ბუნებრივ ენას, რომელიც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში კომუნიკაციის საშუალებად ისტორიულად ჩამოყალიბდა და რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგ., ქართულს, სემანტიკური დახშულობის გარდა აქვს ლოგიკური კვლევის ექვივალენტობისთვის ხელისშემშლელი სხვა ხარვეზებიც, რომლებიც ქმნიან დაბრკოლებას, და ზოგჯერ დაუძლეველს, ლოგიკურ კანონზომიერებათა გამოვლენა-შესწავლისთვის. ამავე დროს ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აქ იგულისხმება ხარვეზები ლოგიკური კვლევის შესაძლებლობასთან, მის ნაყოფიერებასთან მიმართებაში და არა ხარვეზ-ნაკლოვანებები საერთოდ. ბევრი რამ, რაც ნაკლოვანებაა ლოგიკის პოზიციიდან, არის ენის ბუნებრივი, ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურება, რომელნიც ანიჭებენ ყოველ კონკრეტულ ენას მისთვის დამახასიათებელ კოლორიტულობას, ლაკონურობას, ექსპრესიულობას, სხვა ძვირფას თვისებებს მხატვრული თვალსაზრისით და წარმოადგენენ აუცილებელ პირობას იმისა, რომ ენამ შეძლოს კომუნიკაციური პროცესებისთვის სამსახურის გაწევა.
ლოგიკური კვლევისთვის ხელისშემშლელი ხარვეზები წარმოადგენენ ან თვითონ ენის აგებულების ან მისი გამოყენების თავისებურებებს. პირველს მიეკუთვნება გრამატიკული წესებისა და ამის შედეგად წინადადებათა სტრუქტურის არამკაფიო, ბუნდოვანი ხასიათი; ერთი და იგივე სიტყვების სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება (ომონიმია), მეტაფორების ხმარება; მნიშვნელობების, განსაკუთრებით რთულ ენობრივ გამოსახულებათა მნიშვნელობების (ე.ი. იმის, რასაც ისინი ნიშნავენ) არასაკმარისი სიზუსტე; ენის ისტორიულობა, ე.ი. აზრიან ენობრივ გამოსახულებათა, მათ მნიშვნელობათა, გრამატიკულ წესთა ცვალებადობა დროთა ვითარებაში.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს: ის მიზნები, რომელთა განხორციელებასაც ცდილობს სუბიექტი მეტყველებით და ამის შესაბამისად ის, რასაც ენობრივი აქტივობის შედეგი — სიტყვების ნაკადი, ტექსტი — აღძრავს კომუნიკაციის მონაწილეებში და ინფორმაცია, რომელიც ამ ტექსტით მიეწოდებათ კომუნიკაციის მონაწილეებს ოთხ სახედ იყოფა:
1) ცოდნის, ობიექტური ინფორმაციის გამოხატვა, ანუ ენის კოგნიციური გამოყენება (ლათ. Cognitio — შემეცნება, შესწავლა, გამოცნობა) — ტექსტში გადმოიცემა ცოდნა სამყაროზე, აღიწერება რომელიმე ნაწილი სინამდვილისა, რაც მოიცავს ცნობებს კონკრეტულ საგნებზე, ისე კანონზომიერებებს, რომლებსაც ეს საგნები ექვემდებარებიან, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის მიღების პროცესს. კოგნიციური შინაარსის ტექსტი თავის შემადგენელ ნაწილებად შეიცავს ლოგიკური გაგებით თხრობით წინადადებებს, დასკვნებს, ბჭობას, დასაბუთებას. მეცნიერული ტექსტი ენის კოგნიციური გამოყენების ყვალაზე მკაფიო ნიმუშია;
2) საკუთარი თავის გამოხატვა, ანუ ენის ექსპრესიული გამოყენება — აქ გამოიხატება, მჟღავნდება სუბიექტის დამოკიდებულება საერთოდ საგნებისა და მოვლენების მიმართ (გრძნობები, ემოციები, განწყობა…). გავიხსენოთ გალაქტიონის ლექსი „ქარი ქრის“ — ამ სტრიქონებში ავტორი სულაც არ ცდილობს გარემო პირობების სინოპტიკურ აღწერას. ამ ლექსს ის ობიექტური (კოგნიციური) ინფორმაციის გამოსახატად კი არა, არამედ საკუთარი გრძნობა-განწყობის საუწყებლად თხზავს. გარდა ამის აღსანიშნავია მწუხარების, სიხარულის ან მრისხანების ჟამს აღმომხდარი ცალკეული სიტყვები; ასევე ლოცვა-ვედრება და სხვა;
3) სხვებზე ზემოქმედება, ანუ ენის დირექტიული გამოყენება (ინგლ. Direction — მითითება, დარიგება, განკარგულება) — ტექსტში გამომჟღავნებულია სურვილი, რომ კომუნიკაციის მონაწილეებმა შეასრულონ გარკვეული მოქმედება ან, პირიქით, თავი შეიკავონ მოქმედებისგან. ასეთ შემთხვევებში ტექსტი მთლიანად შეიცავს და წარმოადგენს ბრძანებას, მოთხოვნას და ა.შ.;
