Skip to main content

ლ. მაკეევა. “ლ. ვიტგენშტაინის ლოგიკური ატომიზმი: ენა როგორც რეალობის განსახიერება”.

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან

 

 

ლუდვიგ ვიტგენშტაინის (1889-1951) „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ იკავებს განსაკუთრებულ ადგილს მეოცე საუკუნეში შექმნილ ფილოსოფიურ ნაშრომებს შორის. ის გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი არაჩვეულებრივი სტილისტიკითა და ორიგინალური აღნაგობით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდუმალებით, რომლის ბურუსიც გარს აკრავს მის ზოგიერთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იდეას. გარკვეული ხარისხით ეს აიხსნება იმით, რომ ვიტგენშტაინმა, პაულ ენგელმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გარკვეული ლოგიკური დასკვნები გამოიტანა ცხოვრებასთან და სამყაროსთან არსებითად მისტიკური დამოკიდებულებიდან“ (ციტირებულია [Munitz, 1981, p.180] მიხედვით). თავის ნაშრომში ის, ერთის მხრივ, გავთავაზობს ისეთი პრობლემების გადაწყვეტას, რომელნიც ადასტურებენ ფრეგესთან და რასსელთან მის ნათესაობას, ხოლო, მეორეს მხრივ, ტრაქტატის შეთხზვა ნაკარნახევი იყო სულ სხვა ინტერსებით: ვიტგენშტაინს აღელვებდა ეთიკური საკითხები — მაგ., ცხოვრების საზრისი, სიკეთისა და ბოროტების ბუნება. მნიშვნელობა და ღირებულება „ტრაქტატის“ ამ ორი გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხისა განსხვავებულად ფასდება მათ მიერაც, ვინც ავსტრიელი ფილოსოფოსის იდეები აღიარა და მიიღო, და მათ მიერაც, ვინც მისი შემოქმედება კრიტიკულად გამოიკვლია. „ტრაქტატის“ აქ წარმოებულ მოკლე მიმოხილვაში ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ ლოგიკური ატომიზმის კონცეპციით, არა იმიტომ, რომ ჩვენის აზრით, სწორედ ის იმსხაურებს ყველაზე მეტ ყურადღებას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია — გავიაზროთ ის წვლილი, რმელიც ადრეულმა ვიტგენშტაინმა შეიტანა ენასა და სამყაროს შორის არსებული წარმოდგენების განვითარებაში, ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში.

უეჭველია, ვიტგენშტაინი აგრძელებს ფრეგესა და რასსელის გზას, რამეთუ „ტრაქტატში“ განხილულ პრობლემებთან ისიც მივიდა მათემატიკის დაფუძნების ინტერესით და ამ ორი მოაზროვნის ნაშრომების გაცნობის წყალობით. მათგან მიიღო მემკვიდრეობით რიგი მნიშვნელოვანი იდეა, სპეციალური ტერმინოლოგია და მრავალი კონცეპტუალური თავისებურება. მეტიც, მის მიერ შემოთავაზებული ლოგიკური ატომიზმის ვარიანტი მრავალ მნიშვნელოვან ასპექტში ემთხვევა რასსელისეულ მოძღვრებას; და მაინც, მიუხედავად ამისა, არ ღირს გაზვიადება-გადაჭარბება ვიტგენშტაინის მის წინამორბედებთან სიახლოვის შეფასებისას. შემთხვევითი როდია, რომ როცა „ტრაქტატზე“ მუშაობა დასრულდა და ვიტგენშტაინმა გააცნო ის ფრეგესა და რასსელს, მათმა რეაქციამ იმედი გაუცრუა მას. როგორც გულდაწყვეტილი აღნიშნავს ის ერთერთ თავის წერილში (იხილეთ.:[munitz, 1981, p.170]), ფრეგემ გულწრფელად აღიარა, რომ მან ვერაფერი გაუგო ამ ნაშრომს, ხოლო რასსელმა ის არასწორად გაიაზრა.

ლოგიკური ატომიზმის კონცეპციაში რასსელისა და ვიტგენშტაინის მსგავსება გაპირობებულია იმით, რომ ერთიცა და მეორეც ენის ლოგიკურ ანალიზში ხედავენ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება აღმოვაჩინოთ სამყაროს ონტოლოგიურად უმარტივესი ელემენტები. ამგვარი ანალიზის აუცილებლობას ორივე ამართლებს იმით, რომ წინადადების გრამატიკული და ლოგიკური ფორმა ერთმანეთს არ ემთხვევა; ასე, მაგ., ვიტგენშტაინის თქმით, ენა „გადაიცმევს“ აზრებს, ის ლინგვისტური გარსის შიგნით მალავს ნამდვილ ლოგიკურ ფორმას. ორივე მოაზროვნე ახდენს პოსტულირებას მკაცრი პარალელიზმისა წინადადების სტრუქტურასა და ფაქტის ონტოლოგიურ სტრუქტურას შორის. ანალიზისას ორივე ეყრდნობა მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ექსტენსიონალურ ფორმალურ-ლოგიკურ ენას. მაგრამ, ამ ერთგვაროვანი მიდგომის რეალიზაციისას მათთან შეიმჩნევა სერიოზული განსხვავებებიც, რომელნიც, როგორც ვნახავთ, გამოწვეულია, ლოგიკის მათეული გაგებით.

განსხვავებანი იწყება უკვე ლოგიკური ატომის განხილვისას. თუ რასსელი მკაფიოდ უთითებს, რომ ამ უკანასკნელში ის გულისხმობს გრძნობად მონაცემებს, ვიტგენშტაინი არ იძლევა მათ ზუსტ განსაზღვრებას და არ მოჰყავს მაგალითები; თუმცა, იქედან, რასაც იგი მასზე ამბობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ატომში იგულისხმება ინდივიდუალური ობიექტები ან საგნები, რამდენადაც ისინი არიან უმარტივესნი, მყარნი, უცვლელნი და შეადგენენ „სამყაროს სუბსტანციას“. მათ არ გააჩნიათ ფორმა, ფერი და ყველა ის ჩვეულებრივი თვისება, რომელიც გააჩნია ჩვენს გარშემო მყოფ ნივთებს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში, თუმცა, ისინი გვევლინებიან იმად, რაც შეადგენს და ქმნის გარშემო მყოფ ნივთებს იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ. ჩვეულებრივი თვისებების არქონის გამო, ჩვენ არ ძალგვიძს ამ უმარტივესი ობიექტების აღწერა, არამედ შეგვიძლია მათი მხოლოდ სახელდება. ამ მარტივი ობიექტების მთავარი თავისებურება არის ის, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთთან კომბინირება-კონფიგურირების პროცესში ერთმანეთთან შესვლა, რის გამოც „… ჩვენ ვერ მოვიაზრებთ ვერანაირ ობიექტს სხვა ობიექტთან კავშირის შესაძლებლობის გარეშე“ (2.0121) [ვიტგენშტაინი, 2008, c. 38]; ამგვარი კავშირის შესაძლებლობა კი ძევს თავად ობიექტში. ობიექტთა ყველა შესაძლო კონფიგურაცია წარმოგვიდგენს ისეთ საქმის ვითარებას, რომელსაც ვიტგენშტაინი, რასსელის კვალად, უწოდებს ატომარულ ფაქტს. „საგნისთვის ნიშნეულია ის, რომ მას შეუძლია იყოს ატომარული ფაქტის შემადგენელი ნაწილი“ (2.011). ამასთანავე, სამყაროში ადგილის მქონე ყველა ცვლილება გამოწვეულია ობიექტთა ერთი კონფიგურაციის ნგრევითა და სხვა კონფიგურაციათა წარმოქმნით: „ობიექტი არის მუდმივად არსებული; კონფიგურაცია არის ცვალებადი, არამდგრადი“ (2.0271).

