Skip to main content

სერგი დანელია. “კანტის ეთიკის ფორმალური ხასიათი”

(თარგმნილია ს.დანელიას წიგნის — “ნარკვევები ანტიკური და ახალი ფიოსოფიის ისტორიაში” თბილისი 1986 — რუსული გამოცემიდან)

 

 

1.

 

ადამიანის ცნობიერი ყოფის მრავალფეროვნებაში გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი უნარი — ესაა უნარი შეფასებისა. ადამიანი აფასებს გარემომცველ მოვლენებს. შეფასება ხორციელდება ორი კრიტერიუმის თანახმად — ჭეშმარიტება და სიკეთე (მე არ ვახსენებ „ჭეშმარიტებისა“ და „სიკეთის“ გვერდით მშვენიერების ცნებას, რამეთუ სულ უფრო და უფრო დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მშვენიერება არის გრძნობის საქმე; ის საჭიროებს არა დაფუძნებას, არამედ გამოკვლევას. ამიტომაა, რომ მოძღვრება მშვენიერების შესახებ არ ატარებს ნორმატიულ ხასიათს, როგორც ამას ადგილი აქვს ლოგიკისა და ეთიკის შემთხვევაში. ესთეტიკა ისეთივე „დედსკრიფციული“ მეცნიერებაა, როგორც ფიზიკა ან ფსიქოლოგია. იხ.: მაიმონიდის „შესავალი თანამედროვე ესთეტიკაში“). მხოლოდ გონიერ არსებას გააჩნია შეფასების უნარი, მხოლოდ ის გრძნობს ჭეშმარიტებას და აცნობიერებს სიკეთეს. გონების ამ ორი უნარის შესაბამისად ტრანსცენდენტალური ფილოსოფია იყოფა ორ ნაწილად: არსებულის ფილოსოფია, რომელიც შეიმეცნება სპეკულაციური აზროვნებით, და ჯერარსულის ფილოსოფია. პირველია ბუნების მეტაფიზიკა, ხოლო მეორე ეთიკა, ანუ ზნეობის მეტაფიზიკა. ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის სულისკვეთების თანახმად, ამ პოზიტიურ მოძღვრებათა აგებას წინ უნდა უსწრებდეს თავად გონების კრიტიკა, რომელიც ამგებ სუბიექტად გვევლინება. ამიტომაა, რომ „წმინდა გონების კრიტიკა“ (თუმცა თავად არ არის ეთიკა) წრმოგვიდგება ყოველგვარ ეთიკაში შესასვლელი კარის ზღურბლად.

უწინარეს ყოვლისა, იბადება კითხვა — როგორაა შესაძლებელი მეცნიერება ჯერარსულზე (ანუ იმაზე, რაც არ არის, მაგრამ უნდა იყოს — მთარგ. შენიშვნა). მეცნიერება ხომ არსის შესახებ მოძღვრებაა და არა მოძღვრება ჯერ-არსულის შესახებ. მეცნიერება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რაც არის, და არა იმაზე, რაც უნდა იყოს. ამ საკითხის მთელი სირთულე, რასაც ნათლად გვისურათებს ჰ. კოჰენი (Herm. Cohen, “Kants begrundung der Ethik“, S. 117), წარმოდგება სიტყვა „არსებულის“ (არსის — მთარგ. შენიშვნა) ორაზროვნებიდან. ამ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს, ერთის მხრივ, „არსებობა“, ხოლო, მეორეს მხრივ, „არსება“. მეცნიერება ცდილობს ამ უკანასკნელის დაგენას. როცა ამბობენ, რომ მეცნიერება არის მოძღვრება არსის შესახებ, აქ უნდა გვესმოდეს, რომ ის ესწრაფვის გამოსაკვლევი ობიექტის აუცილებელი ნიშნების ხედვას. მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ მეცნიერების ამ ობიექტს გააჩნია რეალობა. თეორიული ფილოსოფიის ობიექტად გვევლინება „არსებობა“. მისი კვლევის შედეგები დაიყვანება არსებულის „არსების“ დადგინებაზე. თუმცა, თეორიულის გარდა არსებობს პრაქტიკული ფილოსოფიაც, რომლის ობიექტადაც წარმოგვიდგება იდეალური რეალობის მქონე ჯერარსი. ის ესწრაფვის დაადგინოს, თუ რა არის ჯერარსი, თუ რაში მდგომარეობს მორალის არსება. პრაქტიკული გონების კრიტიკამ კი უნდა გამოიკვლიოს გონების სწორედ ეს პრაქტიკული უნარი, რომელიც ვლინდება მორალურ ყოფაში, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან უნდა დააფუძნოს მორალი.

 

2.

 

სანამ მოხერხდება მორალის დაფუძნება, მანამ უნდა ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ის. კანტი ამ საკითხს წყვეტს მორალური გრძნობის ანალიზის მეშვეობით. მორალი არის ფაქტი და საჭიროა მისი არა თავიდან შექმნა, არამედ — დაფუძნება (Kant. Kritik der praktischen Vernuft, S. 7). ეს ფაქტი დაკვირვებადია და აღმოიჩინება განსაკუთრებულ გრძნობაში, რომელიც თანსდევს, ან, უფრო ზუსტად, ქმნის საფუძვლს (ფსიქოლოგიურ საფუძვლს) ადამიანის ნებისმიერი ქმედების ზნეობრივი ხასიათის შეფასებისთვის. მორალური გრძნობის ანალიზს კანტი მიჰყავს გარკვეულ შედეგებამდე.

