ყოველ ენას აქვს წესები, რომლებიც სიზუსტის მეტ-ნაკლები ხარისხით განსაზღვრავენ მაგ., იმას, ეკუთვნის თუ არა ნებისმიერად მოცემული გამოსახულება ამ ენას (აზრიანია თუ არა მასში), და თუ ეკუთვნის, მაშინ როგორია მისი მნიშვნელობა (რას ნიშნავს იგი). მაგ., სიტყვა „გედანკე“ ქართულ ენას არ ეკუთვნის, უაზროა ამ ენაში; სიტყვა „აზრი“ კი ქართულია და მას ქართულ ენაში აქვს (როგორც ეს პირველ პარაგრაფებში ვნახეთ) რამოდენიმე, არც ისე ნათელი მნიშვნელობა. ქართული ენის გრამატიკის წესებზე დაყრდნობით შეიძლება ვუჩვენოთ, რომ ფრაზა „ივანე სძინავს ვარდს“, თუმცა მისი შემადგენელი ყოველი სიტყვა ქართული ენის აზრიანი გამოსახულებაა, მთლიანად ქართულ ენის აზრიან გამოსახულებებს არ ეკუთვნის.
ხსენებული წესები ორი სახისაა — სინტაქსური და სემანტიკური. სინტაქსური წესებით (1) გამოიყოფა ენის კუთვნილი „მარტივი გამოსახულებები“, ძირეული სიტყვები. ეს ისეთი სიტყვებია, რომლებიც თავის ნაწილად ან ნაწილებად არ შეიცავენ ამავე ენის სხვა გამოსახულებებს, ასეთია, მაგ., ქართულ ენაში სიტყვა „ფეხი“, (2) განისაზღვრება მარტივი გამოსახულებებიდან რთულ გამოსახულებათა შედგენის ხერხები, (3) ძირეულ სიტყვებს შეუსაბამებენ მნიშვნელობებს და (4) ახასიათებენ, თუ როგორ განისაზღვრება რთულ გამოსახულებათა მნიშვნელობა მათში შემავალი მარტივი გამოსახულებების მიხედვით.
სინტაქსური და სემანტიკური წესები, აგრეთვე ამ წესებით წარმოქმნილი ობიექტების კლასები, რომლებიც ენის კოგნიციური ნაწილის აგების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ — მარტივი გამოსახულებები, მარტივ გამოსახულებათა მნიშვნელობები და ა.შ. — შენარჩუნებული უნდა იქნეს ლოგიკური კვლევისთვის „რეფორმირებულ“ ენაშიც. ერთადერთი, რასაც უარი უნდა ეთქვას, არის ამ წესების ბუნდოვანი, არამკაფიო ასპექტები.
ლოგიკური კვლევისთვის მორგებულ ენაში ბუნებრივი ენის სინტაქსურ-სემანტიკური წესები არსებითად უნდა ჩასწორდეს. სინტაქსური წესების ერთობლიობა ამავე დროს შემოწმების მეთოდიც უნდა იყოს, რომლის გამოყენებითაც ეფექტურად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამოვიცნობთ ენის კუთვნილ, წესიერად აგებულ გამოსახულებებს, ხოლო სემანტიკური წესები ისეთი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი რთული წესიერად აგებული გამოსახულების მნიშვნელობა (შინაარსი) კონსტრუირდებოდეს მისი შემადგენელი მარტივი გამოსახულებების მნიშვნელობებით. ამ მიზნისთვის გამოიყენება ბუნებრივი ენის კიდევ ერთი თავისებურება — „ანბანი“ — რომლის შემადგენელი ელემენტებისგანაც აიგება ყველა სიტყვა და სიტყვათშეთანხმება ამ ენაში.