იმას, რომ ობიექტებაში (უმარტივეს ატომებში) ჩადებულია შესაძლებლობა სხვა მსგავს ობიექტებთან კომბინირებისა, ვიტგენშტაინი ახასიათებს როგორც „ობიექტის ლოგიკურ სტრუქტურას“. ეს ფორმა განსაზღვრავს ყველა ობიექტისთვის განსხვავებულ შესაძლებლობათა „სივრცეს“. ობიექტები არ ფლობენ განსაკუთრებულ შინაარსს, რომელსაც შეიძლება ვწვდეთ, შევიმეცნოთ. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ არიან კომბინირებულნი, მოწესრიგებულნი მარტივი ობიექტები, მაგრამ გაგება იმისა, თუ როგორნი არიან ისინი თავისთავად, ჩვენ აღარ ძალგვიძს; მათი ეს მეტაფიზიკური „ბურუსით მოცულობა“ წარმოგვიდგება მათთვის არსებითად.

ამგვარად, ვიტგენშტაინის თანახმად, მარტივი ობიექტები გვევლინებიან ცვალებადობათა არა მხოლოდ მარადიულ, უცვლელ წყაროდ, არამედ წყაროდ ყოველგავრი შესაძლებლობებისაც. თქმა იმისა, რომ რაიმეს არ აქვს ადგილი, არ შეიძლება არსებობდეს, ნიშნავს თქმას: მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ობიექტები არ არიან კომბინირებულნი ასე და ამგვარად, ისინი შეიძლებოდა, რომ ზუსტად ასე და ამგვარად ყოფილიყვნენ კომბინირებულნი. წარმოგვიდგებიან რა „სამშენებლო აგურებად“, რომელთაგანაც შედგება არსებული სამყარო, მარტივი ობიექტები რჩებიან იმავად (რაც იყვნენ ამ კონკრეტულ კომბინაციაში ჩართვამდე) ყოველ იმ შესძლო მდგომარეობაში, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს სამყარო, სამყარო, რომელსაც „დაემართა“ ყოფილიყო ასეთი და ასეთი მარტივ ობიექტთა კონფიგურაციული ხდომილების ძალით და რომელიც, აქედან გამომდინარე, სრულიად შემთხვევითის სფეროს მიეკუთვნება. მხოლოდ აბსოლუტურად ყველა შესაძლო კომფიგურაციათა ერთობლიობა შეადგენს აუცილებლობის სფეროს. მართალია, შესაძლო საგნობრივი ვითარების ფენომენს ვიტგენშტაინის კონცეპციაში ეთმობა მნიშვნელოვანი ადგილი, ჩვენ მაინც არ გვაქვს საფუძველი, რომ ავსტრიელი მოაზროვნე მივაკუთვნოთ „მოდალური რეალიზმის“ მომხრეთა რიგს, ვინაიდან „ტრაქტატში“ არაფერია ნათქვამი მასზე, რომ საგნობრივი ვითარებანი ნამდვილი ფაქტების გარდა, შეიცავს დამატებით არსებებს — როგორც შესაძლო ფაქტებს, რომელნიც „სისხლ-ხორციელად“ სავსე არსებობის თუ არა, რაღაცაგვარი „ სუსტი“ არსებობის მფლობელნი მაინც არიან. უწოდებს რა ერთგვარ საგნობრივ ვითარებას შესაძლოს, ვიტგენშტაინს, უფრო სავარაუდოა, რომ მხედველობაში აქვს მხოლოდ ის, რომ სამყაროში შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ობიექტთა არა ისეთ კონფიგურაციას, როგორიც არს, არამედ სხვაგვარს. ამასთანავე, ვიტგენშტაინისთვის წარმოდგენა ფაქტზე, როგორც რაღაც რეალურად სახეზე მყოფზე, ფონად გულისხმობს წარმოდგენას იმაზე, რაც შეიძლებოდა სახეზე მოცემული ყოფილიყო.

როგორც რასსელთან, ვიტგენშტაინთანაც უმარტივესი ფაქტები ერთიანდებიან ატომარულ ფაქტებად, ოღონდ ამ პუნქტშიც შეინიშნება მნიშვნელოვანი სხვაობა. განსაზღვრავს რა ატომარულ ფაქტებს ობიექტთა კონფიგურაციებად, ვიტგენშტაინს მოჰყავს მაგალითად მათი ჯაჭვთან ანალოგია (2.03): მსგავსად იმისა, როგოგორც ჯაჭვის რგოლები არიან შეერთებული ერთად მათი ურთიერთგანლაგებულობის წყალობით, ასევე ობიექტებიც არ საჭიროებენ რაიმე ონტოლოგიურ „წებოს“ ატომარულ ფაქტად გაერთიანებისთვის. ამით ვიტგენშტაინი უარყოფს რასსელისეულ წარმოდგენებს მიმართებებზე, როგორც ონტოლოგიურ ატომებზე. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე ვიცით, რასსელთან ასრულებდა სხვა ონტოლოგიური ატომების კომპლექსად შემაკავშირებლის როლს. ამიტომ, ვიტგენშტაინთან დაშვებულია მხოლოდ ინდივიდუალური ობიექტების არსებობა, ხოლო უნივერსალიების არსებობა უარყოფილია. რამდენადაც ვიტგენშტაინისეული ონტოლოგიური ატომის ბუნებაში იმთავითვე ნაგულისხმევია მისი შესვლა ატომარულ ფაქტში, ეს ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, ობიექტი დამოუკიდებელია, რამეთუ ძალუძს ყველა საგნობრივ ვითარებაში არსებობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, „დამოუკიდებლობის ეს ფორმა, წარმოადგენს ატომარულ ფაქტთან კავშირის ფორმას, ე.ი. დამოკიდებულ ფორმას (2.0122). აქედან გამომდინარე, ვიტგენშტაინი განსაზღვრავს სამყაროს არა საგანთა, არამედ ფაქტთა ერთობლიობად (1.1). ვიტგენშტაინი სამყაროს ონტოლოგიური აღწერიდან გადადის „ხატის“ ან „სურათის“ თეორიის აგებაზე. თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული ხატები იქმნება ჩვენსავე მიერ, მათ გააჩნიათ ონტოლოგიური საფუძველი, რამეთუ ხატად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველივე ის, რასაც გააჩნია ასახულის მსგავსი სტრუქტურა. ყოველი ხატი წარმოგვიდგება ნაწილებისა და ელემენტებისგან შემდგარ კონფიგურაციად. როგორც ეს კარგადაა ცნობილი, „ტრაქტატისთვის“ მომზადებულ მასალებში ვიტგენშტაინი განმარტავს ხატის ცნებას სასამართლო დარბაზში განვითარებული მოვლენების მოდელის მაგალითზე, სადაც ხდება საგზაო ინციდენტის დემონსტრირება, რომლის დროსაც რეალური ავტომობილები ჩანაცვლებულია სათამაშო ავტომობილებით. ამ მაგლითში ვხედავთ, რომ ხატსა და ასასახს შორის ადგილი აქვს სივრცობრივ სტრუქტურათა და ფორმათა დამთხვევას, თუმცა, ისიც ცხადია, რომ სივრცობრივი იზომორფიზმი არაა ხატისთვის არსებითი. იმ მინიმალურ სტრუქტურულ იზომორფიზმს, რომელიც ყოველ ხატს უნდა ახლდეს, რათა ის საერთოდ იყოს ხატი, ვიტგენშტაინი უწოდებს ლოგიკურ ფორმას. რამდენადაც ფაქტები წარმოგვიდგებიან ობიექტთა კონფიგურაციებად და, შესაბამისად, ფლობენ ლოგიკურ ფორმას, ისინი შეიძლება მოგვევლინონ როგორც ხატად, ისე ასასახადაც. სწორედ ფაქტთა ლოგიკური ხატები, რომელთაც ვიტგენშტაინი მიაკუთვნებს აზრებსა და წინადადებებს, წარმოადგენს მისთვის განსაკუთრებულ ინტერსს. აზრები შედგებიან ფსიქოლოგიური ელემენტებისგან, რომელთა ურთიერთკავშირიც ასახავს ფაქტთა ლოგიკურ ფორმას, ოღონდ, რამდენადაც მისთვის ყოველ აზრს გააჩნია გამოხატულება ენაში, იგი მათავარ ყურადღებას აქცევს ფაქტთა ლინგვისტურ ხატებს.

