თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.
ამ თავში აღიწერება პირველი ეტაპი ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში ენისა და სამყაროს შესახებ წარმოდგენების განვითარებისა. ამ ეტაპზე შემუშავებული ენისა და სამყაროს ურთიერთმიმართების მოდელის მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მასზე დომინანტური გავლენა იქონია გერმანელი მათემატიკოსის, ლოგიკოსისა და ფილოსოფოსის, გოთლობ ფრეგეს იდეებმა. ფრეგეს მიერ შექმნილმა კონცეფციამ ახალი ლოგიკისა, ფორმალურ-ლოგიკური ენისა და ლოგიკური სემანტიკისა მისცა განსხვავებული რაკურსი იმ კავშირების კვლევას, რომელთაც ადგილი აქვთ ენასა და იმას შორის, რის აღსაწერადაც ეს ენა გამოიყენება. ეს რაკურსი სხვადასხვა ვარიაციებში გამოხატეს ისეთმა ფილოსოფოსებმა როგორებიც იყვნენ — რასსელი, ვიტგენშტაინი და კარნპი. ამგვარი მიდგომის უპირატესობას ეს ფილოსოფოსები ხედავდნენ იმაში, რომ ფორმალური ენის ლოგიკური სტრუქტურის მკაფიოობისა და მისი წესების სიზუსტის წყალობით, მათ შეეძლოთ მიეღწიათ სავსებით ნათელი კონცეპციის ჩამოყალიბებამდე ენის ელემენტებსა და სამყაროს იმ სტრუქტურულ კომპონენტებს შორის არსებული კავშირების თაობაზე, რომლებსაც ენის ელემენტები აღნიშნავენ. ბუნებრივ ენებში, რომელნიც იქმნებოდნენ სტიქიურად და ისტორიული მსვლელობის კვალად განიცდიდნენ ნაირგვარი ფაქტორების გავლენას, ხსენებული კავშირ-მიმართებები დაფარულია შემთხვევითი დამოკიდებულებების საფარქვეშ. ამიტომ, ბუნებრივი ენის გამონათქვამების თარგნით ლოგიკურად სრულყოფილი ენის წინადადებებად, ჩვენ გვეძლევა საშუალება გამოვავლინოთ ამ ენობრივი გამოსახულებების საფუძვლად მდებარე ონტოლოგიური წანამძღვრები.
ფრეგეს ენის კონცეპცია და მასთან დაკავშირებული ლოგიკური ანალიზის შესაძლებლობები იქცა სატიმულად რასელისთვის და ვიტგენშტაინისთვის, რათა შეექმნათ მეტაფიზიკური თეორია სახელად — „ლოგიკური ატომიზმი“, და, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილოსოფოსმა შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები მის კონცეპციაში, რითაც დაუქვემდებარეს იგი საკუთარ ფილოსოფიურ მოთხოვნებს, მაინც, ეს ცვლილებებიც კვლავ რჩებოდა ფრეგეს მიერ ფორმულირებული ენის ფილოსოფიის კალაპოტში. ამ იდეების სულისკვეთება იგრძნობა რუდოლფ კარნაპის მიერ შემუშავებულ სემანტიკურ თეორიაში, რომელსაც თავად უწოდებდა ინტენსიონალისა და ექსტენსიონალის მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკური პოზიტივისტი კარნაპი მეტაფიზიკის ყველა ფორმისადმი განუხრელად და თანმიმდევრულად მტრულად იყო განწყობილი, მან წარმოადგინა ენისა და ონტოლოგიის ურთიერთმიმართების პრობლემის გადაწყვეტა „ენობრივი კარკასების“ სახელით ცნობილი თეორიის სახით. სწორედ ეს თეორიები — რასსელისა, ვიტგენშტაინისა და კარნაპისა — იქნება ამ თავის ინტერესის საგანი, რომელსაც დავიწყებთ ფრეგეს შეხედულებების მიმოხილვით.
ანალიტიკურ ფილოსოფიაში ენისა და რეალობის კავშირის შესახებ იდეის მიმოხილვას ჩვენ დავიწყებთ გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნის გოთლობ ფრეგეს (1848-1925) შეხედულებების გადმოცემით, რის გამოც გარდუვალად დგება კითხვა, რამდენად მართლზომიერია ჩვენი გამოკვლევისთვის ასეთი არჩევენი. არსებობს ძალზე სერიოზული საწინააღმდეგო პოზიცია, რომელიც არ აკუთვნებს ფრეგეს ფილოსოფიურ პოზიციას ანალიტიკურ ტრადიციას. ამას მოწინააღმდეგენი ასაბუთებენ იმით, რომ ფრეგე, მათი აზრით, იყო ემპირიზმისა და ნომინალიზმის თანმიმდევრულად უარმყოფელი. ეს კი ის ფილოსოფიური მოძღვრებანია, რომელნიც დომინირებდნენ ანალიტიკურ ფილოსოფიაში. გარდა ამისა, ფრეგე არ იზიარებდა ანალიტიკურ ტრადიციაში დამკვიდრებულ ანტიმეტაფიზიკურ და პოზიტივისტურ კონცეპციებს და არც ლოგიკურ-ლინგვისტურ ანალიზს თვლიდა ფილოსოფიური პრობლემების გადაწყვეტისთვის ერთადერთ კანონიერ მეთოდად. მიუხედავად ყველაფრისა, ამას ხელი არ შეუშლია ცნობილი ბრიტანელი ანალიტიკოს-ფილოსოფოსის — მაიკლ დამმიტისთვის, რომ განეცხადებინა: ანალიტიკური ფილოსოფიის ჩანასხი მოცემულია ფრეგეს ფილოსოფიაში, და საერთოდ, მთელი ანალიტიკური ფილოსოფია ესაა „პოსტფრეგეანული“ ფილოსოფიაო. დამმიტს მიაჩნია, რომ ანალიტიკურ ფილოსოფიას, თავის მარავალგვარ გამოვლინებებში, სხვა ფილოსოფიური სკოლებისგან განსხვავებით, ახასიათებს რწმენა იმისა, რომ აზროვნების ფილოსოფიური წვდომა შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ენის ფილოსოფიური განაზრებით (Dummett, 1994, p. 4). ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ანალიტიკური ფილოსოფია იშვა მაშინ, როცა მოხდა „ლინგვისტური შემობრუნება“, და პირველი ნაშრომი, რომელშიც შეიმჩნევა ასეთი „შემობრუნების“ ნიშნები, დამმიტის აზრით, არის სწორედ ფრეგეს 1884 წელს გამოცემული „არითმეტიკის საფუძვლები“. ჩვენ არ შევეხებით საკითხს იმის თაობაზე, თუ რამდენად მართლზომიერია ანალიტიკური ფილოსოფიის ამგვარი გაგება, თუმცა, ჩვენის აზრით, დამმიტი საგრძნობლად „ათანამედროვებს“ გერმანელი მოაზროვნის იდეებს, რომელნიც, როგორც აღნიშნავს ფრეგეს მემკვიდრეობის მკვლევარი ბ.