ნებისმიერი სახის მეცნიერულ კვლევა-ძიებას წაეყენება მეთოდოლოგიური მოთხოვნა, რომ შესამეცნებელი საგანი, კვლევის პროცესში, მოცემული იყოს შემმეცნებლისთვის რაც შეიძლება წმინდად, შემმეცნებლისგან და შემეცნების საშუალებებისგან იზოლირებულად. ამ მოთხოვნის არსი არის ის, რომ კვლევის პროცესში ერთმანეთში არ ავურიოთ გამოსაკვლევი სგნისა და თვითონ შემმეცნებლის მიერ გამოყენებული საშუალებების დახმარებით მიღებული მონაცემები, რათა არ დამხინჯდეს შესამეცნებელი საგნის ობიექტური სურათი. ვუწოდოთ ამას „იზოლაციის პრინციპი“. მაგ., ქიმიური პროცესების კვლევისას უნდა გამოვიყენოთ ისეთი ჭურჭელი, რომელიც რეაქციაში არ შევა გამოსაკვლევ ნივთიერებებთან. მიკროსკოპით დაკვირვებისას უნდა ავიღოთ დაულაქავებელი მინები, რათა არ დამახინჯდეს დასაკვირვებელი ობიექტის სურათი და ჭეშმარიტი მონაცემები არ აგვერიოს ყალბში…
ეს პრინციპი დაცული უნდა იყოს ლოგიკური კვლევის პროცესშიც. მაგრამ, განა არსებობს ლოგიკაში იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს შემეცნების საშუალებებით გამოწვეული დეფექტების აღრევა იმასთან, რასაც ლოგიკა სწავლობს? რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან ლოგიკა სწავლობს აზროვნების შინარსსის სტრუქტურას, მისი ფორმის, კანონზომიერებებს და ის იარაღი, საშუალება, რითაც ლოგიკა ამ ყველაფერს იმეცნებს, არის ისევ სწორი, ლოგიკურად გამართული აზროვნება — აზროვნება იმავე კანონზომიერებების დაცვით, რომელიც შეიმეცნება. ამიტომ ლოგიკაში აღნიშნული მეთოდოლოგიური მოთხოვნის შესრულება ერთობ სჭიროა.
გავიაზროთ ეს სიტუაცია სხვაგვარადაც; ლოგიკა ენის ანალიზია, ენაა ლოგიკაში კვლევის ობიექტი, რამეთუ რასაც სწავლობს ლოგიკა — ბჭობის სისწორე — წარმოგვიდგება წინადადებებს შორის არსებულ მიმართებად. ამავე დროს, ენა ლოგიკოსისთვის, უფრო ზუსტად ენის კოგნიციური შრე, არის აგრეთვე კვლევის საშუალებაც. ენაში ფორმულირდება პრობლემებიც, მათი კვლევის პროცესიც, შედეგებიც და, რაც მთავარია, ენა არის ის, რისი საშუალებითაც საერთოდ „ვხედავთ“ ლოგიკური კანონზომიერების მატარებელ ობიექტს — აზროვნების შინაარსის სტრუქტურას, ფორმას. ლოგიკოსის მიზანია ბჭობის, დასკვნის და სხვა მისთანა პროცედურათა სანდოობის კვლევა. მეორეს მხრივ, ლოგიკოსი, ისევე როგორც სხვა დარგის სპეციალისტი, იყენებს ბჭობას, დასკვნას და სხვა ლოგიკურ პროცედურებს, ოღონდ, თუ სხვებისთვის კვლევის საგანი სრულიად განსხვავდება კვლევის საშუალებებისაგან, ლოგიკოსისთვის ეს ორი რამ, როგორც ითქვა, ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად, ვაწყდებით ისეთ მდგომარეობას, რომ იზოლაციის პრინციპის მოთხოვნები შეიძლება ვერც შესრულდეს, უფრო მეტიც, იქმნება ვითარება, რომელიც მანკიერი წრის შეცდომას მოგვაგონებს.
იზოლაციის პრინციპის დარღვევის შესაძლებლობა ლოგიკური კვლევის პროცესში უკვე დიდი ხნის წინად იქნა შემჩნეული ფილოსოფოსებისა და ლოგიკოსების მიერ, მაგრამ მათი უმრავლესობა ამ გარემოებას არ მიიჩნევდა სახიფათო დაბრკოლებად. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამაში არაფერია საშიში, რადგან ადამიანის აზროვნება არის ისეთი რამ, რასაც ძალუძს ერთსა და იმავე დროს იყოს სუბიექტიცა და ობიექტიც შემეცნებისა — იყოს ისიც, რაც შეიმეცნება და რითაც შეიმეცნება. ამგვარი მიდგომა გულუბრყვილო დ არაკრიტიკულია. მასში სხვა სიტყვებითაა გადმოცემული ლოგიკური კვლევის პროცესის ის მდგომარეობა, რომელიც ბადებს ხიფათის შიშს.
აღწერილი მდგომარეობის საფუძვლიანი ანალიზი კი დაგვარწმუნებს იმაში, რომ იზოლაციის პრინციპის დარღვევა შედეგად იძლევა, ე.წ. „ანტინომიების“ აღმოცენებას.
ტერმინი „ანტინომია“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვებისგან Anti + Nomos და „კანონიერის საწინააღმდეგოს“ ნიშნავს. „ანტინომია“ არის ერთსა და იმავე კითხვაზე გაცემული ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო (კონტრადიქტორული) პასუხი, რომელთაგან თითოეული ლოგიკურად უნაკლოდ და ტოლძალოვნადაა დასაბუთებული.
