Skip to main content

5) “ბჭობის სისწორის პრობლემა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წ.

 გამოცდილება გვასწავლის, რომ არა ყოველი ბჭობით ვაფართოებთ ცოდნას: ზოგჯერ, როდესაც ვცდილობთ ბჭობით დავადგინოთ რაიმე დებულების ჭეშმარიტება, ვერ ვასრულებთ განზრახვას, ვერ ვახერხებთ ამ დებულების ჭეშმარიტების ან მცდარობის დადგენას, მარცხს განვიცდით. მარცხი ბჭობაში არის „ვერდასაბუთება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძალისხმევა, მოტანილი არგუმენტები (საბუთები) და გაკეთებული დასკვნები  (არგუმენტირების პროცესი) ერთობლივად არ წარმოადგენს თეზისის დასაბუთებას, არ არის ადექვატური ან საკმარისი მისი ჭეშმარიტება-მცდარობის დადგენისთვის.

ბჭობაცა და დასკვნაც მიზანმიმართული ქმედებაა, რომლებიც ფიზიკური მოქმედებებისაგან განსხვავებებით ენობრივი და აზრობრივი აქტივობის სახით მიმდინარეობს. ყოველი მიზანდასახული ქმედების წინაპირობაა ჩანაფიქრის, საკუთრივ მასალისა და საშუალებების არსებობა. მაგრამ, იმისთვის, რომ მასალა და საშუალებები გარდაიქმნას ჩანაფიქრის ხორცშესხმად, გარდა ამის საჭიროა, მოქმედი სუბიექტი ფლობდეს ცოდნას, თუ როგორ შეასხას ხორცი ჩანაფიქრს არსებული მასალითა და საშუალებებით. მიზანდასახული ქმედების წარუმატებლობა, მარცხი ჩანაფიქრის განხორციელებაში შესაძლოა გამოიწვიოს მასალის შეუფერებლობამ და შეიძლება შედეგი იყოს იმისა, რომ სუბიექტი ვერ ფლობს ხორცშესხმის ხელოვნებას. ყოველივე ზემოთქმული ვრცელდება ბჭობაზეც.

   ბჭობა წანამძღვრებიდან თეზისის გამოყვანა და ამ წანამძღვრებით შედეგის დაფუძნებაა. შესაფერისი წანამძღვრების შერჩევა, ყოველი ნაბიჯის, მათ შორის, შედეგის (თეზისის) მკაფიო ფორმულირება ბჭობაში, წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა.

ყოველგვარი შერჩევა და აზრების მკაფიო ფორმულირება ყოველთვის როდი ექვემდებარება მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენისკენ ლტოლვის გონებრივ, რაციონალურ მოთხოვნებსა და საზომებს. ადამიანი, მართალია, მოაზროვნე არსებაა, მაგრამ, ჯერ ერთი, აზროვნება შეიძლება იყოს ბეცი და გამჭრიახი, სუსტი და ძლიერი, ღრმა და ზედაპირული, და, მაორეც, აზროვნება ხშირად მხოლოდ პირადი ინტერესების, გრძნობების, სიმპატია-ანტიპატიის, ახიარება-აკვიატებების და მისთანათა მსახურია და არა მიუკერძოებელი მსაჯული. ამიტომ ბუნებრივია, რომ არგუმენტების შეჩევასა და აზრთა მკაფიოდ ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკის ეს მხარეები. ეს გავლენა განაპირობებს წანამძღვრების ლოგიკური თვალსაზრისით არასწორ შერჩევას, თეზისის არასწორ, არამკაფიო ჩამოყალიბებას, რასაც „მასლისმიერი შეცდომა“ ეწოდება და რაც ბჭობაში წარუმატებლობის, მარცხის ერთ-ერთი მიზეზია.

არსებობს შეცდომათა სხვადასხვა ფორმები და ქვესახეები; დავახასიათოთ მათგან ყველაზე ტიპიურები:

ა) წანამძღვრად, შესაძლოა უნებურად, აღებულია თუმცა არა შკარად მცდარი, მაგრამ საეჭვო დებულება, რომლის ჭეშმარიტება ადრე არ იყო დადგენილი და რომელიც ამის გამო საჭიროებს გამართლებას, დასბუთებას — „დაუსაბუთებელი წანამძღვრის შეცდომა“.

ნებისმიერი ბჭობის შედეგი შეიძლება ასე გამოვთქვათ: აი ეს დებულება (თეზისი) ჭეშმარიტია, რამეთუ ჭეშმარიტია ესა და ეს დებულებები (ჩამოვთვლით წანმძღვრებს). აქედან კი ჩანს, რომ არგუმენტს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ მისი ჭეშმარიტება ცნობილია, დადგენილ-დასაბუთებულია. ამიტომ, თუკი რომელიმე ერთი წანამძვრის ჭეშმარიტება მაინც არის საეჭვო, მაშინ ვერ ვირწმუნებთ მისგან გამოყვანილი შედეგის, მათ შორის თეზისის ჭეშმარიტებასაც.