ვ. ბირიუკოვი, ბევრ რამეში ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის იდეათა სრული ანტიპოდია (ბირიუკოვი, 2000, c. 61-62). ამასთანავე, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ფრეგეს გავლენა კოლოსალურია ანალიტიკური ფილოსოფიის განვითარებაზე. ამ გავლენის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია როცა საქმე ეხება ანალიტიკურ ფილოსოფიაში ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ თავად გერმანელი მოაზროვნე პირდაპირ არ აკავშირებდა ერთმანეთთან ენის ანალიზსა და ონტოლოგიური პრობლემების გადაწყვტას, მის მიერ შექმნილი კონცეპცია მრავალი ფილოსოფოსის მიერ აღქმულ იქნა როგორც სწორედ ონტოლოგიის აგების ინსტრუმენტი. ამიტომ მისი იდეები ჩვენი გამოკვლევისთვის სრულიად გამართლებულ ათვლის წერტილს წარმოადგენს. დავაზუსტებთ მხოლოდ ერთს, რომ ძირითად ყურადღებას ჩვენ გავამახვილებთ მისი ლოგიკურ-ფილოსოფიური კონცეპციის იმ ასპექტებზე, რომელთაც „მეორე სიცოცხლე“ ებოძათ ანალიტიკური ტრადიციების ჩამოყალიბების პროცესში. რამდენადაც ფრეგეს თავისი მეტფიზიკა არ გამოჰყავს ენის გამოკვლევიდან, არამედ ქმნის ენას წინასწარი მონახაზის მქონე ონტოლოგიაზე მოსარგებად, ამდენად, ჩვენ თვდაპირველად განვიხილავთ, თუ არსებულის რომელ კატეგორიებს აღიერებს ის სამყაროში ადგილის მქონედ, და შემდეგ გადვალთ მის ენის კონცეპციაზე.
ფრეგე ძალზე არაჩვეულებრივი მოაზროვნეა, რამეთუ მისი შემოქმედებითი ხაზი გადის ფილოსოფიისა და მათემატიკის ზღვარზე. თავის უმთავრეს ამოცანას ის ხედავდა იმაში, რომ არითმეტიკისთან შეეთავსებინა სანდო ლოგიკური საფუძვლები, და ამით მოეხდინა არითმეტიკის ძირითადი ცნებებისა და აქსიომების წმინდა ლოგიკის ტერმინებში დემონსტრირება. ამგვარად, ფრეგემ პირველმა წამოაყენა პროგრამა არითმეტიკის დაფუძნებისა მისი ლოგიკაზე დაყვანის გზით, რამაც მიიღო სახელწოდება — „ლოგიციზმი“. ამ პროგრამის განსახორციელებლად მან შექმნა სრულიად ახალი ლოგიკა, განახორციელა რა პირველად პროპოზიციული აღრიცხვის აქსიომატიზაცია; გარდა ამისა, შექმნა კვანტიფიკაციისა და პრედიკატთა აღრიცხვის თეორია, რაც შეადგენს თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის ბირთვს. ეს ახალი ლოგიკური სისტმა ფრეგეს მიერ ფორმულირებულ იქნა მის მიერ სპეციალურად შემუშავბულ ფორმალურ-ლოგიკურ ენაზე. იძლეოდა რა ამ ხელოვნური ენის ინტერპრეტაციას, ფრეგე საფუძველს უყრიდა ლოგიკურ სემანტიკას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ შემდეგში ლოგიკური ენების შექმნისას მკაფიოდ გამოყოფდნენ ერთმანეთისგან ენის სინტაქსისს (ლექსიკონის საწყისი სიმბოლოების, ენობრივი გამოსახულებების გარდაქმნისა და წარმოქმნის წესების და ა.შ. ფორმულირება) სემანტიკისგან (ენობრივი გამოსახულებების კატეგორიებისადმი ნაირგვარი არაენობრივი არსებების შეპირისპირება), ფრეგე თვისი სისტემის სინტაქსსა და სემანტიკას აგებს ერთდროულად, ახალი გამოსახულებებისა და ნიშნების შემოღების კვალად. უფრო მეტიც, ენის სემანტიკა ფორმულირდება მის მიერ ეკვე შემუშავებული გარეენობრივი სამყაროს ონტოლოგიის გათვალისწინებით, რომლის წარმოსადგენადაც იქმნება ეს ენა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ფრეგემ უბრალოდ როდი აიღო სტანდარტული ონტოლოგია არითმეტიკისთვის, რომელიც შეიცავს რიცხვთა და მათემატიკური ანალიზის თეორიას, არამედ შეიტანა ამ უკანასკნელში ცვლილებები და დამატებები, ახლებურად გაიაზრა მრავალი მათემატიკური ცნება და, უპირველეს ყოვლისა, ფუნქციის, კლასისა და რიცხვის ცნებანი.
დავიწყოთ იმით, რომ ფრეგემ თავის ონტოლოგიაში ჩართო ობიექტთა ისეთი ტიპები (როგორიცაა ფუნქციები და საგნები), რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ ფუნქციათა მნიშვნელობისა და არგუმენტების როლში. ამასთან, მან მნიშვნელოვნად გააფართოვა ფუნქციის ცნება, გაანთავისუფლა რა ის რიცხვებთან კავშირისგან, და განსაზღვრა ყველა სხვა საგნები, როგორც მისი შესაძლო არგუმენტები და მნიშვნელობები (მაგ., ფიზიკური საგნები, ადამიანები და ა.შ.). ამასთან ერთად, ჩამოთვლილთა გარდა, საგანთა რიგში ჩააყენა ისეთი აბსტრაქტული ობიექტები, როგორიცაა — „ჭეშმარიტება“ და „მცდარობა“, რომელნიც გვევლინებიან განსაკუთრებული კატეგორიის ფუნქციის — ე.წ. ლოგიკური ფუნქციის — არგუმენტად და (ანუ) მნიშვნელობად. ლოგიკური ფუნქციების კერძო შემთხვევად (ერთარგუმენტიანებად, რომელიც განსაზღვრულია ნებისმიერი სგნობრივი არესთვის და, რომელთაც მნიშვნელობად მიეწერებათ „ჭეშმარიტება“ და „მცდარობა“) ფრეგესთან გვევლინება ცნება, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მის ლოგიკურ სისტემაში, რამეთუ, დაუქვემდებარა რა არითმეტიკას ყველაფერი დათვლადი, მან მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი სფერო ემთხვევა ცნებითი აზროვნების სფეროს. ფრეგეს აზრით, ცნება უნდა უთითებდეს, თუ რა თვისების ფლობისას შედის მოცემული საგანი ამ ცნების დაფარვის არეში; სწორედ ცნებებში ჭვრეტდა ის „კლასთა არსებობის საფუძველს“. გააიგივა რა ცნება საერთო თვისებასთან, რომელსაც უნდა ფლობდეს მისი დაფარვის არეში შემავალი საგნები, ხოლო ცნების მოცულობა — ამ საგნების კლასთან, ფრეგემ შემოიტანა თავის ონტოლოგიაში ისეთი არსებები, როგორებიცაა თვისებები და კლასები. გარდა ამისა, მან განსაკუთრებით გამოყო კიდევ ორი ტიპი ლოგიკური ფუნქციებისა — მიმართება (ორარგუმენტიანები, რომელნიც განსაზღვრული არიან ნებისმიერი საგნობრივი არესთვის, და მნიშვნელობად აქვთ „ჭეშმარიტება“ და „მცდარობა“) და პროპოზიციული ფუნქციები, სადაც არგუმენტებად და მნიშვნელობებად გვევლინებიან „ჭეშმარიტება“ და „მცდარობა“, რომელნიც შემდგომში მოინათლნენ სახელით — „ჭეშმარიტების მნიშვნელობა“.