თუ ჩვენ ჩავატარებთ ენის „სრულ“ ლოგიკურ ანალიზს, მაშინ, ვიტგენშტაინის თანახმად, ჩვენ მივიღებთ წინადადებათა ყველაზე უფრო მარტივ კლასს, რომელთაც ის უწოდებს ელემენტარულს და რომელნიც, მისი აზრით, წარმოადგენენ სახელთა კონფიგურაციებს, „ურთიერთგადაჯაჭვას“. გვევლინება რა ლინგვისტურ ფაქტად, ელემენტარული წინანდადება წარმოგვიდგენს ხატს გარკვეული (რეალური ან შესაძლო) საგნობრივი ვითარებისა ან ატომარული ფაქტისა იმ აზრით, რომ წინადადებაში სახელთა ურთიერთშეთანხმების ხერხი ემთხვევა ხერხს, რომლითაც ობიექტები არიან კომბინირებულნი საგნობრივ ვითარებაში. კი, მაგრამ, რას ნიშნავს ეს დამთხვევა? ეს უკანასკნელი ვერ იქნება მსგავსება წინადადების ელემენტთა და საგნობრივ ვითარებას შორის ფიზიკური, სივრცობრივი ურთიერთთანხვედრის აზრ-გაგებით. ვიტგენტაინის თანახმად, ფაქტი და მისი ლინგვისტიკური ხატი არსებობენ ერთ და იმავე ლოგიკურ სივრცეში და, გამომდინარე აქედან, შეიძლება გააჩნდეთ საერთო ლოგიკური ფორმა. რამდენადაც მისთვის სახელი წარმოადგენს კონვენციურ ნიშანს, ხატისა და ფაქტის ლოგიკური ფორმის მხრივ თანხვედრა უნდა გავიგოთ ასე: სახელები ერთმანეთთან კომბინირდებიან იმ წესების შესატყვისად, რომელნიც ქმნიან ენის „სინტაქსისს“; სინტაქსისი კი იმდენადვეა გამსჭვალული ლოგიკით, რამდენადაც ყოველივე ის, რაზეც ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ამდენად, ლინგვისტური კონვენციებისა და ენის „ლოგიკური“ სინტაქსისის წყალობით, წინადადების წარმოქნისას სახელთა თანხმობის ხერხებს ძალუძთ მოახდინონ რეპრეზენტაცია იმ ხერხებისა, რომელთა გამოისობითაც კომბინირდებიან ობიექტები საგნობრივ ვითარებაში. ამასთანავე, ვიტგენშტაინს ლოგიკური ფორმა ესმის რაღაც ისეთად, რაც „არ გამოითქმის“. ხატი არის ფაქტის ანასახი, მაგრამ, მას არ შეუძლია ასახოს ის, რისი წაყლობითაც იქმნა იგი ხატად. „წინადადებებს არ ძალძთ გამოხატონ ლოგიკური ფორმა, ის მათში უბრალოდ აირეკლება“ (4.121). წინადადებანი თავისი იერ-სახით გვიცხადებენ ლოგიკურ ფორმას, მაგრამ აღწერა მისი მათ არ შეუძლიათ.

აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ვიტგენშტაინის „ხატობრივობის“ თეორიისა. იმისთვის რომ რაიმე იქმნას ხატად, სულაც არაა აუცილებელი არსებობა იმისა, რის გამო-ხატულებასაც ის წარმოადგენს. ასე, მაგ., სურათი რომელზეც გამოსახულია კენტავრი, არის ამ უკანასკნელის ხატი, მიუხედავად იმისა, რომ კენტავრი არ არსებობს. რაიმე არის ხატი უკვე მაშინ, თუკი მის მიერ გამოხატულზე ითქმის, რომ ის (შედგენილი ობიექტი ან საგნობრივი ვითარება) შეიძლება არსებობდეს, ე.ი. შეიძლება იქნეს მოაზრებული და გამოთქმული ენაში. წინადადებებთან მიმართებაში აქედან გამომდინარეობს ის, რომ ისინი წარმოგვიდგებიან ხატებად რაღაცისა, თუ ეს რაღაცა არის შესაძლებელი. ამ ასპექტს, როგორც შემგომში ვნახავთ, გააჩნია მნიშვნელოვანი შედეგები ვიტგენშტაინის მნიშვნელობის თეორიისთვის. რამდენადაც, „ის, რასაც ხატი გამოხატავს, არის მისი საზრისი“ (2.221), ამდენად, წინადადების საზრისად წარმოგვიდგება მის მიერ ასახული შესაძლო საგნობრივი ვითარება

ვიტგენშტაინი აღიარებს მნიშვნელადი ენობრივი გამოსახულებების მხოლოდ ორ კატეგორიას: წინადადებასა და სახელს. წინადადება — ესაა რთული „პროპოზიციული“ ნიშანი, რომელიც შეიძლება დავანაწევროთ უფრო მარტივ შემადგენლებად, ხოლო სახელი — არის მარტივი ნიშანი, რომელიც აღარ ექვემდებარება დანაწევრებას და გამოვლენადია ელემენტარული წინადადებების „სრული“ ანალიზისას. ვიტგენშტაინი იზიარებს მნიშვნელობისა და საზრისის ფრეგესეულ განსხვავებას, ოღონდ მასთან ისინი მიეკუთვნებიან ენობრივი გამოსახულებების სხვადასხვა კატეგორიებს. ასე, სახელი ფლობს მნიშვნელობას, მაგრამ — არა საზრისს, ხოლო წინადადებას გააჩნია საზრისი, მაგრამ — არა მნიშვნელობა. სახელის მნიშვნელობაა მის მიერ აღნიშნული ობიექტი, რომელიც იაზრება მეტაფიზიკურად მარტივ რაიმედ, რომელიც წარმოგვიდგება ანალიზის ზღვრად, ანუ ისაა ნამდვილი ლოგიკური ატომი. სახელი არ გვატყობინებს ობიექტზე არავითარ ინფორმაციას, არამედ მხოლოდ მიუთითებს მასზე. „ტრაქტატის“ თანახმად, ყოველი სახელი ასახელებს მხოლოდ ერთ ობიექტს. სახელის სემანტიკური როლი მდგომარეობს მასში, რომ ჩაანაცვლოს დასახელებული ობიექტი წინადადებაში. ამგვარად, სახელის მნიშვნელობის გაგებაში ვიტგენშტაინი, ისევე როგორც რასსელი, ემხრობა დენოტატიურ თეორიას, თუმცა ენის ძირეულ ერთეულებად ის მიიჩნევს ელემენტარულ წინადადებებს, რამდენადაც მხოლოდ ისინი გავძლევენ რაიმეს გამოთქმის საშუალებას, სახელები კი მხოლოდ „მიგვითითებენ“ მათ მიერ აღნიშნულ ობიექტებზე. ამიტომ, ავსტრიელი მოაზროვნის განსაზღვრებით, ენა არის წინადადებათა ერთობლიობა. ელემენტარული წინადადებანი გამოხატავენ შესაძლო (სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოაზრებად) ფაქტებს, ან საგნობრივ ვითარებებს, რაც ითვლება კიდეც მათ საზრისად. ფაქტი შეიძლება იყოს აღწერილი, მაგრამ, არა სახელდებული. წინადადება ვერ ჩაითვლება ფაქტის სახელად თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ყოველ ფაქტს შეესაბამება, სულ მცირე, ორი წინადადება მაინც — ჭეშმარიტი და მცდარი.

