Skip to main content

6. ფორმალური შეცდომები ბჭობაში; ლოგიკის ხელახალი განსაზღვრება. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

   მაშინ, როდესაც ბჭობა არასწორია, როდესაც მასში გამოყვანილია ლოგიკურად უმართებულო დასკვნები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა წანამძღვრები ჭეშმარიტი, ხოლო თეზისი ნათლად ფორმულირებულია, ვამბობთ, რომ დაშვებულია „შეცდომა არგუმენტაციაში“ ანუ ე.წ. „ფორმალური შეცდომა“.

    ისევე როგორც ყველა მოვლენასა და საგანში, აზრშიც, მის სახეებში — ბჭობასა და დასკვნაში, შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ შინაარსი და ფორმა .

შენობის (წინადადების) ფორმა გულისხმობს არა იმას თუ რა მასალისგან (შინაარსისგან), რა ელემენტებისგან არაის აგაებული შენობა, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ არიან ეს ელემენტები დაკავშირებული ერთმანეთთან. მსგავსად ამისა ბჭობაც და დასკვნაც ყალიბდება გარკვეული შინაარსობრივი ელემენტებისგან. ბჭობის პროცესი, თითოეული დებულების ჩამოყალიბება ამ შინაარსობრივი ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესია, ხოლო ის, თუ რა წესით, ყაიდით ხდება მათი ეს შეერთება, შეადგენს ბჭობის ფორმას. აქედან ჩანს, რომ ფორმა იგივე აღნაგობის სტრუქტურაა .

ლოგიკაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რაგვარი სისწორე-კორექტულობით ხასიათდება აზრის ან აზროვნების პროცესის შინაარსი, არამედ მისი ფორმა, აღნაგობის სტრუქტურა და, მაშასადამე, კანონზომიერება, რომელსაც ლოგიკა იკვლევს არის აზროვნების ფორმის კანონზომიერება. ბჭობა-დასკვნის სისწორე დამოკიდებულია მის ფორმაზე, განისაზღვრება ფორმის თვისებებით. სხვა სიტყვებით: ბჭობისა და დასკვნის სისწორე-არასისწორე, კორექტულობა-არაკორექტულობა, ლოგიკურობა-არალოგიკურობა მათი წმინდა ფორმალური (სტრუქტურულ-კონსტრუქციული) მახასიათებელია. კერძოდ, ორი დასკვნიდან, რომელთაც ერთი და იგივე ფორმა აქვთ, ე.ი. ერთნაირად არიან აგებულნი შინაარსობრივი ნაწილებისგან, ან ორივე სწორია (კორექტულია, ლოგიკურად გამართულია), ან არცერთი, მიუხედავად იმისა თუ როგორია მათი შინაარსი — რას ეხება, რა საგნების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, ჭეშმარიტია თუ მცდარი მათში შემავალი დებულებები თავისთავად და ა.შ. მაგ., შემდეგი ორი დასკვნის ფორმა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, მიუხედავად მათი შინაარსობრივი ელემენტების აბსოლუტური განსხვავებისა:

 

  • ა. დები გადხოვებამდე ატარებდნენ ერთ და იმავე გვარს.

ბ. მწრალ გრიბოედოვის მეუღლე, ნინო და სამეგრელოს

უკანასკნელი მთავრის მეუღლე, ეკატერინე იყვნენ დები.

გ. ნინოს გვარი გათხოვებამდე იყო ჭავჭავაძე.

ე.ი. ეკატერინეს გვარიც გათხოვებამდე იყო ჭავჭავაძე.

 

  • ა. პარალელური წრფეების მესამე წრფით გადაკვეთისას

მიღებეული შესაბამისი კუთხეები ერთმანეთის ტოლია.

ბ. A და B კუთხეები ორი პარალელური წრფის მესამე წრფით

გადაკვეთისას მიღებული შესაბამისი კუთხეებია.

 

A =60 გრადუსის; B=60 გრადუსის.

 

ამიტომ, თუ სწორია ერთი, სწორია მეორეც და პირიქით. ჩვენი ბუნებრივი ლოგიკური ალღო საკმარისია იმის ამოსაცნობად, რომ თვითოეული ეს დასკვნა სწორია. ორივე ამ დასკვნის სისწორეს ერთი საფუძველი აქვს. ესაა მათი ფორმა. თვითოეული მათგანი სწორია მხოლოდ ფორმის გამო, მიუხედავად მათი შემადგენელი წინადადებების შინაარსობრივი სხვაობისა, მიუხედავად იმისა, თუ რაზე გვაწვდიან ისინი ინფორმაციას და შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს.