ასე რომ, ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ მდიდარია ფრეგეს ონტოლოგია; ის შეიცავს ფიზიკურ ნივთებს, ადამიანებს, განსხვავებულ აბსტრაქტულ საგნებს (რიცხვებს, კლასებს, ჭეშმარიტების მნიშვნელობებს), ფუნქციებს, რომელიც შეიცავს აგრეთვე ცნებებს (თვისებებს) და მიმართებებს. მოგვიანებით, როცა ფრეგეს ინტერესებმა გადაინაცვლა ხელოვნური ენების მიმართულებით, მისმა ონტოლოგიამაც ცვლილებები განიცადა, რამეთუ მასში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა „საზრისმა“ და „აზრებმა“, როგორც ობიექტურმა არაფსიქიკურმა არსებებმა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ფრეგეს ონტოლოგიურ კონცეფციას შეიძლება მიეცეს ტრადიციული რეალიზმის კვალიფიკაცია, კერძოდ კი მათემატიკური პლატონიზმის კვალიფიკაცია, ვინაიდან აბსტრაქტული ობიექტები, მისი აზრით, თუმცა არ არსებობენ სივრცესა და დროში და ვერ ზემოქმედებენ ადამიანის გრძნობის ორგანოებზე, მაინც ისინი ფლობენ ისეთსავე ობიექტურ არსებობას, როგორსაც ფლობენ კონკრეტული ფიზიკური საგნები. „ობიექტურში“ ფრეგე გულისხმობს არსებობას დამოუკიდებელს ადამიანის თავში მიმდინარე ფსიქიკური პროცესებისგან, ანუ დამოუკიდებელს შეგრძნებებისგან, აღქმისგან და წარმოდგენებისგან. ცდილობს რა თავისი თვალსაზრისის ნათელყოფას, მას მოჰყავას მაგალითი ეკვატორისა; ჩვენ არ ძალგვიძს დავინახოთ ეკვატორი ან გავიაროთ მასზე, მაგრამ ამით ეკვატორი როდი ხდება სუბიექტურ-ილუზორული, ვინაიდან მასზე გამოთქმული დებულებანი შეიძლება იყოს ობიექტურად ჭეშმარიტი ან მცდარი. იგივე პათოსით საუბრობს ის აბსტრაქტულ მათემატიკურ საგნებზე (რიცხვებსა და ფუნქციებზე), რომელნიც, მისი აზრით, შეუძლებელი შექმნას მათემატიკოსმა: „მათემატიკოსს სულაც არ გააჩნია მათ შესაქმნელად იმაზე მეტი უფლება, ვიდრე გეოგრაფს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ სახელდება აღმოჩენილი გეოგრაფიული ობიექტისა, და არა მათი შექმნა“ (Frege, 1884, S. 107-108; ციტირებულია ბირიუკოვის მიხედვით, 2000, c. 33). საბოლოო ჯამში, შრომობდა რა საერთო სახელწოდების ქვეშ — „ლოგიკური გამოკვლევები“ — გაერთიანებულ კვლევებზე, ფრეგემ კიდევ უფრო განავითარა თავისი ონტოლოგიური იდეები და უწოდა მას „სამი სამეფოს“ კონცეპცია: ფიზიკური საგნების სამეფო, ფსიქიკური მოვლენების სამეფო (წარმოდგენები) და აბსტრაქტული საგნების სამეფო. მესამე სამეფოს ბინადართა გამორჩეულ თვისებად ის მიიჩნევდა მათ უცვლელობასა და ზედროულობას. თავის ონტოლოგიური იდეები მან შეავსო გარკვეული გნოსეოლოგიური კონცეპციითაც, რომელიც უმთავრესად ეხება ადამიანის მიერ „მესამე სამეფოს“ საგნების შემეცნების შესაძლებლობებს. ფრეგეს თანახმად, „თუ ჩვენ გვინდა გადავლახოთ სუბიექტურობის საზღვრები, მაშინ ჩვენ შემეცნება უნდა გავიგოთ როგორც ისეთი მოღვაწეობა, რომელიც კი არ ქმნის შესამეცნებელს, არამედ მხოლოდ იხელთებს უკვე არსებულს“ (Frege, 1893, S. ციტირებულია ბირიუკოვის მიხედვით, 2000, c. 30). აზრი, როგორც რაღაც ობიექტური, თავისი არსებობისთვის არ საჭიროებს მოაზროვნე ადამიანს. „თუ ადამიანს არ შეეძლებოდა აზროვნება და თავისი განაზრების საგნად გადაქცევა იმისა, რის მატარებლადაც იგი არ გვევლინება, მაშინ შესაძლოა ის იქნებოდა შინაგანი სამყაროს მფლობელი, მაგრამ მას არ ექნებოდა გარემომცველი სამყარო (Frege, 2000, c. 338), ამიტომაა, რომ აზროვნება კი არ ქმნის აზრს, არამედ მხოლოდ იხელთებს და წვდება მას. მაგრამ, საკითხავია, თუ ფიზიკური ნივთი „მოხელთებადია“ გრძნობის ორგანოების მეშვეობით, მაშინ რისი საშუალებით ხდება „მოხელთება“ აზრებისა? ის არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა ადმიანების მიერ სხვადასხვაგვარი საშუალებებით, თვლის ფრეგე, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აზრი აღარ იქნებოდა ერთი და იგივე აზრი; ამასთანავე, მისი აზრით, ადამიანის მიერ აზრის წვდომა, წარმოგვიდგება „ყველაზე იდუმალ მოვლენად“ მათ შორის, რასთანაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საქმე.
