Skip to main content

ნ. ბერდიაევი — “პიკასო”.

(თარგმნილია წიგნიდან, “ხელოვნების კრიზისი”, გამოცემა გ.ა. ლემანისა და ც.ი სახაროვისა. მოსკოვი 1918 წ.)

 

როცა შევდივართ ს.ი. შჩუკინის გალერეის პიკასოს ოთახში, გვიპყრობს ძრწოლის შემზარავი გრძნობა. ის, რასაც ამ დროს ვგრძნობთ, არაა დაკავშირებული მხოლოდ ფერწერასთან და ხელოვნების ბედთან, არამედ უკავშირდება მთელ კოსმიურ ყოფასა და მის ბედს. წინამორბედ ოთახში ვხვდებით მომხიბვლელ გოგენს. მისი ქმნილებების შემყურეს გვეჩვენება, რომ აქ განიცდება ბუნებრივი ყოფის უკანასკნელი სიხარული, ქმნილი სამყაროს სილამაზე, სილამაზე კრისტალური ქვეყნიერებისა, მშვენიერება მზის ნათელით გაჟღენთილი ყოფიერებისა. გოგენისთვის, ამ რაფინირებული და რღვევამორეული კულტურის შვილისათვის, საჭირო იყო გაქცევა კუნძულ ტაიტიზე, ეგზოტიკურ ბუნებასა და ხალხში, რათა მოეკრიბა თავის თავში ძალა ქმნილი, კრისტალური, მზის სხივებით გაჯერებული სამყაროული სილამაზის დახატვისთვის. ამ ოქროსფერი სიზმრის შემდეგ გვეღვიძება პიკასოს ოთახში. აქ ცივა, მოღრუბლულია და ჩვენ გვზარავს. გაქრა სიხარული ქმნილი სამყაროს მზიანი ყოფისა. ზამთრის კოსმიურმა გრიგალმა ჩამოგლიჯა საფართა ფენები, დაახმო ყვავილები, ფოთლები, შემოიხა საგანთაგან ტყავი, ყოველგვარი სამოსელი, დასამარდა ყოველი ხორციელი, ჩაუფერფლავი სილამაზის ხატობრივი გამომოვლინება დაიშალა. გვეფიქრება, რომ აღარასოდეს დადგება კოსმიური გაზაფხული, აღარ გამოვა ფოთლები, აღარ აბიბინდება ბალახი, აღარ შეიმოსება გარემო მწვანე საფარით, ვეღარასოდეს ვიხილავთ ქმნილი სამყაროს სინთეტიკურ ფორმებს. და თუკი დადგება კიდეც ოდესღაც გაზაფხული, ის იქნება სულ სხვაგავრი, ახლებური, ჯერ არნახული, არაჩვენებურად შეფოთლილი და აბიბინებული. დიახ, გვგონია, რომ პიკასოსეული საშინელი ზამთრის შემდგომ, სამყარო აღარ აყვავილდება ძველებურად, რომ ამ ზამთარში ჩამოიშლება არა მხოლოდ ყოველგვარი საფარი, არამედ მთელი სხეულებრივ-საგნობრივი სამყარო შეირყევა და მოინგრევა თავის საფუძველში. თითქოს ხორციელდება კოსმოსის იდუმალი დეპლასტიზაცია.

