Skip to main content

ი.გოგოიჩაძე. „ანთროპოსი და დროულობის მრავალფეროვნება“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-27, 2023 წ)

დროის ფენომენს ჩვენ შევხებივართ წინამორბედ სტატიებშიც, მაგ., „აბსოლუტური თავისუფლება და თეოანთროპოსი“ – ში („ფილოსოფიური ძიებანი“ N – 18, 2014 წ.). ხსენებულ სტატიაში საქმე ეხებოდა კონკრეტულად დროის ზოგად ისტორიის-ფილოსოფიურ კონცეფციებს. დროის პრობლემა იმდენად ფართო საკითხია, რომ ერთი და ორი სტატიის ფარგლებში ვერ ამოიწურება. აქ ამ საკითხს სხვა მხრივ შევეხებით, რაც გამოაჩენს შემდგომი სტატიებისთვის განსახილველ საკითხთა ახალ რიგს და ა.შ.. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ფილოსოფიურ პრობლემათა, და მათ შორის დროის საკითხის, ცალსახად, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის შეუძლებლობას. დრო, არაა ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტი სხვა ობიექტთა შორის. ვერაფერს ვერ დავადებთ ხელს და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის დრო. ამდენად, დრო არ ექვემდებარება ისეთსავე პირდაპირ ექსპერიმენტულ შემეცნებას, როგორსაც ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტები, რომელთაც მატერიალურობა გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ მოვხაზავთ ერთგვარ თვალსაზრისს დროის ფენომენთან დაკავშირებით და, ცხადია ვერ გავკადნიერდებით იმდენად, რომ პრეტენზია განვაცხადოთ ამ უდიდესი საიდუმლოებით მოცული ფენომენის პრობლემურობის ერთხელ და სამუდამოდ მოხსნაზე.

წინამდებარე სტატიაში ვეცდებით ჩვენებას, მაგ., იმისა, რომ: 1) არ არსებობს მხოლოდ რომელიღაც ერთი, პრივილეგირებული, თავისთავად მოცემული ანუ არა-ობიექტივირებული დრო (მაგ., ის, რომელიც იზომება საათით და რომელიც კონვენციურადაა მიღებული საყოველთაო, საერთაშორისო დადგენილებით რათა მსოფლიო საზოგადოებრივობის ყოველდღიური საქმიანობა იყოს ნაკლებ ქაოტური და უფრო მოხერხებულად იმართოს ცხოვრებისეული პროცესები). წინამდებარე სტატიის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება სწორედ ამ ობიექტივირებული დროის ფიზიკალისტური გაგების ლოგიკური, ონტოლოგიური თუ გნოსეოლოგიური წინააღმდეგობების წარმოჩენა; 2) არსებობს სხვადასხვა დროები, რომელთადმიც მიყენებადია სხვა „საზომი ერთეულები“ და რომელთაც ლეგიტიმური არსებობის თანაბარი სტატუსი აქვთ; 3) ანთროპოსი თავისი ფენობრივ-სტრუქტურული აგებულებით შესაბამის მიმართებაშია ამ ე.წ. „სხვადასხვა დროებთან“ ანუ ყოველ რეალიზებულ ფენას ანთროპოსის ყოფითი აგებულებიდან — ა) ცხოველს ან იგივე „ემპირიულ სუბიექტ-ობიექტს“; ბ) საკუთრივ ადამიანს ან იგივე „რაციონალურ სუბიექტ-ობიექტს“ (თავისი homo faber-ისა და  homo consumens-ის მოდუსებით); გ) ინდივიდუალს ან იგივე შემოქმედს; დ) პიროვნებას — შეესაბამება სხვადასხვა „წესრიგის“ მქონე დროული მდინარება, ციკლი, რიტმი, პერიოდი და ა.შ.. მაგ., (ა)-ს შეესაბამება ე.წ. „ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დრო“, (ბ)-ს ე.წ. „ფიზიკურ-ასტრონომიული დრო“, რომელსაც პირობითად ვზომავთ საათით, კალენდარით (ეს უკანასკნელი დაკავშირებულია, მაგ., ისეთ ასტრონომიულ მოვლენასთან, როგორიცაა დეამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო), (გ)-ს ე.წ. „ხელოვნებისეული დრო“, ხოლო (დ)-ს „მეტაფიზიკური დრო“ ან მარადისობა. რა თქმა უნდა, ანთროპოსი, მიუხედავად მისი პოტენციურ-პლასტობრივი ფენების ნაწილობრივი თუ სრული რეალიზებისა, ერთიანი არსია და აქ ადგილი აქვს ამ პლასტობრივ-დროითი მიმართებების კვეთას, რის გამოც ჩვენს მიერ ნაჩვენები სურათი არც მთლად ისე ცალსახაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იმის თქმა გვინდა, რომ, მაგ., ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დროის აღქმა გააჩნია (ბ)-საც, (გ)-საც და (დ)-საც, მაგრამ, ისინი არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ფიზოლოგიურ-ფსიქოლოგიური დროითი პარამეტრებით. (ბ)-ე, ე.ი. რაციონალური სუბიექტ-ობიექტი ან Homo faber-ი, რომ ვერ გადის ფონს გარე ფიზიკური სინამდვილის შემეცნებისას მხოლოდ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დროის ინტუიციებით, იმიტომაც ახდენს პირობით ობიექტივირებას იმ დროისა, რომელსაც საათით ზომავს და რომლის ინტერვალიზაციაც — წამად, წუთად, საათად, დღე-ღამედ და ა.შ. — კონვენციურად აქვს დაფიქსირებული.

იგივე ითქმის (გ)-ც, ე.ი. შემოქმედზე, რომელიც ე.წ. „ხელოვნებისეული დროის“ განცდის არ ქონის პირობებში, ვერ შექმნის ვერაფერს დიადს; ხოლო (დ)-ე, ე.ი. პიროვნება, მსაგავსად ქრისტესი ან ბუდასი, ვერასოდეს დასძლევს ამქვეყნიური დროული შეზღუდულობის ფარგლებს, რომ არ გააჩნდეს ე.წ. „მეტაფიზიკური დროის“, მარადიულობის განცდა.

ცხადია, ამ ამოცანის შესრულებისას ჩვენ შეხებაში მოვალთ დროის ფენომენთან დაკავშირებულ არაერთ სხვა ნიუანსთანაც.

.         .          .          .         .          .

დროის ცნებითი შინაარსის წაკითხვა ყოველ ეპოქაში დიდ თავსატეხს წარმოადგენდა. უკიდურეს ინტერესს აღძრავდა ის არა მხოლოდ მოაზროვნე გენიოსთა, არამედ უბრალო მოკვდავთა სულებშიც. „დრო“, როგორც ლექსიკური ერთეული, ალბათ ყველაზე ხშირად მოხმარებადია ყოველდღიურ მეტყველებაში — „ჯერ რა დროსია“, „ეხლა ამის დრო არაა“, „რამხელა დრო გასულა“, „დრო ყველაფრის მკურნალია“, „ჩემი წასვლის დროა“, „კომუნისტების დრო“, „ნიკოლოზის დრო“ და ა.შ. ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, მოვიხმართ ამ სიტყვას ისე, რომ ბევრი არაფერი ვუწყით დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ გარკვეული ინტუიცია დროისა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ესეც სრულიად საკმარისია ყოველდღიურ ცხოვრებაში ორიენტირებისთვის. აი, რაც შეეხება „დიდ მოაზროვნეებს“, მათ ჭარბად უფიქრიათ ამ საკითხზე, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი თეორიული წიაღსვლების ამოსავალსაც მსგავსი ინტუიცია წარმოადგენდა. ეს არაცაა გასაკვირი, რამეთუ დროის ცნება, ისევე როგორც ცნება მატერიისა, მასისა და სხვა ფუნდამენტური ფიზიკურ-მეცნიერული ცნებებისა, წარმოიდგინება, როგორც არისტოტელი იტყოდა, საწყის-ამოსავალ ელემენტად მეცნიერული მსჯელობისა. მათ ვიღებთ იმთავითვე ისეთ ინტუიტიურად მოსახელთებელ განსაზღვრებებად, რომელნიც, თავის მხრივ აღარ ექვემდებარებიან შემეცნებას. ასეთი მიდგომა, მოგეხსენებათ, ერთგვარი დაზღვევეაა „უსასრულო რეგრესის“ თავიდან აცილებისთვის, რაც ემსახურება მეცნიერული ცოდნის წინმიმავალ და მზარდ პროგრესს. რაც შეეხება ამ საფუძველდებულებებისა და ცნებების ლოგიკურ სისუსტეებსა და ხარვეზებს ეს ფილოსოფიური დებატების სფეროა და მეცნიერებას ის ნაკლებად აღელვებს, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები არ აფერხებს მეცნიერული კვლევის პრაქტიკას.

ამდენად ჩვენ ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გავმიჯნოთ — 1) დროის განსაზღვრება, და 2) მეცნიერულ-პროგრესული ცოდნა დროის ფენომენის თაობაზე, რომელიც წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ არაა პირდაპირი ხასიათის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ირიბად მიღებულ დასკვნებს, ანუ სხვა ფენომენების ბუნებაზე დაკვირვების, მაგ., მოძრაობის, სიჩქრის და სხვათა შედეგების განვრცობას დროის ინტუიციებზე, გნებავთ განსაზღვრებებზე, რომელთა დადგენა-ჩამოყალიბებაც აგრეთვე ფილოსოფიის კომპეტენციად რჩება დღემდე. თანამედროვე ფიზიკოსები და ბუნებისმეტყველები დროის პირდაპირ განსაზღვრებას არამეცნიერულ წამოწყებად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, უკვე ანტიკურობიდან შეიმჩნევა, რომ დრო არაგანმეორებადი უსასრულოდ მცირე ინტერვალების უწყვეტ მდინარებას წარმოადგენს — ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ — რის გამოც ის მეცნიერული შემეცნების ობიექტად ვერ გამოდგება, ანუ მის თაობაზე აგებული მეცნიერული ცოდნა განმეორებად ექსპერიმენტულ დაკვირვებადობის პრინციპს ვერ დაემყარება. დროის ერთი რომელიმე მომენტი მიყისიერად და მიწყივ ქრება და ადგილს უთმობს მომავალ, ასევე მყისიერად განლევად მომენტს, რის გამოც მისი ექსპერიმენტული ფიქსაცია გამორიცხულია. დრო არამდგრადი, შეიძლება ითქვას, ყველაზე არამდგრადი, ან აბსოლუტურად არამდგრადი არსია, რის გამოც მისი არსების პირდაპირი და თანაც მკაცრი მეცნიერული კრიტერიუმების შესაბამისად წვდომა, შეუძლებელია.

ამ მომენტს კანტი დაუმატებს კიდევ ერთს და იტყვის, რომ ის, რასაც ფიზიკა შეიმეცნებს, ანუ ფიზიკური ობიექტები და მოვლენები, მოცემულია დროსა და სივრცეში (აქ რისთვისაც ხაზგასმა გვინდა, მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, დრო და სივრცე ჩვენი ემპირიული ჭვრეტის აპრიორული ფორმებია, თუ ჩვენგან და მოუკიდებლად არსებული „ნივთი თავისთავად“). თუ ფიზიკოსი დროს დაისახავს მეცნიერული შემეცნების ობიექტად ის აღმოჩნდება პარადოქსალურ მოჯადოებულ წრეში — დრო უნდა იყოს მოცემული დროში (ცხადია, სივრცეშიც).

