Skip to main content

ლ. მაკეევა. „კავშირი ენასა და ონტოლოგიას შორის უ.ვ.ო. ქუაინის ფილოსოფიაში“.

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა. ონტოლოგია, რეალიზმი”-ს — რუსული გამოცემიდან.

 

უილიარდ ვან ორმან ქუაინი (1908-2000) გვევლინება ანალიტიკური ფილოსოფიის პირველ და უდიდეს წარმომადგენლად, რომელიც დაიბადა აშშ-ი. მაგრამ, ის მხოლოდ ამით როდი გამოირჩევა ამ ფილოსოფიური მიმართულების წარმომადგენელთა შორის. თუ ანალიტიკურ ფილოსოფოსთა დიდი უმრავლესობა მეოცე საუკუნეში ესწრაფვოდნენ პრობლემათა თანდათანობით და თანმიმდევრულ გადაწყვეტას, არ ზრუნავდნენ რა მიღებული შედეგების ერთიანი სისტემის სახით წარმოდგენაზე, მაშინ ქუაინი — ესაა, უპირატესად, სისტემური ფილოსოფოსი, და მისი ფილოსოფია გამოიყურება, როგორც შეკრული მონოლითი. მისი ფილოსოფიის უმთავრესი პრინციპებია სციენტიზმი, ემპირიზმი და ბიჰევიორიზმი, რომლის ფარგლებშიც ის გამოდის დამცველად ნატურალიზმისა (წინააღმდეგ მენტალიზმისა), ფიზიკალიზმისა (წინააღმდეგ ფენომენალიზმისა) და ჰოლიზმისა (წინააღმდეგ რედუქციონიზმისა და ატომიზმისა). ქუაინის მსოფლმხედველობის თავისებურება მდგომარეობს მასში, რომ ის ქმნის ლოგიკური პოზიტივიზმისა და პრაგმატიზმის გარკვეული იდეების სინთეზს. ქუაინის ფილოსოფიის სისტემურობისადა გამო მისი ნებისმიერი ნაწილის (მოძღვრების ან კონცეპციის) განხილვა გავკარნახობს მათი კავშირის გათვალისწინებას სხვა ნაწილებთან. ამიტომ, თუმცა ურთიერთობა ენასა და რეალობას შორის წარმოადგენს ქუაინის შემოქმედების მხოლოდ ერთ თემას (ალბათ ცენტრალურს), მისი გადმოცემა-დალაგებისთვის საჭირო გახდება მიმართვა მისი ფილოსოფიის სხვა ასპექტებთან.

ნაშრომში „ლოგიკის ფილოსოფია“ ქუაინი აღნიშნავს, წინადადებასა და იმ რეალურ სიტუაციას შორის, რომელსაც ის აღწერს მდებარეობს „ორი მოუხელთებლად თანამონაწილე ელემენტი –ნმნიშვნელობა და ფაქტი“ (ქუაინი, 1970 a, p. 1). იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ რატომ ხდება ეს და რა შედეგები მოაქვს ამ გარემოებას ონტოლოგიისთვის, ჩვენ დავიწყებთ მიმოხილვას ქუაინის ენის კონცეპციიდან და მნიშვნელობის თეორიიდან.

ა. მეცნიერული სემანტიკის კონცეპცია

ქუაინი იზიარებს ფრეგესეულ განსხვავებას მნიშვნელობის ცნებასა და სახელდებას, ანუ რეფერენციას შორის — თუმცა, ის ამ უკანასკნელთ გამოხატავს სულ სხვა ტერმინებით. ის უარყოფს მნიშვნელობის დენოტაციურ, ანუ რეფერენციალურ თეორიას, რომლის თანახმადაც ენობრივი გამოსახულება იგივდება იმ ობიექტთან, რომელსაც ის აღნიშნავს, — უარყოფს იმის საფუძველზე, რომ გამოსახულებებს არ სჭირდებათ რეფერენცის ქონა იმისთვის, რომ ფლობდნენ მნიშვნელობას. შედეგად ქუაინი გამოყოფს სემანტიკის ორ განყოფილებას: მნიშვნელობის თეორია და რეფერენციის თეორია. მისი აზრით, თუ ტარსკისა და კარნაპის ძალისხმევით, რომელთაც ჩამოაყალიბეს მკაცრი და ზუსტი განსაზღვრებანი ისეთი ცნებებისა, როგორიცაა ჭეშმარიტება, შესრულებადობა, სახელდება, ექსტენსიონალი და ა.შ., მოხერხდა რეფერენციის თეორიის „მეცნიერულად რესპექტაბელურ“ მოვლენად გადაქცევა, მაშინ მნიშვნელობის თეორია აშკარად იმყოფება „სამწუხარო მდგომარეობაში“, რომლის გამოსწორებასაც აპირებს ქუაინი.