პიკასო — ესაა გენიალური გამომხატველი ხრწნისა, ფიზიკურის, სხეულებრივის, ქმნილი სამყაროს პლასტებად დაშლისა (დეპლასტიზაციისა), ფერწერის ისტორიის თვალზაზრისით სრულიად გასაგებია raison d’etre, საფრანგეთში კუბიზმის წარმოშობა. პიკასოს წინამორბედი იყო ისეთი დიდი მხატვარი, როგორიცაა სეზანი. ამ დროისთვის ფერწერა საფრანგეთში დიდი ხანია მიდიოდა მყარი ფორმების ჩამოშორების, შემსუბუქების, განსაკუთრებული სილამაზის გამოხატვის გზით. კუბიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია ამ სიმსუბუქის წინააღმდეგ, როგორც ძიება საგანთა გეომეტრიულობისა და ჩონჩხისა. ესაა ძიება ანალიტიკური და არა სინთეზური. სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება სინთეზურ-გამთლიანებული აღქმა და შემოქმედება. ყველა და ყველაფერი ანალიტიკურად ნაწევრდება და იხრწნება. ამგვარი ანალიტიკური დანაწევრებით ცდილობს მხატვარი დავიდეს საგანთა ჩონჩხამდე, მყარ ფორმებამდე, რომელნიც მას ეგულება შემსუბუქებულ-წონადაკარგული საფარველის მიღმა. სამყაროს მატერიალური საფარველი გაიხრწნა, გაცამტვერდა და დაიწყეს ძებნა წონადაკარგული საგნობრივობის მიღმა არსებული მყარი სუბსტანციისა. საგანთა გეომეტრიული ფორმების, საგანთა ჩონჩხების თავისებური ძიებით პიკასო მივიდა ქვის ხანაში. მაგრამ, ეს მოჩევენებითი ქვის ხანაა. სიმძიმე, შეკრულობა და სიმყარე მისეული გეომეტრიული ფიგურებისა მოჩვენებაა და მეტი არაფერი.  სინამდვილეში პიკასოს გეომეტრიული სხეულები, კუბიკებისგან აგებული სხეულებრივი სამყაროს ჩონჩხები, დაინგრევიან მცირედი შეხებითაც კი. მატერიალური სამყაროს უკანასკნელი პლასტი რომელიც დაესახა პიკასო მხატვარს ყველა სხვა საფარის ჩამოგლეჯვის შემდეგ — არის მოჩვენებით პლასტი და არა რეალური. მხატვრის ხედვას არ ეხსნება მატერიალური სამყაროს სუბსტანციურობა — მის წინაშე დასახული სამყარო აღმოჩნდა არასუბსტანციური. პიკასო ესაა — დაუნდობელი მამხილებელი ქმნილი სამყაროს ილუზორულობისა, მატერიალურ-სინთეზირებული სილამაზისა. დამატყვევებელი და მომხიბვლელი ქალური სილამაზის წიაღში ის ხედავს ხრწნისა და გაცამტვერების საშინელებას. მისი, როგორც ნათელმხილველის, მზერა ატანს ყველა საფარველში, სამოსელში, პლასტებში და იქ, მატერიალური სამყაროს სიღრმეში უმზერს თავის შეკოწიწებულ ურჩხულებს. ეს უკანასკნელნი წარმოგვიდგებიან სამყაროს შებორკილ სულთა დემონურ გრიმასებად. საკმარისია კიდევ ერთი ნაბიჯის წადგმა ამ სიღრმეში და უკვე გაქრება ყოველგვარი მატერიალობა, დარჩება მხოლოდ შინაგანი წყობა, სულთა იერარქია. ხელოვნების კრიზისს თითქოს მივყავართ ფიზიკური სამყაროს გასასვლელისკენ, მატერიალური ხორციელობიდან სხვა, უფრო მაღალი პლანისკენ.

