Skip to main content

ლ. მაკეევა — „ ბ. რასსელის ლოგიკური ატომიზმი — ენა როგორც სამყაროს სტრუქტურების ამსახველი“.

 

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

 

1918 წელს ბერტრან რასსელმა (1872-1970) ლონდონში წაიკითხა ლექციათა ციკლი, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა ჟურნალ monist”-ში „ლოგიკური ატომიზმის ფილოსოფიის“ სახელწოდებით. ამ ლექციებში მან წარმოადგინა ყოვლისმომცველი ფილოსოფიური სისტემის მონახაზი, სადაც პოსტულირებული იქნა ენასა და სამყაროს შორის არსებული მკაცრი პარალელიზმის იდეა. ამ აღიარებული პარალელიზმის წყალობით მან შესაძლებლად მიიჩნია რეალობის სიღრმისეული სტრუქტურების შემეცნებისთვის ენის ლოგიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება.

რასსელმა მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა წინამორბედი მეტაფიზიკა, თუმცა „მისი კრიტიკა ძირითადად დაიყვანებოდა მასზე, რომ მეტაფიზიკაში ის ხედავდა სამყაროს ახსნისკენ მიმართულობას, გასაღებს, და მიაჩნდა, რომ კარგად გაიგო, თუ რატომ აკისრებდნენ მეტაფიზიკას ამ მისიას. მას არ უარუყვია სამყაროს დასრულებული ახსნის შესაძლებლობა, მიახლოების შესაძლებლობა იმასთან, რასაც ის უწოდებდა „საბოლოო მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას“ (სტრაუდი, 1998, c. 512). წარსულის ფილოსოფიასთან განხეთქილების საფუძვლად მან მოიხმო ლოგიკა. ყველა წინარე მეტაფიზიკური სისტემა, მისი აზრით, ეყრდნობოდა არისტოტელურ ლოგიკას, ხოლო ფრეგესთან შეინიშნება სრულიად სხვაგვარი ლოგიკის იდეა, რომელმაც რასსელს შთააგონა ახლებური ტიპის მეტაფიზიკის აგება. ამგვარად, განსაზღვრა რა თავისი პოზიცია როგორც „მეცნიერული ფილოსოფია დაფუძნებული მათემატიკურ ლოგიკაზე“, რასსელს არ მიუჩნევია, რომ სამყაროს აგებულებისა და მისი ონტოლოგიური „შემადგენლობის“ კვლევა სრულიად უნდა დაეთმოს მეცნიერებას. დიახ, ემპირიული საკითხები უნდა იკვლიოს მეცნიერებამ, მაგრამ, საკითხები სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურების თავისებურებათა თაობაზე (მაგ., არსებობს თუ არა ფაქტი და, თუ არსებობს, რას წარმოადგენს ის) კვლავაც უნდა დარჩეს ფილოსოფიის კომპეტენციაში. სტატიაში „ლოგიკური ატომიზმი“ (1924) რასსელი წერდა: „ფილოსოფია უნდა იყოს ყოველმხრივი და გამბედავი, რათა წამოაყენოს ისეთი ჰიპოთეზები, რომელთა დადასტურება ან უარყოფა მეცნიერებას ჯერაც არ შეუძლია. მაგრამ, ეს ჰიპოთეზები წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც სწორედ ჰიპოთეზები, და არა როგორც ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებანი, მსგავსად რელიგიური დოგმებისა (რასსელი, 1998, c. 35). თუმცა ამგვარი ამოცანების გადაწყვეტისთვის, როგორც ითქვა, ფილოსოფია უნდა შეიარაღდეს ახალი ლოგიკით.

რასსელის რწმენა ახალი ლოგიკისა და ლოგიკური ანალიზის ძალმოსილებაში სრულიად გასაგებია. როგორც ფრეგე, რასსელიც იყო მათემატიკოსი, რომელმაც მიმართა ფილოსოფიას მათემატიკის დაფუძნების პრობლემებთან დაკავშირებით. ფრეგეს მსგავსად, ისიც გაიტაცა „წმინდა“ მათემატიკის ლოგიკაზე დაყვანის ლოგიცისტურმა იდეამ. როცა 1900 წელს, ფილოსოფიის საერთაშორისო კონგრესზე, რასსელი გაეცნო ჯ. პეანოს არითმეტიკის აქსიომატიზაციაში მიღებულ შედეგებს, მისმა პროგრამამ — მათემატიკის ერთიანი დედუქციური სისტემის აგებისა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა შესაბამის ლოგიკურ განსაზღვრებათაგან, ტერმინთაგან და პრინციპთაგან გამომდინარე ცნებებისა და საფუძველდებულებების მინიმალურ რაოდენობაზე — მიიღო სრულიად განხორციელებადი სახე. ამ პროგრამის განხორციელების მიმდინარეობისას რასსელმა ააგო ფორმალურ-ლოგიკური ენა, რომელიც პრინციპული თვალსაზრისით ემთხვეოდა ამავე მიზნებისთვის გამოყენებულ ფრეგესეულ ენას, თუმცა გააჩნდა განსხვავებული ასპექტებიც. ჯერ ერთი, რასსელმა დაიწყო უფრო მარტივი და თვალსაჩინო სისტემის გამოყენება ფორმალური ენის გამოსახულებათა ჩასაწერად, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა ფრეგესთან, და ეს სისტემა გამოყენებადია დღემდე. მერე მეორე, თუმცა, ფრეგეს მსგავსად, რასსელმაც მსჯელობის ლოგიკური სისტემის აღწერისთვის გამოიყენა ფუნქციის ცნება, მან მაინც შეუნარჩუნა მას „პრედიკატის“ ტრადიციული სახელი. მერე მესამე, მისი ლოგიკური სისტემა შეიცავდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა „ტიპების თეორია“, რომელიც შეიმუშავა რასსელმა იმ პარადოქსის დასაძლევად სიმრავლეთა თეორიაში რომ აღმოჩინა 1901 წლის შემოდგომაზე და რომელსაც, შემდგომ, უწოდეს მისი სახელი. მაგრამ, ყველაზე დიდი ცვლილებები მან შემოიტანა ფორმალური ენის ინტერპრეტირებასთან და ამ მიზნებისთვის შექმნილ მნიშვნელობის თეორიასთან დაკავშირებით. რასსელი იძლევა შემდეგ ინტერპრეტაციას მისი ფორმალური ენის ძირეული ენობრივი კატეგორიების გამოსახატავად (მაგ., სახელები, პრედიკატები, „ღია“ ფორმულები და წინადადებები). სახელები აღნიშნავენ ინდივიდებს, ხოლო პრედიკატებითვისებებსა და მიმართებებს. რაც შეეხება წინადადებებს, რასსელი თავიდან თვლიდა, რომ ისინი აღნიშნავენ მსჯელობას, თუმცა შემდგომ — ლოგიკური ატომიზმის შექმნის პერიოდში — მსჯელობის ადგილი დაიკავა ფაქტმა. ფორმულები, რომელნიც არ გვევლინებიან წინადადებებად („ღია ფორმულები“), გამოხატავენ პროპოზიციულ ფუნქციებს, ანუ ფუნქციებს, რომელთა განსაზღვრის არეს წარმოადგენენ ინდივიდები, ხოლო მნიშვნელობათა არეს — მსჯელობანი. თუკი ავიღებთ, მაგ., პრედიკატს „არის ფილოსოფოსი“ (P), მაშინ ფორმულა x არის ფილოსოფოსი“ (Px) გამოხატავს ფუნქციას, რომელიც მასში მნიშვნელობათა არედან ნებისმიერი ინდივიდის ჩანაცვლებით (მაგ., სოკრატე) გადაიქცევა წინადადებად, და ამ წინადადებას მნიშვნელობად მიეწერება მსჯელობა, რომელიც გვეუბნება, რომ სოკრატე არის ფილოსოფოსი. ეს მსჯელობა ჭეშმარიტი იქნება მაშინ, თუ სოკრატე მართლაცაა ფილოსოფოსი.