თავის ამოცანას ქუაინი ხედავს მასში, რომ ააგოს მნიშვნელობის თეორია მყარ მეცნიერულ საფუძველზე; ამისთვის კი, როგორც თვლის ის, მას სჭირდება ყოველგვარი იმ წანამძღვრის ჩამოშორება, რომლებიც გულისმობენ მიმართებას „ინტენსიონალური“ არსებისადმი (როგორც მენტალურთა ისე აბსტრაქტულთა). ლინგვისტიკურ მნიშვნელობებს უნდა მიეცეთ ისეთი განმარტება, რომელიც მათ „ასწავლის“ თავიანთ ადგილს „ნატურალისტურად დანახულ სამყაროში“. ამგვარად, მნიშვნელობის თეორია უნდა გახდეს ანტიმენტალისტური და ანტიპლატონისტური: ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მნიშვნელობის, როგორც ერთგვარ  ფსიქიკურ ფენომენად ან ფრეგესეული „საზრისის“ მსგავს აბსტრაქტულ არსებად წარმოდგენაზე. ქუაინის სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელობის მენტალურ ან აბსტრაქტულ არსად წარმოდგენის იდეა — ესაა „ისეთი მუზეუმის შესახებ მითი, სადაც ექსპონატებად წარმოგვიდგებიან მნიშვნელობანი, ხოლო ჩამონათვლად — სიტყვები“ (ქუაინ, 1969, p. 27).

ოღონდაც, თუ ჩვენ უარვყოფთ იდეას, რომლის თანახმადაც მნიშვნელობანი ლოკალიზებულნი არიან ადამიანის ცნობიერებაში ან, როგორც ფრეგესეული საზრისები, რაიმეგვარად შედიან კონტაქტში ცნობიერებასთან, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ წინადადებანი და სიტყვები განვიხილოთ უბრალო ხმებად. აქ კი ისმება კითხვა — რისი წყალობით „შთაებერებათ სული“ ხმებს, რა აქცევთ მათ ენობრივ სიმბოლოებად? ამ კითხვის პასუხად ქუაინი გვპასუხობს — რა და გამოყენება: ხმები ენის ნაწილებად იქცევიან მაშინ, როცა მათ იყენებენ ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციისას. აქედან გამომდინარე, ლინგვისტური გამოსახულებანი იძენენ მნიშვნელობას არა მენტალურ პროცესებთან ან აბსტრაქტულ არსებთან კავშირის წყალობით, არამედ იმ როლის შესრულებით, რომელიც მათ დაეკისრებათ კომუნიკაციისას. უფრო მეტიც, ენას იმიტომ შეუძლია „ჩაიწნას“ ადამიანის მოღვაწეობაში, რომ ის (ენა) თავადვე წარმოგვიდგება მოღვაწეობის გარკვეულ სახეობად. ამიტომ, ქუაინი თვლის, რომ რამდენადაც მნიშვნელობის ცნება გვევლინება მართლზომიერად, იმდენად უნდა აიხსნას ის ვერბალურ მოღვაწეობაზე, ქმედებაზე მიმართვით. ამ იდეის მნიშვნელოვნებაზე, ქუაინის აზრით, მიუთითა ვიტგენშტაინმა, ხოლო მანამდე ბევრად ადრე — დიუიმ, რომლისთვისაც „მნიშვნელობა — ესაა არა ფსიქიკური არსებობა; არამედ, უწინარესად, ქმედების თვისება“ (ქუაინი, 1969, p. 27).

ქუაინის წარმოდგენებს ადამიანურ მოქმედებებზე პირდაპირი ფესვები აქვს გადგმული ბიჰევიორიზმში. მან ამ მხრივ უამრავი რამ აითვისა მისი ჰარვარდელი კოლეგისგან ბ.ფ. სკინნერისგან, თუმცა, თავის ზოგადბიჰევიორისტულ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ის უმადლის ფსიქოლოგიაში ამ მიმართულების მესაძირკვლეს ჯ.ბ. უოტსონს. ქუაინისთვის ბიჰევიორიზმი წარმოადგენს გასაღებს ენის შესწავლის საქმეში. „ფსიქოლოგიაში შეიძლება იყო და შეიძლება არც იყო ბიჰევიორისტი, მაგარამ, ლინგვისტიკისთვის სხვა არჩევანი არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი შეისწავლის ენას, აკვირდება რა სხვათა ვერბალურ მოქმედებებს, და საკუთარ ვერბალურ ქმედებებს ახორციელებს იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ მასზე სხვები — მაგ, შეაქვთ შესწორებები, გამოთქვამენ შექებას, ახდენენ ვერებალური ქმედებების სამომავლო სტიმულირებას და ა.შ. ჩვენ მკაცრად ვართ დამოკიდებული საჯაროდ დაკვირვებად სიტუაციებში გამოვლენილი ქმედებებისგან. სანამ ჩვენი ენის ფლობა შეესაბამება გარე საკონტროლო წერტილებს, სადაც გამოთქმები ან ჩვენი რეაქციები სხვათა გამონათქვამებზე შეფასებადია ერთგვარი, ჩვენთვის ზოგადი სიტუაციის შუქზე, მანამდე ყველაფერი რიგზეა. ჩვენი მენტალური ყოფა საკონტროლო წერტილებს შორის არსებულ შუალედებში ინდეფერენტულია ჩვენს მიერ ენის ფლობის შეფასებაში. ლინგვისტიკურ მნიშვნელობაში არაფერია იმაზე მეტი, რაც შეიძლება მოპოვებულ იქნეს საჯაროდ დაკვირვებად სიტუაციებში აღსრულებული ქმედებებიდან“ (ქუაინი, 1992, p. 37-38). ქუაინი მიუთითებს, რომ ბიჰევიორიზმი მას ესმის საკმაოდ ფართო მნიშვნელობით, და არ ზღუდავს მას პირობითი რეაქციებით, ოღონდაც, როგორც ვნახავთ ქვემოთ, ვერბალური ქმედებების თავისებურ გაგებაში ის უმთავრეს ყურადღებას უთმობს იმ „სტიმულებზე“ გამოვლენილ ქმედით რეაქციებს, რომელნიც წარმოიქმნებიან „ჩვენს ნერვულ დაბოლოებებზე“ გარე სამყაროს ზემოქმედებით.