მხატვრობაც, როგორც ყველა პლასტიკური ხელოვნება, წარმოადგენდა მატერიალიზაციას, კრისტალიზაციას, განსხეულებას. ძველი ფერწერის აღმავლობანი შედეგად გვაძლევდნენ კრისტალიზებულ, გაფორმებულ ხორციელებას. ფერწერა დაკავშირებული იყო ქმნილი სამყაროს ციხესიმაგრესთან, გაფორმებული მატერიის სიმყარესთან. ამჯერად კი ხელოვნება განიცდის გაუგონარ კრიზისს. თუ სიღმისეულად შევხედავთ, ამ კრიზისს ვერ ვუწოდებთ ვერაფერს გარდა დ ე მ ა ტ ე რ ი ა ლ ი ზ ა ც ი ი ს ა, ფ ე რ წ ე რ ი ს   გ ა რ დ ა ს ა ხ ვ ი ს ა. ფერწერაში ხდება რაღაც ისეთი, რაც სრულიად საპირისპიროა პლასტიკური ხელოვნების ბუნებისა. თითქოს უკვე ყველაფერი ამოწურულია ქმნილი, კრისტალიზებული ფერწერის სფეროში. ხელოვნება საბოლოოდ წყდება ანტიკურობას. იწყება ყოფიერების მატერიალური პლანის საზღვრებს გარეთ ფერწერის გაღწევის პროცესი. ძველ ფერწერაში ადგილი ჰქონდა ჭარბ სულიერებას, მატერიალურ სამყაროდ კრიტალიზირებულ, განსახიერებულ სულიერებას. ამჟამად მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი: სულიერება კი არ მატერიალიზირდება და სახიერდება, არამედ თავად მატერია დემატერიალიზირდება, გარდაისახება, კარგავს თავის სიმკვრივეს, ციხესიმაგრეობას, გაფორმებულობას. ფერწერა იძირება მატერიის სიღრმეებში და იქ, სიღრმის უკანასკნელ პლასტებში უკვე ვეღარ პოულობს მატერიალობას. თუ გამოვიყენებთ თეოსოფიურ ტერმინოლოგიას, შეიძლება ითქვას, რომ ფერწერა ფიზიკური სხეულებიდან გაგდადის ეთერულ და ასტრალურ სხეულებზე. უკვე ვრუბელთან დაიწყო მატერიალურ სხეულთა დანაწევრება. პიკასოსთან არღეულია მატერიალურ სხეულთა საზღვრები. იგივე სიმპტომატიკა შეინიშნება ფუტურისტებთან, მათ აჩქარებულ სამოძრაო ტემპში. რეკლამასა და შარლატანობას, რომელიც ამხინჯებს ჩვენი დროის ხელოვნებას, გააჩნია თავისი ღრმა მიზეზი ყოველგვარი ცხოვრებისეული კრისტალურობის დანაწევრებაში. უკვე იმპრესიონისტებთან იწყება ერთგვარ პროცესი ხრწნისა. და ეს ხდება არა სულიერებაში, არამედ მატერიალურობის სიღმეებში ჩაძირვით. ადრეული იტალიური ფერწერა აღსავსე იყო ღრმა სულიერებით, მასში სახიერდებოდა სულიერ-გონითობა. თანამედროვე ხელოვნებაში სულიერ-გონითი ასპექტი გამქრალია და თავად ხორცელ-სხეულებრივობა დემატერიალიზდება. ეს ძალზე მძლავრი რღვევაა პლასტიკური ხელოვნებისთვის, ის არყევს თავად პლასტიკური ფორმის არსებას. დემატერიალიზაცია ფერწერაში ახდენს შთაბეჭდილებას ხელოვნების საბოლოო კრახისა. ფერწერა ისეთივენაირადა დაკავშირებული გაფორმებული ხორციელობის კრისტალებთან, როგორც პოეზია — გაფორმებული ენის კრისტალებთან. სიტყვიერების ხრწნა, დაშლა-დანაწევრება უნდა ახდენდეს პოეზიის სიკვდილის შთაბეჭდილებას. დანაწევრება, ხრწნა