ენის უძირითადესი თავისებურება ისაა, რომ ყოველი სიტყვა, სიტყვისაგან შედგენილი ყოველი გამოსახულება, ფრაზა თუ წინადადება არის ნიშანი, ხოლო ენა მთლიანობაში არის „ნიშანთა სისტემა“. სწორედ ნიშანთა სისტემა უნდა იყოს ლოგიკაში ენა-ობიექტი. მაგრამ ამ თვალსაზრისით არსებობს განსსხვავებაც, რომელიც საჭიროებს განმარტებას.
„ნიშანი არის აღქმადი, ფიზიკური ობიექტი, რომელიც ადამიანისთვის, იმისთვის, ვინც მას განიხილავს როგორც ნიშანს, არის რომელიღაც სხვა ობიექტის წარმომადგენელი (რეპრეზენტამენი), ნაცვალი“. ნიშნის მეშვეობით ადამიანის გონებრივი ხედვის არეში ხვდება თავად ნიშნისგან განსხვავებული სგანი და, მაშასადამე, ნიშანი არ არის ბუნებრივი საგანი ან მოვლენა, ასეთია მხოლოდ ნიშნის მასალა (სუბსტრატი). ნიშანი, ამგვარად, წარმოგვიდგება როგორც ორ ბუნებრივ საგნსა ან მოვლენას შორის არსებული ერთგვარი მიმართება; მიმართება იმათ შორის, რაც აღნიშნავს და რასაც აღნიშნავს (ანუ რომელიღაც სხვა ობიექტი).
ნიშანი.
ნიშნის მასალა (რაც აღნიშნავს). რასაც აღნიშნავს, ე.ი. მნიშვნელობა.
ნიშნის ასეთ ორი ბუნების შესახებ მოძღვრება „სტოელთა“ სკოლიდან იღებს დასაბამს. სიტყვა, სიტყვათა აზრიანი კომპლექსი არის ნიშანი იმდენად, რამდენადაც ის ერთის მხრივ არის აღქმადი, მატერიალური ობიექტი — ჰაერის რხევები ბგერითი მეტყველებისას, მელნის, საღებავის, ცარცის და სხვათა კვალი წერითი მეტყველების პროცესში — ხოლო მერეს მხრივ, ის წარმოადგენს რაიმე ობიექტს, ჩვეულებრივ ენის გარე სინამდვილიდან და ახორციელებს მის რეპრეზენტაციას მათ გონებაში, ვინც აზრიანად აღიქვამს სიტყვიერ მასალას.
აღსანიშნ ობიექტებთან დამოკიდებულების ხასიათის მიხედვით ნიშნები სამ სახედ იყოფა (ეს დაყოფა ეკუთვნის ჩარლზ პირსს).
1) იკონიკური ნიშნები, ანუ ნიშანი სახე (ბერძ. Eikon — გამოსახულება, ხატი) წარმოადგენს საგნის შეცვლას ფაქტობრივი მსგავსების საფუძველზე. იგი წარმოგვიდგენს იმას, რაც მას ჰგავს და რაც მასზე რამენაირადაა აღბეჭდილი. ასეთ ნიშანს ორი ქვესახე აქვს: ა) ხატი და ბ) დიაგრამა. ხატი სურათია, რომელიც აღსანიშნ ობიექტს იმეორებს მთლიანობაში. დიაგრამაში ვხედავთ სტრუქტურის, ნაწილებისგან მთლიანის აგების წესს. მაგალითად გეოგრაფიული რუკა მის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დიაგრამაა, რომელიც იმეორებს მის მიერ აღნიშნული ტერიტორიების ურთიერთორიენტაციას;
2) სიმპტომური ნიშანი (ბერძ. დამთხვევა, ნიშან-თვისება) წარმოადგენს საგნის შეცვლას არსებული რეგულარული კავშირის საფუძველზე, მაგ., დროს და სივრცეში მეზობლობის ან მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების საფუძველზე. კვამლი არის ცეცხლის მაუწყებელი სიმტომატური ნიშანი. შორს ვხედავთ კვამლს და ვხვდებით, რომ იქ ანთია ცეცხლი. პულსის აჩქარება სიცხის მომატების სიმპტომური ნიშანია და ა.შ. ასეთი ნიშნის აღქმას მაშინვე მოაქვს მეორე მოვლენა;
3) სიმბოლო (ბერძ. ნიშანი) წარმოადგენს საგნის შეცვლას აშკარა თუ ფარული, ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი შეთანხმების ძალით, რომ პირველი საგანი ღნიშნავს მეორეს, არის მისი წარმომადგენელი. შეთანხმების შემუშავებისთვის არაა აუცილებელი, რომ ნიშნის მასალასა და აღსანიშნ საგანს შორის არსებობდეს მსგავსება ან რაიმე ბუნებრივი კავშირი. სიმბოლოს შემოღებისას კავშირი ამ ორ საგანს შორის მყარდება ადამიანთა შეთანხმებით, იგი კონვენციური ნიშანია (ლათ. Conventie — ხელშეკრულება, შეთანხმება), მაგ., მართლმსაჯულების სიმბოლოა სასწორი და ა.შ..
