Skip to main content

8.”ინდუქციური დასკვნები: დადუქცია და ინდუქცია”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

განვიხილოთ დასკვნის კიდევ ერთი მაგალითი (იმის გამო, რომ მისი სტანდარტული სახით ჩამოყალიბება მოუხერხებელია, ჯერ უბრალოდ აღვწეროთ ის): თუკი ერთხელ გავხსენით ონკანი და მასში წამოვიდა წყალი, მეორედ გავხსენით — იგივე განმეორდა, ასევე მოხდა მესამედ, მეოთხედ და ა.შ., გვიჩნდება მოლოდინი, რომ შემდგომშიც იგივე განმეორდება. ამავე დროს, თუკი არ შეგვხვედრია შემთხვევა, როცა გავხსენით ონკანი და წყალი არ წამოვიდა, მაშინ ჩვენი მოლოდინი უკვე ზოგადი ხასიათის მატარებელი ხდება და სრულიად სარწმუნო გვეჩენება, რომ ყოველთვის, როცა გაიხსნება ონკანი, წამოვა წყალი.

დასკვნის სახით ეს ბჭობა ასე ჩამოყალიბდება:

ა) T1 დროს გაიხსნა ონკანი და წამოვიდა წყალი

ბ) T2 დროს გაიხსნა ონკანი და წამოვიდა წყალი

ე.ი. ყოველთვის, ნებისმიერ T დროს, თუ გაიხსნება ონკანი წამოვა წყალი.

ამ დასკვნის წანამძღვრები აგვიწერენ ჩვენი დაკვირვების ცალკეულ შემთხვევებს (მათი რაოდენეობა სასრულია), ხოლო დანასკვში დაკვირვების შედეგები განზოგადებულია ისეთ ვითარებებზე (ამაზე მიუთითებს ფრაზები — ყოველთვის, ნებისმიერ დროს და სხვა), რომლებზეც დაკვირვება არ ჩაგვიტარებია და შეიძლება ვერც ვერასოდეს ჩავატაროთ — ამ უცნობ, ჯერ არ მომხდარ და დაუკვირვებად, მაგრამ შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა უსასრულოა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით ამდაგვარი წანამძღვრების ჭეშმარიტებაში, გაგვიჩნდება თუ არა შესატყვისი დასკვნის ჭეშმარიტების რწმენა? დიახ, გაგვიჩნდება, თუმცა ამ რწმენის ხასიათი არ იქნება სრული და მით უმეტეს აბსოლუტური (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში რწმენის ხარისხი საკმაოდ დაბალია).

რაც უფრო დიდი და მრავალფეროვანია წანამძღვრების რაოდენობა, მით უფრო მაღალი შეიძლება იყოს დანასკვის ჭეშმარიტების მიმართ ჩვენი რწმენის ხარისხი. ამ ყველაფერს გვიდასტურებს ასეთივე ტიპის დასკვნა, ოღონდ სხვა ემპირიული მასალის გამოყენებით. ჩვენი რწმენა, რომ ჭეშმარიტია წინადადება „ყოველი ადამიანი მოკვდავი არსებაა“, მიღებულია დასკვნით, რომლის წანამძღვრებიც საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანის დაკვირვების შედეგებს გადმოგვცემს:

 

           ა) A1 იყო ადამიანი  და A1 მოკვდა.

ბ) A2 იყო ადამიანი და  A2 მოკვდა.

An იყო ადამიანი და An მოკვდა.

 

აქ (n) ძალიან დიდ რაოდენობას გულისხმობს, მისი მხოლოდ მიახლოებითი გამოანგარიშეებაა შესაძლებელი. ამიტომაა, რომ ჩვენი რწმენა აღნიშნული გაზოგადებული დასკვნის ჭესმარიტებაში თითქმის სრულია (პრაქტიკულად სრულია). აქ „თითქმის“ იმიტომაა ნათქვამი, რომ როგორც პირველ მაგალითში, წანამძღვრების სრული რწმენა არ ქმნის იმის სრულ რწმენასაც, რომ (Tn+1)მომენტში გავხსი ონკანს და წყალი აუცილებლად წამოვა. ამდენად, ამგვარი დასკვნის წანამძღვრები არ არის საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ რაც მართალი იყო დაკვირვებაში მოცემული შემთხვევებისთვის, მართალი იქნება იმ შემთხვევებისთვისაც, რომლებსაც ჯერ არ დავკვირვებივართ.