ეს გარემოება რომ მეტნაკლებად გაენეიტრალებინათ, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მიიღეს მორიგი მეცნიერული კონვენცია, რომ დროზე და სივრცეზე, როგორც ცალკეულ, დამოუკიდებელ არსებზე აღარ ელაპარაკათ. ამგავარი რამ, მაშინდელი მეცნიერული პროგრესიდან და დაგროვებული ცოდნიდან გამომდინარე, ჩაითვალა მეტაფიზიკურ ტენდენციად. არასებობს არა დრო და სივრცე, არამედ, ე.წ. „სივრცე-დრო“. ან სხვაგვარად, სივრცის სამ განზომილებას (რომელიც მანამდეც ცნობილი და მიღებული იყო) დაემატა მეოთხე — დროის განზომილება. დრო გახდა სამყაროს მეოთხე განზომილება, ამიტომ, აინშტაინის მიხედვით, შეუძლებელია, რომ სივრცეზე ლაპარაკისას არ ვლაპარაკობდეთ დროზეც. ანტიკურობიდან მოყოლებული ადგილი ჰქონდა დროის სუვერენობის ელიმინირებას, ან გნებავთ რედუქციას, ჯერ მაგ., მოძრაობაზე, შემდეგ თანმიმდევრობის წესზე, ჭვრეტის აპრიორულ ფორმაზე, მატერიალურ საგან-მოვლენათა თვისებაზე და ა.შ.. დღეისთვის „სივრცე-დროსაც“ ჩამოერთვა ავტონომიურობისა და აბსოლუტურობის სტატუსი და დადგინდა, რომ „სივრცე-დრო“ განსაზღვრულ დამოკიდებულია მაგ., გიგანტური კოსმიური ობიექტების მასაზე, გრავიტაციაზე, აჩქარებაზე და ა.შ.. „სივრცე-დრო“ შეიძლება გამრუდდეს ან შენელდეს მათი ზემოქმედებით. ვარაუდობენ, რომ „შავი ხვრელების“ ე.წ. „მოვლენათა ჰორიზონტს“ მიღმა „სივრცე-დრო“ საერთოდ უქმდება. დროის არსებობას გამორიცხავს სამყაროს „დიდ აფეთქებამდელი“, ე.წ. „სინგულარული“ მდგომარეობაც. მეცნიერება ცდილობს შეიმეცნოს ის, რაზეც დაჰყავს დრო და მიღებული შედეგების დროზე კორესპონდირებით გვთავაზობს ცოდნას ისეთ არსზე, როგორიცაა დრო. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო სციენტისტურ დადგენილებად მიიჩნევა შემდეგი — დრო არაა რაიმე აბსოლუტური სუბსტანცია, რომელიც საკუთარი არსებობისთვის არ საჭიროებს რაღაც სხვას; არა, ის დამოკიდებულია მატერიაზე, მის თვისებრივ შინაარსს განსაზღვრავს მატერიალური საგან-მოვლენების ურთიერთმომართებებით შექმნილი საქმის ვითარება — ე.ი. თუ მატერიისა და მისი მოძრაობის ელიმინირებას მოვახდენთ, არ დარჩება არც ცარიელი სივრცე და არც დრო.

აქვე უნდა შევნიშნოთ, თუ რას ვგულისხმობთ დროის „ობიექტივირებაში“. ფიზიკალისტური გაგება დროისა ობიექტივირებულია იმ გაგებით, რომ ის ანთროპოსის შინაგანი, იმანენტური განცდის სფეროდან გატანილია მის გარეთ, ტრანსცენდენტურში და ისე წარმოიდგინება საქმის ვითარება, თითქოს სამყაროც ისევე განიცდიდეს დროს, როგორც ანთროპოსის სული. სამყარო თუ რამეს განიცდის საერთოდ, „განიცდის“ ალბათ მხოლოდ გარეგნულად, იერსახეობრივი ცვალებადობების ფორმით. სამყარო შინაგანად არაფერს განიცდის, თუ ამ სამყაროდან ამოღებულია ანთროპოსი თავისი შინაგანი, სულიერ-გონითი სიცოცხლისუნარიანობითა და განცდებით.

წინასწარი შენიშვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო წინ მიდის აზროვნების განვითარების ისტორია, მით უფრო რთულდება დროის ფენომენის განსაზღვრა, ვინაიდან თავდაპირველ განსაზღვრებებთან შედარებით, რომელნიც ფილოსოფიის დაწყებით ეტაპზე გვხვდება, შემდეგდროინდელი განსაზღვრებანი თან იკიდებენ და მოათრევენ ზურგით მთელ ცნებით, სიმბოლურ და ტექნიკურ აპარატს მეცნიერული ცოდნის მემკვიდრეობისა. დღეისთვის დროის პირდაპირი განსაზღვრის მოთხოვნა ფიზიკოსებს ღიმლის ჰგვრის. რა არის დრო? — ამ კითხვაზე შესაძლებელია არა პირდაპირი განსაზღვრების მოცემა, არამედ მთელი რიგი ფენომენების — მოძრაობა, აჩქარება, მასა, გრავიტაცია, ენტროპია და ა.შ. — ბუნების გამომზეურება და დროის ფენომენის რაობის მათთან მიმართებით კონტექსტში დადგენა, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ისეთ ურთულეს გამოთვლით ფორმულებამდე, რომელებშიც აიშტაინის გონების სიმაღლეზე მდგომი ფიზიკოსები თუ გაერკვევიან მხოლოდ. მარტივად რომ ვთქვათ ეს მოხდა იმიტომ, რომ თავად დრო იმდენად მოუხელთებელი რამაა, რომ მას ყოველთვის რაღაც სხვასთან გაიგივებით ან ანალოგიით განსაზღვრავდნენ. ამან წარმოშვა საკმაოდ მყარი წარმოდგენა დროის ილუზორულობის თაობაზე — რადგანაც დროის განსასაზღვრად ყოველთვის უნდა მივმართოთ რაღაც სხვას, მაგ., მოძრაობას, ამდენად, ის თავისთავად არც არასებობს; არსებობს მოძრაობა, მოძრავი საგანი, მასზე დამოკიდებული, მისით განსაზღვრული დრო და არა დრო თავისთავდ, დრო როგორც ასეთი დამოუკიდებლად ამ საგნისა და მისი მოძრაობისგან.

ამდენად, ცალკე ფიზიურ-საბუნებისმეტყველო ტენდენციებმა და ცალკე ფილოსოფიურმა წიაღსვლებმა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში (მხედველობაში გვაქვს ისტორიული, ჰუმანიტარული, გონისმეცნიერული თუ სოციალურ მეცნიერებათა დაფუძნების, მაგ. დილთაისეული ან რიკერტისეული მცდელობები, ერთის მხრივ, და ფენომენელოგიურ-ეგსისტენციალიზმისეული ტენდენციები, მეორეს მხრივ), ნათელი გახადა, რომ არსებობს არა რაღაც ერთი „სუბსტანციური დრო“ (რომლის და სწორედ რომლის განსაზღვრაც გვაყენებს გამოუვალი სიძნელეების წინაშე), არამედ სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „სპეციალური დროები“ — მაგ., ისტორიული დრო, ასტრონომიული დრო, ლიტერატურული და თეატრალური ან ხელოვნებისეული დრო, გრამატიკული დრო, ბიოლოგიური დრო, ფსიქოლოგიური დრო და სხვა. ჩვენ შეგვიძლია დროის ფენომენის ერთგვარი აღწერა ისტორიულ, ასტრონომიულ, ფსიქოლოგიურ და ა.შ. ფენომენებთან მიმართებაში. ეს აღწერები თუ შეესაბამება ამა თუ იმ ეპოქაში არსებულ დროის ინტუიციებს, მაშინ ამ ინტუიციებით ნაკარნახევი განსაზღვრებები არაა მოკლებული ღირებულებას, თუ არა და, მაშინ ეს განსაზღვრებები დრომოჭმულად და გაუფასურებულად უნდა ჩაითვალოს.

ამ, ე.წ. „სპეციალური დროების“ სრული განხილვა ცდება სტატიის გადმოცემით შესაძლებლობებს. თანაც, როგორც ითქვა, ზემოხსენებულ სტატიაში ჩვენ უკვე შევეხეთ დროის ისტორიულ-ფილოსოფიურ კონცეფციებს. წინამდებარე სტატიაში, ქვემოთ, უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ იმ ლოგიკურ-ფილოსოფიურ ხარვზებზე, რაც ახასიათებს ყველაზე გაბატონებულ ასტრო-ფიზიკური დროის თეორიას. ამ თეორიის წყალობით კონვენციურმა დრომ, რომელიც საათით იზომება, მოიპოვა მონოპოლია სხვა სპეციალურ დროებზე. ეს უკანასკნელნი ჩრდილში არიან მოქცეულნი, მაგრამ მათთვის არსებობის უფლება არავის ჩამოურთმევია. ენათმეცნიერები საუბრობენ გრამატიკულ დროზე, ფსიქოლოგები ფსიქოლოგიურ დროზე, ხელოვნებათმცოდნეები საუბრობენ და მსჯელობენ ლიტერატურულ და თეატრალურ დროზე და ა.შ. ამ სფეროებში არსებული დროის მდინარება ძალზე განსხვავდება საათით გაზომილი ფიზიკური დროის მდინარებისგან. მაგ., ფიზიკური დროისგან განსხვავებით, რომელიც უწყვეტი ინტერვალური ჯაჭვის სახით წარმოიდგინება და ეს უწყვეტობა ანიჭებს მას მოწესრიგებული, „ისრისებური“ მიმართულობის ფორმას, ხელოვნებისეული დრო, ლიტერატურულ ნაწარმოებში თუ თეატრალურ დადგმაში, სულაც არ ხასიათდება ინტერვალურ-ჯაჭვური უწყვეტობით, მაგარამ, მიუხედავად ამისა ნაწარმოების მოწესრიგებული მიმართულობა ამით არ ირღვევა. პერსონაჟის აქტობრივ მოქმედებებს შორის შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძალზე დიდ ინტერვალურ წყვეტას — ვთქვათ ერთი აქტი მის ბაშვობის დროინდელ პერიოდს ასახავს და მას რიგში მოსდევს მისი მოხუცებულობის ამსახველი აქტი, სცენა ან პირიქით — მაგრამ დროის ან პერსონაჟის ცხოვრებისეული წესრიგის ხასიათს, მაყურებლის თვალში, ეს არაფერს ვნებს. ფიზიკურ დროში რომ ამგავარი რამ ვნახოთ, რაც წარმოუდგენელია, შეიძლება ჭკუიდან შევიშალოთ — ვუყურებთ მოხუცს, რომელიც რაღაც მოქმედებას ასრულებს და უცბად ის იქცევა თავის პატარაობად ან პირიქით. ამ განცვიფრებას იწვევს ინტერვალური ჯაჭვის რგოლების ამოვარდნა და ისეთი რგოლების ერთმანეთის გვერდით აღმოჩენა, რომელთა უშუალო მეზობლობაც გამორიცხულია ფიზიკური დროის კანონებით.

.         .         .         .         .        .        .         .

თავდაპირველად, დრო გვხვდება როგორც მითოლოგიური პერსონაჟი, ღვთაებების სახით, მაგ., ქრონოსი, ან კალა — ინდუიზმში, რენპეტი — ეგვიპტურ მითოლოგიაში, ტაი-სუი — ჩინურში და ზურვანი — სპარსულში. დროის ღვთაების როლითი ვარიაციები ამ მითოლოგიურ „სისტემებში“, განსხვავებულია. ზოგგან, მაგ., სპარსულში, მისი როლი აბსოლუტურია, მისგან წარმოიშობა კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი, ღმერთი და ეშმაკი ანუ აჰურამაზდა და ანგრა-მაინუ, ე.ი. ყოველივე ურთიერთ საპირისპირო, რამეთუ თვითონაა ბუნებით საპირისპიროთა — მდედრობითი და მამრობითი — სქესის მატარებელი. სხვაგან, მაგ., ეგვიპტურში, ის შედარებით დაბალი რანგის, დაქვემდებარებული ღვთაებაა, რამეთუ გამოხატულია ხოლმე ადამიანის სახიანი თავით, მაშინ როცა უმაღლესი საფეხურის ღვთაებებს გამოხატავდნენ ცხოველის ან ფრინველის სახიანი თავით. ეს ფაქტები საინტერესოა თავისთავად, მაგრამ ჩვენ აქ მათ მხოლოდ ვახსენებთ იმის ხაზგასასმელად, რომ დროის ფენომენისთვის ფარდის ახდას კაცობრიობა ოდითგანვე ცდილობდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვითარება იმაში გამოიხატება, ამ ზედაპირულ მოხსენიებაშიც კი, რომ გვიჩვენებს ორ, ალბათ ძირეულ წარმოდგენას, რომელნიც შემდგომ დამკვიდრდებიან ფილოსოფიურ და მეცნეიერულ დებატებში დროის თაობაზე: 1. ჯერ არსებობს დრო, როგორც აბსოლუტური მოცემულობა და მერე მასში მიმდინარე მოვლენები და საგნები, მათ შორის ღმერთიცა და ეშმაკიც (აბსოლუტური დროის თეორია); 2. ჯერ არსებობს ყოვლის შემოქმედი ღმერთი, რომელიც ქმნის და იქვემდებარებს ყოველივეს, მათ შორის დროსაც (ფარდობითი დროის თეორია). ეს ორი ხაზი სხვადასვა ინტერპრეტირებით კიდევ უფრო დაიტოტება შემდგომი ფილოსოფიურ-მეცნიერული დებატებისას.

