Skip to main content

ლ. მაკეევა. „ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელები მე-20 საუკუნის ანალიტიკურ ფილოსოფიაში“

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

ენის ანალიზი არის ერთგვარი გასაღები და ის ემსახურება რალობის სტრუქტურებისა და შინაარსის გამოვლენას. ამგვარია ანალიტიკური მეტაფიზიკის შემქმნელთა პოზიცია, რომელნიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ განიხილავენ რა ენის ფენომენს, მის ზოგად შტრიხებსა და ფუნქციონირების მექანიზმებს, ამით, პარალელურად შეძლებენ შეიქმნან წარმოდგენა სამყაროს ონტოლოგიურ წყობაზეც, ანუ დაადგენენ იმასაც, თუ რას გააჩნია არსებულის სტსტუსი. ცხადია, აქ საქმე არ ეხება ცალკეული, კონკრეტული ნივთების არსებობას, რამეთუ, ამ უკანასკნელთა მიმართ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ემპირიული გზით. საუბარია უპირატესად ისეთ, განსაკუთრებულად ზოგად კატეგორიებზე, როგორიცაა ფიზიკური საგნები და პროცესები, თვისებები და მიმართებები, აბსტრაქტული ობიექტები — მაგ., რიცხვები და სიმრავლეები, ფსიქიკური ფენომენები და ა.შ. რომელი ამათგანი შეიძლება ჩაითვალოს არსებულად? ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის ის ფაქტი, რომ სიტყვა გამოიყენება რაიმეზე რაღაცის გამოსათქმელად, ჯერ კიდევ არ მოწმობს ამ რაიმეს არსებობას; თუმცა, მათი აზრით, თუკი შევიმუშავებთ ენის ანალიზის სათანადო მეთოდოლოგიას, შევძლებთ იმის განსაზღვრას, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ენობრივი გამოსახულებები, რომ ვაღიაროთ იმის არსებობა, რასაც ეს გამოსახულებები აღნიშნავენ. მეტიც, მათი აზრით, მსგავსი ანალიზი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომელზე დაყრდნობითაც ფილოსოფოსებმა უნდა გადაჭრან ონტოლოგიური პრობლემები.

რას ემყარება ამგვრი დარწმუნებულობა ენის ანალიზის ნაყოფიერებაში? რით ამართლებს ანალიტიკური მეტაფიზიკა საკუთარ ლეგიტიმურობას? ამ საკითხთა გარკვევისას ფილოსოფოსი გარდუვალად აღმოჩნდება იმის გარკვევის აუცილებლობის წინაშე, თუ როგორ უნდა ვიაზროთ კავშირი ენასა და რეალობას შორის. სწორედ ეს საკითხი — ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების პრობლემა — არის გადმწყვეტი მნიშვნელობის ანალიტიკური მეტაფიზიკისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ მიდინარეობის წარმომადგენელთა უმრავლესობას მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ხარისხით აწუხებს ამ საკითხის გადაწყვეტა, ვიდრე ორიგინალური ონტოლოგიური კონცეპციის შექმნის საქმე.

ამ პრობლემისადმი ჩვენი ყურადღების მიმართვაც არაა შემთხვევეითი, რამდენადაც ის იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანალიტიკური რეალიზმის ბუნების გამოკვლევის კონტექსტში. ენის და რეალობის კავშირის როგორობის დახასიათებით, ფილოსოფოსი აყენებს აგრეთვე საკითხს, არის თუ არა ჩვენს მიერ ენის საშუალებით აღწერილი სამყარო დამოუკიდებელი ჩვენგან და ჩვენი ენისგან, ანუ ფლობს თუ არა ის რეალური არსებობის ნიშანს, და თუ ფლობს, მაშინ როგორ დავაფუძნოთ რწმენა მისი ობიექტურობის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასე თუ ისე იგი წყვეტს საკითხს რეალიზმისადმი მისეულ მიმართებასა და გაგებაზეც. გამოვიკვლევთ რა, თუ როგორ წარმოიდგენს ფილოსოფოსი კავშირს ენასა და რეალობას შორის, მივიღებთ შესანიშნავ რაკურსს რეალიზმის თაობაზე მისეული ხედვის დემონსტრირებისთვისაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების განხილვისას, ეხებიან საკითხთა ფართო წრეს; სხვაგავარად რომ ვთქვათ, ამ საკითხს გააჩნია საკმაოდ რთული სტრუქტურა, რომლიდანაც შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი.

ჯერ ერთი, ეს საკითხი გულისხმობს პასუხს კითხვაზე, რას წარმოადგენს ენა, როგორ ერთვება ის ადამიანისა და სამყაროს ურთიერთქმედით სისტემაში. როგორია ენის ძირითადი ფუნქციები და რა ადგილი უკავია მათ შორის რეპრეზენტაციულ ფუნქციას?