და მაინც, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაბუთებისას არ შეიძლება გამოვიყენოთ საალბათო ვარაუდები, ჰიპოთეზები; შეგვიძლია, ოღონდ თავიდანვე გარკვევით უნდა გვქონდეს შეგნებული, რომ ასეთ შემთხვევაში ისიც, რაც დავასაბუთეთ, თუკი მისი უშუალო შემოწმება ვერ ხერხდება, აგრეთვე ჰიპოთეტური ხასიათისაა.

საეჭვო, დაუსაბუთებელ დებულებას ზოგჯერ იმიტომ იღებენ წანამძღვრად, რომ ადვილად „დაასაბუთონ“ თეზისი. ამიტომ ამგვარ წანამძღვარს ისე შეარჩევენ, რომ წანამძღვარში იმთავითვე იგულისხმებოდეს თეზისი. ასეთ შეცდომას შეიცავს, მაგ., თვით არისტოტელესეული შემდეგი მსჯელობაც კი: „მონა არ არის ადამიანი, რადგან მას აკლია სწორედ ის ნიშანი, რაც ადამიანს ადამიანად ხდის, სახელდობრ თავისუფლება“. აქ წანამძღვრად აღებულია დებულება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ თავისუფალი და მონა წინდაწინვე (ე.ი. ბჭობის დაწყებამდე) გამორიცხულია ადამიანთა გვარეობითი ერთობლიობიდან, მაგარამ, მაშინ მოტანილი მსჯელობა არაფერს ასაბუთებს, რადგან წანამძღვრად აღებული დებულება თავადვე საჭიროებს დასაბუთებას.

თუ ბჭობაში საეჭვო წანამძღვარი შეგნებულადაა აღებული, მაგ., მწვავე დისკუსიის დროს, როდესაც იმდენად ჭეშმარიტების დადგენა კი არა აინტერესებთ რამდენადაც მოწინააღმდეგეზე გამარჯვება, მაშინ, ცხადია, ცდილობენ კიდეც გარკვეული ხრიკებით (მაგ., ჭორების ან საყოველთაოდ გავრცელებული ცრურწმენების მოშველიებით) ისე წარმართონ მსჯელობის მსვლელობა, რომ მზაკვრული ჩანაფიქრი შეუმჩნეველი დარჩეს.

ბ) ძირითადი შეცდომის ერთ ერთი კერძო შემთხვევაა „წინააღმდეგობის არასებობა წანამძღვრებს შორის, მათი ურთიერთშეუთავსებლობა“. მართლაც, თუ წანამძღვრებს შორის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულება გვხვდება, მაშინ წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის ძალით, ამ ორი დებულებიდან ერთი აუცილებლად მცდარია.

ძირითადი შეცდომების დაშვება განსაკუთრებით სახიფათოა სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო საქმიანობაში. დაინტერესებულ პირთა ყალბმა ჩვენებებმა, ჩვენების ჩამორთმევისა და დაკითხვის არასწორმა მეთოდებმა, პიროვნების თუ გვამის  უმართებულოდ ჩატარებულმა ამოცნობამ, შეიძლება შედეგად გამოიღოს უდანაშაულოს დასჯა ან დამნაშავის გამართლება. არავითარი სასამართლო გადაწყვეტილება ან განაჩენი არ შეიძლება ემყარებოდეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ექსპერტთა ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს. „ერთმანეთის საწინააღმდეგო წანამძღვრებიდან ყველაფერი გამომდინარეობს და არაფერი საბუთდება“ .

გ) ბჭობის პროცესი, მსვლელობა უნდა იყოს დასახსრული, დიფერენცირებული, საფეხურეობრივად წარმართული. ასეთ შემთხვევაში შეცდომის გაპარვის ალბათობა მცირეა, ხოლო მისი შემჩნევისა — მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ ბჭობა ზედმიწევნით დასახსრული შეიძლება იყოს, ძალზე გამჭრიახ მოაზროვნესაც კი შეიძლება გაეპაროს შეცდომა. ამის უამრავი შემთხვევა არსებობს, მაგალითად ევკლიდეს გეომეტრიის მე-5 პოსტულატთან დაკავშირებული ისტორიაც კმარა.

გეომეტრია ევკლიდემ აქსიომატური მეთოდით წარმოგვიდგინა. მისი პოსტულატებიდან მეხუთე პოსტულატის შინაარსი შემდეგია: თუ ორი წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას ერთ მხარეს მდებარე შიდა კუთხეების ჯამი 180 გრადუსზე ნაკლებია, მაშინ ეს ორი წრფე ერთმანეთს კვეთს ამ შიდა კუთხეების მხარეს მათი გაგრძელებისას .