მაგრამ, სანამ კონკრეტულ ფილოსოფიურ კონცეფციებს შევეხებით, უპრიანია მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ეპოქალური მნიშვნელობის მქონე ზოგადმსოფლმხედველობრივი პარადიგმები. ამ პარადიგმათა ონტოლოგიური საფუძვლების — ქაოსი, დემიურგი, შემოქმედი ღმერთი და ა.შ. — ცვალებადობისდა კვალად გასაოცარ ცვლილებებს განიცდის დროის გაგებაც, რომელსაც ცხრილის სახით გამოვსახავთ:

ანტიკური ეპოქა შუა საუკუნეები რენესანსი-მოდერნი პოსტ-მოდერნი
ქაოსი

დემიურგი

კოსმოსი

შემოქმედი ღმერთი

სამყარო

ანთროპოსი

ანთროპოსი

სამყარო

 

ხელოვნური ინტელექტი

ვირტუალური სამყარო

დროულობის ციკლური კვლავგანმეორებადობა, რომელსაც უსასრულო ხასიათი აქვს. ეს ციკლი, რომელიც შედგება თვისებრივად ერთჯერადი და განუმეორებელი აწმყო მომენტებისგან (ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ), იწყება ქაოსის მოწესრიგებით და საბოლოოდ ინთქმება ყოვლის შემმუსვრელ ცეცხლში. შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან და ა.შ. მარადიული არის მხოლოდ ეს განმეორებადობა. აქ ცალკე მოინიშნება მარადისობა (უცვლელი აწმყო, რომელიც სრულია, სრულყოფილია) და ცალკე — დროულობა, რომელიც წარმოადგენს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ისტორიულ მდინარებას, რომელიც შედგება თვისებრივად ერთჯერადად-განუმეორებელი მომენტებისგან და რომელსაც გააჩნია დასაწყისი და დასასრული. აქ ადგილი არ აქვს ციკლურ განმეორებადობას. დროულობა — როგორც აწმყოების რაოდენობრივად უსასრულო მონაცვლეობა. თვისებრივი პარამეტრები ამ აწმყოებისა ამოწურვადია, ანუ ერთხელად-განუმეორებადი მომენტები ოდესღაც სრულდება. ეს უკანასკნელი თავის დასრულებულობას აღწვს მაგ., ჰეგელის ფილოსოფიაში, რის შემდეგაც ადგილი ეთმობა ერთი და იგივეს მხოლოდ რაოდენობრივ კვლავგანმეორებადობას. დროულობა — როგორც ყოველგვარ თვისებრიობას მოკლებული და მხოლოდ რაოდენობრივი პარამეტრების მქონე აწმყოების უსასრულო, საზრისს მოკლებული მონაცვლეობა.

 

.        .        .        .        .         .        .        .

ფილოსოფიური დებატების ისტორიის კვალად სხვადასხვა თეორიები წარმოიშვა, თუმცა მათ სიმრავლეს არც თუ ისე დიდი სინათლე მოუფენია დროის ცნებითი შინაარსისთვის. თვით ისეთი დიდი გონების მქონე პიროვნება, როგორიც იყო, ანტიკური და ქრისტიანული ეპოქების გზაგასაყარზე მდგომი, ნეტარი ავგუსტინე  გულწრფელად აღიარებდა, რომ დროის ნამდვილი რაობისა ვრაფერი გაიგო; როცა დროის თაობაზე არ ვფიქრობ, მეჩვენება, რომ მის შესახებ რაღაცა წარმოდგენა გამაჩნია, მაგრამ რაწამს დამისვამენ კითხვას — რა არის დრო? — და ამ წარმოდგენიდან აზრის დალაგებულად გამოტანას შევეცდები, ვხვდები, რომ არაფერიც არ გამეგებაო, ამბობდა ის, ალბათ იმიტომ, რომ წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი ჯერ კიდევ არ არსებობს, ხოლო აწმყო მყისიერად გვეცლება ხელიდანო. რა თქმა უნდა, ეს ზედმეტი თავმდაბლობის გამოხატულებაა და პირდაპირი აზრით არ უნდა გავიგოთ. ავგუსტინე შესანიშნავად იყო განსწავლული ანტიკურ ფილოსოფიაში, ხოლო ქრიტიანულ ფილოსოფიას თავად უყრიდა საფუძველს და, ცხადია, რომ დროის საკითხსაც ეჭიდებოდა. დროის ქრისტიანული გაგება დიდადაა განსაზღვრული მისი შეხედულებებით (დროის ქრისტიანულ გაგებასთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი სტატია, „აბსოლუტური თავისუფლება და თეოანთროპოსი“). ავგუსტინეს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა, ერთის მხრივ, ის გარემოება, რომ აზროვნებას სრული ადექვატურობით არ ძალუძს ამ იდუმალი ფენომენის წვდომა, და მეორეს მხრივ, ის, რომ ენა მოკლედ, ორი სიტყვით დროის ბუნების ნათელ გადმოცემას ვერ ახრხებს. ეს გარემოებანი ავგუსტინეს შემდგომ კიდევ უფრო მძაფრად გაცნობიერდა, ბევრი ფილოსოფოსის, თეოლოგისა თუ მეცნიერის აზრმა და ენამ წაიტეხა კისერი ამ საქმეზე, მაგარამ, მიუხედავად ამისა, რამდენიმე, მეტნაკლებად ნათელი და სრული განსაზღვრება კაცობრიობას მაინც შემორჩა და აქედან ერთი მაინც რომ არ ყოფილიყო ცნობილი ავგუსტინესთვის, ეს წარმოუდგენელია; კერძოდ, მხედველობაში გვაქვს მაგ., ჰერაკლიტე, რომელმაც დრო განსაზღვრა როგორც ცვალებადობა ან მოძრაობა — დრო არ არის არც წარსული და არც მომავალი, ის არის მხოლოდ აწმყო, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, ამბობდა ის.

არისტოტელესეული განსაზღვრება დროისა დიდად არ შორდება ცვალებადობასა და მოძრაობას, მაგრამ მისი განსაზღვრება მაინც განსხვავებულია — დრო არის არა მოძრაობა ან ცვალებადობა, არამედ მოძრაობის ზომა. ასეთია არისტოტელეს „განაჩენი“.

პლატონიც დაახლოებით იგივე ტერმინოლოგიურ ქვაბში ხარშავს თავის განსაზღვრებას — დრო არის მარადიულობის მოძრავი სახე, რომელიც ღმერთმა შექმნა ცასთან ერთად.

თუ ამ განსაზღვრებების ცოდნის მიუხედავად, ავგუსტინემ მაინც თქვა ის, რაც თქვა, ეს ნიშნვს ალაბათ იმას, რომ მისთვის ეს დებულებანი არცთუ ისე ნათელი და ცხადი შინაარსის მატარებელია, თუმცა კი მოკლედ და სხარტადაა ჩამოყალიბებული. ეს, თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ განსაზღვრებებში ნახსენები „მოძრაობის“, „ზომის“, „ცვალებადობის“, „მარადისობის“ და ა.შ. ცნებანი თავადაც პრობლემატურ-გასრკვევნი არიან და, ამდენად, მათი მოშველიება დროის საკითხსაც ვერ მოჰფენს ნათელს. თუმცა, როცა ავგუსტინეს „აღსარებას“, კერძოდ მის მეთერთმეტე თავს ვკითხულობთ, გვიჩნდება განცდა, რომ ის მის წინამორბედებს ხშირ შემთხვევაში ეთანხმება და იზიარებს მათ შეხედულებებს  დროის თაობაზე. მაგ., მისი აზრითაც, დრო თავის რეალობას ჰპოვებს მხოლოდ აწმყოში (ჰერაკლიტე). მაგრამ, დრო ისეთი აწმყოა, რომელიც უსასრულოდ მცირე სუბსტანციაა. ამდენად, აწმყო დროის უპირატესული განზომილებაა, ჩვენ ვმყოფობთ მხოლოდ აწმყოში, თუმცა ეს აწმყო მომენტი იმდენად მოუხელთებელია, რომ თითქოს არც ის არსებობს. ესა თუ ის აწმყო მომენტი, რომ მოვლენილა და სახეზე მოცემულა, ამას მოწმობს მხოლოდ ჩვენს იმანენტურ სამყაროზე, გნებავთ, სულზე მისი უშუალოდ განცდის კვალი — ტკივილის, სიხარულის, აღფრთოვანების, აღშფოთების და ა.შ. მოდუსებში. სულში დრო შემდგომ ისახსრება მოგონებად (წარსულად), უშუალო განცდად (აწმყოდ) და მოლოდინად (მომავლად). ჩვენი შინაგანი სულიერ-იმანეტური სამყარო და მხოლოდ ის არის ერთადერთი რეგისტრატორი იმ მოუხელთებელი, იდუმალი  ფენომენისა, ჩვენ რომ დროს ვეძახით.

ავგუსტინეს შემდგომი დებატების გახსენებისას შეიძლება მივმართოთ მაგ., ლაიბნიცს, რომელმაც განაცხადა — დრო არის საგან-მოველენათა თანმიმდევრობის წესი (ისევე, როგორც სივრცე არის საგანთა ურთიერთმიმართების, ურთიერთგანლაგების წესი). სხვათა შორის, სწორედ ეს განსაზღვრება გახდა შემდგომ, აინშტაინის ინტერპრეტირებულ ვარიანტში, ფარდობითობის თეორიისთვის ყველაზე მისაღები (იხილეთ ს. ავალიანის, მაგ., „აინშტაინი“).

მოგვიანებით კანტმა დრო და სივრცე განსაზღვრა როგორც ემპირიული ჭვრეტის აპრიორული ფორმები.

დროის განზომილებათა უპირატეს ფორმაზე მიუთითებს აგრეთვე, მაგ., ჰაიდეგერი, რომელიც ამ თემაზე შემდეგნაირ მიდგომას ჩამოაყალიბებს — დროის უპირატესი განზომილება მომავალია. დრო სხვა არაფერია თუ არა მომავლის რეალიზება, რაც იგივე ყოფიერების ჩენაა, დაფარულობიდან ჭეშმარიტების გამოსვლაა. რეალიზებადი მომავალი არის აწმყო, ხოლო წარსული უკვე რეალიზებული აწმყოა. სხვათა შორის, ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ბუნებრივად უფრო გავრცელებულ პოზიციას დროის მიმართულების თაობაზე (მაგ., ჰ. რაიხენბახისა), რომლის თანახმადაც დრო მომავლიდან კი არ მოემართება აწმყოზე გავლით წარსულისკენ, არამედ — პირიქით, ანუ მომავალი კი არაა მშობელი აწმყოსი, არამედ — წარსული.

ჰაიდეგერის ეს პოზიცია მიიღო სარტრმა. ამ უკანასკნელის აზრით, დროის უპირატესი განზომილება მომავალია და ეს ასეა იმიტომ, რომ აწმყოს (ანუ არსის) არსება, ჭეშმარიტება მის გარეთაა, მომავალშია. აწმყო მომავალზე ინტენცირების საშუალებაა და არა მიზანი. აწმყო მომავლის შეგნებული, პასუხისმგებლობითი დაგეგმარების, და შემდეგ კი მისი განხორცილებისთვის გასაწევი სამუშაოს შესრულების ინტერვალია და მეტი არაფერი. მას შინაგანი თვითღირებულება არ გააჩნია. ანთროპოსს თავისი შინაგანი არსება წარსულიდანვე კი არ მოსდგამს მზამზარეულად, არამედ მომავლიდან შეიძლება შემოხვდეს, თუ ამისთვის იზრუნებს აწმყოში. აწმყოში გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით დაჯამდება მისი არსება მომავალში.

განსაკუთრებით საინტერესოა ბერგსონის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ დრო მთლიანობითი მოცემულობაა, ერთიანი მდინარებაა ანუ, რომ წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის წყვეტა არ არის. ის მკაცრად აკრიტიკებდა ანალიზურ-სციენტისტურ მსოფლმხედველობას და ამ უკანასკნელის მიერ დროის სამ მოდუსად დახლეჩვას. აწმყოდ, წარსულად და მომავლად დანაწევრება გონების ანალიზური ბუნების დამსახურებაა, გონებას სხვაგავრი მიდგომა არ გამოუვა. ბერგსონი გვთავაზობს, რომ მივუდგეთ ყველაფერს არა გონებით, რომელიც მხოლოდ სარგებლიანობა-მოხერხებულობის (და არა ჭეშმარიტების შემეცნების) სამსახურში უნდა იქნეს ჩაყენებული, არამედ ინტუიციით. მისი აზრით, არსებობს ერთი სინამდვილე მაინც, რომელსაც ჩვენ ვწვდებით უშუალოდ, მთლიანობაში და ამას ახერხებს არა გონება არამედ ინტუიცია. ეს სინამდვილეა ჩვენი იმანენტური სულიერი სამყარო. თუ ჩვენ ასეთი მთლიანობითი აღქმის უნარი გაგვაჩნია ამ ერთ შემთხვევაში მაინც, ე.ი. ეს უნარი გაგვაჩნია საერთოდაც, და როცა ინტუიტურ მზერას მივაპყრობთ დროს, რომლის მიმდინარეობასაც ჩვენს სულში უშუალოდ განვიცდით, აღმოჩნდება, რომ მაგ., წარსული არსადაც არ გამქრალა, რომ ის ფარულად თუ აშკარად მონაწილეობს აწმყოს ფორმირებაში. აქ ვხედავთ ბერგსონისა და ავგუსტინეს თანხმობასაც და უთანხმოებასაც. აწმყო ყოველთვის განსაზღვრულია წარსულით, ჩვენი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობა წარსულის ხელწერითაა დაღდასმული. წარსული ჩვენს სულში უნდა წარმოვისახოთ როგორც კონუსი, რომელიც მთელი თავისი ტანის სიმძიმით წვერით ებჯინება აწმყოს. ჩვენ ვართ ჩვენი წარსული, რაც არ უნდა ვინიღბოთ და იმიჯი შევიქმნათ დღეს.