უპირობო სიკეთედ ჩვენ მივიჩნევთ მხოლოდ კეთილ ნებას, ამბობს კანტი. ყველაფერ დანარჩენს საკუთარი ღირებულება აქვს სწორედ ამ კეთილ ნებასთან მიმართებაში, და იგი გვესახება სიკეთედ იმ შედეგებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მიიღწევა მასზე დაყრდნობით. მხოლოდ კეთილ ნებას გააჩნია თვითღირებულება. მაგრამ, ისმის კითხვა — რაგვარი ნება მივიჩნიოთ კეთილად? — ის, რომელიც შეესაბამება ადამიანის დანიშნულებას. გამომდინარე აქედან, კანტს უწევს დაადგინოს, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის დანიშნულება. ადამიანის დანიშნულების საკითხი ადვილად განისაზღვრება მისი უმაღლესი უნარის დანიშნულებასთან, კერძოდ გონების დანიშნულებასთან მიმართებაში. ადამიანი ხომ გონიერი არსებაა, და მხოლოდ გონების საშუალებით შეუძლია მას შეაფასოს ქმედების მორალური ხასიათი. მაგრამ, რისთვის აქვს ნაბოძები ადამიანს გონება? — რისთვის და გარკვეული მიზნების მიღწევისთვის, რომელთა საფუძველიც უნდა ვიგულვოთ ადამიანის ან გრძნობად, ან გონებრივ ბუნებაში. კანტი უარყოფს პირველ ვითარებას. ბუნებამ, რომელმაც ყოველივე მოაწყო მიზანშეწონილად, ვერ უბოძებდა ადამიანს გონებას, როგორც ბედნიერებისაკენ მისი სანუკვარი მისწრაფების დაკმაყოფილების საშუალებას, რადგან ეს უკანასკნელი არის გრძნობადი ბუნებიდან წარმომდგარი მისწრაფება; გონებას ყველაზე ნაკლებად ძალუძს მიანიჭოს ადამიანს ბედნიერება. ამგვარი მიზნის მიღწევისთვის უფრო გამოსადეგია ინსტიქტი, როგორც ამას ამტკიცებდა იუმი და რუსო. მაშასადამე ადამიანის დანიშნულება არ მდგომარეობს ბედნიერებისკენ მისწრაფებაში, რამეთუ მისი უმაღლესი უნარი — გონიერება — რითაც ის განსხვავდება ცხოველისგან, გამოუსადეგარია ამ მიზნის მიღწევისთვის. ასე რომ, სწორი უნდა იყოს მეორე ვითარება: გონება ადამიანს ნაბოძები აქვს იმისთვის, რომ მისი დახმარებით განხორციელდეს ის უმაღლესი მიზანი, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის როგოც გონიერი არსების ბუნებიდან. ასეთი უმაღლესი რამ არის ზნეობა. ადამიანის დანიშნულება ზნეობრივი წყობის ხორცშესხმაა. ესაა მისი ვალდებულება. კეთილად მოიხსენიება ის ნება, რომელიც შეესაბამება ამ დანიშნულებას, ის ნება, რომელიც მოქმედებს ვალდებულების შესაბამისად. თუმცა, ვალდებულებასთან შეთანხმებული ყველა ქმედება არ იძლევა ნებას ვიფიქროთ, რომ ის მიმდინარეობს კეთილი ნების კარნახით. ვალდებულებასთან შეთანხმებულ ქმედებას მხოლოდ მაშინ გააჩნია ზნეობრივი ღირებულება, როცა ის ხორციელდება გარეგანი მოტივებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ანუ როცა ის სრულდება მხოლოდ ვალდებულების შესრულების სურვილისდა გამო. აქედან კანტი აკეთებს დასკვნას (რომელიც საფუძველს მოკლებულია), რომ ქმედებას მორალურ ხასიათს ანიჭებს არა მოქმედების მიზანი, არამედ თავად ამ მოქმედების პრინციპი, ან, რაც იგივეა, მოქმედების მიმდინარეობის პირობა. ნება დგას გარეგანი მიზნებისა და სურვილების პირობათა შუაში. პირველი წარმოადგენს მოქმედების შინაარსს, მეორე — მის ფორმას. თუ გარეგანი მიზნები ვერ აქცევენ ნებას კეთილად, მაშინ რჩება მხოლოდ მოქმედების ფორმა, რომლითაც უნდა განისაზღვროს კიდეც ნება, რათა ის იყოს კეთილი.

ვალდებულება გულისხმობს კანონისადმი მოწიწებით განხორციელებულ მოქმედებას. კეთილი ნება არის ვალდებულების მიხედვით მოქმედი ნება, და შესაბამისად, ის (კეთილი ნება — მთარგ. შენიშვნა) უნდა მოქმედებდეს კანონისადმი მოწიწებით. მაგრამ, თუ კეთილი ნება არ უნდა განისაზღვრებოდეს რაიმე მიზნით, როგორც რაღაც გარეგანით, ანუ სურვილის მატერიალური შემადგენლით, მაშინ კანონი, რომელიც განსაზღვრავს ნების კეთილობას, ვერ იქნება მატერიალური; ის უნდა იყოს ფორმალური კანონი, ე.ი. არ უნდა შეიცავდეს არაფერს გარდა ქმედების კანონზომიერებისა. ის სრულიად უნდა დაიყვანებოდეს ამ კანონზომიერების გამოხატულებზე. კანონი არის დებულება, რომელსაც გააჩნია ობიექტური მნიშვნელობა: ის უნდა ფლობდეს საყოველთაობასა და აუცილებლობას. კეთილი ნების ქმედებას, რამდენადაც ის კანონიერია, გააჩნია საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა. ამგვარად, ზოგად შტრიხებში განსაზღვრულია, თუ რას წარმოადგენს მორალი, რომელი ქმედება უნდა ჩაითვალოს მორალურად. ახლა უნდა მოხდეს მორალის დაფუძნება.

 

3.

 

დავაფუძნოთ მორალი — ეს ნიშნავს იმის ჩვენებას, თუ როგორაა ის შესაძლებელი, როგორაა შესაძლებელი ზნეობრივი კანონის არსებობა, ანუ რატომ გააჩნია ზნეობრივ კანონს ობექტური აუცილებლობა. ტერმინს „რატომ“ აქ მიეწერება ორი სრულიად განსხვავებული საზრისი. ერთ შემთხვევაში „რატომ“ გულისხმობს — „საიდან ვიცით…“. მეორე შემთხვევაში კი — „რა არის მიზეზი…“. ზნეობრივი კანონის არსებობა და ობიექტური აუცილებლობა ჩვენ დავადგინეთ გამოცდილებით, მორალური გრძნობის ანალიზის გზით, რომელიც მოგვეცემა შინაგან ცდაში. მაგრამ აქედან ვერ დავასკვნით, რომ ზნეობრივი კანონი მომდინარეობს ცდიდან. Ratio essendi განსხვავდება Ratio cognoscendi-სგან, და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი შემეცნება იწყება გამოცდილებიდან, აქედან მაინც ვერ დავასკვნით, რომ შემეცნებაში ყველაფერი ცდიდან გვეძლევა. კანტი იწყებს გამოკვლევას იმისა, თუ საიდან მოდის ზნეობრივი კანონის აუცილებლობის ძალმოსილება, თუ რა არის ზნეობრივი კანონის პირობა.

კანტამდელ ეთიკურ სისტემებს საფუძლად ედოთ ან ემპირიული სუბიექტი, ან უმაღლესი ღვთაებრივი ნება. პირველი ტიპის სისტემებს მიეკუთვნებოდა არისტოტელესა და ეპიკურეს ძველი ეთიკური სისტემები, რომელნიც გაიზიარეს უტილიტარისტებმა ახალ დროში. ამ ტიპის სისტემებსვე უნდა მივაკუთნოთ ინტუიციონისტთა ეთიკური სისტემებიც, რამეთუ ისინიც ამოდიოდნენ ზნეობრივი გრძნობის არსებობიდან და მასზე აფუძნებდნენ მორალურ კანონს. ასეთია შეფსტბერის სისტემა, რომელსაც ჰქონდა უდიდესი გავლენა გერმანულ რომანტიზმზე, და ნაწილობრივ თავად კანტზეც. ეთიკური სისტემების მეორე ტიპს უნდა მივაკუთნოთ ქრისტიანობის რელიგიური ეთიკა, რომელიც უმაღლეს სიკეთეს, და ზნეობის საბოლოო გამართლებასაც ჭვრეტდა ღვთაებრივ ნებაში. კანტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა არც ერთი არსებული ეთიკური სისტემა, ანუ ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნიდა „პრაქტიკული კანონის აუცილებლობას, იმას, რომ ამ კანონს გააჩნია მნიშვნელობა ყველა გონიერი არსებისთვის“ (Kant, Kr. d. pr. V., S. 21).