ამდენად, რათა მნიშვნელობანი იქცეს ემპირიული გამოკვლევის საგანად, ისინი ლოკალიზებულ უნდა იქნენ საჯაროდ დაკვირვებად მოქმედებებში. ყველაფერი ეს კი ნიშნავს, რომ ენას გააჩნია სოციალური ბუნება: „ენა არის სოციალური უნარი, რომელსაც ყველა ჩვენგანი იძენს მხოლოდ სხავ ადამიანების საჯარო, ამოცნობადი ქმედებების საფუძველზე“ (ქუაინი, 1969, p. 26). ქუაინს არ ღლის ამ დებულების ხშირი განმეორება და ხასგასმა იმისა, რომ „როცა ჩვენ ვიცით გამოსახულების მნიშვნელობა, ჩვენ ვიცით ის, რაც არის დაკვირვებადი ღია ვერბალური ქმედებებისას და მათი თანმხლები გარემოებებისას“ (ქუაინი, 1987 b, p. 131), ანუ მნიშვნელობა არის რაღაც ისეთი, რაც „მანიფესტირდება“ ვერბალურ მოქმედებებში. რათა გამოვავლინოთ ყველა ის ფიზიკური და ქცევითი ფაქტი, რომელიც ძევს ლინგვისტური კომუნიკაციის საფუძვლად და წარმოქმნის სათანადოდ გასგებ მნიშვნელობებს, ქუაინი გვთავაზობს „აზრობრივ ექსპერიმენტს“ (ან „კონცეპტუალურ სავარჯიშოს“), რომელშიც გამოცემული ხმებისთვის მნიშვნელობების დადგინება ხდება სრულიად „შიშველ ადგილზე“, ე.ი. ყოველგვარი წინასწარი ინფორმაციის გარეშე. ქუაინის აზრით, ამგვარ გარემოებას აქვს ადგილი „რადიკალური თარგმანის“ სისტუაციაში — იდეალიზირებულ კონტექსტში, რომელშიც თავსდება საველე ლინგვისტი და რომელიც იკვლევს მანამდე შეუსწავლელ ენას, ენას, რომელსაც არ გააჩნია არც ისტორიული და არც კულტურული კავშირები არცერთ ნაცნობ ენასთან. ლინნგვისტი ვერ დაეყრდნობა ვერც ლექსიკონს და ვერც ბილინგვისტის დახმარებას. ემპირიული მონაცემები, რომელიც მკვლევარის განკარგულებაშია ამ დროს, ამოიწურება ენის მატარებელთა (უცხოქვეყნელთა) მოქმედებებით საჯაროდ დაკვირვებად პირობებში.

როგორც აღინიშნა ზემოთ, ქუაინისთვის ადამიანის მოქმედება — ესაა, უპირველეს ყოვლისა, რეაქცია გარემომცველი სამყარაოს ზემოქმედებაზე. განსხვავებული სახეობის ენერგიები (სინათლე, ხმა, სითბო) მოდიან შეხებაში ადამიანის სხეულის ზედაპირთან, სადაც განლაგებულია სენსორული რეცეპტორები, რომელნიც იღებენ შესაბამისად განსხვავებულ სტიმულაციებს და ამგავარად ზემოქმედებენ ადამიანის ქმედებებსა თუ ქცევებზე. „სტიმულაციაში, რომელსაც ექვემდებარება სუბიექტი რომელიმე მოცემულ შემთხვაში, — წერს ქუაინი, — მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ დროებით მოწესრიგებული სიმრავლე ყველა იმ მისი ექსტეროცეპტორებისა, რომელნიც მოიდიან მოქმედებაში ამ შემთხვევისას“ (ქუაინი, 1992, p. 2). სენსორული რეცეპტორების სტიმულაციის ყოველი სახეობა კორელაციაშია ვერბალური მოქმედების გარკვეულ დისპოზიციასთან. შედეგად ადამიანის მიერ მიღებული სტიმულების ერთობლიობა ქმნის კიდეც მნიშვნელობას, რომელიც მანიფერსტირდება მისი ვერბალური მოქმედებით. რამდენადაც ამგვარი გაგება მნიშვნელობისა ძლიერ განსხვავდება მისი ჩვეულებრივი გაგებისგან, ამდენად ქუაინს შემოაქვს სპეციალური სახელი მნიშვნელობის ამ „ბიჰევიორისტული ერზაცისთვის“ — „სტიმულ-მნიშვნელობა“.