4) ენის პერფორმაციული გამოყენება (ინგლ. Perform — შესრულება, ხორცშესხმა) — ასეთი ტექსტი არის, ამავე დროს, გარკვეულწილად არასამეტყველო (ენის გარე) კონვენციური აქტის, ვალდებულების, ნორმის, განაჩენის ძალაში შესვლით ახალი ფაქტობრივი სინამდვილის შექმნა (ან თუნდაც, მაგ., პირმშოსთვის სახელის დარქმევა, ესაც სამყაროში გარკვეული ცვლილებების შემტანი აქტია);
ენობრივი აქტივობის ოთხივე მოდუსი ტექსტის ბუნებრივი, „კანონიერი“ მახასიათებელი ნიშანია. ყოველდღიურ ყოფაში ენის არცერთი მოდუსით გამოყენება არ რეალიზდება ცალკე, წმინდა სახით; მეტყველება — წერილობითი თუ ზეპირი, მიზანდასახულობის მიხედვით, ყოველთვის კომპლექსურია და სხვადასხვა დოზით შეიცავს ენის ოთხივენაირი გამოყენების ელემენტებს. მაგრამ არსებობს არაყოფითი ვითარებები, ინტელექტუალური აქტივობის სფეროები, რომელშიც უპირატესობა ენიჭება ენის, კონკრეტული, ამა თუ იმ მოდუსით გამოყენებას. მხატვრულ ნაწარმოებში ადგილი არა აქვს მეცნიერულ დასაბუთებას პირდაპირი აზრით, აქ უპირატესობა ენიჭება ენის ექსპრესიულ გამოყენებას. მეცნიერებაში კი სწორედ ენის კოგნიციურ გამოყენებას ენიჭება უპირატესობა. ენის მხოლოდ ექსპრესიულ ან კოგნიციურ გამოყენებას ვერ დაემყარება მაგ. ჯარისკაცის და მეთაურის, მასწავლებლის და მოსწავლის და ა.შ. ურთიერთობა; ამ ტიპის ურთიერთობებისთვის აუცილებელია ენის დირექტიული გამოყენება.
ერთი სიტყვით, მეცნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ენის კოგნიციური შრე, სხვა დანარჩენი სიძნელეებს ქმნის მეცნიერულ კვლევაში.
ეს კიდევ უფრო მეტადაა მართებული ლოგიკასთან მიმართებაში. ენის კოგნიციური გამოყენებისას მოვიხმართ ფორმალურ კანონზომიერებათა მატარებელ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა თხრობითი წინადადება ლოგიკური გაგებით, დასკვნა, ბჭობა, დასაბუთება და ა.შ. ვეყრდნობით რა მათ შორის არსებულ ლოგიკურ მიმართებებს. ენის ყველა სხვა მოდუსით გამოყენებისას ტექსტში ფარულად თუ აშკარად თავს იჩენს ენით მოსარგებლე სუბიექტის ფსიქიკური მდგომარეობისა და მისი ცხოვრებისეული გარემოებების ამსახველი მომენტები, რომლებიც აძნელებენ ლოგიკური ფორმის, მიმართების გამოვლენას, აბუნდოვანებენ და ფარავენ მათ. ამიტომაა, რომ ლოგიკოსის პოზიციიდან ენაში იმის არსებობა, რაც მოაქვს ენის არაკოგნიციურ გამოყენებას, მიიჩნევა ენის ხარვეზად, ნაკლოვანებად.
ლოგიკური კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის მიზანშეწონილია, რომ საგნობრივი ენა, ე.ი. ლოგიკური კვლევის ობიექტი, იყოს (ყოველ შემთხვევაში ლოგიკის ფუნდამენტურ ნაწილში მაინც) არა ენა თავის მთლიანობაში, არამედ მისი ერთი, კოგნიციური შრე, ენის ის ფენა, რომლითაც ხორციელდება ცოდნის, ობიექტური ინფორმაციის გამოხატვა, გადმოცემა და რომელიც, ამავე დროს, თავისუფალია ენის მთლიანი აგებულებისათვის დამახასიათებელი ხარვეზებისაგან. ენის ასეთი კოგნიციური შრე ცალკე, ბუნებრივი ობიექტების სახით არ არსებობს, იგი შეიძლება იყოს მხოლოდ გონებრივი აქტივობით მისაწვდომი საგანი, იდეალიზაციისა და აბსტრაქციის შედეგი, რომლის ზედმიწევნით პრაქტიკული განხორციელებაც გულისხმობს ენის გადაკეთებას, ენის რეფორმას, ხელოვნური ენის შექმნას აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, ლოგიკური კვლევის საგანი, ენა-ობიექტი ლოგიკაში არის ზემოთ აღწერილი ხარვეზებისაგან თავისუფალი ხელოვნური ენა, რომელშიც შენარჩუნებულია ენის კოგნიციური გამოყენების შესაძლებლობა, კერძოდ, საგანთა სახელდების, მათი დახასიათების, საგნობრივ ვითარებათა გამოთქმის, დასკვნების გაკეთების, ბჭობის შესაძლებლობა, ე.ი. ყველაფერი იმის შესაძლებლობა, რაც გაშუალებული შემეცნების თავდაპირველ პროცესში ხდება.
წინასწარი მოთხოვნებისა და შეთანხმებების შედეგად შექმნილი ხელოვნური ენების ნიმუშებია, მაგ., საჭადრაკო პარტიების ჩაწერის მეთოდი, სანოტო დამწერლობა, ქიმიური ელემენტების სახელებისა და ფორმულების ჩაწერა და ა.შ.
ლაიბნიცის აზრით, ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის წინსვლის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწორედ ამგვარი შესაბამისი ხელოვნური ენების დახვეწით, ტერმინოლოგიური აპარატის სრულყოფითაა შესაძლებელი.