(სიმპტომატური ბგერითი კომპლექსები ენის კოგნიციურ შრეს არ ეკუთვნიან და ენა-ობიექტი, რომელიც ლოგიკური კვლევის ობიექტია არ უნდა შეიცავდეს მათ).
სიმბოლოს მაგალითებია: ა) ბრძოლის ველზე მეთაური ისვრის მწვანე მაშხალას; ბ) საგზაო ნიშანი — ლურჯ ფონზე თეთრი მართკუთხედი; გ) ვიღაცა კალმით თითზე იხატავს ჯვარს; დ) ბავშვის დასანახად თითს გავიშვერთ გარკვეული ობიექტისკენ და პასუხად გვესმის სიტყვა „ცხვარი“ და ა.შ..
აღწერილი ფიზიკური მოვლენების აღქმა ადამიანში იწვევს, მისი გონების „თვალწინ“ აყენებს აღქმულისაგან განსხვავებულ სხვა საგანს, მოვლენას, საგნობრივ ვითარებას და ზოგ შემთხვევაში განაწყობს მას სათანადო მოქმედებისთვის: ა) ბრძოლა უნდა შეწყდეს; ბ) ქუჩაზე არ შეიძლება მანქანით გავლა; დ) რომელიღაც ცხვარი და სხვა.
ყველაზე მარტივია (გ) შემთხვევა, როცა მავანი თითზე იხატავს პატარა ჯვარს, რათა დილით გაიხსენოს, რომ მეგობრისთვის წასაღები აქვს წიგნი. ამგვარად კავშირდება ორი მოვლენა — თითზე ჯვრის დახატვა და ვალდებულება წიგნის წაღებისა. მათ შორის არავითარი ბუნებრივი კავშირი და, მით უმეტეს, მსგავსება არ არსებობს. ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ ადამიანის გადაწვეტილებით.
შედარებით რთული ვითარება გვაქვს საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით, რისთვისაც საჭიროა ადამიანთა შეკრება, ურთიერთშეთანხმება და იურიდიული დაკანონება. მაგრამ, როგორც ზემოთ, ისე აქაც ბუნებრივი კავშირი სიმბოლოს მასალასა და იურიდიულ აკრძალვას შორის არ არსებობს. ისინი ადამიანთა შეთანხმებით შეიქმნა.
უფრო რთულადაა საქმე (დ) შემთხვევაში. სიტყვათა მნიშვნელობების და მათი მიხედვით შედგენილი გამოსახულებების მნიშვნელობების განმსაზღვრელი წესების შემუშავება სამეტყველო ენაში ძირითადად სტიქიურად ხდება. ამ წესებს ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ წინა თაობებისგან როგორც სიტყვებისა და მათი კონსტრუქციების ხმარების ჩვევებს. მაგრამ ეს სტიქიური პროცესიც ოდესღაც იწყება ადამიანთა გადაწყვეტილებით, რითაც მყარდება კავშირი სიტყვის მასალას (ცხვარი) და იმას შორის, რასაც იგი აღნიშნავს (გარკვეულ ცხოველს). ადამიანთა ასეთი შეთანხმების მოტივები სრულიად სხვადასხვა შეიძლება იყოს; მაგ., მოხერხებულობა, სისადავე და სიმარტივე, კეთილჟღერადობა… მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში იგი ემყარება საკუთარი გადაწყვეტილებით შემოთავაზებული შესაბამისობის განმსაზღვრელი წესის მიღებას, დათანხმებას მასზე და არა მასალასა და მნიშვნელობას შორის ბუნებრივ კავშირსა და მსგავსებას.