იდეა სტიმულ-მნიშვნელობისა უფრო ნათელი გახდება, თუ მხედველობიდან არ დავკარგავთ ორ გარემოებას. ჯერ ერთი, სტიმულ-მნიშვნელობის მატარებლად ქუაინი მიიჩნევს არა ცალკეულ სახელს ან სიტყვათშეთანხმებას, არამედ წინადადებას მთლიანად, და, მერე მეორე, მისი სემანტიკის საფუძველს წარმოადგენს ბიჰევიორისტული მეთოდი სუბიექტის თანხმობა-უთანხმოების დადგენისთვის ამა თუ იმ წინადადებასთან. „ამგვარი ილეთის გარეშე ჩვენ არ უნდა გვქონოდა იმედი იმისა, რომ ენა გადაეცემოდა მომავალ თაობებს და არც იმისა, რომ ახალაღმოჩენილ, უცნობ ენებს ოდესმე გავიგებდით. სწორედ წინადადებაზე დათანხმება-არდათანხმების გამოკვლევით ვითვისებთ ჩვენ ვერბალური დისპოზიციის რეზერვუარებს“ (ქუაინი, 1975 a, p. 88).

მაშ ასე, ქუაინი განსაზღვრავს ადაამიანის სენსორული რეცეპტორების აქტივირების იმ საშუალებათა კლასს, რომელიც მას აღძრავდა იმისთვის, რომ დათანხმებოდა კონკრეტულ სიტუაციაში გამოსაკვლევ წინადადებას და რაც იქნებოდა ამ წინადადების ჰოყოფითი სტიმულ-მნიშვნელობა. ანალოგიურ საშუალებათა კლასს, ოღონდ ისეთს, რომელიც აღძრავს დაუთანხმებლობას, ის უწოდებს მოცემული წინადადების უარყოფით სტიმულ-მნიშვნელობას. წინადადების ჰოყოფითი და უარყოფითი სტიმულ-მნიშვნელობის გაერთიანებით ქუაინთან წარმოიქმნება სტიმულ-მნიშვნელობა თავის მთლიანობაში. ეს ნიშნავს, რომ წინადადების სტიმულ-მნიშვნელობაში სუბიექტისთვის „ჯამდება მისი დისპოზიციები იმისთვის, რათა ის დაეთანხმოს ან არდაეთანხმოს წინადადებას აწმყო მომენტში მოცემული სტიმულაციის საპასუხოდ“ (ქუაინი, 1960, p. 34). სტიმულ-მნიშვნელობის საფიუძველზე მას შემოაქვს მის მიერ უარყოფილი ინტენსიონალური ცნებების სხვა ბიჰევიორისტული „ანალოგიებიც“.

ზემოთქმულის ფონზე, ლინგვისტის ამოცანა რადიკალური თარგმანის სიტუაციაში დაიყვანება უცხოქვეყნელთა გარემოცვის კაუზალური კავშირებისა და შესაბამისი ვრბალური დისპოზიციური ქმედებების დაკვირვებაზე, ანუ უცხოქვეყნელის სხეულზე მოქმედ ძალებს შორის არსებულ კაუზალურ კავშირებსა და მის ენობრივ თუ სხვა სახის ქმედებეზე დაკვირვებაზე“ (ქუაინი, 1960, p. 28). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლინგვისტი აღიქვამს უცხოქვეყნელს როგორც „შავ ყუთს“, რომლიც „შესასვლელშიც“ მოცემულია გარეგანი სტიმულები, ხოლო „გასასვლელში“ — გარკვეული დისპოზიციები ვერბალური ქმედებებისთვის; ამგვარად, ერთადერთ ობიექტურ მონაცემთა ნუსხას ქმნის კაუზალური კავშირები მოძრაობებს, ხმებს და გარემოს შორის. თავის, ფართოდ ცნობილ მაგალითში ქუაინი აღწერს, თუ კერძოდ როგორ ხდება სტიმულ-მნიშვნელობათა დადგინება. რადიკალური მთრაგმნელი და უცხოქვეყნელი იმყოფებიან სიტუაციაში, როცა მათ გვერდით ჩაიქროლებს კურდღელი და უცხოქვეყნელი წარმოთქვამს „გავაგაი“-ს. ქუაინის თანახმად, ლინგვისტი აღიქვამს ამ ფრაზას „ჰოლოფრასტულად“, ანუ როგორც უსტრუქტურო მარტივ წინადადებას და მისი (ამ ფრაზის) წინასწარ თარგმანად წიგნაკში წერს „კურდღელს“. თუ მან უკვე დადგინა, როგორ გამოხატავენ უცხოქვეყნელები დათანხმება-არდათანხმებას, მას შეუძლია გადაამოწმოს თავისი თარგმანი, გაარკვევს რა კურდღელის ახალ-ახალ გამოჩენაზე დაეთანხმება თუ არა უცხოქვეყნელი „გავაგაი“-ს. ამგვარად მას შეეძლება შეაგროვოს ინდუქციური მტკიცებულებები „გავაგაის“ „კურდღელად“ თარგნის სასარგბლოდ. „ზოგადი კანონი, რომლის სასარგებლოდაც ლინგვისტი კრებს მაგალითებს, უხეშად რომ ვთქვათ, იმაში მდგომარეობს, რომ უცხოქვეყნელი დაეთანხმება „გავაგაი“-ს სწორედ იმ სტიმულაციების სახეზე ყოფნისას, რომელთა თანხლების ფონზეც ჩვენ, გვკითხავდნენ რა, დავეთანხმებოდით „კურდღელს“ (ქუაინი, 1960, p. 30), ანუ რადიკალური მთარგმნელი ინდუქციურად მიდის დასკვნამდე, რომ „გავაგაი“-სა და „კურდღელს“ გააჩნია ერთი და იგივე სტიმულ-მნიშვნელობა.

