერთის მხრივ, და სტრუქტურალიზმის კრიტიკა, მეორეს მხრივ, წარმოშობს პოსტმოდერნიზმს, უპირველეს ყოვლისა, ფრანგულ ფილოსოფიაში.

დევიდ უესტის თანახმად, პოსტმოდერნისტები კრიტიკულად უდგებიან ორთოდოქსალური განმანათლებლობის ყველა ამოსავალ დებულებას. ისინი უარყოფენ ბუნებისმეცნიერებათა უნივერსალურ პრეტენზიას, მათ რაციონალისტურ, ინსტრუმენტალისტურ, ობიექტივაციურ და რედუქციონისტულ ტენდენციებს, ასევე მასში განსახიერებულ „მამაკაცურ“ ან „მასკულინურ“ სულისკვეთებას.

ისინი, აგრეთვე, უარყოფენ მორალის სახელით გამოთქმულ უნივერსალური ხასითის დებულებებსა და განცხადებებს, რომელნიც ეფუძნებიან წმინდა ადამიანურ გონებას და ადამიანურ ბუნებას, როგორც ასეთს. აქ ძნელი არაა კანტის „ზნეობის მეტაფიზიკის“ ნიცშეანური კრიტიკით „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ დადგომის პოსტმოდერნისტული ტენდენცია დავინახოთ.

განმანათლებლობისეული რაციონალიზმისა და მისი „ცივილიზაციური მისიის“ წყალობით დაზარალებული ტრადიციების, კულტურის, ღირებულებებისა და ხალხების დასაცავად წარმოებული კრიტიკა მანამდეც არ იყო უცხო ხილი. ჰეგელი და მარქსი, მიუხედავად განმანათლებლობის კრიტიკისა, მაინც ინარჩუნებდნენ სიმპათიებს რაციონალიზმისადმი. ამდენად, ისინი ძალაში ტოვებდნენ „განმანათლებლობის პროექტის“ რაღაცაგვარ ვერსიას, როგორც დასავლური მოდერნიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეს.

პოსტმოდერნიზმი კი, პირიქით, გამორჩეულია იმით, რომ უარყოფს ყოველგვარ სიმპათიასა და ერთგულებას განმანათლებლობისა თუ მოდერნიზმის მიმართ, მათ შორის ჰეგელისა და მარქსის განმანათლებლური ხასიათის უფრო რთულ პროგრამასაც.

იმისთვის, რათა პოსტმოდერნისტებმა გააღრმაონ  განშორების უფსკრული განმანათლებლობასთან, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სუბიექტის კრიტიკა და ანტიჰუმანიზმი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მაგ., ფუკოსთან და დერიდასთან, მიუხედავად მათი პოსტმოდერნისტული ტენდენციებისა, მაინც დიდია პოსტსტრუქტურალისტური სულისკვეთებაც, რომელიც ცდილობს, რომ განმანათლებლობასთან არ გაწყვიტოს კავშირი საბოლოოდ. ფუკო არ უწოდებდა თავის თავს პოსტმოდერნისტს, ხოლო დერიდა პირდაპირ აცხადებდა, რომ დასავლური მეტაფიზიკის ცნებითი ჩარჩოების პირობებში შეუძლებელია სამომავლო განვითარება, და მაინც, მისი ერთი ხელის მოსმით მოშორება შეუძლებელი და მიუღებელიაო. ამ პარადოქსალურ გარემოებას დევიდ უესტი გადმოგვცემს სამუელ ბეკეტისეული ციტატის პერეფრაზირებით — დასავლურმა ფილოსოფიამ უნდა განაგრძოს სიარული გზით, რომელზე მსვლელობაც მას აღარ შეუძლია, მაგარამ ის გააგრძელებს სვლას.

ასე რომ, დერიდა და ფუკო, თუმცა თავად არ წარმოგვიდგებიან პოსტმოდერნისტებად, მივიდნენ ამგვარი ტიპისა და ხასიათის აზროვნებასთან ისე ახლოს, მეტი რომ აღარ შეიძლება.

დევიდ უესტის ამ შენიშვნების, სხვათა შენიშვნებთან ერთად, გათვალისწინება საგრძნობლად წაგვადგება წინამდებარე სტატიის მიზანთან მისაახლოებლად.

ამ არაკლასიკურ ფილოსოფიაში ხდება პოსტმოდერნისტული ხელოვნებისა და ეპოქალური სულისკვეთების თუ სოციალური, კულტურული, პოლიტიკური… ტენდენციების აღწერა და ანალიზი. ყველაფერ ამის საფუძველზე წარმოიშობა ფილოსოფიურ-თეორიული შეხედულებების საკმაოდ დიდი კორპუსი, რომელშიც შეიძლება ამოვიკითხოთ (ნაწილობრივ მაინც) საბაზისო ონტოლოგიური კონტურები.

ჩვენი წინამდებარე სტატიის ინტერესის საგანს წარმოადგენს ე.წ. „პოსტმოდერნიზმის ეპოქის“ ონტოლოგიური მოდელი. როგორია  პოსტმოდერნისტული ონტოლოგია? აი საკითხი, რომლის დახასიათებაც ჩვენ გვსურს წარმოვადგინოთ ქვემოთ.         წინასწარვე უნდა შევნიშნოთ, რომ ტრადიციულ და ახალი დროის ფილოსოფიაშიც ონტოლოგიური მოდელის კონსტრუირება-პრეზენტაცია ამა თუ იმ ფილოსოფოსის მემკვიდრეობაში ნიშნავდა ერთგვარი სისტემის აგებისთვის წინაპირობათა შემზადებას. კანტის სასტიკი უარი, ონტოლოგიით ფილოსოფიური სისტემის შემზადებაზე, ძალზედ გასაკვირველ და მოულოდნელ შემთხვევას წარმოადგენდა. ხოლო პოსტმოდერნიზმისთვის საერთოდ სისტემურობისგან განდგომაა ჩვეულებრივი ამბავი. თუმცა, ამ უკანასკნელშიც, არსებობს გამონაკლისი, მაგ., დელიოზის სახით, რომელიც სწორედ რომ ონტოლოგიაზე და სისტემატიზაციაზე იყო ორიენტირებული; მეტიც, ის თავის თავს მეტაფიზიკოსს უწოდებდა, რაც ჭეშმარიტი პოსტმოდერნისტისთვის აბსაოლუტურად მიუღებელი რამეა.

.         .         .         .         .         .         .

პირველი, რაც სტატიის მიზნისკენ მსვლელობის გზის დასაწყისში უნდა გაკეთდეს, ესაა დაშვება — დავუშვათ, რომ ე.წ. პოსტოდერნიზმი, როგორც ეპოქალური ფენომენი არსებობს (ან არსებობდა)!

ამ დაშვების საჭიროებას განაპირობებს შემდეგი მიზეზები:

  1. არსებობენ (არსებობდნენ) მოაზროვნეები, რომლებიც პოსტმოდერნიზმის თემატიკაზე ბევრს წერდნენ, მაგრამ არ მიიჩნევდნენ მას რაღაც კონკრეტულ, ავტონომიურ ეპოქად, არამედ მიიჩნევდნენ რაღაც სხვის, წინამორბედის მოგვიანო ეტაპად, მაგ., ინდუსტრიულის შემდგომ, ანუ პოსტ-ინდუსტრიულ პერიოდად (დენიელ ბელლი), მოდერნის, როგორც დაუსრულებელი პროექტის ერთ-ერთ დამაბოლოებელ საფეხურად (ჰაბერმასი), ან გვიანი კაპიტალიზმის ფაზად (ჯეიმისონი), ან მოდერნიზმით გაწბილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობად (ბაუმანი);
  2. არ არსებობს ერთიანი, მკვეთრი შეხედულებების დასრულებული მონახაზი იმის თაობაზე, თუ რა არის პოსტმოდერნიზმი, თვით მათ შორისაც კი, ვინც აღიარებს ამგვარი ეპოქის რეალობას, ვინც ან მისი აღწერითაა დაკავებული (მაგ., ლიოტარი), ან მის აპოლოგეტიკას ეწევა;
  3. არაა დადგენილი მკვეთრად გამოკვეთილი თარიღობრივი საზღვრები, რომელშიც ჩაჯდებოდა ეს ეპოქა. ეპოქალური ფენომენი კულტურის ყველა სფეროს მომცველია, როგორც წესი. თუმცა კულტურის სფეროთა მრავალფეროვნებას პოსტმოდერნისტული აისი ერთდროულად არ დადგომია. მან ჯერ თავი იჩინა არქიტექტურაში, შემდგომ ხელოვნებათმცოდნეობაში და ა.შ.

 

გარდა ამისა, ფრედერიკ ჯეიმისონის თანახმად, პოსტმოდერნისტულ გამონათებებს ადგილი ჰქონია მაღალი მოდერნის პერიოდშიც, მაგ., მარსელ დიუშანის ან გერტრუდა სტაინის სახით, უბრალოდ მაშინ ტერმინი „პოსტმოდერნი“ არ იყო ჩაშვებული ხმარებაში.

ზოგიერთი ალაპარაკდა ჯერ კიდევ გაურკვეველი პოსტმოდერნიზმის დასასრულზე, რომელიც ზოგისთვის თითქოს 2002 წლის 11 სექტემბერს დასამარდა ნეოლიბერალიზმთან ერთად. ანუ, რაღაც იყო, თუ არ იყო, რას წარმოადგენდა ის და ა.შ. ეს არ გარკვეულა და უკვე რაღაც ახლის დასაწყისზე საუბრობენ, მაგ., პოსტ-პოსტმოდერნიზმზე. მავანთათვის პოსტმოდერნიზმი ეხლაც მეუფებს, ზოგისთვისაც მოდერნიზმს კი არ მოსდევს პოსტმოდერნიზმი, არამედ პირიქით, ყველა თანამედროვე ეპოქას თავის პოსტმოდენიზმი უსწრებს წინ, ზოგისთვისაც, მაგ., უმბერტო ეკოსთვის, ყველა ეპოქას აქვს თავისი საკუთარი პოსტმოდერნი, ისევე როგორც ყველა ეპოქას აქვს თავისი საკუთარი მანიერიზმი და ა.შ.