დასკვნის შინაარსისა და ფორმის ერთიმეორისგან განსხვავებისას და ფორმების იდენტიფიკაციისას შეიძლება წავაწყდეთ სიძნელეებს, რასაც გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი. შევადაროთ ერთმანეთს ორი ახალი დასკვნა:

  • ა. კედელზე ჰკიდია ალ. ჭავჭავაძის სურათი.

ბ. ალ. ჭავჭავაძე იყო ეკატერინე ჭავჭავაძის მამა.

კედელზე ჰკიდია ეკეტერინე ჭავჭავაძის მამის სურათი.

 

  • ა. კედელზე ჰკიდია ვიღაცის სურათი.

ბ. ვიღაცა იყო ეკატერინე ჭავჭავაძის მამა.

კედელზე ჰკიდია ეკატერინე ჭავჭავაძის მამის სურათი.

პირველი მათგანი სწორი დასკვნაა, სწორია თავისი ფორმის ძალით, მეორე კი არასწორია, არა ლოგიკურად გამართული ფორმითაა დასკვნილი, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ მავანს შეექმნას შთაბეჭდილება მათი ფორმის იგივეობის შესახებ, რაც არ იქნება მართებული. ამ დასკვნებს სხვადასხავგვარი ფორმა გააჩნია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომის არასებობას ადვილად ვხვდებით, მაგარამ რიგ შემთხვევებში ასევე იოლი არაა მისი პოვნა, მიზეზის მოძებნა და ფორმების განსხვავება, რამეთუ მოიძებნება უფრო ფაქიზი  და დახვეწილი მაგალითები, რომლებიც ფარსი შთაბეჭდილებისა და დასკვნის არასისწორის გამო უეჭველ შეცდომებამდე მიგვიყვანს.

აზრის შინაარსიც და ფორმაც აბსტრაქტული, არაემპირიული ობიექტებია. მათი შესწავლა მსგავსად იმის, თუ როგორ იკვლევენ ფიზიკოსები და ქიმიკოსები სხეულებსა და ნივთიერებებს, შეუძლებელია. ეს უკანასკნელნი ემპირიული, ჩვენი გრძნობის ორგანოებისთვის მოცემული საგნებია და შესაძლებელია მათი დათვალიერება, გაზომვა, ექსპერიმეტის ქვეშ დაყენება და ა.შ. მათგან განსხვავებით, აზროვნების შინაარსი, და ამიტომ მისი ფორმაც, ჩვენთვის მოცემულია არა უშუალოდ, არამედ სხვა რაღაცის საშუალებით, კერძოდ ისეთი რაღაცის, რისთვისაც ის წარმოადგენს შინაარსს. ეს სხვა რაღაცაა „აზრი“, როგორც ფსიქიკურ-სუბიექტური აქტი და ენობრივი გამოსახულება, „წინადადება“, რომელშიც ეს აზრია გამოთქმული. ამიტომ, თუკი გვსურს, შევისწავლოთ აზრის შინაარსის ფორმები, ჩვენთვის დაკვირვებისა და კვლევის ობიექტი უნდა იყოს აზრები, ან ფსიქიკური აქტი (აზროვნება), ან მათი გამომხატველი ენობრივი გამოსახულებები (ენა).

არჩევანი რომ გავიცხადოთ და გავიადვილოთ, გავითვალისწინოთ შემდეგი მოსაზრებები:

ა) აზროვნებითი აქტები რომ ვიკვლიოთ საქმე მაინც გვექნება მათ ენობრივ გამოსახულებებთან, რადგან აზრის ობიექტური შინაარსი მისაწვდომი მხოლოდ მისი ენობრივი ხორცშესხმის შემდეგ ხდება, როცა იგი გამოითქმება ამა თუ იმ სახით, როგორც მიღებული ენობრივი გამოსახულების საზრისი; უფრო მეტიც, აზრის არსებობაც კი, თუ მას აბსტრაქტული ან ოდნავ  რთული შინაარსი აქვს, შეუძლებელია ენობრივი გარსის გარეშე;