მთლიანობაში, რასსელმა საერთოდ უარი თქვა ფრეგესეული განსხვავების გატარებაზე საზრისსა და მნიშვნელობას შორის და ეს უარი მან განაცხადა მნიშვნელობის თეორიის სასარგებლოდ. მნიშვნელობის ეს თეორია იწოდება დენოტატიურად, რამდენადაც, ჯერ ერთი, ის ეხება ენობრივი გამოსახულებების ისეთ კატეგორიას, როგორიცაა საკუთარი სახელები, მერე მეორე, ამ თეორიის თანახმად, საკუთარი სახელის მნიშვნელობად წარმოგვიდგება მისი მატარებელი, ე.ი. სახელის მნიშვნელობა უიგივდება მის დენოტატს (რეფერენტს). გარდა ამისა რასსელმა საკუთარი სახელების კატეგორიიდან გამორიცხა წინადადებები და პრედიკატები. მისი აზრით, წინადადებას, რომელიც მიგვითითებს პრედიკატისგან აღნიშნული მიმართებებისგან და აბსტრაქტული თვისებებისგან შემდგარ რთულ არსებაზე ან სახელებით აღნიშნულ ინდივიდებზე, რომელსაც რასსელი თავიდან უწოდებდა მსჯელობას, ხოლო შემდგომ — ფაქტს, არ ძალუძს ამ რთული არსების სახელდება, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მითითება იმისა, თუ რას ასახელდებენ მცდარი წინადადებები; ეს უკანასკნელი ხომ სრულიადაც არ არინ მოწყვეტილნი მნიშვნელობას. რაც შეეხება პრედიკატებს ისინი, რასელისეულ ინტერპრეტაციაში, გ. კიუნგის სამართლიანი შენიშვნისა არ იყოს, ფდაქტობრივად გაიგივებულნი არიან ინდივიდის სახელებთან, რამეთუ რასსელი მათში „ხედავდა გარკვეულ არსებათა ჭეშმარიტ სახელებს“ (კიუნგი, 1999, c. 91).

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე, ეყრდნობოდა რა მინიშვნელობის ამ დენოტატიურ თეორიას, რასსელი ა. მეინონგის კვალად, მიიჩნევდა, რომ ყველაფერი, რაც კი საკუთრი სახელით აღინიშნება, რაღაც აზრით უნდა არსებობდეს კიდეც — თუ არა როგორც საგანი, რომელსაც გააჩნია რეალური არსებობა (existence), მაშინ როგორც ცნება, რომელიც ფლობს იდეალურ არსებობას (subsistence). შედეგად ონტოლოგია, რომელიც მან წარმოგვიდგინა „მათემატიკის პრინციპებში“ (1903), შეიცავდა, გარე სამყაროსთვის ჩვეული ობიექტების გარდა, ისეთ არსებებსაც, როგორიცაა რიცხვები, სიმრავლეები, მიმართებები, თვისებები და თვით ჰომეროსისეულ ღმერთებსა და ქიმერებს. ოღონდ, მოხდა ისე, რომ ონტოლოგიურად დატვირთულ ენობრივ გამოსახულებათა საკუთარ სახელებად წარმოდგენა შეეჯახა სერიოზულ კონცეპტუალურ სიძნელეს. ერთ-ერთი ამათგანი უკავშირდებოდა, მაგ., იმას, რომ შეუძლებელია რაიმეს არსებობის უარყოფა წინააღმდეგობაში ჩავარდნის გარეშე. მართლაც, თუკი ამოვალთ იქედან, რომ საკუთარი სახელის მნიშვნელობად გვევლინება მისი მატარებელი და, რომ სახელის შემცველი წინადადება ჭეშმარიტია მხოლოდ მაშინ, როცა მოცემული სახელით აღნიშნული ობიექტი არის სახეზე და ის ატარებს პრედიკატით გამოხატულ თვისებას, მაშინ გამოდის, რომ ჭეშმარიტად მიჩნეული წინადადება „პეგასი არ არსებობს“ გვეუბნება შემდეგს: არსებობს ობიექტი (პეგასი), რომლის მიმართაც მართალია, რომ ის არ არსებობს. კიდევ ერთი სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ თუ ჩვენ ავიღებთ წინადადებას „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე არის მელოტი“, რომელიც ითვლება მცდარად, მაშინ გამორიცხული მესამის კანონის ძალით, უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტად მისი უარყოფა — „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე არ არის მელოტი“. რამდენადაც არც ამ უკანასკნელის აღიარება არ შეიძლება, ჩვენ ვდგებით გამორიცხული მესამის კანონის, როგორც უმნიშვნელოვანესი ლოგიკური კანონის, უარყოფის აუცილებლობის წინაშე.

ამ და მსგავსი კონცეპტუალური სიძნელეების გადასაწყვეტად რასსელმა შეიმუშავა ლოგიკური ანალიზის სპეციალური მეთოდი, რომლისთვისაც 1914 წელს შემოიღო სახელი „ფილოსოფიური ლოგიკისა“. ის დარწმუნებული იყო, რომ ფილოსოფიური პრობლემების გადასაწყვეტად ლოგიკური მეთოდების გამოყენებით ფილოსოფიას მიეცემოდა მათემატიკისთვის ნიშნეული მეცნიერული სიმკაცრე და გარკვეულობა. მის მიერ შემუშავებულ ანალიზის კონცეპციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლოგიკური და გარამატიკული ფორმების ურთიერთგამიჯვნას. რასსელის თანახმად, წინადადებას გააჩნია გრამატიკული ფორმა, მაშინ, როცა მის მიერ გამოხატულ მსჯელობას გააჩნია ლოგიკური ფორმა. ზოგჯერ ეს ფორმები თანხვდებიან ერთმანეთს, ზოგჯერ კი — არა, მაგრამ მთავრი ისაა, რომ წინდადების ჭეშმარიტების მნიშვნელობის განსაზღვრაში მონაწილეობს სწორედ ლოგიკური ფორმა. ამიტომ, თუკი არ ვიზრუნებთ იმ შემთხვევებზე, სადაც გარამატიკა და ლოგიკა ერთმანეთს ეყრება, ჩნდება საშიშროება გრამატიკული კატეგორიების ლოგიკურ და, შესაბამისად, ონტოლოგიურ კატეგორიებთან გაიგივებისა, რაც მოასწავებს სერიოზულ მეტაფიზიკურ ცდომილებებს. გამომდინარე აქედან, რასსელისეული სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ ყოველი პრობლემატური S წინადადებისთვის ჩამოეყალიბებინა მისთვის ეკვივალენტური ისეთი S1 წინადადება, რომლის გრამატიკული ფორმაც ზუსტად ასახავდა S-სა და S1-ში გამოხატული მსჯელობის ლოგიკურ სტრუქტურას.

ლოგიკური ფორმის ნათელი და ერთმნიშვნელოვანი წარმოდგენისთვის რასელმა დაიწყო საკუთრი ფორმალური ენის გამოყენება, მიაწერა რა მას ამით „ლოგიკურად სრულყოფილი ენის“ სატატუსი. ფორმალურ ენაზე თარგმნის აუცილებლობა მან ახსნა იმით, რომ ყოველდღიური ენა — ესაა იმ გაუგებრობისა და ბუნდოვანების წყარო, რომელიც საუკუნეთა მანძილზე განაპირობებდა ფილოსოფიურ ცდომილებებს.