ცხადია, ამ მეთოდით შეიძლება ითარგმნოს წინადადებების მხოლოდ ძალზე შეზღუდული კლასი, კერძოდ კი წინადადებანი, რომელნიც გვატყობინებენ რაიმეს უშუალოდ დაკვირვებადი გარემომცველი გარემოს თაობაზე, და ამას ისინი (ეს წინადადებანი) ახერხებენ იმდენად, რამდენადაც აშკარად სახეზეა მათი კავშირი სენსორულ სტიმულაციებთან. ასე მაგალითად, როცა ვინმე ხედავს კურდღელს, მის თვალებზე განლაგებული რეცეპტორული უჯრედები იღებენ გარკვეულ სტიმულაციას. უმრავლესობას მსგავსი სტიმულაციებისა ადგილი აქვს თვალთახედვის არეში კურდღელის ყოველ გამოჩენაზე, ამიტომ, ქუაინი თვლის, რომ ადამინს, რომელიც აკვირდება კურდღელს, შესწევს უნარი, მოახდინოს კორელაცია ამ სტიმულებისა და გამოთქმისა — „კურდღელი“. ქუაინი ამ მარტივ გამონათქვამებს უწოდებს „დაკვირვებით წინადადებებს“. ამ უკანასკნელთ ის, თავის წინადადებათა ბიჰევიორისტულ კლასიფიკაციაში, აკუთვნებს „ხდომილებით წინადადებებს“; ეს ნიშნავს, რომ მათი ჭეშმარიტების მნიშვნელობა პირდაპირაა დამოკიდებული იმ გარემოებებზე, რომლებშიც ის წარმოითქმება, და იცვლება ამ გარემოებათა ცვლილებეის კვალად. სურვილი დაკვირვებითი წინადადების წარმოთქმისა ან მათზე დათანხმებისა, როცა მას წარმოთქვამს სხვა ადამიანი, დამოკიდებულია მხოლოდ მოცემული დროის მომენტში სენსორულ ზედაპირებზე გამოწვეულ შესაბამის სტიმულაციებზე. ამ დამახასიათებელი ნიშნის წყალობით დაკვირვებითი წინადადებანი განაპირობებენ „სანდო“ თარგმანს, თუმცა, გადის რა მის ფარგლებს გარეთ, ლინგვისტი ექცევა „განუსაზღვრელობების“ ტყტვეობაში. რატომ და რისთვის ხდება ასე, ამას განვიხილავთ შემდეგ პარაგრაფში, ხოლო ეხლა შევჩერდებით იმ როლის დაწვრილებით განხილვაზე, რომელსაც დაკვირვებითი წინადადებანი თამაშობენ ქუაინის სემანტიკასა და ეპისტემოლოგიაში. ამისთვის კი საჭიროა მისი მნიშვნელობის შესახებ მოძღვრების ორი ასპექტის გამოყოფა.

ჯერ ერთი, ქუაინი აღნიშნავს, შეუძლებელია ენისა და მნიშვნელობის ბუნების გაგება, გაურკვევლად იმისა, თუ როგორ ხდება ბაბშვების მიერ მშობლიური ენის ათვისება. ამ თემის განხილვას მის მოგვიანო ნაშრომებში ეთმობა საკმაოდ დიდი ადგილი. „ენასა და ობიექტში“ არსებითად ხდება ჩამოყალიბება ენის შესწავლის სკინერისეული მეთოდისა, რომელიც საკვანძო ცნებებად გულისხმობს — მიმიკრიას, განპირობებას, უნარების გამყარებას, ამოცნობის თნდაყოლილ უნარს, გარემოს შესამჩნევი თავისებურებების სისტემატიზაციას და ა.შ. ძირითადი როლი ქუაინთან ეკისრება შესაწავლის ოსტენსიურ მეთოდს, რომლის წყალობითაც ბავშვი ითვისებს (ჯერ გაუცნობიერებლად, ხოლო შემდგომ უფროსების მოქმედებებზე დაკვირვებით) კორელაციებს სენსორულ ტიმულაციებსა და მეტყველების ელემენტებს შორის, რომელთა შორისაც, ქუაინის აზრით, პირველად შეითვისება დაკვირვებითი წინადადებანი, ვინაიდან მათი ათვისება არაა დამოკიდებული ენის სხვა ასპექტების ცოდნა-ათვისებაზე. ამგვარად, დაკვირვებითი წინადადებანი წარმოადგენენ „ენაში მაყარად ჩაჭედებულ სოლს“ (ქუაინი, 1992, p. 5); ითვისებს რა ამ უკანასკნელთ, ბავშვი „შედის“ ენაში.