სიტყვიერების კრისტალებისა ჭეშმარიტად ისევე ხორციელდება, როგორც ხორციელების კრისტალებისა. მე აქ აღარ შევეხები ფუტურისტულ პოეზიას, რომელმაც დღემდე ვერ მოგვცა ვერაფერი მნიშვნელოვანი. აი, ანდრეი ბელის, რომელსაც მე მიიჩნევ ორიგინალურ, მნიშვნელოვან, რუსული ლიტერატურის გენიალურ გამოვლინებასთან ახლო მდგომ შემოქმედად, შეიძლება ეწოდოს კუბისტი ლიტერატურაში. მის რომანში — „პეტერბურგი“ — შეიძლება დავინახოთ იგივე პროცესები დეპლასტიზაციისა, კოსმიური ყოფის ფენაფენად დანაწევრებისა, რომელსაც ვხედავთ პიკასოს ნახატებში. მის გამაოგნებელ, საშინელ სიტყვათშეთანხმებებში მრავალ ნაწილად იხერხება სიტყვათა კრისტალები. ის ისეთივე შიშისმომგვრელი მხატვარია, როგორიც პიკასო. ესაა შიში, რომელიც მომდინარეობს სამყაროს სიკვდილისგან, ხრწნისგან, დაშლა-დანაწევრებისგან, უფრო სწორედ სამყაროს ერთ-ერთი გამოხატულების სიკვდილისგან…

და აი, ჩვენში ჩნდება ფიქრები იმის თაობაზე, რომ აღარ იარსებებს მშვენიერი სხეულები, წმინდა კრისტალები, სიხარული ქმნილი სიცოხცლისა, საგანთა სინთეზურ-მთლიანობითი აღქმა, ორგანული კულტურა. მთელი ეს პასეიზმი და პასეისტები განწირულნია არიან გულისშემაღონებელი სევდისათვის, წარსულზე ოხვრა-ვაებისთვის, ქმნილი სამყაროს სიკვდილისგან მოგვრილი ამაზრზენი ძრწოლისთვის. არქიტექტურა უკვე გარდაიცვალა უკანმოუსვლელად და ეს სიკვდილი არის მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმაჩვენებელი. დიადი არქიტექტურის მობრუნების იმედის სიკვდილთან ერთად კვდება იმედი ორგანულ, ბუნებრივ-სხეულებრივ სახალხო კულტურაში სილამაზის კვლავ ხორცშესხმის შესახებ ზოგადად. არქიტექტურაში დიდი ხანია უკვე იზეიმა გამარჯვება ყველაზე მდაბიო ფუტურიზმმა. ისე ჩანს, თითქოს მატერიალურად განსახიერებულ სამყაროში, სხეულებრივობაში ყოველივე დაიმსხვრა საბოლოოდ, ყოველივე არის detraque. ყოფიერების ამგვარ პლანში უკვე შეუძლებელია ორგანული, სინთეზურ-მთლიანობითი სიხარული, მშვენიერებისგან დაბანგულობა. გვგონია, რომ თავად ბუნებაში, მის რიტმსა და წრებრუნვაში რაღაცა გამოუსწორებლად დაინგრა და შეიცვალა. აღარც არის და აღარც შეიძლება იყოს ძველებურად მშვენიერი გაზაფხული, მზიანი ზაფხული, კრისტალური სიწმინდე, სისუფთავე, ნათელფენა… აღარც გაზაფხულზე და აღარც ზაფხულზე. წელიწადის დროები აღრეულია. აღარ გვახარებს აისი და დაისი ისე, როგორც ეს ხდებოდა ადრე. მზე დიდი ხანია სხვაგავარად ანათებს. ბუნებაში, მეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებშიც კი მიმდინარეობს იდუმალი პროცესი ანალიტიკური დეპლასტიზაციისა და ფენებად დანაწევრებისა. ყოველივე ამას ამჟამად გრძნობს მრავალი ის მახვილგონიერი ადამიანი, რომელსაც