Skip to main content

ლ. მაკეევა.”რუდოლფ კარნაპის ენობრივი კარკასები”.

 თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

                                

შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ საკითხი მასზე, თუ როგორ დგებოდა და წყდებოდა ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების პრობლემა ლოგიკური პოზიტივიზმის ფარგლებში არის მოგონილ-ნაძალადევი, რამეთუ არცერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნეში არ გამოხატავდა მეტაფიზიკისადმი ესოდენ უარყოფით დამოკიდებულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენის აზრით, ლოგიკური პოზიტივისტების მიერ ამ მეტაფიზიკური საკითხის გადაწყვეტა მაინც საკმაო ინტერესს იწვევს. ამის დასტურისთვის საკმარისია ორი მოსაზრების მოხმობა. ჯერ ერთი, ფილოსოფიაში არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ განდგომა რომელიმე პრობლემისგან საქმეში ფარულად გულისხმობს მის გარკვეულ გადაწყვეტას. თავის დროზე ინგლისელი ნეოჰეგელიანელი ფრენსის ბრედლი მახვილგონივრულად შენიშნავდა, რომ მეტაფიზიკის უარმყოფელი ადამიანი გვავლინება ხოლმე მეტაფიზიკის თანამოძმედ, უბრალოდ სხვაგვარ თეორიას რომ ემხრობაო. ასევე არიან ლოგიკური პოზიტივისტებიც, რომელთაც გამოაცხადეს რა ენასა და რეალობას შორის ურთიერთმიმართების საკითხი „უსაზრისო ფსევდოპრობლემად“, არსებითად შემოგვთავაზეს ამ საკითხის გარკვეული გადაწყვეტა, რითაც, ცხადია, დაიკავეს ერთგვარი მეტაფიზიკური პოზიცია. ყველაზე მკაფიოდ და ნათლად ეს გადწყვეტა წარმოდგენილია რუდოლფ კარნაპის (1891-1970) ენობრივი კარკასების თეორიაში. მერე მეორე, ლოგიკური პოზიტივისტები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ენის გამოკვლევას. მათთვის ფილოსოფიას გააჩნდა მხოლოდ ენის ლოგიკურ ანალიზად არსებობის უფლება. მათ შეძლეს მიეღოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი შედეგი ენის შესწავლის მიმართულებით, რომელთაც გამოიწვიეს, თავის მხრივ, ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების შესახებ არსებული შეხედულებების შეცვლაც. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური პოზიტივიზმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს მიერ განხილულ თემატიკასთან მიმართებაში ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში. უდიდესწილად ეს დამსახურებაა კარნაპისა, რომლის პოზიციის გადმოცემასაც დაეთმობა ეს პარაგრაფი.

როგორც უკვე აღინიშნა, ვიტგენშტაინისგან განსხვავებით, ვენის წრის წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ენობრივი გამოსახულებების ლოგიკური ფორმების ანალიზი და გადმოცემა ენაში სრულიად შესაძლებელია. კარნაპისთვის ამგვარი ანალიზის განხორციელება მთავარ შემოქმედებით ამოცანად იქცა. აღიქვამდა რა ენას, როგორც გარკვეული წესებით ორგანიზებულ ნიშანთა სისტემას, კარნაპი ატარებდა მკაფიო ზღვარს ბუნებრივ და ფორმალიზებულ ენებს შორის. თუკი ბუნებრივი ენების წესები გვევლინებიან ემპირიული განზოგადებების შედეგად, რომელნიც ყალიბდებიან ნამდვილი ლინგვისტური გამოყენებისა და მოქმედებების აღწრით და შეისწავლებიან ემპირიული ლინგვისტიკის მიერ, მაშინ ფორმალიზებული ენების წესები წარმოგვიდგებიან შეთანხმებების შედეგად, რომელნიც აშკარად არიან ფორმულირებულნი ჩამომყალიბებელთა კონკრეტულ მიზნებთან მისასადაგებლად. რასსელისა და ვიტგენშტაინის კვალად, კარნაპი თვლიდა, რომ ფილოსოფიისთვის საინტერესოა სწორედ მეორე ტიპის ენები, რამეთუ მხოლოდ მათი წყალობითაა შესაძლებელი ენობრივი გამოსახულებების მართებული ლოგიკური ფორმის გამოვლენა. გარდა ამისა, ალფრედ ტარსკის გავლენით, კარნაპმა აღიარა ენისა და მეტაენის მკაცრი განსხვავების იდეა: ობიექტური ენა გამოიყენება ობიექტებზე სასაუბროდ, ობიექტებზე, რომელნიც იმყოფებიან ენის ფარგლებს გარეთ, მაშინ, როცა მეტაენა — ესაა ენა, რომლის მეშვეობითაც აღიწერება და ანალიზირდება ობიექტური ენის თავისებურებანი. სწორედ ამგვარად კარნაპი ცდილობდა გადაელახა ვიტგენშტაინის დასკვნა ენობრივ გამოსახულებათა ლოგიკური ფორმის მისტიკური გამოუთქმელობის თაობაზე.

