Skip to main content

15. „ენა ლოგიკური თვალსაზრისით; ფორმალური ენა.” ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2003 წწ.

ყოველ ენას აქვს წესები, რომლებიც სიზუსტის მეტ-ნაკლები ხარისხით განსაზღვრავენ მაგ., იმას, ეკუთვნის თუ არა ნებისმიერად მოცემული გამოსახულება ამ ენას (აზრიანია თუ არა მასში), და თუ ეკუთვნის, მაშინ როგორია მისი მნიშვნელობა (რას ნიშნავს იგი). (more…)


14. სემიოზისი. ენის შესწავლის ასპექტები. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან, 2000-2002 წწ.

ენა არ არის ნიშანთა გამოყენების ერთადერთი არე. ნიშნებს ვხვდებით აგრეთვე არაენობრივ, კერძოდ, ფსიქიკურ, სოციალურ, ბიოლოგიურ და ტექნიკურ პროცესებში. არმოჩნდა, რომ არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი მსგავსება სხვადასხვა სფეროში გამოყენებულ ნიშანთა აღნაგობა-ფუნქციონირებას შორის. ამან განაპირობა სპეციალური ინტერდისციპლინარული დარგის, ნიშანთა ზოგადი თეორიის — სემიოტიკის (ბერძ. Semion — ნიშანი) — ჩამოყალიბება, რომელიც სწავლობს ნიშანთა ფუნქციონირებისა და ნიშანთა სისტემების ზოგად კანონზომიერებებს. (more…)


13. „ენა — ნიშანთა სისტემა. ნიშანთა სახეები“. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

ენის უძირითადესი თავისებურება ისაა, რომ ყოველი სიტყვა, სიტყვისაგან შედგენილი ყოველი გამოსახულება, ფრაზა თუ წინადადება არის ნიშანი, ხოლო ენა მთლიანობაში არის „ნიშანთა სისტემა“. სწორედ ნიშანთა სისტემა უნდა იყოს ლოგიკაში ენა-ობიექტი. მაგრამ ამ თვალსაზრისით არსებობს განსსხვავებაც, რომელიც საჭიროებს განმარტებას. (more…)


12. „ლოგიკური კვლევისთვის ენის შემზადების აუცილებლობა“. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

 

ბუნებრივ ენას, რომელიც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში კომუნიკაციის საშუალებად ისტორიულად ჩამოყალიბდა და რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგ., ქართულს, სემანტიკური დახშულობის გარდა აქვს ლოგიკური კვლევის ექვივალენტობისთვის ხელისშემშლელი სხვა ხარვეზებიც, რომლებიც ქმნიან დაბრკოლებას, და ზოგჯერ დაუძლეველს, ლოგიკურ კანონზომიერებათა გამოვლენა-შესწავლისთვის. ამავე დროს ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აქ იგულისხმება ხარვეზები ლოგიკური კვლევის შესაძლებლობასთან, მის ნაყოფიერებასთან მიმართებაში და არა ხარვეზ-ნაკლოვანებები საერთოდ. ბევრი რამ, რაც ნაკლოვანებაა ლოგიკის პოზიციიდან, არის ენის ბუნებრივი, ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურება, რომელნიც ანიჭებენ ყოველ კონკრეტულ ენას მისთვის დამახასიათებელ კოლორიტულობას, ლაკონურობას, ექსპრესიულობას, სხვა ძვირფას თვისებებს მხატვრული თვალსაზრისით და წარმოადგენენ აუცილებელ პირობას იმისა, რომ ენამ შეძლოს კომუნიკაციური პროცესებისთვის სამსახურის გაწევა. (more…)


11. „ენობრივ გამოსახულებათა სახელები. სახელთა იერარქია“. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

როდესაც აზრს გამოვთქვამთ რაიმე საგანზე, ვბჭობთ მასზე, მაგ., წიგნზე, ახლა ჩემს წინასე რომ დევს, გამონათქვამში ეს საგანი წარმოდგენილია (რეპრეზენტირებულია), ოღონდაც წარმოდგენილია არა უბრალოდ თვითონ საგანი, არამედ სახელის ან ისეთი ენობრივი კონსტრუქციის მეშვეობით, რომელიც ამ საგანს აღნიშნავს, სახელყოფს მას, მიუთითებს მასზე (ჩვენს მაგალითში ასეთი ენობრივი კონსტრუქციაა — „წიგნი, ახლა ჩემს წინ რომ დევს“). მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ ვივცავთ, სახელდობრ მაშინ, როცა ვბჭობთ თვითონ ენეობრივ გამოსახულებებზე. (more…)


10. “სემანტიკური ანტინომიების თავიდან აცილება; ენა-ობიექტი და მეტა-ენა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

პირველი, რაც „ცრუ“-სა და მისი მსგავსი ანტინომიების გამოყვანისას მოგვხვდება თვალში და შეიძლება მოგვეჩვენოს ანტინომიების წარმოშობის მიზეზად, არის მათი „თვითმიმთითებლობა“ — ყოველი მათგანი ლაპარაკობს საკუთარ თავზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ „თვითმიმთითებლობა“ არ შეიძლება იყოს ანტინომიის აღმოცენების მიზეზი. არსებობს ბევრი ისეთი თვითმიმთითებელი წინადადება. რომელიც არ წარმოშობს ანტინომიას. მაგალითად, შემდეგი ორისგან ერთი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე არის ჭეშმარიტი, მეორე კი — მცდარი:

   ა) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ორმოცდაჩვიდმეტი ასოსაგან“.

