Skip to main content

10. “სემანტიკური ანტინომიების თავიდან აცილება; ენა-ობიექტი და მეტა-ენა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

პირველი, რაც „ცრუ“-სა და მისი მსგავსი ანტინომიების გამოყვანისას მოგვხვდება თვალში და შეიძლება მოგვეჩვენოს ანტინომიების წარმოშობის მიზეზად, არის მათი „თვითმიმთითებლობა“ — ყოველი მათგანი ლაპარაკობს საკუთარ თავზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ „თვითმიმთითებლობა“ არ შეიძლება იყოს ანტინომიის აღმოცენების მიზეზი. არსებობს ბევრი ისეთი თვითმიმთითებელი წინადადება. რომელიც არ წარმოშობს ანტინომიას. მაგალითად, შემდეგი ორისგან ერთი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე არის ჭეშმარიტი, მეორე კი — მცდარი:

   ა) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ორმოცდაჩვიდმეტი ასოსაგან“.

   ბ) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ათი სიტყვისაგან“.

საჭიროა წარმოქმნის მიზეზების უფრო ზუსტი ანალიზი. ანტინომიები ორ ჯგუფად იყოფა: 1) ანტინომია სემანტიკურია თუ მის ფორმულირებაში გამოყენებულია ე.წ. სემანტიკური ტერმინები — სიტყვები და ფრაზები, რომლებშიც გამოთქმულია ენობრივ გამოსახულებათა დამოკიდებულება მათ მნიშვნელობებთან, იმასთან, რაზეც ეს ენობრივი გამოსახულებები ლაპარაკობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტინომია არის 2) სინტაქსური ანუ ლოგიკური.

   „ცრუ“ სემანტიკური ანტინომიაა. მართლაც, ჩარჩოში ჩაწერილ წინადადებაში მტკიცდება თვით ამ წინადადების მცდარობა, სიტყვა „მცდარია“ კი სემანტიკური ტერმინია, რამეთუ იგი ახასიათებს წინადადების საზრისს, მის დამოკიდებულებას სინამდვილესთან.

სემანტიკური ანტინომიების აღმოცენების მიზეზებისა და თავიდან აცილების ყველაზე უკეთ დაფუძნებული კონცეფცია შეიმუშავა ა.ტარსკიმ.

ყოველი ანტინომიის გამოყვანა ბჭობის პროცესია და მასშიც, როგორც ყოველი ბჭობის დროს, ვეყრდნობით გარკვეულ წანამძღვრებს. ამიტომ, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ ანტინომია, მის გამოყვანას უნდა შევხედოთ როგორც რაღაც ისეთს, რომელიც „გვაიძულებს“ ჭეშმარიტად მივიჩნიოთ აშკარად არაჭეშმარიტი წინადადება; მაგ., „ცრუ“-ს ანტინომიაში ჩვენ იძულებული ვხდებით ვაღიაროთ, რომ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება ჭეშმარიტიცაა და მცდარიც, რაც შეუძლებელია თანახმად „ორფასობის პრინციპისა“. მაგრამ, მაშინ საეჭვო ხდება ასეთი ბჭობის წანამძრვრების ჭეშმარიტება და, თუ გვსურს არ მივიდეთ ასეთ აბსურდულ შედეგებამდე, უარი უნდა ვთქვათ ზოგიერთ წანამძღვარზე მათი მცდარობის გამო.

წანამძღვრები, რომელებსაც ვეყრდნობით „ცრუ“-სა და სხა მსგავსი ანტინომიების გამოყვანისას შეგვიძლია ორ ჯგუფად გავყოთ:

  • ვგულისხმობთ, რომ ენა, რომელზეც ყალიბდება ანტინომია, შეიცავს სახელებს ამ ენის ყოველი გამოსახულებისთვის და სპეციალურ ტერმინებს, რომელთაც სემანტიკურ ტერმინებს უწოდებენ და რომელთაც ვიყენებთ ხოლმე ენობრივ გამოსახულებათა და არაენობრივ ობიექტებს შორის არსებული დამოკიდებულების დასახასიათებლად, ანუ იმის გამოსახატავად, თუ რას ნიშნავს ეს ენობრივი გამოსახულება (სემანტიკური ტერმინებია მაგ., „მდარი“, „ჭეშმარიტი“, „აღნიშნავს“ და ა.შ.). თუ ეს თავისებურება მართლაც ახასიათებს კონკრეტულ ენას, მაშინ მასზე ვამბობთ, რომ ის „სემანტიკურად დახშულია“, მაგ., ყოველი სამეტყველო და მათ შორის ქართული ენაც. ამრიგად, პირველი წანამძღვარი, რომელსაც ვეყრდნობით ანტინომიების გამოყვანისას არის შემდეგი: „ენა, რომელშიც გამოგვყავს ანტინომია, სემანტიკურად დახშულია“.
  • ვგულისხმობთ, რომ დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია ანტინომიების გამოყვანის პროცესში ლოგიკურად გამართული, სწორი დედუქციური დასკვნებია. ეს ვარაუდი ჩართულია ანტინომიის განსაზღვრებაშიც.