მერე მეორე, თუ ენა — ესაა ნიშანთა სისტემა, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელობები — საკითხავია, რისი დამსახურებით ხდება, რომ უბრალო ხმებს „შთაებერებათ სული“, რა აქცევთ მათ ენობრივ სიმბოლოებად? რა აკავშირებთ ენობრივ გამოსახულებას და იმას, რასაც ისინი აღნიშნავენ?

მერე მესამე, რამდენადაც ანალიტიკურ ფილოსოფიაში ცენტრალურ, ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების აღმნიშვნელ ცნებას წარმოადგენს ჭეშმარიტებისა და რეფერენციის ცნებანი, დგება საკითხი მათი შინაარსისა და ურთიერთკავშირის თაობაზე.

მერე მეოთხე, რამდენადაც ონტოლოგიური საკითხების განხილვისას ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობიან ენის ანლიზს, ამდენად უნდა გაირკვეს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ანალიზი, რა ლოგიკა ძევს ენის საფუძვლად და, რაც მთავარია, უნდა გადწყდეს, არის თუ არა საჭირო ენის ლოგიკური სტრუქტურის რეფორმირება (ვთქვათ ლოგიკურად სრულყოფილი ხელოვნური ენების გამოყენებით) რათა მიზანი, სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის გამოაშკარავებისა, იქნეს მიღწეული.

მერე მეხუთე, რამდენადაც ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა ანალიზი მიმართულია, უპირველეს ყოვლისა ისეთი ენობრივი გამოსახულებების გამორჩევისკენ, რომელთაც გააჩნიათ ონტოლოგიური დატვირთვა, ანუ რმელნიც აღნიშნავენ რაიმე არსებულს, მაშინ ჩნდება კითხვა, რომელი კრიტერიუმის მიხედვით უნდა გამოირჩეს ეს ენობრივი გამოსახულებები. სხვა სიტყვებით, ჩნდება აუცილებლობა არსებობის კრიტერიუმის ფორმულირებისა, და აქვე უნდა გაეცეს პასუხი იმას, თუ რა უნდა გვესმოდეს არსებობაში.

ამგვარად, გვთავაზობენ რა ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ენისა და სამყაროს კავშირის პრობლემის თაობაზე, ისინი, ასე თუ ისე, გვთავაზობენ პასუხებს ზემოჩამოთვლილ კითხვებზეც. ვითვალისწინებთ რა ამ გადაწყვეტილებებისა და პასუხების სტრუქტურულ სირთულეს, ჩვენ მათ მოვიხსენიებთ „ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელების“ სახელით, და ჩვენი ამოცანა იქნება ჩვენება იმისა, თუ რაგვარი მოდელები იქნა მათ მიერ წარმოდგენილი და როგორ ხდებოდა მათი განვითარება, ანუ თუ როგორ იცვლებოდა ანალიტიკური ფილოსოფოსების შეხედულებები ამ უმთავრესი საკითხის თაობაზე. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ გადმოვცეთ ამ წარმოდგენათა სრული განვითარების პროცესული სურათი, რამეთუ ამისთვის მაშინ უნდა დაგვეწერა პრაქტიკულად მთელი ისტორია ანალიტიკური ფილოსოფიისა. ჩვენი ამოცანა უფრო მოკრძალებულია — გადმოვცეთ ის, რაც ამ მიმდინარეობის შეხედულებათა განვითარებაში უფრო მნიშვნელოვნად გვეჩვენება. ამისთვის ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე გავლენიანი, სრული და მთლიანი კონცეფციები ენისა და რეალობის კავშირის შესახებ, რომლებიც წარმოგვიდგინეს მე-20 საუკუნის უდიდესმა ანლიტიკოს-ფილოსოფოსებმა — რასსელმა, ლუდვიგ ვიტგენშტაინმა, რუდოლფ კარნაპმა, უილიარდ ვან ორმან ქუაინმა, პიტერ სტროსონმა, დონალდ დევიდსონმა და მაიკლ დამმიტმა. აღნიშნული პრობლემის მათეული განაზრების გავლენიანობა ალბათ განაპირობა საფუძველდებულებათა ნათელმა, წმინდა, გამჭვირვალე და მასშტაბურმა გადმოცემამ. გარდა ამისა, ჩვენი არჩევანისას ვხელმძღვანელობდით აგრეთვე იმით, რომ ჩამოთვლილ ფილოსოფოსთა უმრავლესობამ შემოგვთავაზა ონტოლოგიური კონცეფციებიც, რომლებშიც მათ აღიარეს გარკვეული ტიპის ობიექტებისა და არსებების რეალური არსებობა. ამიტომაა, რომ მათი შეხედულებები ენისა და რეალობის ურთიერმიმართების თაობაზე ნათელს ჰფენს რეალიზმის პრობლემის განაზრებისა და დაფუძნების საქმესაც, რაც შეადგენს ჩვენი გამოკვლევის უმთავრეს მიზანს.