ეს მეთოდი რასსელმა გამოიყენა ე.წ. აღმნიშვნელი გამოსახულებების, ე.ი. ყველა იმ სიტყვისა და სიტყვათშეთანხმების ანალიზისთვის, რომელთაც, გარდა საკუთრი სახელებისა, წინადადებაში შეუძლიათ აგრეთვე შეასრულონ ქვემდებარის როლიც და რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას შეადგენენ განსაზღვრული დესკრიფციები („ყველაზე მაღლი მთის მწვერვალი“, „საფრანგეთის დედაქალაქი“ და ა.შ.). სტატიაში „აღმნიშვნელის შესახებ“ (“On Denoting”, 1905) რასსელმა ჩამოაყალიბა „დესკრიფციის თეორია“, რომელიც იქცა მისი ფილოსოფიური ლოგიკის ბირთვად. ამ თეორიის თანახმად, განსაზღვრული დესკრიფციები თავისი ლოგიკური ფუნქციებით ძალზედ განსხვავდებიან საკუთარი სახელებისგან: თუ სახელს გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა, მაშინ დესკრიპცია წარმოგვიდგება არასრულ სიმბოლოდ, რომელიც იძენს მნიშვნელობას მხოლოდ მთლიანი წინადადების კონტექსტში და რომელიც ქრება მაშინ, როცა წინადადებას ვთარგმნით ლოგიკურად სრულყოფილ ენაზე. ამგვარად, წინადადება „სოკრატე მოკვდავია“ ლოგიკურად სრულყოფილ ენაზე გამოიხატება ფორმულით F(a), მაშინ როცა წინადადება „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე არის მელოტი“ წარმოადგენს სამი წინადადებისგან შემდგარ კონიუნქციას, რომელთაგან ერთი ამტკიცებს არსებობას ადამიანისა, რომელიცაა საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე, მეორე ამტკიცებს ამგვარი ადამიანის ერთადერთობას, ხოლო მესამე მიაწერს ამ ადმიანს სიმელოტის ნიშანს (თვისებას). მსგავსი ანალიზი აღმოფხვრის ილუზიას იმისა, რომ წინადადება „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე“ ვინმეს ან რაიმეს აღნიშნავს, და ამასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ განისაზღვრება წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა. რამდენადაც ამჟამად მცხოვრებ ადამიანთა შორის არ მოიპოვება ადამიანი ისეთი თვისებით, როგორიცაა „საფრანგეთის მეფედ ყოფნა“, ამდენად ამ რთული წინადადების პირველი კონიუნქტი არის მცდარი და, მაშასადამე, მცდარია მსჯელობა მთლიანობაში. ამგვარი ანალიზის წყალობით ხელშეუხებელი რჩება გამორიცხული მესამის კანონი, რამდენადაც უკვე ვეღარ ჩავთვლით წინადადებას „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე არაა მელოტი“ უარყოფად წინადადებისა „საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე არის მელოტი“. ანალოგიურად წყდება არსებობის უარყოფის თაობაზე კერძო (ერთეულადი) მსჯელობების პრობლემაც: წინადადება „პეგასი არ არსებობს“ ითარგმნება კვანტორიან წინადადებად „არ არსებობს x ისეთი, რომელი x-იც არის პეგასი“, რაც უკვე აღარ შეიცავს არაფერ პარადოქსალურს.

ამგვარად, იმ სიძნელეთა გადასაწყვეტად, რომელთაც შეეჯახა მნიშვნელობის დენოტატიური თეორია, რასსელის სტრატეგია, არსებითად, მდგომარეობდა შემდეგში: შევინარჩუნოთ ხელშეუხებლად ამ თეორიის ძირეული დებულებები, მაგრამ რადიკალურად შევზღუდოთ საკუთარ სახელთა კატეგორია, შემდეგ პრინციპზე დაყრდნობით: თუკი წინადადებაში გვხვდება ისეთი ენობრივი გამოსახულება, რომელიც შეიძლება გარდავქმნათ ისეთ ლოგიკურად ეკვივალენტურ წინადადებად, რომ იგი ღარ შეიცავდეს ამ გამოსახულებას, მაშინ ეს გამოსახულება არაა საკუთარი სახელი და, ამდენად, არც ატარებს რაიმე ონტოლოგიურ დატვირთვას. რასსელი არ შეჩერებულა მხოლოდ იმაზე, რომ განსაზღვრული დესკრიფციები გამორიცხა სახელთა კატეგორიიდან. შემდეგი ტიპი გამოსახულებებისა, რომელსაც მან მიუყენა თავისი მეთოდი ლოგიკური ანალიზისა, იყო გამოგონილ პერსონაჟთა და ობიექტტთა სახელები, რომელნიც რასსელმა დააკვალიფიცირა როგორც „ფარული ან „შემოკლებითი“ დესკრიფციები. მაგ., წარმოვთქვამთ რა „პეგასს“, ჩვენ, თანახმად რასსელისა, ამ გამოთქმას ვიყენებთ არა სახელად, რომელიც აღნიშნავს არარსებულ საგანს, არამედ, როგორც შემოკლებით დესკრიფციას გამოსახულებისთვის „ბელლერფონტის ფრთოსანი ცხენი“. ეს იქედანაც ჩანს, რომ იმ წინადადებათა ანალიზისას, რომლებშიც „პეგასი“ გამოდის ქვემდებარის როლში, ეს გამოსახულება გაქრება ხოლმე, გადავა მითითებული დესკრიფციის სახით პრედიკატის შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ წინადადებანი, რომელნიც შეიცავენ ცარიელ სინგულარულ ტერმინებს, უკვე აღარ იქნებიან მოკლებულნი ჭეშმარიტების მნიშვნელობას, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ფრეგესთან; ე.ი. რასსელმა მოახერხა შეენარჩუნებინა მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პრინციპი: ყოველი აზრიანი წინადადება ან ჭეშმარიტია ან მცდარი.

რამდენადაც ისეთი გამოსახულებები, როგორიცაა „პეგასი“, „ზევსი“ და ა.შ. ტრადიციულად ითვლებოდნენ საკუთარ სახელებად, რასსელმა შემოიღო „ლოგიკურად საკუთარი სახელის“ ცნება, რათა აღენიშნა ის გამოსახულებანი, რომელნიც, მისი აზრით, არა მხოლოდ გრამატიკულად, არამედ ლოგიკურადაც ჭეშმარიტად საკუთარი სახელია და, აღნიშნავს კიდეც რაღაც არსებულს. სხვდასხვა პერიოდებში რასსელი სხვადახვაგვარად ატარებდა ზღვარს ლოგიკურად საკუთარ სახელებსა და სხვა „აღმნიშვნელ“ გამოსახულებებს შორის. თუ თავიდან ლოგიკურ საკუთარ სახელთა კატეგორიაში რთავდა რეალური ადამიანებისა და ობიექტების სახელებს („სკოტი“, „ლონდონი“ და ა.შ.), ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ის უკვე ამ უკანასკნელთაც განიხილავდა „ფარულ“ ან „შემოკლებით“ დესკრიფციებად, ხოლო ნამდვილ სახელთა როლს ანიჭებდა ისეთ მითითებით ნაცვალსახელებს, როგორიცაა „ეს“, „ის“ და ა.შ. გასაოცარია, რომ გამოსახულება „ეს“, „ის“, რომელნიც ფრეგესთვის არავითარ ინტერესს არ იწვევდა, რასსელთან, ონტოლოგიური დატვირთვის ტარების აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. რამ გამოიწვია ეს? პასუხს ამაზე იძლევა მისი ორი თეორია — თეორია 1. „ნაცნობობითი ცოდნისა“ და „აღწერითი ცოდნისა“ და თეორია 2. „ლოგიკური კონსტრუქციებისა“.