პოსტმოდერნიზმის კრიტიკული აქტივობით და წინსწრებით, ჯერ არ დამდგარი მოდერნის კონტურები მოიხაზება ხოლმე და თანამედროვეობის ნათლობას ახდენს მომავლის ეკრანზე. ამ მომავალს წინდაწინ გრძნობენ ხოლმე დიდი გენიოსები და თავიანთ შემოქმედებში ხორცს ასხავენ იმ ეპოქისთვის, რომელშიც ფიზიკურად ცხოვრობენ, სრულიად მიუღებელ იდეებს. ამგვარ მოღვაწეებს თანამედროვეობა, როგორც წესი არ მიაგებს პატივს (მაგ., ვან გოგიც კმარა), მაგარმ მათი დიდების „გაზაფხული“ მაინც დგება ხოლმე მოგვიანებით. აი ესაა პოსტმოდერნიზმი ყველაზე უწყინარი და ყველასთვის მისაღები გაგებით — როცა ვიღაცის გენია წინ უსწრებს ბევრად მის თანამედროვეობას.

მაგრამ, სულ სხვაა პოსტმოდერნიზმის ის ფენომენი რომელზეც ჩვენ ამ სტატიაში ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში პოსტთანამედროვეობა კი არ უსწრებს წინ თანამედროვეობას, არამედ თანამედროვე ხდება პოსტთანამედროვეობა, რაც ლოგიკურად ისევე მიუწვდომელია, როგორც ღვთაებრივი შესაქმე — თუ სამყაროს წინ უსწრებს მისი შემქმნელის, ღმერთის არსებობა, მაშინ რას აკეთებდა ღმერთი მის შექმნამდე?.. ლოგიკურად ასევე გაუგებარია — თუ ეხლა პოსტთანამედროვეობის ეპოქა დგას, თუ რაღაცის დადგომა წინ უსწრებს თანამედროვეობას, წინ უსწრებს აწმყოს, მაშინ რას აკეთებს აწმყო?

აწმყოდ, წარსულად და მომავლად დროის დიფერენციაცია საერთოდ ხომ არ უნდა გავაუქმოთ პოსტმოდერნიზმის ონტოლოგიურ სურათში? ეს რაღაც აზრით, ალბათ ასეცაა, რამეთუ პოსტმოდერნიზმი ალმაცერად უყურებს წარსულს — მათ შორის მოდერნსაც და მთელ მოდერნამდელ ტრადიციასა და კონსერვატიზმს, რომელიც ჯერ კიდევ მოდერნმა აქცია კირიტიკისა და უკუგდების საგნად. ხოლო აწმყო, ან თანამედროვეობა თავად მისი სახელწოდებიდან — პოსტ-მოდერნ — გამოდინარე ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში. რჩება მხოლოდ მომავალი, პოსტმოდერნიზმი ნიშნავს და გულისხმობს არსებობას მომავალში, რომელიც ჯერ არ დამდგარა — პოსტმოდერნი ჯერ არ განხორციელებულის განხორციელებაა. ეს, რა თქმა უნდა ალოგიკურია და ნონსენსია, მაგრამ, პოსტოდერნიზმი ამას არაფრად დაგიდევთ.

სხვათა შორის, აქვე უნდა დავსძინოთ, რომ პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმს ადანაშაულებს იმაში, რომ ტრადიციულისა და კონსერვატულის საფუძვლიანი დაძლევა, გადალახვა მან ვერ შეძლო და, რომ მოდერნში ბევრი რამ შემორჩა ტრადიციულ-კონსერვატული, მაგ., ლოგოცენტრიზმი, რომელიც დერიდას დეკონსტრუირების მთავრ სამიზნედ მიაჩნია ყოველი საკითხის კრიტიკისას. აქ, პირველ რიგში ვგულიხმობთ იმას, რომ პოსტსტრუქტურალიზმი უარყოფს სტრუქტურალიზმში უეჭველად მიჩნეულ დებულებას იმის თაობაზე, რომ სტრუქტურა — ელემენტთა შორის ურთიერთმიმართების სქემა — არის ერთადერთი მყარი და უცვლელი მოცემულობა, ერთი შეხედვით, განსხვავებულ მოვლენებში, რომელიც ჭეშმარიტი შემეცნების საგანს წარმოადგენს ლინგვისტიკაშიც, სოციოლოგიაშიც, კულტუროლოგიაშიც, ეთნოგრაფიაშიც, ხელოვნებათმცოდნეობაშიც და ა.შ. პოსტსტრუქტურალისტებმა აჩვენეს თუ როგორ იცვლება სტრუქტურა ისტორიულად. ფუკოს „არქეოლოგია“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. უცვლელი არაფერია, არაფერია მარადიული და იგივეობრივი, მათ შორის, სტრუქტურაც. ჟილ დელიოზის მიხედვით, იგივეობა, მარადიულობა და ა.შ. კი არ წარმოადგენს ონტოლოგიის არხეს, მის ძირეულ კატეგორიებს, არამედ განსხვავება და განმეორება.

ამ შენიშვნებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ პოსტმოდერნიზმის ერთგვარი ჩვენეული განსაზღვრება, რომელიც არც საბოლოოა და არც წინასწარი; ის წარმოადგენს საკითხზე მუშაობის შედეგად წარმოშობილი ინტუიციის ნაყოფს — პოსტმოდერნისტული დისკურსი ესაა, ერთის მხრივ, მოდერნიზმის მიერ დაპირებულის შედეგად დამდგარი მომავლის ფუჭი ძებნა აწმყოში ( მისი ვერ პოვნა) და , მეორეს მხრივ, მოდრნის კრიტიკის საფუძველზე  ისეთი აწმყოს სურათის დახატვა, რომელიც იმაზე უფრო თანამედროვე უნდა იყოს, ვიდრე თანამედროვეობაა სინამდვილეში.

.         .          .         .         .         .

მეორე ნაბიჯი, ზემოხსენებული დაშვების შემდგომ, იქნება იმ ნიშან-თვისებების ცალკე გამოყოფა (ნაწილობრივ მაინც იმათი, რომლებმაც უკვე მოიპოვა მასობრივი აღიარება), რომელთაც პოსტმოდერნიზმის ეპოქას მიაწერენ ამ თემატიკაზე ორიენტირებული ინტელექტუალები.

ამ მახასიათებლების ამოკითხვის გზაზე ჩვენი ორიენტირებისთვის უპირველესი მნიშვნელობისა იქნება, მაგ., ბოდრიარის „სიმულაკრი“, იხაბ ხასანის ცნობილი ცხრილი სადაც მოცემულია მოდრნისა და პოსტმოდერნის ფუნდამენტური კონცეპტების შეპირისპირება, ლიოტარის „დიდი ნარატივი“, ჯეიმისონის „ისტორიული ხედვის ელიმინაცია“, დევიდ უესტისეული დიფერენციაცია „კონტინენტურ და ანალიზურ ფილოსოფიურ“ ტრადიციას შორის და სხვა.

პირობითი ათვლის მიხედვით, ამ ნიშნების არასრული ჩამონათვალი შემდეგია:

  1. პლურალიზმი — არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება და საერთოდ ჭეშმარიტება, ღმერთი მკვდარია. არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჭეშმარიტების მსგავსი სიმართლე, რომელიც ყველას თავისი შეიძლება ჰქონდეს. როგორც ნიცშე ამბობდა, ჭეშმარიტება არის მცდარობის ერთგვარი სახე, რომლის გარეშეც მავანსა და მავანს ცხოვრება არ შეუძლია. ან ფუკოსა და ლიოტარის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა დისკურსი, მათ შორის მეცნიერულიც, ერთგვარი ენობრივი თამაშის სახესხვაობაა და ამ დისკურსის ჭეშმარიტება მხოლოდ დისკურსის შიდა ენობრივი თამაშების კონტექსტით შემოიფარგლება, ანუ ყველა დისკურსს თავისი სიმართლე და თავისი ისტორიულად განსაზღვრული პერიოდი აქვს;
  2. დესტრუქციულობა — ერთადერთი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზიის მქონე ყოვლისამხსნელი თეორიები, ანუ ე.წ. „დიდი ნარატივები“, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ექვემდებარება „დეკოსტრუქციას“ ანუ ყველა მის სეგმენტში სისტემური წინააღმდეგობებისა და პარადოქსების მხილებას, დემონსტრირებასა და უკუგდებას. მაგრამ, თუ ყველა თეორია, რომელსაც შენ აკრიტიკებ, ოდითგან მოყოლებული, შეიცავს წინააღმდეგობას, მაშინ შენიც უნდა შეიცავდეს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა პლურალისტული პრინციპი და შენივე თეორია ხდება უზურპატორი — ე.ი. „დიდი ნარატრივი“;
  3. ეკლექტიზმი — როდემდე შეიძლება წარმოიშვას ახალ-ახალი აზრები, ყველაფერი უკვე თქმულია. ეხლა საქმე ეხება წარსულის „ისტორიულ სანაგვეზე“ ქექვას, მოძიებული დისკურსიული კონტექსტებისა და შესაბამისი პრაქტიკების ერთგვარ ინტერპრეტირებას, ვარირებას და ურთიერთშეხამებას. რაც ფართო გასაქანს უხსნის ფუკოსეულ „ფილოსოფიურ-არქეოლოგიას“. გარდა ამისა, ამგვარად ჩვენ განსხვავებულად (არატრადიციულად) დავინახავთ ბევრ, ტრადიციული ისტორიზმის მიერ უარყოფილ, ფენომენს და თვალს გავადევნებთ მათ გენეოლოგიას.