ყველა ეს სისტემა ხომ ზნეობას წარმოგვიდგენს როგორც პირობითს, მაშინ, როცა პრაქტიკული კანონი ყოველგვარ პირობითობაზე მაღლა დგას, ის არის კანონი თავის თავად. კანტი განსაქიქებლად ირჩევს უტილიტარიზმს, როგორც მორალის ემპირიული თეორიის ტიპიურ ფორმას. ეყრდნობა რა კანტი პრაქტიკული კანონის განსაზღვრებას, რომელიც მან ჩამოაყალიბა მორალური გრძნობის გაანალიზებით, იგი დახვეწილად უკუაგდებს უტილიტარიზმს, როგორც ზნეობრივი კანონის არასწორი მეთოდით დამფუძნებელ თეორიას.

კანტმა უტილიტარიზმის წინააღმდეგ წამოაყენა სამი დამანგრეველი არგუმენტი: 1. ჯერ ერთი, ქმედების მორალურობა არ მჟღავნდება ამ ქმედების გარეგანი მიმდინარეობიდან, არმედ იმ შინაგანი განწყობიდან, რომელმაც გამოიწვია ეს ქმედება. გამოცდილების გზით კი ძნელია, თუ შეუძლებელი არა, დადგენა იმ განწყობის რაგვარობისა, რომელსაც ქმედება უმადლის თავის არსებობას. მიუხედავად ამისა, უტილიტარიზმს, როგორც მორალის ემპირიულ თეორიას, სურს დააფუძნოს ზნეობა ცდისეული გზით. ამ მიზანს რომ მიაღწიოს მისთვის აუცილებელია გვერდი აუაროს ზნეობრივი საქციელის გამაპირობებელ შინაგან განწყობას და მიმართოს იმ გარეგან პროცესებს, რომელნიც თან სდევენ ქმედების სურვილს. მაგრამ, საკითხის ამგვარი დაყენება ეწინააღმდეგება ჩვენს მორალურ გრძნობას, რომელიც მორალური შეფასების ობიექტად სახავს სუბიექტის ზრახვას (განზრახვას), და არა ამ ზრახვით მიღებულ გარეგან შედეგებს; 2. მერე მეორე, ჯერ კიდევ „წმინდა გონების კრიტიკაში“ კანტმა, იუმის კვალად, დაადგინა, რომ ვერცერთი იმ დებულების წყარო, რომელსაც გააჩნია საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა, ვერ იქნება გამოცდილება. ამგვარი დებულებების საფუძველი მხოლოდ წმინდა გონებაა. მაგრამ, პრაქტიკული კანონი ხომ აუცილებელი დებულებაა, და როგორც ჩანს, ის შეუძლებელია ეფუძნებოდეს გამოცდილებას, გამოცდილებას, რომელსაც ყველაზე დიდი, რაც შეუძლი მოგვცეს ესაა სუბიექტური და არა ობიექტური აუცილებლობა. გამოცდილებით შეიძლება დავადგინოთ ადამიანთა მოქმედების მაიძულებელი გარემოებანი (mussen), მაგრამ ვერაფრით დავადგენთ იმას, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მათ (sollen). უტილიტარიზმი, რომელიც ფიქრობს პრაქტიკული კანონის დაფუძნებას გამოცდილებაზე, სრულიად ვერ აღწევს მიზანს; 3. მერე მესამე, დაკვირვებაში მოცემული შემთხვევებიდან ინდუქციით შეუძლებელია ზნეობრივი კანონის დაფუძნება. ზნეობის კატეგორიას რომ რომელიმე ფაქტი დავუქვემდებაროთ ამისთვის ხომ საჭიროა წინასწარ ცოდნა იმისა, რომ ის შეესაბამება ზნეობრივ კანონს, და, ამდენად, უნდა ვიცოდეთ თავად ზნეობრივი კანონიც. უფრო მეტიც, უნდა ვიღებდეთ ამ კანონს, როგორც ობიექტურად აუცილებელის. ამიტომაა, რომ უტილიტარიზმი, ყოველგვარი ემპირიული მორალის კვალად, ექცევა წრეში.

ამდენად, თუ მორალური კანონის დაფუძნება შეუძლებელია გამოცდილებაზე, მაშინ რჩება ართადერთი გზა, რომლითაც ის დაფუძნდება: ესაა — წმინდა გონება. მორალის ფილოსოფია „ფიზიკა“ კი არა ზნეობის „მეტაფიზიკაა. ზნეობრივი კანონის საფუძველი უნდა იყოს არა ემპირიული სუბიექტი, არამედ ტრანსცენდენტალური სუბიექტი, რომელიც არა თუ დამოკიდებულია შემთხვევით ემპირიულ განსაზღვრულობებზე, არამედ თავად წარმოგვიდგება ყოველგვარი ემპირიულობის პირობად. თეორიულ ფილოსოფიაში უკვე იყო ნაჩვენები, თუ როგორაა შესაძლებელი მსჯელობები a priori. ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თუ გონება წარმოადგენს ცდის აუცილებელ წანამძღვარს, თუ ცდას ფორმას აძლევს გონება. მართლაც, თუ მე ვფლობ ერთ თავისებურებას, რომლის გარეშეც ვერასოდეს განხორციელდება რომელიმე ცდა, მაშინ მე შემიძლია დავადგინო ყოველი ცდისთვის აუცილებელი მსჯელობა ისე, რომ არ გავიდე წმინდა გონების ფარგლებს მიღმა. შემეცნება შესაძლებელია იმიტომ, რომ იგი მიმართებაშია მოვლეთა სამყაროსთან, იმიტომ, რომ ცოდნას ახასიათებს სუბიექტური ობიექტურება. თეორიული დებულებების აუცილებელი მნიშვნელადობა კანტმა „იყიდა“ მათი სუბიექტურობის ფასად. თეორიული ფილოსოფიის პარალელურად, პრაქტიკულ ფილოსოფიაშიც გვხვდება რაღაც აუცილებლად ჯერარსული, რომლის დამაფუძნებელიც შეიძლება იყოს წმინდა პრაქტიკული გონება. კანტამდე არსებულ მორალის ემპირიული სისტემებს, გამოჰყავდათ რა ზნეობრივი კანონი გამოცდილებიდან, ამით მიაწერდნენ მორალის მათეულ პრინციპს შინაარსს. მაგრამ, რადგან მორალი ფუძნდება წმინდა გონებით, ზნეობის პრინციპი, რომელიც ზნეობრივ კანონს ანიჭებს ობიექტურ აუცილებლობას, უნდა იყოს ფორმალური. მორალის ემპირიულ სისტემებს ზნეობის პრინციპი გამოჰყავდათ ობიექტურად არსებული მიზნებიდან; ისინი იყვნენ ჰეტერონომულნი. ზნეობრივი კანონის ჭეშმარიტი დაფუძნება კი უნდა გამოიხატოს ავტონომური ეთიკით. სუბიექტისთვის გარეგანი მიზნებიდან კი არ გამოიყვანება მორალური პრინციპი, არამედ პირიქით: ყოველგვარი მიზნის ღირებულება დგინდება ზნეობრივი კანონის თვალსაზრისიდან. ქმედების შინაარსი კი არა, არამედ ქმედების ფორმა ანიჭებს მას (ქმედებას) მორალურ ხასიათს.