ბუნებრივ ენაში ყველა სახის ნიშანი გვხვდება. არსებობენ სიტყვები, რომლებიც დაახლოებით იმეორებენ აღსანიშნი ობიექტის რომელიმე თვისებას, მაგ., ჟღერადობას — ბზუილი, ჭრიჭინი, კაკუნი — რომლებიც ფაქტიურად აღსანიშნი ობიექტის ხატებს წარმოადგენენ. სუბიექტის ფსიქიკურ მდგომარეობათა სიმპტომური ნიშნებია მაგ., კივილი, რაც შიშს აღნიშნავს, გმინვა, რაც ტკივილის ან წუხილის არმნიშვნელია და ა.შ. მაგრამ სიტყვათა უდიდესი უმრავლესობა სიმბოლოებია, რომელთა შესაბამისობას, კავშირს აღსანიშნ ობიექტთან საფუძვლად უდევს ადამიანთა გადაწყვეტილება, დროთა ვითარებაში სტიქიურად შემუშავებული შეთანხმება შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ხატოვანი ნიშნებიც, თუ მათ ბუნებას კარგად დავაკვირდებით, სიმბოლოებად უნდა მივიჩნიოთ და არა იკონიკურ ნიშნებად, რადგანაც მათ დამკვიდრებას ყოველდღირ ცხოვრებაში და მეტყველებაში საბოლოოდ მაინც ადამიანთა გადაწყვეტილება აძლევს სანქციას და ამიტომ არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ყველა ასეთი სიტყვა შეიცვალოს შესაბამისი არახატოვანი ეკვივალენტით.
ერთი და იმავე საგნობრივი ვითარების, წინადადების ლოგიკურ-გრამატიკული აღნაგობის მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ამ მსგავსებას განსაზღვრავს საგნობრივი ვითარების, წინადადების ფაქტობრივ შინაარსობრივი სტრუქტურა, რომ პირველში გამეორებულია, ასახულია მეორე (ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება ლუდვიგ ვიტგენშტაინმა მიაქცია). მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ენაში არსებობს აგრეთვე დიაგრამები; ესენია შედგენილი ენობრივი გამოსახულებები, უწინარეს ყოვლისა წინადადებები რათა წინადადებაში გამოითქვას ვითარება: რათა ვთქვათ, რომ მაგ., „არისტოტელე პლატონის მოსწავლეა“, უნდა გვქონდეს სიტყვათა სიმბოლოები — არისტოტელეს, პლატონის და მოწაფეობის აღსანიშნავად და აგრეთვე მათი შესაბამისობის წესი, რომელშიც ნაგულისხმევია არისტოტელესა და პლატონის, როგორც წინადადების ობიექტების, ტიპობრივი განსხვავებანი და მსგავსებანი მოწაფეობის მიმართებასთან. სხვა სიტყვებით, არაა საკმარისი ამ წინადადებაში შემავალი ცალკეული სიტყვების ცოდნა, აუცილებელია ვიცოდეთ ამ სიტყვების ერთმანეთთან შეერთების წესიც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინადადების სტრუქტურა იმეორებს, ასახავს მასში გამოხატული საგნობრივი ვითარების სტრუქტურას, რაც მისი როგორც მთლიანი ნიშნის, საგნობრივი ვითარების კავშირის არაკონვენციურ, აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.
სიმპტომური ბგერითი კომპლექსებით ინფორმაციის გამოხატვა შეუძლებელია, რადგან ისინი იცვლიან ხოლმე მნიშნელობას იმის მიხედვით თუ ვინ წარმოთქვამს მათ, თუ პეტრე ოხრავს ე.ი. „პეტრე წუხს“ თუ პავლე — „პავლეს ტკივა“ და სხვა. აქედან ვასკვნით, რომ სიმპტომური ბგერითი კომპლექსებიენის კოგნიციურ შრეს არ ეკუთვნის და ენა-ობიექტი, რომელიც ლოგიკური კვლევის საგანია, არ უნდა შეიცავდეს მათ.
ამრიგად, იმ ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, აღნაგობა და ფუნქციონირება, რომელიც ენა-ობიექტია ლოგიკაში, განისაზღვრება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროცედურით. ერთია მარტივი ლექსიკური ერთეულების შერჩევა, ხოლო მეორე — მათგან რთული გამოსახულებების აგების წესების შემუშავება. ლექსიკური ერთეულები მარტივი სიმბოლოებია, რომელთა შეთანადება მნიშვნელობებთან არ ემყარება მათ შორის არსებულ ბუნებრივ კავშირებს და ატრებენ კონვენციურ ხასიათს. აგების წესები განსაზღვრავენ რთული გამოსახულებების, მათ შორის წინადადებების, ლოგიკურ სტრუქტურას, რაც იმეორებს აღსანიშნი ობიექტის, საგნობრივი ვითარების აღნაგობას.