ამ ნიშან-თვისებასთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ ფრედერიკ ჯეიმისონის დამოკიდებულებაც პოსტმოდერნისტული არქიტექტურის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ პოსტმოდერნისტული არქიტექტურა უწესრიგოდ და უპრინციპოდ (თუმცა კი დიდი აზარტით) ძარცვავს წარსულის ყველა არქიტექტორულ სტილს და ნაძარცვს აკოწიწებს, ხშირ შემთხვევაში, ძალზე შთამბეჭდავი ანსამბლის სახით. ეს პროცესი ხორციელდება ისე, რომ ამ გატაცების დახასითებისთვის არ გამოდგება ტერმინი ნოსტალგია;

  1. პორნოგრაფიზმი — ბოდრიარის მიხედვით, პოსტმოდერნიზმის ეპოქა განმსჭვალულია პორნოგრაფიულობის პათოსით, რაც მარტივად რომ ვთქვათ სრულ სიშიშვლეს გულისხმობს. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ სხეულებრივ სიშიშვლეს, რამაც ყოვლისწამლეკავ მასშტაბებს მიაღწია. აქ საქმე ეხება ჭეშმარიტებისგან გაშიშვლებულობას. გაშიშვლებულია ყველაფერი სასურსათო პროდუქციიდან დაწყებული და საუნივერსიტეტო სწავლების პროცესით დამთავრებული — სურსათი გაშიშვლებულია შეფუთვის ეტიკეტზე, სადაც წარმოდგენილია პროდუქტის სრული ქიმიური შემადგენლობა, წარმოების ადგილი და სხვა მრავალი, ხოლო სწავლების პროცესი — სილაბუსში. ამ გაშიშვლებით პოსტმოდერნიზმის ეპოქის სულისკვეთება თითქოს მიგვანიშნებს იმას, რომ სხვაგვარი, ამაღლებული, ზენაარი, საკრალური ჭეშმარიტება არც არსებობს და არც უნდა ვეძიოთ იმის იქით, რაც ეტიკეტზე წერია;
  2. ზედაპირულობა — ყველაფერი არის რთული ქსელური ზედაპირი — რიზომა, არა არსებობს არავითარი ისეთი სიღრმე, რომელიც თითქოს იმდენად ინტიმურია, რომ არ ექვემდებარება ვერბალიზაციას, გამოსახვას, ვირტუალიზაციას. რაც არ ვერბალიზდება, ვერ გამოისახება და ვირტუალიზდება, ის არც არსებობს; გარდა ამისა, ზედაპირულობის პრინციპი, დროის ფენომენთან მიმართებაში, გულისხმობს წარსულის დავიწყებას ან სულაც გაუქმებას, რაზეც ბევრს საუბრობს ჯეიმისონი;
  3. საზღვრების წაშლა — ბინარული ოპოზიციები, როგორიცაა, მაგ., ამაღლებული და მდაბალი, კეთილშობილი და უკეთური, ბუნებრივი და ხელოვნური, ნამდვილი და მოგონილი და ა.შ. სრულიად პირობითი, რელატიური და პარადოქსალურია. პოსტმოდერნისტულ ხელოვნებაში აღარაფერია ან მხოლოდ ამაღლებული და კეთილშობილური, ან მხოლოდ მდაბალი და უკეთური და, ან მხოლოდ ნამდვილი ან მოგონილი. პოსტმოდერნიზმის ეპოქის ხელოვნებაში, კინო ფილმი იქნება ეს, თუ მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტი, ყველა ოპოზიციაა ურთიერთშერწყმული, რაზეც ასევე საუბრობს ჯეიმისონი. რაც შეეხება ჟან ბოდრიარს, რომელიც ბევრის მსგავსად უარყოფდა თავის პოსტმოდერნისტობას, ამ ნიშანთან დაკავშირებით ამბობდა 1993 წელს მაიკ ჰეინთან მიცემულ ინტერვიუში — პოსტმოდერნიზმი, როგორც მე მგონია, გულისხმობს აზროვნების წესს, რომლის მიხედვითაც ადგილი აქვს ფორმათა ურთიერთ აღრევას, ყველაფრის შერევას ერთმანეთთან. და მე ამ უკანასკნელთან არ მაქვს არავითარი კავშირიო;

.         .         .         .         .         .         .

ყოველი ეპოქის ონტოლოგია ეძიებს ყოფიერებას, ე.ი. რომელი ეპოქა რას მიიჩნევს რეალობად, აი ეს არის ფილოსოფიური ინტერესის უპირველესი საგანი. ოღონდ ეს საკითხიც, თავის მხრივ, შეიძლება ორ შტოდ გავყოთ: 1. რომელიმე წინამორბედ ეპოქაში მოღვაწე ფილოსოფოსი რას მიიჩნევდა რეალობად და 2. ამ ეპოქის სულისკვეთებას როგორ აფასებდნენ მომავლის გადასახედიდან დიდი მკვლევარები, ეპოქათა ნათლიები.

იგივე „რენესანსის“ ეპოქას (მიუხედავად ჯორჯო ვაზარის მიერ მაშინდელი მხატვრობის „აღორძინების მხატვრობის“ სახელით მოხსენიებისა) არავინ უწოდებდა იმ დროს რენესანსის ეპოქას. ეს ტერმინი, იმ ფორმით, რომლითაც ფართოდ გახდა ცნობილი, ფრანგული წარმოშობისაა და ის დაამკვიდრა მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსებმა, ფრანგმა ჟიულ მიშლემ და  შვეიცარფიელმა იაკობ ბურჰარტმა. სწორედ ამას ვგულისხმობდი ზემოხსენებულ დებულებაში  წარსული ეპოქის მომავლიდან ნათლობის თაობაზე.

რაც შეეხება პირველ მომენტს, მაგალითად, ანტიკურ ფილოსოფიაში რაც არ უნდა დიდი მნიშვნელობის თეორიები არ უნდა ჰქონოდათ მაგ., ლევკიპესა და დემოკრიტეს, იგივე სოკრატესა და პლატონის გავლენა აქ (და არა მარტო ანტიკურობაზე) იმდენად დიდი იყო, რომ ხსენებული ეპოქის ონტოლოგიურ სურათს სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა. ანტიკური ეპოქის მსოფლმხედველობრივი და ონტოლოგიური სურათი სწორედ რომ პლატონისტურია და არა დემოკრიტესეული. ანუ პლატონიზმი ქმნის იმ ეპოქის ონტოლოგიაში მეინსტრიმს.

მოგვიანებით, ქრიასტიანულ შუა-საუკუნეებში, როცა პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის გავლენა ასევე უდიდესია, ფილოსოფიური თვალსაზრისით,  გავლენას იძენს (და გარკვეული აზრითა და მიმართულებებით ბატონდება კიდეც) არისტოტელიზმიც, მაგრამ არასდიდებით ატომიზმი. ლევკიპე, დემოკრიტე, ეპიკურე თუ ლუკრეციუსი, როგორც პირველი ატომისტები ძალზედ მოგვიანებით, განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული თუ ხდებიან მეინსტრიმული ფიგურები, და იმდროინდელი მატერიალისტებისა და ათეისტების გვერდით, იჭერენ წამყვან პოზიციებს დომინანტი მსოფლმხედველობრივი და ონტოლოგიური თვალსაზრისების აგების საქმეში. ანუ რომელიმე მომავალი ეპოქის სულისკვეთება, რომლითაც ეს ეპოქა სრულადაა გამსჭვალული, არცთუ ისე უცხო იყო წინამორბედი ეპოქისთვისაც, მაგრამ ის, იმ ეპოქაში, ინტელექტუალური ელიტის გონით განწყობაზე, ზეგავლენას ვერ ახდენდა. ეს მომენტი ხაზგასასმელია, რამეთუ, როგორც ზემოთ ითქვა, პოსტმოდერნიზმთან მიმართებაშიც ძალაში რჩება იგივე გარემოება.

მეტიც, ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ მსოფლიოს ინტელექტუალური ისტორიის ისეთი ეტაპები, როცა ერთმა ეპოქამ, მაგ., ანტიკურმა, თვისი მოჭამა და ასპარეზი დაუთმო ქრისტიანული შუა საუკუნეების ეპოქას. მაგრამ, ამით ანტიკურობა სამუდამო დავიწყებას, როგორც განვლილი საფეხური, არ მისცემია. შუა საუკუნეებს მოჰყვა ე.წ. „რენესანსის“ ეპოქა, რომელშიც მოწინავე ანტიკური ფიგურების გვერდით, დიდი პოპულარობა ჰპოვა ანტიკურობის ნაკლებ პოპულარულმა დოქტრინებმა (მაგ., ჰერმეს ტრისმეგისტის). ანუ რასთან გვაქვს საქმე? საუკუნეების შემდგომ მოხდა ნიცშეანური „ღირებულებათა გადაფასება“ და კაცობრიობის თითქოსდა განვლილმა ეტაპმა და ინტელექატუალურმა მემკვიდრეობამ კვლავ გამოყო ფეხი. მეტიც, დიდმა ინგლისელმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა უაითჰედმა განაცხადა ის, რაც განაცხადა, რომ მთელი ევროპული ინტელექტუალიზმის ისტორია სხვა არაფერიაო, თუ არა პლატონისტური თემატიკის კომენტარებიო. ე.ი., მიუხედავად ეპოქების ურთიერთ გამორჩეულობისა, ამ, დღემე ცნობილ ეპოქებს გააჩნდათ მრავალი შტრიხი ისეთი, რომელნიც დამახასიათებელი იყო ძველი, თითქოსდა სამუდამოდ განვლილი, ეპოქლური საფეხურებისთვის.