თავიდან კარნაპის გამოკვლევები კონცენტრირებული იყო ენის „სინტაქსურ“ ასპექტზე და მან წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ ენის ლოგიკური სინტაქსისი წარმოადგენს წმინდა ანალიტიკურ თეორიას მისი სტრუქტურის ნათელყოფისთვის. ამ იდეამ გამოხატულება ჰპოვა კარნაპის წიგნში „ენის ლოგიკური სინტაქსისი“ (1934), რომელშიც ფორმა (ან სტრუქტურა) გამოსახულებისა ხასიათდებოდა მასში შემავალ ნიშნებსა და წესრიგზე მითითებით მათ მნიშვნელობებთან ყოველგავრი კავშირის გარეშე. მიზანი შექმნილი თეორიისა მდგომარეოობდა იმაში, რომ დემონსტრირებული ყოფილიყო ფორმალური დეუქციური ლოგიკის ძირითდი ცნებების განსაზღვრების (დასუთების, ლოგიკური დამოუკიდებლობისა და ა.შ.) შესაძლებლობა წმინდადა სინტაქსურ ცნებებში. ამის პარალელურად კარნაპმა გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური დასკვნაც. ჯერ ერთი, როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა თავის „ინტელექტუალურ ავტობიოგრაფიაში“, სრულიად განსხვავებულ ფორმალიზებულ ენებთან გაცნობამ ( „Principia Mathematica”-ს ენა, კ.ი. ლუისის მოდალური ლოგიკა, ლ. ბრაუერისა და ა. ჰეიტინგის ინტუიციური ლოგიკა და ა.შ.) მიიყვანა იმის გაცნობიერებამდე, რომ ენათა ფორმები უსასრულოდ მრავალფეროვანია. კარნაპმა დაასკვნა, რომ არ შეიძლება საუბარი ერთგვარ „მართებულ ენობრივ ფორმაზე“, რამეთუ სხვადასხვა ფორმებს გააჩნია სხვადასხვა უპირატესობა სხვადასხვა მიმართებაში (კარნაპი, 1963 a, p. 68). ეს გარემოება გახდა იმ პრინციპის ჩამოყალიბების საფუძველი, რომელსაც მან უწოდა „შეწყნარების პრინციპი“ ან „ენობრივ ფორმათა კონვენციონალობის პრინციპი“ (კარნაპი, 1937, p. 51-52), რომელიც აღიარებს ყველას თავისუფლებას ენის არჩევასა და, მაშასადამე, ლოგიკის არჩევანშიც. ამასთანავე, ენობრივი ფორმები, რომელთა შორისაც ხორციელდება არჩევანი ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტის დროს, მოიცავს არა მხოლოდ ისტორიულად აღმოცენებულ ბუნებრივ ენებს ან ისტორიულად შემუშავებულ მათემატიკის სიმბოლურ ენებს, არამედ ნებისმიერ ახალ ენას, რომლის შექმნასაც ვინმე მოინდომებს. მერე მეორე, „ენის ლოგიკურ სინტაქსისში“ კარნაპი შეეცადა მრავალი მაგალითის მოშველიებით ეჩვენებინა, რომ ფილოსოფიური თეზისებისა და საკითხების სათანადო ანალიზისას აღმოჩნდება, რომ ისინი არაფერს ამბობენ რაიმე არსებებზე და ობიექტებზე, არამედ შეეხებიან გამოყენებული ენის თვისებებს, რომელნიც შეიძლება დხასიათებულ იქნენ სინტაქსური ცნებების საშუალებით. კარნაპმა გამიჯნა ერთმანეთისგან მეტყველების მატერიალური და ფორმალური მოდუსები: წინადადებანი, ფორმულირებულნი მატერიალურ მოდუსში, გვატყობინებენ რაიმეს ობიექტების თაობაზე, მაშინ, როცა ფორმალურ მოდუსში წარმოებული წინადადებანი გვესაუბრებიან თავდ სიტყვებზე. ფილოსოფიის წინადადებანი, რომელნიც ჩანან ობიექტებზე მოსაუბრე წინადადებად, ყურადღებიანი ანალიზისას აღმოჩნდებიან ხოლმე წინადადებებად სიტყვების თაობაზე; მაგრამ, რამდენადაც ისინი გამოიყენებიან როგორც წინადადებანი ობიექტების შესახებ, ამას მივყავართ, კარნაპის მიხედვით, ფსევდოპროპრობლემების წარმოშობამდე. ამაგვარად, ფილოსოფიის ამოცანები მან დაიყვანა ენის სინტაქსურ ანალიზამდე.

კარნაპის ლოგიკური გამოკვლევების მსვლელობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სინტაქსური ანალიზის შევსება ენის სემანტიკური ანალიზით, ანუ ანალიზით, რომელიც ემყარება ჭეშმარიტების მნიშვნელობის ცნებას. 1920-1930-იან წლებში უმთავრესად ლვოვ-ვარშავის სკოლის ლოგიკოსთა ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ლოგიკური სემანტიკის საფუძვლებს. ტარსკიმ შეიმუშავა ჭეშმარიტების განსაზღვრის ზოგადი მეთოდი დედუქციური ენობრივი სისტემებისთვის, ანუ მეთოდი იმ წესების ფორმულირებისა, რომელნიც ამგვარი სისტემის ყოველი წინადადებისთვის განსაზღვრავენ მისი ჭეშმარიტების აუცილებელ და საკმარის პირობებს (ტარსკი, 1998, c. 90-129). ეს წესები ფორმულირდება მეტა ენაში, და ობიექტური ენის ყოველ წინადადებას უსაბამებენ მეტაენისგან მოწოდებულ პირობებს, რომლის დროსაც ეს წინადადებანი არიან ჭეშმარიტნი. ეს, თავის მხრივ, იძლევა საშუალებას ენის წინადადებებსა და ფაქტებს შორის არსებული ურთიერთმიმართებების მკაცრი აღწერისთვის. აიღო რა საფუძვლად ტარსკის თეორია, კარნაპმა შექმნა ლოგიკური სემანტიკის კონცეპცია ნაშრომთა სერიაში საერთო სთაურით „გამოკვლევები სემანტიკაში“ („Studies in semantics”, 1942-1947).