აბსოლუტურად მცდარად ეჩვენება ნობელიანტ ფილოსოფოსს სციენტისტურ ანალიზური, ან იგივე გეომეტრისტული პოზიცია. ეს უკანასკნელი დროის ფოტოგრაფისტულ ხედვას გვთავაზობს. ანთროპოსის სულში მიმდინარე პროცესები — განცდები, მისწრაფებები, სურვილები და ა.შ., ქმნიან შინაგან მდინარებას და ამაში მდგომარეობს, ბერგსონის აზრით არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორი. რას ნიშნავს, რომ ანთროპოსი არსებობს? იმას, რომ მასში იმანანტურად მიმდინარეობს ზემოხსენებული სულიერი პროცესების ლავირება. ამ ლავირებას ჩვენ თავად აღვიქამთ, განვიცდით და ვჭვრეტთ უშუალოდ, ოღონდ არა ფოტაგრაფიულად, როგორც ამას გეომეტრისტული განწყობა ესწრაფვის. გონითი ჭვრეტა ჭრეტის ერთადერთი უნარი როდია, ის ერთერთია და მას ყოველთვის ეკისრება მხოლოდ პრაქტიკულ-პრაგმატული სერვისის შესრულება. ამ მიზნის მისაღწევად ის ყველაფერს აანალიზებს, ყოფს, აცალკევებს და დაჰყავს კონვენციურ ერთეულებამდე. როცა ეს ამოცანები წარმატებით ხორციელდება, მეცნიერება აღწევს ტრიუმფს და მონოპოლიზებას ახდენს ჭეშმარიტების წვდომაზე. ის პრეტენზიას აცხადებს მსოფლმხედველობრივი შენობის აგებაზეც, რაც მისი პირდაპირი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ის ხომ მონოპოლისტია? რელიგიასა და ფილოსოფიას (რომელნიც მსოფლმხედველობის მანამდელი ფორმატორები იყვნენ) სციენტიზმის ეპოქაში ყოველგვარი პატივი აყრილი აქვს. მეცნიერული მსოფლმხედველობა კი იძლევა მხოლოდ მკვდარ მსოფლმხედველობას, მიიჩნევს ბერგსონი. მას შეუძლებლად მიაჩნია სურათებისთვის სულის შთაბერვა. სურათი სურათად დარჩება მარად. ის, რაც იმანანტურად მიმდინარეობს ანთროპოსის სულში, მის ორგანიზმში და მის გარეთ არის კინო მთელი თავისი დინამიკით და არა ფოტოგრაფიული სტატიკა. ჭეშმარიტი წვდომა გულისხმობს არა სურათებად კინოს დაშლას და ამ დაქუცმაცებული ერთეულებისგან მსოფლმხედველობის აგებას, არამედ კინოს იმთავითვე მთლიან ინტუიტიურ წვდომას.

მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის გამოც ბერგსონი აკრიტიკებს სციენტიზმს მდგომარეობს იმაში, რომ მისი პოზიციიდან წარსულსა და მომავალს არავითარი ღირებულება არ რჩება. მისი თვალებით დანახული სამყარო მხოლოდ აწმყო მომენტების სურათებია და მეტი არაფერი. თუ ზეადამიანური თვალით  აწმყოს ისეთი სურათი დაინახებოდა, რომელშიც დაქუცმაცებული სამყაროს ყველა წერტილის მდგომარეობა იქნებოდა ფიქსირებული, მაშინ წარსულის მდგომარეობების გათვალისწინების გარეშე, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მოიხაზებოდა მომავლის, შემდგომი მომენტის მდგომარეობის სურათიც. ეს ნიშნავს იმასაც, რომ, თუ ჩვენ დავინახავთ რომელიმე ანთროპოსის სულის იმანენტურ სურათს აწმყო მდგომარეობისა, სრულიად ცალსახად დავდებთ მომავალ მომენტში მისი ქმედებისა თუ მდგომარეობის დიაგნოზს. ბერგსონის მიხედვით ეს სრული აბსურდია. ჯერ ერთი, დაკვირვების მომენტში დასაკვირვებელი შეუჩერებლად იცვლება, მისი წარსული იზრდება, იცვლება და ცვლის აწმყოს. დაკვირვება ვერ ასურათ-ქვავებს მას. მერე მეორე, შეცვლილი, ანუ გამდიდრებული წარსული შეუჩერებლად ცვლის აწმყოსაც. გამომდინარე აქედან, ჩვენ საქმე გვაქვს ამ უწყვეტი სასიცოცხლო მდინარების, duree – ს „შემოქმედებით ევოლუციონირებასთან“. ამიტომ, ცალსახა გათვლები მომავალი მდგომარეობებისა და ქმედებებისა შეუძლებელია. ერთი და იგივე ანთროპოსი, რომ ხელმეორედ ჩავაყენოთ იგივე ვითარებაში, რომელშიც ადრე ყოფილა უკვე, მაინც არავითარი გათვლა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იგივენაირად მოიქცევა კვლავაც. მისი შინაგანი სამყარო მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, შეივსო და შეიცვალა, რის გამოც იგივე გარემო პირობების შექმნა საქმეს ვერ შველის.

აი ამგავრ „შემოქმედებით ევოლუციაში“ მბორგავი სულის შინაარსების ერთგვარ უწყვეტობად შემაკავშირებელ ქსოვილს წარმოადგენს დრო, ბერგსონის მიხედვით. იგივე პოზიციას ავრცელებს ბერგსონი მთელ ე.წ. „ორგანიზებულ“ სამყაროზეც.

ჩვენ ამ თვალსაზრისების (და არა მხოლოდ მათი) თაობაზე კიდევ ვისაუბრებთ ქვემოთ. აქ მხოლოდ იმაზე გვინდოდა მიგვეთითებინა, რომ ნეტარი ავგუსტინე წარმოადგენს ერთგვარ წყალგამყოფს, ფილოსოფიის ისტორიული ხაზის ცენტრს, რომელშიც თავს იყრის წარსულის ცოდნა დროის ბუნებაზე, და მომავლის ტენდენციები. მისგან წამოსული ძაფები, თოჯინების თეატრის მსგავსად, მართავს მომავლის დებატებს.

ავგუსტინეს ათვლის წერტილად აღება ნათელს ჰფენს კიდევ ერთ გარემოებას — კერძოდ, ჩვენ  შეგვიძლია დროის ფენომენის მიმართ დამოკიდებულება პირობითათ გავყოთ მოაზროვნეთა ორ ბანაკად: იმანენტისტებად (მაგ., ავგუსტინე, კანტი, ბერგსონი…) და ტრანსცენდენტისტებად (მაგ., ნიუტონი, აინშტაინი, გვიანი რაიხენბახი — ეს უკანასკნელი თავიდან კანტიანელი იყო, და სხვა). თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ ბანაკებს მოსდგამთ შინაგანი განსხვავებანიც, რაც ნაწილობრივ უკვე გამოჩნდა სტატიის წინამორბედ ნაწილში. აქ, უპირატესად იგულისხმება იმანენტისტები და მათი დამოკიდებულება დროის განზომილებების პრიორიტეტულ მოდუსებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსცენდენტისტების, ან სციენტისტების შიდა ბანაკურ განსხვავებებს, დროის ფენომენთან დაკავშირებით, ამას შევეხებით თანდათან, მათშორის კლასიკური ფიზიკისა და ფარდობითობის თეორიის ურიერთმიმართების კონტექსტშიც, რომლის მოკლე მიმოხილვაზეც გადავალთ ეხლა.

.           .            .             .              .              .            .

სივრცისა და დროის ე.წ. „მეტაფიზიკური თეორია“ (რომელიც კლასიკურად გაფორმდა ნიუტონთან, ფიზიკოსთან, რომელიც აფრთხილებდა ფიზიკას, რომ მორიდებოდა მეტაფიზიკას) განხილულია საფუძვლიანად ს. ავალიანის ნაშრომებში. ამიტომ ნიუტონისა და აინშტაინის თეორიათა ურთიერთმიმართების თაობაზე ამ სტატიაში ვრცლად საუბარი საჭიროებას მოკლებულია.

ნიუტონის თეორია თავის მეტაფიზიკურობას იმაში ამღავნებს, რომ სივრცესა და დროს სუბსტანციებად აღიარებს. სუბსტანცია კი, როგორც ვიცით, ახალი დროის ფილოსოფიაში სპინოზამ განსაზღვრა, როგორც ისეთი არსი, რომელიც თავისი არსებობისთვის არ საჭიროებს არაფერ სხვას. ის თავისთავადია, ყველაფრისგან დამოუკიდებელ-განუსაზღვრელია. მოგვიანებით, ჰეგელმა სუბსტანცია დაახასიათა ისეთ რაიმედ, რაშიც არსი და არსება ერთმანეთს ემთხვევა. ე.ი. ნიუტონის მიხედვით, სივრცე და დრო არ საჭიროებს საკუთარი არსებობისთვის არაფერ სხვას, ორივე არსებობს მარად და მათ გარეშე ვერ იარსებებს ვერაფერი, პირველ რიგში კი ფიზიკურ-მატერიალური სამყარო, საგნები და მოვლენები. ეს უკანასკნელნი დამოკიდებულნი არიან იმ წესრიგზე, რომელსაც მათ მიუჩენს სივრცე (თანაარსებობის წესი) და დრო (თანმიმდევრობის წესი). თავად დრო და სივრცე თავისუფალია სხვა რამისგან დაწესებულ შეზღუდვისაგან. ყველა ნივთი და მოვლენა რომ მოვაშოროთ, ამით სივრცისა და დროის არსებობას არაფერი წაუხდება.

ლაიბნიცმა გამოხატა ნიუტონის საწინააღმდეგო პოზიცია. ის დაეთანხმა ნიუტონს იმაში, რომ სივრცე და დრო წეს-რიგია, პირველი — საგან-მოვლენათა თანაარსებობისა, ურთიერთგანლაგებისა, ხოლო მეორე — საგან-მოვლენათა თანაარსებობისა, მაგრამ, აქედან გამომდინარე, სულ სხვა დასკვნები გააკეთა. ეს უკანასკნელი მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამოთ — წესი დამოკიდებულია იმაზე, რის წესსაც ის წარმოადგენს. ე.ი. სივრცე და დრო, როგორც საგან-მოვლენათა წესი, დამოკიდებულია იმ საგან-მოვლენათა მდგომარეობასა და ყოფაზე, რისი წესიცაა. საგან-მოვლენათა მდგომარეობის ცვლა — აჩქარება, მასისა და ენერგიის მატება, ენტროპიის ხარისხი და ა.შ. იწვევს თვისებრივი მახასიათებლების, სივრცობრივი და დროული პარამეტრების ცვლას.

მაშასადამე, სივრცე და დრო არ წარმოადგენს, ლაიბნიცის აზრით, ამ უცვლელ „კარადას“ ან „სათავსოს“, რომელშიც დალაგებულია ცვალებადი საგან-მოვლენები.

ეს ლაიბნიცისეული პოზიცია დიდი ხნით მოექცა ნიუტონის ავტორიტეტის ჩრდილქვეშ. მხოლოდ მაშინ, როცა ჩამოყალიბდა ფიზიკა-მათემატიკური წინა-პირობები არაევკლიდური გეომეტრიებისა და ფარდობითობის თეორიის შექმნისთვის, ლაიბნიცის თეორია კვლავ გამოვიდა სამზეურზე. აინშტაინმა ეს პოზიცია სრულად დაამუშავა, დააფორმულირა და ფიზიკამათემატიკური გამოთვლებითა და ექსპერიმენტებით (როგორც წარმოსახვითით ისე რეალურით) დაასაბუთა.