 

4.

 

თუ მორალური კანონის აუცილებლობას ფესვი გადგმული აქვს წმინდა პრაქტიკულ გონებაში, მაშინ მისი პრინციპი უნდა იყოს ფორმალური. საჭიროა დაიძებნოს მორალის ეს პრინციპი. რამდენადაც ზნეობრივი კანონის შინაარსიდან არაფერი არ შეიძლება შედიოდეს მასში, რჩება მხოლოდ საყოველთაო კანონმდებლობის ფორმა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ყოველგვარი კანონი. ამგვარი ფორმალური პრინციპის გამოხატულებად წარმოგვიდგება სწორედ კატეგორიული იმპერატივი: მოიქეცი ისე, რომ შენი ქმედების წესი იქცეს საყოველთაო კანონად. კანტის ეს დებულება დაცლილია ყოველივე მატერიალურისგან. აქ საუბარი არ არის იმაზე, თუ რაგვარი ობიექტისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, არამედ მოითხოვება მხოლოდ ის, თუ როგორ, რაგვარი გამოვლინებით უნდა განხორციელდეს ეს მისწრაფება რანაირიც გნებავთ იმგვარი ობიექტის მიმართულებით. კატეგორიული იმპერატივი სულაც არაა პრაქტიკული კანონი, ის მხოლოდ პრინციპია ნებისმიერი პრაქტიკული კანონისა. ყველა პრაქტიკული კანონი შედგება ორი ელემენტისგან: ფორმისგან და შინაარსისგან. პრაქტიკული კანონის ფორმა მოგვეწოდება კატეგორიული იმპერატივის ფორმულით, ხოლო მისი შინაარსი ყოველთვის წარმოდგება გამოცდილებიდან, ასეთია კანტის თვალსაზრისი. ამიტომაც არ არიან მართალნი ისინი, ვინც ადანაშაულებს კანტს იმაში, თითქოს მან პრაქტიკული კანონი გადააქცია გამომშრალ ფორმულად. ამგვარი ბრალმდებლების რიცხვს ეკუთვნის, სხვათაშორის, პაულსენიც, რომელიც აცხადებდა — კანტს სურს „ფორმიდან გამოწუროს შინაარსი“-ო (Paulsen, 1. Kant, 337). პრაქტიკული კანონი კატეგორიული იმპერატივიდან ხომ ისევე გამოიყვანება, როგორც მიზეზობრიობის კატეგორიიდან გამოიყვანება მთელი ცოდნა მოვლენებს შორის არსებულ მიზეზობრივ მიმართებებზე. როგორც ყოველგვარი შემეცნება, ისე მთელი პრაქტიკული კანონიც წარმოდგება გამოცდილებიდან, თუმცაღა ცდიდან არ აიღება ყველაფერი. პრაქტიკული კანონები სხვადასხვანაირია. ვალდებულება განსხვავებულ შემთხვევებში, განსხვავებულ ქმედებას მოითხოვს. პრაქტიკული კანონების ეს განსხვავებულობა მომდინარეობს განსხვავებული გამოცდილებისეული შინარსებიდან. „გიყვარდეს ახლობლები და გძულდეს მტრები“ ისეთივე პრაქტიკული კანონია როგორიცაა „გიყვარდეს ყველა განუსხვავებლად“. განსხვავება მათ შორის წარმოდგება იმ გამოცდილებისეული შინაარსების არა-მსგავსებიდან, რომელიც არსებობს იმ პირობათა შორის გარს რომ აკრავდა, ერთისმხრივ, ძველი დროის, და, მეორეს მხრივ, ახალი დროის ადამიანს. ბერძენი, რომელიც იზიარებდა პირველ წესს, ისეთივე ზნეობრივია, როგორც ქრისტიანი, რომელიც მისდევს მეორე პრინციპს. რელიგიური ფანატიზმით განმსჭვალული არაბისთვის, რწმენის შემწყნარებლი ვინმე ნათან-ბრძენის შეგონებანი, წარმოადგენს უზნეობას, ხოლო ჰენრი მე-4, რომელიც სახელმწიფოს დასაშოსმინებლად განუდგა გარკვეულ დოგმებს, მზაკვრობის ნამდვილი განსახიერებაა. ამგვარი ბრალმდებლების გასაგონად უნდა ითქვას, რომ უნდა გვესმოდეს კანტის მთელი ორიგინალურობა: მისთვის ქმედება ზნეობრივია არა იმიტომ, რომ მის შედეგებს შემთხვევით მივყავართ რაღაცასთან, რაც ითვლება კარგად, არამედ იმიტომ, რომ ის მიმდინარეობს კანონისადმი მოწიწებისგან, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს კანონი.

კანტი სულაც არ ფიქრობდა, გაეძევბინა მატერიალური პრაქტიკული კანონიდან, და თუ ის უარყოფს მორალის მატერიალურ პრინციპს, უარყოფს მას როგორც პრინციპს, მორალის პრინციპს, და არა, როგორც პრაქტიკულ კანონებს. საყოველთაო კეთილდღეობისკენ სწრაფვა შეიძლება იყოს პრაქტიკული კანონი, მაგრამ ის ვერ იქნება მორალის პრინციპი, ან, როგორც თავად ამბობს (კანტი), ვერ იქნება პირობა საკუთარი იმპერატიულობისა, ფორმულა კატეგორიული იმპერატივისა. შემდეგი ციტატები კანტის თხზულებებიდან სავსებით ასაბუთებენ ამას. „წმინდა გონების კრიტიკაში“ ვკითხულობთ: „არ შეიძლება უარვყოთ ის, რომ ყოველგვარ სურვილს გააჩნია ობიექტი და, მაშასადამე, მატერიალური მხარე. მაგრამ, აქედან არ გამომდინარეობს, თითქოს სწორედ მატერიალური მხარეა მაქსიმის საფუძველგამნსაზღვრელი პირობა“. კანტისთვის მორალის ფილოსოფია მთელ თავის ძალმოსილებას ღებულობს ზნეობის მეტაფიზიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი მომდინარეობს ანთროპოლოგიიდან.”