   ბ) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ათი სიტყვისაგან“. (more…)


9. “იზოლაციის პრინციპის დარღვევის საფრთხე ლოგიკაში; ანტინომია “ცრუ”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

ნებისმიერი სახის მეცნიერულ კვლევა-ძიებას წაეყენება მეთოდოლოგიური მოთხოვნა, რომ შესამეცნებელი საგანი, კვლევის პროცესში, მოცემული იყოს შემმეცნებლისთვის რაც შეიძლება წმინდად, შემმეცნებლისგან და შემეცნების საშუალებებისგან იზოლირებულად. ამ მოთხოვნის არსი არის ის, რომ კვლევის პროცესში ერთმანეთში არ ავურიოთ გამოსაკვლევი სგნისა და თვითონ შემმეცნებლის მიერ გამოყენებული საშუალებების დახმარებით მიღებული მონაცემები, რათა არ დამხინჯდეს შესამეცნებელი საგნის ობიექტური სურათი. ვუწოდოთ ამას „იზოლაციის პრინციპი“. მაგ., ქიმიური პროცესების კვლევისას უნდა გამოვიყენოთ ისეთი ჭურჭელი, რომელიც რეაქციაში არ შევა გამოსაკვლევ ნივთიერებებთან. მიკროსკოპით დაკვირვებისას უნდა ავიღოთ დაულაქავებელი მინები, რათა არ დამახინჯდეს დასაკვირვებელი ობიექტის სურათი და ჭეშმარიტი მონაცემები არ აგვერიოს ყალბში… (more…)


8.”ინდუქციური დასკვნები: დადუქცია და ინდუქცია”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

განვიხილოთ დასკვნის კიდევ ერთი მაგალითი (იმის გამო, რომ მისი სტანდარტული სახით ჩამოყალიბება მოუხერხებელია, ჯერ უბრალოდ აღვწეროთ ის): თუკი ერთხელ გავხსენით ონკანი და მასში წამოვიდა წყალი, მეორედ გავხსენით — იგივე განმეორდა, ასევე მოხდა მესამედ, მეოთხედ და ა.შ., გვიჩნდება მოლოდინი, რომ შემდგომშიც იგივე განმეორდება. ამავე დროს, თუკი არ შეგვხვედრია შემთხვევა, როცა გავხსენით ონკანი და წყალი არ წამოვიდა, მაშინ ჩვენი მოლოდინი უკვე ზოგადი ხასიათის მატარებელი ხდება და სრულიად სარწმუნო გვეჩენება, რომ ყოველთვის, როცა გაიხსნება ონკანი, წამოვა წყალი. (more…)


7. “დედუქციური დასკვნები და ლოგიკური გამომდინარეობა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან — 2000-2002 წწ.

 განვიხილოთ დასკვნის მაგალითები:

  1. ა) თუ მანქანას საწვავი გაუთავდება, მაშინ ძრავი გაჩერდება.

ბ) მანქანის ძრავი არ არის გაჩერებული.

     მანქანას საწვავი არ გათავებია.

  1. ა) ყველა ადამიანი მოკვდავია.

ბ) ყველა ქართველი ადამიანია.

ყველა ქართველი მოკვდავია.

ამ ტიპის დასკვნებს ძალიან შირად ვიყენებთ ყოველდღიურ და სამეცნიერო საქმიანობისას; ვენდობით და დარწმუნებული ვართ მის სისწორეში. ეს დასკვნები ისეთია, რომ თუ დარწმუნებული ვართ მათი წანამძღვრების ჭეშმარიტებაში, ეს დარწმუნებულობა მთლიანად გადადის მათ დანასკვებზეც და გვჯერა მათი ჭეშმარიტებისაც. (more…)


6. ფორმალური შეცდომები ბჭობაში; ლოგიკის ხელახალი განსაზღვრება. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

   მაშინ, როდესაც ბჭობა არასწორია, როდესაც მასში გამოყვანილია ლოგიკურად უმართებულო დასკვნები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა წანამძღვრები ჭეშმარიტი, ხოლო თეზისი ნათლად ფორმულირებულია, ვამბობთ, რომ დაშვებულია „შეცდომა არგუმენტაციაში“ ანუ ე.წ. „ფორმალური შეცდომა“.

    ისევე როგორც ყველა მოვლენასა და საგანში, აზრშიც, მის სახეებში — ბჭობასა და დასკვნაში, შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ შინაარსი და ფორმა .

შენობის (წინადადების) ფორმა გულისხმობს არა იმას თუ რა მასალისგან (შინაარსისგან), რა ელემენტებისგან არაის აგაებული შენობა, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ არიან ეს ელემენტები დაკავშირებული ერთმანეთთან. მსგავსად ამისა ბჭობაც და დასკვნაც ყალიბდება გარკვეული შინაარსობრივი ელემენტებისგან. ბჭობის პროცესი, თითოეული დებულების ჩამოყალიბება ამ შინაარსობრივი ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესია, ხოლო ის, თუ რა წესით, ყაიდით ხდება მათი ეს შეერთება, შეადგენს ბჭობის ფორმას. აქედან ჩანს, რომ ფორმა იგივე აღნაგობის სტრუქტურაა . (more…)