უკვე ევკლიდეს თანამედროვეებში წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს აქსიომა შეიძლება დამტკიცდეს სხვა აქსიომების გამოყენებით და ამიტომ ის, როგორც აქსიომა ზედმეტია. 2000 წელზე მეტი ცდილობდნენ სწავლულები ამ ეჭვის დაფუძნება-დასაბუთებას, ე.ი. ამ პოსტულატის გამოყვანას გეომეტრიის სხვა აქსიომებიდან. ქვეყნდებოდა კიდეც ასეთი დასაბუთებითი გამოკვლევები, მაგრამ, ადრე თუ გვიან აშკარა ხდებოდა მათი უშედეგობა. როგორც სპეციალურმა გამოკვლევებმა ნათელყო, თითქმის ყველა შემთხვევაში ეს დასაბუთებები ეყრდნობოდა მეხუთე პოსტულატის ტოლფას დებულებას, რომლებიც თვითონ ევკლიდეს გეომეტრიაში მეხუთე პოსტულატის გამოყენებით მტკიცდებოდა, და მაშასადამე, უშვებდნენ ე.წ. „მანკიერი წრის შეცდომას“. მხოლოდ მე-19 საუკუნეში გადაიჭრა ეს პრობლემა და თანაც უარყოფითად — ნაჩვენები იქნა, რომ მეხუთე პოსტულატის დაყვანა ევკლიდეს გეომეტრიის სხვა აქსიომაზე შეუძლებელია და, ამდენად, ის ზედმეტი არ არის.

დ) ბუნდოვანი, ორაზროვანი გამოთქმების, არამკაფიო აზროვნების ან პოლემიკის გამო ხშირად გადაუხვევენ საკითხს და ცდილობენ ისეთი დებულების დასაბუთებას, მისი ჭეშმარიტების დადგენას, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად ჰგავს თეზისს, ან თუმცა მასთან კავშირშია, მაგრამ მისი ტოლფასი არ არის. ეს შეცდომაა და მას „თეზისის შეცვლა“ ეწოდება.

მაგ., ცნობილია, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან დამდგარი შედეგებისგან წარმოქმნილი ხიფათი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა, მაშინ ის დანაშაული არა არის  და არ ისჯება. ვთქვათ „ნ“-მა საწარმოდან, სადაც მუშაობს, მოიპარა ძვირფასი ლითონების შემცველი დეტალები. საქმე განიხილება სასამართლოზე. დამცველი ასაბუთებს და თანაც წარმატებით, რომ ქურდობის შედეგად საწარმოს არ განუცდია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, რადგან ნაქურდალის ერთი ნაწილი „N“-ს საწარმოს გასასვლელშივე ჩამოერთვა, ხოლო დანარჩენი სრულად იქნა ამოღებული მისი ბინის ჩხრეკის შედეგად და დაუბრუნდა საწარმოს. ამის საფუძველზე დამცველი ასკვნის, რომ „N“-ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს მის განთავისუფლებას პასუხისგებისგან. მაგრამ ეს არასწორი მსჯელობაა. დამცველი უშვებს „თეზისის შეცვლის შეცდომას“ — ის იმას კი არ ასაბუთებს, რომ ის, რაშიც ბრალი ედება „N“-ს სოციალურად სახიფათო არ არსის ან სახიფათოა მცირედი ზომით (სინამდვილეში ის ამას უნდა ასაბუთებდეს), არამედ იმას, რომ „N“-ის ქმედებით გამოწვეული ზარალი უმნიშვნელოა საწარმოსთვის. ეს ორი დებულება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

ხშირად ხდება, რომ არგუმენტირებაში ან ბჭობის მიმდინარეობაში შეცდომის აღმოჩენა და ამით ბჭობის არასისწორის ჩვენება მიაჩნიათ დასასაბუთებელი დებულების (თეზისის) მცდარობის დამადასტურებლად. ასეთი მტკიცება თავადაა შეცდომა და წარმოადგენს „თეზისის შეცვლის შეცდომის“ კერძო შემთხვევას: არასწორი, ლოგიკურად გაუმართავი ან არასწორად შერჩეული წანამძღვრების მქონე ბჭობის თეზისი გამორიცხული არ არის, რომ თავისთავად ჭეშმარიტი იყოს და მისთვის სხვა მართებული, უშეცდომო დასაბუთება არსებობდეს. მაგ., ერთ ერთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი თვითმკვლელობის ზნეობრივ გაუმართლებლობას იმით ასაბუთებდა, რომ ამტკიცებდა, ადამიანს არა აქვსო უფლება წაართვას თავის თავს ის, რაც თავად მის მონაპოვარს არ წარმოადგენს. ეს ზოგადი წანამძღვარი მცდარია, რადგან ამავე არგუმენტის ძალით გაუმართლებელი უნდა იყოს თმების შეჭრა და ფრჩხილების მოჭრა, ნაანდეძევის სხვისთვის გადაცემა, ქირურგიული ოპერაცია და ა.შ. ამ კრიტიკის საფუძველზე უნდა ითქვას მხოლოდ ის, რომ შემოთავაზებული ბჭობა ვერ ასაბუთებს დებულებას — „თვითმკვლელობა ზნეობრივად გაუმართლებელია“ — და არა ის, რომ ეს თეზისია მცდარი. ბევრს, ვისაც აღნიშნული კრიტიკა სწორად მიაჩნია, თავად ამ თეზისის სისწორეში ეჭვი არ შეეპარება, ხოლო დაინტერესებული პირები შეეცდებიან მის სხვაგვარად, მზაკვრულად დასაბუთებას.