პირველი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია ე.წ. „პოსტმოდრნისტული ეპოქის“- თვის, მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ის უარყოფს და უპირისპირდება ყველა წინამორბედი ეპოქისთვის ღირებულს. პოსტმოდერნიზმი, განსხვავებით რენესანსისგან (რომლითაც იწყება სრულიად ახალი ეტაპი ისტორიისა, რომლშიც საორიენტირო სადავეები ჩამოერთვა ზენაარს, ღმერთს, ტრანსცენდენტს და გადაეცა ქვენაარს, ანთროპოსს, სუბიექტს),  არ აპირებს არფერთან დაბრუნებას, არც ანტიკურობასთან, არც შუა საუკუნეებთან, არც რენესანსთან. უპირველეს ყოვლისა კი, ის აკრიტიკებს და ებრძვის ფდილოსოფიის ისტორიიდან ე.წ. „ახალი დროის“ ფილოსოფიას, ხოლო კულტურისა და ხელოვნების ისტორიიდან ე.წ. „მოდერნიზმს“, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა იმას, რასაც ფილოსოფიის ისტორიკოსები უწოდებენ „ახალ დროს“.

  პოსტმოდერნიზმის ეპოქის თეორეტიკოსები (როგორც კრიტიკოსები ისე აპოლოგეტები) სამიზნედ (კრიტიკოსები) და ათვლის წერტილად (აპოლოგეტები) იღებენ ან „ახალი დროის“ ფილოსოფიას და უპირატესად „განმანათლებლობის“ იდეებს (მაგ., ლიოტარი) ან მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებას — არქიტექტურას, მწერლობას, მხატვრობას… ეს უკანასკნელნი ხსენებული ისტორიული პერიოდის ხელოვნებაში ხედავენ შემოქმედებითი რესურსის სრულ ამოწურვას და ახალი ჰორიზონტების გამოჩენას, უპირველეს ყოვლისა არქიტექტურაში (მაგ., ჯენკსი) და ლიტერატურაში, რომლის ხელოვნებათმცოდნეობისეული ანალიზითც (მაგ., იხაბ ხასანი) ფაქტიურად იწყება პოსტმოდერნიზმის ეპოქის კონტურების მოხაზვა.

.        .        .        .        .        .

მოდერნიზმთან ჯახი პოსტმოდერნიზმისა წინამორბედ სტატიაში განიხილება ძირითადად „ახალი დროისა“ (მაგ., დეკარტიდან ნიცშემდე) და, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პოსტ-ახალი დროის“ ფილოსოფიის (მაგ., ნიცშედან დერიდამდე) დაპირისპირების კონტექსტში. ამგვარმა მიდგომამ, სავსებით შესაძლებელია, დაგვანახოს „პოსტ-ახალი დროის“ ონტოლოგიური სურათი, ანუ თუ რას მიიჩნევს ეს უკანასკნელი რეალურად.

უპირველესი, რასაც ჩვენ ყურადღების მიქცევის საგნად მივივიჩნევთ, ხსენებული პოსტმოდერნიზმის ეპოქის თეორეტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით, ესაა სუბიექტის დეცენტრალიზაციისა და კულტურის სფეროების ანტიდემარკაციულობის შესახებ წამოყენებული მსოფლმხედველობრივი დებულებანი. ეს დებულებანი, თავის მხრივ, ატარებენ ანტილოგოცენტრისტულ, ანტირაციონალისტურ, ანტიავტორიტარისტულ, ანტისისტემატისტურ (დახურული სისტემის გაგებით „ანტი“- ს), და ა.შ. უამრავი იმ „ანტი…“ – ს ხასიათს, რაც „ახალი დროის“ ფილოსოფიაში უმაღლეს ღირებულებით ორიენტირებს გამოხატავდა და ამ ეპოქის ონტოლოგიური სურათის ფუნდამენტს ქმნიდა.

ამ საკითხებზე მსჯელობა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ისეთი მოაზროვნის შეხედულებებით, რომელიც არაა პოსტმოდერნისტი, მაგრამ მოდერნიზმის ფილოსოფიურ-ონტოლოგიური სულისკვეთება რომანო გვარდინის ნამდვილად კარგად ესმოდა. პოსტმოდერნიზმის გაგება კი მოდერნის გაგების გარეშე შეუძლებელია.

რომანო გვარდინის (რომლის შეხედულებებიც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ განვიხილეთ ჩვენს სტატიაში „ადამიანი მასა და “Man”-ი  კრებულში „ფილოსოფიური ძიებანი“ N-13, 2011წ.) შეხედულებები ახალი დროის, ანუ მოდერნიზმის ეპოქაზე იწყება იმ ორ გარემოებაზე ხაზგასმით, რომ 1. ამ ეპოქამ უკანა პლანზე გადასწია ავტორიტეტი ( უპირველეს ყოვლისა, რელიგიური ავტორიტეტი), ხოლო წინა პლანზე გადმოიყვანა სუბიექტი; და 2. ადამიანური მოღვაწეობისა და შემოქმედებითობის მრავალი სფერო, რომელიც დღეს დამოუკიდებელ ერთეულებად წარმოგვიდგება ჯერ კიდევ, სწორედ მაშინ გახდა დამუკიდებელი, გამოეყო რა საეკლესიო მეთვალყურეობის დიქტატს.

მოხდა რა ეს ორი უდიდესი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა, ამბობს გვარდინი, იწყება კიდეც ე.წ. „ევროპული (ან დასავლური) კულტურის ისტორია“. კულტურა მას წარმოუდგენია ანთროპული გონის მრავალმხრივი უნარების — ხელოვნება, ბუნებისმეტყველება, არქიტექტურა, კანონმდებლობა, პოლიტიკა და ა.შ. — ცალკეულ, ავტონომიურ სფეროებად ლეგიტიმაციისა და პროგრესირების ისტორიად. ამ სფეროებს აღარ მართავს საეკლესიო ავტორიტეტი, მათი დღის წესრიგი აღარ განისაზღვრება ტრანსცენდენტის, ღმერთის სიტყვისამებრ, როგორც წინდაწინ დაწესებულ-თავსმოხვეული, არამედ მათ მართავს ცალკეულ სუბიექტთა გონებრივი შესაძლებლობები და ნიჭი. ეს სუბიექტი აღარ უფრთხის აღარაფერს, თუნდაც საეკლესიო ავტორიტეტს, და მოქმედებს აბსოლუტურად თავისი ნიჭიერებისდა შესაბამისად. ამდენად ანთროპული სუბიექტი ხდება სრულიად „დაწყევლილი თავისუფლებით და პასუხისმგებელი საკუთარ თუ სხვათა ყოფიერებაზე“ (სარტრი). მაგრამ, ამგავრმა, „ღმერთის მკვლელობით“ (ნიცშე) მოპოვებულმა თავისუფლებამ მიგვიყვანა სუბიექტის იმანენტური სიცარიელით და „გადაგდებულობის ძრწოლით“ ამოხდენილ მუნკისეულ „კივილამდე“. ამ კივილის საფუძველი ფროიდმა დაინახა კულტურული ტრადიციებით თავსმოხვეულ „ტაბუებში“, რომელნიც უნდა მოიხსნას თუ გვსურს, რომ თავი დავაღწიოთ ნევროზებსა და შოიზოფრენიას.

ამ კივილითაა განმსჭვალული მთელი დასკვნითი ეტაპის მოდერნისტული ხელოვნება, რომელიც დეკადანტიზმის სახელითაა ცნობილი.

ამ ყველაფრის შემდგომ, ჩვენ ვხედავთ უდიდესი სისწრაფით წინსვლა-განვითარებას ანტიტაბუისტული კულტურისა ( უპირატესად ე.წ. „დასავლური“ კულტურისა), რომელიც საბოლოოდ აღწევს მსოფლიო ცივილიზაციურ დიქტატს — სიმბოლურად რომ ვთქვათ, დოლარისა და კოკა-კოლის ტრიუმფს.

მაგრამ, სწორედ ამ ტრიუმფის ჟამს იწყება ანტიმოდერნისტული ამბოხი დასავლური ცივილიზაციის შიგან. და სწორედ ესაა პოსტმოდერნიზმად შერაცხული ჟამის დადგომა, რომელიც ბევრ სხვა ნიშანთან ერთად, პირველ რიგში, ანგრევს სუბიექტის „ავტორიტეტს“ და, მეორე რიგში, შლის სადემარკაციო ხაზებს კულტურის დამოუკიდებელ დარგებს შორის (რისი უპირველესი მასტიმულირებელიც, მაგ., ვოლტერ ბენიამინის აზრით, იყო, როგორც ჩანს, ჯერ ფოტო და მერე კინო ხელოვნება).