თუმცა აინშტაინამდე იყო კანტი, რომლის არ ხსენებაც ამ კონტექსტში არ გამოვა. კანტი თავიდან ლაიბნიცის პოზიციას ემხრობოდა, მაგრამ ე.წ. „კრიტიკულ-ფილოსოფიურ პერიოდში“, ის თავის ძირითად ნაშრომს სწორედ ნიუტონის ფიზიკისა და ევკლიდეს გეომეტრიის დაფუძნებას უძღვნის (თუმცა, როგორც არაერთხელ შეგვინიშნავს, ფილოსოფიის ამგვარ „გამოხდომებს“ მეცნიერება ყოველთვის უმადურად ექცევა). კანტი, შეიძლება ითქვას, რომ ევკლიდეს გეომეტრიასა და ნიუტონის ფიზიკას „აღმერთებდა“ . ეს მეცნიერული სისტემები კანტმა საბოლოო, საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებად აღიქვა. ის, რაც ამ ჭეშმარიტებას განაპირობებს, ცდისეული არ შეიძლება იყოს. ცდაში არ გვეძლევა საყოველთაო და აუცილებელი, მაგ., ბუნების კანონები. უცვლელი კანონი დგინდება ცვალებად მოვლენებზე ცდაში დაკვირვებით, მაგრამ თავად კანონი, როგორც ასეთი, ცდაში არ დაიკვირვება. თავის მხრივ, ფიზიკაცა და გეომეტრიაც, როგორც დისციპლინა, ადმიანური გონების ქმნილებაც ექვემდებარება ბუნებაში არსებულ ხსენებულ პრინციპს — მათში უნდა დავინახოთ საყოველთაო და აუცილებელი განმსაზღვრელი ფაქტორები. ერთიცა და მეორეც ემყარება, მისი აზრით, არაცდისეულ, ყველასათვის აუცილებელ აპრიორულ საფუძვლებს, მაგ., დროისა და სივრცის ემპირული ჭვრეტის ფორმებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სივრცე და დრო, კანტის მიხედვითაც აბსოლუტურია, ოღონდ ისინი აწეს-რიგებენ არა ჩვენს მიღმა არსებულ ტრანსცენდენტურ სინამდვილეს — „ნივთს თავისთავად“, არამედ ჩვენი ემპირიული ჭვრეტით აღქმულ მონაცემებს. სწორედ ამ უკანასკნელს უწოდებს კანტი გამოცდილებას, რომელიც ხსენებული საფუძვლების გარეშე ვერ შედგება. ე.ი. სივრცე და დრო აბსოლუტურია, მაგარამ არა ობიექტურად აბსოლუტური (ობიექტურად, საერთოდ რა როგორ არის ჩვენ არ შეიძლება ვუწყოდეთ), არამედ სუბიექტურად, ან ინტერსუბიექტურად აუცილებელი. ცდა მზამზარეულად კი არ აიგება და წესრიგდება ჩვენს გარეთ და მოგვეწოდება ისე, არამედ ჩვენი აპრიორული ორგანიზაცია ხდის გამოცდილების შინაარსს მოწესრიგებულად; ასე გაგებული გამოცდილება მთლიანად შემმეცნებელ სუბიექტში ფორმირდება. ჩვენში ფორმირებული გამოცდილებისეული შინაარსებია მოწესრიგებული დროის, სივრცისა და სხვა აპრიორული ფორმებით, თორემ ჩვენს გარეთ, „ნივთი თავისთავად“ მოწესრიგებულია თუ არა, ჩვენ ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი შეიძლება ვუწყოდეთ.

ამდენად, კანტთან სივრცე და დრო, მართალია, სუბიექტურად გასაღდა, მაგრამ ის, გნოსეოლოგიურ-ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, მაინც აბსოლუტური დარჩა. მათ მიეწერა ყველა მოაზროვნე არსებისთვის საყოველთაოდ აუცილებელი ხასიათი. ყველა ჩვენგანის გამოცდილების იმანენტურ საფუძველს ქმნის დროისა და სივრცის აპრიორული ფორმა, რისი ძალითაც ჩვენ ყველა უნდა დავეთანხმოთ ევკლიდესა და ნიუტონს.

აინშტაინი, რომლისთვისაც, აგრეთვე, ადამიანური გონების უდიდეს ქმნილებად აღიქმებოდა ევკლიდეს გეომეტრიული სისტემა, ცხადია არ დაეთანხმა არც ნიუტონს და, მითუმეტეს, არც კანტს. და ეს მოხდა იმიტომ, რომ: 1) კანტთან დათანხმება ნიშნავს ფიზიკოსისთვის, ბუნებისმეტყველისთვის იმის აღიარებას, რომ დროისა და სივრცის მეცნიერული, ობიექტური შემეცნება შეუძლებელია; 2) უკვე სახეზე იყო არაევკლიდური, არაკლასიკური გეომეტრიული სისტემები, რომელნიც ევკლიდესეული გეომეტრიის მსგავსად, „სრული“, ან ტოლძალოვანი ლოგიკური გამართულობით ხასიათდება. ფიზიკა თავის შემეცნების საგანს დროსა და სივრცეში მოცემულად, ან უფრო ზუსტად, დროულ-სივრცული წესრიგის მიხედვით მოცემულად წარმოიდგენს. გამოდის, რომ დრო და სივრცე რომ ფიზიკის შემეცნების საგანი იყოს, ის მოწესრიგებული უნდა იყოს დროისა და სივრცის წესებით.

ეს აინშტაინისეული შენიშვნა ეხება ნიუტონსაც და კანტსაც და არაფერი მიშვნელობა არ აქვს მისთვის, დრო და სივრცე ობიექტურ აბსოლუტურადაა გაგებული თუ სუბიექტურ ან ინტერსუბიექტურ აბსოლუტურად.

აინშტაინის მიხედვით, დროისა და სივრცის რაგვარობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული — ათვლის წერტილსა თუ სისტემაზე, სიჩქარესა თუ აჩქარებაზე, მასაზე თუ ენერგიაზე და ა.შ. როგორიცაა ეს უკანასკნელი, იმგავარი ან შესაბამისი სახე ექნება დროსა და სივრცესაც. ეს დადასტურებულია ექსპერიმენტულადაც და მათემატიკურადაც. არაევკლიდური გეომეტრიული სისტემების შექმნამ ეს დაადასტურა უპირველეს ყოვლისა.

რა მოტივითაც კანტმა, ნიუტონთან და ევკლიდესთან მიმართებაში, ხელი მოჰკიდა თავისი კრიტიკულ-ფილოსოფიური ნაშრომის შექმნას, იმავე მოტივით არაერთმა პოზიტივისტმა, და, მათ შორის რაიხენბახმაც, შექმნეს თავიანთი ნაშრომები თანამედროვე ფიზიკასთან მიმართებაში. ანუ მათაც ხელი მოჰკიდეს მეცნიერების მხრიდან ძალზე უმადურად შეფასებულ საქმიანობას. აინშტაინი პირდაპირ აცხადებდა კანტის აპრიორიზმთან დაკავშირებით — მე დარწმუნებული ვარ, რომ ფილოსოფოსებმა დამღუპველი გავლენა მოახდინეს მეცნიერული აზრის განვითარებაზე – ო. რაც შეეხება ჰანს რაიხენბახის შეხედულებებს დროის თაობაზე, ამას ჩვენ შევეხებით ქვემოთ.

.             .               .                 .                 .                 .              .

მოძრაობა მატერიალური სამყაროს აუცილებელი და მოუცილებელი ნიშანია. ამქვეყნად მოძრაობს ყველა და ყველაფერი — უმცირესი ატომის ბირთვის გარშემო მბრუნავი ნაწილაკებიდან დაწყებული და უზარმაზარი ციური სხეულებით დამთავრებული. არისტოტელის განსაზღვრების თანახმად, დრო სწორედ ამ მატერიალურ სამყაროში არსებული სხეულების მოძრაობასთან მიმართებაში უნდა ხასიათდებოდეს, როგორც მათი მოძრაობის ზომა. ზომა გულისხმობს გასაზომსა და საზომს. ე.ი. მოძრაობა (მისი სხვადასხვა ფორმებითურთ — გადაადგილება, ზრდა, მიზიდვა, განზიდვა, აჩქარება, შეფერხება და ა.შ.) ისეთი მომენტების ერთიანობას მოასწავებს, რომელთა მიმართაც მიყენებადია გარკვეული ეტალონები (სიგრძის, მასის, სიჩქარის და ა.შ.). ეტალონი, ანუ საზომი განსხვავებით გასაზომისგან პირობითია, კონვენციურია და, ამდენად არ ახასიათებს აუცილებლობა. ის, რაც გასაზომია, ანუ მოძრავი მატერიალური სხეული, ბუნებრივი, ობიექტური წარმომავლობისაა და, თანახმად ენერგიის მუდმივობის კანონისა, აუცილებელია; ვინაიდან ყოველი სხეული გარკვეული ენერგიის მატარებელია, ე.ი. სხეულის წარმოდგენა ენერგიისგან დამოუკიდებლად აბსურდულია, ხოლო ენერგია არსაიდან ჩნდება და არსად ქრება, ის მუდმივია. ამდენად ენერგიის მადემონსტრირებელი სხეულების შემადგენლი ნაწილაკებიც მუდმივია, იცვლება მხოლოდ ამ სხეულების გარეგნული ფორმა ან ნივთიერი კომბინაცია და ენერგიის განაწილება-კონცენტრაცია მთლიანად სამყაროში (სხვათა შორის, ეს განაწილება ენერგიისა საბოლოოდ გათანაბრებისკენაა მიდრეკილი რაც, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს სამყაროს „თერმოდინამიკულ კვდომას“).

გამომდინარე აქედან, არისტოტელის განსაზღვრებაში ხდება აუცილებლისადმი არა-აუცილებლის მიყენებით განსაზღვრა ისეთი რთული ცნებისა, როგორიცაა დრო. ჩვენ ვაკვირდებით გარკვეული ტიპის მოძრაობას, რომელიც, მაგ., იწყება ერთი წერტილიდან და მიემართება მეორე წერტილისკენ — A – დან B – სკენ. საზომი ეტალონი ამ შემთხვევაში სულ მცირე ორი მაინცაა — მანძილისა და სიჩქარის. არისტოტელესეული განსაზღვრების თანახმად, დრო მეორე — სიჩქარის — ეტალონურ ზომას გულისხმობს, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია სიჩქარე მანძილის, ანუ მოძრაობა სამოძრაო არეს გარეშე. მაშ რის საფუძველზე ენიჭება უპირატესობა სიჩქარეს? რატომაა დრო მაინდამაინც სიჩქარის და არა მანძილის ზომა? განა თქმა იმისა, რომ დრო არის ის, რაც კონკრეტულ დასაკვირვებელ სხეულს დასჭირდა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მისასვლელად, გვიხსნის ადექვტურად დროის ფენომენის არსებას?

მეტად საინტერესო საქმის ვითარებას გვიხატავს დროის ფენომენთან სწორედ მანძილსა და დამკვირვებლის ცნებათა მოხმობა. თანამედროვე ასტრო-ფიზიკა დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტებს განიხილავს ისეთ ზოგად ფენომენად როგორიცაა „ინფორმაცია“. ყველაზე სწრაფად მოძრავი ინფორმაცია სინათლის სხივია. ყველა მოვლენას ახასიათებს სინათლის გარკვეული არეკვლა, დაშუქჩრდილება, ინტენსივობა გამონათებისა და ა.შ. სინათლის სხივი, ცხადია მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მოემართება დამკვირვებლისკენ კოსმოსის ყველა კუნჭულიდან. არსებობს იმდენად შორეული კუნჭულები, რომელთაგან წამოსულ სხივსაც ჯერ არ მოუღწევია დამკვირვებლამდე ან, თუ გნებავთ ჩვენს პლანეტამდე. ასევეა ჩვენი პლანეტიდან წასული სინათლეც, მას ჯერ არ მიუღწევია უამრავ გალაქტიკამდე და ციურ სხეულამდე. ეხლა, თუ სინათლის სხივში ვიგულისხმებთ „ინფორმაციას“ ფართო გაგებით, ანუ დედამიწის მთელი ევოლუციისა და კაცობრიობის ისტორიის ჩათვლით, და სხვადასხვა მანძილით დაშორებულ ციურ სხეულებზე მყოფ დამკვირვებლებს შევაიარაღებთ კოლოსალურ მასშტაბაბში  გამდიდებელი ტელესკოპებით, მაშინ აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი (b), რომელიც შედარებით ახლოსაა და რომელთანაც დედამიწიდან წასული სხივი ეს ესაა მივიდა, ტელესკოპში ხედავს არა ამჟამინდელ ვითარებას დედამიწაზე, არამედ რამდენიმე საუკუნის წინანდელს. ამავე პერიოდის საქმის ვითარებას უფრო შორს მყოფი დამკვირვებელი (c) დაინახავს რამდენიმე სინათლის წლის შემდეგ და ა.შ. მაშინ, როცა კიდევ უფრო ახლოს მდგომი დამკვირვებელი (a), ვიდრე დამკვირვებელი (b) – ეა, უკვე სხვა საქმის ვითარებას ადევნებს თვალს, რომელიც დამკვირვებელ (b) – დე ასევე რამდენიმე სინათლის წლის შემდეგ მიაღწევს და ა.შ.