ამრიგად, ვდგავართ არჩევანის წინაშე: ან უარი უნდა ვთქვათ ენის სემანტიკურ დახშულობაზე, ანდა გაუმართავად მივიჩნიოთ უმარტივესი დედუქციური დასკვნები და მცდარად გამოვაცხადოთ მათ საფუძვლადმდებარე ლოგიკის კანონები.

თუ მცდარია ლოგიკის ფუნდამენტური კანონები და გაუმართავია მათზე დაფუძნებული დედუქციური დასკვნები, მაშინ საეჭვო ხდება მეცნიერება საერთოდ, რამეთუ ამ უკანასკნელში მოპოვებული შედეგების მიღების აუცილებელ პირობას ამ კანონებისა და დასკვნების გამოყენება წარმოადგენს. შეუძლებელია უკუვაგდოთ ლოგიკის ფუნდამენტური კანონები და ამავდროს ეჭვი არ შევიტანოთ მეცნიერული ცოდნის სიმართლეში. მეცნიერული პრაქტიკა ადასტურებს, რომ ბჭობის არალოგიკურობა, მისი არასისწორე, არ შეიძლება იყოს ანტინომიების წარმოქმნის მიზეზი.

რჩება ერთადერთი შესაძლებლობა: სემანტიკური ანტინომიების მიზეზი ენის „სემანტიკური დახშულობაა“. სემანტიკურად დახშული ნებისმიერი სამეტყველო ენა იმდენად მდიდარია, რომ ამ ენაზე შეგვიძლია არა მხოლოდ გამოვთქვათ დებულებები, ვამტკიცოთ რაიმე ენის გარე სინამდვილეზე, არამედ, აგრეთვე, შევაფასოთ ეს სინამდვილე — საგნები და მოვლენები. სემანტიკურად ადხშულ ენაში თვითონ ეს ენაც შეიძლება გახდეს განსჯის საგანი. გამომხატველობით საშუალებათა ასეთ სიმდიდრეს მოაქვს შედეგად ანტინომიები, ანტინომიებიც ამ სიმდიდრის ნაწილია. სემანტიკური ანტინომიები გვიჩვენებს, რომ სემანტიკურად დახშული ენა შინაგანად წინააღმდეგობრივია. ა.ტარსკის მიხედვით, ანტინომიებისა და, მაშასადამე, ენაში არსებული წინააღმდეგობების თავიდან აცილების ერთადერთი მისაღები გზაა ენის სემანტიკურ დახშულობაზე უარის თქმა. მაგრამ, როგორ განვახორციელოთ ეს პროგრამა?

ერთი გზა ამის განსახორციელებლად ასეთია: ლოგიკური კვლევის პროცესში ენა უნდა გაიხლიჩოს ორ ქვეენად: 1. ენა, რომელშიც ვაყალიბებთ წინადადებებს გარკვეული საგნობრივი არის შესახებ (ეს არე შეიძლება იყოს გრძნობადი სინამდვილე, მისი ესა თუ ის ნაწილი, აბსტრაქტულ ლოგიკურ-მათემატიკურ ობიექტთა ერთობლიობა და ა.შ). ლოგიკური კვლევა სწორედ ამ არეში შემავალ ობიექტთა შორის არსებული მიმართებების გამოსახულებებს ეხება. ამ ქვეენას „საგნობრივი ენა“, ანუ „ენა-ობიექტი“ ეწოდება; 2. ენა, რომელშიც ყალიბდება წინადადებები უკვე საგნობრივი ენის წინადადებათა და სხვა გამოსახულებათა შესახებ, ე.ი. ესაა ენა, რომლითაც ვსარგებლობთ, რათა ვბჭოთ საგნობრივ ენაზე და მას „ენა-საშუალება“ ანუ „მეტა-ენა“ ეწოდება (ბერძ. Meta — უკან, მიღმა, შემდეგ).

ლოგიკოსის ბჭობა კვლევის პროცესში ძირითადად მეტა-ენაზე მიმდინარეობს. მხოლოდ ეს უკანასკნელი შეიძლება შეიცავდეს საგნობრივი ენის გამოსახულებათა  სემანტიკური დახასიათებისთვის საჭირო სემანტიკურ ტერმინებს და საგნობრივი ენის გამოსახულებათა სახელებს.

თუ მხედველობაში მივიღებთ აზროვნებისა და ენის ურთიერთდამოკიდებულებას, უნდა ვთქვათ, რომ ენის ასეთი გახლეჩა მოასწავებს აზროვნების გახლეჩასაც ორ შრედ: „აზროვნება-საშუალებად“ და „საგნობრივ აზროვნებად“, რომელიც წარმოადგენს აზროვნება-საშუალების საგანს. ასეთი გახლეჩის მიუხედავად, ძალას ინარჩუნებს ტრდიციული ფილოსოფიური აფორიზმი — ადამიანის გონებას ძალუძს ერთდროულად იყოს შემეცნების საგანიც და სუბიექტიც.