თავის მხრივ, ამას შეიძლება დავურთოთ შემდეგი შენიშვნაც: „ახალი დროის“ დაწყების სიმპტომებად ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ისეთ მოვლენებს, როგორიცაა 1) ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება, 2) წიგნის ბეჭდვა, და  3) ამერიკის აღმოჩენა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანად მე გუტენბერგისეული სტამბა მიმაჩნია, რომელმაც საფუძველი დაუდო მას-მედიას, და მარშალ მაკლუენის სიტყვებით რომ თქვათ, შექმნა ე.წ. „გუტენბერგის გალაქტიკა“, სადაც დიდი გაქანება მიეცა წერა-კითხვის საყოველთაოდ გავრცელებას, წიგნიერებას, განმანათლებლობას, ინფორმაციის მისაწვდომობას და ა.შ. პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ეს გალაქტიკა დაინგრა იმ გაგებით, რომ უწიგნურობა საყოველთად მეუფებს, სამაგიეროდ დიდი გაქანება მიეცა სხვა, თანამედროვე ტექნოლოგიურ, ელოქტრონულ მას-მედიალურ საშუალებებს, ციფრულ-სენსორულ გაჯეტებს, ინტერნეტს, ხელოვნურ ინტელექტს… ეს ყველაფერი მიდის სულ უფრო და უფრო გასაოცარი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის მიმართულებით, რაც აღვივებს ვირტუალურ სამყაროში გადაშვების გაუმაძღარ მადას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. „სამმაგი კოსმოსიზაციის“ მოვლენასთან, რაც საშუალებას გვაძლევს ეპოქათა დაყოფა გავიაზროთ ისეთი ცნებების კონტექსტში, როგორიცაა ქაოსი (რომელიც პოსტმოდერნიზმის ლექსიკაში იწოდება „ქაოს-მოსად)  და კოსმოსი. ანტიკურობაში კოსმოსი მეორადი მოვლენაა, პირველადია — ქაოსი. დემიურგი არ ქმნის სამყაროს, არამედ აწესრიგებს არსებულ ქაოსს. ამგვარად დადგენილი სამყარო მარადიულია და როგორიც არის ისეთია, დახურულია, წრეა. ქრისტიანობა ცვლის ანტიკურ მიდგომას და კრეაციონიზმს ქადაგებს: სამყაროს ღმერთი ქმნის არარადან ერთგავრი შემოქმედებითი აქტით, მაგრამ, როგორც ბერდიაევი ამბობს, ამით შესაქმე არ დასრულებულა, ანთროპოსი ღმერთის თანაშემოქმედია, ამითაა ის მისი მსგავსი და ხატი. ანუ, ამგვარი გაგების თანახმად, სამყარო ღიაა.  ეს თანაშემოქმედებითობა გაგრძელდება მანამ, სანამ კაცობრიობის ისტორია არ დასრულდება, ანუ „მეორედ მოსვლის ჟამამდე“. იმის შეგნებამ, რომ ანთროპოსის არსება შემოქმედებაა, მოგვცა მაგ., აღორძინების ეპოქის დიდი მხატვრობა, სერვანტესის „დონ კიხოტი“, ბეთხოვენისა და მოცარტის გენიალური მუსიკა და მრავალი სხვა. მაგარამ, ეს მხოლოდ ერთი ხაზია შემოქმედებითობის გამოვლინებისა და პროგრესირებისა, მეორე ხაზი მოიცავს ტექნოლოგიურ გამოგონებებს, რომელიც დღეს, უკვე ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, აბსოლუტურად აუფასურებს ყველაფერ სხვას, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, კი თეოსურ და ანთროპულ შემოქმედებითობას. სამწუხაროდ, კაცობრიობამ სწორედ ამ გზით სიარულს დააკისრა სამყაროს შეცვლის მისია. მეცნიერების აყვავების პერიოდიდან დაწყებული ცოდნა გამოცხადდა ძალად, რომელმაც ხელმეორედ უნდა მოაწესრიგოს გარესამყარო — ეს უკანასკნელი აღარც მთლად კოსმოსად ეჩვენება სციენტისტურ ხედვას, მასში კვლავაც ბევრი სტიქიაა ქაოტური და უმართავი. ამ უკანასკნელის მართვა — აი უმაღლესი ამოცანა. ამ გზაზე სიარულით ეკოლოგიური კატასტროფის ტაძართან მივედით და ქაოსის მეორეული, ანთროპული კოსმოსირება განუხორციელებელი აღმოჩნდა. ე.ი. ქაოსი ვერც დემიურგმა მოაწესრიგა და ვერც ე.წ. სუბიექტმა. გამომდინარე აქედან და გათვალისწინებით იმისა, რომ ჩვენს წინაშე გადაიშალა დიდი შესაძლებლობების კიბერ-ვირტუალური სამყარო, უახლოეს ამოცანად ჩვენს წინაშე სწორედ ამ სამყაროზე ზემოქმედება, მართვა, მანიპულირება და ვარირება იქნა დასახული. გაჯეტებში სენსორული ზემოქმედებით ცვლილებების გამოწვევა და პროცესების წარმართვა უკვე უკანა პლანზე გადადის. სენსორზე თითის შეხება რაღა მოსატანია, როცა გონების ძალით  ზემოქმედებაა ამოღებული სამიზნეში. პრიმიტიული რელიგიებისთვის დამახასითებელი მაგიის იდეალები სწორედ ამგვარი ტიპის გაჯეტების დანერგვით შეისხამს ხორცს ადრე თუ გვიან; ვირტუალურ სამყაროში ასეთი რამ სრულიად შესაძლებელი ჩანს. მაგრამ ვირტუალური სამყარო ხელოვნური ინტელექტის ოკუპაციის გარდაუვალობის წინაშე დგას — შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ვირტუალური კოსმოსის ჰარმონიზაციას? მესამე მცდელობაც მარცხისთვის ხომ არაა განწირული?

ამდენად, სახეზე გვაქვს სამი ეპოქა: ა. თეოკოსმიური, ბ. ანთროპოკოსმიური (ან კოსმო-სუბიექტური) და გ. AI-კოსმიური. პირველი ეპოქა გამოირჩევა იმით, რომ ანთროპოსი ანტიკურობაში ჯერ უბრალოდ და ალალად იმეცნებს იმ წესრიგსა და კანონზომიერებებს, რომელიც დემიურგმა ჩადო თავისთავად ქაოსურ მატერიაში (ესაა ფილოსოფიის აყვავების პერიოდი), ხოლო ამ ეპოქის მეორე, „შუა საუკუნეობრივ“ ეტაპზე ის უკვე თავად შემოქმედი ღმერთის შემეცნებას ცდილობს (ესაა თეოლოგიის აყვავების ეტაპი); მეორე ეპოქა — ცდილობს, ერთის მხრივ, გარესამყაროს შეცვლასა და მასზე ბატონობას საკუთარი (ანთროპული) გონების ძალით, რაც გლობალური ეკოლოგიური კატასტროფით დასრულდება და, მეორეს მხრივ, სოციალური გარემოს შეცვლა-გაუმჯობესებას, რაც სისხლიანი რევოლუციებითა და ომებით მიდის ატომური ესკალაციისკენ  (ესაა მეცნიერების აყვავების, სციენტიზმის ეტაპი);

ე.ი. პირველ ორ ეპოქაში, განსხვავებით მესამისგან, ანთროპოსი უპირისპირდება და მიზანში იღებს ისეთ „ობიექტს“, რომელიც მას არ შეუქმნია, რომელიც ნებისმიერ ანთროპოსს დაბადებიდან უკვე მზა სახით ხვდება.

მესამე ეპოქა, რომელიც მე პოსტმოდერნიზმის ეპოქად მესახება, თავად ანთროპოსის მიერ შექმნილ სამყაროში (კიბერ-ვირტუალურ „რეალობაში“) შესატან ცვლილებებსა და მასზე წესრიგის დამყარებას ისახავს მიზნად. ამ ეპოქამ, ფრანსუა ლიოტერის სახით, ყველაფერი ზემოჩამოთვლილი — ფილოსოფია, თეოლოგია, მეცნიერება — რომელთაც თავის დროზე აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ჰქონდათ პრეტენზია, „ენობრივი თამაშების“ რიგით სახეობებად, ხოლო მათ მიერ შექმნილი ე.წ. „დიდ ნარატივები“, პოსტმოდერნიზმის ეპოქისთვის ანაქრონიზმად მონათლა, მათი ადგილი ამ ეპოქაში აღარ არის.

ეს ეპოქები სხვა მომენტებზე ყურადღების გამახვილების საფუძველზეც შეიძლება განვასხვაოთ. პრემოდერნის (კერძოდ მისი მეორე ფაზის ) სულისკვეთება შეიძლება გამოვხატოთ ბიბლიური შესაქმის სიტვებით — იხილა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და თქვა, აჰა, კარგია ძლიერ!

მოდერნის სულისკვეთება იქნება — და, აი, იწყო ანთროპოსმა ქმნა ყველაფრისა თავის გონების, ანუ გონისა და ნების ძალით…

პოსტმოდერნის სულისკვეთება ასე გაიჟღერებს — იხილა ანთროპოსმა ყველაფერი, რაც შექმნა თავისი გონითა და ნებით, და თქვა, ცუდია ძლიერ!

გამომდინარე აქედან, რჩება ბოლო ალტერნატივა, ქმნა ყოველივესი ხელოვნური ინტელექტის მიერ. საკითხავია, ვინ იტყვის საბოლოო შეფასებით სიტყვას — ანთროპოსი თუ ხელოვნური ინტელექტი?

კორექტულობისგან შორს არ იქნება ამ ეპოქების ურთიერთგამიჯვნა შემდეგ ასპექტზე ყურადღების გამახვილების შემთხვევაშიც: პრემოდერნის პირველი, ანტიკური ფაზა გვეუბნება — ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია; მისი მეორე ფაზა ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს ზოგადად, სულიერ სიჯანსაღეს კავშირი აქვს არა ოლიმპიურ წვრთნასთან და გიმნასტიკასთან, არამედ — რწმენასთან, ლოცვასთან და ღვთის წყალობასთან, მთავარი სულია.

მოდერნიზმის სამიზნე სხეულია, სციენტიზმი უარყოფს სულს, როგორც ავტონომიურ სუბსტანციას. აქ სახეზე გვაქვს სხეულის კულტი, რის სიმბოლურ განსახიერებასაც წარმოადგენს სუპერმენი.

პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, სადაც ადამიანიც კვდება, ავტორიც, ისტორიაც და ყველაფერი ანთროპოქმნილიც, ავტომატურად კვდება სხეულიც და სულიც (ეს უკანასკნელი უკვე მოდერნიზმში მოკვდა). რჩება მხოლოდ გამოსახულება, „სხეული ორგანოების გარეშე“, ციფრული სიმულაკრი სხეულისა, რომელიც ვირტუალურ სამყაროში სულ უფრო და უფრო დახვეწილ და უზადო იერსახეს იძენს, ის ხდება სრულყოფილი ვიზუალის მქონე და ფაქტობრივად უკვდავი. თუ მას რაიმე ვირუსი დააზიანებს, ყოველთვის მოიძებნება ანტივირუსიც. დღეს უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად გვევლინება, მაგალითად, რომელიმე გარდაცვლილი კინოვარსკვლავის გაციფრულებული გამოსახულების საშუალებით ფილმში როლის შესრულება.

.         .         .         .         .         .

ორიოდ სიტყვით შევეხოთ პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსთა მიერ ძალზე ხშირად განხილულ ეკონომიკურ-კაპიტალისტურ ასპექტსაც, რაშიც ისინი ან ნეომარქსისტულ ტენდენციებს ამჟღავნებენ ანდა მოღვაწეობის საწყის ეტაპზე მარქსისტობენ და შემდეგ ანტიმარქსისტები ხდებიან.

ჯეიმისონის თეზისი — კულტურა არის ეკონომიკა და ეკონომიკა არის კულტურა, სრულიად ადექვატურად ასახავს ე.წ. „გვიანი კაპიტალიზმის“ ამ ეკონომიკურ სულისკვეთებას. გვიანი კაპიტალიზმის ეპოქა (რომელსაც რატომღაც უწოდებენ პოსტმოდერნიზმის ეპოქას), რომელიც მთლიანად მოცულია მწარმოებელის მიერ ნაწარმის სულ ახალ-ახალი მოდელების მომხმარებლისთვის მიწოდების „მალმსტრემით“, იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ კულტურას, მის ცალკეულ სფეროებს აღარ აძლევს იმ დევიზით ხელმძღვანელობის საშუალებას, რომელიც ასე ჟღერდა (ერთ დროს) — შემოქმედება შემოქმედებისთვის, ხელოვნება ხელოვნებისთვის, შემეცნება შემეცნებისთვის… არაფერი ამ უკანასკნელთაგან აღარ წარმოადგენს თვითმიზანს გვიანი კაპიტალიზმის (ჯეიმისონი), ან მოდერნიზმის პროექტის დასკვნითი ეტაპის (ჰაბერმასი), ან  პოსტმოდერნის (ლიოტარი) ეპოქაში; აქ ყველაფერი ნაწარმია (ცხადია, ინოვაციური პროდუქცია ყველაზე კონკურენტუნარიანია), რომელიც ეკონომიკურ ბრუნვაშია ჩაშვებული. იწარმოება თავდ სურვილები და არა მხოლოდ სურვილის საგნები, ანუ ის რაც სასურველია. სარეკლამო ინდუსტრია სურვილების წარმოშობას ემსახურება პირველ რიგში, რაც გასაყიდი საგნების გაყიდვას ავტომატურად განაპირობებს. ესაა, ბოდრიარის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მომხმარებლური საზოგადოების“ ყვავილობის ეპოქა.

ჩვენის აზრით, კაპიტალიზმის საწყისი ეტაპი იშლება ისეთი დისპოზიციური ცნებების კონტექსტში, როგორიცაა კაპიტალისტი და პროლეტარი. ესაა ეტაპი, სადაც წამყვანია სოციალური, ან თუ გნებავთ, სოციალური კლასების პლანი. ესაა სოციოლოგიურად საკვლევი საგანი. შემდგომი ეტაპია პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც იშლება ისეთ ცნებებთან მიმართებაში როგორიცაა მმართველი და მართული. როცა კაპიტალ-დაბანდება ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ შენ ხელ-ფეხი გეხსნება პოლიტიკური სადავეების ხელში აღებისა. ესაა ქონების შეძენის, ანუ კაპიტალისტობის ეშხიდან გამოსვლისა და მმართველობის პოლიტიკურ ეშხში შესვლის საფეხური, რომელიც კაპიტალის კვლავ მოპოვების მომენტსაც არ გამორიცხავს. აქ საქმე გვაქვს პოლიტოლოგიური კვლევის ობიექტთან. ბოლო ეტაპი ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში შემყვანია და ის  გულისხმობს ისეთი ცნებებით ოპერირებას, როგორიცაა მწარმოებელი და მომხმარებელი. (ეს მომენტები კარგად ჩანს ტრამპისა და მასკის ურთიერთობაში. ტრამპი კაპიტალისტი და მმართველია, მასკი — ინოვატორი მწარმოებელი. მე მგონია, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ „ეს ცხოვრება და მომავალი მასკისაა“).

.       .       .       .       .       .

ჟილ დელიოზის ფილოსოფიური შეხედულებები განსაკუთრებულად ეხამება ჩვენს თვალსაზრისს ეპოქალური ონტოლოგიების თაობაზე. დელიოზი „თეთრი ყვავივით“ მოსჩანს ფრანგი პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსების პლეადის ფონზე. მასში ბევრი რამაა შემორჩენილი ფილოსოფოსობის ტრადიციებიდან — მისწრაფება ლოგიკურობისა და სისტემატიზაციისკენ, მისი (სისტემის) დაფუძნება ონტოლოგიაზე, მეტაფიზიკური ტენდენციებიც კი, რაც სხვებისთვის ლოგოცენტრიზმის სახელით ინათლება და იგმობა.  ჩვენი სტატიის კონტექსტიდან გამომდინარე, ყველაზე საყურადღებოა მისი ნაშრომი „ნიცშე და ფილოსოფია“. განვიხილავთ რა იმ ლოგიკურ ჯაჭვს ეპოქალურ ონტოლოგიათა განვითარებისა და მსვლელობისა, კარგად გამოჩნდება ის შეხამება დელიოზის შეხედულებებთან, რომელიც ვახსენეთ. გავყვეთ ამ ჯაჭვს!

ჩვენ მკვეთრ დაპირისპირებულ მხარედ მოვიაზრებთ პოსტმოდერნისტულ ონტოლოგიას (ონტოლოგია ამ შემთხვევაში ბრჭყლებშიც კი უნდა ჩაისვას იმდენად საპირისპიროა ის მანამდელი ეპოქების ონტოლოგიისგან) ყველაფერი იმის მიმართ რაც მას წინ უსწრებდა. წინ კი მას უსწრებდა კლასიკური ან ტრადიციული და ახალი დროის ეპოქა თავიანთი ონტოლოგიებით. ტრადიციულში იგულისხმება ანტიკურობა და შუა საუკუნეები, ხოლო ახალი დროისაში ყველაფერი, მოყოლებული დეკარტიდან და ეგზისტენციალიზმის ჩათვლით. ამ უკანასკნელის (ეგზისტენციალიზმის) ონტოლოგიის ხიდის მეორე ნახევარს წარმოადგენს პოსტმოდერნიზმის ონტოლოგია. ეგზისტენციალიზმის ონტოლოგიის ლოგიკური ხაზის რადიკალიზაციასთან, ბოლომდე მიყვანასთან გვაქვს საქმე პოსტმოდერნიზმის ონტოლოგიის შემთხვევაში. აქ სახეზე გვაქვს ისეთივე პერიოდული გარდამავლობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა ანტიკური და შუა საუკუნეობრივი ონტოლოგიების შემთხვევაში — ხიდის საწისი ნახევარი ანტიკური ონტოლოგიაა, ხიდის მეორე, დამასრულებელი ნახევარი კი შუა საუკუნეების ონტოლოგა, მაგრამ ეს მაინც ერთი ხიდია.

ანტიკური ონტოლოგია „იდეის“ ონტოლოგიაა, იდეისა, რომელიც ორ ძირეულ ნიშანს ატარებს — მარადიულობა და იგივეობრიობა.

შუა საუკუნეებში, არისტოტელის გავლენით, იდეას ჩამოერთვა ტრანსცენდენტურის სტატუსი და, იმანენტური „უსიას“ კატეგორიით, ის განისაზღვრა, როგორც ე.წ. „ინდივიდუალური სუბსტანციის“ არსება. თავად არისტოტელის მიხედვით, „უსია“-ც ქრება ინდივიდუალური სუბსტანციის ანუ არსის სიკვდილის შემდგომ, თუმცა ქრისტიანობაში ის მარადიული სულის სახელით იქნება შენარჩუნებული — სხეული მოკვდავია, სული კი უკვდავი. მაშასადამე, აქ შენარჩუნებულია „ნამდვილად არსებულისთვის“ (ანუ, ანტიკური გაგებით, ყოფიერებისთვის) დამახასიათებელი ანტიკური ონტოლოგიის ნიშნები — მარადიულობა და იგივეობრიობა, მაგრამ მათ ემატება ორი უმნიშვნელოვანესი ონტო-განსაზღვრულობა — ერთადერთობა და განუმეორებლობა. ინდივიდუალურ სუბსტანციაში, არსში მარადიული იდეა, არსება მხოლოდ ერთხელ იქმნა ამა და მოდიფიკაციით და მორჩა (ამაში მდგომარეობს არსის საზრისი და შეუფასებელი, ან ფასდაუდებელი ღირებულება).

ახალი დროის ონტოლოგია კი, რომელიც არსების კი არა არსის ონტოლოგიაა, თავის რადიკალურ გამოვლინებაში, ანუ სციენტიზმში, ინდივიდუალურ სუბსტანციას წარმოგვიდგენს როგორც ბუნებისმეტყველების ობიექტს. ამ უკანასკნელში წაშლილია ყველაფერი იდეალური და ღვთაებრივი, ისაა მეცნიერული შემეცნების რიგითი საგნი სხვა საგანთა შორის. ამ საგანში შენარჩუნებულია მხოლოდ ინდივიდუალური განუმეორებლობის ნიშანი, მაგრამ უარყოფილია მასში ის, რაც მარადიულობითა და იგივეობრიობით ხასიათდებოდა ტრადიციულ ონტოლოგიაში. ახალი დროის ონტოლოგია ჯერ მხოლოდ იდგამს ფეხს, ახალი ეპოქა ესესაა იწყება, მაგრამ მომავლის პერსპექტივა და განვითრების ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუ იდეა, არსება ან ღვთაებრივიც კი არაა აბსოლუტური, მაშინ ინდივიდუალური, მაგარამ წარმავალი არსი მითუმეტეს ვერ იქნება აბსოლუტური, ონტოლოგიის ფუნდამენტი და არხე, რის გამოც მომავლის ონტოლოგიაში ასევე მოხდება მისი ელიმინაცია და ჩანაცვლება.