დეკარტის მსგავსად, რასსელიც ცდილობდა აღმოეჩინა მთელი ცოდნის საფუძველი, რომელიც გამორიცხავდა ყოველგვარ სკეპტიკურ შეეჭვებას. ასეთი საფუძველი მან იპოვა ცოდნაში, რომელსაც ვიღებთ უშუალო აღქმის აქტებში და რომელიც, მისი აზრით, გამორიცხავს შეცდომის შესაძლებლობას. თუმცა, დეკარტისგან განსხვავებით, რასსელი არ თვლიდა, რომ ამ ამოსავალ ცოდნაზე დაყრდნობით შეიძლება მივაღწიოთ უეჭველობას იმ ცოდნაშიც, რომელიც შეეხება სხვა ადამიანებს, ფიზიკურ საგნებს ან თუნდაც საკუთარ „მე“-ს. ამ უკანასკნელთა შესახებ ცოდნა ყოველთვის არის გამომდინარეობითი ან „წარმოებითი“, და ამდენად შეცდომას დაქვემდებარებულიც. რასსელმა ამ ორი ტიპის ცოდნა აღნიშნა „ნაცნობობით ცოდნისა“ და „აღწერითი ცოდნის“ სახელით. მათ შორის არსებული განსხვავება პირდაპირ კავშირშია მისსავე დესკრიფციის თეორიასთან: სახელი გამოიყენება მხოლოდ იმის მიმართ, რასაც ადამიანი უშუალოდ იცნობს, ხოლო დესკრიფცია გამოიყენება იმ ცოდნის გამოსახატავად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვათაგან ან გამომდინარეობით გამოგვყავს უშუალო აღქმებიდან. მეტიც, სტატიაში „ნაცნობობითი და აღწერითი ცოდნა“ (1910) რასსელმა „საფუძვლადმდებარე ეპისტემოლოგიურ პრინციპად“ წამოაყენა შემდეგი დებულება: „ყოველი გამონათქვამი, რომელიც ჩვენთვის გასაგებია, უნდა შედგებოდეს მხოლოდ ისეთი ნაწილებისგან, რომლებთანაც გავკავშირებს უშუალო ნაცნობობა“ (რასსელი, 1988, p. 23).

მაშ ასე, რას წარმოადგენს ეს ნაცნობობითი ცოდნა? რასსელის თვალსაზრისით, ესაა პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა ცნობიერებასა ცნობიერების გარეშე არსებათა შორის. „ფილოსოფიის პრობლემებში“ ის წერდა: „უნარი, იმისგან განსხვავებულ საგნებთან ნაცნობობისა, ვიდრე არის თავად, წარმოადგენს ცნობიერების ძირითად თავისაებურებას. ობიექტების ცნობა არსებითად მდგომარეობს ცნობიერბასა და მისგან განსხვავებულთა ურთიერთობაში; და ეს ურთიერთობა წარმოშობს ცნობიერების მიერ საგანთა ცნობის უნარს“ (რასსელი, 1952, p. 42). ამ ურთიერთმიმართებაში უშუალობისა და პირდაპირობის მომენტის ხაზგასმა რასსელის მიერ აიხსნება იდეალიზმისადმი მისი ნეგატიური დამოკიდებულებთ. იდეალისტები თვლიდნენ, რომ ჩვენი ცოდნა ყოველთვის გაშუალებულია რთული სტრუქტურებით, რომელთა თაობაზე ჩვენ შეიძლება გაგვაჩნდეს აპრიორული ცოდნა და რომელიც უზრუნველყოფს ჩვეს ცოდნას სამყაროზე იმდენად, რამდენადაც ის არის შემეცნებადი. ნანცნობობითი მიმართება — ესაა კოგნიციური მიმართება ცნობიერებასა და ობიექტებს შორის, რომელიც აღარ ემყარება აღარავითარ სტრუქტურებსა და თეორიებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს „უწანამძღვრო“ დამოკიდებულებასთან. ცნობიერება იმყოფება მის გარეშე ობიექტებთან პირდაპირ კონტაქტში, და უშუალობა ამ კონტაქტისა უნდა გამორიცხავდეს შეცდომის შესაძლებლობას.

რასსელის წარმოდგენები მასზე, თუ რა შეიძლება იყოს ნაცნობობითი ცოდნის ობიექტი ცვალებადი იყო. და, მიუხედავდ იმისა, რომ ამ კატეგორიაში ის ყოველთვის რთავდა გრძნობად მონაცემებს (რაშიც ის გულისხმობდა, მაგ., ფერებს, ხმებს, სუნს და ა.შ.), ის თავიდან მაინც არ მიიჩნევდა, რომ ჩვენი უშუალო კოგნიტიური კონტაქტი სამყაროსთან ხორციელდება მხოლოდ გრძნობადი აღქმის საფუძველზე. გამოუქვეყნებელ ნაშრომში „შემეცნების თეორია“ („Theory of Knowledge”, 1913) ის წერდა: „ნაცნობობის ობიექტი შეიძლება იყოს აწმყოში, წარსულში ან სულაც დროის მიღმა; ის შეიძლება იქნეს პარტიკულარულად (particular) აღქმადი, უნივერსალია ან აბსტრაქტული ლოგიკური ფაქტი“ (ციტირებულია {ჰილტონი, 1992, p. 332} მიხედვით). „ფილოსოფიის პრობლემებში“ პარტიკულარიებისა (ე.ი. ინდივიდუალური არსებანი) და უნივერსალიების გარდა „ნაცნობობის“ ობიექთა რიგში მოიხსენიება აგრეთვე ჩვენი ცნობიერების შინაარსები (მოგონებანი, აზრები, გრძნობები და ა.შ.). მაგრამ, ნაშრომში „ჩვენი ცოდნა გარეშე სამყაროზე“ (1914) რასსელმა შემოფარგლა ნაცნობობა იმის უშუალო ცოდნით, რაც გვეძლევა ჩვენ აღქმაში, დატოვა რა ამგვარი შემეცნების ერთადერთ საგნად გრძნობადი მონაცემები; თუმცა, როგორც ვნახავთ, მან თავადვე მისცა ამ უკანასკნელთ საკმაოდ ფართო შინაარსობრივი განსაზღვრულობა.

შემოქმედების ამ პერიოდში, რომელიც მოიცავს ლოგიკური ატომიზმის კონცეპციის შექმნასაც, რასსელი აღნიშნავდა, რომ გრძნობად მონაცემებს თან სდევს არამენტალური თავისებურებანი; ნეორიალისტურ სტილში, რომლის მიმდევარიც იყო რასსელი, ის მკვეთრად განარჩევდა ნაცნობობის მენტალურ აქტს და ნაცნობობის ობიექტს, რომელიც არამენტალურია. გრძნობადი მონაცემების ამ ასპექტის ხაზგასმას ემსხაურებოდა „სენსიბილიების“ რასსელისეული კონცეპციაც, რომელიც მან გადმოსცა სტატიაში „გრძნობადი მონაცემების მიმართება ფიზიკასთან“ (1914). სენსიბილიებში მას ესმის გრძნობადი მონაცემების მსგავსი ობიექტები (ანუ რომელთაც გააჩნიათ მსგავსი მეტაფიზიკური სტატუსი) მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათთან ნაცნობობითი ცოდნის მიმართებაში არ იმყოფება არავინ. ამ სტატიაში რასსელი აღნიშნავს, რომ აღიარებს მხოლოდ გრძნობადი მონაცემების „ფიზიოლოგიურ“ სუბიექტურობას. ის წერს: „თუკი — per impossible — სახეზე გვექნებოდა ადამიანის სხეული, რომელსაც ექნებოდა ყოველივე გარდა ცნობიერებისა, ყველა ეს სენსიბილია იარსებებდა ამ სხეულთან მიმართებაში, ხოლო თუ ამ სხეულს ექნებოდა ცნობიერება, მაშინ მასთან მიმართებაში იქნებოდა არა სენსიბილია, არამედ გრძნობადი მონაცემები. ცნობიერება სენსიბილიას ამატებს მხოლოდ გარკვეულობას (avareness): ყველაფერი დანარჩენი გვევლინება ფიზიოლოგიურად ან ფიზიკურად“ (რასსელი, 1914, p.111). არიან რა დამოუკიდებელნი ცნობიერებისგან, გრძნობადი მონაცემები, ამავდროულად, გვევლინებიან ცნობიერებისთვის ყველაზე ახლობლურ დამოკიდებულებაში იმ აზრით, რომ ცნობიერებასთან მათეულ მიმართებაში არ ერევა არავითარი მადეფორმირებელი შუამავალი; და ამიტომაა, რომ ცნობიერება მათ შესახებ ფლობს სარწმუნო ცოდნას.