ანტინომიას ზოგჯერ „პარადოქსს“- აც უწოდებენ (ბერძ. Para + Doxa, წინააღმდეგ + შეხედულება). მაგრამ „პარადოქსი“ უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა და იხმარება ისეთი სიტუაციების დასახასიათებლად, როდესაც ჭეშმარიტად არის მიჩნეული ყოველდღიური ცნობიერებისთვის უჩვეულო და მიუღებელი დებულება.
ანტინომია ასევე განსხვავდება „სოფიზმისგან“ (ბერძ. Sophisma — ეშმაკური მონაგონი). „სოფიზმი“ არის კამათში მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით საგანგებოდ ბუნდივნად ფორმულირებული წანამძღვრები ან ლოგიკურად გაუმართავი დასკვნა, მოკლედ ლოგიკური „შეცდომა“, რომელიც მოწინააღმდეგეს შეუქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ჭეშმარიტი და გამართულია. (სოფიზმის მაგალითებია — 1) „რაც არ დაგიკარგავს, ის გაქვს; რქები არ დაგიკარგავს; მაშასადამე, რქები გაქვს“; 2) „დამჯდარი ადგა; ვინც ადგა დგას; მაშასადამე, დამჯდარი დგას; 3) „სოკრატე არის ადამიანი; ადამიანი არის ის, რაც არის სოკრატე; მასასადამე, სოკრატე არის ის,რაც არის სოკრატე…).
ანტინომიები, ერთის მხრივ, ეჭქვეშ აყენებენ წანამძღვრებს, რომელებსაც ლოგიკური ცოდნის შენობა ეყრდნობა და, მაეორეს მხრივ, აზროვნების ჩვეულებრივ, აქამდე დაუწუნებელ და უნაკლოდ მიჩნეულ ხერხებს. თუ კონკრეტული დებულებებიდან მტკიცდება, და თანაც ლოგიკურად უნაკლოდ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფორმით დასმული კითხვა, გამოდის, რომ ჭეშმარიტად უნდა მივიჩნიოთ მცდარი დასკვნა. ნათელი ხდება, რომ ძალა არ შეგვწევს ერთმანეთისგან ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევისთვის. ასეთ შედეგებამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ცოდნის ხსენებულ სფეროში არ აღმოცენდება ანტინომია, ხოლო თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ან უარი ვთქვათ ცოდნის ამ სფეროზე, ან გავატაროთ ისეთი რეფორმა (კვლევის საშუალებათა შეზღუდვა, საკვლევი სფეროს შევიწროება და ა.შ), რომელიც ანტინომიის მოხსნის სრულ გარანტიას მოგვცემდა.
ახლა ვნახოთ, როგორ აღმოცენდება ანტინომია, თუ არ დავიცავთ იზოლაციის პრინციპს: მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ მასწავლებლის მიერ გამოთქმული წინადადების: „რასაც მე ახლა ვამბობ, მცდარია“ – ს ჭეშმარიტება ან მცდარობა. გამოიკვეთა ორი აზრი — მტკიცდებოდა როგორც ერთი, ისე მეორე;
- მასწავლებლის მიერ წარმოთქმული წინადადება, რომ ჭეშმარიტი იყოს, მაშინ ის, რაც მასში მტკიცდება, განხორციელებული იქნებოდა. მასში კი მტკიცდება საკუთარი მცდარობა — ის თავის თავზე ამბობს, რომ მცდარია. ამდენად, მასწავლებლის მიერ წარმოთქმული წინადადება ჭეშმარიტიც რომ იყოს, ამავდროულად მცდარიც იქნებოდა, რაც შეუძლებელია. მაშასადამე, ეს წინადადება არ არის ჭეშმარიტი, ანუ მცდარია;
- მასწავლებლის მიერ წარმოთქმული წინადადება მცდარი რომ იყოს, მაშინ ის, რაც მასში მტკიცდება, განხორციელებული არ იქნებოდა; მასში კი მტკიცდება საკუთარი მცდარობა და, ამრიგად, წინადადება მცდარი რომ იყოს ის, ამავდროულად მცდარი არ იქნებოდა (ანუ იქნებოდა ჭეშმარიტი), რაც შეუძლებელია. მასასადამე, ეს წინადადება არაა მცდარი, ანუ ჭეშმარიტია.
ესაა ანტინომია, რომელიც ანტიკურობიდან ცნობილია სახელით „ცრუ“, რომელიც მიეწერება ბერძენ ფილოსოფოსს ევბულიდე მილეტელს (ძვ.წთ. მე-6-ე საუკუნე).
ანტინომია „ცრუ“, როგორც გადაუჭრელი სიძნელე, დიდი კვლევის საგანს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მე-19-ე საუკუნემდე მთლად გარკვეული არ იყო, რა სიძნელეების წინაშე გვაყენებდა ის. პირველად ბ.რასელის შრომებიდან გახდა ნათელი ამ პრობლემის არსი (რასელმა სხვა ბევრი ანტინომიაც აღმოაჩინა). ი.ლუკასევიჩმა კი მოძებნა „ცრუ“-ს ისეთი ფორმულირება, რომელიც არ საჭიროებს სუბიექტს, ანტინომიური წინადადების წარმომთქმელის მითითებას:
„ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება არის მცდარი“.