თავისი სემანტიკის ფარგლებში მოახდინა ფორმულირება სემანტიკური ანალიზის მეთოდისა, რომელსაც უწოდა ექსტენსიონალისა და ინტენსიონალის მეთოდი და რომელიც წარმოადგენს ფრეგესეული მნიშვნელობის ანალიზისადმი მიდგომის განვითარებასა და განზოგადებას. ექსტენსიონალისა და ინტენსიონალის ცნებანი შეესაბამებიან ფრეგესეულ მნიშვნელობასა და საზრისს. განსხვავება ამ წყვილად ცნებებს შორის მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ფრეგესთან ისინი, კარნაპის აზრით, წარმოგვიდგებიან ჯერ კიდევ ჯ.ს. მილის მიერ შემოთავაზებული „დენოტაციისა“ და „კონოტაციის“ ცნებების ექსპლიკაციად, ხოლო ექსტენსიონალი და ინტენსიონალი გვევლინებიან ექსპლიკატებად ისეთი ლოგიკური ტერმინებისთვის, როგორიცაა ცნების მოცულობა და შინაარსი. ყველა ენობრივი გამოსახულება, რომელთაც მიეყენებათ სემანტიკური ანალიზი და რომელთაც გააჩნიათ მეტად თუ ნაკლებად დამოუკიდებელი მნიშვნელობა, კარნაპი უწოდებს დესიგნატორებს და გამოყოფს მათ სამ ტიპს: ინდივიდუალური გამოსახულება, პრედიკატორები და წინადადებანი (დეკლარაციური). ყოველი ტიპის დესიგნატორი ფლობს ექსტენსიონალსა და ინტენსიონალს. ამ უკანასკნელთა განსაზღვრისთვის კარნაპს შემოაქვს ცნება ფაქტობრივი ჭეშმარიტებისა (F — ჭეშმარიტებისა) და ლოგიკური ჭეშმარიტებისა (L — ჭეშმარიტებისა), ასევე ცნება ფაქტიური ეკვივალენტობისა (F — ეკვივალენტობისა) და ლოგიკური ეკვივალენტობისა (L — ეკვივალენტობისა). თუ წინადადების F — ჭეშმარიტების დადგენისთვის აუცილებელია მივმართოთ არაენობრივ ფაქტებს, მაშინ L — ჭეშმარიტება დგინდება მხოლოდ ენის სემანტიკური წესების საფუძველზე. ორი წინადადება F — ეკვივალენტურია თუ ისინი ერთდროულად არიან ან F — ჭეშმარიტნი ან F — მცდარნი. F — ეკვივალენტობის ცნებას კარნაპი განავრცობს, სათანადო დაზუსტებებით, დესიგნატორთა ყველა სახეობაზე და მის საფუძველზე განსაზღვრავს L — ეკვივალენტობას. ორი დესიგნატორი L — ეკვივალენტურია, თუ მათი F — ეკვივალენტობა გამომდინარეობს მხოლოდ სემანტიკური წესებიდან, ანუ თუ ისინი ერთდროულად არიან ან L — ჭეშმარიტნი ან L — მცდარნი. ყველა ეს ცნება სჭირდება კარნაპს იმისთვის, რათა ჩამოაყალიბოს შემდეგი ორი პოსტულატი: 1. ორ დესიგნატორს გააჩნია ერთი და იგივე ექსტენსიონალი, მ.დ.მ.მ. როცა ისინი არიან F — ეკვივალენტურნი. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდური გამოსახულების (ენობრივის) ექსტენსიონალია ობიექტი, პრედიკატორისა — ობიექტთა კლასი, ხოლო წინადადებისა — ჭეშმარიტების მნიშვნელობა; 2. ორ დესიგნატორს გააჩნია ერთი და იგივე ინტენსიონალი, მ.დ.მ.მ. როდესაც ისინი არიან L — ეკვივალენტურნი. შედეგად, ინდივიდური გამოსახულების (ენობრივის) ინტენსიონალი გამოდის ინდივიდური კონცეპტი (საზრისი), პრედიკატორისა — თვისება ან მიმართება, წინადადებისა — მის მიერ გამოხატული მსჯელობა. ინტენსიონალი დესიგნატორისა — ესაა ის, რაც ცნობილია ადამიანისთვის მაშინ, როცა მას ესმის მოცემული დესიგნატორი. დესიგნატორთა ექსტენსიონალები განისაზღვრება მათი ინტენსიონალებით და მექანიზმი ამ განსაზღვრისა უზრუნველიყოფა ინტენსიონალსა და ანალიტიკურ ჭეშმარიტებას შორის არსებული კავშირით. ამგვარად, ინდივიდური გამოსახულების შემთხვევაში ეს მექანიზმი მდგომარეობს მასში, რომ ზოგიერთი ობიექტი შედის ზოგიერთი გამოსახულების ექსტენსიონალში, მ.დ.მ.მ. როდესაც მას გააჩნია მახასიათებლები ისეთი, რომელნიც შედიან მოცემული ენობრივი გამოსახულების ინტენსიონალში.

მაშ ასე, კარნაპის ლოგიკურ სემანტიკაში სხვადასვა სახეობის ენობრივი გამოსახულებების ექსტენსიონალის როლში დაშვებულია არა მხოლოდ ცალკეული „ინდივიდები“, არამედ ისეთი აბსტრაქტული არსებანი, როგორიცაა კლასი, თვისება და ა.შ. მისმა მრავალმა ახალგაზრდა კოლეგამ (უ.ვ.ო. ქუაინი, ნ. გუდმენი და სხვა) საკითხის კარნაპისებურ გადაწყვეტაში დაინახა პლატონიზმის გამოვლინება და მკაცრად მოითხოვეს, რომ ამდაგვარი არსებების უბრალოდ „ჰიპოსტაზირება“ არ შეიძლება; აუცილებელია დამტკიცდეს, რომ „ისინი ნამდვილად არსებობენ“. თავისი ოპონენტების პასუხად კარნაპმა დაწერა სტატია „ემპირიზმი, სემანტიკა და ონტოლოგია“ (1950), სადაც მან ჩამოაყალიბა ენობრივი კარკასების თეორია. რათა სათანადოდ გავიგოთ, თუ რითაა გაპირობებული ონტოლოგიური საკითხების გაგება ამ თეორიის ფარგლებში, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ კარნაპის ლოგიკური ემპირიზმის რიგი მნიშვნელოვანი ასპექტი.

როგორც ცნობილია, კარნაპის შემოქმედების ერთ-ერთ ცენტრალური თემა იყო ემპირიზმის ძირეული იდეის მკაცრად და ზუსტად გადმოცემა. ეს იდეა მას ესმოდა როგორც მეცნიერების ყველა წინადადების დაყვანა ელემენტარულ („პროტოკოლურ“) წინადადებათა ერთგვარ კლასზე, რომელიც დადგინდებოდა, ერთის მხრივ, როგორც ზღვარი ლოგიკური ანალიზისა და, მეორეს მხრივ, როგორც „წმინდა“ გამოცდილების დამაფიქსირებელი. ცოდნის სისტემა მის მიერ აღიქმებოდა როგორც დახურული სისტემა, რომელშიც პროტოკოლური წინადადებანი უზრუნველყოფენ ცოდნის აბსოლუტურად სარწმუნო ბაზისს, ხოლო ის გარემოება, რომ ყველა სხვა წინადადება მეცნიერებისა დაიყვანება მათზე, ცხადდდებოდა მათი ჭეშმარიტებისა და აზრიანობის კრიტერიუმად. ემპირიული რედუქციის განხორციელებაში კარნაპი პრინციპულ როლს აკუთვნებდა ფორმალურ-ლოგიკური ენების აგებასა და დაყვანის პროცედურების მკაცრ განსაზღვრას. პირველი მცდელობა ემპირიზმისა და ლოგიკის შეთვისებისა კარნაპმა განახორციელა წიგნში „სამყაროს ლოგიკური აგებულება“ (“Der logishe Aufbau der Welt”, 1928), სადაც მან შეიმუშავა მთელი ცოდნის მასივის ფენომენალისტურ, გრძნობადი გამოცდილების ინდივიდუალური ელემენტებისაგან შემდგარ ბაზისზე „კონსტრუქციული“ დაყვანის მეთოდი. ეს მეთოდილოგია გულისხმობდა ცნებათა ისეთი მრავალდონიანი სისტემის აგაებას, რომელნიც ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებოდნენ განსაზღვრებათა ჯაჭვით და ამ უკანასკნელის მიზანი უნდა ყოფილიყო უფრო „მაღალი“ დონის ცნებების უფრო „დაბალი“ დონის ცნებებზე მკაცრად დაყვანის უზრუნველყოფა. შესაძლებლობა სიმბოლური ლოგიკის რესურსების გამოყენებისა ცოდნის ამგვარი რეკონსტრუქციისთვის და, რაც მთავარია, გამოცდილებიდან მიღებული „ნედლი მასალის“ აღწერისთვის კარნაპის მიერ დეფუძნებული იყო იმით, რომ მეცნიერებას საქმე აქვს არა გამოცდილების შინაარსის, არამედ მხოლოდ მისი იმ სტრუქტურული თავისებურებების აღწერასთან, რომელნიც ექვემდებარებიან ფორმალურ წარმოდგენას ლოგიკურ სიმბოლოებში. კარნაპი, მის მიერ შემუშავებული „კონსტრუქციონისტული“ მეთოდოლოგიის მეშვეობით, შეეცადა ლოგიკური პოზიტივისტების მიერ შემოთავაზებული ცოდნის ვერიფიკაციონისტული პრინციპის ადეკვატურობის დასაბუთებას; პრინციპისა, რომლის თანახმადაც წინადადებას აქვს მნიშვნელობა, თუ შესაძლებელია მისი ვერიფიცირება, ანუ თუ შესაძლებელია მისი დაყვანა პროტოკოლურ წინადადებაზე.