სჭიროა აღინიშნოს, რომ რასსელი გრძნობადი მონაცემების ონტოლოგიური სტატუსის განსაზღვრისას ეყრდნობოდა განსხვავებულ თვალსაზრისებს. თავიდან ის მათ განიხილავდა უნივერსალიებად, რომელნიც წარმოადგენდნენ რაიმე აბსტრაქტულ თვისებას (მაგ., სითეთრეს, კვადრატულობას…), და რომელნიც მის ფორმალურ ენაში აღინიშნებოდნენ პრედიკატებით. მაგრამ, შემდგომ ის მივიდა დასკვნამდე, რომ გრძნობადი მონაცემები წარმოადგენენ პარტიკულარიებს, ანუ მათ მიეკუთვნება მაგ., არა ფერები როგორც ასეთი, არამედ კონკრეტული ფერითი ლაქები, და აქედან გამომდინარე, მისი ლექსიკონი შეივსო ისეთი საკუთარი სახელებით, როგორიცაა არა „სიწითლე“, არამედ „წითელი“, არა „სიმკვრივე“, არმედ „მკვრივი“ და ა.შ. უნივერსალითა რიგში კი დარჩა აუცილებელი აბსტრაქტული „მიმართებები“.

მაშასადამე, ნაცნობობითი ცოდნა შეადგენს მთელი ცოდნის ფუნდამენტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნაცნობობითი მიმართებისას ჩვენ ვიმყოფებით დამოკიდებულებაში სახელდებულ ობიექტებთან, ანუ მიღებული ცოდნა, ამ დროს, არ არის პროპოზიციული. თუმცა უამრავი რამ იქედან, რაც ჩვენ ვიცით, არ წარმოადგენს ნაცნობობითი ცოდნის ნაყოფს, ვინაიდან, ყოველთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მატერიალურ საგნებსა თუ სხვა ადამიანებზე, ის სიტყვები, რომელთაც ამ დროს ვიყენებთ არ ასახელებენ მათ პირდაპირ, არამედ აღწერენ მათ; ამიტომაა, რომ არსებითი ნაწილი ჩვენი ცოდნისა არის აღწრითი ცოდნა. ასეთი ცოდნა კი თავისი ბუნებით გამომდინარეობითია. ამდენად, ისე ჩანს, რომ სწორედ ლოგიკა, რომელიცაა გამომდინარეობის მეცნიერება, მოგვცემს საშუალებას იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ ვიღებთ ასეთ დესკრიფციულ ცოდნას.

რათა წარმოვიდგინოთ ადამიანური ცოდნის სტრუქტურაში აღწრითი ცოდნის მასშტაბურობა, საკმარისია ვთქვათ, რომ აღქმით მსჯელობებსაც კი რასსელი თვლიდა გამომდინარეობითად. ასე რომ, გრძნობად მონაცემებზე დაყრდნობით, მაგალითად რთული ვიზუალური ლაქის აღქმისას, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ „ვხედავთ ძაღლს“. მისი აზრით, ჩვენ შეუძლებელია ვიმყოფებიდეთ „ნაცნობობით“ მიართებაში ფიზიკურ საგნებთან და სხვა ადამიანებთან; ასეა რადგან, ჩვენი ცოდნა მათზე საეჭვოა, ექვემდებარება ილუზიებსა და შეცდომებს, ხოლო „ნაცნობობითი ცოდნა“ თავისი ბუნებით შეუძლებელია, რომ მცდარი იყოს. საკითხავია, როცა ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს ფიზიკურ ნივთთა გრძნობადი მონაცემებიდან, მაშინ რა ძევს ამ დასკვნების საფუძვლად? როგორია იმ კავშირის ბუნება, რომელიც იგულვება გრძნობადი მონაცემებისა და ფიზიკური ნივთების ურთიერთმიმართების ონტოლოგიურ ფონზე? სხვადასხვა დროს რასსელი განსხვავებულად პასუხობდა ამ კითხვებს. „ფილოსოფიის პრობლემებში“ ის განიხილავს ფიზიკურ ობიექტებს როგორც გრძნობადი მონაცემების მიზეზს, ანუ როგორც დამოუკიდებელ არსებებს. ამ ნაშრომში მისთვის მნიშვნაელოვანი იყო ახსნა იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ჩვენ რაიმე ვიცოდეთ (თუნდაც მცდარად) ფიზიკური ნივთების თაობაზე, სანამ არ მომხდარა ჯერ კიდევ მათთან „ნაცნობობა“. ამიტომ, ვთქვათ, ფიზიკის წინადადებებს ის განიხილავდა როგორც არა გრძნობად მონაცემებზე, არამედ ფიზიკურ ობიექტებზე რაიმეს მთქმელს. მაგარამ, კარდინალურად განსხვავებულ გადაწყვეტად იქცა მისი კონცეპცია მატერიალური ნივთების როგორც გრძნობადი მონაცემებისგან მიღებული ლოგიკური კონსტრუქციების შესახებ.

ნაშრომში „ჩვენი ცოდნა გარეშე სამყაროზე“ (1914) რასსელმა ემპირიული მასალის მიმართ გამოიყენა „ლოგიკური კონსტრუირების“ მეთოდი, რომელმაც, მისი აზრით, დაამტკიცა თავისი ნაყოფიერება ლოგიკურ და მათემატიკურ გამოკვლევებში. ლოგიკური კონსტრუქციების კონცეპცია, არსებითად, წარმოადგენს თეორიას გარკვეული ტიპის წინადადებების მნიშვნელობებზე. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დემონსტრირება იმისა, თუ როგორაა, რომ მატერიალურ ობიექტებზე მოლაპარაკე წინადადებანი, სინამდვილეში წარმოადგენენ წინადადებებს გრძნობად მონაცემებზე. ამგვარად, ეს თეორია მოასწავებს იმას, რომ ფიზიკის წინადადებანი საჭიროებენ რადიკალურ რეინტერპრეტირებას, რის შედეგადაც ნათელი შეიქნება ის, რომ მათი ჭეშმარეტობა განისაზღვრება უკვე არა ფიზიკური ნივთების ძალისხმევით, არამედ გრძნობადი მონაცემებით. თუმცა ეს თეორია ეხება წინადადების მნიშვნელობას, მას გააჩნია სერიოზული ონტოლოგიური შედეგები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რასსელი იღებს მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც გამომდინარეობს მისი დესკრიპციების თეორიიდან: თუკი წინადადებაში გვხვდება სიმბოლო, რომელიც გარდაქმნადია ლოგიკურად ეკვივალენტურ წინადადებად, ისეთად, რომელშიც ეს სიმბოლო უკვე აღარ გვხვდება, მაშინ ეს სიმბოლო არ ფლობს არავითარ ონტოლოგიურ დატვირთვას, ანუ არ გააჩნია რეფერენცია არანაირი არსებულის მიმართ. აქედან გამომდინარეობს, რომ ლოგიკური კონსტრუქციების თეორია, წარმოადგენს ფიზიკური ნივთების „ონტოლოგიური“ რედუცირების მეთოდს. რასსელი იმდენად იყო შთაგონებული ამ იდეით, რომ შერაცხა იგი „მეცნიერული ფილოსოფოსობის უმაღლეს მაქსიმად“: „ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია ლოგიკურმა კონსტრუქციებმა უნდა ჩაანაცვლონ გამომდინარეობითი მონაცემები (რასსელი, 1914, p. 115). ეს მაქსიმა საუკეთესოდ ეთანხმება მისი ფილოსოფიის სხვა მნიშვნელოვან პრინციპს, რომელსაც მან უწოდა „ოკამის სამართებელი“: „გავაქვს რა საქმე ნებისმიერ საგნობრივ შინაარსთან, საჭიროა გავარკვიოთ, თუ რომელ არსებებს მოიცავს ეს შინაარსი უეჭველად, და ყველაფერი უნდა გამოვთქვათ მასზე ამ არსებათა ტერმინებში“ (რასსელი, 1914, p. 112).