სახელის მნიშვნელობა დგინდება კონვენციურად იმ ობიექტისთვის, რომელსაც სახელი აღნიშნავს. სახელის მნიშვნელობის ცოდნა გულისმობს მისი მატარებლის ცოდნას. სახელს რომ გააჩნდეს მნიშვნელობა, უნდა არსებობდეს ობიექტი, რომელსაც ის აღნიშნავს. რაც შეეხება საგნობრივ ვითარებას, რომელსაც გააჩნია მასზე გამოთქმული წინდადების მსგავსი სტრუქტურა, მისი (საგნობრივი ვითარების) არსებობა აუცილებელი არ არის. თუნდაც ის სულაც არ არსებობდეს, წინადადებას მაინც ექნება საზრისი. ჩვენ შეიძლება გავიგოთ წინადადება (ვწვდეთ მის საზრისს), რომელიც მანამდე არასოდეს გაგვიგონია, რამეთუ შეგვწევს ძალა მოვიაზროთ მასში გამოხატული საგნობრივი ვითარება. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გავიგოთ წინადადება უნდა ვიცოდეთ, რა საგნობრივ ვითარებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი, თუკი ეს წინადადება იქნებოდა ჭეშმარიტი, სხვაგავრად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ პირობანი მისი (ამ წინადადების) ჭეშმარიტობისა. თუ რასსელი მიიჩნევდა, რომ წინადადების „მნიშვნელობად“ გვევლინება რთული არსება, კერძოდ კი ონტოლოგიური „ატომებისგან“ შემდგარი კომპლექსი, ვიტგენშტაინი არ იზიარებდა ამგვარ პოზიციას. წინადადება რომ გააზრებულ იქნეს ის არ უნდა გამოხატავდეს რაიმე არსებას, მისი გააზრება არაა დაკავშირებული ამ არსების წვდომასთან. ეს, რასაკვირველია, იყო წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო წინადადების მნიშვნელობის გაგების თვალსაზრისით, არამედ წინადადებათა შორის არსებული მიმართებებისა და წინადადების მიერ რეპრეზენტირებული რეალობის გაგებაშიც. თუმცა ამგავრი იდეა გამოთქვა თავის დროზე ფრეგემ, მაინც ამ იდეამ თავისი კლასიკური ფორმულირება ჰპოვა ვიტგენშტაინის „ტრაქტატში“. შემდგომში ამ თეორიას მოუწია ეთამაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ენის ფილოსოფიის განვითარებაში, კერძოდ, ე.წ. პირობით-ჭეშმარიტი სემანტიკის შექმნაში.

ტენდენცია უფრო „მარტივი“ ონტოლოგიის შექმნისა შეიმჩნევა ვიტგენშტაინთან მიმართებებისა და ლოგიკური კავშირების გაგებაშიც, რომელნიც ენაში წარმოგვიდგებიან რეალაციურ პრედიკატებად და ლოგიკურ ოპერატორებად (მაკავშირებლებად). როგორც აღინიშნა, მიმართება ვიტგენშტაინისთვის არ წარმოადგენს ონტოლოგიურ არსებას, რის გამოც ისინი ვერ იქნებიან აღნიშნულნი, მათ ვერ მივაკრავთ იარლიყს. განსხვავებით „A“-სგან, „b“-სგან და „r“-ისგან გამოსახულება „arb“ არ წარმოადგენს არაფრის სახელს. ეს უკანასკნელი ასიმბოლურებს ობიექტთა გარკვეულ ურთიერთგანლაგებას ერთგვარ კომბინაციაში. ამიტომაა, რომ თუმცა ყოველდღიურ (არაიდეალურ) ენებში გამოიყენება რელაციური პრედიკატები, ენაში, რომელიც მოწოდებულია ონტოლოგიური აღწერისთვის, ეს უკანასკნელნი (რელაციური პრედიკატები) არ უნდა გხვდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ელემენტარული წინადადებანი არ უნდა შეიცავდნენ რელაციურ პრედიკატებს და, რომ კონფიგურაცია სახელდებული ობიექტებისა მათში სიმბოლიზირდება თავად მათი ფორმით. იგივე ითქმის ლოგიკურ ოპერატორებზე, რომელთა მოშველიებითაც ელემენტარული წინადადებებისგან აიგება უფრო რთული, „მოლეკულარული“ წინადადებები. მათ არ შეესაბამება არავითარი აბსტრაქტული არსებანი ან ობიექტები სამყაროში, რომელიც იქნებოდა ატომარული ფაქტების რთულ კონფიგურაციებად შემკვრელი (მაგ., უარყოფითი და ზოგადი ფაქტი, რომელთა არსებობასაც აღიარებდა რასსელი). ვიტგენშტაინისთვის ყველა ფაქტი ატომარულია. ეს გამოწვეულია იმის გაცნობიერებით, რომ ატომარული წინადადება არის ისეთი ბუნების, რომ „შეიცავს მთელ შინაარსს“, ხოლო წინადადება, წარმოებული ატომარული წინადადებებისგან, გვევლინება როგორც მხოლოდ „ამ შინაარსის განვითარება“ (ვიტგენშტაინი, 1929, p. 163), ამიტომაა, რომ მოლეკულურ წინადადებებში არაფერია იმაზე მეტი და გარდა იმისა, რასაც შეიცავს ატომი და ამ მოლეკულური წინადადებების ჭეშმარიტება ან მცდარობა შეიძლება აიხსნას ელემენტარული წინადადებების ჭეშმარიტება-მცდარობის ტერმინებში.

ჭეშმარიტების საკითხში ვიტგენშტაინი, რასსელის მსგავსად, ემხრობა კორესპონდენციის თეორიას, თუმცა, აქაც საჭიროა გარკვეული დაზუსტებანი. აღიარებს რა, რომ ყოველი ხატი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი, გამომდინარე იქედან, შეესაბამება თუ არა ის რეალობას, ვიტგენშტაინი ძირითად ყურადღებას უთმობს წინადადებებს. ელემენტარული წინადადება ჭეშმარიტია მ.დ.მ.მ. (მაშინ და მხოლოდ მაშინ), თუკი ის შეესაბამება არსებულ ატომარულ ფაქტს. ამ შესაბამისობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა წინადადებაში სახელდებული ობიექტები ნამდვილად ისე შეესატყვისებიან ერთმანეთს, როგორც ეს ჩანს წინადადებაში შემავალი სახელების ურთიერთგადაჯაჭვულობაში. რაც შეეხება მოლეკულარულ წინადადებებს, ვიტგანშტაინის აზრით, ყოველი ამგვარი წინადადების ჭეშმარიტობა გვავლინება ფუნქციად მისი შემადგენელი ატომარული წინადადებების ჭეშმარიტებისა. მაგალითად, უარყოფითი წინადადება არის ჭეშმარიტი, მ.დ.მ.მ., თუკი წინადადება, რომლის უარყოფადაც ის გამოდის, არის მცდარი, ანუ თუ არ არსებობს ამ უკანასკნელის შესაბამისი ფაქტი. უარყოფითი წინადადების ჭეშმარიტობა მდგომარეობს არსებულ ფაქტთან მის შეუსაბამობაში. ამგვარად, ვიტგენშტაინის წარმოდგენით ენა გვევლინება სამყაროს თითქმის „სარკისებურ“ ხატად: ყოველი სახელი აღნიშნავს ერთადერთ მარტივ ობიექტს, ხოლო ჭეშმარიტ წინადადებთა ერთობლიობა სიზუსტით წარმოგვიდგენს სამყაროში არსებულ ყველა საგნობრივ ვითარებას. აქედან გამომდინარეობს, რომ „ჩემი ენის საზღვრები ემთხვევა ჩემი სამყაროს საზღვრებს“ (5.6). მაგრამ, რამდენადაც ენაში წინადადებები გამოდიან არა მხოლოდ ნამდვილი, არამედ შესაძლო ფაქტების ხატების როლში (ანუ შეიძლება იყვნენ არა მარტო ჭეშმარიტნი, არამედ მცდარნიც), ამდენად ენა ესაა „მოდელი“ როგორც ნამდვილი ისე შესაძლო სამყაროებისთვის. შესაძლო საგნობრივ ვითარებათა არე (როგორც არსებულთა ისე არარსებულთა) განისაზღვრება ლოგიკური სივრცით. მაგარამ, რა აქვს მხედველობაში ვიტგენშტაინს „ლოგიკურ სივრცეზე“, „ლოგიკურ ფორმაზე“ და ა.შ. საუბრისას, საერთოდ როგორ ესმის მას ლოგიკა? დადგა დრო ამ საკითხის განხილვისა.