გააჩნია კოსმიური ყოფისადმი მისტიური გრძნობელობა და აღქმა. ადამიანის სცოცხლესა და ადამიანურ ყოფაზე, ადამიანურ საზოგადოებრიობაზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს. აქ ყოველივე უფრო ნათლად და საგრძნობად ჩანს. ჩვენი ცხოვრება გადაიქცა ცალსახა დეკრისტალიზაციად, დემატირიალიზაციად, გარდასახვად. მატაერიალური ტექნიკა ხელს უწყობს ისტორიული სხეულის, მყარი გვარეობითი ძე-ხორციელობის ფენებად დახერხვას, დანაწევრებას. ყოველგვარი დადგენილებანი უკვე მოირყა და მათთან ერთად ირყევა არა მხოლოდ ადრინდელი ბოროტება და სიცრუე, არამედ ყოფილი მშვენიერებაც, ყოფილი მყუდროებაც ცხოვრებისა. მატაერიალური სამაყარო ოდითგანვე გვეჩვენებოდა აბსოლუტურად მყარ, მტკიცედ კრისტალიზებულ მოცემულობად. მაგრამ, ეს სიმყარე აღმოჩნდა შეფარდებითი. მატერიალური სამყარო არაა სუბსტანციონალური — ის მხოლოდ ფუნქციონალურია. ამოწურულია უკვე ის მდგომარეობანი სულისა და გონისა, რომელთაც თავის დროზე წარმოშვა ეს სიმყარე და კრისტალობა ქმნილი მატერიალური ყოფიერებისა. ამჟამად ადამიანური სულიერ-გონითი განზომილება შედის თავისი ყოფნის განსხვავებულ ასაკში, რომელშიც დეპლასტიზაციისა და ფენებად დაშლის პროცესი დაკვირვებადია ყველაფერში: გვარეობითი სიცოცხლისა და მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრების რყევაში, მეცნიერებაში, რომელიც არღვევს გამოცდილების ტრადიციულ სზღვრებს და გვაიძულებს ვაღიაროთ დემატერიალიზაცია ფილოსოფიაში, ასევე ხელოვნებაში, ოკულტურ მიმდინარეობებსა თუ რელიგიურ კრიზისში. იხრწნება ძველი სინთეზი საგნობრივი, ნივთიერი სამყაროსი, იღუპება საბოლოოდ ძველი მშვენიერების კრისტალები. ეს ხდება ისე, რომ ახალი სილამაზის წვდომის შესაძლებლობა, რომელიც შეეფერებოდა ადამიანის ამ ასაკს, არ ჩანს. პიკასო — ესაა შესანიშნავი მხატვარი, ღრმად ამაღელვებელი, მაგრამ, მასში ვიხელთებთ სილამაზეს. ეს ერთბაშად გარდამავალი ეტაპია, სრული კრიზისია.

ამაზრზენი, მძიმე და სევდიანია ამგვარ დროებაში იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც ახსოვს და უყვარს მზე, ნათელი, იტალია, ლათინთა გენია, ხორცშესხმა და კრისტალურობა. მხოლოდ ამგვარ ადამიანს ძალუძს განიცადოს უსაზღვრო მწუხარება ყოვლად ფასეული სამყაროს შეუქცევადი სიკვდილისგან. მხოლოდ სულიერ-გონით სიღრმეებში თუღა მოინახება ამ საშინელების შხამსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც კვლავ მოგვანიჭებს ახალ სიხარულს.

გერმანულ კულტურაში ნაკლებად იგრძნობა მსგავსი კრიზისულობა, რამეთუ გერმანული კულტურა ყოველთვის იყო გამორჩეულად სულიერ-გონითი და არ იცნობდა განსხეულებულ მშვენიერებას, ზემოხსენებულ კრისტალიზაციას მატერიაში.