საბოლოოდ ლოგიკური გამოკვლევისთვის შემზადებული, რეფორმირებული — „ენა-ობიექტის“ – „ფორმალური ენის“ — აგება გაიაზრება და ხორციელდება ორ საფეხურად. პირველზე კოსტრუირდება ენის სინტაქსური ნაწილი, მისი უშინაარსო ჩონჩხი, კარკასი, მეორეზე ხდება მისი, როგორც ნიშანთა სისტემის გააზრება სინტაქსური თვალსაზრისით, წესიერად აგებული წინადადებებისთვის მნიშვნელობების მინიჭება — განსაზღვრება, მათი ინტერპრეტაცია.
ფორმალური ენის აგების პირველი, სინტაქსური საფეხური:
- გამოიყოფა საწყისი სიმბოლოების (ასოების) სასრული სიმრავლე (ანბანი);
- შემუშავდება და ჩამოყალიბდება „აგების წესები“, რომლებიც საწყის სიმბოლოთა ყველა სასრული წრფივი მიმდევრობიდან გამოყოფენ წესიერად აგებულ გამოსახულებებს.
როგორც ბუნებრივ, ისე ფორმალურ ენებში საწყისი სიმბოლო (ასო) არის აბსტრაქტული ობიექტი, მატერიალური ობიექტის სახე, ხატი, ნიმუში, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეულ დროსა და ადგილას შესაბამისი მასალით შეიძლება იქნეს ხორცშესხმული, მატერიალიზებული, ანუ „ეგზემპლიცირებული“. მაგ., გამოსახულებაში — „ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესი ანბანია მსოფლიოში“ — ასო ანი ეგზემპლიცირებულია ექვსჯერ, თანი — სამჯერ, დარი — ერთხელ, კანი — არცერთხელ. აბსტრაქტულ ობიექტსა და მის ეგზემპლიკაციას შორის იგივე დამოკიდებულებაა, რაც, ვთქვათ, სახლის პროექტსა და ამ პროექტით აგებულ სახლს შორის. თუ არის საამისო მატერიალური პირობები, ერთი და იმავე პროექტით უამრავი სახლის აშენება შეიძლება.
საწყისი სიმბოლოები განუყოფელი უნდა იყოს შემდეგი აზრით — თითოეული ასო ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მისი არცერთი ნაწილი არ უნდა იყოს აგრეთვე ასო. ეს იმიტომ მოითხოვება, რომ ყოველი სასრული წრფივი მიმდევრობა ასოებისა ერთნაირად იშლებოდეს მის შემადგენელ ასოებად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასოებისგან შედგენილ გამოსახულებებს რომელთა შორისაა სიტყვები, სხვადასხვანაირად წავიკითხავდით; მაგ., თუ „/“ საწყისი სიმბოლოა, მაშინ „//“ არ შეიძლება იყოს საწყისი სიმბოლო, ვინაიდან ჩანაწერი „///“ სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს გაგებული; თუ „/“ სიმბოლოს აღვნიშნავთ „a”-თი, „//“-კი “b”-თი, მაშინ „///“ შეიძლება წავიკითხოთ როგორც „aaa”, “ab”, “ba”.
არსებობს სხვადასხვა სახის, სხვადასხვა „სინტაქსური კატეგორიის“ წესიერად აგებული გამოსახულებები. მათგან ძირითადია თხრობითი წინადადება ლოგიკური გაგებით. სხვადასხვა კატეგორიის გამოსახულებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ როლის მიხედვით, რასაც ისინი თამაშობენ წინადადებათა აგებაში, ბოლოსა და ბოლოს განისაზღვრება მათი მნიშვნელობის ტიპით, იმით, თუ რა სახეობისაა ის, რასაც ეს გამოსახულებები ნიშნავენ.