(ყოველი გაუგებრობის სათავე ძევს ეთიკისა და მორალის ურთიერთაღრევაში. მორალი კანტისთვის აპრიორულია, ეთიკა კი, რაღა თქმა უნდა, აპოსტერიორული. მოძღვრება მორალზე არის მოძღვრება ფაქტზე და, როგორც ნებისმიერი მოძღვრება, ისიც აიგება ემპირიულად დადგენილ ლოლიგიკურ კანონებზე. თავად კანტიც არასაკმარისად განარჩევდა ერთმანეთისგან ამ ცნებებს, ამბობდა რა, რომ die Moglichkeit eines kategorischen Imperativs ganzlich a priori zu untersuchen ist (Grundlegung, 54), რაც სრულიად არასწორი გამოთქმის ფორმაა)

„Grundlengung zur Metaphysik der Sitten”-ში კანტი ამბობს, რომ „ყოველგვარი მორალი… ადამიანისადმი მისაყენებლად საჭიროებს ანთროპოლოგიას“. ანთროპოლოგიაში აქ იგულისხმება მოძღვრება ემპირიულ პიროვნებაზე. ამ დებულებებიდან ჩანს, თუ როგორ უყურებდა კანტი ცდის მონაცემებს პრაქტიკული კანონების წარმოქმნისადმი მათ მიმართებაში. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა წარმოშობილიყო გაუგებრობანი (Paulsen, Hermann, Zeller), ამის მიზეზად უნდა ვიგულვოთ მხოლოდ კანტის არაზუსტი გამონათქვამები. მაგალითად, “grundlegung”-ში კანტი ამბობს: „ ყველა ზნეობრივი ცნება წარმოდგება სრულიად (Vollig) a priori წმინდა გონებიდან… ასე რომ ემპირიული ელემენტის ნებისმიერი შერევა ართმევს მათ ნამდვილ გავლენიანობასა და განუსაზღვრელ ღირებულებას“. „წმინდა გონების კრიტიკაში“ კანტი გადამწყვეტად აცხადებს, რომ „ პრაქტიკულ კანონს არასოდეს უნდა მივაკუთნოთ პრაქტიკული წინასწარმეტყველება, რომელიც გადაჯაჭვულია მატერიალურ (და ე.ი. ემპირიულ) გარემოებასთან. ამ ადგილებს რომ წავიკითხავთ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კანტი პრაქტიკული კანონიდან დევნის მთელ შინაარსს, ტოვებს რა მხოლოდ ფორმას; მაგრამ რამდენიმე ხაზის ქვმოთ კანტის თვალსაზრისი აშკარავდება. ასეთი არამკაფიოობა განპირობებულია ძირითადათ იმით, რომ კანტი არასწორად (არათანმიმდევრულად) იყენებს ტერმინებს. „ქმედების ფორმა“ და „კანონის ფორმა“ მისთვის ტოლმნიშვნელადი ტერმინებია, მაშინ, როცა მათ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ. ასევე ტერმინები — „პრაქტიკული კანონი“, „კატეგორიული იმპერატივი“, „მორალის პრინციპი“ — რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, კანტის მიერ ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება.

კანტის ეთიკის თავისებურების ნათელსაყოფად ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე კრიტიკულ მოსაზრებას. როგორც ითქვა, კანტმა დააფუძნა ეთიკა ტრანსცენდენტალური სუბიექტის მეოხებით. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა ესმოდა კანტს ტერმინში — „ტრანსცენდენტალური სუბიექტი“. იმის მიხედვით, თუ როგორ გავიგებთ ამ ტერმინს, შეიცვლება კანტის ეთიკის საზრისი. თუ მას გავიგებთ როგორც საზღვრით ცნებას, რომელსაც არ გააჩნია სხვა რეალობა, გარდა იდეალურისა, ანუ, რომ ის არის მხოლოდ ჩვენი იდეა და არაფერი სხვა (როგორც ამას ასაბუთებს ვინდელბანდი), მაშინ კანტი არაფერსაც არ აფუძნებს. თქმით იმისა, რომ ზნეობრივი კანონი არის ტრანსცენდენტალური სუბიექტის პროდუქტი, ტერმინ „ტარანსცენდენტურის“ ამგვარი გაგებით, კანტი არ გვეუბნება არაფერს ახალს. ამ შემთხვევაში მსჯელობის საზრისი იქნება შემდეგი — ზნეობრივი არის სავალდებულო. მაგრამ, ეს ხომ ესენციალური მსჯელობაა, რომელიც უკვე დადგენილია ცდისეული გზით მორალური გრძნობის ანალიზზე გავლით. ეს არის გამოხატულება მორალისა როგორც ფაქტისა. ამ გზით ეთიკის დაფუძნება დაიყვანება მორალური გრძნობის დაკვირვებაზე და პრაქტიკული გონების კრიტიკა თავის ძირითად ნაწილში წარმოგვიდგება, თუმცა მახვილგონივრულ, მაგარამ, მაინც სიტყვების ტყუილუბრალო დახვავებად. პრაქტიკული გონების კრიტიკის მიზანი ამგვარად აღმოჩნდება მხოლოდ სიტყვათა მნიშვნელობების განსაზღვრა.

სხვა აზრით გაგებული ტერმინი ტრანსცენდენტული სუბიექტისა გულისხმობს გარკვეული რეალობის მქონე მეტაფიზიკურ არსებას. ამ შემთხვევაში პრაქტიკული გონების კრიტიკის შედეგი გამოითქმული მსჯელობით — ზნეობრივ კანონს თავის საფუძვლად გააჩნია ტრანსცენდენტალური სუბიექტი, მიიღებს შემდეგ საზრისს: ზნეობრივი კანონის საფუძველი არის რაღაც რეალური, თუმცა ეს რეალობა არაა ფენომენალური. ასეთი დებულება იქნება სინთეზური, რომელიც გადის ცდისეული გზით მიღებული ზნეობის განსაზღვრების ფარგლებს გარეთ. ტერმინ „ტრანსცენდენტალურის“ მხოლოდ ამგვარი გაგებისდა კვალად შეიძლება ითქვას, რომ კანტი ცდილობდა ეთიკის დაფუძნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფუძნებას ადგილი არ აქვს. ამგვარად, არსებობს სრული საფუძველი (ლოგიკური) იმაზე ფიქრისა, რომ ტრანსცენდენტალური სუბიექტი კანტს ესმის როგორც მეტაფიზიკური რეალობა.