მალე, ო. ნეირატისა და კ. პოპერის კრიტიკის გავლენით, და აგრეთვე საკუთარი კვლევების შედეგთა კარნახით, კარნაპმა გააცნობიერა ცოდნის მსგავსი რეკონსტრუირების პროექტის განუხორციელებლობა. ჯერ ერთი, გამომჟღავნდა ფენომენალისტური ბაზისის მიუღებლობა, რამეთუ გამოცდილების ცალსახად ინდივიდუალური ხასიათი, რაც ფიქსირდება პროტოკოლურ წინადადებებში, ეწინააღმდეგება ცოდნის საყოველთაო მნიშვნელადობას და ვერ უზრუნველყოფს ინტერსუბიექტური კომუნიკიციისა და ვერიფიკაციის შესაძლებლობას. მერე მეორე, ლოგიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შეუძლებელია თვით ემპირიულ ბაზისთან ყველაზე ახლო დონის თეორიული ცნებებით დაკვირვებადი მახასიათებლების მკაცრად განსაზღვრა; ეს თეორიული ცნებები გულისხმობს დისპოზიციურ პრედიკატებს, რომელნიც გამოხატავენ ობიექტის წინასწარგანწყობას — გარკვეულ გარემოებებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მერე მესამე, გაცნობიერებულ იქნა მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტული კრიტერიუმის მეტისმეტი სიხისტე და მოუქნელობა, რომელიც ამასთანავე ვერ მოიცავდა მეცნიერების მრავალ მნიშვნელოვან ნაწილს (მაგ., წინადადებებს, რომელნიც გამოხატავენ მეცნიერების კანონებს, წარსულის შესახებ მსჯელობებს და სხვა; ცხადია, რომ ამგავარ დებულებებს გარძნობად-ინდივიდუალურ გამოცდილების აღმწერ პროტოკოლურ წინადადებზე ვერ დავიყვანთ, რაც მათ პირდაპირ ვერიფიკაციას შეუძლებელს ხდის). ყველაფერმა ამან კარნპი განაწყო გადაეხედა, ერთის მხრივ, ცოდნის სისტემის ემპირიული ბაზისისთვის ხოლო, მეორეს მხრივ, მთელი ცოდნის ამ ბაზისზე დაყვანის პროცედურისთვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელობის კრიტერიუმის საგრძნობი ლიბერალიზაცია და, საბოლოო ჯამში ვრიფიკაციის ცნების შეცვლა უფრო სუსტი დადასტურებადობის ცნებით. ახლი კრიტერიუმის მიხედვით, წინადადების მნიშვნელობა უკვე აღარ მდგომარეობს „უშუალო მონაცემების“ ფიქსაციაში; წინადადების მნიშვნელობა წარმოდგება დაკვირვებადი წინადადადებების უსასრულო რიგზე გავლით, რომელნიც დადასტურების ელემენტებად გვევლინებიან.

ყველა იმ მცდელობაში, მსგავსად რასსელისა, რომელიც კარნაპმა მიმართა ცოდნის სისტემის რეკონსტრუქციისკენ, ის ეძიებდა ამ სისტემისთვის სანდო ემპირიულ ბაზისს, თუმცა მათ მიერ ამ საკითხის გადაწყვეტისადმი შერჩეული მიდგომა არსებითად განსხვავებული იყო. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, თუ როგორ გაიგება მათ კონცეპციებში კავშირი ჭეშმარიტების ცნებასა და არსებობას შორის. რასსელისთვის ჭეშმარიტება ატომარული წინადადებისა გულისხმობს აუცილებელ წანამძღვრად იმ ობიექტთა და არასებათა არსებობას, რომელნიც აღინიშნებიან საკუთარი სახელებით. არსებობა ამ ობიექტებისა და არსებებისა სარწმუნო ხდება მათთან იმ უშუალო კონტაქტით, რომელიც ხორციელდება ნაცნობობითი ცოდნის აქტში. კარნაპისთვის კი პირველადი არის ჭეშმარიტების ცნება. ენობრივი გამოსახულებანი, რომლებშიც ფიქსირდება უშუალო გამოცდილება სუბიექტისა, წარმოადგენენ პროტოკოლურ წინადადებებს; მათ ჭეშმარიტებაში სუბიექტი რწმუნდება მაშინვე, როცა კი ადგილი აქვს მის გამოცდილებაში შესაბამისი ფაქტის სახეზე ყოფნას. კითხვა იმაზე, თუ რას წარმოადგენენ შემადგენელი ნაწილები პროტოკოლური წინადადებებისა და არსებობს თუ არა ის, რაც მათ მიერ აღინიშნება, ეს შემდეგი საკითხია და მათზე პასუხის მოპოვებას სჭირდება გარკვეული ლოგიკური ანალიზის განხორციელება. „პრიორიტეტზე“ ჭეშმარიტებისა არსებობასთან შედარება-მიმართებაში მეტყველებს თუნდაც ის, რომ მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტული კრიტერიუმი ფორმულირდება წინადადებებისთვის („წინადადების მნიშვნელობა არის საშუალება მისი ვერიფიკაციისა“) და არა ცალკეული სიტყვებისა და სიტყვათშეთანხმებებისთვის. ამგვარად, მნიშვნელობის გაგება-განმარტების კვლევის მსვლელობაში იწყება თანდათანობითი გადასვლა „ატომიზმიდან“ „ჰოლიზმისკენ“, როცა არა ნაწილთა მნიშვნელობანი განსაზღვრავენ მთლიანის მნიშვნელობას, არამედ მნიშვნელობა მთელისა განსაზღვრავს ნაწილების მნიშვნელობას.