საწყისი სიმბოლოები და წესიერად აგებულ გამოსახულებათა გამომყოფი წესები უნდა აკმაყოფილებდნენ „ეფექტური ამოცნობის (იდენტიფიკაციის)“ მოთხოვნას. როდესაც ვამბობთ, რომ თვისება ეფექტურად ამოცნობადიაო, ვგულისხმობთ, რომ არსებობს ეფექტური მეთოდი, ალგორითმი, რომელსაც მივუყენებთ რა ნებისმიერად მოცემულ ობიექტს ამ თვისების „გამოყენების არედან“, გარკვეული ოპერაციის შესრულებით მივიღებთ ზუსტ პასუხს კითხვაზე — აქვს თუ არა ამ ობიექტს ეს თვისება.
ბუნებრივი ენა, თუკი მისი ანბანი იგივენაირად არის აგებული, როგორც, მაგ., ქართული ანბანი, აკმაყოფილებს საწყისი სიმბოლოების ეფექტურად ამოცნობის მოთხოვნას, რადგან ბუნებრივ ენაში ანბანი მოცემულია ასოთა სტანდარტული ეგზემპლარების (ნიმუშების) სასრული სიის სახით. მეორე მხრივ, საეჭვოა, რომ ბუნებრივი ენა აკმაყოფილებდეს და, როგორც მაგალითებმა გვიჩვენა, ვერც აკმაყოფილებს წესიერად აგებულ გამოსახულებათა ეფექტურად ამოცნობის მოთხოვნას, სიტყვათა მარაგის ცვალებადობისა და გრამატიკული წესების არამკაფიო, მერყევი ხასიათის გამო. ასეთი გაორებული ხასიათი ბუნებრივი ენისა ლოგიკური კვლევისთვის პრობლემების წყაროს წარმოადგენს.
ენის სინტაქსური ნაწილი ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, მასალაა. მაგრამ, ეს მასალა მართლაც ენა რომ იყოს, გამოსახულებაში რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ეს იმით ხორციელდება, რომ ენას, უფრო ზუსტად, მის სინტაქსურ ნაწილს ეძლევა ინტერპრეტაცია (Interpretatio — შუამავლობა, განმარტება, გაგება). ინტერპრეტაციით ენის წესიერად აგებული გამოსახულებები იღებენ მნიშვნელობას, იძენენ აზრს, შინაარსს, იქცევიან ნიშნებად სემიოტიკური აზრით. ინტერპრეტაცია არ უნდა იყოს ენობრივ გამოსახულებათა უბრალო თარგმანი რომელიმე ჩვენთვის ცნობილ ენაზე. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ამ სხვა ენიდან საინტერპრეტაციო ენაში გადმოვიდოდა მისთვის დამახასიათებელი ხარვეზები, მაგ., ომონიმია და მნიშვნელობათა ბუნდოვანება. ენას ინტერპრეტაცია ეძლევა „სემანტიკური წესებით“. ეს წესები ყალიბდება ჩვენთვის ცნობილ ენაზე, რომელიც ამ დროს მეტაენის როლს თამაშობს, ოღონდ ისე, რომ ისინი ყოველი წესიერად აგებული გამოსახულებებისთვის განსაზღვრავენ „როგორ“ აღნიშნავენ ისინი რაიმეს, ანუ „ახასიათებენ მის მნიშვნელობას“.
სემანტიკური წესები, როგორც ითქვა, ორგვარია:
- მარტივი წესიერად აგებული გამოსახულებებისთვის: მათ ამ წესებით შეუსაბმდებათ მნიშვნელობები უშუალოდ, სხვა გამოსახულებათა მნიშვნელობების გათვალისწინების გარეშე;
- რთული წესიერად აგებული გამოსახულებებისთვის: მათ ამ წესებით განესაზღვრებათ მნიშვნელობები (ის თუ რას ნიშნავენ ისინი) მათი წესიერად აგებული მნიშვნელობების მიხედვით.