მერე მეორე, ლოგიკური პოზიტივისტების კვალად, ქუაინი აიგივებს მნიშვნელობის ცნებასა და დამადასტურებელ დამოწმებადობას, რის გამოც წინადადების მნიშვნელობის ცოდნა ნიშნავს ცოდნას იმისა, თუ როგორ შეიძლება დადგინდეს მისი ჭეშმარიტობა. მნიშვნელობისა და დამადასტურებელი მტკიცებულების წყაროდ გვევლინება გრძნობადი გამოცდილება. ის გვაწვდის არა მხოლოდ იმ  მონაცემებს, რომელთაც ეფუძნება ჩვენი ცოდნა, არამედ ანიჭებს ენას მნიშვნელობას: „რაგვარი მტკიცებულებებიც არ უნდა ავიღოთ მეცნიერების სასარგებლოდ, ყველა მათგანი იქნება გრძნობადად დამოწმებადი“, „ასევე სიტყვებისთვის მინიჭებული ყველა მნიშვნელობაც საბოლოო ჯამში უნდა ემყარებოდეს გრძნობად დამოწმებას“ (ქუაინი, 1969, p. 75). როგორც ჩანს, მსგავსად ლოგიკური პოზიტივისტებისა, ქუაინიც გვევლინება ემპირისტად სემანტიკასა და ეპისტემოლოგიაში, ოღონდ, როგორც ცნობილია, თავის სტატიაში „ემპირიზმის ორი დოგმა“ მან გამანადგურებლად გააკრიტიკა ლოგიკური პოზიტივისტებისეული ვარიანტი ემპირიზმისა და უარყო მათი ვერიფიკაციის პრინციპი. ამის მიზეზად გამოვიდა არა ვერიფიკაციონიზმისაგან განდგომა, როგორც ასეთი, არამედ უთანხმოება მასზე, რომ დამადასტურებელი და უარმყოფელი მოწმობანი შეიძლება წრმოდგენილ იქნეს ყოველი წინადადებისთვის ცალცალკე. ქუაინისთვის გამოცდილების სამსჯავროზე დგება არა ცალკეული წინადადებნი, არამედ თეორია მთლიანდ. ამ ჰოლისტური წინაპირობით ქუაინი იზიარებს ვერიფიკაციონიზმს, რომლის თანახმადაც მნიშვნელობა წინადადებისა განისაზღვრება „მისი ჭეშმარიტობის სასრგებლოდ მოლაპარაკე დამდასტურებელი მონაცემებით“ (ქუაინი, 1969, p, 80-81), და მაინც, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ქუაინსა და ლოგიკურ პოზიტივისტებს შორის, რომელიც ეხება „გრძნობადი მოქმებადობის“ ინტერპრეტაციას: ქუაინისთვის ეს უკანასკნელი წარმოადგენს გრძნობად მონაცემს, ანუ ის არის არა რაღაც მენტალური, არმედ მიკუთვნებული ფიზიკურ მოვლენებს — კერძოდ, სხეულის ზედაპირულ სენსორულ სტიმულაციას. აქედან გამოდის დასკვნა, რომ დაკვირვებითი წინადადებანი, რომელნიც ქუაინისეულ სემანტიკაში ფლობენ სტიმულ-მნიშვნელობებს და, შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდებიან სენსორულ სტიმულაციებს, მის ეპისტემოლოგიაში წარმოგვიდგებიან წინადადებათა იმ სახეობად, რომელნიც ქმნიან „საცავს“ სამეცნიერო ჰიპოთეზების დამადასტურებელ-უარმყოფელი მონაცემებისთვის.

ამგვარად, ქუაინის აზრით, დაკვირვებითი წინადადებანი, მათი ტრივიალურობის მიუხედავად, ქმნიან მთელი ცოდნის საფუძველს. ყველაფერი, რაც კი ჩვენ ვიცით სამყაროზე, ვიცით განსხვებული ენერგიების ჩვენს სენსორულ დაბოლოებებზე ზემოქმედების წყალობით. ქუაინისთვის ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. ამიტომ, დაკვირვებითი წინადადებანი, რომელნიც როგორც „კაფსულები“ თავის თავში შეიცავენ ამ ზემოქმედებებს, უზრუნველყოფენ სამეცნიერო თეორიების ემპირიულ შემოწმებადობას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავისებურებანი, რომლითაც ახასითებს ქუაინი დაკვირვებით წინადადებებს, და ფუნქციებს, რომელთაც აკისრებს მათ, ვერ უთავსდება მისი სემანტიკის სხვა ასპექტებს.