ლოგიკის ბუნების განხილვას „ტრაქტატში“ გადამწყვეტი მნიშვნრლობა ენიჭება და ეს ჩანს უკვე ნაშრომის სათაურშივე. ვიტგენშტაინი მართლაც თვლის ფრეგესა და რასსელის მიერ შექმნილ ლოგიკას მნიშვნელოვან მიღწევად, შედარებით ტრადიციულ ლოგიკასთან, და ხშირად ეყრდნობა მას გამოკვლევის მსვლელობაში. ოღონდ, მისი აზრით, პროგრესი ლოგკაში შეეხო ლოგიკური ანალიზის ტექნიკას, მაგარამ არა ლოგიკის ბუნების გამოკვლევას. ვიტგენშტაინს კი აინტერესებს სწორედ ეს უკანასკნელი და ამ მხრივ ის გამოდის მოწინააღმდეგედ იმისა, რასაც უწოდებს „ლოგიკის მოძველებულ გაგებას“ (6.125) და რომლის მომხრეებადაც ის თვლის ფრეგესაც და რასსელსაც. ამ „მოძველებული“ გაგების საფუძვლად ძევს წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ლოგიკა — ესაა ერთერთი მეცნიერებათაგანი, რომელიც სხვათაგან გამოირჩევა მხოლოდ თავისი კანონების უზოგადესობით. ლოგიკური კანონები აშუალებენ ყოველგვარ დემონსტრაციულ დასკვნებს, და ამ აზრით, ისაა უნივერსალურად გამოყენებადი. სწორედ მისი ფუნდამენტური კანონების უზოგადესობის წყალობით ლოგიკა უზრუნველყოფს ყველა სხვა მეცნიერებათა მომცველ ფორმებსა და სტრუქტურებს. ძირეული კანონები, რომელნიც გამოდიან ლოგიკური სისტემის აქსიომებად, ფლობენ თვითსიცხადეს, მაგრამ, ამასთან ერთად, ისინი სულაც არ არიან მოკლებულნი შინარსს.

ვიტგენშტაინი კი უარყოფს ლოგიკურის კრიტერიუმად მის ზოგადმნიშვნელადობასა და თვითსიცხადეს. მისთვის ლოგიკა ვერ იქნება მეცნიერება, რამეთუ ის წინამძვარია ყოველივე მეცნიერებისა. ის არ იკვლევს რაიმე ტიპის მოვლენებისა და პროცესების კანონებს, ამიტომ ნაცვლად ლოგიკური კანონებისა ვიტგენშტაინი საუბრობს „ლოგიკურ წინადადებებზე“, ვინაიდან სიტყვა „კანონი“, მისი აზრით, აქ მხოლოდ შეცდომაში შემყვანია. ლოგიკურ წინადადებებს არ გააჩნიათ შინაარსი და არაფერს გვეუბნებიან სამყაროს შესახებ (თუნდაც მის ყველაზე ფუნდამეტური შტრიხების თაობაზე). ვიტგენშტაინის თანახმად, მათთვის არსებითი მახასიათებელია ის, რომ ისინი გვევლინებიან ტავტოლოგიად. როგორც ცნობილია, ტავტოლოგიები წარმოიშობა წინადადებების ერთმანეთთან გარკვეული საშუალებების გამოყენებით შეერთებისას და მათი მთავარი მახასიათებლი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი გარანტირებულად ჭეშმარიტნი არიან — მიუხედავად შემადგენელი წინადადებების ჭეშმარიტობის მნიშვნელობებისა. ვიტგენშტაინისთვის ეს ნიშნავს, რომ ტავტოლოგია „თვით აჩვენებს თავის თავს“. იმ შემთხვევებში კი, როცა მათი ამოცნობა ჭირს, შეიძლება მოვიშველიოთ წმინდად „მექნიკური საშუალება“ ჭეშმარიტების ცხრილის სახით ან რაღაცაგვარი ლოგიკური დასაბუთება. ყველა ვარიანტში ტავტოლოგიის ჭეშმარიტობა დგინდება მისი სტრუქტურული ანალიზით. ეს ნიშნავს, რომ „ლოგიკური წინადადებების სპეციფიური ნიშანია ის, რომ მათი ჭეშმარიტება დგინდება თავისთავადი სიმბოლოსგან“ (6.113) და არ საჭიროებს არავითარ მიმართვას გამოცდილებასთან, ანუ წარმოგვიდგებიან ანალიტიკურ და აპრიორულ ჭეშმარიტებად.

რამდენადაც, ვიტგენშტაინის თანახმად, ლოგიკური წინადადებანი ტავტოლოგიებია, ამდენად, მათი ფუნქცია მდგომარეობს მასში, რომ ისინი „ადემონსტრირებენ წინადადების იმ ლოგიკურ თავისებურებებს, რომელნიც კრავენ მას არფრისმთქმელ წინადადებად“ (6.121). ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ლოგიკურ მახასიათებელთა რიგს განეკუთვნება მათი უნარი ურთიერთმიმართებაში ისეთი ლოგიკური კავშირების შექმნისა, რომელნიც იძლევიან საშუალებას წინადადებებიდან სხვა წინადადებების გამომდინარეობისა. ამიტომ „ის ფაქტი, რომ ჭეშმარიტობა ერთი წინადადებისა გამომდინარეობს სხვა წინადადებების ჭეშმარიტობიდან, ჩვენ შეიძლება განვჭვრიტოთ თავად ამ წინადადების სტრუქტურიდან“ (5.131), ანუ ყოველ ლოგიკურ დასკვნას საფუძველი აქვს წინადადების სტრუქტურაში ან ფორმაში. ის არ საჭიროებს არავითარ გამაშუალებელ „ლოგიკურ კანონებს“ და ატარებს ისეთსავე უშუალო ხასიათს, როგორც modus ponens. ამიტომაა, რომ ლოგიკის ნებისმიერი წინადადება წარმოგვიდგება „დასაბუთების ფორმად“, და, როგორც ჩანს, გამოხატავს ლოგიკურ აუცილებლობას. ლოგიკის ყველა წინადადებას გააჩნია თანაბარი სტატუსი (6.127), მათ შორის არ შეიძლება გამოვყოთ ძირითადნი და წარმოებულნი. მეტიც, ჩვენ ლოგიკური წინადადებების გარეშეც შეგვიძლია გავიტანოთ თავი, რამეთუ მათ მიერ დემონსტრირებული სხვა წინადადებების ფორმალური თავისებურებანი ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ „უბრალო დაკვირვების“ მეშვეობით (6.122). ვიტგენშტაინის თანახმად, ყველა სიმბოლურ სისტემაში შეიმჩნევა რაღაც შემთხვევითი, მიკუთვნებული, მაგ., ჩვენს მიერ მიღებულ კონვენციებს, და რღაც ისეთი, რაც გამოხატავს სიმბოლიზმის ბუნებას, რასთანაც მიმართება აქვს ლოგიკას; ამდენად, „თუ ჩვენ ვიცით ლოგიკური სინტაქსისი რომელიმე ნიშანთა ენისა, მაშინ ჩვენ უკვე სახეზე მოცემულად გავქვს ლოგიკის ყველა წინადადება“ (6.124). ამასთანავე, ვიტგენშტაინისთვის ლოგიკის წინადადებანი არა მხოლოდ ასახავენ სიმბოლური სისტემების აგების საშუალებებს, არამედ იძლევიან სამყაროს „ასაშენებელ ხე-ტყეს“, რის გამოც ლოგიკა თეორია კი არა სამყაროს ასახვაა“ (6.13).

