როდესაც აზრს გამოვთქვამთ რაიმე საგანზე, ვბჭობთ მასზე, მაგ., წიგნზე, ახლა ჩემს წინასე რომ დევს, გამონათქვამში ეს საგანი წარმოდგენილია (რეპრეზენტირებულია), ოღონდაც წარმოდგენილია არა უბრალოდ თვითონ საგანი, არამედ სახელის ან ისეთი ენობრივი კონსტრუქციის მეშვეობით, რომელიც ამ საგანს აღნიშნავს, სახელყოფს მას, მიუთითებს მასზე (ჩვენს მაგალითში ასეთი ენობრივი კონსტრუქციაა — „წიგნი, ახლა ჩემს წინ რომ დევს“). მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ ვივცავთ, სახელდობრ მაშინ, როცა ვბჭობთ თვითონ ენეობრივ გამოსახულებებზე. შევადაროთ ერთმანეთს შემდეგი ორი წინადადება:
1) ქვიშა არსებითი სახელია;
2) ეზოში ყრია ქვიშა;
პირველში საუბარია სიტყვაზე „ქვიშა“, ხოლო მეორეში — ქვიშაზე. ე.ი. (1)-ში სიტყვა „ქვიშა“ გამოყენებულია თავის საკუთარ სახელად — ავტონიმურად (ბერძ. Autos – თვით, Onoma – სახელი), გამოყენებულია რათა რაღაც ვთქვათ თვითონ ამ სიტყვაზე.
(2)- ში კი იმისთვის, რომ გამოვთქვათ აზრი ფხვიერი, მარცვლოვანი მდგომარეობის მქონე ქვიშისებრი ნივთიერების გარკვეულ მასაზე; ორაზროვნება აშკარაა. ერთი და იგივე სიტყვა (1)-სა და (2)-ში სხვადასხვა მნიშვნელობითაა ნახმარი. სიტყვების ასეთი ორაზროვანი ხმარება ყოველთვის უსაფრთხო არაა, მაგ., უკვე ძნელი მისახვედრია, რაზეა ლაპრაკი წინადადებაში „0-ს აქვს ოვალური მოხაზულობა“ და ჭეშმარიტია ის თუ მცდარი. უფრო მეტიც, თითქმის შეუძლებელია მიხვდეს ვინმე, რაზე ვისაუბრებ როცა ვაცხადებ, რომ — „ახლა მე ვისაუბრებ ქვიშის მარცვლებზე“, რადგან შეიძლება საუბარი დავიწყო ფხვიერ, მარცვლოვან მასაზე, ან „ქვიშის მარცვლებზე“ გრამატიკული აზრით.
ეს ორაზროვნება ართულებს ე.წ. ენა-ობიექტისა და მეტა-ენის ერთმანეთისგან გამიჯვნას, ქმნის მათი აღრევის საფრთხეს. მართლაც, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ენა-ობიექტის გამოსახულებებზე, ცხადია, ეს უნდა მოხდეს მეტა-ენაში, ვინაიდან თუკი მათი დასახელებისთვის, მათზე მისათითებლად თვითონ ამ გამოსახულებებს გამოვიყენებთ, არ იქნება ნათელი — აზრს გამოვთქვამთ იმის შესახებ, რასაც ეს ენობრივი გამოსახულებები ეხება და აღნიშნავს ენა-ობიექტში, თუ მათზე, როგორც ენა-ობიექტის გამოსახულებებზე.
რათა თავიდან იქნეს აცილებული აღწერილი ორაზროვნება, ავტონიმია, ზემოთ ჩამოყალიბებული წესი უნდა დავიცვათ მაშინაც, როდესაც ენობრივ გამოსახულებებზე ვლაპარაკობთ და, მაშასადამე, ამ დროს უნდა ვისარგებლოთ მათი სახელებით და არა თვითონ ამ ენობრივი გამოსახულებებით. არსებობს ენობრივი გამოსახულებების სახელის წარმოების სტანდარტული ხერხი, რომელსაც დღეს ლოგიკაში მკაცრად იცავენ და იგი მდგომარეობს შემდეგში: ენობრივი გამოსახულების სახელის საწარმოებლად ეს გამოსახულება ჩაისმება ბრჭყალებში. ასეთი შეთანხმების შემდეგ წინადადება (1)-ლი ჩაიწერება შემდეგნაირად:
„ქვიშა“ არსებითი სახელია.
ეს ყველაფერი მართებული და სამართლიანია არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების არამედ წინადადებისთვისაც. ოღონდ აქ თავს იჩენს კიდევ ერთი ახალი გარემოება — წინადადების სახელი (ბრჭყალებში ჩასმული წინადადება) აღარ არის წინადადება. ის, თუკი მას გრამატიკული თვალსაზრისით შევხედავთ, არის საკუთარი სახელი (ბრჭყალებში ჩასმით მხოლოდ საკუთარი სახელები იწარმოება). ისევე, როგორც „არისტოტელე“ არის სახელი იმ ერთადერთი ადამიანისა, რომელიც ძვ. წთ. მე-4-ე საუკუნეში ცხოვრობდა და შექმნა ლოგიკის მეცნიერება, ასევე გამოსახულება „თბილისი საქართველოს დედაქალაქია“ (ბრჭყალების ჩათვლით) არის სახელი იმ ერთადერთი წინადადებისა, რომელიც შედგება თანმიმდევრობით აღებული შემდეგი ოთხი სიტყვისგან — „თბილისი“, „არის“, „საქრთველოს“, „დედაქალაქი“.
ენობრივ გამოსახულებეათა წარმოების ეს მეთოდი შედეგად გვაძლევს სახელთა შემოუსაზღვრავ იერარქიას, კიბეს. სიტყვის — ზოგადად, ნებისმიერი ენობრივი გამოსახულების — სახელი, ე.ი. ეს სიტყვა ჩასმული ბრჭყალებში, თვითონაც სიტყვაა და ისიც შეიძლება ვაქციოთ სახელდების საგნად. მისი სხელი აღწერილი მეთოდის თანახმად იქნება თავდაპირველი სიტყვა (ენობრივი გამოსახულება) ჩასმული ორმაგ ბრჭყალებში, მაგ., ““ქვიშა““. ამ უკანასკნელის მიმართაც გამოიყენება იგივე პროცედურა და ა.შ..
ეს მიმდევრობა არის აგრეთვე ილუსტრაცია ენის უსასრულო დაშრევებისა. მისი ყოველი წევრი, გარდა პირველისა, ეკუთვნის მეტა-ენას, იმ ენას, რომელსაც ეკუთვნის ამ მიმდევრობაში უშუალოდ მის წინ მდგომი, ერთი წყვილი ბრჭყალით ნაკლები რაოდენობის მქონე წევრი.