მოვხაზეთ რა ზოგად შტრიხებში ფრეგეს ონტოლოგია, ანუ სფერო „აღსანიშნისა“, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ „აღმნიშვნელის“ სფეროზე, ანუ იმაზე თუ როგორ რეპრეზენტირდება ონტოლოგიურ არსთა მრავალფეროვნება მის მიერ შექმნილი ენის მეშვეობით. თუ როგორ წყვეტს ფრეგე ამ ამოცანას, ამაშიც არანაკლებ კარგად ჩანს მისი ნოვატორული მიდგომა.
თანახმად ტრადიციისა, ფრეგემ „მის მიერ მოხაზული უნივერსუმის“ საგნების აღმწერი ენობრივი გამოსახულებანი განსაზღვრა, როგორც საკუთარი სახელები. თუმცა, მათ რიგში მან ჩართო არა მხოლოდ ჩვენთვის ჩვეულებრივად მიჩნეული საკუთარი სახელები — მაგ., „სოკრატე“ ან „პარიზი“ — არამედ ისეთი გამოსახულებანიც, რომელთაც საბოლოოდ დაერქვათ „განსაზღვრული დესკრიფციები“ — მაგ., „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე“ — , რითაც ფრეგემ გააიგივა საკუთარი სახელი ერთეულად (კერძო) ტერმინთან. მეტიც, ფრეგემ საკუთარ სახელებად გაიგო მთელი თხრობითი წინადადებანიც, რომელნიც, მისი აზრით, აღნიშნავენ აბსტრაქტულ საგნებს — „ჭეშმარიტებასა“ და „მცდარობას“. უწოდა რა კონკრეტულ ან აბსტრაქტულ საგნებსა და სახელებს შორის კავშირს სახელდება, ფრეგემ გამოავლინა სახელდების ძირეული თავისებურებანი, მაგრამ, ამაზე მოგვიანებით.
ფუნქციის აღსანიშნად მან გამოიყენა ფუნქციონალური გამოსახულებების კატეგორია, რითაც ხაზი გაუსვა მათ ისეთ მნიშვნელოვან თავისებურებას, როგორიცაა „გაუჯერებლობა“ ან „შეუვსებადობა“. ფუნქციონალური გამოსახულებების შეუვსებადობაზე მიგვანიშნებს მათში ცვლადების სხეზე ყოფნა, რომელთა ადგილიც შეიძლება ჩაანაცვლოს საგნის სახელმა, რისი წყალობითაც თვით ფუნქციონალური გამოსახულება გარდაისახება საგნის სახელად. რამდენადაც ცნება გვევლინება, როგორც ფუნქციის კერძო შემთხვევა, ამდენად მათი აღმნიშვნელი გამოსახულებებიც ხასიათდებიან, როგორც „შეუვსებადნი“ და მათი შევსება საგნის სახელით, გარდაქმნის მათ წინადადებებად, რომელნიც არიან ჭეშმარიტნი ან მცდარნი (მაგ., ერთ-ერთი საშუალებაა, ამ გაგებით, შემთხვევა, როცა X-ის ნაცვლად „X მოკვდავია“-ში ჩავსვამთ „სოკრატეს“). ცნებითი გამოსახულებების გაგებამ, როგორც „შეუვსებადისა“, ფრეგეს მისცა საშუალება ახლებურად გადაეჭრა მსჯელობის ერთიანობის პრობლემა. თუ ტრადიციულ ლოგიკაში სუბიექტისა და პრედიკატის კავშირისთვის აუცილებელი იყო სპეციალური პრედიკატორული მაკავშირებელი (copula), ფრეგესთან ცნებითი სიტყვები ( და, აგრეთვე მიმართების ამსახველი სიტყვები), თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არიან პრედიკატული ბუნებისა, რის გამოც სპეციალური მაკავშირებლების საჭიროების საკითხი აღარ დგას.
რაც შეეხება ლოგიკურ ტერმინებს, ფრეგე ამოსავლად იყენებს „იმპლიკაციასა“ და „უარყოფას“, და ყველა სხვა პროპოზიციულ მაკავშირებელს საზღვრავს მათით. გარდა ამისა ის თხზავს კვანტორებს; შედეგად, ცვლადები გამოიყენება მის მიერ არა მხოლოდ ფუნქციონალური ტერმინების „შეუვსებადობის“ გამოსახატად, არამედ მათი „საყოველთაობის“ საჩვენებლადაც. ამასთანავე, ფრეგეს წარმოდგენით, კვანტიფიკაციის თეორია იძლევა საშუალებას, რომ სიზუსტის დაცვით გამოვხატოთ, თუ რას ნიშნავს არსებობა. რამდენადაც მის მიერ კვანტიფიკაციის ოპერაცია გამოცალკევებულ-გამოყოფილია კვანტიფიკაციური მსჯელობის პრედიკაციული კომპონენტისგან, ამდენად არსებობა წყვეტს ცალკეული საგნებისთვის განსაკუთრებულ ატრიბუტად ყოფნას და გარდაიქმნება ცნების თვისებად. ამგვარად, ცნებისადმი მიყენებული არსებობის კვანტორი უკვე ნიშნავს, რომ ერთი სგნის სახელის ჩანაცვლებითაც კი ეს ცნება გარდაიქმნება წინადადებად, რომელსაც ჭეშმარიტების მნიშვნელობად მიეწერება „ჭეშმარიტება“, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ცნება არაა ცარიელი ცნება. რამდენადაც არსებობა გვევლინება ცნების თვისებად, (ანუ, მეორე საფეხურის ცნებად), ამდენად, ფრეგეს თქმით, სრული უაზრობაა მისი მიწერა ცალკეული საგნებისთვის. მაგ., მისი აზრით, {წინადადება „არსებობს იულიუს ცეზარი“ არც ჭეშმარიტია და არც მცდარი; ის, უბრალოდ, უაზროა} (Frege, 2000, c. 259). რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ყოფაში ადამიანები ხშირად მიაწერენ ცალკეულ საგნებს არსებობას, მაგრამ, ის, რაც ამ დროს აქვთ მხედველობაში, ფრეგეს აზრით, უფრო ადეკვატურად გამოიხატება სიტყვით „ნამდვილია“ ან „რეალურია“, ანუ საგნების თაობაზე, ამ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ ისინი არიან ნამდვილნი ან რეალურნი.