ერთის მხრივ, იმისთვის, რომ დაკვირვებითი წინადადებები გამოდგნენ ლოგიკური კომუნიკაციის საფუძვლად და ემპირიული მტკიცებულებების „საცავად“, ისინი (დაკვირვებითი წინადადებანი) უნდა იყვნენ ინტერსუბიექტურად დამარწმუნებელნი. თუ მე ვიმყოფები სიტუაციაში, რომელიც ჩემს სენსორულ დაბოლოებებს ასტიმულირებს იმგვარად, რომ მე განმაწყობს ამა თუ იმ დაკვირვებით წინადადებაზე დათანხმებისთვის ან არდათანხმებისთვის, მაშინ ჩემი ენობრივი თანასაზოგადოების ნებისმიერ წევრსაც, რომელიც აღმოჩნდება იგივე სიტუაციაში, უნდა ექნეს ჩემნაირივე სტიმულაციები სენსორულ დაბოლოებებზე და განწყობილ იქნეს ჩემნაირივე ვერდიქტის გამოსატანად. ზოგადი თანხმობის ან არდათანხმების გამოთქმა დაკვირვებით წინადადებებზე, ლინგვისტურად კომპეტენტური მოწმეების მხრიდან, ქუაინისთვის წარმოადგენს ამ სახის წინადადებებისთვის აარსებულ აუცილებელ პირობას. მეორეს მხრივ, დაკვირვებითი წინადადებების ჭეშმარიტობის კრიტერიუმი ქუაინის მიერ ფორმულირდება შესაბამისი სენსორული სტიმულაციების სახეზე მოცემულობის ან არმოცემულობის ტერმინებში; როგორც ჩანს, მათი ჭეშმარიტობა გულისხმობს გარკვეული სენსორული რეცეპტორების აღგზნებას, მაშინ როცა არცერთ ადამიანს არ გააჩნია ერთი და იგივე, ან საერთო რეცეპტორები. ისმის კითხვა, თუ ასეა, მაშინ არა აზრ-გაგებით ვლაპარაკობთ ერთგვაროვან სენსორულ სტიმულაციებსა და დაკვირვებითი წინადადებების ინტერსუბიექტურობაზე? ქუაინი ეცადა სხვდასხვა გზებით აევლო გვერდი ამ სიძნელისთვის. „სიტყვასა და ობიექტში“ ის მიუთითებს, რომ სტიმულ-მნიშვნელობები, რომელსაც იძენს დაკვირვებითი წინადადება სხვადასვა ადამიანებისთვის, შეიძლება დაემთხვნენ ერთმანეთს მეტნაკლები ხარისხით, მაგარამ დამთხვევა როგორც ასეთი გარდაუვალია, ვინაიდან თუ ჩვენ მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკვირვებით წინადადებებთან მიმართებაში ვერ ვთანხმდებით, მაშინ ჩვენს შორის ირღვევა კომუნიკაცია. სხვა ადგილებში ის ეყრდნობა „ემპატიას“, როგორც ადამიანის უნარს რომლის საშუალებითაც ის „აპროეცირებს საკუთრ თავს მოწმის მდგომარეობაში“ (Quine, 1992, p. 43).

ამასთან ერთად დაკვირვებითი წინადადებების პრობლემურ ხასიათს გააჩნია სხვა წყაროც. საქმე იმაშია, რომ არსებობს ერთგვარი შეხების წერტილი დაკვირვებითი წინადადებების მნიშვნელობათა ქუანისეულ გაგებასა და დიუჰემის იმ ჰოლისტურ პრინციპსა თუ თეზისს შორის რომელსაც იზიარებს ქუაინი და რომლის თანახმადაც, ცდისეულ გადამოწმებას ექვემდებარება არა იზოლირებული წინადადებანი, არამედ წინადადებათა ერთობლიობა, ე.ი. ისინი დასტურდებიან ან უარიყოფიან ყველა ერთად, და არა ცალკეულად. ამ ეპისტემოლოგიური ჰოლიზმიდან გამომდინარეობს ჰოლიზმი მნიშვნელობისა: ემპირიული მნიშვნელობა (ან შინაარსი) გააჩნია არა ცალკეულ წინადადებას, არამედ წინადადებათა მთელ ერთობლიობას მათი ურთიერთდაკავშირებულობის ძალით, რის გამოც არცერთ წინადადებას არ მოეპოვება დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მოგვიანებით ქუაინი მიემხრო უფრო ზომიერ ჰოლიზმს. „სიტყვასა და ობიექტში“ ის უკვე წერს, რომ დაკვირვებითი წინადადებანი წარმოადგენენ გამონაკლისს თეორიის ურთიერთდაკავშირებულ წინადადებათა შორის, ვინაიდან ისინი ატარებენ მნიშვნელობებს (სტიმულ-მნიშვნელობებს) მთელი დანარჩენი ენისგან დამოუკიდებლად. დაკვირვებით წინადადებათა ფარდობითი ხასიათი იქნებოდა მართლაც რაღაც „უცნაური“, რამეთუ მათი ემპირიული მნიშვნელობა — ესაა „ხერხი… ურთიერთდაკავშირებულ წინადადებათა სტრუქტურის გამოსაკვლევად“ (Quine, 1960, p. 35). თუკი თეორიული წინადადებანი წარსდგებიან გამოცდილების ტრიბუნალის წინაშე მეტნაკლებად ფართე აგრეგატების სახით, მაშინ დაკვირვებით წინადადებებს აღმოაჩნდებათ „საკუთრი ემპირიული შინაარსი, რომელსაც ისინი აშკარად არ მალავენ“ (Quine, 1969, p. 89).

