Skip to main content

14. სემიოზისი. ენის შესწავლის ასპექტები. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან, 2000-2002 წწ.

ენა არ არის ნიშანთა გამოყენების ერთადერთი არე. ნიშნებს ვხვდებით აგრეთვე არაენობრივ, კერძოდ, ფსიქიკურ, სოციალურ, ბიოლოგიურ და ტექნიკურ პროცესებში. არმოჩნდა, რომ არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი მსგავსება სხვადასხვა სფეროში გამოყენებულ ნიშანთა აღნაგობა-ფუნქციონირებას შორის. ამან განაპირობა სპეციალური ინტერდისციპლინარული დარგის, ნიშანთა ზოგადი თეორიის — სემიოტიკის (ბერძ. Semion — ნიშანი) — ჩამოყალიბება, რომელიც სწავლობს ნიშანთა ფუნქციონირებისა და ნიშანთა სისტემების ზოგად კანონზომიერებებს.

  სემიოტიკური და ენის ლოგიკური ანალიზის თანმხლები პრობლემების კვლევა ძველ საბერძნეთში დაიწყო. სტოელმა ფილოსოფოსებმა შემოიღეს ტერმინი „სემიოტიკა“. სემიოტიკური კვლევის დისციპლინარული მეთოდები პირველად ჩამოაყალიბა ჩ.პირსმა.

სემიოტიკა არის „ემპირიული“ ან „წმინდა“, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპისაა მისი კვლევის ობიექტი, მაგ., ისტორიულად ჩამოყალიბებულ სამეტყველო ენასთან აქვს მას საქმე თუ ხელოვნურად შექმნილ სპეციალურ, მკაცრი წესებით აგებულ ენასთან. ენის ლოგიკური ანალიზი „წმინდა“ სემიოტიკის ფარლებში ხორციელდება.

ენის შესწავლისას კვლევის ობიექტი მართლაც რომელიმე კონკრეტული ენა შეიძლება იყოს. მაგრამ ენის კვლევას ზოგადი ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს და შესწავლის საგნად დასახულ იქნეს ენთა გარკვეული ტიპი, ენა ყოველგვარი საგნობრივ-შინაარსობლივი სპეციფიკის გარეშე, გარეშე იმისა, თუ მართლაც როგორია ამ ენის სიტყვები და ფრაზები და კონკრეტულად რას ნიშნავენ ისინი. ამის საფუძველზე განასხვავებენ „დესკრიფციულ“ და „ზოგად“ სემიოტიკას. ლოგიკური კვლევისას უმთავრესად ამ მეორე მიდგომას იყენებენ, რაც იმითაა გამართლებული, რომ ლოგიკური კვლევისას შედეგები არ უნდა იყოს დამოკიდებული „ენა-ობიექტის“ საგნობრივ სპეციფიკაზე.

ნებისმიერი საგნის ნიშნად გამოყენების, მისი, როგორც ნიშნის ფუნქციონირების პროცესი —  „სემიოზისი“, თავს იჩენს სამ სხვადასხვა ობიექტთან დამოკიდებულებაში, ანუ „სემიოზისს“ გააჩნია სამი სხვადასხვა განზომილება:

  1. „სინტაქსური განზომილება“ — ყოველი ნიშანი (სიტყვა) ეკუთვნის ნიშანთა გარკვეულ სისტემას (ენას), რაც ნიშნავს იმას, რომ ის გარკვეული მიმართულებითაა დაკავშირებული ამავე სისტემის (ენის) სხვა ნიშნებთან (სიტყვებთან). ამ მიმართებას სინტაქსური მიმართება ეწოდება (ბერძ. Syntaxis – შედგენა, აგება, განლაგება). ენის სინტაქსურ მიმართებაში იგულისხმება ენისთვის დამახასიათებელი ლოგიკურ-გრამატიკული მიმართებები;
  2. „სემანტიკური განზომილება“ — ყოველი ნიშანი ნიშანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის გარკვეულ კავშირ-დამოკიდებულებაშია მისგან განსხვავებულ ობიექტთან, რომელსაც ის აღნიშნავს, რომლიც არის მისი მნიშვნელობა და რომელიც მხედველობაში აქვთ კომუნიკაციის მონაწილეებს, როდესაც ისინი იყენებენ ამ ნიშანს. დამოკიდებულება ნიშანსა და მნიშვნელობას შორის ბევრ საფეხურსა და ქვედამოკიდებულებას მოიცავს, რომელთაც სემანტიკური (ბერძ. Semanticos – აღმნიშვნელი) ეწოდება;
  3. „პრაგმატიკული განზომილება“ — ნიშნები არსებობენ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობენ ინტერპრეტატორები, ისინი, ვინც ერთ საგანს, ნიშანს (სიტყვას) უკავშირებენ სხვა საგანს, როგორც მის მნიშვნელობას. სიტყვა ვიღაცისგან ითქმება და ვიღაცისადმია მიმართული. მთქმელი მასში გარკვეულ აზრს, შინაარსს დებს, ხოლო ის, ვის გასაგონადაცაა ის მიმართული, ამ შინაარსს კითხულობს, ანუ აძლევს მას გარკვეულ ინტერპრეტაციას. ეს კავშირები ნიშნებსა და ინტერპრეტატორებს შორის არის პრაგმატული მიმართებები (ბერძ. Pragma – საქმე, მოქმედება).

სემიოზისის განზომილებები წარმოადგენს სემიოტიკის ქვედარგებად დაყოფის საფუძველს. ეს ქვედარგები სწავლობენ ენის სხვადასხვა ასპექტებს. მათი დისციპლინარული  გამიჯვნა მოახდინა ჩ.მორისმა. ეს ქვედარგებია — სინტაქტიკა, სემანტიკა, პრაგმატიკა.

ენის წმინდა გამომხატველობითი ნაწილის, ე.ი. ენობრივ გამოსახულებათა სტრუქტურასა და მათ შორის არსებულ ლოგიკურ-გრამატიკულ კავშირებს შეისწავლის „სინტაქტიკა“. ენის სინტაქსური შესწავლისას განყენება ხდება როგორც ინტერპრეტატორისგან, ისე მნიშვნელობებისგან, იმისგან რასაც ნიშნავენ ენობრივი გამოსახულებები.

 სემანტიკური კვლევისას განყენება ხდება მხოლოდ ინტერპრეტატორისგან და კვლევის საგნად იქცევა მიმართებები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ენობრივ გამოსახულებებსა და იმას, რასაც ისინი აღნიშნავენ. სემანტიკაში შეუძლებელია სინტაქსური მიმართებებისგან განყენება, რადგან ის, თუ რას ნიშნავს ნიშანი დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორაა აგებული ის სხვა ნიშნებისგან. მაგ., ფრაზები „მამა ან ძმა“ და „მამის ძმა“ სხვადასხვა რამეს ნიშნავს სწორედ მათი აგების განსხვავების გამო. ამავე დროს შეგვიძლია მოვიაზროთ ნიშანთა სისტემა, პრაქტიკულად ავაგოთ იგი ისე, რომ არ ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავენ ისინი, რაზე მიუთითებენ სისტემის ელემენტები. ასეთია, მაგ., ჩვენთვის უცხო ენაზე შედგენილი ტექსტი. მისი შინაარსის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ტექსტში არსებული სინტაქსური მიმართებების გამოვლენა და შესწავლა.

 პრაგმატიკა შეისწავლის ნიშნების დამოკიდებულებას ინტერპრეტატორებთან. რამდენადაც ინტერპრეტატორები ძირითადად ადამიანები არიან, პრაგმატიკული კვლევა გულისხმობს სემიოზისის აქტში ჩართული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების გამოვლენასა და შესწავლას. ენის პრაგმატიკული შესწავლისას შეუძლებელია მხედველობაში არ მივიღოთ როგორც სინტაქსური ისე სემანტიკური მიმართებები. ჩ.მორისის აზრით, პრაგმატიკის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა „რიტორიკა“ (ბერძ. სიტყვის თქმა), მჭერმეტყველების თეორია, მოძღვრება ბჭობის დამარწმუნებელ ხერხებზე, რომელიც ძველ საბერძნეთში ლოგიკაზე ადრე შეიქმნა.