ენობრივ გამოსახულებათა კატეგორიებთან განსხვავებული ტიპის ონტოლოგიური არსებების მიყენება ფრეგემ მიიჩნია არასაკმარისად ენის მისეული ინტერპრეტაციისთვის და მან შეიმუშავა, აგრეთვე, საზრისისა და მნიშვნელობის თეორია, რომელიც უნდა ჩაითვალოს მისი ლოგიკური სემანტიკის კვინტესენციად. მეტიც, ეს თეორია იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული და აბსტრაქტული საგნები შევაკავშიროთ ენობრივი ნიშნების საშუალებით. განსხვავებას მნიშვნელობასა და საზრისს შორის ფრეგე იყენებს საკუთარი სახელების მიმართ, თვლის რა, რომ სახელის მნიშვნელობად გვევლინება საგანი, რომელსაც ის აღნიშნავს, ხოლო საზრისად — ინფორმაცია, რომელსაც ის ატარებს. ამგვარი განსხვავების გატარების მიზანშეწონილობას ის ასაბუთებს იმით, რომ ორი სახელი, რომელნიც აღნიშნავენ ერთსა და იმავე საგანს და, შესაბამისად, გააჩნიათ ერთი და იგივე მნიშვნელობა (მაგ., „დილის ვარსკვლავი“ და „მწუხრის ვარსკვლავი“), შესაძლოა გვატყობინებდნენ ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციას, რის გამოც, ვთქვათ, დებულება იგივეობის მტკიცებისა „დილის ვარსკვლავი არის მწუხრის ვარსკვლავი“ ჩვენთვის არის კოგნიციურად ინფორმაციული (რამეთუ ასახავს მნიშვნელოვან ასტრონომიულ აღმოჩენას), მაშინ როცა, წინადადება „დილის ვარსკვლავი არის დილის ვარსკვლავი“ ასეთად არ გვევლინება. ფრეგეს მიხედვით, ეს გარემოება აიხსნება იმით, რომ ეს ორი სახელი, აღნიშნავს რა ერთ და იმავე საგანს, განსხვავდება სწორედ თავისი საზრისით. ამგვარი განსხვავებულობა გამოიყენება ფრეგეს მიერ წინადადებების, როგორც საკუთარი სახელების განსაკუთრებული კატეგორიის მიმართაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობად გვესახება უკვე „ჭეშმარიტება“ ან „მცდარობა“, ხოლო საზრისად — წინადადების მიერ გამოხატული აზრი.
ახლა საკითხავი ისაა, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან საზრისი და მნიშვნელობა? ფრეგე საზრისს განმარტავს, როგორც „წარმოდგენის საშუალებას“ ან იმ საგნის „მოცემას“ გარკვეულ აქტში, რომელსაც სახელი აღნიშნავს, ე.ი. საზრისი გვიჩვენებს გზას სახელის მნიშვნელობისკენ. რამდენადაც ერთი და იგივე საგანი შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე სახელით, ამდენად მას შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენის შესაძლებლობაც. ამასთანავე, ფიქრობს ფრეგე, ყოველ სახელს შეუძლია აღნიშნავდეს მხოლოდ ერთ საგანს, და ამ საგნის საზრისმა უნდა მოახდინოს სწორედ ამ საგნის რეპრეზენტაცია, ე.ი. არცერთ ორ სახელს არ შეიძლება გააჩნდეს ერთი და იგივე საზრისი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ექნებათ სხვადასხვა მნიშვნელობა. მეტიც, სახელს შეუძლებელია, რომ არ გააჩნდეს საზრისი, მიუხედავად მნიშვნელობის არ ქონისა, მაგრამ, ასეთ „ცარიელ“ სახელებს ფრეგე თვლიდა მეცნიერების ენისთვის დაუშვებლად და თავის ფორმალურ ენას აგებდა იმგვარად, რომ ყველა სახელს ჰქონოდა თავისი მატარებელი.
რამდენადაც ფრეგეს მიერ აგებული ფორმალური ენა შეიცავს რთულ გამოსახულებებს, რომელნიც წარმოიქმნებიან მარტივი (ან საწყისი) ტერმინებისგან, ამდენად ის განიხილავს, თუ როგორ მიემართება ნაწილები და მთელი რთულ გამოსახულებებში მის მიერ საზრისსა და მნიშვნელობას შორის გატარებული განსხვავების ფონზე. გამომდინარე აქედან, ის ახდენს შემდეგი ფუნქციური დამოკიდებულების ფორმულირებას: რთული გამოსახულების მნიშვნელობა არის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრულია შემავალი ნაწილების მნიშვნელობებისგან, ხოლო საზრისი რთული გამოსახულებისა, შესაბამისად, არის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრულია შემადგენელ ნაწილთა საზრისებისგან. მეტიც, მთელის მნიშვნელობა ცალსახად განისაღვრება ნაწილთა მნიშვნელობებისგან, და თუ ერთი შემადგენელი ნაწილი მაინცაა ისეთი, რომ არ გააჩნია მნიშვნელობა, მაშინ მთელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა. ამიტომაა, აცხადებს ფრეგე, რომ წინადადებებს, რომელნიც შეიცავენ ცარიელ სახელებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტების მნიშვნელობა.
მართალია, ფრეგეს მიერ აგებული ლოგიკური სემანტიკა შეიცავს თავისში საზრისებსაც, მაგრამ, მისი ენა მაინც ექსტენსიონალურია, რამეთუ მოცულობანი (ექსტენსიონალები) ცნებისა და მნიშვნელობები თამაშობენ მასში დომინანტურ როლს. როგორც აღნიშნავს ბ.ვ. ბირიუკოვი „ექსტენსიონალურობა ჩადებული იყო თავად ფრეგესეული აღიცხვის საშუალებაში, აღრიცხვის განხორციელებაში (ბირიუკოვი, 2000. C. 37). ჯერ ერთი, მის ლოგიკურ სისტემაში რთული წინადადებების მნიშვნელობანი ცალსახად განისაზღვრება შემადგენელი ნაწილების (მარტივი წინადადებების) ჭეშმარიტებათა მნიშვნელობებით (ამგვარი დამოკიდებულება გამოხატავს ზემოხსენებულ პროპოზიციულ ფუნქციათა ბუნებას, და მიუხედავად იმისა, რომ ფრეგეს არ შეუქმნია ჭეშმარიტების მნიშვნელობათა ცხრილები, ამის იდეა მას უკვე მოხაზული ჰქონდა). მეორეც, წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა ითვლება საბოლოო ჯამში მასში შემავალი სახელების მნიშვნელობათაგან დამოკიდებულად, ე.ი. საკუთარი სახელების სემანტიკური როლი მდგომარეობს, უპირველეს ყოვლისა, იმაში, რა როლსაც ის თამაშობს წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობის განსაზღვრაში. ასეთია ვითარება კვანტიფიკატორული წინადადებების შემთხვევაში (მაგ., „ყველა X-თვის მართალია, რომ X არის P“), თუმცა აქ საჭიროა გარკვეული დაზუსტებანი. ასეთი წინადადება ჭეშმარიტია, თუ მასში შემავალი P-ს ცნება „ასახავს“ ყველა „ჭეშმარიტი“ მნიშვნელობის მქონე საგანს X-ის დაფარვის არედან, და მცდარია, თუკი არსებობს X ისეთი, რომ P ასახავს მის „მცდარობის“ მნიშვნელობას. რამდენადაც დაფარვის არეში შემავალი არა ყველა საგანის სახელდებაა შესაძლებელი, ამდენად კვანტიფიკატორული წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მასში შემავალი სახელების მნიშვნელობებისგან, არამედ არასახელდებული საგნების ანასახებისგანაც. ამის შესაბამისად, ფრეგემ ჩამოაყალიბა მისი ლოგიკური სისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ურთიერთჩანაცვლების პრინციპი, რომლის თანახმადაც, რთული გამოსახულების მნიშვნელობა არ შეიცვლება, თუ მასში შემავალი მარტივი გამოსახულებები შეიცვლება იმავე მნიშვნელობის მქონე გამოსახულებებით. ენობრივი კონტექსტები, რომლებშიც სრულდება ეს პრინციპი, შემდგომში მოინათლნენ ექსტენსიონალის სახელით.