უკვე ეგზისტენციალიზმის ონტოლოგიაში ყოფიერება ინარჩუნებს მხოლოდღა ერთხელადობის ნიშანს (რომ იგი აღარასოდეს განმეორდება), ხოლო ინდივიდუალური გარკვეულობის ნიშანს ის იმთავითვე მზამზარეულად არ ფლობს. ამგვარი გარკვეულობის მოპოვების მხოლოდ შანსი არსებობს (რომელიც არაა აუცილებელი) და მისი გამოყენების არენა მისივე საკუთარი ბიოგრაფიულობა და ისტორიულობაა. ე.ი. აქ უმთავრესი ყოფილა არსის (ცხადია Da-sain-ს) არსებობის (ექსისტენციალობის) მომენტი, რათა დადგინდეს და განისაზღვროს მისი არსება, რომლის ვარიაციულ გამოვლინებასაც წარმოადგენს არსი, ინდივიდუალური სუბსტანცია. სხვათა შორის აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ექსისტენციები მიემართებიან რა ერთმანეთს ყოველდღიურობაში, შეიძლება (და ჩვეულებრივ ასეცაა), რომ არც ერთი მათგანი ჯერაც არ იყოს ფორმირებული როგორც სრული გარკვეულობის მქონე ინდივიდუალური სუბსტანცია, ანუ არც ერთმა მათგანმა არ იცოდეს, თუ რას წარმოადგენს ის თავად და რას წარმოადგენს სხვა. გარკვეულობა დადგენილი სუბსტანციები იშვითად იყრიან ხოლმე თავს ერთად, ისინი უფრო ცალკეული ნათურებივით გამოანათებენ ხოლმე ისტორიის ცაზე, ისინი პიროვნებები არიან, სრულ არსობრივ გარკვეულობას მხოლოდ პიროვნება შეიძლება ფლობდეს. აქ მუშაობს ფორმულა — „ვიღაც“ ერთეულთა გარდა არავინ იცის, ვინ არის თავად და ვინ არის სხვა. პიროვნებად შედგომის გზა სასოწარკვეთილების მეტაფიზიკურ უფსკრულში ნახტომით იწყება. ეს გადაშვება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფსკერზე მშვიდობიანად დაშვების გარანტიების მიუხედავად, არამედ იმის ცოდნა არ ცოდნის მიუხედავადაც, რომ მას ფსკერი სერთოდ გააჩნი თუ არა. ის თუ მშვიდობიანად დაეშვება ამას სხვა მაინც ვერასოდეს გაიგებს და შესაძლოა, თავად მანაც ვერ გაიგოს. და მაინც, ის უნდა გადახტეს თუნდაც თავისი „თავისუფლებით დაწყევლილობის“ სადემონსტრაციოდ.

დელიოზი უარყოფს კლასიკურ და ახალი დროის ონტოლოგიას ეგსისტენციალიზმის ჩათვლით, მაგრამ ამ უკანასკნელისგან ინარჩუნებს ხსენებული ხიდის მეორე, დამაგვირგვინებელ ნაწილს, რომელიც არსებობის (ექსისტენცის) კონცეპტით გამოიხატება. X – არსებობს, მაგრამ არც მისი რაგვარობა, არც მისი იგივეობა და რაც მისი ერთადერთობა-განუმეორებლობა სახზე მოცემული არა არის. ყველა X განსხვავებულია (არა–იგივეობრივია) და განმეორებადია (არა–ერთხელადია, ანუ კვლავწარმოებადია) — ყოფიერება განსხვავებულთა (არა–ინდივიდუალურ სუბსტანციათა) კვლავწარმოება და განმეორებადობაა (მარადიული დაბრუნებაა). ასე ამკვიდრებს დელიოზი პოსტ-ონტოლოგიური „არსის“ — ციფრული სიმულაკრის, ფუნდმენტურ დეტერმინანტებად  განსხვავებასა და განმეორებას, თავისი იგივე სახელწოდების მქონე ნაშრომით.

დელიოზისეული „განმეორების“ ცნების შინაარსად შეიძლება ვიგულვოთ მაგ., ე.წ. „სიკვდილის ვერ შეძლება“, როცა არა-ინდივიდუალური სუბსტანცია, ან სიმულაკრი — ე.ი. კოპიო სამუდამოდ დაკარგული ორიგინალის გარეშე (არსი არსების გარეშე), ვერ კვდება, ვითომ კვდება, რაღაც აზრით კვდება, მაგრამ არასოდეს კვდება ბოლომდე და კვლავ მეორდება რაღაც გაგებით (მაგ., კლონირებით), ესაა ჯოჯოხეთი, როგორც ამას მამარდაშვილი ამბობდა. ბოლომდე შეიძლება მოკვდეს, აღესრულოს მხოლოდ ის, რაც არსებითად გარკვეულია, ინდივიდუალური სუბსტანციაა. არსის გარკვეულობის გამოხატველი ნიშნების სახეზე აღარ ყოფნა არის მისი სიკვდილი. რასაც არსებითი გარკვეულობის გამომხატველი ნიშნები იმთავითვე არ გააჩნია, რაც, ეგზისტენციალისტური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ისეთია, როგორიც საერთოდ არიან, ანუ რაც Man-ია, ის არ შეიძლება მოკვდეს. Man-ის ეს პრინციპულად ვერ სიკვდილი და გაურკვევლობა ქმნის ჯოჯოხეთს — ვირტუალურ სამყაროს, ან, უფრო ზუსტად ვირტუალურსა და ყველა შესაძლო სამყაროს შორის ზღვარწაშლილობას, აღრეულობას.

პოსტმოდერნიზმი იღებს ჯოჯოხეთს, ჟან ბოდრიარის სიტყვებით რომ თქვათ, „ორგიას“ ან სიმულაკრთა ურთიერთმიმართებებს სიმულაციაში, როგორც ონტოლოგიურ რეალობას. ვირტუალური სამყარო ამ ჯოჯოხეთის იდეალიზაციაა, სადაც განსხვავება და განმეორება ჰიპერრეალობის ფუნდამენტურ ჩარჩოებს ქმნის.

თუ ჩვენს მიერ ხსენებულ ყველაზე ცნობილ განსაზღვრებას სიმულაკრისა — კოპიო ორიგინალის გარეშე — გავიაზრებთ ონტოლოგიურ-ეპოქალური  ცვალებადობების გათვალისწინების ფონზე, დავინახავთ, რომ თუ იდეა, უსია, არსება და ემპირიული არსიც კი არ არსებობს (არაემპირიული, ციფრული კოპიო გაცილებით კონკურენტ უნარიანია), მაშინ კოპიოს ორიგინალი არარა ყოფილა. კოპიო, სიმულაკრი არარას კოპიოა, ანუ თავადაც არარაა. არარს ექსისტენცია (მხოლოდ ეს ნიშნიღა შერჩა პოსტმოდერნისტული ონტოლოგიის არხეს) თავადაც არარაა. გამოდის, რომ ამ ონტოლოგიაში ყოფიერება არარაა .

ყოფიერებასა და არარაზე ბევრს სუბრობდნენ ჯერ კიდევ ეგზიტენციალისტები (პოსტმოდერნიზმის პირველი მერცხლები), მაგრამ მათ არ დაუსვამთ იგივეობის ნიშანი ამ ორს შორის. მაგალითად, სარტრი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აარარავებს ცნობიერება ყოფიერებას და საერთოდაც, მისი აზრით, ცნობიერებაა არარა იმ გაგებით, რომ ის, რაც არის და როგორც არის, ცნობიერება ის არ არის და ისე არ არის. ცნობიერება არის არარა ყველაფერ იმის მიღმა, რაც არის. ის, რაც არის დგას მთელი ყოვლისმომცველობით და სიშიშვლით არარას (ცნობიერების) წინაშე.

ჰაიდეგერი კი თავის „დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“- ში საუბრობს მასზედ, რომ შედევრში, მაგ., ვან გოგის „გლეხის ფეხსაცმელებში“, არარა გამოდის თავისი დაფარულობიდან. ბევრი რამ — სოფლის ორღობე, ყანებისკენ მიმავალი თემშარა, ტყის შრიალი, ნამის სისველე და სუნი, ტალახის წებობნება და სიბლანტე… — რაც არაა გამოსახული ტილოზე, ანუ არარაა, რეციპიენტის წინაშე ცოცხლდება. არარას ამ დაფარულობიდან გამოსვლას ჰაიდეგერი ჭეშმარიტების ჩენას, ალეთეიას უწოდწებს.

ამ ეგზისტენციალური შეხედულებების შემდგომ გადადგმული ნაბიჯი ლოგიკურად მიდის ზემოხსენებულ დებულებამდე, რომლიც შეიძლება გადმოვცეთ ფენომენოლოგიის ცნობილი დებულების — ფენომენს მიღმა ფენომენივე დგას — პერეფრაზით: არარას მიღმა (ან წინაშე) არარა დგას, იმ გაგებით, რომ არაფერს არ გააჩნია ორიგინალი ანუ არც არსი და არც გვარეობის არსებითი გარკვეულობა.