კარნაპის ლოგიკური ემპირიზმი ატარებს კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელ ნიშანს: მასში პრინციპული მნიშვნელობა აქვს ანალიტიკური და სინთეზური ჭეშმარიტების მკვეთრ გამიჯვნას. რამდენადაც ემპირისტები გამოცდილებას თვლიან სამყაროზე ცოდნის ერთადერთ წყაროდ, რომელიც არის აპოსტერიორული და შემთხვევითი, ამდენად, მათთვის ყოველთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მათემატიკური და ლოგიკური ჭეშმარიტების აუცილებელი და აპრიორული ბუნების ახსნა. საკითხის გადაწყვეტა ლოგიკური პოზიტივიზმის წარმომადგენლებს, და კერძოდ კარნაპს, უკარნახა ვიტგენშტაინმა, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ ლოგიკისა და მათემატიკის წინადადებანი განვიხილოთ ტავტოლოგიებად. ამით ეს წინადადებანი ემპირიზმისთვის საფრთხეს აღარ ქმნიან: როგორც ტავტოლოგიები, ისინი არ ფლობენ ემპირიულ შინაარსს და არ ატარებენ არანაირ ეგზისტენციალურ დატვირთვას, რაც შეეხება მათ აუცილებლურ ხასიათს, ის მომდინარეობს მათივე ანალიტიკურობიდან, რამეთუ ლოგიკისა და მათემატიკის წინადადებანი ჭეშმარიტნი არიან (ან კიდევ მცდარნი) მხოლოდ მათში შემავალი სიტყვების მნიშვნელობათა ძალით. გარდა იმისა, რომ ანალიტიკურ-სინთეზურმა განსხვავებამ მისცა საშუალება კარნაპს იმისა, რომ მათემატიკა და ლოგიკა უმტკივნეულოდ ჩაერთო ცოდნის საერთო სისტემაში, ამან მას მისცა გასაღები იმისთვისაც, რომ გაეგო, თუ როგორ გამომუშავდება არატავტოლოგიური (სინთეზური) ცოდნა გრძნობადი გამოცდილებიდან. კარნაპს შესანიშნავად ესმოდა, რომ მეცნიერება ვერ შეიქმნება მხოლოდ ემპირიული მონაცემებით, რომ მეცნიერებას გააჩნია დაუკვირვებადი, არაემპირიული „კომპონენტი“, რომელიც, კარნაპის თანახმად, ანიჭებს კიდეც მეცნიერების კანონებს ზოგადმნიშვნელად კონცეპტუალურ ძალმოსილებას. ეს კომპონენტი გამოვლინდება, თუ განვახორციელებთ მეცნიერული ცოდნის ემპირიულ ბაზისსე დაყვანის რეკონსტრუქციულ პროცესს. ამ დროს ფიქსირდება გამოყენებული ენის ფორმალური და სტრუქტურული თავისებურებანი და წარმოგვიდგება როგორც ფაქტობრივი ცოდნის კონცეპტუალური „კარკასი“. არის რა ანალიტიკური და აპრიორული, ამით ის ქმნის სტრუქტურას, რომელშიც შესაძლებელია სინთეზური წინადადებების არსებობა.

სწორედ ამგვარი სულისკვეთებით ახასიათებს კარნაპი ენობრივ კარკასს თავის სტატიაში — „ემპირიზმი, სემანტიკა და ონტოლოგია“. მისთვის ესაა მეტყველების სისტემის ერთგვარი საშუალება, რომელიც ემყარება გარკვეულ წესებს. როგორც ითქვა ზემოთ, საკითხი, რომელსაც კარნაპი განიხილავს ამ სტატიაში, ეხება ისეთი აბსტრაქტული ობიექტების არსებობას, როგორიცაა თვისება, კლასი, რიცხვი და ა.შ. ის აღნიშნავს, რომ ემპირისტები ზოგადად, და მათ შორის ლოგიკური ემპირიზმის წარმომადგენლები, ეჭვის თვალით უყურებენ ამგვარ აბსტრაქტულ ობიექტებს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ არ უნდა გამოიყენონ ენა, რომელსაც მიმართება აქვს მსგავს ობიექტებთან, რამეთუ „გამოყენება ამგვარი ენისა არ გულისხმობს პალატონური ონტოლოგიის აღიარებას და, რომ ამგვარი აღიარების გარეშეც ეს ენა შეთავსებადია ემპირიზმთან და მკაცრ მეცნიერულ აზროვნებასთან“ (კარნაპი, 1959, c. 299). ამ დებულების დაფუძნების მიზნით კარნაპი პრინციპულად მნიშვნელად მოთხოვნას აყენებს, რომლის თანახმადაც, ყოველი ენობრივი კარკასისთვის უნდა განვასხვაოთ არსებობასთან კავშირში მყოფი ორი ტიპის კითხვა: შინაგანი და გარეგანი. შეიძლება მავანს მოეჩვენოს, რომ გარეგნულად ეს ორი ტიპის კითხვა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ამ დროს მათ გააჩნიათ კარდინალურად განსხვავებული შინაარსი და საჭიროებენ კარდინალურად განსხვავებულ პასუხებს. შინაგანი საკითხები დაისმება და წყდება გარკვეული ენობრივი კარკასის ჩარჩოებში. კარნაპის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ „ენას“ თავისი სინტაქსისით, ლექსიკონით, წესებით და შემოწმების პროცედურებით, მაშინ ჩვენ, პრინციპში, შეგვიძლია მოვიძიოთ პასუხები შინაგანი საკითხებისთვის. მაგალითად, თუ გვაქვს კარკასი „რიცხვთა ენის“ სახით (რომელიც შეიცავს, ცვლადებს რიცხვებისთვის, ზოგად ტერმინებს მსგავსად „რიცხვისა“, „მარტივი რიცხვი“, „ლუწი რიცხვი“ და აგრეთვე — სათანადო წესებს მათი გამოყენებისთვის), მაშინ კითხვა „არსებობს თუ არა მარტივი ლუწი რიცხვი?“ წარმოადგენს ამ კარკასის შინაგან საკითხს და ჩვენ მოგვეპოვება კონცეპტუალური საშუალებანი მისი გადაწყვეტისთვის. ან, თუნდაც, ავიღოთ კითხვა, ჩამოყალიბებული „ნივთობრივი ენის“ კარკასში: „არსებობენ თუ არა თეთრი ვეფხვები?“, მასზეც შეიძლება მიღებულ იქნეს პასუხი; ოღონდაც, ამ შემთხვევაში საჭირო გახდება არა კონცეპტუალური ანალიზი და აღრიცხვა, არამედ გარკვეული ემპირიული გამოკვლევა. შინაგან საკითხებს შეიძლება გააჩნდეს უფრო ზოგადი ხასიათიც, მაგალითად: „არსებობენ თუ არა რიცხვები?“ ან „არსებობენ თუ არა ფიზიკური ნივთები?“; მაგრამ, არიან რა ეს უკანასკნელნი დასმულნი შესაბამის კარკასში, ისინი, როგორც წესი, არიან ანალიტიკურნი და ტრივიალურნი, ვინაიდან „თუ ვინმესთვის მისაღებია კარკასი გარკვეული სახეობის ობიექტთა განსაზღვრისთვის, მაშინ ის ვალდებულია დაუშვას ეს ობიექტებიც როგორც შესაძლო დესიგნატები“ (კარნაპი, 1959, c. 314-315). ამგვარად, შინაგან საკითხებს გააჩნიათ მიმართება ენობრივ კარკასში ამა თუ იმ ფორმის გამოსახულებების შემოყვანა-გამოყენებასთან, რაც შედეგად იძლევა დამარწმუნებელ პასუხს, ანუ მოხდება გარკვეული ნივთის (არა მხოლოდ აბსტრაქტულის, არამედ ფიზიკურისაც) არსებულად აღიარება, რაც თავის მხრივ მოასწავებს „ამ ნივთის ჩართვას იმ სხვა ნივთთა სისტემაში, რომელთა რეალობაც აღიარებულია კარკასის წესების თანახმად“ (კარნაპი, 1959, c. 301).