ფრეგეს უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი შეეცადა თავისი ლოგიკური და სემანტიკური იდეები მიეყენებინა ბუნებრივი ენისადმი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომლის თანახმადაც ხდება „ზუსტი ენების სემანტიკაში მიღებული შედეგების, აუცილებელი საადაპტაციო ცვლილებების შემდეგ, განევრცობა ბუნებრივ ენებზეც“ (Nelson, 1992, p. 54). ეს მით უფროა აღტაცების ღირსი, რამდენად მძაფრადაც უტევდა ბუნებრივი ენების ნაკლოვანებებს გერმანელი მოაზროვნე; და ამას ის ახორციელებდა იმ დევიზის ფონზე, რომელის თანახამადაც, ლოგიკოსისა და ფილოსოფოსის ამოცანა „ენისგან განთავისუფლებაა“, მეტიც, მასთან „ბრძოლაა“.
ფრეგე აცნობიერებდა, რომ საადაპტაციო ცვლილებების საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ ბუნებრი ენა, და მათ შორის ის ენაც, რომელზეც საუბრობს მეცნიერი, მკაცრად რომ ვთქვათ, არ წარმოადგენს ექსტენსიონალურს, რამდენადაც მის ლექსიკურ მარაგში შემავალ სიტყვებს შეიძლება სხვდასხვა კონტექსტში გამოყენებისას სხვადასხვა მნიშვნელობები ჰქონდეთ. ამიტომ „არითმეტიკის საფუძვლების“ შესავალში, სადაც ფრეგე იძლევა თავისი იდეების არაფორმალურ გადმოცემას, აყალიბებს „კონტექსტუალობის“ ცნობილ პრინციპს, რომლის თანახმადაც „ სიტყვების მნიშვნელობის თაობაზე საკითხის დაყენება მართებულია მათი ურთიერთმიმართებების დაზუსტების ფონზე“ და „მხოლოდ წინადადების კონტექსტში აღნიშნავს სიტყვა რაიმეს“ (Frege. 1884, S. 22; ციტირებულია ბირიუკოვის მიხ., 2000, c. 496). სწორედ ამ პრინციპს უძებნის ფრეგე, ბირიუკოვის აზრით, გამოყენებას მაშინ, როცა განიხილავს, გრამატიკული გაგებით დამოკიდებულ წინადადებებს. ასეთ წინადადებებში ერთნაირი მნიშვნელობის მქონე სახელთა ურთიერთჩანაცვლებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის შეცვლა, და, გარდა ამისა, არ არსებობს რთული-ქვემდებარე წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის ცალსახა დამოკიდებულება მასში შემავალი დამატებითი წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობისგან. ასე, მაგალითად, წინადადება „პეტრემ იცის, რომ პუშკინმა დაწერა „ევგენი ონეგინი““, შეიძლება იყოს როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოცემული დამატებითი წინადადების ჭეშმარიტება საკამათო არაა. ამიტომ ფრეგე გვთავზობს, რომ დამატებითი წინადადებები განვიხილოთ, როგორც ირიბი მნიშვნელობის მქონენი, ე.ი. მათი მნიშვნელობებია, არა „ჭეშმარიტება“ ან „მცდარობა“, არამედ ის, რაც მათ საზრისად გვევლინება მათი ჩვეულებრივი, პირდაპირი გამოყენებისას. დამატებით წინადადებებში ირიბი მნიშვნელობა გააჩნიათ მათში შემავალ საკუთარ სახელებსაც, ე.ი. მათ მნიშვნელობად გამოდის ის, რაც მათი პირდაპირი გამოყენებისას იქნებოდა მათი საზრისი.
მეორე საადაპტაციო ცვლილება უკავშირდება იმას, რომ ბუნებრივი ენის გამოსახულებებს, ფრეგეს თანახმად, გააჩნიათ არა მხოლოდ მნიშვნელობა და საზრისი, არამედ, აგრეთვე „ელფერი“ და „ძალმოსილება“. მაგალითად, წინადადებანი „A და B“ და „არა მხოლოდ A, არამედ B-ც“ გამოხატავენ ერთ და იგივე აზრს, მაგრამ განსხვავდებიან „ელფერით“, ე.ი. „წინადადების შინაარსი ხშირად აჭარბებს იმ აზრს, რომელიც მასშია გამოხატული“ (Frege, 2000, c. 331), და სწორედ ეს დამატებითი შინაარსი გამოხატავს იმას, რასაც ფრეგე უწოდებს „ელფერს“. გარდა ამისა, ბუნებრივი ენის წინადადებანი, ფრეგეს თანახმად, შეიძლება წარმოითქვას განსხვავებული „ძალმოსილებით“ — როგორც ასერტორულნი ან როგორც კითხვითი. კითხვითი წინადადებანი (ფრეგე გულისხმობს ზოგად კითხვას, რომელიც მოითხოვს პასუხად „ჰოს“ ან „არას“) საზრისის მიხედვით ემთხვევიან შესაბამის ასერტორულ წინადადებებს, და განსხვავება მათ შორის მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენ ვსვამთ კითხვას — არის, თუ არა მათით გამოხატული აზრი ჭეშმარიტი — ხოლო მეორე შემთხვევაში — ჩვენ ვადასტურებთ მათ ჭეშმარიტებას.