„ცრუ“ და მისი მსგავსი სხვა სემანტიკური ანტინომიები ენასა და აზროვნებაში არსებული ამ ორი შრის ურთიერთაღრევის მაჩვენებელია.

ისე ჩანს, თითქოს ერთიანი, ენის აღწერილი სახის ტოტალური გახლეჩვა და ამის შედეგად ყველა იმ გამოსახულების, ლოგიკური თვალსაზრისით, უაზროდ მიჩნევა, რომელშიც სემანტიკური ტერმინებით ხასიათდებიან ამავე ენის გამოსახულებები, იძლევა იმის გარანტიას, რომ დაცული იქნება „იზოლაციის პრინციპი“. მართლაც, ეხლა, თუ რომელიმე წინადადებაში მტკიცდება რაიმე წინადადების ჭეშმარიტება ან მცდარობა, მაშინ პირველი მათგანი ეკუთვნის „მეტა-ენას“, მეორე კი — „ენა-ობიექტს“ (აქ „მეტა-ენასა“ და „ენა-ობიექტს“ შორის დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორი დამოკიდებულებაცაა ქართულად დაწერილ უცხო ენის, მაგ., რუსული ენის, სახელმძღვანელოში ქართულ (მეტა-ენა) და რუსულ (ენა-ობიექტი) ენებს შორის). ამავე დროს, გამორიცხულია პირიქითა ვითარება; საგნობრივ ენაში არ შეიძლება შეგვხვდეს დებულება, რომელშიც მოცემული იქნება მტკიცება მეტა-ენის გამოსახულებათა შესახებ.

გავაშუქოთ ამგვარი მიდგომა ანტინომია „ცრუ“-ს მაგალითზე. რადგან ჩვენს მიერ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შეიცავს სემანტიკურ ტერმინს „მცდარია“, ამიტომ ის არის მეტა-ენის წინადადება, მაგარამ, მეორეს მხრივ, რაზედაც ის ამბობს მცდარიაო, უნდა იყოს საგნობრივი ენის წინადადება; მაშასადამე, ჩარჩოში ჩაწერილი დებულება უფრო ზუსტად ასე უნდა ჩამოყალიბდეს:

 

„ამ ჩარჩოში ჩაწერილი საგნობრივი ენის წინადადება არის მცდარი“.

 

  ეს წინადადება უკვე მეტა ენას ეკუთვნის. თუ შევეცდებით მისი ჭეშმარიტების მნიშვნელობაში გარკვევას, პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ ჩარჩოში ცაწერილი საგნობრივი ენის წინადადება. მაგრამ მოცემული პირობის ძალით, ჩარჩოში სხვა არაფერი წერია და მიმთითებელი ფრაზა — „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება“ — არაფერს არ აღნიშნავს. გამომდინარე აქედან, „ჩარჩოში ჩაწერილ წინადადებას“ ჭეშმარიტად ვერ ჩავთვლით (აქ დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორც შემდეგი წინადადების შეფასებისას: „საქართველოს მეფე, რომელიც მე-20-ე საუკუნის 80-იან წლებში მეფობდა, იყო ელამი“).

მაგრამ, როგორ შევაფასოთ „ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება“, როგორც მცდარი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვესმის ისეთი მიმთითებელი ფრაზების შემცველი წინადადებების არსი, რომლებიც არაფერს არ აღნიშნავენ. ოღონდაც, ერთი კია, რომ ორივენაირი შეფასებისას მეტა-ენის ჩვენი წინადადება აღარ იქნება ჭეშმარიტი. ენის გაყოფა ენა-ობიექტად და მეტა-ენად არაა აბსოლუტური ხასიათის შემდეგი აზრით: ის,რაც კონკრეტული ენის მიმართ მეტა-ენაა, თვითონაც შეიძლება იქცეს შემეცნების საგნად, ენა-ობიექტად და, მაშასადამე, უნდა არსებობდეს და არსებობს კიდეც ენის კიდევ ერთი შრე სადაც მეტა-ენის შესწავლა ხორციელდება; ეს იქნება „მეტა-მეტა-ენა“. იგივე შეიძლება ითქვას ამ „მეტა-მეტა-ენაზეც“, რამეთუ ენის დაშრევების ამ პროცედურას პრინციპულად არ აქვს ბოლო. მაგ., იგივე ქრათული ენა წარმოგვიდგება როგორც ერთმანეთზე დაშრევებული ფენების უსასრულო რაოდენობა: 1. ქრთული ენა, რომლითაც ვლაპარაკობთ ელექტრონებზე, ატომებზე, მცენარეებსა თუ ადამიანებზე; 2. მეტა-ქართული, რომლითაც ვლაპარაკობთ (1)-ის ენეობრივ გამოსახულებებზე და ა.შ. უსასრულოდ.