კარნაპის აზრით, ტარდიციულად ვითარება სხვაგავრი იყო — როცა ფილოსოფოსები სვამდენენ კითხვას, მაგ., „არსებობს თუ არა რიცხვები?“, ისინი, როგორც წესი, სვამენ სრულიად არა შინაგან კითხვას. მათ ძალიან კარგად უწყიან, რომ არსებობს მარტივი ლუწი რიცხვები, და, რომ აქედან გამომდინარეობს — რიცხვები არსებობს. მათ აინტერესებთ რიცხვების არსებობა არა „არითმეტიკაში“, არამედ მათი „რეალურად“ არსებობა ყოველგვარი ენობრივი კარკასის მხედველობაში მიღების გარეშე. ასეთი ტიპის კითხვებს კარნაპი უწოდებს გარეგანს. ისინი ისმებიან კარკასს-გარეშე და ეხებიან მთელ იმ ობიექტთა სისტემას, რომელნიც აღიარებულნი არიან ამ ენობრივი კარკასის ფარგლებში. გარკვეული აზრით ისინი (გარეგანი კითხვები) წინაც კი უსწრებენ ენობრივი კარკასის მიღებას, რამდენადაც ხშირად ითვლება, რომ ენობრივი კარკასის შემოღება გამართლებულია, თუ შესაძლებელი გახდება იმის ჩვენება, რომ დამადასტურებელი პასუხი არსებობასთან დაკავშირებულ გარეგან კითხვაზე არის ჭეშმარიტი. კარნაპისთვის კი თეზისი რეალობის თაობაზე, ვთქვათ ნივთიერ სამყაროზე, „ვერ იქნება ფორმულირებული ნივთობრივ ენაზე, და როგორც ჩანს, ვერც სხვა თეორიულ ენაზე“ (კარნაპი, 1959, c. 302). ამიტომ, თუ არსებობასთან დაკავშირებული გარეგანი საკითხები განიხილება თეორიულად, ისინი წარმოგვიდგებიან „ფსევდო კითხვებად“ და მათზე პასუხის მოპოვება შეუძლებელია. ეს კითხვებიც და მათზე გაცემული პასუხებიც მოკლებულნი არიან შემეცნებით ღირებულებას, და ისინი უნდა მივიღოთ როგორც ისეთ პრაქტიკული საკითხები რომელნიც შეეხებიან მიზანშეწონილობას, მოხერხებულობას, სიმარტივე-უბრალოებასა და ამა თუ იმ ენობრივი კარკასის გამოყენების ნაყოფიერებას. კარნაპისთვის ენობრივი კარკასის შემოღება „არ მოითხოვს არავითარ თეორიულ გამართლებას, ვინაიდან ის არ გულისხმობს არც რაიმენაირ მტკიცებას რეალობაზე და არც მეტაფიზიკურ დოქტრინას“ (კარნაპი, 1959, c. 310). მიღება ან უარყოფა ენობრივი კარკასებისა „საბოლოო ჯამში უნდა გადაწყდეს მათი ინსტრუმენტული ეფექტურობით, მიღწეული შედეგების მიმართებით საჭირო ძალისხმევის სირთულესთან და რაოდენობასთან“ (კარნაპი, 1959, c. 320). ამიტომ, შესაბამისად თავისი შემწყნარებლობის პრინციპისა, კარნაპი მოუწოდებს „თავისუფალი არჩევნის საშუალების მინიჭებას ყველა მათთვის, ვინც აწარმოებს კვლევას რომელიმე სპეციალურ სფეროში, და რომ ეს არჩევანი უნდა განისაზღვროს სარგებლიანობის ნიშნით“ (კარნაპი, 1959. c. 320).

ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამგვარი მიდგომისას ონტოლოგია ხდება დამოკიდებული ენაზე: ის ვარირებს ენიდან ენაში. ერთ-ერთ ენობრივ კარკასში რიცხვი განისაზღვრება სიმრავლის ცნების საფუძველზე, რომელიც არსებითი განსაზღვრებაა; სხვა ენობრივ კარკასში რიცხვების არსებობას აღიარებენ პირდაპირ, სიმრავლეზე მითითების გარეშე, რომელთა არსებობის წინასწარდაშვება საჭიროებას მოკლებულია. ამგვარად, ონტოლოგიურ კითხვაზე — არსებობს თუ არა სიმრავლე — პირდაპირი პასუხი არ არსებობს. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ენობრივ კარკასს ავირჩევთ. გარკველი ენისგან დამოუკიდებლად, ამბობს კარნაპი, ასეთ კითხვას უბრალოდ არ გააჩნია აზრი. ჩვენ შესაძლოა ვსაუბრობდეთ ენაზე, რომელშიც განხორციელებადია სიმრავლეებით კვანტიფიკაცია, მაგრამ ეს არ გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვაღიაროთ სიმრავლეთა არსებობა რომელიღაც ენისგან დამოუკიდებლობის აზრით. ჩვენ საერთოდაც არ შეგვიძლია ვისაუბროთ მასზე, თუ რა არსებობს და რა არარსებობს ენისგან დამოუკიდებლად. ენობრივი კარკასის შერჩევა კი მეტყველებს მხოლოდ მასზე, რომ ამ კარკასის გამოყენება აღმოჩნდა ჩვენი მიზნებისთვის ყველაზე უფრო მოხერხებული და სასარგებლო. ეს ყველაფერი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია ვიცოდეთ როგორ და რით დეტერმინირდება, და საერთოდ დეტერმინირდება თუ არა, ჩვენეული არჩევანი რომელიმე ენობრივი კარკასისა გარეენობრივი რეალობის მიერ. ამის პირობაა ის, რომ რა ჩაითვალოს ჭეშმარიტად თუ მცდარად, მართებულად თუ უმართებულოდ, არსებულად თუ არარსებულად, ამას ყველაფერს განსაზღვრავს თავად ენობრივი კარკასის ფარგლებში მოქმედი კანონები; სწორედ ამ უკანასკნელთ ვირჩევთ ჩვენ მაშინ, როცა გვინდა ენობრივი კარკასის შერჩევა, მაგარამ თავად ამ შერჩევის მომენტში ჩევენ ვერ ვიხელმძღვანელებთ ამ კარკასის შიდა კანონებით; ჩვენი არჩევანი ამ შემთხვევაში ვერ შეეთანხმება მათ, ვინაიდან ეს არჩევანი წინ უსწრებს მათ მიღება-აღიარებას.

ამგვარად, ონტოლოგიური საკითხები, რომელთაც დააყენებდნენ და წყვეტნენ ფილოსოფოსები ტრადიციულად, უბრალოდ უკუგდებული უნდა იქნეს. მ. შლიკის სითყვებით რომ ვთქვათ, რაშიც მას კარნაპიც ეთანხმება, „ჩვენ არ ძალგვიძს ფილოსოფიური ანალიზის საშუალებით გადავწყვიტოთ ის, არის თუ არა რაიმე რეალური თუ არა; ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ მხოლოდ ის, თუ რას ნიშნავს თქმა იმისა, რომ რაღაც არის არსებული“ (შლიკი, 1959, p. 86). ეს გვაძლევს საშუალებას მეტაფიზიკური პრობლემების მარტივი გადაწყვეტისთვის, კერძოდ იმისთვის, რაზეც კამათობდნენ რეალისტები და მათი მოწინააღმდეგეები, რამეთუ ეს კამათი, არსებითად დაიყვანება ორ ენას შორის არჩევნის გაკეთებაზე — ენა მატერიალურ ნივთებზე და ენა გრძნობად მონაცემებზე.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კარნაპი, არსებითად, ცვლის საკითხს ენისა და რეალობის ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე საკითხით ენისა და ენის მიერ „პროეცირებული“ ონტოლოგიის ურთიერთმიმართებაზე. როგორც უკვე ითქვა, ყოველი ენობრივი კარკასი შეიცავს წესებს, რომელნიც განსაზღვრავენ, რა არის რეალური და რა არარეალური, და ამით ახდენს გარკვეული ობიექტების არსებობის პოსტულირებას. ერთობლიობა ამგვარად პოსტულირებული ობიექტებისა შეადგენს შესაბამისი ენობრივი კარკასის ონტოლოგიას. ხოლო საკითხი გარეენობრივი რელობის თაობაზე გაიტანება ფილოსოფიური განხილვის „ბარჭყალებს“ გარეთ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველგვარ ენობრივ კარკასს მიღმა მდგომი რეალობა გადაიქცევა „ნოუმენალურ“ სამყაროდ, რომელზეც ჩვენ არაფრის ცოდნა არ ძალგვიძს და რომელის არსებობის აღიარებაც ყოველგვარ სარგებლიანობას მოკლებულია. ამასთან ერთად, კარნაპი უარს ამბობს „უნივერსალური“ ენისა და ლოგიკის იდეაზე, რომელიც თითქოს განმსჭვალავს და მოიცავს ყველასა და ყველაფერს. ენობრივი კარკასები შეიძლება იყოს იმდენი, რამდენიც გნებავთ, და ყოველი მათგანი, თავისი ლოგიკური კანონებითურთ, იძლევა საკუთარ ონტოლოგიას. ჩვენ თავისუფალნი ვართ ენობრივი კარკასის არჩევაში, და ეს თავისუფლება ნიშნავს ენის კონვენციონალობასა ონტოლოგიის ფარდობითობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენობრივი კარკასი კარნაპს ესმის როგორც ისეთი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია ვაკონსტრუიროთ შეგნებულად, ანუ რაც შეიძლება იქცეს „ლინგვისტური ინჟინერიის“ საგნად. ეს ნიშნავს, რომ ენისა და მის მიერ პროეცირებული ონტოლოგიის განხილვა გადაიყვანება სპეციალური ხელოვნური ენების შექმნისა და მათი ლოგიკური სემანტიკის კუთხით გამოკვლევის კონტექსტში.