ინტერპრეტაცია და, მაშასადამე, სემანტიკური წესები არ განისაზღვრება ენის სინტაქსური ნაწილით. ენის მასალა „გულგრილია“ იმის მიმართ, თუ რა შინაარსი ექნება მას. ენას, ე.ი. მის სინტაქსურ ნაწილს, შეიძლება მიეცეს „ერთზე მეტი სხვადასხვა ინტერპრეტაცია“, ამიტომ ზოგჯერ მიზანშეწონილია, განსაკუთრებით ლოგიკისთვის, არა ენის კონკრეტული ინტერპრეტაციის ჩამოყალიბება, არამედ ინტერპრეტაციის ტიპის, მისი სტრუქტურის დახასიათება.
ლოგიკური კვლევისას ენის სინტაქსური ნაწილის (ანბანი, წესიერად აგებული გამოსახულებები) აგება ისე ხდება, რომ მხედველობაში არ მიიღება ენის ინტერპრეტაცია. სინტაქსურ ცნებებში, წესებში, პრინციპებში და ა.შ. არ არის მითითებული ხოლმე ინტერპრეტაცია; ენობრივ გამოსახულებათა მნიშვნელობები არ გამოიყენება განსაზღვრებებში, თუმცა ისინი არც უშინაარსო სიმბოლოთა სისტემას წარმოადგენენ. მაგრამ, მკვლევარს, როცა ის ენას აგებს და იკვლევს, რა თქმა უნდა, მხედველობაში აქვს ენის ზოგიერთი ან ყველა შესაძლო ინტერპრეტაცია და ისე წარმართავს საქმიანობას, რომ სინტაქსური კვლევის შედეგები გარკვეულ სემანტიკურ ვარაუდებსა და ფაქტებს მიუსადაგოს.
თუ ენა ამ პარაგრაფში დახასიათებული ყველა მოთხოვნის დაცვითაა აგებული, ლოგიკური კვლევისთვის კი საგნობრივი ენა მართლაც ასე უნდა იყოს აგებული, მაშინ მას „ფორმალური, ფორმალიზებული“ ენა ეწოდება.
ენის ფორმალიზაცია თვალსაჩინოსა და გამოსაკვლევად შედარებით იოლს ხდის აზროვნების ლოგიკურ ბუნებას. ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი ლოგიკური კვლევის საშუალებაა, მათოდია და არა მიზანი. ლოგიკური კვლევის ფარგლებს გარეთ ასეთი სიზუსტით აგებული ენა არა თუ არ ვარგა კომუნიკაციისთვის და მოკლებულია ბუნებრივი ენის მრავალ კარგ და მომხიბლავ თავისებურებას, არამედ მისი ყოველი დეტალის ზუსტი აღწერისა და გამოსახვის გამო, დაუძლეველ დაბრკოლებათა შემქმნელია შემოქმედებითი აზროვნების პროცესში, თუკი მის გამოყენებას მართლაც შევეცდებით ბუნებრივი ენის ნაცვლად.
ფორმალური ენის აგებისადმი წაყენებული მოთხოვნები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ისინი, თუნდაც ძალზე სქემატურად და მიახლოებით, ასახავენ ბუნებრივი ენების ჩამოყალიბების ისტორიულ პროცესს. წესიერად აგებულ გამოსახულებათა აგების წესები, სემანტიკური წესები და სხვა, ყალიბდება მეტა-ენაში და, მაშასადამე, ფორმალური საგნობრივი ენის აგებისთვის უნდა ვისარგებლოთ სხვა ენით; ასეთი რამ კი ენის ისტორიული ჩამოყალიბების პროცესში შეუძლებლია.
ლოგიკოსები ამა თუ იმ ზომით ყოველთვის მიმართავდნენ საგნობრივი ენის აღწერით მოდიფიცირებას, თუმცა აშკარად, ენის ფორმალიზაციის აუცილებლობის მოთხოვნა და მათი გამოყენების საზღვრები პირველად გერმანელმა ფილოსოფოსმა, ლოგიკოსმა და მათემატიკოსმა გოთლობ ფრეგემ ჩამოაყალიბა და განსაზღვრა მე-19- საუკუნის ბოლოს.