ბ) აზროვნების აქტები რომ ვიკვლიოთ, აუცილებელია უგულებელვყოთ, მხედველობაში არ მივიღოთ მათი არასებობის სუბიექტური ფაქტორები, ის , თუ ვინ, როდის, რა პირობებში, რა განზრახვით აყალიბებს აზრად მათ შინაარსებს, რადაგან ბჭობის სისწორე-კორექტულობა ასეთ ფაქტორებზე დამოკიდებული არ არის. ეს აბსტრაჰირება სუბიექტური ფაქტორებისგან, უფრო იოლად განხორციელდება ენობრივი გამოსახულებების კვლევისას, ვინაიდან როგორც კი ჩამოყალიბდება ენობრივი გამოსახულება — წარმოითქმება ან დაიწერება, იგი წყდება მის ჩამომყალიბებელ სუბიექტს, კარგავს დროის, პირობებეისა და განზრახვის კვალს, თუკი მათზე თავად ამ გამოსახულებებში არაა საუბარი საგანგებოდ;

გ) იმის გამო, რომ ენობრივი გამოსახულება მატერიალური ობიექტია, უფრო იოლია გავარკვიოთ და ამოვიცნოთ მისი აღნაგობა, ხოლო იმის გამო, რომ აზრის ენაში გამოხატვა შესაძლებელს ხდის აზრის მკაფიო, ზუსტი და სასრული სახით არსებობას, მისაწვდომი ხდება თვითონ აზრის შინაარსის სტრუქტურა, ფორმა.

ეს მოსაზრებები საშუალებას გვაძლევენ გავაკეთოთ არჩევანი ენობრივ გამოსახულებათა სასარგებლოდ და ამით გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ლოგიკის წინაშე მდგარი ამოცანების შემდგომ დაზუსტებას ეხება. ამ არჩევანის შემდეგ ლოგიკაში გამოსაკვლევ ობიექტებს — ბჭობას, დასკვნას, დასაბუთებასა და სხვას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ენობრივი გამოსახულებებისაგან, არა აზროვნებითი აქტებისაგან  შედგენილ ობიექტებს და ამის საფუძველზე მივიღოთ, რომ ის, რაც ლოგიკაში გამოიკვლევა, ენის და მხოლოდ ენის საშუალებითაა მოცემულ-ფიქსირებული. ეს, თავის მხრივ, გვაძლევს იმის უფლებას, რომ ლოგიკური კვლევა გავიგოთ, როგორც „ენის ანალიზი“.

როდესაც ლოგიკურ კვლევას ვახასიათებთ როგორც ენის ანალიზს, მხედველობაში არ გვაქვს არც რომელიმე კონკრეტული ენა და არც ყველა ენა ერთობლივად. ასე რომ იყოს, მაშინ ლოგიკა ემპირიული მეცნიერება იქნებოდა და იგი ენათმეცნიერებას ან მის რომელიმე ვიწრო დისციპლინას დაემთხვეოდა. ენის ლოგიკურ ანალიზში იგულისხმება მისი ერთი, კოგნიციური შრე, ენა ლოგიკური გაგებით — ე.ი. ის და მხოლოდ ის, რაც აუცილებელი და საკმარისია იმისთვის რომ, ენამ შეძლოს ცოდნის, ობიექტური ინფორმაციის გადმოცემა. ლოგიკური კვლევის წინაპირობაა ამ ფენის, შრის გამოყოფა, მისი კონსტრუირება, აგება. ლოგიკაში სწორედ ამ „ნაგებობას“, ხელოვნურ ენას უწოდებენ ენას (შემდგომში ამ საკითხს უფრო დაწვრილებით შევეხებით).

ახლა კვლავ დავუბრუნდეთ ფორმას. ფორმის ზემოთ მოცემული აბსტრაქტული დახასიათების გამოყენება რომ შევძლოთ, უნდა მოგვეპოვებოდეს კრიტერიუმი, საზომი, რომლის მეშვეობითაც ცალკეულ წინადადებებშიც და მთლიანად ბჭობაშიც განვასხვავებდით, რა განეკუთვნება ფორმას და რა — შინაარსს. ასეთი კრიტერიუმის როლს ასრულებს აზრიან-ენობრივ გამოსახულებათა „არალოგიკურ (დესკრიფციულ)“ და „ლოგიკურ გამოსახულებებად“, ხოლო, თავის მხრივ, არალოგიკურ გამოსახულებათა „კატეგორიებად“ დაყოფა. სანამ ამ დაყოფას დაწვრილებით შევეხებით, წინასწარ ავრნიშნავთ, რომ არალოგიკური გამოსახულებები საგნობრივი შინაარსის მატარებელი სიტყვები და ფრაზებია, ხოლო ლოგიკური გამოსახულებები — მათი ახლებურ მთლიანობად შეკვრა-შეერთების საშუალებაა. კონტექსტის ლოგიკური ფორმის გამოსავლენად კონტექსტიდან უნდა გამოვტოვოთ ყველა არალოგიკური გამოსახულება, ოღონდაც ისე, რომ კატეგორია და შესავლის ადგილი მონიშნული დარჩეს (ეს ინფორმაცია ლოგიკური სტრუქტურის ელემენტია). ეს ხერხდება არალოგიკურ გამოსახულებათა ადგილას სპეციალური სიმბოლოების, ცვლადების (მაგ., ასოების) ჩასმით.