უნდა ვაღიაროთ, რომ სამყარო ამგვარ „ასახულობაში“ წარმოგვიდგება ერთობ საკვირველად. რამდენადაც ჭეშმარიტობა ატომარული წინადადებისა არაა დამოკიდებული სხვა წინადადებების ჭეშმარიტებისგან (არამედ განისაზღვრება შესაბამისი ატომარული ფაქტის არსებობით), ჩვენ არ ძალგვიძს, რომ ერთი ატომარული წინადადების საფუძველზე დსკვნა გავაკეთოთ მეორე ატომარული წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობის თაობაზე. აქედან ვიტგენშტაინი ასკვნის, რომ „ვერც ერთი ატომარული ფაქტის არსებობა-არარსებობის საფუძველზე ვერ დავასკვნით იმას, არსებობს თუ არა მეორე ატომარული ფაქტი“ (2.062), ანუ ყველა ატომარული ფაქტი არის დამოუკიდებელი ერთმანეთისგან. ყოველი ატომარული ფაქტი შემთხვევითია იმ აზრით, რომ ობიექტებს, რომელნიც შეადგენენ სამყაროს სუბსტანციას, „მოუწიათ“ ამგვარ კონფიგურაციად ყოფნა. თუკი ნამდვილ სამყაროში ადგილის მქონე კონფიგურაციები შემთხვევითია, მაშინ ყველა შესძლო კონფიგურაციათა ერთობლიობა, ვიტგენშტაინის აზრით, შეადგენს აუცილებლობის არეს და ემთხვევა ლოგიკურის სივრცეს. ვიტგენშტაინის მიერ მოაზრებულ სამყაროში აუცილებლობა მხოლოდ ლოგიკურია, სხვა აუცილებელი კავშირები (მაგ., მიზეზ-შედეგობრივი) მასში არ გვხვდება. ამ ლოგიკურ აუცილებლობას გამოსახავენ ტავტოლოგიები, რომელნიც ერთდროულად არიან ანალიტიკურად და აპრიორულად ჭეშმარიტნი.

ვიტგენშტაინის მიერ აღწერილი სამყაროს უცნაურობა და საკვირველობა დიდწილად აიხსნება იმით, რომ მის „კორელატად“ მიღებულია ექსტენსიონალური ფორმალურ-ლოგიკური ენა. თუმცა „ტრაქტატში“ არაა მოცემული დაწვრილებითი და მკაცრი აღწერა ამ ენისა, მაინც, აიღო რა ათვლის წერტილად ფრეგესა და რასსელის ლოგიკური სისტემები, ვიტგენშტაინმა მრავალი ცვლილება და სიახლე შეიტანა მასში, და ამ ცვლილებებზე საჭიროა მოკლე შენიშვნების გაკეთება. როგორც ჩანს, ვიტგენშტაინისეული სიახლეები გამოწვეული იყო მისი სწრაფვით — ფორმალურ-ლოგიკური ენა მოეყვანა თანხვედრაში ლოგიკის ახლებურ გაგებასთან. ამ მიმართულებით ყველაზე მათავარი სიახლე იყო პროპოზიციული მაკავშირებლებისა და კვანტორების მაგივრად ერთიანი ოპერატორის „N“-ის შემოღება, რომელშიც მან განაზოგადა პროპოზიციული მაკავშირებლებისა და კვანტორების იდეა, და რომელიც მოწოდებული იყო იმ იდეის გამოსახატავად, რომ ჭეშმარიტობა ყოველი წინადადებისა, რომელიც ამ ოპერატორის დახმარებით მიიღება სხვა წინადადებებისგან, წარმოგვიდგება ფუნქციად ამ სხვა წინადადებების ჭეშმარიტებისა. შედეგად ვიტგენშტაინის ლოგიკურ სისტემაში ყოველი წინადადება შეიძლება აიგოს ატომარული წინადადებებისგან მათდამი ამ “N” ოპერატორის განმეორებითი გამოყენებით. ჩვენ არ შევეხებით ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს. ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ტრადიციული პროპოზიციული ლოგიკისგან განსხვავებით, სადაც ყოველი გამოსახულება წარმოგვიდგება ფუნქციად ატომარული გამონათქვამების სასრული რაოდენობის ჭეშმარიტებისა და რომელშიც არსებობობს გადამწყვეტი პროცედურა ლოგიკურად ჭეშმარიტი გამონათქვამების (ტავტოლოგიების) განსაზღვრისთვის, ვიტგენშტაინის სისტემაში ზოგიერთი წინადაება (კერძოდ კი ისინი, რომელნიც შეიცავენ ინდივიდუალურ ცვლადებს) წარმოგვიდგება ფუნქციად ჭეშმარიტებისა პოტენციურად უსასრულო რაოდენობის წინადადებებისგან ან გულისხმობენ „N“ ოპერატორის სხვა წინადადებებისადმი პოტენციურად უსასრულო განმეორებით გამოყენებას. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ შემუშვებული მეთოდი ჭეშმარიტების ცხრილებისა არა ყველა შემთხვევაში იძლევა ტავტოლოგიის გამოვლენის საშუალებას.

ვაჯამებთ რა ვიტგენშტაინის ლოგიკის მიმოხილვას, უნდა ითქვას, რომ ის აღიარებს აზრიანი წინადადებების ორ კატეგორიას: „შემთხვევით“ ჭეშმარიტი წინადადებანი, რომელთა ჭეშმარიტებაც დგინდება ემპირიული გზით, და ტავტოლოგიები (და წინააღმდეგობანი), რომელნიც გამოვლინდებიან წმინდა ფორმალური გამოთვლებით (დავამატებთ იმასაც, რომ ლოგიკის წინადადებების გარდა ტავტოლოგიებს აკუთვნებს ვიტგენშტაინი მათემატიკის წინადადებებსაც). თუმცა, არსებობს სხვა წინადადებანიც, რომელნიც არ ჯდება არც ერთ და არც მეორე კატეგორიაში (მაგ., ეთიკისა და ესთეტიკის ღირებულებითი წინადადებანი, ფილოსოფიის წინადადებანი და ა.შ.). ჩვეულებრივ ეს წინადადებანი წამოყენებულ არიან ხოლმე როგორც აუცილებლად ჭეშმარიტნი; როგორც ჩანს, მათი ჭეშმარიტობა ვერ დადგინდება ცდისეული გამოკვლევის გზით და ამიტომ, ისინი არ მიეკუთვნებიან პირველ კატეგორიას. ამასთანავე ისინი არ გვევლინებიან ტავტოლოგიებად, რამეთუ მათი ჭეშმარიტობა ვერ დგინდება ლოგიკური ანალიზის გზით. ვიტგენშტაინს არ რჩება სხვა გამოსავალი, თუ არა აღიარება მათი უსაზრისობისა, ოღონდაც ეს მისთვის ნიშნევს იმას, რომ ისინი არ არიან „გამოთქმადნი“.