საინტერესოა, რომ სხვა ადგილებში ქუაინი დაკვირვებით წინადადებებს მიაწერს ორმაგ სტატუსს: ისინი ერთდროულად გვევლინებიან თეორიულად ნეიტრალურად (და, შესაბამისად, გააჩნიათ დამუკიდებელი ემპირიული შინაარსიც) და თეორიულად დატვირთულადაც (და, შესაბამისად, ფლობენ თეორიაზე დამოკიდებულ შინაარსს). „ჰოლოფრასტულად განხილვისას — განმარტავს ქუაინი — როცა სტიმულატორული სიტუაციებითაა გაპირობებული, წინადადებანი (დაკვირვებითი) არიან თეორიისგან დამოუკიდებლნი; მაგრამ ანალიტიკური განხილვისას ისინი გვევლინებიან თეორიულად დატვირთულად (Quine, 1992, p, 7), რამეთუ ანალიზისას გამოვლენილი მისი მრავალი ნაწილი მიეკუთვნება თეორიულ ლექსიკონს. სწორედ ამიტომ, თანახმად ქუაინისა, დიუჰემის თეზისი ერთდროულად სრულდება და არც სრულდება დაკვირვებით წინადადებებთან მიმართებაში. ის არ სრულდება იმიტომ, რომ დაკვირვებითი ჰოლოფრასტული წინადადებანი ფლობენ თეორიის ფარგლებს გარე დამოუკიდებელ ემპირიულ მნიშვნელობას. მაგრამ, რამდენადაც დაკვირვებითი წინადადებანი წარმოგვიდგებიან ასევე თეორიულად დატვირთულად, „დიუჰემის თეზისი მაინც სრულდება ერთგვარი პირდაპირი აზრ-გაგებით…, რამეთუ მეცნიერები ხშირად უკუაგდებენ დაკვირვებით წინადადებებს, როცა ისინი წინააღმდეგობაში მოდიან კარგად დამოწმებულ თეორიასთან (Quine, 1975 b, p. 314). ოღონდაც, წერს ქუაინი, ეს თეზისი სრულდება მხოლოდ ლეგალისტურად, ვინაიდან პრაქტიკაში განდგომა დაკვირვებითი წინადადებებისგან  თეორიის დანარჩენი ნაწილის სასრგებლოდ „წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, რაც, საბედნიეროდ, არ ხდება ხშირად“ (Quine, 1981, p, 71).

მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომელთაც ხვდება დაკვირვებითი წინადადებების ინტერპრეტირება, ქუაინი მაინც ყოველთვის თვლიდა მათ საკუთარი სემანტიკისა და ეპისტემოლოგიის ბირთვად, და ამასთანავე არასოდეს შეუწყვეტია ძიება მათი უფრო ადექვატური აღწერისთვის და დაფუძნებისთვის.

ქუაინისეული მნიშვნელობის კონცეფციის განხილვის დასასრულს დავსძენთ შემდეგს: ზემოთქმულიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ მისთვის წინადადადებებს გააჩნიათ „სემანტიკური პირველობა, უპირატესობა“ სიტყვებთან მიმართებაში (quine, 1981, p. 20, 68-70) [66]. ეს უპირატესობა მისთვის მიანიშნებს რამდენიმე ასპექტზე: ჯერ ერთი, ის მიანიშნებს, რომ წინადადება წარმოადგენს „კომუნიკაციის ერთეულს“ (Quine, 1981, p. 75), რამეთუ მხოლოდ წინადადებათა მეშვეობით შეგვიძლია ჩვენ რაიმეს თქმა, მაშინ როცა სიტყვის მნიშვნელობა განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქნება ის გამოყენებული წინადადების შიგნით, ანუ მისი მნიშვნელობა შეიძლება გავიგოთ იმ როლის მიხედვით, რასაც ის ასრულებს წინადადებაში. მერე მეორე, ეს უპირატესობა აგრეთვე ნიშნავს, რომ წინადადებანი წარმოადგენენ მნიშვნელობების „პირველად მატარებლებს“ ან „სათავსოებს“ (Quine, 1980, p. 38-39); უფრო მეტიც, მათი მნიშვნელობანი შეიძლება გავიგოთ დამოუკიდებლად რეფერენციისგან და მათი შემადგენელი ნაწილებისგან. ამასთანავე ქუაინი იზიარებს იდეას, რომლის თანახმადაც წინადადების მნიშვნელობა დემონსტრირდება მისი ჭეშმარიტების პირობებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მის სემანტიკაში წინადადების ჭესმარიტების პირობანი ემთხვევა პირობებს, რომელთა სახეზე ყოფნისასაც მოსაუბრე დაეთანხმებოდა ამ წინადადებას, ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როცა საქმე ეხება დაკვირვებით წინადადებებს. ამავდროულად, თანხმობის პირობები, როგორც ვნახეთ, ემთხვევა ემპირიულ მონაცემებს, რომელნიც მოსაუბრეს მხედველობაში აქვს მოცემული წინადადების სასარგებლოდ. როგორც ჩანს საბაზისო შემთხვევებისას თანხმობის პირობანი და ემპირიული მონაცემები არის ერთი და იგივე რამ. რამდენადაც სიტყვები თავიანთ მნიშვნელობას უმდალიან იმ როლს, რომელსაც თამაშობენ წინადადებაში, მათი მნიშვნელობა, ქუაინის გაგებით, წარმოადგენს ერთგვარ „აბსტრაქციას“ იმ ჭეშმარიტების პირობებისგან წინადადება რომ შეიცავს. ამ, წინადადებაში გამოყენებულ, აუცილებელ პირობათა გარდა სიტყვებს, ქუაინის აღიარებით, შეიძლება გააჩნდეთ რეფერენციაც ენისგარე ობიექტებთან მიმართებაში. აშკარაა, რომ სწორედ რეფერენციაა ის მაკავშირებელი ძაფი, რომელიც გაჭიმულია ენობრივ გამოსახულებებსა და რეალობის კომპონენტებს შორის, ამიტომ მას აქვს უშუალო დამოკიდებულება ონტოლოგიური საკითხების გადაწყვეტასთან. ქუაინის შეხედულებები რეფერენციის თაობაზე იმსხურებს დაწვრილებით განხილვას.