მიუხედავად იმისა, რომ რასსელი მტკიცედ იდგა იმაზე, რომ ლოგიკური კონსტრუქციების მეთოდმა უნდა დააყენოს ფილოსოფია მეცნიერულ საფუძველზე, მან მაინც ვერ შეძლო, რომ განეხორციელებინა თუნდაც მიახლოებითი თარგმნა მატერიალური ობიექტების შესახებ წინადადებებისა ლოგიკურად ეკვივალენტურ წინადადებებად გრძნობად მონაცემებზე. გარდა ამისა, რამდენადაც გრძნობადი მონაცემები წარმოადგენენ ცალკეული ადამიანების პირად საკუთრებას, ფიზიკაც და მთელი სხვა ცოდნაც, როგორც ჩანს, ემყარება „სოლიპსისტურ“ ბაზისს. ეს ნიშნავს, რომ ცოდნის შესაძლებლობა ფიზიკურ სამყაროზე და სხვა ადამიანებზე უნდა აიხსნას იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სუბიექტს შეიძლება ჰქონდეს უშუალო ცოდნა მხოლოდ საკუთარი გრძნობადი მონაცემების თაობაზე. თვით რასსელისა და ლოგიკური პოზიტივისტების მიერ წარმოებულმა უნაყოფო ძიებებმა ასეთი ახსნის დასაფუძნებლად, დაგვანახა ამგვარი „მათოდოლოგიური სოლიფსიზმის“ უძლურება.

ამგვარად, ჩვენ განვიხილეთ რასსელის ძირითადი იდეები, რომელნიც მისი ლოგიკური ატომიზმის მეტაფიზიკური კონცეპციის საშენ აგურებად წარმოგვიდგება. ეს კონცეპცია ამოიზარდა რასსელისეული მისწრაფებიდან — გაეგო ენასა და სამყაროს შორის არსებული ურთიერთკავშირი. ამ მისწრაფებას ამყარებდა რწმენა იმისა, რომ ფორმალური ლოგიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ლოგიკურად სრულყოფილი ფორმალური ენის აგებისა, არის საუკეთესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ხსენებული ურთიერთკავშირის ბუნების გაგებამდე.

რასსელი სკუთარი კონცეპციის სახელდებაში იყენებს სიტყვას „ატომიზმი“, რათა დაუპირისპიროს თავისი პოზიცია ნეოჰეგელიანელთა მონიზმს, რომელთაც რეალობა ესახებოდათ შინაგანი აუცილებლობით ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილების მთლიანობად. რასსელის მიერ შემუშავებული ონტოლოგია, არის პლურალისტული. კიდევ ერთი შედეგი ნეოჰეგელიანური მონიზმისა იყო იმის დასკვნა, რომ არცერთი ცალკეული მსჯელობა არაა სრულიად ჭეშმარიტი ან მცდარი, რამეთუ ჭეშმარიტება მიეწერება მხოლდ რეალობას მთლიანად, როგორც აბსოლუტს. რასსელისთვის ამგვარი პოზიცია მიუღებელია: მის წარმოდგენაში სამყარო შედგება დისკრეტული ფაქტებისგან, რომელნიც შეიძლება მოაზრებულ-გამოხატული იქნენ ენაში, და თუ წინადადებები ეთანხმებიან ამ ფაქტებს, მაშინ ისინი, როგორც ცალკეული ატომები, არიან ან სრულიად ჭეშმარიტნი ან სრულიად მცდარნი. რაც შეეხება რასსელის კონცეპციის სახელდებაში სიტყვას „ლოგიკური“, ეს უკანასკნელი მოწოდებულია იმის ხაზგასასმელად, რომ ატომები, რომელნიც მხედველობაში აქვს რასსელს, არ უნდა ავურიოთ ფიზიკურ ატომებში, რომ ისინი სულ სხვაგვარი ონტოლოგიური არსებებია. ლოგიკური ატომი — ესაა ონტოლოგიურად უმარტივესი, რომელიც გამოდის ცოდნის ლოგიკური ანალიზის ზღვრად.

რასსელის თანახმად, ყველაზე საინტერესო რამ სამყაროში, რომელიც აღმოიჩინება ლოგიკური კვლევისას, მდგომარეობს იმაში, რომ რეალობის ყველაზე უფრო ფუნდამენტური ასპექტები თვალსაჩინო და აშკარაა. ამგვარ სიაშკარავეს ფლობს, მისი აზრით, სამყარო შემდგარი დისკრეტული ფაქტებისგან, რომელნიც, თავის მხრივ, შედგებიან მეტაფიზიკურად ნაგები კომპონენტებისაგან — პარტიკულარიებისაგან (ინდივიდუალური არსებებისგან) და უნივერსალიებისგან. ეს უკანასკნელნი გვევლინებიან სწორედ „ატომებად“, რომელთა მიკვლევაც შესაძლებელია ენის ლოგიკური ანალიზის მეშვეობით; ამაზე დაყრდნობით რასსელი ახდენს რეალობის ონტოლოგიურ სტრუქტურასა და ენის (სრულყოფილის) ლოგიკურ სტრუქტურას შორის არსებული პარალელიზმის პოსტულირებას: იმისთვის, რომ წინადადება ასაბუთებდეს რაიმე კონკრეტულ ფაქტს, მას უნდა გააჩნდეს ლოგიკური სტრუქტურა, რომელიც თანხვდება, დაემთხვევა, შეესატყვისება ფაქტის ლოგიკურ სტრუქტურას.