აქ ჩვენ მივადექით იმ პუნქტს, სადაც შეინიშნება პრინციპული, კარდინალური განსხვავება რასსელისა და ვიტგენშტაინის ლოგიკური ატომიზმის კონცეპციაში. ეს განსხვავება ეხება ფილოსოფიის ბუნების გაგებას. საქმე იმაშია, რომ „ტრაქტატის“ ავტორის თანახმად, იმას, რაც გამოუთქმადია მიეკუთვნება აგრეთვე კავშირიც, რომელსაც ადგილი აქვს ენასა და რეალობას შორის. „წინადადებანი შეიძლება გამოსახავდნენ მთელ სინამდვილეს, მაგარამ ისინი ვერ გამოსახავენ იმას, რაც საერთო უნდა ჰქონდეთ რეალობასთან, ე.ი. ის რაც მათ აძლევს საშუალებას რეალობის ასახვისთვის — ლოგიკური ფორმა. იმისთვის, რომ გამოვსახოთ ლოგიკური ფორმა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს წინადადებებთან ერთად საკუთარი თავის ლოგიკის გარეშე, მის ფარგლებს გარეთ და, მაშასადამე, სამყაროს ფარგლებს გარეთ დაყენება“ (4.12). წინადადებებს ძალუძთ ლოგიკური ფორმის ჩვენება, რამდენადაც ის მათ გააჩნიათ, მაგრამ არ ძალუძთ მისი გამოსახვა, რამეთუ „ნებისმიერი ხატი (როგორც ნებისმიერი ფაქტი) მიანიშნებს მასზე, ატარებს მას თავის თავში, მაგრამ, სწორედ ამ ყოვლადსუფევის დამსახურებით არის ის აღუწერელი“ (სოკულერი, 1994, c. 43). ამგვარად, ლოგიკური წინადადებები არ აღწერენ ლოგიკურ ფორმას, არამედ უბრალოდ და მხოლოდ „წინა- დაგვიდებენ“, წარმოგვიდგენენ მას. აქედან გამომდინარეობს ის პარადოქსალური დასკვნა, რომ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ენას იმ კავშირის აღსაწერად, რომელსაც ადგილი აქვს ენასა და სამყაროს შორის. ამიტომაა, რომ ფილოსოფია, რომელიც ამ კავშირის აღწერას ცდილობს, ესწრაფვის რაღაც უაზროს, უსაზრისოს.

უფრო მეტიც, ფილოსოფია საერთოდაც ვერ იქნება სამყაროს აღწერის პრეტენდენტი; ეს ბუნებისმეცნიერების ფუნქციაა და არა ფილოსოფიისა; ფილოსოფიის ამოცანაა — აზრის ლოგიკური ნათელყოფა“. „ფილოსოფიის მართებული მეთოდი იქნებოდა შემდეგი: არ თქვას არაფერი, გარდა იმისა, რაც გამოთქმადია, — ანუ გარდა ბუნებისმეტყველების წინადადებებისა, ე.ი. იმისა, რასაც არა გააჩნია საერთო ფილოსოფიასთან, — და შემდეგ ყოველთვის, როცა მავანი მოინდომებს რაიმე მეტაფიზიკურის თქმას, უჩვენოს მას, რომ მან არ შეუსაბამა არავითარი მნიშვნელობა მის მიერ გამოთქმულ წინადადებებში გამოყენებულ ნიშნებს“ (6.53). ეს ნიშნავს, რომ ფილოსოფია გვევლინება მოღვაწეობად, რომლის შედეგებიც ვერ დაფიქსირდება წინადადებებისა და თეორიების სახით. ფილოსოფიის შეუძლებლობა, ქიმერულობა მისი ტრადიციული გაგებით, გამომდინარეობს იმის საზღვრების რეალურად არსებობიდან, რისი გამოთქმაც შესაძლებელია. ვიტგენშტაინი არ ყოყმანობს არც იმაზე, რომ საკუთარი ფილოსოფიური ნამოქმედარიც გამოაცხადოს უსაზრისოდ. ის გვთავაზობს, რომ „ტრაქტატის“ წინადადებეს შევხედოთ როგორც „კიბეს“, რომელიც სჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ „მართებულად დავინახოთ სამყარო“ (6.54), ხოლო შემდგომ, როცა გაცნობიერდება ამ წინადადებათა უსაზრისობა, ეს კიბე შეიძლება გადგდებულ იქნეს.

ამგვარად, თუკი რასსელი თავის ლოგიკურ ატომიზმში გვთავაზობს მეტაფიზიკურ თეორიას, ვიტგენშტაინისთვის მისი ლოგიკური ატომიზმი — ესაა მცდელობა იმის თქმისა, რისი გამოთქმაც შეუძლებელია, და ამიტომ, მკაცრად თუ ვიტყვით, ის არც უნდა ჩავთვალოთ მეტაფიზიკურ თეორიად. მაგრამ, რამდენადაც ვიტგენშტაინი მაინც შეეცადა იმის თქმას, რაც გამოუთქმელია, ჩვენც შეგვიძლია შევეცადოთ იმის შეფასებას, თუ რაგვარ ფილოსოფიურ პოზიციას გამოხატავს მის მიერ აღწერილი კავშირი ენასა და სამყაროს შორის — ანუ შევაფასოთ, არის თუ არა ის რეალისტი.

დავიწყოთ იმით, რომ ვიტგენშტაინი არ იზიარებს რასსელის ემპირისტულ ეპისტემოლოგიურ მოტივებს ენის ლოგიკურ სტრუქტურასა და სამყაროს ონტოლოგიურ სტრუქტურას შორის არსებული პარალელიზმის იდეის დასაფუძნებლად. თუკი რასსელი ამართლებდა თავის ატომიზმს გრძნობად მონაცემებთან და უნივერსალიებთან უშუალო „ნაცნობობის“ შესაძლებლობაზე მითითებით, ვიტგენშტაინი არაფრის დიდებით არ ახასიათებს ობიექტებს, რომელნიც მასთან გამოდიან ლოგიკური ატომების როლში, და არაფერს ამბობს არც იმაზე, თუ როგორ ხდება მათი შეცნობა. თუმცა „ტრაქტატი“ დაიწერა უფრო დესკრიფციული, ვიდრე არგუმენტაციული მანერით, მრავალი ავტორის აზრით, უკიდურესად ლაკონური გამართლება ლოგიკური ატომიზმისა გამოსჭვივის ფრაგმენტებში — 2.021, 2.0211 და 2.0212: „2.021. ობიექტები ქმნიან სამყაროს სუბსტანციას. ამიტომაც ისინი ვერ იქნებიან შედგენილნი. 2.0211. თუკი სამყაროს არ ექნებოდა სუბსტანცია, მაშინ წინადადებას ექნებოდა თუ არა საზრისი, დამოკიდებული იქნებოდა სხვა წინადადებების ჭეშმარიტებასა და მცდარობაზე, 2.0212. და მაშინ შეუძლებელი იქნებოდა სამყაროს ხატის შემუშავება (ჭეშმარიტისა ან მცდარისა)“. ძირითადი იდეა ამ გამართლებისა (იხილეთ, მუნიცი, 1981) შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ ატომისტური ონტოლოგიის მიზანშეწონილობა მდგომარეობს ჩვენს უნარში — ენისა და სამყაროს რეპრეზენტირების უნარში. რამდენადაც ენა ახდენს სამყაროს რეპრეზენტაციას იმის წყალობით, რომ ერთიცა და მეორეც გამსჭვალულია ერთიანი ლოგიკით, ამდენად, საბოლოო ჯამში, ლოგიკური ატომიზმის გამართლებად ვიტგენშტაინთან გამოდის თავისებური „პანლოგიზმი“.