ფრეგეს სემანტიკის გადმოცემის დასასრულს უადგილო არ იქნებოდა გაგვერკვია, თუ რა როლს თამაშობს მასში ჭეშმარიტების ცნება. როგორც ვნახეთ, ფრეგეს ონტოლოგიაში ჭეშმარიტება პრინციპული მნიშვნელობის მქონე აბსტრაქტული საგანია, რამეთუ თავად ლოგიკას, როგორც დისციპლინას ის განსაზღვარვს „მეცნიერებად ჭეშმარიტების ყოფიერების ყველაზე უფრო უზოგადესი კანონების შესახებ“ (ციტირებულია ბირიუკოვის მიხ., 2000, c. 36). ფრეგეს აზრით, ადამიანს არ შეუძლია პირდაპირ, უშუალოდ წვდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ ამას ის აღწევს ყოველთვის იმ კონკრეტული წინადადებების მეშვეობით, რომელნიც აღნიშნავენ ჭეშმარიტებას. ცხადია, ამბობდა ფრეგე, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ აზრი ისე, რომ არ ვამტკიცოთ მისი ჭეშმარიტებაც. როცა ჩვენ ვაფასებთ აზრს, როგორც ჭეშმარიტს, „ჩვენ ვმოძრაობთ აზრიდან მისი ჭეშმარიტების მნიშვნელობისკენ“, მაგრამ, ეს მოძრაობა არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს კიდევ ერთი აზრი იმის თაობაზე, რომ პირველი აზრი არის ჭეშმარიტი. აქედან გამომდინარეობს, რომ, წაუმძღვარებთ რა წინ წინადადებას, გარკვეული აზრის გამომხატველ ფრაზას — „ჭეშმარიტია, რომ“ — ჩვენ არ ვაქსოვთ ამ წინადადებაში ასერტორულ ძალას, არამედ უბრალოდ გამოვხატავთ იგივე აზრს, რასაც გადმოგვცემს წინადადება. შემდგომში ამგვარი მოსაზრებები დაედო საფუძვლად ე.წ. „ჭარბი ჭეშმარიტების“ კონცეპციას (redundancy theory of truth).
ფრეგეს გამოთქმული აქვს ბევრი სხვა არანაკლებ ღირებული და თავისი სიღრმისეულობით გასაოცარი იდეა მნიშვნელობის ცნებასთან, ენობრივ გამოსახულებებთან, ჭეშმარიტებასთან და ენის სხვა სემანტიკურ ასპექტებთან დაკვშირებით, რომელნიც, როგორც დავინახავთ, დღემდე რჩებიან ანალიტიკური ფილოსოფიის ყურადღების ცენტრში.
მაშ ასე, შევაჯამოთ ზემოთქმული. ფრეგეს განაზრებანი ენასა და ონტოლოგიაზე გამოდგა ერთგვარი გაგრძელება მისი კვლევებისა ლოგიკაში და მათემატიკის დაფუძნებაში, რომელიც ემსახურებოდა, თავის მხრივ, არითმეტიკის ლოგიკაზე დაყვანას. ის არ აღიქვამდა ენის აგების საქმეს როგორც გარკვეული ონტოლოგიის დემონსტრირების ბერკეტს, თუმცა, სურდა მას ეს თუ არა, ონტოლოგიური საკითხები ენის კვლევასთან მჭიდროდ დაკავშირებული აღმოჩნდა მის თხზულებებში. რამდენადაც თავის ფორმალურ ენას ის ქმნიდა არითმეტიკის საგნობრივი არის აღსაწერად და ლოგიცისტური პროგრამის განსახორციელებლად, ამდენად მიმართბა ენობრივ და გარეენობრივ რეალობას შორის ფრეგესთვის არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას და არ შეიცავს თავის თავში რაიმე იდუმალებას. შეიძლება ითქვას, რომ მის სისტემაში სიტყვათა უმრავლესობა (საკუთარი სახელები) უბრალოდ აირეკლება (მათემატიკური აზრ-გაგებით) საგანთა სიმრავლეზე, და ამიტომ მიმართებანი ენობრივ ნიშნებსა და ონტოლოგიის ელემენტთა შორის, რომელსაც ის უწოდებს სახელდების მიმართებას, წარმოადგენენ პირდაპირ, კონვენციონალურ მოვლენებს და არ საჭიროებენ არავითარ დაფუძნებას. ფრეგე გამორიცხავს თავისი მიმოხილვიდან მათ, ვინც ენას მოიხმარს იმისთვის, რათა რაიმე თქვას სამყაროს თაობაზე; მათ თავიანთ განკარგულებაში აქვთ უბრალოდ მზამზარეული სისტემა — „ენა-სამყარო“, და არავითარ ზემოქმედებას არ ახდენენ სიტყვებსა და საგნებს შორის არსებული კავშირების ბუნებაზე. ისინი არ მონაწილეობენ აგრეთვე ამ კავშირების მექანიზმთა დადგინების საქმეშიც. ამგვარი მიდგომისას ენა (Langue — ფ. დე სოსიურის ტერმინოლოგიით) აიღება მეტყველებისგან (Parole — ასევე სოსიურის ტერმინოლოგიით) სრულიად მოწყვეტილად, რაც საშუალებას გვაძლევს მთლიანად განვეყენოთ ყველა სხვა ფუნქციას, გარდა რეპრეზენტაციულისა. ამ შემთხვევაში ენა აღიქმება, როგორც მხოლოდ ნიშანთა სისტემა, რომელიც გამოიყენება გარე სამყაროს აღსაწერად.
ცხადია, რომ ასეთი მიდგომა, გარკვეული აზრით, იყო ნამდვილი აფეთქება ენის შესახებ წარმოდგენებში. ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ფილოსოფიაში დომინირებდა აზრი, რომლის თანახმადაც ენობრივი გამოსახულებანი განისაზღვრებოდა, როგორც „იდეათა ნიშნები“, რაც ძირითადად ეყრდნობოდა კარტეზიანულ წარმოდგენებს რომლის თანახმადაც — ცნობიერება და იდეები გაყოფილია „ეპისტემური უფსკრულით“, რის გამოც მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დავადგინოთ, თუ როგორ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან მენტალური არსებანი და სამყაროული ობიექტები. ეს საკითხი წყდებოდა სხვადასხვაგვარად: 1. მენტალური არსებანი კაუზალურად არიან დამოკიდებულნი ფიზიკურ საგნებზე (ჯონ ლოკი); 2. მენტალური არსებანი წარმოადგენენ სამყაროში გამეფებული, ობიექტებზე მიმართული, გონებრვი ძალის მეოხებით დადგენილ საგანთა ბუნებრივ ნიშნებს (ფრანც ბრენტანო), და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ მენტალური არსებების კონვენციონალური დაკავშირება ენობრივ გამოსახულებებთან. გამომდინარე აქედან, სიტყვები პირდაპირ აღნიშნავდნენ მენტალურ არსებებს და მხოლოდ გაშუალებულად მიემართებოდნენ სამყაროს ობიექტებს. ფრეგემ, ჯონ სტიუარტ მილის კვალად, გააძევა „მენტალური შუამავალი“ სიტყასა და ობიექტს შორის არსებული მიმართებიდან, შექმნა რა საბოლოოდ „რეფერენციალური“ ან „დენოტაციური“ სემანტიკა.