ე.ი. გამოდის რა, რომ ერთი და იგივე დრო დედამიწის საქმის ვითარებისა, ვთქვათ, ვეზუვის ამოფრქვევისა, დედამიწიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებული დამკვირვებლებისთვის ხვადასხვა დროს დაინახვება. ეს ყოველივე ერთობ აბსურდული ჩანს ჩვენი ობივატელური ინტუიციური დროის ცნობიერებისთვის, თუმცა სრულიად დამაჯერებელია ასტრო-ფიზიკოსისთვის.

გარდა ამისა, საკითხავია შემდეგიც — კი ბატონო, დავუშვათ, რომ დრო სწორედაც რომ მოძრავი სხეულის სიჩქარის ზომაა, მაგარამ, როგორც ზემოთ ითქვა, საზომი ეტალონი პირობითია ხოლო სხეულის მოძრაობა უპირობო, ობიექტური; მაშ რა გვაძლევს პირობითით უპირობოს გაზომვისას იმის გარანტიას, რომ ჩვენ ვწვდით დროის ფენომენის არსებას? ეს დაახლოებით იგივეა, რომ, მაგ., პოეტური მუზის, შთაგონების არსება განვსაზღვროთ ლექსის სტრიქონების რაოდენობრივი აღიცხვით.

ეს უკანასკნელი მაგალითი შემთხვევით როდი მოვიყვანე. მუზა, პოეტურ-მხატვრული შთაგონება, ისევე როგორც სინდისის ქენჯნა ან თუნდაც მისტიური ჭვრეტა, ჩვენ მიგვაჩნია გონითი აქტების ერთ-ერთ ფორმად. გონითი აქტების ცენტრი პიროვ-ნებაა, რომელიც სრული შეგნებულობით ახორციელებს ამ აქტებს ყოველგვარი პირობითობებისგან თავისუფლად. ამ აქტებს, განხორციელებისას (ძილსა თუ ღვიძილში, ანუ სიზმარსა თუ ფიქრით დინებაში) თან სდევს გარკვეული ვიზუალური ხატებისა და აკუსტიკური ხმოვანებების ურთიერთმონაცვლეობა. იგივე სიზმარში (რომელიც გარკვეული მედიტაციური ტექნიკების ფლობის შემთხვევაში სრულიად მართვადი ფენომენია) ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მოძრაობებს, მაგ., კლდის წვერიდან ვვარდები უძირო უფსკრულში, ან ვხედავ უსაყვარლეს უკვე გარდაცვლილ ადამიანს და მივისწრაფი მასთან ჩასახუტებლად და ა.შ. ისმის კითხვა — შეიძლება კი ამ მოძრაობების გაზომვა? არსებობს მათი საზომი ეტალონი? და თუ არსებობს პირობითი თუ უპირობოა ის? ამ მოძრაობების გაზომვით, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ჩავწვდებით ჩვენ დროის ჭეშმარიტ არსებას?…

ეს კითხვათა ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ავგუსტინეს კვალად, შეიძლება აღეძრას ნებისმიერ ჩვენგანს დროის განსაზღვრებების გაცნობისა და მასში ჩაძიების შედეგად.

.           .          .          .          .

ამ გარემოებების და ზემოთჩამოთვლილი თვალსაზრისების სიმრავლის მიუხედავად, ნათელი, გასაგები და სისტემურად თანმიმდევრული თეორიული ცოდნა, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, ძალზე მწირია. ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული მემკვიდრეობის გაფორმება ჰანს რაიხენბახმა თავის შრომაში — „დროის მიმართულება“ — სულ რამდენიმე დებულებაში მოახერხა. მათ ჩვენ ქვემოთ შევეხებით. აქ კი უბრალოდ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ეს დებულებანი იმდენად ტრივიალურად გვიხატავენ დროის ფენეომენის რაობას, რომ ამის ცოდნას თითქოს არც უნდა სჭირდებოდეს პროფესიულ ფილოსოფიური ან სამეცნიერო განსწავლულობა. მაშ რატომ იმტვრევენ თავს დროის საიდუმლოს ამოხსნაზე კაცობრიობის გენიალური წარმომადგენლები?

ალბათ იმიტომ, რომ, ავგუსტინეს თქმისა არ იყოს, დრო არის გონებისთვის მიუწვდომელი რამ. ისაა მხოლოდ აწმყოს უსასრულოდ მცირე ინტერვალი, რომელიც კი არ შეიმეცნება (მოიაზრება), არამედ უბრალოდ განიცდება უშუალოდ ჩემი სულის მიერ. ამიტომაა, რომ ავგუსტინემ თითქოს მის შესახებ ყველაფერი „იცის“ სანამ კითხვას დაუსვამენ — რა არის დრო — და პასუხის გაცემას არ მოსთხოვენ. ამ პასუხში იგულისხმება ცოდნა ლოგიკური-მეცნიერული გაგებით, ავგუსტინეს კი რეფლექსიის შედეგად ხელთ შერჩა მხოლოდ განცდა და არა ცოდნა.

დროის სამ მოდუსთაგან რეალობა აღმოაჩნდა მხოლოდ აწმყოს, ანუ დროის უსასრულოდ მცირე ინტერვალს, რომელიც ობიქტურ-ექსპერიმენტული შემეცნებისთვის სრულიად მიუწვდომელია, მეტიც, მხოლოდ თეორიულ-ლოგიკურადაც კი მოუაზრებელია. ამ ხელშეუხებელი ინტერვალების მონაცვლეობა (რაც, თავის მხრივ, სრული მისტიკაა) აგებს ჩვენს სულში უშუალოდ განცდილ „კინო ფილმს“, რომლის წინამავალი ფრაგმენტები (ანუ წარსული) უკვე აღარ არსებობს ობიექტურად, დარჩა მხოლოდ ჩვენი მოგონებები მასზე — ცნობიერებისა თუ მეხსიერების შინაარსები. რაც შეეხება მომავალ ფრაგმენტებს, ისინი ჯერ არ არსებობენ რეალურად და შესაძლოა არც იარსებონ, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რა სახითაც ჩვენ გაგვაჩნია მის მიმართ მოლოდინი ან გათვლა.

დროის ისეთ განზომილებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მომავალი უადგილო არ იქნება გავიხსენოთ სარტრის ზემოხსენებული თვალსაზრისი. ე.ი. მომავალი არსებობს როგორც მოლოდინი, პროექტი. რამდენადაც ასეა (თუ სარტრს დავეთანხმებით), მაშინ არსებობს შემდეგი ალტერნატივები — 1) როცა შენი მოლოდინი ხორციელდება, აწმყოვდება, შენ ამ დროს უნდა იყო ბედნიერი (რამეთუ შენ შექმენი შენი ამგვარად ყოფნა), ანუ აწმყო მომენტში უნდა განიცადო ბედნიერება (ეს, სხვათა შორის, სარტრის საწინააღმდეგოდ, მიგვითითებს აწმყოს უპირატესობაზე); 2) შენ მოხაზე შენი პროექტი, მაგრამ კვლავ და კვლავ ვერ ახერხებ მის გააწმყოებას, ხორცშესხმას. ამდენად შენ უნდა იყო უბედური; 3) შენ შეძელი რეალიზება შენი პროექტისა, მაგრამ ბედნიერი ვერ გახდი მისი გააწმყოებით, მოლოდინმა არ გაამართლა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მთელი შენი პროექტი და მომავალი სიყალბე და არარაობა ყოფილა, ხოლო შენი პროექტისადმი მსახურება — მის დაგეგმვაზე დახარჯული აწმყო და გაწეული მუშაობა — სიყალბისადმი და არარაობისადმი მსახურება, რის გამოც შენ ბედნიერი ვერ უნდა იყო; 4) თავად რეალობა, რომელიც თითქოსდა დიდი მოლოდინისა და ძალისხმევის შედეგად დააყენე აღმოჩნდა საზიზღრობა. მაშ რაღა ალტერნატივა არსებობს კიდევ? ნუთუ არ შეიძლება, რომ უარყოფითმა შედეგებმა კი არ გაგვაუბედუროს, არამედ პირიქით — გაგავბედნიეროს, იმ გაგებით, რომ თვალები აგვიხილოს, რომ პროექტისთვის და მისი რეალიზებისთვის აწმყოს შელევა, გაწირვა არ ღირს. ანუ მომავლის პრიორიტეტულობას უარი უნდა ვუთხრათ — ჩვენ ვცხოვრობთ აწმყოში და არა მომავლისთვის.

.        .        .       .        .        .

ჰანს რაიხენბახი თავის ფუნდამენტურ და ფინალურ ნაშრომში — „დროის მიმართულება“ აყალიბებს დროის განსაზღვრებებს. ის დროის თვისებებს ორ ჯგუფად ყოფს — რაოდენობრივ (მეტრიკულ) და ხარისხობრივ თვისებებად. რაოდენობრივი თვისებები გულისხომბს დროის გაზომვით თავისებურებებს. ეს უკანასკნელნი, მისი თქმით, საფუძვლიანადაა გამოკვლეული და პასუხგაცემული აინშტაინის ფარობითობის თეორიაში. თავის მხრივ, რაიხენბახს აინშტაინის თეორია, და მათ შორის დროის მეტრიკული თავისებურებები, განხილული აქვს სხვა ნაშრომებში, რის გამოც ხსენებულ შრომაში ის მათ აღარ ეხება. „დროის მიმართულებაში“ რაიხენბახი განხილვის სამიზნედ ირჩევს დროის ხარისხობრივ თავისებურებებს. მაგ., მას ძალზედ აინტერსებს ის, თუ როგორია პროცესების, მოვლენების დროული მდინარება — შექცევადი თუ შეუქცევადი. ამ საკითხის კველევისას ის მიდის დასკვნამდე, რომ მაგ., მექანიკური პროცესები შექცევადია, ხოლო თერმოდინამიკული პროცესები — არა. რას ნიშნავს ეს? მზის სისტემაში მიმდინარე პლანეტარული პროცესები შექცევადია, ანუ ყველა პლანეტამ რომ უკუმიმართულებით დაიწყოს ბრუნვა თავის ორბიტაზე, ეს გარე დამკვირვებელს არავითარ უხერხულობას არ შეუქმნის, რამეთუ პირუკუ პროცესიც სრულიად ბუნებრივი გამოჩნდება და აბსოლუტურად იგივე კანონებს იქნება დაქვემდებარებული. თერმოდინამიკული პროცესები კი შეუქცევადია — სითბო ყოველთვის გადაეცემა ცხელი სხეულიდან ცივს და არა პირიქით.

დროის საკითხის განხილვისას, მისი აზრით, ადრეული პერიოდის ფილოსოფოსები ხელმძღვანელობდნენ ემოციონალური განწყობებით, რის გამოც პარმენიდეს, ძენონის, ჰერაკლიტეს თუ პლატონის შეხედულებებს, იგი უწოდებს „ემოტიურ თეორიებს“. ეს უკანასკნელნი, თურმე, თავიანთი მსჯელობებისას ამაოდ იბრალებდნენ ლოგიკურ უზადობასა და გამართულობას. თავისთავდ, მხოლოდ სრული ლოგიკური უზადობაც არაა საკმარისი დროის ფენომენის კვლევისას. აუცილებელია ექსპერიმენტულ ბაზაზე დამყარებული დიდი მეცნიერულ-კვლევითი მემკვიდრეობა და ცოდნა. ხსენებულ ფილოსოფოსებს კი ორივე აკლდათ — ლოგიკური უზადობაც და ექსპერიმენტულად დადასტურებული მეცნიერული ცოდნაც. ამიტომ მათი შეხედულებები დროის თაობაზე არის უსაფუძვლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაცნობის შემდეგ შესაძლებელია აღმოვაჩინოთ არა ერთი მოსაზრება (ძირითადად ინტუიტურ-ემოციურად პირობადებული), რომელნიც სათანადო მეცნიერული ცოდნის ლოგიკური ანალიზის შედეგად იქნებიან დაფუძნებულ-დადასტურებულნი. სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტას ეძღვნება რაიხენბახის ნაშრომი.