საილუსტრაციოდ განვიხილოთ დასკვნის კიდევ ორი მაგალითი:

  • ა) ბანკის არცერთი მეანაბრე არაა უცხოელი.

ბ) ბანკის ყველა დამფუძნებელი არის ამ ბანკის მეანაბრე.

ბანკის არცერთი დამფუძნებელი არა არის უცხოელი.

 

  • ა) მკვლელობაში ეჭვმიტანილთგან არცერთი არაა დაკავებული.

ბ) მოკლულის ყველა კომპანიონი მკვლელობაში ეჭვმიტანილია.

მოკლულის არცერთი კომპანიონი არაა დაკავებული.

ეს დასკვნები შეიცავენ სამ-სამ ზოგად ტერმინს:

       ბანკის დამფუძნებელი, ბანკის მეანაბრე, უცხოელი

       მოკლულის კომპანიონი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დაკავებული.

ესენი ერთიდაიგივე კატეგორიის არალოგიკური გამოსახულებებია და თუ მათ შესაბამისად შევცვლით „S.M, და P“ სიმბოლოებით, ორივეგან მივიღებთ ერთსა და იმავე სტრუქტურულ სქემას:

არცერთი M არ არის P

ყველა S არის P

———————————-

არცერთი S არ არის P

ამ ფორმას აქვს ის თავისებურება, რის გამოც ორივე დასკვნა არის მართებული, ლოგიკურად სწორი, კორექტული დასკვნა.

აქედან ჩანს, რომ ბჭობის სისწორის პირობებისა და წესების, მათ საფუძვლად მდებარე კანონზომიერებებეის შესწავლა გულისხმობს წინადადებების (დებულებების), დასკვნების და საზოგადოდ ბჭობის ლოგიკური ფორმების შესწავლას. ამის გამო ზოგჯერ ლოგიკას განსაზღვრავენ როგორც „მეცნიერებას აზროვნების ფორმების შესახებ“ და უწოდებენ მას „ფორმალურ ლოგიკას“. ამ ტერმინში მითითებულია მხოლოდ ის, რომ ბჭობის სისწორის პირობებს ბჭობის ფორმის, სტრუქტურის, აღნაგობის და არა შინარსის თავისებურებებში ეძებენ. ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რადგან სიტყვა „ფორმალურს“ სამეტყველო ენაში სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად (ტრადიციულად), ლოგიკური ფორმის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ცნება, დებულება (მსჯელობა) და დასკვნა. დებულებასა და დასკვნაზე საკმაოდ ითქვა. ახლა მოკლედ დავახასიათოთ, თუ რა არის ცნება. ისევე, როგორც დასკვნა შედგება დებულებებისაგან (მსჯელობისაგან), დებულება — შედგება ცნებებისაგან. ცნება არის აზროვნებაში საგნის ან საგანთა სიმრავლის მოცემის, წარმოდგენა-რეპრეზენტაციის ფორმა. თვითონ რეპრეზენტაცია საგანთა ნიშან-თვისებების მეშვეობით, მათზე მითითებით ხორციელდება; ნიშან-თვისებებით აზროვნება გამოყოფს საგანთა უნივერსუმიდან საგანს ან საგანთა სიმრავლეს, რომლებსაც და მხოლოდ რომლებსაც აქვთ ეს ნიშან-თვისებები. საგანთა ნიშან-თვისებები ცნებისა და მისი გამომთქმელი სიტყვების, ფრაზების (ტერმინების) ობიექტურ შინაარსს შეადგენენ.

აზროვნების ფორმის ამ ძირითადი ტიპების შესაბამისად  ტრადიციული ლოგიკა სამ ნაწილად იყოფა: მოძღვრება ცნებაზე, მოძღვრება მსჯელობაზე და მოძღვრება დასკვნაზე. თუმცა დღეს ლოგიკის გადმოცემისას ხშირად აღარ იცავენ ამ სქემას.