როგორც ვნახეთ, გააძევა რა აზრები და საზრისები ფსიქიკურის სფეროდან, ფრეგემ განათავსა ისინი ზევრციული და უცვლელი საგნების „მესამე სამეფოში“, რომელნიც თავიანთი არსებობისთვის არ არიან დამოკიდებულნი ვისამე წვდომაზე, აღქმაზე, გაცნობიერებაზე. ამ ონტოლოგიური გადაწყვეტილების პრაქტიკული შედეგი იყო ფსიქოლოგიზმის დაძლევა ლოგიკაში. ამასთანავე, როგორც აცხადებს დამმიტი, აზრის მენტალური ბუნების უარყოფის მნიშვნელოვნება მდგომარეობს არა იმ ფილოსოფიურ მითოლოგიაში, რომელიც მან წარმოშვა, არამედ „იმ არაფსიქოლოგიურ მიმართულობაში, რომელიც მიეცა ცნებათა და მსჯელობათა ანალიზს. ამიტომ სრულიად გასგებია, რატომ მიგვიყვანა ამ ყველაფერმა ანალიზურ ფილოსოფიასთან, აზროვნების ანალიზთან ენის ანალიზის საშუალებით. რამეთუ, თუ ხორციელდება პირველი ნაბიჯი — ცნობიერებიდან აზრებისა და მისი კომპონენტების გაძევება — და ფილოსოფოსს აღარ აკმაყოფილებს ონტოლოგიური მითოლოგია, რომელიც აბოლოებს ამ გაძევებას, მაშინ გამოსავალი ერთია — შევეცადოთ მოვიძიოთ რაღაც არამითოლოგიური, მაგრამ ობიექტური და ინდივიდუალური ცნობიერებისთვის გარეგანი, რომელიც განასახიერებდა აზრს, რომელსაც ცალკეული სუბიექტი წვდებოდა და ან დაეთანხმებოდა ან უარყოფდა მას. სად შეიძლება დაიძებნოს ამგვარი რამ, თუ არა ისეთ საჯარო ინსტიტუტში, როგორიც ენაა?“ (Dammit, 1994, p. 25). ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები, როგორც ცნობილია, ჯერ შეეცდებიან ამ აბსტრაქტული არსებების გაძევებას სიტყვის მნიშვნელობის ამ სიტყვის რეფერენციასთან გაიგივების მეშვეობით, ხოლო შემდეგ — მნიშვნელობას განსაზღვრავენ, როგორც მნიშვნელობას გამოყენებაში (კონტექსტში).
გაიზიარეს რა ეს ანტიკარტეზიანული და ანტიფსიქოლოგიური მიდგომა ენისადმი, ანალიტიკურმა ფილოსოფოსებმა, ამასთანავე, ფრგესგან აიღეს მის მიერ შექმნილი კონცეპცია ენისა და მოდელი „ენა-სამყარო“. ფრეგეს მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ენამ არა მხოლოდ კარდინალურად გააფართოვა სააზროვნო ოპერაციებისა და აზრის შინაარსების ლოგიკური ფორმალიზაციის შესაძლებლობანი, არამედ წარმოგვიდგინა კიდეც ნათელი და მკაფიო სახით ნებისმიერი ენის ფუნქციონირების გარკვეული მექანიზმები. ამან ენა გახადა რაღაც უფრო გასაგები და, ამავდროულად, მოახდინა ფილოსოფოსთა სტიმულირება, რათა ანალოგიური ფორმალურ-ლოგიკური ენები გამოეყენებინათ ადამიანური ცოდნის სტრუქტურებისა და სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურების ანალიზისას. თუ არ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, მაშინ ძნელი იქნება იმის გაგება, თუ როგორ ხდებოდა, ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში, ენისა და სამყაროს შორის არსებულ კავშირთა შესახებ წარმოდგენების განვითარება, რომელიც ძირითადად გულისხმობდა ან ფრეგეს მიერ შემოთავაზებული მოდელების მოდიფიცირება-ადაპტირებას ონტოლოგიური პრობლემების გადსაწყვეტად, ანდა ფრეგესეული მოდელების დაძლევას უფრო ადეკვატური მოდელების შესაქმნელად. ყველა შემთხვევაში, ფრეგესეული მოდელი რჩებოდა ათვლის წერტილად.
ამ თავის დარჩენილ ნაწილში ჩვენ შევეხებით იმ ფილოსოფოსებს, რომელნიც პირადად იცნობდნენ ფრეგეს, განაიცადეს მისი იდეების უშუალო გავლენა და აღტაცებას ვერ მალავდნენ მაშინ, როცა სამეცნიერო საზოგადოება ჯერ კიდევ არავითარ ინტერესს არ იჩენდა ფრეგეს მიმართ. ლაპარაკია ბ. რასსელზე, ლ. ვიტგენშტაინსა და რ. კარნაპზე. პირველი ამათგანი მიმოწერას აწარმოებდა ფრეგესთან და იყო მისი იდეების „მთავარი ტრანსლიატორი“ ინგლისურენოვან სამყაროში. ვიტგენშტაინი მიმოწერასთან ერთად სამჯერ სტუმრობდა კიდეც ფრეგეს იენში 1911-1913 წლებში. შემთხვევითი როდია, რომ ვიტგენშტაინმა თავის „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტარქტატის“ შესავალში მოიხსენია მხოლოდ ფრეგესა და რასსელის სახელგანთქმული ნაშრომები, რომელთაც მოახდინეს მისი აზროვნების სტიმულირება. კარნაპი პირადად ისმენდა ფრეგეს ლექციებს ლოგიკასა და არითმეტიკის დაფუძნებაში 1910-1914 წლებში. როგორც კარნაპი წერს, ამ ლექციების წყალობით გაეცნო და ეზიარა იგი ნამდვილ ლოგიკას. ყველა ამ ფილოსოფოსმა შექმნა სამყაროსა და ენის ურთიერთკავშირის საკუთარი კონცეპცია და ყველა მათგანში გამოსჭვივის ფრეგესეული მოდელის კონტურები.