გერმანელი ფილოსოფოსი ნაშრომის საწყის გვერდებზე წინსწრებით აყალიბებს ფილოსოფიის ისტორიიდან ამოკრეფილ ინტუიციურად ცხად დებულებებს ერთგვარი განსაზღვრებების სახით და შემდგომ ცდილობს მათ დასაბუთებას კლასიკური მექანიკის, თერმოდინამიკის, სტატისტიკის, კვანტური მექანიკის კონტექსტში. უფრო სწორედ, დასაბუთებას კი არა, არამედ, როგორც ს. ავალიანი ამბობს — მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებას ისეთი ფიზიკური პროცესებისა, რომელიც დროის მიმართულების ილუსტარატორის როლს ასრულებს. მისი მტკიცების ძირითადი ხაზია ე.წ. „დროის კაუზალური თეორია“, რომელმაც ფიზიკასთან მჭიდრო კავშირით ნათელი უნდა მოჰფინოს იმ გარემოებას, რომ დროს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული მიმართულება ადრედან გვიანისკენ, წარსულიდან მომავლისკენ… მისი აზრით, დროსთან დაკავშირებული საკითხების ახსნა შეუძლია მხოლოდ ფიზიკას და ფიზიკოსებმა ეს უკვე საკმარისად ნათელჰყვეს. რაიხენბახი თავის ფილოსოფიურ დანიშნულებას ალბათ იმაში ხედავს (და როგორც პოზიტივისტს ამაში მას უნდა გავუგოთ), რომ ფიზიკის ცოდნითი მემკვიდრეობის დახმარებით დააფუძნოს ფილოსოფიური შეხედულებები. პოზიტივისტური სულისკვეთების თანახმად, ხომ ფილოსოფიას სჭირდება მეცნიერება და არა პირიქით — ფიზიკას ფილოსოფია არაფერში არგია, მეტიც, ნიუტონის თქმიასა არ იყოს, ფიზიკა უნდა ერიდოს მეტაფიზიკას. ჯერ ერთი, მივიჩნევთ, რომ ამგვარი ფილოსოფოსობა სრულიად დაუფასებელი და ამაო ჯაფაა — ფიზიკოსებიც ასე თუ ისე აგვიხსნიან ამ ყველაფერს (მით უმეტეს, რომ „დროის მიმართულება“ ვიზუალურადაც კი ძნელი გასარჩევია მეცნიერული ტიპის ნაშრომისგან, ის სავსეა უმაღლესი ფიზიკა-მათემატიკის ფორმულებით, სტატისტიკურ-სიმბოლური ცხრილებითა და გამოთვლებით. ანუ ის არაა პოპულარიზატორული ნაშრომი, რომელიც მარტივად ჩაგვახედებს ბუნებისმეტყველების „სამზარეულოში“) და, მერე მეორე, ნიუტონს არა მხოლოდ დროის ფენომენთან დაკავშირებით დასდეს ბრალი მომავალი თაობის ფიზიკოსებმა და ფილოსოფოსებმა მეტაფიზიკოსობაში. ამ უკანასკნელ საკითხს ჩვენ შევეხებით ქვემოთ. ახლა კი ჩამოვთვალოთ რაიხენბახისეული ე.წ. განსაზღვრებები:

განსაზღვრება 1. დრო მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ.

      განსაზღვრება 2. მომენტი „ეხლა“ არის აწმყო, რომელიც ჰყოფს წარსულს მომავლისგან.

      განსაზღვრება 3. წარსული არასოდეს მეორდება.

      განსაზღვრება 4. ჩვენ არ ძალგვიძს წარსულის შეცვლა, მაგრამ შეგვწევს ძალა მომავლის შეცვლისა.

      განსაზღვრება 5. ჩვენ შეიძლება მოგვეპოვებოდეს პროტოკოლები წარსულის, მაგრამ არა მომავლის შესახებ.

      განსაზღვრება 6. წარსული დეტერმინირებულია, ხოლო მომავალი დეტერმინირებული არაა.

პირვლი შეხედვით, რაც აქ მოგვხვდება თვალში არის ის, რომ ყველა თუ არა, ზოგიერთი მაინც — მაგ., (3), (4) და (6) — არ ექვემდებარება მეცნიერულ-ექსპერიმენტულ შემოწმებას. პრინციპულად შეუძლებელია მომავლის, რომელიც ჯერ არ არსებობს, დაკვირვება ექსპერიმენტულად აწმყოში, ამიტომ ვერასოდეს დავადგენთ „ეხლა“ მომენტში, დეტერმინირებულია თუ არა მომავალი.

რას გულისხმობს დებულება, რომ წარსული არასოდეს მეორდება? ცხადია იმას, რომ სამყაროში გაბნეული მატერიალური ნაწილაკების ერთხელ არსებული კომბინაცია აღარასოდეს კომბინირდება იგივენაირად. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მითუმეტეს რომ ალბათობის თეორია ამის მიზერულ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

მაგრამ ყველაზე საინტერესოა განსაზღვრება (4). ჩვენ რომ მომავალი შევცვალოთ უნდა ვიცოდეთ  (ა) აწმყოში სამყაროს ყველა სისტემური იერარქიის მდგომარეობა „ეხლა“ მომენტისთვის. ყველა ელექტრონის მდგომარეობა ყველა ატომში, ყველა ატომისა — ყველა მოლეკულაში, ყველა მოლეკულისა — ყველა ქსოვილსა და სხეულში, დაწყებული ერთუჯრედიანი არსებებიდან და დამთავრებული ციური სხეულებით. მაგრამ ვაი, რომ ესეც არაა საკმარისი, აუცილებელია ვიცოდეთ (ბ) მომავლის ყველა შესაძლო ვარიაცია და (გ) სრულყოფილად უნდა ვფლობდეთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, ხერხსა და მეთოდს ამ ვარიაციებზე მანიპულირებისა, რაც აბსურდია; აწმყოს ვერცერთი ცალკე აღებული „ეხლა“ მომენტი ვერ დაიტევს ყოველივე ამას.

სხვათა შორის, თავად რაიხენბახიც, რომელიც წიგნის საწყის გვერდებზდე ერთობ ომახიანად მსჯელობს, ბოლო თავებისკენ ასეთ რამეს ამბობს: მე-11 პარაგრეაფში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ფიზიკური სისტემის სამომავლო მდგომარეობის ზუსტი წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელია მისი მდგომარეობის ზუსტი ცოდნა აწმყო მომენტისთვის (ანუ, მან ეს უკვე დაასაბუთა. თუმცა შემდგომ მაინც ეწინააღმდეგება თავის თავს)… მაგრამ, რაც არ უნდა ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდგომარეობა, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მის მომავალს, თუ არ ვიცით მისი სიჩქარე ან იმპულსი აწმყო მომენტისთვის… ჰაიზენბერგისეული ურთიერთმიმართება არ გამორიცხავს წინასწარმეტყველებას პირობითი ფორმით, მაგრამ გამორიცხავს წინასწარმეტყველებას უპირობო ფორმით, რაზეც პრეტენზიას აცხადებს დეტერმინისტი (კი, მაგარამ, რაც რაიხენბახმა მე-11 თავში დაასაბუთა, ეს დეტერმინიზმი არაა?)… ჰაიზენბერგის თანახმად, ჩვენ ვერ აღვწერთ აწმყო მდგომარეობას ისე ზუსტად, რომ ცალსახად ვიწინასწარმეტყველოთ სისტემის სამომავლო მდგომარეობა… თუმცა ის აღწერა აწმყო მდგომარეობისა, რაზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება, გვაძლევს საშუალებას ალბათობით წინასწარმეტყველებისთვის… და არ არსებობს არავითარი საშუალება იმისთვის, რომ ეს ალბათობა გავხადოთ უფრო მაღალი.

   აი ამგვარ დასკვნებამდე მიჰყავს ფიზიკის მეცნიერების ანალიზის ლოგიკას ფილოსოფიურად დეტერმინისტი რაიხენბახი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგავრი საალბათო და არაცალსახაა საქმის ვითარება მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ფიზიკურ სისტემებს. წარმოიდგინეთ, თუ რამდენად გაუთვლადი უნდა იყოს, ვთქვათ, მავანის ფიქრითი ან სიზმრითი ფრაგმენტების შინაარსობრივი მდინარება, რა შინაარსის მქონე ერთ ფრაგმენტს შეიძლება მოჰყვეს მეორე, და ა.შ. ამის გათვლის ალბათობა საერთოდ ანულირებული იქნება. ვის რა მოუვა თავში გაისად, ამის წინასწარმეტყველებაში ვერაფრით დაგვეხმარება იმის თუნდაც ზედმიწევნით ცოდნა, თუ რა ხდება მავანის თავში ამ მომენტისთვის.

ერთი ყველაზე თვალშისაცემი, ლოგიკური აბსურდის შემცველი შინაარსის მატარებელია დროის კაუზალური თეორიის მომხრის ის პოზიცია, რომელსაც შემდეგ შენიშვნაში ჩამოვაყალიბებთ:

წარსული,         აწმყო,       მომავალი.

A       >      B      >    C     >

მიზეზი………შედეგი……………………>

თუ სქემატურად ასე წარმოვადგენთ დროის კაუზალური თეორიის მომხრეთა პოზიციას, შეიძლება ერთი შეხედვით ყველაფერი სრულიად ბუნებრივად მივიჩნიოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ ცოტა უფრო გავამახვილებთ ჩვენს გონითი თვალით ხედვას, აღმოვაჩენთ შემდეგ ვითარებას — 1) წარსული (A) წინ უსწრებს აწმყოსა (B) და მომავალს (C), 2) აწმყო (B) წინ უსწრებ მომავალს (C). ე.ი. წარსული (A) უფრო ადრეა ვიდრე ვიდრე აწმყო (B), ხოლო აწმყო (B) უფრო ადრეა ვიდრე მომავალი (C). ამ უფრო ადრე-გვიანობას ადასტურებს კაუზალური მიმართება — მიზეზი (A) უფრო ადრეა ვიდრე შედეგი (B) ან შედეგები რომელიც უნდა დადგეს (C). კი მაგრამ, თუ წარსული (A) უფრო ადრეა ვიდრე აწმყო (B) მაშინ გამოდის, რომ დროის მდინარებას — რომელსაც მიმართულება და დინამიკა მიებოძა ე.წ. „დიდი აფეთქების“ შედეგად (ამ აფეთქებამდე, სციენტისტების მიხედვით, არც დრო არსებობს და არც სივრცე) — საწყისად წარსული (A) ჰქონია, ანუ წარსული (A) უსწრებს წინ აწმყოს (B). ეს უდიდესი ფოკუსი-მოკუსია და ის სრულიად დაუჯერებელი ჩანს — როგორ შეიძლება ჯერ არსებობდეს წარსული (A) თუ მას წინ არ უსწრებდა აწმყო (B)? წარსულს (A) რომ ადგილი ჰქონდეს ჯარ უნდა არსებობდეს აწმყო (B) და ეს უკანასკნელი იქცეს წარსულად (A). ე.ი. აწმყო (B) უსწრებს წინ წარსულს (A) და დროის მიმართულების ისარს, დროის კაუზალური თეორიის წარმომადგენლები, არასათანადოდ უმიზნებენ.

თავის მხრივ, აწმყოც (B) ვერ უსწრებს წინ მომავალს (C), იმიტომ, რომ მომავალი (C) უნდა გააწმყოვდეს (B) — ჯერ უნდა იყოს მომავალი (C) და მერე აწმყო (B). გამომდინარე აქედან, წარსული (A) კი არაა მშობელი აწმყოსი (B), ხოლო აწმყო (B) მომავლით (C) ფეხმძიმე, არამედ მომავალი (C) შობს აწმყოს (B), ხოლო წარსული (A) აწმყოს (B) აკლდამად წარმოგვიდგება.

რომ იარსებოს წარსულმა (თუნდაც რაიხენბახისეული ე.წ. „პროტოკოლების“ სახით), ჯერ უნდა იარსებოს აწმყომ, ხოლო რომ იარსებოს აწმყომ, ჯერ უნდა იარსებოს მომავალმა, რომ იარსებოს მომავალმა ჯერ უნდა იარსებოს მარადისობამ, ანუ რომ იარსებოს დრომ უნდა იარსებოს მარადისობამ. როგორც ს. ავალიანი ამბობდა, დროსა და მარადისობას შორის ძალიან მჭიდრო, ორგანული კავშირია. საკმარისია ითქვას, რომ მარადიულობა არის უსასრულობა, უსასრულოდ არსებობა, მაგრამ არა საერთოდ უსასრულობა, არამედ დროის მიხედვით უსასრულობა. შეცდომაა, როგორც მათი ერთმანეთისგან მოწყვეტა, ისე ერთმანეთთან გაიგივება.