 

 

აი აქ მივადეგით ზემოთ ხსენებულ ჟილ დელიოზის აზრთა წყობას, რომელიც გადმოცემულია ნაშრომში „ნიცშე და ფილოსოფია“, და გადმოცემულია, ცხადია, სხვა კონცეპტუალურ კონტექსტში, მიუხედავად ამისა, კარგად ეხმიანება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სურათს პოსტმოდერნისტული ონტოლოგიისა.

დელიოზი მსჯელობს ნიჰილიზმის თემაზე. ფილოსოფიის ისტორიიდან ცნობილია ისეთი კონცეპტები, როგორიცაა „არსებობის ნება“, „ძალაუფლების ნება“, „ჭეშმარიტების ნება“ და სხვა. დელიოზი ნიჰილიზმს განსაზღვრავს როგორც „არარას ნებას“. არარს ნება გამოიხატება არსებულის, სახეზე მოცემულის, ხელშესახების გაუფასურებაში. ის, რამაც შეიძლება არსებულს ფასი დასდოს — იდეა, ჭეშმარიტება, ღმერთი ად ა.შ. — გატანილია სხვა, ზენაარ სამყაროში. სინამდვილეში ეს ყველაფერი არარას ფსევდონიმები ან ზედმეტსახელებია.

ნიჰილიზმს გააჩნია ისტორიულად ჩამოყალიბებული სამი ეპოქალური ფორმა — ა. ნეგატიური ნიჰილიზმი, ბ. რეაქტიული ნიჰილიზმი და გ. პასიური ნიჰილიზმი. ამათგან პირველი ეთანადება ჩვენს მიერ ხსენებულ კლასიკური ონტოლოგიის ეპოქას, მეორე ე.წ. ახალი დროის ეპოქისას, ხოლო მესამე — პოსტმოდერნიზმისას.

ნეგატიური ნიჰილიზმი ღირებულების ცნებასთნ მიმართებაში გულისხმობს იდეისთვის (ანუ არარასთვის) ღირებულების მინიჭებას და არსის განძრცვას ღირებულებისგან. სხვანაირად რომ ვთქვათ სულის განდიდებასა და ხორცის დაკნინებას.

რეაქტიული ნიჰილიზმი გულისხმობს რეაქციას იმაზე, რასაც ადგილი აქვს ნეგატიური ნიჰილიზმის შემთხვევაში; თუ ღმერთი სმყაროში არ არის და ფასი მხოლოდ მას გააჩნი და არა სამყაროს, ამნაირი ღმერთი ელიმინირებული უნდა იქნეს. საჭიროა ღმერთი, რომელიც ამ მიწიერ სამყაროში იქნება და საკუთრივი ღირებულების შუქით შემოსავს ყოველივეს. ამ შემთხვევაში ზენაარი სამყარო გახდება ნიჰილური, ხოლო მიწიერი ღირებული. ეს ადგილმონაცვლეობა განხორციელდა ქრისტიანობაში. მაცხოვარი არა უბრალოდ შემოვიდა მიწიერ ცხოვრებაში და მოჰფინა ღირებულების ნათელი ყველაფერს, არმედ მან სულით-ხორცამდე განმსჭვალა ყველაფერი. მან დაიბინავა ანთროპოსის სულის სიღრმეში და სინდისის ხმის ჰიპოსტაზით გახდა ჯერ მესაიდუმლე ყველა სისუსტისა და ვნებისა, ხოლო ინკვიზიციის ჰიპოსტაზით, მეთვალყურე და დამსჯელი.

რეაქტიული ნიჰილიზმი საბოლოოდ ახდენს იდეალურისა თუ ღვთაებრივის დესაკრალიზაციას, მაგრამ განკაცებულ ღმერთსაც კლავს საბოლოოდ — თუ ზენაარს არ გააჩნია აბსოლუტური ღირებულება, მაშინ მიწიერს მით უმეტეს არ ექნება ის. ასე, რომ „ღმერთი კვდება“ და ტახტზე ადის „უკანასკნელი ადამიანი“, რომელიც ნიცშეს ყველაზე მეტად სძულდა და რომელიც, მისი აზრით, უნდა დაიძლიოს, გადაილახოს.

პასიური ნიჰილიზმის ეპოქაში ცხადი ხდება, რომ „უკანასკნელი ადამიანის“ მიერ დადგენილი კაცებრივი (და არა ღვთაებრივი) ღირებულებები, წესები და კანონები უმოკლესი გზაა მსოფლიო ომებამდე, ჰოლოკოსტამდე, ნაციზმამდე, რასიზმამდე, ატომურ ბომბამდე, ეკოლოგიურ კატასტროფამდე და ა.შ. ამიტომ, თუ თუ ტახტზე აღარ ზის ღმერთი, მაშინ იქ ანთროპოსის ჯდომას სჯობს, რომ საერთოდ არავინ იჯდეს. ტახტი ცარიელია, ანუ იქ ზის არარა.

ასე მოიხსნება ყოველგვარი შეზღუდვები — ღვთაებრივიც და კაცებრივიც. როცა უქმდება სასულიერო და საერო შეზღუდვები, მეტიც, ფსიქოლოგიური, კულტურული, ბილოგიური თუ გენდრული  და ა.შ., მაშინ იწყება ის, რასაც ბოდრიარი უწოდებდა ორგიას. ამ ორგიის პირობით საწყისად შეიძლება ავიღოთ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი და მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი. კონკრეტულ სახელთაგან, რომლებიც საინტერესოა ფილოსოფიის ისტორიული თვალსაზრისით, ეს პერიოდი შეიძლება დავუკავშიროთ, უპირველეს ყოვლისა, ნიცშეს და შემდგომ უკვე ფროიდს, რომელმაც კულტურის რეპრესიულობა „ერთი სილის გაწვნით“ — ანუ თავის ფსიქოანალიზით — დაანგრია.

ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით, ესაა პერიოდი, როცა შეზღუდვებ მოშლილი შემოქმედება უამრავ ახალ „იზმებს“ წარმოშობს — სიმბოლიზმი, დადაიზმი, აბსტრაქციონიზმი, ფორმალიზმი, ფუტურიზმი, სიურეალიზმი და ა.შ. ეს იყო მძლავრი დუღილის ანუ ორგიის პერიოდი, რომელმაც მოამზადა პოსტ-ორგიალური ანუ პოსტმოდერნისტული რეალობა. ბოდრიარი მიზანში ახვედრებს ზუსტად, როცა პოსტმოდერნისტულ ეპოქაში მყოფ საზოგადოებას უწოდებს „ორგიის შემდგომ“ მდგომარეობაში მყოფს.

ორგიის პერიოდად უნდა ვიგულვოთ ე.წ. „მაღალი მოდერნიზმის“ ხანა, რომელსაც მოყვება პოსტმოდერნიზმი. ამ ურთიერთ მონაცველე კულტურის დინამიკას ჯეიმისონი ასე ახასიათებს: პოსტმოდერნისტული კულტურა ხასიათდება პირქუშობით, სიბნელით, ღია სექსუალური ხასიათის მქონე შინაარსით, მორალური გახრწნილებით… ამ თვისებების ხასიათი აჭარბებს ყველაფერ იმას, რაც გამოვლენილა მაღალი მოდერნიზმის უკუდურეს მომენტებში. რაც მოდერნისტულ კულტურაში შოკის მომგვრელი იყო, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში არათუ შოკისმომგვრელია, არამედ პირიქით, მის მიმართ ავლენენ უკიდურეს მოწიწებას და ახდენენ მის ინსტიტუციონალიზაციას.

.        .        .        .        .         .        .

 Irakli Gogichadze

  “Ontological picture of postmodernism”

(Cyber-realism)

The main objective of this article was to outline the ontological picture of the so-called “postmodern era.” To achieve this, we trace the historical dynamics, transformations, and the logic of development that accompanied the ontological models of earlier epochs – namely: (1) the pre-modern or traditional-classical era, and (2) modernity. This analysis revealed the radical transformation undergone by the foundational principles of ancient ontology within postmodernism, which may be expressed, in rough terms, as follows: whereas Parmenides asserted that Being is and non-Being is not, postmodernism tells us that non-Being is, and Being is not.

In traditional ontology, everything real was considered to possess essence, entity, and being. Being was conceived as a universal factor common to all entities regardless of their kind or genus; by virtue of being, one could say of every entity that it is real, that it exists. Entity determines the generic status of essence – whether the existent is a human being, a horse, and so on. Essence, in turn, referred to the concrete individuality of the existent – Socrates, Bucephalus, etc.

From the standpoint of tradition, non-being was regarded as lacking essence, entity, and being. In modernity, the so-called anti-essentialist tendency advances to an extreme limit. This tendency was already initiated by Aristotle in his critique of Plato’s Ideas (autonomous entities), while Ockham’s razor proved to be a blow of deadly force. In modernity, the culmination of which is positivism and scientism, entity and essence were stripped of any legitimate status. The ontological picture was left with essence alone, to which physical operators such as mass, volume, density, and the like apply equally, regardless of its kind.

Nietzsche named this situation the “death of God,” and later Michel Foucault described it as the death – or, more precisely, the disappearance – of man, washed away by the waves like an inscription drawn in the sand.

Existentialism attempted to remedy this situation by supplementing the impoverished ontological picture with the concept of existence – being-in-existence, biography. Sartre’s thesis that essence does not precede existence, but is constituted in and through existence, represents a clear expression of this attempt.

This attempt, however significant, remained merely an attempt. In the postmodern era, everything vanished from the ontological canvas: entity, being, existence, structure, and even essence itself. History, the author, and so forth followed them into disappearance.

What remains is the so-called “productive digital reality,” the image – the simulacrum – which, according to traditional ontological understanding, is nothingness. It possesses neither essence, nor entity, nor existence. As for its being and its reality, they are endlessly producible within virtual simulations. Reality is no longer something that is; it is something that can be produced.