სამყარო იცვლის თავის სამოსელს. სამყაროს მატერიალური საფარველი(ბი) აღმოჩნდა მხოლოდ დროებითი გარსი(ბი). კოსმიურ ქარიშხალს უნდა ჩამოეცვინა ძველი ფოთლები და ყვავილები. მოძველებული სამოსი ყოფიერებისა ლპება და ცვივა. ესაა — ყოფიერების ასაკობრივი ავადმყოფობა. მაგრამ, ყოფიერება უკვდავია თავისი არსებით, განუხლეჩელია თავის ბირთვში. კოსმიური საფარველებად დანაწევრების, ნაწილებად დაშლის პროცესში უნდა გადარჩეს ადამიანი და ყველაფერი ჭეშმარიტად არსებული. ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსი აბსოლუტის ყოფიერებისა, შეუძლებელია დანაწევრდეს. თუმცა, ის დგას საშიშროების წინაშე ამ კოსმიური ქარიშხალის გამო. ის არ უნდა დაექვემდებაროს ქარიშხალის ნებას. პიკასოს მხატვრობაში უკვე აღარ არსებობს ადამიანი. რასაც ის თავის შემოქმედებაში გვიაშკარავებს არაადამიანურია; ის ადამიანს ტოვებს დამანგრეველი ქარიშხალის ნების ანაბარა. მაგრამ წმინდა კრისტალი ადამიანურობის გაუნადგურებელია. მხოლოდ თანამედროვე ხელოვნება ძალაგამოლეული ქმნის კრისტალებს. ამაჟამად ჩვენ მივადექით არა კრიზისს ფერწერაში, რომლსაც ადგილი ჰქონია არაერთხელ, არამედ ფერწერისა და ხელოვნების კრიზისს საერთოდ. ესაა — კულტურის კრიზისი, მის მიერ საკუთარი წარუმატებლობის გაცნობიერება, შემოქმედებითი ენერგიის კვლავ მოპოვების შეუძლებლობის განცდა. კოსმიური დეპლასტიზაცია და დანაკუწება წარმოშობს ყოველგავრი ხელოვნების კრიზისს, ხელოვნების საზღვრებთა რყევა-აღრევას. პიკასო — წარმოგვიდგება ამ მტკივნეული პროცესის ნათელ სიმპტომად. თუმცა ამგვარი სიმპტომები მრავალია. პიკასოს ნახატების წინ მდგომი ვფიქრობდი, რომ სამყაროს ემართება რაღაც უჩვეულო, და განვიცდიდი მწუხარებასა და მგლოვიარეობას სამყაროს ძველებური სილამაზის კვდომის მიმართ, თუმცა ამავდროულადვე ვგრძნობდი ახალის მოსალოდნელი დაბადებით გამოწვეულ სიხარულსაც. მიიღეთ ეს, როგორც პიკასოს ძალმოსილების დიდი შექება. ამგვარი ფიქრები მომრევია ხოლმე ოკულტური წიგნების კითხვისასაც ან ამ სფეროსთნ დაკავშირებულ ხალხთან ურთიერთობისას. მაგრამ, მჯერა, ღრმად მჯერა, რომ შესაძლებელია ახლებური სილამაზე ამ ცხოვრებაში და რომ სიკვდილი ძველებური სილამაზისა მხოლოდ გვეჩვენება ჩვენი შეზღუდულობის გამო, ვინაიდან ყოველგვარი მშვენიერება მარადიულია და მუდმივი მახასიათებელი ნიშანია ყოფიერების ბირთვისა. ამიტომ, შემაღონებელი მწუხარება უნდა გადაილახოს. თუ ბოლოსწინა ჭეშმარიტებად დავსახავთ დებულებას, რომ — ბოტიჩელისა და ლეონარდოს სილამაზე აღუდგენლად დაიღუპება ყოფიერების მატერიალური პლანის დაღუპვასთან ერთად, რომელშიც ეს სილამაზე იყო ხორცშესხმული, მაშინ საბოლოო ჭეშმარიტებად უნდა ვიგულვოთ დებულება იმის თაობაზე, რომ — ბოტიჩელისა დალეონარდოს მიერ დასახული მშვენიერება უკვე გახდა მარადიული ყოფის ხიზანი, ვინაიდან ის ყოველთვის მყოფობდა კოსმიური ცხოვრების არამყარი საფარის ქვეშ, რომელსაც ჩვენ სახელვყოფთ მატერიად. მაგრამ ახალი შემოქმედება იქნება უკვე სხვაგვარი, ის აღარ მოიდრიკება ამქვეყნიურობის სიმძიმის ზეწოლით. პიკასო — არაა ახალი შემოქმედება.  ისაა — დასასრული ძველისა.