კანტმა დააფუძნა ზნეობრივი კანონი ტრანსცენდენტალურ სუბიექტზე, ისევე როგორც თეორიულ ფილოსოფიაში იქნა დაფუძნებული მასზე ბუნების კანონი. ამ გარემოების მიზეზად (და ლოგიკურ საფუძვლად) მოგვევლინა ის, რომ კანტისთვის მთავარი იყო ზნეობრივი კანონის უპირობო მოთხოვნადობის აღნიშვნა; ამასთან ერთად, „წმინდა გონების კრიტიკაში“ დადგენილ იქნა, რომ იმას, რაც უპირობოა თეორიულ დამოკიდებულებაში, საფუძველი უძევს ტარანსცენდენტალურ სუბიექტში. კანტმა გააიგივა რა ზნეობრივი კანონის უპირობობა ბუნების კანონის უპირობობასთან (რაც არ ნიშნავს იმას, რომ მან გააიგივა ზნეობრივი კანონი ბუნების კანონთან), ამით ძალზე ფაქიზად გამიჯნა ერთმანეთისგან იძულებითი (mussen) და ჯაერარსული (sollen), და ბუნებრივად მიუყენა ზნეობრივი კანონი ტრანსცენდენტალურ სუბიექტს. მაგრამ კანტი ცდება, რამეთუ უპირობობა ზნეობრივი კანონისა სულაც არ ჰგავს ბუნების კანონის უპირობობას. როცა კანტი ამბობს, რომ ზეობრივი კანონი არის უპირობო, ის მართალია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის გულისხმობს ფაქტს, რომ ზნეობრივი კანონი მოითხოვს უპირობოდ. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ თვად კანონი უპირობო წარმომავლობისაა, რომ ის აპრიორულია. კანტმა ერთმანეთში აურია კანონის მოთხოვნადობისა და კანონის წარმომავლობის უპირობობა. იმისთვის, რომ ზნეობრივი კანონი იყოს უპირობოდ მომთხოვნი ხასიათისა, არაა საჭირო იმის დაშვება, რომ კანონის წარმომავლობაც უპირობოა. კანონს, აღებულს თეორიული თვალსაზრისით, და მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს უპირობო წარმომავლობა, უპირობო საწყისი. მაგრამ ამ უკანასკნელს გააჩნია სულ სხვა მნიშვნელობა ვიდრე კანონს აღებულს პრაქტიკული თვალსაზრისით. თეორიული კანონი სუფევს თავად საგანთა ბუნებაში, და ჩვენ ის უნდა ვაღიაროთ როგორც ფაქტი. პრაქტიკული კანონი კი არ წარმოადგენს ფაქტის გამოხატულებას; თუმცა, შეიძლება სწორედ ფაქტები გამოდგა მისი წარმომავლობის საფუძვლად, მაგრამ, მიუხედავად ამისა ის არაა დავანებული საგანთა ბუნებაში, ე.ი. ჩვენ ის უნდა ვაღიაროთ როგორც ჯერარსული, და არა როგორც ფაქტი, როგორც რაღაც ისეთი, რაც უნდა განხორციელდეს და არა, როგორც უკვე არსებული.

გარდა ამისა, ბუნების კანონი აუხსნადია, ის მხოლოდ დადგენილ-აღმოჩენილი შეიძლება იქნეს. ასე მაგალითად, ჩვენ ვერ ავხსნით თუ რატომაა მატერია მარადიული, რატომაა ენერგიის რაოდენობა მუდმივი; და თუ ეს კანონები გამოუყვანადია (ლოგიკურად) უმაღლესი კანონიდან, მაშინ ისინი პირველადია და, ამდენად, აუხსნადიც (ჩემი მაგალითი წარუმატებელია, რამეთუ ენერგიისა და მატერიის შენახვის კანონები შეიძლება დედუცირებულ იქნეს სამყაროს ერთგვარობის კანონიდან (მიზეზობრიობის კანონიდან). მაგრამ, ამით სულაც არ სუსტდება ჩემი არგუმენტების ძალა). ამიტომაა, რომ ბუნების კანონებს გააჩნია უპირობო მნიშვნელობა. ჩვენ არ ძალგვიძს მათი ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია მათი დადგენა. სწორედ ამ გარემოების გამოხატულებას წარმოადგენს ბუნების კანონის საფუძვლად ტრანსცენდენტალური სუბიექტის აღიარება. მაგრამ სხვაგავარია საქმის ვითარება ზნეობრივ კანონთან მიმართებაში. კანტის კვალად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რატომაა ზნეობრივი კანონი ჯერარსული, არ ძალგვიძს მისი დედუცირება. ჩვენ არც ის შეიძლება ვიცოდეთ, რატომაა ზნეობრივი კანონი უპირობო. (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ დავსვამთ ჰეტერონომული ეთიკის საკითხს, რომლისთვისაც განსჯის ერთ ბოლოს წარ რმოადგენს ზნეობრივი კანონი, ხოლო მეორეს — მისი საფუძველი, ამასთან საფუძველი თავად ზნეობრივ კანონზე მყარად რომაა დადგენილი, იმდენად მყარად, რომ მისი ძალით ზნეობრივი კანონის დაფუძნება ემთხვევა მის გამართლებას. კანტთან კი პირიქითაა, თავად ზნეობრივი კანონი წარმოგვიდგება მისი საფუძვლის გამართლებად). ამგვარად დაყენება კითხვისა ამდაბლებს ზნეობრივ კანონს. აქ აშკარად ჩანს, რომ კანტი ჯერ კიდევ განიცდის კრიტიკამდელი, ყოველდღიური ცნობიერების და გავლენას, რომელიც ზნეობრივს თვლის უპირობო ჯერარსად. კანტის აზრით, ყველამ უნდა განახორციელოს ზნეობრივი შეფასება. მაგრამ, ხომ მოაზრებადია ადამიანი, ისეთი, რომელიც უარყოფს ქმედებათა ყოველგვარ შეფასებას და თავს იკავებს შეფასებითი მსჯელობისგან? ამასთან, კანტი ამოდის ზნეობრივი შეფასების ფაქტის არსებობისგან, მორალის არსებობის ფაქტისგან, არ ასაბუთებს რა ამასთანავე, რომ მორალური შეფასება არსებობს აუცილებლობით. რა თქმა უნდა, „წმინდა გონების კრიტიკაში“ არ არსებობდა განსაკუთრებული საჭიროება აზროვნების ლოგიკური საფუძვლების დადგინებისა: ისედაც ცხადია, რომ ამგვარი რამის არ აღიარების გარეშე შეუძლებელია საერთოდ რაიმე მსჯელობა. მაგრამ ცხოვრება სრულიად მოაზრებადია მორალური შეფასების გარეშეც და, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასაბუთდეს ასეთი შეფასების არსებობის აუცილებლობა, რამეთუ საკმარისი არაა მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე იმის მითითება, რომ ზნეობრივ შეფასებას ადამიანთა ყოფაში რეალურად აქვს ადგილი. ამიტომაა მნიშვნელოვანი ჰეტერონომული მორალის დამსახურება, რომელმაც, სხვა თუ არაფერი, წამოჭრა საკითხი ზნეობრივი კანონის გამართლების თაობაზე, საკითხი, რომელიც ყოველგვარი ლოგიკური საფუძვლის გარეშე იგნორირებული იყო კანტის მიერ.