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აქ საქმე ეხება არა წინადადების მაგ., „ყოველი ადამიანი მოკვდავი არსებაა“ -ს ჭეშმარიტებას, რომელიც გამორიცხული მესამის კანონის ძალით, ან ჭეშმარიტია ან მცდარი, არამედ საკითხს — საკმარისია თუ არა აღნიშნული წანამძრვრების ჭეშმარიტება ზოგადი დასკვნის ჭეშმარიტების დასადგენად. უფრო მეტიც, მიუხედავად იმის, რომ მეცნიერების მონაცემები კიდევ უფრო გვარწმუნებენ ამგვარი დასკვნების ჭეშმარიტებაში, ყველა ის საბუთი, რომელიც ხელთ აქვს მავანს, თეორიული თვალსაზრისით, არასაკმარისია განზოგადებული დასკვნის ჭეშმარიტების დასადგენადაც, რამეთუ ეს უკანასკნელი არასოდეს გამომდინარეობს ემპირიული წანამძღვრებიდან  ლოგიკურად.

ამ მეორე ტიპის დასკვნებს, რომლებსაც ინდუქციური დასკვნები ეწოდებათ, აქვთ რამდენიმე თავისებურება, რითაც ისინი არსებითად განსხვავდებიან წინა თავში აღწერილი დედუქციური დასკვნებისაგან (ლათ. Inductio – გაყვანა, აზრის აღძვრა).

  • ყოველი ინდუქციური დასკვნა არის გადატანა, განვრცობა: ის,რაც ინდუქციური დასკვნის წანამძღვრებში დადგენილია რომელიღაც საგნის შესახებ, დასკვნაში გადატანილ-განვრცობილია სხვა საგნებზე, განზოგადებულია საგანთა მთელი კლასისთვის;
  • ინდუქციურ დასკვნაში დანასკვი ლოგიკურად არ გამომდინარეობს მისი წანამძღვრებიდან, ამ უკანასკნელთა ჭეშმარიტება არ განაპირობებს დასკვნის ჭეშმარიტებას; შესაძლებელია, რომ ინდუქციური დასკვნის წანამძრვრები ჭეშმარიტი იყოს და დანასკვი კი მცდარი აღმოჩნდეს. ინდუქციურ დასკვნაში წანამძღვრების ჭეშმარიტების შემთხვევაშიც დასკვნის ჭეშმარიტება მხოლოდ საალბათოა, წანამძრვრები მხოლოდ გარკვეული ხარისხით ადასტურებენ დანასკვს;
  • მიუხედავად დანასკვის ალბათური ხასიათისა, თუ ინდუქციური დასკვნა სიფრთხილისა და დაკვირვებულობის გარკვეული წესების დაცვითაა გაკეთებული, მაშინ მისი წანამძრვრები ისეთნაირად ადასტურებენ დანასკვს, რომ დანასკვის ჭეშმარიტება უფრო მეტადაა სარწმუნო, მისი ალბათობა უფრო მაღალია ამ წანამძღვრების თანხლების პირობებში, ვიდრე მათ გარეშე.

ტერმინი — „ინდუქციური დასკვნა“ — ხშირად უფრო ვიწრო მნიშვნელობით იხმარება, სახელდობრ, დასკვნას უწოდებენ ინდუქციურს, თუ მისი დანასკვი ზოგადი წინადადებაა, ხოლო წანამძრვრები ამ ზოგადი წინადადების დამადასტურებელი კერძო შემთხვევევბი. დასკვნის ზემოთმოყვანილი მაგალითები ინდუქციურია ამ ვიწრო აზრითაც. ამ ტერმინის მნიშვნელობის გაფართოება იმას ემყარება, რომ დასკვნების ერთ ჯგუფად გაერთიანება მათი ისეთი თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა გადატანა და დასკვნის ალბათური ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია ლოგიკური თვალსაზრისით, ვიდრე დასკვნების უფრო მცირე ჯგუფის გამყოფა სხვა ნიშის საფუძველზე (განზოგადება გადატანის კერძო შემთხვევაა)