ოღონდ ერთი კია, რომ რეალობას ასახავენ მხოლოდ ატომარული წინადადებები იმის ძალით, რომ მათში შემავალი ლოგიკურად საკუთარი სახელები უზრუნველყოფენ სამყაროსთან კავშირს, ვინაიდან, თუ გამონათქვამი არის სახელი, მაშინ უნდა არასებობდეს კონკრეტული ნივთი, რომელსაც აღნიშნავს სახელი. ატომარული წინადადება ჭეშმარიტია იმ შემთხვევაში, როც ის შეესაბამება ატომარულ ფაქტს, რომელიც რასსელის მიერ განიხილება რთულ არსებად, შემდგარად პრედიკატების მიერ აღნიშნული უნივერსალიებისაგან და საკუთარი სახელებით სახელდებული პარტიკულარიებისაგან. რაც შეეხება ჭეშმარიტების მნიშვნელობას იმ მოლეკულარული წინადადებებისა, რომელნიც წარმოიქმნებიან ატომარულთაგან ლოგიკური მაკავშირებლების — „და“, „ან“, „არა“ და ა.შ. გამოყენებით, მათი განსაზღვრა ხდება როგორც ფუნქციისა იმ ჭეშმარიტებითი მნიშვნელობისგან შემადგენელ ატომარულ წინადადებებს რომ ახასიათებს. მაგრამ აქ იბადება კითხვა: თუკი ატომარული წინადადებების ჭეშმარიტობა გაპირობებულია მათი ატომარულ ფაქტებთან შესაბამობით, მაშინ არსებობს, თუ არა სამყაროში ფაქტები, რომელნიც უნდა შეესაბამებოდნენ უარყოფით, კონიუნქციურ, დისიუნქციურ და სხვა რთულ წინადადებებს? კონიუნქციის შემთხვევაში, რასსელი ფიქრობს, რომ წინადადება P&Q ჭეშმარიტია იმ შემთხვევაში, როცა ის ერთდროულად შეესაბამება იმ ფაქტებს, რომელნიც ხდიან ჭეშმერიტად P-საც და Q-საც შესაბამისად. არაა საჭირო სახეზე გაგვაჩნდეს რაიმე რთული კონიუნქციური ფაქტი, რამეთუ ორ ფაქტთან ერთდროული შესაბამისობა საკმარისია კონიუნქციური წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობის დასადგენად. მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამს ინგლისელი მოაზროვნე დისიუნქციასთან დაკავშირებითაც: დისიუნქციური წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა სრულიად განისაზღვრება ერთ ან ორ შესაბამის ფაქტთან თანხმობით, ე.ი. ყოველგავრი დისიუნქციური ფაქტების არსებობის დაშვების გარეშეც. ამიტომაა, რომ არც დისიუნქცია და არც კონიუნქცია არაფერს არ აღნიშნავს სამყაროში. მაგრამ, რაც შეეხება უარყოფას, მასთან დაკავშირებით რასსელის პოზიცია განსხვავებულია, რამეთუ იგი აღიარებს უარყოფითი ფაქტების არსებობას. ჭეშმარიტების მნიშვნელობა წინადადებისა არა-P შეუძლებლია გაპირობებული იყოს იმ ფაქტთან შესაბამისობით, რომელიც ხდის ჭეშმარიტად წინადადებას P, რამეთუ ასეთი ფაქტი არ არსებობს. მაშ რომელ სხვა ფაქტს შეიძლება შეესაბამებოდე ის? რასსელი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს, გარდა იმის აღიარებისა, რომ ჭეშმარიტი უარყოფითი წინადადება შეესაბამება ფაქტს, რომელშიც ჩვეულებრივი კომპონენტების გარდა შედის აგრეთვე „არა“-თი აღნიშნული აბსტრაქტული ელემენტიც. თავის ონტოლოგიაში რასსელი რთავს „ზოგად“ ფაქტებსაც, რომელთაც შეესაბამებათ კვანტორიანი წინადადებები, — იმ საფუძველზე, რომ ზოგადი მსჯელობები, როგორც წესი, არ გვევლინებიან ერთეულადი მსჯელობების ერთობლიობიდან ლოგიკური გამომდინარეობის შედეგად, არამედ, როგორც ჩანს, უნდა არსებობდეს ზოგადი ფაქტები, რომელთა რედუცირებაც ერთეულად, კერძო ფაქტებზე შეუძლებელია. გარკვეული მერყეობის ფონზე რასსელი აღიარებს „არაექსტენსიონალურ“ ფაქტებს, რომელნიც შეესაბამებიან პროპოზიციურ წინადადებებს (მაგ., „თვლის, რომ…“, „იმედოვნებს, რომ…“ და ა.შ.), თვლის რა, რომ მათი ჭეშმარიტობა შეუძლებელია აიხსნას იმ ფაქტების დახმარებით, რომელნიც შეესაბამებიან მათში შემავალ დამატებით წინადადებებს.

როგორც ვხედავთ რასსელის მიერ დადგენილ სამყაროს ონტოლოგიურ სტრუქტურაში გადამწყვეტ როლს თამაშობს „შესაბამისობის“ პრინციპი, რომელიც ძევს ჭეშმარიტების მისეული გაგების საფუძვლად. ასე რომ, რასსელი იზიარებს ჭეშმარიტების კორესპონდენციულ თეორიას, თუმცა კი, შეაქვს მასში გარკვეული მნიშვნელოვანი დაზუსტებები. მისი აზრით, წინადადება (ან მსჯელობა) P ჭეშმარიტია, თუკი სამყაროში არსებობს ერთგვარი ფაქტი, რომელიც ამ წინადადებით ზუსტად აღიწერება. ზუსტი აღწერა გულისხმობს, რომ წინადადების ლოგიკური სტრუქტურა შეესაბამება ფაქტის ონტოლოგიურ სტრუქტურას; ამიტომაა, რომ რასსელისთვის ჭეშმარიტება — ესაა მარტივი ერთგვაროვანი სტრუქტურული შესაბამისობა, ანუ კონგრუენტულობა, რომლის წყალობითაც უზრუნველიყოფა ენაში გამოხატული აზრისა და შესატყვისი ობიექტური ფაქტის შესაბამისობა. მაშ ასე, რსსელის წარმოდგენაში, კავშირს ენასა და რეალობას შორის გააჩნია ორი ასპექტი: ჯერ ერთი, ესაა სტრუქტურული შესაბამისობა წინადადებასა და ფაქტს შორის, რომლის წყალობითაც განისაზღვრება წინადადების ჭეშმარიტობა, და მეორე, ესაა პირდაპირი კავშირი ლოგიკურად საკუთარ სახელებსა და პრტიკულარიებს შორის, ასე რომ, თუ რომელიმე გამოსახულება არის საკუთარი სახელი, მაშინ უნდა არსებობდეს პარტიკულარიაც, რომელიც ამ სახელით აღინიშნება.

რასსელის ლოგიკური ატომიზმის კონცეპციის მნიშვნელოვანი შემადგენელია არსებობის მისეული გაგება. ამ კონცეპციის ჩამოყალიბების დასკვნით ეტაპზე ამ საკითხის მისეული გაგებაც მკაფიოდ გამოიკვეთა. ის ამბობდა, რომ „უთვალავი რაოდენობის მცდარი ფილოსოფიების შექმნა განაპირობა იმის არცოდნამ, თუ რას ნიშნავს არსებობა“ (რასსელი, 1956, p. 234). ისიც, ფრეგეს კვლად, თვლიდა, რომ „არსებობის“ ზუსტი მნიშვნელობა გადმოიცემა ეგზისტენციალური (არსებობის) კვანტორით. განსხვავება იმაშია, რომ, თუ ფრეგე თვლიდა, რომ ეს კვანტორი გამოხატავს ცნების თვისებას, რასსელი მათ განიხილავდა პროპოზიციულ ფუნქციასთან მიმართებაში. ის წერდა, „არსებობა თავისი ბუნებით პროპოზიციული ფუნქციის თვისებაა. ის მიგვანიშნებს, რომ ეს პროპოზიციული ფუნქცია ჭეშმარიტია ერთ შემთხვევაში მაინც“ (რასსელი, 1956, p. 232), ანუ თვისებას ან მიმართებას, გამოხატულს ამ პრპოზიციული ფუნქციით, გააჩნია ერთი „ინსტანცია“ მაინც. აქედან გამომდინარეობს, რომ „სამყაროში ინდივიდები არ არსებობენ, ან, რომ უაზრობაა საუბარი მასზე, რომ ისინი ან არსებობენ, ან არარსებობენ“ (რასსელი, 1956, p. 252). ამიტომ მსჯელობა: „ადამიანები არსებობენ. სოკრატე ადამიანია. შესაბამისად, სოკრატე არსებობს“ — იმდენადვეა მცდარი რამდენადაც მსჯელობა: „ადამიანები მრავალრიცხოვანნი არიან. სოკრატე ადამიანია. მაშასადამე, სოკრატე მრავალრიცხოვანია“.