დაუშვათ, კანტმა მართლაც დაამტკიცა, რომ ზნეობრივი შეფასება არა უბრალოდ ფაქტია, არამედ აუცილებლი ან ჯერარსული ფაქტია, დაუშვათ ისიც, რომ ყველა ადამიანი, როგორც გონიერი არსება, აუცილებლობით აღიარებს, რომ ზნეობრივი არის ჯერარსული, ე.ი. რომ არსებობს ჯერარსი; ეს ხომ ნიშნავს „იდეალური კანონის“ არსებობის აღიარებას ადამიანის მოქმედების შეფასების კრიტერიუმად. მაგრამ, კანონები შეიძლება იყოს განსხვავებული. მავანმა შეიძლება გამოთქვას ზნეობრივი შეფასება თვითდამკვიდრების პრინციპის თვალსაზრისით, და ამდენად, მისთვის ეს პრინციპი იქნება ზნეობრივი კანონი. რა შეუძლია თქვას ამ კანონის საწინააღმდეგოდ კანტის ეთიკამ? სრულიადაც არაფერი. თუ ზნეობრივ კანონს უნდა მოეპოვებოდეს აპრიორული საფუძველი ტრანსცენდენტალურ სუბიექტში, მაშინ ყოველ სუბიექტს შეუძლია წამოაყენოს საკუთარი პრინციპი, როგორც ზნეობრივი კანონი და მისდიოს მას. ვერავინ უსაყვედურებს ვერაფერს სხვას, ვინაიდან ზნეობრივი კანონი არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება დედუცირებული რაიმე სხვიდან, გარეშედან. მაშასადამე, არ შეიძლება ვუსაყვედუროთ იმ მორალისტ-ფილოსოფოსებსაც, რომლებმაც წამოაყენეს მორალის ობიექტური პრინციპი. თავისი ფორმალიზმით კანტს სურდა ორი კურდღელის მოკვლა — ობიექტივიზმი მორალური პრინციპთან მიმართებაში და მისი ემპირიზმი, რითაც გაამართლა ანდაზა: ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო! კანტს არ მოეპოვება პრაქტიკულ ფილოსოფიაში ის განყოფილება, რომელიც შესაბამისი იქნებოდა მისი ლოგიკისა თეორიაში. კანტს, შეიძლება ეთქვა, რომ მას ამგვარი „ლოგიკა“ გააჩნია, რომ მას ჩამოყალიბებული აქვს ზნეობრივი ქმედების განსაზღვრება. ამ განსაზღვრებიდან, რომელიც გვიჩვენებს ქმედების წესის საყოველთაო კანონად ქცევის უნარს, გამომდინარეობს, რომ ქმედება თვითმოყვარეობის მოტივით არაზნეობრივია, რამეთუ თვითდამკვიდრება არ შეიძლება ჩაითვალოს საყოველთაო კანონად. მოდით, ნუ ვიკამათებთ და განვსჯით კანტის ამ პოზიციას. დაუშვათ, რომ თვითდამკვიდრების პრინციპით მოქმედს არ შეიძლება სურდეს თავისი წესის საყოველთაო კანონად დასახვა (თუმცა ამგვარი სურვილი სრულიად მოაზრებადია. მოხერხებულ გაიძვერას, რომელიც სხვებს სჯობნის ამ მხრივ, შეიძლება სურდეს თაღლითური ურთიერთობების საყოველთაო კანონის რანგში დასახვა, ვინაიდან ის, როგორც „გადამგდები“, ამით არაფერს კარგავს. თუმცა მას არავინ ჩათვლის ზნეობრივ არსებად. არადა, კანტის მიხედვით ასე უნდა ჩაგვეთვალა, მიუხედავად იმისა, რომ კანტი ამის წინააღმდეგ გამოვიდოდა და ორივე ხელით გარდისახავდა პირჯვარს, რომ მისი ფილოსოფიიდან ასეთი რამ არ გამომდინარეობს, როგორც ამას ადგილი აქვს “Grundlegung” (S. 66)-ში). მაინც რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ქმედებანი არაზნეობრივია? საიდან დაასკვნა კანტმა, რომ ზნეობრივი ჯერარსის ცნება თავისში გულისხმობს საყოველთაო კანონმდებლობის ცნებასაც? ზნეობრივის ცნებიდან გამომდინარეობს მხოლოდ პრაქტიკული წესის ცნება და მეტი არაფერი. წესად კი შეიძლება მივიჩნიოთ მაქსიმაც, საყოველთაო კანონიც, რომელსაც უნივერსალური მნიშვნელობა აქვს და კანონიც, რომელსაც მნიშვნელობა აქვს გარკვეულ პირთა ჯგუფისთვის, კასტისთვის, ფენისთვის, კლასისთვის, და საბოლოოდ, მთელი მეცნიერებისთვის. ეგოისტი, რომელიც ყოველივეს ხედავს თავისი „მე“-ს პრიზმაში გარდატეხილად, იმოქმედებს საკუთარი თავისთვის წამოყენებული კანონის თანახმად. ის თვლის სხვებს არა მიზნად, არამედ საკუთარი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებად. ბუნების კანონის მსგავსად, თუ ზნეობრივი კანონიც უნდა იდგეს ყოველგვარ დედუქციასა და კრიტიკაზე მაღლა და თუ ის მომდინარეობს ტრანსცენდენტალური სუბიექტისგან, მაშინ ეგოისტის პოზიცია დაუძლეველია, მას ვერ გავამტყუნებთ. მხოლოდ კანონზომიერება ვერ მიანიჭებს ქმედებას ზნეობრივ ხასიათს. (კანონზომიერების ქვეშ აქ იგულისხმება შესაძლებლობა წესისა იქცეს კანონად. ეს სიძნელე დაინახეს შტაუდინგერმა და ვენჩერმა, რის გამოც წამოაყენეს ზნეობრივი კანონის დედუცირების მოთხოვნა, თუმცა ისე, რომ მკაცრი კანტიანელობის ნიადაგი არ დაუტოვებიათ. შეადარეთ; Messer, Kants Ethik.).