სამყარო, აზროვნება და ენა, როგორც ისინი წარმოდგენილია „ტრაქტატში“ გამოიყურება სრულიად უპიროვნოდ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ენა თითქოს „მავანთა მიერ კი არ გამოიყენება, არამედ ის თავად ამყარებს მიმართებებს მის მიერვე აღწერილ სამყაროსთან იმ უჩინარი საცეცების წყალობით, რომელნიც მას ვითომცდა თავისთავად მოსდგამს და მათი მეშვეობით, ენობრივი საზოგადოებრიობის ჩარევის გარეშე, „წვდება“ რეალობას (სოკულერი, 1994, c. 44). ამგვარი შთაბეჭდილება შემთხვევითი როდია. ის დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ესმის ვიტგენშტაინს სუბიექტის ცნება. მისთვის სუბიექტი, ანუ „ფილოსოფიური მე“, — არაა ცალკეული ადამიანური არსება, მისი სული ან სხეული, არამედ მეტაფიზიკური სუბიექტია, რომელიც საზღვრავს სამყაროს ფარგლებს: „სუბიექტი არ ეკუთვნის სამყაროს, არამედ ისაა საზღვარი სამყაროსი“ (5.632). რომ აჩვენოს სუბიექტის კავშირი სამყაროსთან, ვიტგენშტაინი იყენებს ანალოგიას თვალთან. ჩვენ ვხედავთ თვალით, მაგრამ, ჯერ ერთი, მხედველობის არაეში არ შედის თავად თვალი და, მეორე, ვერაფერ იმისგან, რაც თვალთახედვის არაეშია ვერ დავასკვნით, რომ მას ხედავს თვალი“ (5.633); ასევეა მეტაფიზიკური სუბიექტიც, ის არ იმყოფება სამყაროში, მაგრამ, მისი არსებობა დასტურდება თავად სამყაროს არსებობით. „მე ცხადდდება ფილოსოფიაში, იმის წყალობით, რომ „სამყარო არის ჩემი (მე-ს) სამყარო“ „ (5.641).

ეს სოლიფსისტური პოზიცია სისრულეს ჰპოვებს მასში, რომ სწორედ სუბიექტის მეშვეობით სამყაროში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ფაქტებს, „შემოდის“ ღირებულებანი, სიკეთე და ბოროტება და თავად „სამყაროს საზრისი“. მეტიც, სუბიექტი გვევლინება აპრიორიზმის წყაროდ, რომელიც ვიტგენშტაინის ლოგიკურ ატომიზმში თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ოღონდ განსხვავებით კანტისგან, რომელიც გამოცდილებას თვლიდა ტრანსცენდენტალური სუბიექტის აპრიორულ პროდუქტად (სუბიექტის გრძნობადი და განსჯადი კატეგორიების ფორმებად), „ტრაქტატის“ ავტორი აპრიორულის კონცენტრირებას, მთელი თავისი ლოგიკური პრინციპების ორგანიზაციით, ხედავს ენაში. ამგვარად, ენის ლოგიკა განსაზღვრავს სამყაროს შესაძლო მდგომარეობებს და ამით შემოსაზღვრავს სამყაროს ფარგლებს. ვიტგენშტაინის თანახმად, ჩვენ ძალგვიძს ამ საზღვრების დანახვა მხოლოდ „ამ მხრიდან“ — ანუ ენის შესაძლო ლოგიკური გამოყენების „კაფსულიდან“. ჩვენ ვერაფერს განვაცხადებთ სამყაროზე „სხვა მხრიდან, საზღვრის მეორე ნაპირიდან“. სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩემი სამყარო ესაა სამყარო ორგანიზებული ჩემივე ენის ლოგიკური პრინციპების თანახმად. ამასთან ერთად, ენა და ლოგიკა საზღვრავს მხოლოდ სამყაროს ფარგლებს, მაგრამ არ განსაზღვრავს ჩვენი გამოცდილების შინაარსს; ხოლო რამდენადაც სამყარო, რომელსაც ჩვენ განვიცდით გამოცდილებაში შეიძლება იყოს სხვაგვარიც (ის ხომ მოკლებულია აუცილებლობას), ვიტგენშტაინის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ სოლიპსიზმი, გამოხატული დებულებაში „სამყარო ესაა ჩემი სამყარო“, ემთხვევა წმინდა რეალიზმს. მე-ს სოლიპსიზმი იკვეცება განუფენელ წერტილამდე, და სახეზე რჩება მასთან მიმართებაში მყოფი რეალობა“ (5.64). აშკარაა, რომ რეალობა, რომელზეც საუბრობს ვიტგენშტაინი, არაა დამოუკიდებელი სუბიექტისგან, ამიტომ მისი პოზიცია შეიძლება დავახასიათოთ როგორც კანტისეული მიდგომის თანამედროვე ლინგვისტური ვარიანტი.

დასასრულს ავღნიშნავთ კიდევ რამოდენიმე, ჩვენის აზრით, ვიტგენშტაინისეული ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ასპექტს.

ჯერ ერთი, რასსელთან შედარებით ვიტგენშტაინის ინტერესი უფრო იხრება ბუნებრივი ენისაკენ. ეს ჩანს იმაში, რომ თუ რასსელისთვის რეალობის მეტაფიზიკური გამოკვლევა საჭიროებს ისეთი სპეციალური, „ლოგიკურად სრულყოფილი ენის“ შექმნას რომელიც სწორედაც რომ ასახვს სამყაროს სტრუქტურას, ვიტგენშტაინისთვის „იდეალური“ ენა არის მხოლოდ რეზულტატი ბუნებრივი ენის „გაწმენდისა“. იდეალური ენა აფიქსირებს მას, რაც ძევს ბუნებრივი ენის საფუძვლად და რაც მანამდე მოცულია ზედაპირული გრამატიკული ფორმების საბურველით. ამიტომ ვიტგენშტაინთან სამყარო, არსებითად, წარმოგვიდგება არა იდეალური ენისგან, არამედ ბუნებრივი ენისგან „გამოძრწილ“ ქმნილებად.

მერე მეორე, ვიტგენშტაინის ლოგიკურ ატომიზმში უფრო თვალშისაცემი გამოყენება ჰპოვა სამყაროს „ხატად“ გამოყენებულმა ექსტენსიონალური ენის „ონტოლოგიურმა“ შედეგებმა. ატომარულლი ფაქტების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა, რეალობაში ლოგიკური აუცილებლობის გარდა სხვა აუცილებლობის არარსებობა — ყველააფერი ეს არის სამყაროს მახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ექვემდებარებიან ექსტენსიონალური ლოგიკის პრინციპებს.

მერე მესამე, იზიარებდა რა, ფრეგესა და რასსელის კვალად, უნივერსალისტურ წარმოდგენას ენის თაობაზე, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ ერთადერთი ენა, რომელიც გვიხატავს მხოლოდ ერთადერთ სამყაროს, ვიტგენშტაინმა განავითარა ეს წარმოდგენა და დაასკვნა, რომ ამგვარი ენის ფარგლებს გარეთ გასვლა შეუძლებელია და, ამდენად, შეუძლებელია მისი სემანტიკის შექმნა. ამასთანავე, თუ კანტმა მოახდინა „აზროვნების კრიტიკა“, დაუდო რა საზღვარი გონებას, ვიტგენშტაინმა, როგორც თავად აღნიშნავს „ტრაქტატში“, შემოგვთავაზა „აზროვნების გამოხატვის კრიტიკა“ ენაში, რითაც დაგავნახა ენის გამომხატველობითი შესაძლებლობების საზღვრები.

ვიტგენშტაინის ნაშრომი თანამედეროვეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია; ის აღმოჩნდა ვენის წრის განხილვის საგანი, სადაც მას მხარსაც უჭერდნენ და, ამავდროულად, ახდენდნენ მისი ცენტრალური იდეების ტრანსფორმირებას; ეს უკანასკნელი განსაკუთრებით შეეხო ფილოსოფიის შესაძლებლობებისა და ბუნების საკითხებს (სტრაუდ, 1998, c. 514). თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლოგიკური პოზიტივიზმის წარმომადგენლები ვერ დაარწმუნა იმ იდეამ, თითქოს ენას შეუძლია „დაგვანახოს“ რაღაც ისეთი, რასაც ვერ გამოვხატავთ ამავე ენით, და მათ,– რ. კარნაპის სახით — წარმოგვიდგინეს ენისა და სამყაროს ურთიერთმიმართების პრობლემის საკუთარი ხედვა.