მაშასადამე, ჩვენ განვიხილეთ ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელლის შემუშავება-განვითარების პირველი ეტაპი ანალიტიკური ფილოსოფიის ფარლებში. ეს ეტაპი გამოირჩევა იმით, რომ ენის შესახებ წარმოდგენებში დომინანტური აღმოჩნდა ფრეგეს მიერ ფორმულირებული ენის კონცეპცია მასში ჩადებული ლოგიკური ანალიზის შესაძლებლობებთან ერთად. ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები მოხიბლა ახალი ლოგიიკის ფარგლებში შექმნილმა ფორმალურმა ენამ — მოხიბლა თავისი ლოგიკური სტრუქტურის მკაფიოობით, წესების სიზუსტითა და მასში გამოყენებული ნიშნების აღსანიშნთან დამოკიდებულების არაჩვეულებრივი გამჭვირვალეობით. ეს ენა მათთვის გახდა სანიმუშო არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ის მოკლებულია ბუნებრივი ენის მრავალ მანკიერებას, არამედ იმ აზრითაც, რომ ის წარმოადგენს თავისებურ „კვინტესენციას“ ენისა: ყველა ის ასპექტი ბუნებრივი ენისა, რომელიც ვერ პოულობს ასახვას „ლოგიკურად სრულყოფილ“ ენაში, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა მხრიდნ აღქმული იქნა როგორც მეორადი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რაღაც ისეთად, რაც ვერ ახდენს არსებით გავლენას მის „ფუნდამენტალურ“ ბუნებაზე. ოღონდ ესაა, რომ ნებისმიერ ხელოვნურ ენას, რაოდენ მდიდარ გამომსახველობით შესაძლებლობებსაც არ უნდა ფლობდეს იგი, გააჩნია ბუნებრივი ენისგან ერთი პრინციპიალური განმასხვავებელი ნიშანი — ის იქმნება გარკვეული, ე.ი. შეზღუდული მიზნებისთვის, მაშინ, როცა ბუნებრივი ენა მრავალფუნქციურია. პრედიკატთა ლოგიკის მსგავსი ფორმალურ-ლოგიკური ენების ძირითადი ფუნქციაა რეპრეზენტაციული ან აღწერილობითი ფუნქცია; ყოველი მათი გამოსახულება, შესაბამისად ინტრპრეტაციის კანონებისა, მარტივი და ცალსახა ფორმით მიემართება ენის „ონტოლოგიის“ მიერ მკაფიოდ განსაზღვრულ ელემენტს. როცა ასეთი ენა აიღება ბუნებრივი ენის მოდელად, განხილვის არედან გამოირიცხება ამ უკანასკნელის სხვა ფუნქციები, ამავე დროს, მხედველობაში არ მიიღებიან ისინი, ვინც იყენებს ამა ენას, რათა რაიმე თქვან სამყაროს შესახებ; მათ უბრალოდ თავიანთ განკარგულებაში აქვთ „ენა-სამყაროს“ მზა სისტემა, ისინი არანაირად არ ახდენენ გავლენას სიტყვისა და მის მიერ აღნიშნული საგნის კავშირის ბუნებაზე, არ მონაწილეობენ ამ კავშირების დამყარების მექანიზმებში.

ლინგვისტიკური იდეების განვითარებაში ჩვენს მიერ განხილული ეტაპის სხვა თავისებურებაა ის, რომ ენობრივი გამოსახულების მნიშვნელობა გაიგება, როგორც ერთგავრი არსება — არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, შედგება ის ორი კომპონენტისგან (ასეთ შემთხვევაში გამოსახულება მიემართება ორ არსებას) თუ ერთისგან. ამგვარი გადაწყვეტილება ასევე დიდწილადაა თავსმოხვეული ფორმალურ-ლოგიკური ენის მოდელის გავლენით, რომელშიც ნიშნის მნიშვნელობად ითვლება „ონტოლოგიის“ ელემენტი და რომელიც ამ ნიშანთან მიმართებას ამყარებს ინტერპრეტაციის წესების მეშვეობით. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები ორიენტაციას იღებდნენ ლოგიკის ექსტენსიონალურ ენებზე, რომელთა საფუძვლადაც ძევს სემანტიკური ატომიზმის იდეა; ეს იდეა მათ გადაიტანეს თავიანთ ფილოსოფიაშიც და განავრცეს ის ჭეშმარიტებისა და მნიშვნელობის ცნებებზე.

ენის ბუნების გააზრებაში ამ მიდგომის ზემოთ მითითებული თავისებურებანი აისახნენ ამ პერიოდში შემუშავებულ სამყაროს ონტოლოგიურ სურათზე (ლოგიკური ატომიზმის სახით) და ენისა და სამყაროს ურთიერთდამოკიდებულების გაგებაზე. რამდენადაც ეს დამოკიდებულება აღიქმებოდა როგორც ენის ელემენტების მიერ (უპირველეს ყოვლისა, სახელების მიერ) სამყაროს ელემენტების უბრალო „ასახვად“ და, ამ აზრ-გაგებით, ეს დამოკიდებულება წარმოდგებოდა კონვენციონალურ, ყოველგვარ ახსნა-განმარტების საჭიროებას მოკლებულად, ამდენად დგება საკითხი მასზე, თუ რას წარმოადგენს ენაში ასახული რეალობა. რასსელის აზრით, ეს რეალობა ობიექტურია და არაა დამოკიდებული სუბიექტზე, ოღონდაც ის ამ თეზისს აფუძნებდა ნეორეალისტური სულისკვეთებით, ანუ ემპირისტულ-ეპისტემოლოგიურ მოსაზრებებზე დაყრდნობით. ვიტგენშტაინმა და კარნაპმა შემოგვთავაზეს განსხვავებული გადაწყვეტილება. მათთვის ენასთან მიმართებაში მყოფი სამყარო გარდუვალადაა ორგანიზებული და ფორმირებული ენის ლოგიკური სტრუქტურის მხრიდან და, როგორც ჩანს, რაღაც დოზით დამოკიდებულია ენასა და სუბიექტზე, რომელიც იყენებს ამ ენას სამყაროს აღსაწერად. მასთან, რაც მდებარეობს ენის მიერ სტრუქტურირებული სამყაროს მიღმა, ჩვენ ვერ ჩავერთვებით შემეცნებით დამოკიდებულებაში; აქ საქმე ეხება ნოუმენალურ სამყაროს, რომელსაც ვიტგენშტაინი ახასიათებს როგორც „მისტიკურს“, ხოლო კარნაპი — როგორც „პრაქტიკულს“, როგორც ისეთს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს მიერ ენის არჩევაზე. თუ ვიტგენშტაინთან ამ კანტიანური „მოტივების“ წყაროდ წარმოგვიდგება ა. შოპენჰაუერის ფილოსოფია, მაშინ კარნაპის შემთხვევაში ისინი გვავლინებიან ფილოსოფიური იდეების უფრო ზოგადი მიმოხილვის გავლენის შედეგად; ეს ის იდეები, კონცეპციები და მიდგომებია, რომელნიც ფორმულირებულ იქნენ ლოგიკური სემანტიკის ფარგლებში.

ანალიტიკური ფილოსოფიის კონტექსტში ენისა და სამყაროს მიმართების შესახებ წარმოდგენების შემდგომი განვითარება არცთუ მცირედად იყო დაკავშირებული ენის იმ გამარტივებული მოდელის ბუნებასთან, რომელსაც ემყარებოდა რასსელი, ადრეული ვიტგენშტაინი და კარნაპი. ეს, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატა მასში, რომ ენობრივი მნიშვნელობის, როგორც ერთგავრი არსების გაგება შეიცვალა მნიშვნელობის, როგორც გამოყენების გაგებით. ამ იდეამ წარმოშვა განსხვავებული ინტერპრეტაციები ანალიტიკურ ფილოსოფიაში; ის გახდა საფუძველი ენის სხვადასხვა კონცეპციებისთვის და ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელებისთვის, რომელნიც გახდებიან ჩვენი შემდგომი განხილვის ობიექტები.