დროის კაუზალური თეორიის მომხრე (არ აქვს მნიშვნელობა, იცის მან ამ თეორიის ფილოსოფიურ-ლოგიკური სისუსტეების თაობაზე, თუ არა. ამ ხარვეზების პირობებშიც ფიზიკის მეცნიერება ეფექტურად იყენებს ამგავარ მიდგომას. ლოგიკური ხარვეზი არღვევს წმინდად დედუქციურ და არა ინდუქციურ სისტემას) შეგნებულად, განგებ ახდენს მიზეზისა და შედეგის წმინდა სახით რეპრეზენტაციას და სრულიად არა-უადგილოდ შემოაქვს აბსოლუტურის ცნება. მხოლოდ წმინდა მიზეზი შეიძლება იყოს „აბსოლუტურად ადრე“, ხოლო წმინდა შედეგი „აბსოლუტურად გვიან“. ამ ორი ცნების მხედველობაში არ მიღების გარეშე და მხოლოდ ასე, შესაძლებელია საპირისპირო თვალსაზრისების წამოყენებაც. ეს თავალსაზრისებია, როგორც ს. ავალიანი ამბობს, მიზეზისა და შედეგის ერთდროულობისა და შედეგის მიზეზე წინსწრებობის თვალსაზრისიები. სათანადო კონტექსტისა და შესაფერისი მაგლითების დაძებნით ეს, ერთი შეხედვით აბსურდული თვალსაზრისებიც, იძენენ ხოლმე თავის მოქადაგეებს. დროის კაუზალური თეორიის წარმომადგენელი ხსენებული ცნებების ინსტრუმენტალური გამოყენებით თავს აღწევს იმ ორაზროვნებას, რომელიც მისმა მოწინააღმდეგე თვალსაზრისზე მდგომებმა შეიძლება მოიდონ კრიტიკის საბაბად.

წმინდა მიზეზის „აბსოლუტური ადრეობა“  და წმინდა შედეგის „აბსოლუტური გვაინობა“, მათი აზრით, ადასტურებს დროის ისრისებურ მიმართულობას. ოღონდ, ერთი კია, რომ დადასტურებას თან სდევს ე.წ. „მანკიერი წრის“ შეცდომა. ამ პოზიციის მომხრე ცდილობს დროის მიმართულობის ანუ ა) წარსულად, ბ) აწმყოდ და გ) მომავლად დალაგებულობის, მოწესრიგებულობის დადგენას. ე.ი. იმის დადგენასაც, თუ რომელია „უფრო ადრე“ და რომელი „უფრო გვიან“ — წარსული, აწმყო თუ მომავალი — და ამის სადემონსტრაციოდ შემოაქვს მიზეზისა და შედეგის ანალოგია, სადაც წინასწარ აქვს მიღებული, რომ მიზეზი „აბსოლუტურად ადრეა“, ხოლო შედეგი „აბსოლუტურად გვიან“.

მაგარამ, გარდა ამ შენიშვნისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ე.წ. „წმინდა მიზეზი“, რომელიც, ვითომ დასაბუთებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ „აბსოლუტურად ადრეა“ შედეგზე, არსად და არასოდეს არსებობს წმინდა სახით. მიზეზი ყოველთვის არის ამავე დროს შედეგიც გარკვეული სხვა მიზეზებისა, რომლებიც ასევე შედეგია სხვა მიზეზებისა და ა.შ. მაგარამ, ამგავრი მიდგომა არახელსაყრელია მეცნიერული სიზუსტისთვის, რის გამოც ის ამ გარემოებას გვერდს უვლის და აბსტრაქციით გამოყავს „წმინდა მიზეზი“, რომელიც მხოლოდ მიზეზად განიხილება და არაფერ სხვად.

ავიღოთ უბრალო მაგალითი: როდესაც ბილიარდის B ბურთულა ამოძრავდა გარკვეული სიჩქარით, კუთხითა და სიმძლავრით, ამის მიზეზი არის მასზე A ბურთულას გარკვეული კუთხით, სიჩქარითა და სიმძლავრით დაჯახება, მაგრამ A ამავდროულად შედეგიცაა მასზე გარკვეული კუთხით, სიჩქარითა და სიმძლავრით დაჯახებული კიის წვერისა. თავის მხრივ, კიის წვერის A ბურთულაზე დაჯახების მიზეზია კიის ჯოხზე მოთამაშის კუნთოვანი ძალით მანიპულირება და ა.შ.

დროის კაუზალური თეორიის პრაქტიკულად გამომყენებლებისგან განსხვავებით (ანუ ფიზიკოსებისგან განსხვავებით, რომელნიც არად დაგიდევენ ლოგიკურ ხარვეზიანობას თუ თეორია პრაქტიკულად გამართულად მუშაობს), ამ თეორიის ფილოსოფიური დაფუძნებით გულანთებული პოზიტივისტები, ალბათ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ, მხოლოდ ერთის მხრივ ემსახურებიან მეცნიერების ინტერესებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ისინი ვარდებიან მათ მიერვე ათვალწუნებულ მეტაფიზიკაში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ „წმინდა მიზეზისა“ და „წმინდა შედეგის“ ლეგიტიმაციას მივყავართ: ა) პირველი მიზეზის ცნებამდე, რომელიც მეტაფიზიკაში თვითმიზეზის, იგივე Causa sui – ის სახელითაა ცნობილი; ბ) საბოლოო შედეგგამდე, რომელიც აღარაფრის მიზეზი აღარ ხდება და რომელიც გაქვავებულ აწმყოს, მარადისობას გულისხმობს. თვითმიზეზი და მარადისობა კი მეტაფიზიკის უძირითადესი ცნებებია. ისინი ამასაც აიგნორირებენ, მსგავსად ზემოხსენებული „მანკიერი წრის შეცდომისა“, რამეთუ პრაქტიკულ მეცნიერულ საქმიანობას არც ეს გარემოება არ აფერხებს. ისინი სახვაგვარად ვერ მოიქცევიან, რადგან ამის საშუალებას მათ არ ძლევთ არც თავიანთი ამოსავალი დებულებები, რომელთაც „მანკიერი წრით“ მივყევართ დროის კაუზალურ თეორიამდე და არც ე.წ. „დიდი აფეთქების“ თეორია, რომელიც დღეს კანონიერ დოქტრინადაა მიღებული მეცნიერთა მიერ. თუ ამ უკანასკნელ თეორიას არ მივიღებთ მხედველობაში, რაც შეუძლებელია, მაშინ და მხოლოდ მაშინ შეიძლება დავეთანხმოთ ს. ავალიანს იმაში, რომ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი უსასრულოა. ეს ასე არაა არც „დიდი აფეთქების“ თეორიის თანახმად და არც თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, რომელიც სამყაროს „თერმოდინამიკულ კვდომას“ წინასწარმეტყველებს. „დიდი აფეთქება“ გულისხმობს საწყის მიზეზსს, თვითმიზესს, ხოლო „თერმოდინამიკული სიკვდილი“ — სრული ენტროპიის დადგომით შექმნილ „გაქვავებულ აწმყოს“ (რაც მარადისობაა), ანუ შედეგს, რომელიც აღარაფრის მიზეზი აღარ ხდება, იმიტომ, რომ ენერგია იმდენად თანაბრად ნაწილდება მთელ სამყაროში, რომ ყოველგვარი საგნობრივი ურთიერთქმედება და ზემოქმედება შეუძლებელი ხდება.

.       .       .       .       .       .      .      .      .      .

დრო ჩვენში, ჩვენს იმანენტურობაში განიცდება უშუალოდ და მხოლოდ. ის იქ ქმნის მოსაგონარ ხსოვნას წარსულზე, უშუალო გრძნობით (გნებავთ ბერგსონისეული და ლოსსკისეული ინტუიციით) განიცდის აწმყოს და იმედიანი მოლოდინით მიელტვის მომავალს. ესაა იმანენტური ან ფსიქოლოგიური დრო, ტერმინ „ფსიქეს“ ბუკვალური გაგებით. ამ იმანენტურს გარეთ, ანთროპოსის სხეულებრიობაში მიმდინარეობს სხვა, ე.წ. „ბიოლოგიური დრო“ რომლის სუბიექტიცაა ემპირიული სუბიექტ-ობიექტი ანუ ცხოველი. სხეულს გარეთ, ანთროპოსთა ერთობლოვობისთვის მიმდინარეობს ე.წ. სოციალური ან უფრო ზუსტად „ისტორიული დრო“, რომლის სუბიექტიცაა რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ანუ საკუთრივ ადამიანი, უფრო ზუსტად კი მათი ერთობლიობა — კაცობრიობა. ცალკეული ანთროპოსიცა და მათი ერთობლიობაც, და ჩვენს გარშემო მიმდინარე სამყაროული პროცესებიც, თავის მხრივ არსებობენ ე.წ. ასტრონომიულ ან „ფიზიკურ დროში“ და სხვა.

გამომდინარე აქედან, მცდარი გვეჩვენება რაიხენბახის პოზიცია, რომლის თანახმადაც, დროის რაობაზე ჭეშმარიტი პასუხის გაცემა მხოლოდ ფიზიკას შეუძლია. ჩვენ დროის მრავალფეროვან მდინარებათა ლაბირინთში ვართ ჩაკარგულნი და არ ვმყოფობთ მხოლოდ ფიზიკურ დროში, ის მხოლოდ ჩვენს გარეთ როდია, ის ჩვენ-ში უშუალოდ მიმდინარეობს. მეტიც, კანტის თანახმად, ჩვენს გარეთ დროის მიმდინარეობაზე (ისევე როგორც სივრცის მდებარებაზე) ჩევნ პრინციპულად არ შეგვიძლია რაიმე ვიცოდეთ, და თანაც მეცნიერული კრიტერიუმების შესაბამისად. ბუნებისმეტყველების შემეცნების ყველა საგანი დროში და სივრცეში უნდა იყოს მოცემული რათა ის მეცნიერულ ექსპერიმენტულად შევიმეცნოთ. თუ ასე, მაშინ დროც, რათა ის მეცნიერულად შევიმეცნოთ აგრეთვე დროში უნდა იყოს მოცემული რაც ნონსენსია.

სხვათა შორის, კანტის არც თუ ისე დაფასებული როლი დროის ფენომენისთვის ნათელმოფენის საქმეში (მაგ., იგივე რაიხენბახი კანტის თეორიას „უცნაურ თეორიას“ უწოდებს), თუნდაც იმიტომაა დასაფასებელი სწორედ სციენტისტური ბანაკის წარმომადგენლების მხრიდან, რომ კანტის მიერ გამოვლენილმა ამ ე.წ. „ნონსენსმა“ დაანახა მათ „აბსოლუტური დროის“ ცნების უსაფუძვლობა, რომ დრო არაა ფენომენი (თუნდაც აბსულუტური ფენომენი) სხვა ფენომენთა გვერდით, რომ ის საერთოდაც არაა ფენომენი, რომ ის სუბიექტი კი არაა არამედ პრედიკატია, რომ ის საგნის მდგომარეობების ცვალებადობისდა კვალად იცვლება — იცველება მაგ., საგნის მოძრაობის სიჩქარე? მაშასადამე, იცვლება დროის მსვლელობაც. ეს უკანასკნელი იკლებს იმისდა კვალად რაც უფრო სწრაფად მოძრაობს სხეული, ხოლო თუ ეს სიჩქარე მოძრაობისა უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, მაშინ დროის მსვლელობა თითქმის ჩერდება.

Irakli Gogichadze

“Anthropos and Variety of Timing”

Abstract

In this article we tried to demonstrate that: 1) There is not only one particular, privileged, given – non-objectified time (for example, the one that is measured by the clock and conventionally accepted by international resolution, so daily activities of the world society are more conveniently managed). The most important mission of this article was to present a logical, ontological, and gnoseological resistance to the physicalistic understanding of the objectified time; 2) There are “different kinds of time”, that are applicable to separate units of measurement and have the equal status of legitimate existence; 3) Anthropos with its anthropological-classical structure is accordingly related to these so-called “different kinds of time”, meaning: every recognizable class of anthropos’s present potential structure – A) animal or the same as “empirical subject-object”; B) human himself or the same as “rational subject-object” (with his Homo Faber and Homo Consiumens modes); C) individual or the same as a creator; D) person- is related to timewise passages that have different “order”, cycle, rhythm, period and so on. For example, (A) corresponds to the so-called “biological and psychological time”, (B) to the “physical-astronomical time”, which is conditionally measured by clock or calendar (the latter is associated with astronomical events, such as the rotation of the earth around its axis and the sun), (C) to the “artistic/artwise time”, and lastly (D) corresponds to the “metaphysical time” or eternity.