ბჭობას ეწოდება დედუქციური ან უბრალოდ დედუქცია, თუ მასში გამოყენებული ყველა დასკვნა დედუქციურია. თუ ბჭობაში გამოყენებული დასკვნებიდან ერთი მაინცაა ინდუქციური, მაშინ მას ინდუქციური ბჭობა ან უბრალოდ ინდუქცია ეწოდება. ბჭობის სახეობათა ამგვარი განსხვავების არსებობა განაპირობებს სხვაობას დასაბუთების შესაბამის სახეებს შორისაც: არსებობს დასაბუთება დედუქციური (ხშირად სწორედ ამ უკანასკნელს და მხოლოდ მას უწოდებენ დასაბუთებას) და ინდუქციური. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ინდუქციურ დასაბუთებაში დანასკვის დადასტურების ხარისხი ძალიან მაღალიც რომ იყოს (რამდენადაც ის სრული არ არის) მისი გამტყუნების შანსი მუდამ იარსებებს.

ინდუქციას და დედუქციას ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირებენ და ამბობენ, რომ ინდუქცია არის კერძოობითი ან ერთეულოვანი წინადადებიდან ზოგად წინადადებაზე გადასვლა, ხოლო დედუქცია, პირიქით, ზოგადიდან კერძოზე გადასვლა. ეს დაპირისპირება არსებითად სწორია, თუმცა ის ამავდროულად დედუქციასა და ინდუქციას შორის არსებული დამოკიდებულების გამარტივებასც წარმოადგენს. არსებობს როგორც დედუქციური, ისე ინდუქციური დასკვნები, რომლებიც აქ წაროდგენილი დეფინიციის ჩარჩოებში ვერ მოთავსდბა.

ინდუქციას და დედუქციას სხვა თვალსაზრისითაც უპირისპირებენ ერთმანეთს, ამბობენ რა, რომ დედუქციური დასკვნა არ იძლევა ახალ ცოდნას, ცოდნის გაფართოებას იმის გამო, რომ დანასკვში მოცემული ინფორმაცია წანამძღვრებში მოცემული ინფორმაციის ნაწილია და ამდენად, დანასკვი წანამძრვრებში იმთავითვეა ნაგულისხმევიო. ამის საწინააღმდეგოდ, ინდუქციური დასკვნა აფართოებს ჩვენს ცოდნას, გვაძლევს ახალ ცოდნას, რომელიც წანამძღვრებში არ იგულისხმება და მათი ნაწილი არა არის, ვინაიდან მის დანასკვში გამოთქმულია აზრი ისეთ სკითხებზე, რომლებზეც არაფაერია ნათქვამი წანამძღვრებში. ამ დაპირისპირებაში სიტყვებით — „ნაწილია“, „ნაგულისხმევია“ — იგივეა ნათქვამი, რასაც ვამბობთ ფრაზით „ლოგიკურად გამომდინარეობს“. მაშასადამე, ამ აზრით ეს დაპირისპირებაც არსებითად სწორია: დედუქციურ დასკვნაში დანასკვი ლოგიკურად გამომდინარეობს წანამძრვრებიდან, ინდუქციურში — არა. მაგრამ, თუ ამ დაპირისპირებაში ვიგულისხმებთ ახალი ცოდნის მოპოვებას ფსიქოლოგიური გაგაებით სუბიექტისთვის, დასკვნის გამკეთებლისთვის, ე.ი. ახალ ცოდნად მივიჩნევთ იმას, რაც ამ სუბიექტმა დასკვნის გაკეთებამდე არ იცოდა და გაიგო დასკვნის მეშვეობით, მაშინ ეს დაპირისპირება სწორი არ არის — ადამიანი ახალ ცოდნას იძენს როგორც დედუქციური ისე ინდუქციური დასკვნის მეშვეობით.

ლოგიკის, როგორც ბჭობის გამართულობის პირობების და კანონების შემსწავლელი მეცნიერების ამოცანები სხვადასხვაგავარად დაკონკრეტდება იმისდა მიხედვით, მხედველობაში გვექნება დედუქციური თუ ინდუქციური დასკვნები და ბჭობა. ამის გამო ლოგიკა იყოფა ორ ნაწილად — დედუქციურ ლოგიკად და ინდუქციურ ლოგიკად. დედუქციური ლოგიკა უფო ფუნდამენტურია და საფუძვლად უდევს ინდუქციურ ლოგიკას, ამავე დროს იგი უფრო ღრმადაა შესაწავლილი და დამუშავებული.