არსებობის ამგვარ გაგებაში ერთმანეთს თანხვდება რასსელის ენის ფილოსოფია და ეპისტემოლოგია. რამდენადაც წინადადება, რომელშიც ხორციელდება ინდივიდისთვის არსებობის პრედიკაცია, დესკრიფციის თეორიის თანახმად, უნდა ითარგმნებოდეს ეგზისტენციური კვანტორის მქონე წინადადებად (რომელიც გვეუბნება, რომ არსებობს რაღაც, რაც ატარებს ასეთსა და ასეთ თვისებას), სადაც არსებობა დაკავშირებული აღმოჩნდება თვისებებისა და მიმართებების ინსტანციასთან; ხოლო, სწორედ ეს უკანასკნელნი შეადგენენ ნაცნობობითი ცოდნის აქტების შინაარსს. ერთის მხრივ, ის, რა თქმა უნდა, გვევლინება ნეორეალიზმის მომხრედ და შეხედულებებს გარკვეული არსებების (გრძნობადი მონაცემების) ცნობიერებისგან დამოუკიდებელსა და ობიექტურ არსებობაზე აყალიბებს ამ მიდგომის სულისკვეთებით. მეორეს მხრივ, მისი ნეორელიზმი იძენს „ლინგვისტიკურ“ ელფერს, რამდენადაც უმარტივესი მეტაფიზიკური ატომების გამოვლენაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მისივე ენის ლოგიკური ანალიზი. არ სურს რა აღიაროს, რომ მსჯელობის ყოველი კომპონენტი დაკავშირებულია რაიმე არსებულთან, რასსელმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის წყალობითაც მას მიეცა საშუალება იმის ნათელყოფისა, თუ რომელი ენობრივი გამოსახულებები ატარებენ ონტოლოგიურ დატვირთვას. ამ მეთოდის დახმარებით მან მოახერხა ენიდან ელიმინირება არაფრის აღმნიშვნელი ენობრივი გამოსახულებებისა და შემოგვთავაზა შესაფერისი რეფორმულაციის გზა იმისთვის, რომ მათი ლოგიკური სტრუქტურის მიხედვით შესაძლო გამხდარიყო მსჯელობა წინადადებით აღწერილი ფაქტების ონტოლოგიურ სტრუქტურაზე.

თუმცა, აქ გარდუვალად იბადება კითხვა მასზე, რატომ უნდა არსებობდეს პარალელიზმი უმარტივეს ლინგვისტურ „ატომებსა“ და რეალობის საბაზისო ელემენტებს შორის და, ამასთანავე, რატომ უნდა მივიღოთ სამყაროს უმარტივეს, უკვე განუყოფელ მეტაფიზიკურ „ატომებად“ გრძნობადი მონაცემები. რასსელს არ მოუცია პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის მიერ შემოთავაზებული ონტოლოგიური გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა ყოფილიყო ეპისტემოლოგიური მოსაზრებებით. მართლაც, თუკი რეალობის საბაზისო ელემენტებად ვაღიარებთ გარძნობად მონაცემებს, ჩვენ გვიჩნდება შანსი იმის ახსნისა, თუ როგორაა შესაძლებლი სამყაროს შემეცნება. სწორედ რომ ნაცნობობის მიმართება, რასსელის აზრით, გვაძლევს პასუხს თუ როგორ ახერხებს ჩვენი აზრები და ენა იყვნენ სამყაროზე მოსაუბრე აზრები და ენა, სამყაროზე, რომელიც გარეშეა ჩვენი ცნობიერებისთვის. ეს მიმართება წარმოადგენს იმ წერტილს, რომელშიც ხორციელდება უშუალო კონტაქტი რეალობასა და შემმეცნებელ სუბიექტს შორის; ამ მიმართებაზე გავლით სუბიექტისთვის „იხსნება“ სამყარო, და ამიტომაა, რომ ის არსებები, რომელნიც შეიმეცნებიან ნაცნობობით მოპოვებული ცოდნის აქტებში, წარმოგვიდგებიან კიდეც სამყაროს უმარტივეს მეტაფიზიკურ ელემენტებად.

დსკვნის სახით აღვნიშნავთ კიდევ ზოგიერთ, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვან თავისებურებას რასესსელისეული კონცეპციისა, რომელიც შეეხება ენისა და რეალობის კავშირს.

ჯერ ერთი, რასსელის ენის მოდელი თავის ძირითად შტრიხებში იმეორებს ფრეგესეულ მოდელს. ეს ჩანს იმაშიც, რომ ენის კვინტესენციად და ნიმუშად მასაც წარმოუდგება მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ექსტენსიონალური ფორმალურ ლოგიკური ენა; გარდა ამისა, იმაშიც — რომ ენა მის მიერ აიღება მისი ერთადერთი ფუნქციური დატვირტვით — მოახდინოს გარეენობრივი სფეროს რეპრეზენტაცია; აგრეთვე იმაშიც, რომ მიმართებას სახელსა და მის რეფერენტს შორის, ის უყურებს როგორც მარტივსა და ცალსახოვანს. ადამიანი ამ მოდელში წარმოდგენილია როგორც მხოლოდ სუბიექტი, რომლის ნაცნობობითი ცოდნის აქტებიც გვევლინება ერთგვარ არხად სახელის რეფერენტის დასადგენად.

მერე მეორე, თუმცა რასსელმა არ მიიღო ფრეგეს „სამდონიანი“ სემანტიკა („ნიშანი-საზრისი-მნიშვნელობა“) და შეიმუშავა „ორდონიანი“ სემანტიკა („ნიშანი-მნიშვნელობა“), ამას არ ჰქონია ჯერჯერობით რადიკალური მნიშვნელობა ონტოლოგიისთვის, რამდენადაც, როგორც აღნიშნავს გ. კიუნგი, „ორდონიან სემანტიკაში რეალობის ასახული არე შეიძლება მოიცავდეს ისეთსავე აბსტრაქტულ არსებებს, როგორსაც ადგილი აქვს სამდონიანი სემანტიკის საზრისთა არეში“ (კიუნგი, 1999, c. 94).

მერე მესამე, რასსელის ლოგიკური ატომიზმი შეიცავს არა მხოლოდ დისკრეტული „ატომების“ ონტოლოგიას, არამედ თავისებურ „სემანტიკურ ატომიზმსაც“, რომელიც ორნაწილიანია — „ჭეშმარიტების ატომიზმი“ და „მნიშვნელობის ატომიზმი“. ჭეშმარიტების ატომიზმის თანახმად, ყოველი ატომარული წინადადება (ან მსჯელობა) არის სრულიად ჭეშმარიტი ან მცდარი დამოუკიდებლად სხვა ატომარული წინადადებებისგან. მნიშვნელობის ატომიზმის თანახმად კი ენობრივი გამოსახულება ფლობს მნიშვნელობას სიტყვებსა და სამყაროს შორის არსებული კავშირის წყალობით, ე.ი. რეფერნციული მიმართების წყალობით. ეს მიმართება წინ უსწრებს იმას, რა როლსაც შემდგომ ასრულებს მოცემული გამოსახულება, და რომელიც (მიმართება) დგინდება ამ როლისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, რეფერენცია გაიგება როგორც პირველადი მიმართება ენასა და სამყაროს შორის, ხოლო ჭეშმარიტება, როგორც მიმართება წინადადებებსა და ფაქტებს შორის, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა შემადგენელ ნაწილებს ამ წინადადებებისა გააჩნიათ რეფერენცია რაიმე არსებულთან.

მოხაზა რა კონტურები გრანდიოზული მეტაფიზიკური სისტემისა, რომლის ფარგლებშიც ლოგიკურად სრულყოფილი ენა უზრუნველყოფდა ფილოსოფოსებს რეალობის აღსაწერი ინსტრუმენტით, რასსელმა მალე მიანება თავი ამ მიმართულებით მუშაობას და მიმართა გადასწყვტად სხვა პრობლემებს. შემდგომი გააზრება ამ თემატიკისა გაგრძელებულ იქნა ვიტგენშტაინის მიერ „ლოგიკურ-ფილოსოფიურ ტრაქტატში“ (1921), სადაც წარმოდგენილია ლოგიკური ატომიზმის მისეული ვარიანტი.