ეხლა კი დავუშვათ, რომ ზნეობრივ კანონი უნდა ფლობდეს საყოველთაო აუცილებლობას, ან, რომ მას გააჩნია უნარი — გარდაისახოს საყოველთაო კანონად. ამით მაინც ვერ დგინდება დადებითად ზნეობრივი კანონის ხასიათი. ერთმანეთის საპირისპირო წესები ხომ წინააღმდეგობის გარეშეა მოაზრებადი საყოველთაო კანონის რანგში. კანტი არ ეთანხმება ამას, მიაჩნია რა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ მოაზრება, არამედ აუცილებელია სურვილიც — საკუთარი ქმედების წესის საყოველთაო კანონად დასახვისა; ხოლო ცდისეული პირობების შედეგების მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ქმედება, როგორც ყველაზე მიზანშეწონილი. კანონთა ურთიერთსაპირისპირობა ამით გაუქმებულია. მაგრამ, კანტი მაინც არაა მართალი. კი ბატონო, ვთანხმდებით, რომ ცდისეული პირობების მონაცემებით, თუ ყველა მათგანს გავითვალისწინებთ, საყოველთაო კანონის რანგში შეიძლება გვსურდეს მხოლოდ ერთი წესი მოქმედებისა. მაგრამ ემპირიულმა სუბიექტმა, რომელსაც და მხოლოდ რომელსაც მიეყენება ზნეობრივი კანონი, შეუძლებელია იცოდეს ყველა პირობა, რის გამოც მისმა უცოდინრობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მან შესაძლოა იმოქმედოს ისეთი წესის თანახმად, რომელიც მას სურს დასახულ იქნეს საყოველთაო კანონად, თუმცაღა ასეთად ის არ გამოდგება (კანტი შესაძლოა გვეტყოდა, რომ „სუბიქტში“ მას ესმის ზნეობრივი სუბიექტი, რომელსაც არ შეიძლება სურდეს რაიმე შეუსაბამო ზნეობრივ კანონთან. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში ის ექცევა წრეში. ზნეობრივი კანონი განისაზღვრება სუბიექტზე დაყრდნობით, რომელიც მოქმედებს თანახმად ზნეობრივი კანონისა. რათა დაუძვრეს ამ წრეს მან უნდა განსაზღვროს თავისი სუბიექტი სხვა ცნებებით და არა ზნეობრივი კანონის ცნების საშუალებით. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კანტის მთელი ავტონომიური ეთიკა მოძრაობს ამ წრეში, რამეთუ კანტს ამოსავალ პუნქტად თავისი კვლევებისა აღებული აქვს წმინდა ნება, რომელიც ყოველგვარი გარეშე ძალისხმევისგან დამოუკიდებლად სჩადის სიკეთეს). და მაინც, კანტი ასეთი სუბიექტის ქმედებას თვლის ზნეობრივად. მაგრამ, ამით ის ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, მან ხომ თავად დაადგინა, რომ მხოლოდ ის ქმედებაა ზნეობრივი, რომელიც შეესაბამება ზნეობრივ კანონს. ამ დროს კი ასეთი სუბიექტის ქმედება არ ემთხვევა ზნეობრივ კანონს. ამგვარი წინააღმდეგობრიობის მიზეზია ის ფაქტი, რომ კანტი მეტისმეტად ახლო ანალოგიას ატარებდა თეორიულსა და პრაქტიკულ ფილოსოფიას, ჭეშმარიტსა და ზნეობრივად ჯერარსულს, ბუნების კანონსა და ზნეობრივ კანონს შორის. თუ ბუნების კანონი, რომელის საფუძველიც ტრანსცენდენტალური სუბიექტია, შეიძლება დადგენილ-აღმოჩენილი იქნეს სუბიექტის მიერ, მაშინ კანონი ზნეობრივისა ვერ იქნება დადგენილ-აღმოჩენილი სუბიექტის მიერ იმავე გზით. ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია გაიგოს არის გაგება იმისა, თუ რა არ გამოდგება საყოველთაო კანონად და, მაშასადამე, არც ზნეობრივ კანონად, მაგრამ, თქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ზნეობრივი კანონი, ან გააკეთოს არჩევანი ლოგიკურად შესაძლებელი კანონებიდან ჭეშმარიტად ზნეობრივი კანონის სასარგებლოდ — ამის ქმნა სუბიექტს არ ძალუძს, რამეთუ ყოველივე ეს გადის სუბიექტის კომპეტენციის ფარგლებიდან. ამდენად, რამდენადაც კანტის კატეგორიული იმპერატივი შეიძლება გამოდგეს ზნეობრივი კანონის უარყოფით კრიტერიუმად, ზნეობრივის დადებით კრიტერიუმად ის აღარ გამოდგება, ვინაიდან სუბიექტი კი არ წყვეტს, თუ რა არის ზნეობრივი, არამედ — საზოგადოება. ტრანსცენდენტალური სუბიექტი კი არ გვევლინება ზნეობრივი კანონის ფუძემდებლად, არამედ — საზოგადოებრივი გადაწყვეტილება. კატეგორიული იმპერატივის (რომელმაც უნდა გამოხატოს მხოლოდ კანონზომიერება) მიერ მოხაზული წრე ძალზე ფართოა, და ის ვერ მიგვითითებს ზუსტად, თუ რა არის ნამდვილად ზნეობრივი. რადგან ზნეობრივი კანონი ვერ იქნება დაფუძნებული ტრანსცენდენტალურ სუბიექტზე, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ზნეობრიობის პრინციპიც ვერ იქნება ფორმალური; მას უნდა გააჩნდეს მატერიალურობა (ჩვენში დარჩეს და კანტის კატეგორიული იმპერატივი არც ისე დაცლიია მატერიისგან, როგორც ეს ეგონა კანტს. ჯერ ერთი, ის შეიძლება მიეყენოს მხოლოდ სხეულებრივ და გონიერ არსებას, რამეთუ „იმოქმედე“ ეთქმის იმას, ვისაც ძალუძს მოქმედება, ე.ი. იმას, ვისაც გააჩნია სხეული. მერე მეორე, ყველა სხეულებრივ-გონიერი არსება ვერ იქნება კატეგორიული იმპერატივის ობიექტი, არამედ მხოლოდ საზოგადოებრივ-სხეულებრივ-გონიერი. მართლაც როგორ შეიძლება ვინმეს სურდეს რაღაც საყოველთაო კანონად თუ არ არსებობს საზოგადოება? ზნეობრივი კანონი არ არსებობს რობინზონებისთვის. და საერთოდაც, მცდარი ფორმისა და შინაარსის დაპირისპირებულად წარმოდგენა, თითქოსდა შეიძლებოდეს უშინაარსო ფორმის არსებობა. კანტის ეთიკისთვის შესაფერისი იქნებოდა გვეწოდებინა არა ფორმალური ეთიკა, არამედ აბსტრაქტული ეთიკა).

კანტს ალბათ თავადაც კარგად ესმოდა თავისი მდგომარეობის ძნელბედობა, უკმარისობა ზნეობრივი პრინციპის ფორმალურობისა (კატეგორიული იმპერატივისა) ზნეობრივი კანონის დაფუძნებისთვის. ამით უნდა აიხსნას ის, რომ „Grundlegung”-ში წარმოდგენილ კატეგორიული იმპერატივის მესამე ფორმულაში მან შეიტანა „მიზნის“ ცნება, როგორც პრინციპი ზნეობრიობისა. ამით ცამტვერდება კანტის მთელი ავტონომიური ეთიკა: რამდენადაც ქმედების ზნეობრიობა დამოკიდებულია სუბიექტის მიზანზე, ამდენად ზნეობრივი კანონი მდაბლდება უბრალო მსჯელობამდე; ამ უკანასკნელს არ გააჩნია დამაქვემდებარებლი მოთხოვნადობის ძალა, რომელსაც დასჭირდებოდა გამართლება. აქ შეიმჩნევა, თუ როგორ უახლოვდება კანტი მის მიერვე უარყოფილ ჰეტერონომიულ ეთიკას.